როგორც იქნა, „გაახსენდათ“ დიმეო. თუმცა, მის მერე, რაც ბებიამ სასწრაფოდ ნემსი დაარჭო ძანეს, რომელიც ყოველთვის მზად ყოფნაში ჰქონდა, მისი საწოლი ოთახიდან არც გამოსულა და გვერდიდან წუთითაც კი არ მოშორებია. ბაბუ კი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა და მალ-მალე კითხულობდა ძანეს ამბებს. მოგვიანებით, კვლავ ერთ ადგილას გაშეშებული, პერანგ შემოხეული დიმეოც შენიშნა, რომელიც საათზე მეტი იყო ერთ ადგილას შეყინული და ლამის, თვალსაც არ ახამხამებდა.
- მოდი ბაბუ. - შეიბრალა მოხუცმა. ბიჭს ხელი მოხვია და გვერდით მოისვა.
დიმეოს კისერიც საშინლად ჩალურჯებოდა. ბაბუმ ჯერ ჯვარს თვალი შეავლო, მერე დანანებით გააქნია თავი ამოიხვნეშა და ბიჭს მოეხვია.
ერთხანს ისხდნენ ასე ჩუმად. დიმეო არც კი განძრეულა, თითქოს სუნთქვასაც იკრავდა, მერე ისევ ბაბუმ სცადა ხმის ამოღება:
- ძანე, არ არის ბოროტი ბიჭი. - დაბალი ხმით დაიწყო კაცმა. - შენ ძალიან უყვარხარ. მართლა ძალიან უყვარხარ, მაგრამ ხანდახან, ჩვენც კი გვერჩის ხოლმე. - კაცმა ამოიხვნეშა. - ეჰ, არ არის მისი ბრალი, ასეთი გააჩინა უფალმა.
- უფალმა კი არა, დედამისმა! - საყვედურით მიახალა დიმეომ.
- ჰმ.
- სახლში მინდა! - ბიჭი ადგილიდან წამოიჭრა.
- კარგი, ბაბუ. - თავი დაუქნია მოხუცმა. - დავრეკოთ და წაგიყვანენ.
- მე თვითონაც მშვენივრად წავალ! - უკმეხად მიუგო ბავშვმა.
- კარგი, ბაბუ. - მოხუცმა ამოიხვნეშა. - შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე, ჭკვიანი და გამგები.
„რა გავიგო? რა? ძანე რომ გიჟივით მეცა და კინაღამ მომკლა?“
გაიფიქრა ბიჭმა და შემოხეული პერანგის გასწორებას შეეცადა. საშინელი სანახავი იყო. ისედაც ამოგანგლული, გაფხრეწილი და ღილებ აწყვეტილი პერანგით და ამასთანავე დაკაწრული მკერდით, კისერზე კი ჯაჭვის ნაჭდევიც მაგრად ჰქონდა ჩალურჯებული.
დიმეოს იქ გაჩერება აღარ უნდოდა, მაგრამ დედასთანაც დარეკვა გადაიფიქრა, ასეთ დღეში რომ მნახოს, გაგიჟდება საწყალი ქალიო.
„მე კი დედიკოსთვის, როგორი კარგი სიურპრიზი მქონდა მომზადებული.“
დანანებით ფიქრობდა ბიჭი.
„უახლოესი ნათესავი ვუპოვნე და...“
დიმეომ ამოიხვნეშა. ჯერ მხატვარს დაურეკა, თუმცა ისიც იცოდა, რომ ან გააგონებდა და ან არა და არც შემცდარა. სავარაუდოდ, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მისი მობილური სადმე ეგდო და თავად, სულ სხვაგან იყო. დიმეო ახლა ჩუკისაც შეეხმიანა. ცოტა ხანში გადმოვრეკავო, უცებ უპასუხა ადვოკატმა და უმალ გაუთიშა ტელეფონი.
სხვა რა გზა ჰქონდა ბიჭს, უნდა დალოდებოდა. კლასელების ნახვასაც მოერიდა და ახლა ყველაზე მეტად და თავისუფლად, ჩუკისთან ან მხატვართან შეეძლო დროის გაყვანა და მისი ნებისმიერი სიტუაციიდან ადვილად გამოყვანა. ჩვეულებრივ მოაკითხავდნენ, აქაურობას მოაშორებდნენ და გვიანობამდე, რაღაც მიზეზით, სადმე ისეირნებდნენ და დედას რომ არაფერი შეემჩნია, რაც შეიძლება გვიან მიიყვანდნენ შინ და მთელი ამ ხნის მანძილზე, შეიძლება ერთხელაც არ დაესვათ კითხვა, თუ რა მოხდა ან რა მოგივიდაო. მერე დაღლილობასაც სულ უპრობლემოდ მოიმიზეზებდა და სახლში მისვლისთანავე, მაშინათვე საწოლ ოთახში შეიძურწებოდა. ასეთი გეგმა დააწყო ბავშვმა, მაგრამ რატომღაც, ნებით თუ უნებლიეთ, არავის ეცალა ახლა მისთვის. ვერც მხატვარს მიაწვდინა ხმა და ჩუკიც ნამდვილად დაკავებული ჩანდა.
დიმეომ კვლავ ამოიხვნეშა.
ახლა მწირსაც სიამოვნებით მოინახულებდა, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან იშვიათად უწევდა მისი ნახვა და ასეთი ამბების მერე, უფროსის თანხლების გარეშე, ასე ადვილად არც ბებო და არც ბაბუ, არსად გაუშვებდნენ. მწირს კი რატომღაც, ჯერ კიდევ არ სურდა დიმეოს ნათესავებსა და მეგობრებს გასცნობდა და არც მიზეზის ახსნას ცდილობდა.
ღამდებოდა. ჩუკიმ ჯერ კიდევ ვერ მოიცალა, მხატვარი კიდევ ვინ იცის, სად დაწანწალებდა. დიმეოს ლოდინის გარდა, აბა სხვა რა დარჩენოდა. საშინლად მოიწყინა, ვერაფრით გაერთო, ან რომელი გართობის ხასიათზე იყო.
ბაბუც ვითომ ტელევიზორს უყურებდა, სათვალე ცხვირის წვერზე ჩამოცურებოდა და გემრიელად ფშვინავდა.
ბებო კი ძანეს ოთახიდან კვლავაც არ გამოდიოდა.
დიმეომ ვეღარ მოითმინა და ფეხაკრეფით შევიდა ძანესთან. ბებოს საწოლთან ახლოს, ბაბუსავით სავარძელში ჩასძინებოდა, ძანე კი ოდნავ თვალებმილულული თითქოს ამ ქვეყნად არც იყო, არც ეძინა და არც სიფხიზლე ერქვა მის მდგომარეობას.
ძანეზე საშინლად გულმოსულ დიმეოს, ახლა ძლიერ შეებრალა ეს დიდი ბავშვი. ბევრჯერ იყო მომსწრე, როცა გაგულისებულ ძანეს როგორ აშოშმინებდნენ ხან ბებო და ხან ბაბუ, მაგრამ ასეთი გამხეცებული, არასდროს უნახავს და თანაც, მის მიმართ. დიმეოს ძანეს ასეთი მდგომარეობის დანახვაზე გული შეეკუმშა, საშინლად შეებრალა.
„იქნებ, ჩემი ჯვარი მოეწონა და...“
გაიფიქრა ბიჭმა.
„მერე ეთქვა და რა ვიცი... ალბათ, ვერ ვაჩუქებდი, მაგრამ დედას ვთხოვდი და ზუსტად ასეთს გავაკეთებინებდი. მერე ორივეს ერთნაირი გვექნებოდა...
და მაინც, ასე ძალიან რატომ უნდოდა ჩემი ჯვრის ჩამოგლეჯვა?“
დიმეო ფრთხილად მიუახლოვდა. საწოლზე ჩამოუჯდა. ძანე არც განძრეულა. თვალიც კი დაუხამხამებია. დიმეომ ჯვარი მოიხსნა, ძანეს ხელში ჩაუდო. ძანემ სულ ოდნავ თითები შეათამაშა, თითქოს უფრო მოკრიბა რომ ხელიდან არ გაეშვა განძი. დიმეოს ცოტა გულზე მოეშვა, ძანეს ეს მინიმალური რეაქცია რომ შენიშნა და გვერდით მიუწვა. დაღლილობისგან და მთელი დღის დაძაბულობისგან თავი უსკდებოდა. თვალები მილულა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა.
მოგვიანებით, ჩუკიც მოვიდა. დიმეო მოიკითხა. ბაბუმ იქაურობა მოათვალიერა, აივანზეც კი გავიდა და დიმეოს ვერსად მოჰკრა თვალი.
- იქნებ, ბებომ იცოდეს სად არის. - გაკვირვებული ხმით უთხრა ჩუკის. - მარტო და ასე უნებართვოთ, არამგონია რომ წასულიყო.
- არ წავიდოდა, რადგან მელოდა. - მიუგო ჩუკიმ. - თანაც, იცოდა რომ ჯერ არ მეცალა და შემაგვიანდებოდა.
- დაიცა აბა, ჩემს კნეინას ვკითხავ.
ბაბუ ძანეს ოთახისკენ წაფარფატდა და სახტად დარჩა, როცა ერთმანეთზე ჩახუტებული მძინარე ბიჭები ნახა. ძანე დიმეოსკენ გადმობრუნებულიყო ხელი მოეხვია, რომელშიც ჯვარი ეჭირა.
- დაუძინია უკვე და... - ბაბუმ ღიმილით გადმოხედა სტუმარს.
- კარგი, მაშინ წავალ და ხვალ თუ დავჭირდები, შემეხმიანოს.
- დაიცა, კაცო დარჩი, თითო ჭიქა, მწუხრისა აღვნიშნოთ. - მოხუცმა განჯინა გამოაღო, სადაც ვითომდა გადამალულ სასმელს ინახავდა.
- არა, არა! - ჩუკიმ თავი გააქნია. - ახლა არ შემიძლია დალევა.
- რატომ, კაცო? დღის ბოლოა და არც საჭესთან ზიხარ.
- ექიმთან, ვიყავი რაღაც მოვიწამლე მგონი და...
- მერე მოწამლულზე წამალია ეს! - ბაბუმ ჩაიქირქილა და ბოთლი წამოსწია.
- არა, არა! - კვლავ უარზე დადგა სტუმარი. - სხვა დროს იყოს, ახლა წნევაც დამეწია და სახლში უნდა წავიდე, დასვენება მჭირდება.
- ჰაჰ! რა დროს შენი წნევაა?! - ჩაეღიმა მოხუცს. - კარგი, რადგან არ გინდა დალევა.
- წნევა და ჰემოგლობინი ერთდროულად დამეწია, რაღაცამ მომწამლა და... - თავი იმართლა ჩუკიმ.
- ჰოდა, მიხედე შვილო ჯანმრთელობას.
- დიახ, დიახ. - ნაღვლიანად მიუგო ჩუკიმ. - უნდა მივხედო. აუცილებლად უნდა მივხედო.
სტუმრის წასვლის შემდეგ ბაბუმაც თავის ოთახს მიაშურა. ბებოს კი არაფერი გაუგია, ისე იყო სავარძელში ჩაძინებული, რომ დილამდე არც კი შეტოკებულა.
დილით ჩვეულებრივ ისაუზმეს. ეს გარედან ჩანდა ასე ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც თითქოს ერთმანეთის მზერას გაურბოდნენ და ისე მიმართავდნენ, რომ თვალსაც ვერ უსწორებდნენ.
ძანეს არაფერი უთქვამს და არც დიმეოს ჯვარი ჩანდა სადმე. დიმეო მიხვდა, ძანე შეინახავდა. ძალიან კი სწყდებოდა გული იმ ჯვარზე, მაგრამ საზრიანი ბავშვის გამჭრიახმა გონებამ, უფრო კარგად განსზღვრა, რომ ძანე უფრო ძვირფასი იყო მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნივთი და მაინც, რატომ იყო ასეთი ძვირფასი ეს დიდი, მაგრამ ბავშვური ჭკუისა და ბავშვურად მიამიტი ბიჭი მისთვის, დიმეო ვერც ხვდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გულში გრძნობდა. ტვინში ჰქონდა ჩაბეჭდილი ფიფოს სიტყვები, როცა პირველად უთხრა, თქვენ ძმები ხართო. აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი, სწორედ მაშინ შეუქანდა სიხარულით ის პატარა გული და აღარც უკითხავს თუ საიდან და როგორ გამოდიოდნენ ძმები. მოსწონდა უფროსი ძმა რომ ჰყავდა, ყველაზე ღონიერი, სათნო, უბოროტო. არასდროს შეშურდებოდა მისი. ეს უფროსი და ტანადაც დიდი ძმა, ყველაფერს უსრულებდა დიმეოს. ნებისმიერი თამაშის წესები, როგორც დიმეო იტყოდა, ზუსტად ისე მიმდინარეობდა. დიმეოს სადღაც ისიც კი მოსწონდა რომ ძანეს ძალიან ხშირად მის ჭკუაზე ატარებდა, თუმცა ცუდი ამაში არაფერი იყო.
„რაღა მაინც და მაინც ამ ჯვარს ეცა?..“
ფიქრობდა ჯერ კიდევ გაოგნებული ბიჭი.
„სხვა დროსაც ხომ მიკეთია ხოლმე. თუმცა სხვანაირი, მაგრამ არასდროს, არაფერი წაურთმევია ჩემთვის. ყოველთვის პირიქით იყო, რაც რამ მომინდებოდა, ძანე მაშინვე მითმობდა და თანაც სიხარულით მითმობდა.
ახლა კი... კინაღამ მომკლა...“
დიმეოს წასაყვანად ჩუკი მოვიდა. ძანემ კი საუზმის მერე სათამაშოდ აღარ გაიწია და კვლავ ძველ ადგილას, ფანჯარასთან ჩამოჯდა.
დიმეო შეწუხებული სახით უმზერდა და მერე კი ადვოკატს მიუბრუნდა:
- ვინმე კარგი ოქრომჭედელი იცი?
- ოქრომჭედელი? - გაეღიმა ჩუკის.
- ჰო!
- გავიკითხავ. - მხრები აიჩეჩა ადვოკატმა.
- იცი, ბებო. - ბებია დიმეოს მოეხვია. თითქოს, მიუხვდა კიდევაც, თუ დიმეო რატომ კითხულობდა ოქრომჭედელს. - ძანეს მამას ჰქონდა მასეთი ჯვარი.
- ჩემი ჯვარი? - დიმეომ თვალები დაჭყიტა.
- არა, შენი კიარა. - მაშინვე შეეშველა ბაბუ. - მაგის მსგავსი ნაკეთობა და მასეთივე დიდი ზომის.
- ძანემ რომ დაინახა, ვეღარ მოზომა. - განაგრძო ბებომ.
- მეხსიერება, ძველი და ახალი ალბათ წამით ერთმანეთში აერია და... - დაურთო ბაბუმ.
- ჰოდა, მაგიტომაც მინდა კარგი ოქრომჭედელი! - ამაყად წარმოსთქვა დიმეომ. - მინდა ერთნაირები გვქონდეს!
- მშვენიერი აზრია. - მოუწონეს მოხუცებმა.
ადვოკატმაც თავი დაუქნია, თუმცა ზუსტად ვერც ხვდებოდა რაზე იყო საუბარი, მერე დიმეოს ხელი მოხვია და გასასვლელისკენ წაიყვანა.
მოულოდნელად ძანე, ადგილს მოსწყდა და დიმეოს მიეჭრა, ისეთი ძალით ჩაიკრა გულში, რომ ლამის სული შეეხუთა ბავშვს, თუმცა სიხარულისგან უფრო დაეხვა თავბრუ.
ძანემ დიმეოს ხელი უშვა, ჯიბიდან ჯვარი ამოიღო და ბიჭს ხელში ჩასჩარა, მერე ზურგი შეაქცია და კვლავ ადგილს დაუბრუნდა. დიმეო ფეხდაფეხ მიჰყვა.
- ვიცი, რომ მამიკო გენატრება. - დაიწყო დიმეომ. - მეც მენატრება ჩემი მამიკო და იცი, რა ვიფიქრე?
ძანემ არაფერი უპასუხა. არც კი გამოხედა. დიმეომ კი განაგრძო:
- ზუსტად ასეთს გავაკეთებინებ და ორივეს გვექნება, თუ გინდა ეს იყოს შენი და ის სხვა მეორე კი ჩემი.
ძანემ კვლავ დუმდა და არც კი შემობრუნებულა დიმეოსკენ.
- კარგი, ახლა წავალ. - განაგრძო დიმეომ. - დედა მელოდება.
ბიჭი კარისკენ დაიძრა თუ არა, მაშინვე ძანეს ხმამ შეაჩერა.
- მალე მოდი. - ჩვეული, დინჯი ხმით დაწია ძანემ და არც ახლა მოუხედავს დიმეოსკენ.
მოხუცებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ ბიჭები მართლაც შერიგდნენ.
- ბებო, მამამისიც, რაღაც ასეთნაირ ჯვარს ატარებდა და ალბათ, მიამსგავსა და უცებ მოაგონდა კიდეც. - დიმეოს ბებია მოეხვია და კვლავ შეეცადა ახსნას.
- აღელვებისგან ვეღარ განსაზღვრა, რომ შენთვის წესიერად ეთქვა, მათხოვე ან მაჩვენეო და მაგიტომაც ასე გეცა და... - კვლავ დაურთო ბაბუმაც.
- არაუშავს. - გაუღიმა დიმეომ. - ზუსტად ასეთს გავაკეთებინებ და ორივეს ერთნაირი გვექნება.
გზაში დიმეომ ჩუკის დაწვრილებით მოუყვა ძანეს ამბავი.
- მეგონა რომ მართლა ჩემი მოკვლა უნდოდა. - განაგრძობდა დიმეო. - თურმე, ჯვარი დაინახა და...
- ნახე. - ჩუკიმ თავისი ჯვარი აჩვენა. - მე ასეთი მაქვს.
- მამიკოსაც ზუსტად ასეთი აქვს! - წამოიძახა ბიჭმა.
- ჰოდა, ძანესაც ალბათ მამამისის ეგონა და...
- ჰო. - კვერი დაუკრა დიმეომ. - აღარ ვბრაზობ. მართლა არ ვბრაზობ.
ჩუკი და დიმეო დაღმართს ჩაუყვნენ. როცა ერთად იყვნენ, დიმეო ხშირად სთხოვდა ფეხით გავიაროთო და ახლაც ასე იყო, მიუყვებოდნენ გზას, შემხვედრ სანაყინემდე. ბავშვს მობეზრებული ჰქონდა, გამუდმებით უფროსების თანხლებით, მანქანით წასვლა-წამოსვლა. ჩუკისთან, ისევე როგორც მხატვართან, ბევრად თავისუფლად გრძნობდა თავს.
სადილობის დრო უკვე გადასული იყო, როცა ჩუკიმ დიმეო სახლში მიიყვანა. დიმეოს მაშინვე თავის ოთახში გაძრომა უნდოდა, რომ დედას არ შეემჩნია ძანეს, რამდენიმე ზომით დიდ მაისურში გამოწყობილი, გულ-კისერ ჩამობღოტილი სანუკვარი პირმშო.
ყოველთვის სუფთად და კოხტად გამოწკეპილი ბიჭის, ასეთ ფორმაში გარდასახვამ, მიმის თავიდან ღიმილი მოჰგვარა. მაშინვე გაიფიქრა, რომ ის ახალი პერანგი უთუოდ დაესვარაო. თანაც სასაცილოდაც გამოიყურებოდა, მუხლამდე გრძელ, საკმაოდ დიდი ზომის მაისურში გამოწყობილი.
დიმეო თავის ოთახში შეიძურწა და დედა სწორედ მაშინ დაადგა თავს, რომ ბიჭი ცდილობდა, შედარებით უფრო დახურული სამოსი შეერჩია, რომ დაშავებული კისერიც კარგად დაეფარა.
- დიმეო! რა გჭირს?! რა მოხდა?! - მთელი ხმით შეიცხადა მიმიმ.
- დედა, დამშვიდდი, რაა. - ვედრებით მოხედა ბავშვმა.
მიმის ხმამაღალ შეკივლებაზე, ჩუკიც მაშინვე იქ გაჩნდა.
- მიმი დამშვიდდი, არაფერია. - ჩუკიმ მიმის დამშვიდება სცადა. - ბავშვები თამაშობდნენ და შემთხვევით, წამოედო დიმეოს ჯვარი... მეც იქ ვიყავი...
- რა ჯვარი? - მიმიმ წარბები აზიდა.
დიმეომ ჯიბეში შენახული ჯვარი ამოაძვრინა და დედას გაუწოდა თუ არა მაშინვე ჯვრის ვერცხლის გრძელი ჯაჭვი, თითებს შუა ჩამოცურდა და მთელი სიგრძეზე დაეკიდა.
მიმი შეცბა, უკან გახტა.
ჩუკი გაკვირვებული შეჰყურებდა მიმის ასეთ რეაქციას.
- რატომ დაგაქვს, ეგ ჯვარი იქ? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა მიმიმ.
დიმეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ჩუკის კი ყურში სხვანაირად მოხვდა, ეგ ჯვარიო, თითქოს მიმიმ ზედმეტად გაუსვა ხაზი, კონკრეტულ ნივთს.
მერე დიმეო აქაქანდა, ძანესთვისაც მინდა ზუსტად ასეთი გავაკათებინოთო. მიმი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და აშკარად ჩანდა, რომ ფიქრებით, სულ სხვაგან იყო და მხოლოდ ჩუკი ამჩნევდა ამას. ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩუკიმ ითავა, მე წავყვები ოქრომჭედელთანო და მიმიმაც მშრალად დაუქნია თავი და კვლავაც მხოლოდ ჩუკიმ შენიშნა ეს.
ძანესთვის, დიმეოსნაირი ჯვრის დამზადება, მეორე დღისთვის დანიშნეს და ჩუკიც დათქმულ დროს ეახლა. ის წინა დღის მიმის რეაქცია, კარგად ახსოვდა და ახლა, უფრო მეტად სურდა დაკვირვებოდა. დიმეოც მზად ყოფნაში დახვდა, თუმცა მიმიმ, უსადილოდ არ გაგიშვებთო და ჩუკისაც ეს აწყობდა. იქვე მაგიდაზე დაუწყო თვალიერება საოცარ ნივთს და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. უნიკალური ნაკეთობაოო, არაერთხელ აღნიშნა, რასაც მიმის ფარული, უსიამოვნო მზერა მოჰყვა. მიმი აშკარად გაურბოდა, ჯვრისკენ გახედვას. თითქოს, თვალის შევლებაც არ უნდოდა. ჩუკი კი ხან, რაზე ამახვილებდა ყურადღებას და ხან რომელ დეტალს აქებდა, რა საოცრად არის დამზადებულიო.
ბოლოს მიმიმ ვეღარ მოითმინა და სასოწარკვეთილი ხმით წარმოსთქვა:
- თუკი, მართლა ასე ძლიერ ააღელვა ბავშვი ამ ჯვრის დანახვამ, იქნება არც კი უნდა რომ მასაც ჰქონდეს ეგ ჯვარი? - მიმი ბავშვს მიუბრუნდა. - ამაზე არ გიფიქრია დიმეო?
და ჩუკის კიდევ ყურში მოხვდა, ეგ ჯვარიო.
- რა იყო? რა ხდება? - საუბარში ახლად გამოფხიზლებული მხატვარიც ჩაერთო.
- ძანესთვისაც მინდა ზუსტად ასეთი ჯვრის დამზადება, მაგრამ... - დიმეომ ლამის თვალებთან მიუტანა.
მხატვარი გახევდა, აშკარად ფერი დაკარგა. მიმიმ ისევ თვალი აარიდა. დიმეო ვერაფერს მიხვდა, არც მიუქცევია ყურადღება. სამაგიეროდ, ჩუკიმ კვლავ შენიშნა თუ მიმი, როგორ უხერხულად შეიშმუშნა, რომელსაც ზედ, მხატვრის რეაქციაც დაერთო.
- თუკი, ძანესთვის ეს ნივთი, მტკივნეულ მოგონებას იწვევს, მაშინ რაღაზე გინდა უფრო მეტად ატკინო გული? - მხატვარმა დიმეოს თავზე გადაუსვა ხელი და თვალები საოცრად სევდიანი ჰქონდა.
ბავშვი ჩაფიქრდა და მერე დაეთანხმა.
- მაშინ ვეცდები, როცა ძანესთან ერთად ვიქნები, მაშინ არ გავიკეთო. - ამოიხვნეშა დიმეომ და თავის ოთახში ავიდა.
მიმიმ და მხატვარმა ერთმანეთს რაღაცნაირი მზერა შეავლეს და მაშინვე თვალი აარიდეს ერთმანეთს.
„რა ჯვარია ასეთი?..“
გაუელვა ჩაუკის.
„ან ნეტა მართლა, ვინ ატარებდა ადრე?
იქნებ, ფიფოსი იყო და მის დანახვაზე, მიმისაც ტკივილიანი მოგონებები აქვს, ისე როგორც მხატვარს.
ჰო, ალბათ ასეც არის, რადგან ესენი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და...
მაგრამ... მაგრამ...
ვფიქრობ, რომ ძანეს მამას და ფიფოს, ზუსტად ერთნაირი ჯვარი ჰქონდათ! სავარაუდოდ, ერთად დაამზადებინეს. აი, ამიტომაც ეცნო ძანეს და ასე ძლიერ აღელდა.
ეს ორი ოჯახი, ხომ რაღაცით ენათესავებიან ერთმანეთს, ასე მახსოვს. ან სულაც ფიფო და ძანეს მამა მეგობრები იყვნენ, ძმობილები და შვილებსაც უთხრეს, რომ თქვენც ძმები ხართო.
კი, კი ნამდვილად ასე იქნება, აბა სხვა მეტი ახსნა არც აქვს ამას.“
ჩუკის მაინც არ ასვენებდა ფიქრები, მაგრამ აბა მართლა ხომ არ ჰკითხავდა. მერე და მერე დაავიწყდა კიდევაც ეს ამბებიც, რადგან საკუთარი, პირადი პრობლემა უფრო დიდი და მეტი იყო.
დიმეოც ამასობაში, იმ ვეტერინარ ბაბუსთან წავიდა სოფელში. მიმი მხოლოდ ერთი კვირით აპირებდა გაშვებას, დიმეომ კი ორი კვირა გამოსტყუა. დედამაც უარი ვეღარ უთხრა და მაინც უკვირდა, რა გააძლებინებს პატარა ბავშვს, მოხუც კაცთან მარტო, იმ დასალიერშიო, მაგრამ აღარ შეეწინააღმდეგა.
ორი კვირა იყო დიმეო იქ და ერთხელაც არ გამოჩენილა მწირი, რაზეც გული საშინლად დასწყდა. ქალაქშიც უკვე იშვიათად ნახულობდა და ისიც მხოლოდ, სულ რამდენიმე წუთით. იმ სოფელში კი თავისუფლად შეეძლო მასთან ერთად, დღედაღამ ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც მისი უფროსი, უერთგულესი მეგობარი არსად ჩანდა. საკვირველიც კიდევ ის იყო, რომ არც დიმეოს არ ყოფნაში ყოფილა იქ.
- კაი ხანია არ გამოჩენილა. - უხსნიდა ვეტერინარი ბაბუ. - ალბათ, ისევ მთებს შეაფარა თავი.
- ალბათ. - ამოიხვნეშა ბიჭმა და მაშინვე გაიფიქრა.
„ხომ იცოდა, რომ სოფელში ვაპირებდი ჩასვლას, რატომ ერთხელ მაინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა?“
ბავშვი გულდაწყვეტილი დაბრუნდა სახლში. ცდილობდა, არაფერი შემჩნეოდა. შედარებით მხიარულად ეჭირა თავი. თუმცა, მიმის მაინც ვერაფერი გამოაპარა. როცა შვილის სხივ ჩამქრალ თვალებში, სევდა ამოიკითხა, გული შეეკუმშა და მაშინვე დაუსვა კითხვა.
- ბაბუს მგონი, თვალები სტკივა. სათვალეს ვეღარ ირგებს. - ნაღვლიანად აუწყა დიმეომ და სრულ სიმართლესაც ამბობდა.
ვეტერინარი სათვალის მწარმოებელს „უჩიოდა“, სულ ტყუილად ვიყიდე, არაფრად არ ვარგაო.
- იქნებ, თვითონ ის სათვალე არაფერ შუაშია და შენს მეგობარ ბაბუს სულ სხვა ლინზები სჭირდება?
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- ამ დღეებში შემახსენე და ჩამოვიყვანოთ ოკულისტთან. - მიუგო მიმიმ. - რომელიც მისთვის საჭირო იქნება, ზუსტად ისეთი სათვალე ვუყიდოთ.
- აქ რომ ჩამოვიყვანოთ, მერე ცხოველებს ვინ მიხედავს იქ? - გაიკვირვა ბიჭმა. თუმცა, ძალიან მოეწონა დედის აზრი.
- დილით ადრე ჩამოვიყვანოთ, გავასინჯოთ ექიმებს და საღამოს, თუნდაც გვიან, უკანვე ჩავიყვანთ.
- ჰო, ეგ კარგი აზრია. - მშრალად დაუქნია დიმეომ თავი და თავისი ოთახისკენ წალასლასდა.
- დიმე! - მიაძახა მიმიმ.
ბავშვი შეჩერდა, თუმცა უკან არც მოუხედავს.
- მოხდა კიდევ რამე?
- არაფერი. რა უნდა მომხდარიყო. - სევდიანი ხმით უპასუხა ბიჭმა. - საშინლად დაღლილი ვარ. - და კვლავაც უკან არ მოუხედავს, ისე აიარა კიბე.
„მაინც რა საშინელი პერიოდია.“
ფიქრობდა ბიჭი.
„ვერც იმ სოფელში გავერთე, ისე როგორც მე წარმომედგინა...
დედიკოსაც კი ვერ გავუზიარე მისთვის მომზადებული სიურპრიზიც და მაინც... მაინც, რატომ არ გამოჩნდა მწირი?
რატომ? რატომ?
ვაიმე, ხომ არ მოკვდა?..“
დიმეოს ტანში ცივად გასცრა, ცრემლები გადმოსცვივდა. ამდენი ნერვიულობით დაღლილსა და გათანგულს, გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.
მიმიმ მეორე დღესვე მოახერხა მთელი ორგანიზება, ოკულისტთან ვიზიტზე, ვეტერინარი ბაბუ ჩამოიყვანეს. ოპერაციაზეც ძლივს დაითანხმეს და ყველაფერი, უმოკლეს ვადაში მოგვარდა.
დრო გადიოდა. მწირი კი მაინც არსად ჩანდა. შემოდგომაც დადგა და დიმეოს სკოლაში წასვლის დროც მოვიდა. იქნებ, ახლა მაინც გამოჩნდეს სკოლასთანო, ასე იმშვიდებდა გულს ბავშვი, მაგრამ სკოლის დაწყებიდან, უკვე მთელი თვე იყო გასული და მწირის კვალი, ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა.
ერთ დღესაც კი სკოლის ფანჯრიდან შენიშნა თუ როგორ მოჩანჩალებდა, უსახური მათხოვარი და იქვე, სკოლის მოპირდაპირე ბორდიურზე ჩამოჯდა. დიმეო ისე გამოვარდა შუა გაკვეთილიდან, რომ მასწავლებლისთვის გასვლის უფლებაც არ უთხოვნია. ბავშვები ფანჯრებს მოაწყდნენ, დიმეო გიჟივით მიეჭრა მათხოვარს და მაშინვე უკან გახტა. ერთხანს იდგა ასე გულ დამწუხრებული, მერე ჯიბიდან ხურდები ამოიღო და მათხოვარს ჩაუყარა ხელში.
მოგვიანებით დეტექტივი ადვოკატს შეეხმიანა და სწორედ ეს კადრები აჩვენა. ყველაფერი ცხადი იყო. დიმეო ერთ კონკრეტულ მათხოვართან მეგობრობდა და უცხოს დანახვაზე, ჯერ უკან დაიხია და ხურდის მიცემის შემდეგ, ზურგი შეაქცია და თავჩაღუნული გამობრუნდა სკოლისკენ.
- და იქნებ ბავშვი, უბრალოდ დაუმეგობრდა? ხომ შეიძლება? - ჩუკი თითქოს ახსნას უძებნიდა.
- შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. - თავი დაუკრა გალეომ.
- ვფიქრობ, პანიკის ატეხა არ არის საჭირო.
- მართალი ხარ, მაგრამ მიდი აბა და ჰკითხე. - ჩაეცინა გალეოს. - ერთბაშად არ გიპასუხოს.
- ერთი კიდევ დააბრუნე უკან. - ჩუკი მონიტორს მიაჩერდა. - აი ამ მანქანამ ზუსტად იმ დროს ჩაიარა დიმეო რომ ხურდას აძლევს.
- და მერე?
- მერე ის რომ დიმეოს, ისე გამოვკითხავ, ეჭვსაც კი ვერ აიღებს! - გამარჯვებული სახით მიახალა ჩუკიმ, თუმცა მისი სიხარული მომენტალურად ჩაქრა, როცა მობილურში შემოსული შეტყობინება გახსნა.
ჩუკის მკვდრისფერი დაედო, თუმცა აშკარად ცდილობდა რომ არაფერი შეემჩნიათ. მერე სასწრაფო საქმე მოიმიზეზა და ისე დატოვა იქაურობა, რომ გალეოს წესიერად არც გამოემშვიდობა.
დიდხანს იჯდა დეტექტივი ჩაფიქრებული. მერე თავი გააქნია, მხრებიც აიჩეჩა.
- რა ყველა რაღაცას მალავს... - ჩაილაპარაკა თავისთვის და კვლავ მონიტორს მიაჩერდა.
LEX. 2022 წლის 21 სექტემბერი, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment