- ვინ არის ეს მაკაა, თუ მაკატერინე?! - საყვედურით დაედევნა მეუღლე.
- ჩემი საყვარელია. - მშვიდი ხმით მიუგო მერაბმა და საძინებლისკენ წასული,
კართანვე გაჩერდა, მეუღლეს ირონიული სახით მოხედა. - ისე, თუ რამე პრეტენზიები გაქვს,
შეგიძლია გამშორდე.
- მამა, რას ამბობ?! - დედის მხარდასაჭერად გამოენთო ქალიშვილი.
- მომისმინეთ ახლა ორივემ! - შეუტია ქალებს მერაბმა. - დაივიწყეთ სახელი მაკაც, მაკატერინეც! და საერთოდაც! ეს ზარიც დაივიწყეთ,
თორემ ქუჩაში აღმოვჩნდებით! აღარც ეს სახლი და აღარც არანაირი შემოსავალი, აღარ იქნება!
- და წესიერად რომ აგეხსნა, რა? ვერ გავიგებდით? - უკან არ იხევდა მერაბის
მეუღლე.
- როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, ასევე არც ყველაფრის ახსნა და ცოდნაა
აუცილებელი და ამიტომაც, რომ გეუბნებით, დაივიწყეთო! უნდა დაივიწყოთ და მორჩა! - განრისხებული
ხმით მიუგო მერაბმა და საძინებლის კარი, ხმაურით გაიჯახუნა.
მერაბის ცოლმა კი, მაინც მთელი ღამე ვერ მოისვენა. ხან მეუღლის მობილურს უკირკიტა,
ხან ჯიბეებიც კარგად მოუქექა. პიჯაკებიც კი კარგად დასუნა. იქნებ, ქალი სუნამოს სუნი
მაინც ამოეცნო, მაგრამ მსგავსი, ვერაფერი შენიშნა. არც მერაბის მობილურში იყო სასიყვარულო
მესიჯები, მხოლოდ იმ ვიღაც მაკატერინეთი აღნიშნული, შემოსული თუ გასული ზარები და არანაირი
მესიჯები. დანარჩენი ყველა აბონენტი თავისი სახელებითა და გვარებით ეწერა და არც მათგან
რომელიმესგან იყო, მისთვის ხელჩასაჭიდი შეტყობინება, ასევე შემოსული თუ გასული. ამით
მერაბის მეუღლე, ცოტათი კი დაშოშმინდა, მაგრამ მაინც რაღაც ჯერ კიდევ გაურკვეველმა
ეჭვებმა, ღამეც კი გაათენებინა.
დილით კი საუზმის დროს, კვლავ მაკას ზარი შემოვიდა. მერაბმა მაშინვე გააგონა,
სამსახურში მივდივარო და როგორც კი მობილური გათიშა, მაშინვე მეუღლის მწველ მზერას
წააწყდა.
- რა იყო? - ჩაეკითხა მერაბი. - ხელი, ხელს ბანსო, არ გაგიგია?
ქალმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ეს ქალი, პაციენტებს მიგზავნის, რადგან ასე დაგაინტერესა, მაგიტომაც გიყვები,
მაგრამ ეს საუბარი რომ წინ დამხვდეს, იცოდე! - მკაცრად დაუქნია თითი მერაბმა.
- და რა იყო, აქ საიდუმლო? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - სამშობიაროში, ბავშვის
გაჩენა დღეს კანონით ისჯება, თუ აბორტია აკრძალული?
- არც ერთი და არც მეორე, მაგრამ არის ხალხი, რომელთაც არ სურთ, ისე აბორტის
გაკეთება, რომ ოფიციალურად აღინიშნოს სადმე, თუნდაც უბრალო ფურცელზე!
- და მერე მაგისთვის, ასე შუაღამეზე უნდა გირეკონ?
- ოო, ეს უკვე ჩემი ბრალია. - გაუღიმა მერაბმა ცოლს, რომელიც კვლავ უნდობლად
შესცქეროდა და აშკარად ჩანდა, რომ არ სჯეროდა ქმრის მონაჩმახის.
- შენი? რატომ? - შუბლი შეკრა ქალმა. - იმედია, არავინ არის შენგან ორსულად?..
- ქალს უკვე ხმაც შეეცვალა.
- არა! არა! - მერაბს გულიანად გაეცინა. - უბრალოდ, მე თვითონ ვუთხარი, დღის
ბოლოს შემეხმიანეთო, ვიფიქრე სამსახურის ბოლოს მივიღებდი, ასეთ იდუმალ პაციენტს, მაგრამ
სულ გადამავიწყდა.
ცოლი კვლავ უნდობლად შეჰყურებდა მეუღლეს.
- კი მაგრამ, ამ წუთას ხომ მისმენდი? - განაგრძო მერაბმა. - დილიდანვე უკვე
დავიბარე ჩვენთან!
ქალმა უხმოდ აიჩეჩა მხრები. მერაბსაც გულზე მოეშვა. მშვენივრად მოიფიქრა.
- რამე შარში არ გაგხვიონ. - მშვიდი ხმით შეუსწორა პიჯაკის საყელო ცოლმა.
- ბეჭედი, თუ კაბა? - ღიმილით ჰკითხა მერაბმა.
ქალს თვალები გაუბრწყინდა.
- აი, ხედავ? - განაგრძო მერაბმა. - ჩემი სამსხურია თვითონ შარი, მაგრამ აბა
ჩემს ცოლ-შვილს, ახალ კაბებზე უარს როგორ ვეტყვი?
- და ამიტომაც, შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგირეკონ? - ცოლს კვლავ ეჭვია ჭია
ღრღნიდა.
- დიახაც! - ნიშნის მოგებით მიუგო მერაბმა და კარი გაიხურა.
მაინც ბრაზობდა მერაბი მაკაზე. ნუთუ, დილამდე ვერ მოითმენდა, რომ ასე ამიწიოკა
ოჯახიო.
მაკას კი თავისი ანგარიში ჰქონდა. სპეციალურად ასე გვიან შეეხმიანა, რომ მერაბი
უფრო მეტად დაფაცურებულიყო და უფრო მეტად გაეაზრა, რომ დრო არ ითმენდა.
მერაბი კი მაინც გაკვირვებული დარჩა, მაგრამ მაკას მართლაც უკვე ცოტა დრო რჩებოდა,
ორი თვის წინ დაბადებული დღენაკლული ჩვილი, ახლა დროულად დაბადებულად უნდა გაესაღებინა
და სასწრაფოდ გაეშვილებინა, სანამ მართლა არ შეეტყობოდა ასაკი.
მაკამ მერაბს, შერეული ტყუპების საქმე, სულ მარტივად და უახლოეს წუთებში მოუგვარა.
ახლა მერაბის ჯერი იყო, სასწრაფოდ უნდა ეშოვნა კლიენტი და მერაბიც თავის მხრივ, პირობას
პირნათლად ისე შეუსრულებდა, რომ სინდისის ქენჯნასაც კი არ იგრძნობდა.
არც მაკას გააჩნდა ეს გრძნობა. მშვენივრად დააშორა ტყუპი დები ერთმანეთს და
იმავე დღეს დაბადებული, ისიც დღენაკლული ჩვილი ბიჭი გაასაღა მის ტყუპის ცალად, ისე
რომ მხოლოდ მან და მისმა ერთ-ერთმა ერთგულმა ექთანმა იცოდა ეს და საერთოდაც არ ქენჯნიდა
სინდისი.
სამსახურში მისვლისთანავე მერაბი, მაკას შეეხმიანა.
- როდის უწევს მშობიარობა? იმ გოგონას?
ისეთი საქმიანი ხმით იკითხა მერაბმა, რომ თითქოს, მართლაც ვიღაც მშობიარე გოგონა
ადარდებდა, მაგრამ მერაბი ამით, კიდევ უფრო იზღვევდა თავს. თუ ვინიცობაა, ან ჩემი ტელეფონი
ისმინება და ანდა ჩემს კაბინეტშიც მისმენენო, აბა რომელი შეიტანდა ეჭვს, ასეთი საუბარი
რომ გაეგო, გინეკოლოგისგან. თავის მხრივ, მაკაც მშვენივრად უღებდა ალღოს მერაბის მინიშნებებს
და არც არასდროს შეშლია რამე. სწორედ ეს მოსწონდა მერაბს მაკაში, რომ ეს ქალი, რაც
არ უნდა და როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაშინვე სტარტზე იდგა და ნებისმიერ საქმეს, ყოველთვის
უძებნიდა გამოსავალს. შერეული ტყუპების საქმეც ხომ მაკამ, სულ უმოკლეს ვადაში მოუგვარა.
ორი საათიც კი არ იყო გასული და უკვე მერაბს, ჯიბეც სავსე ჰქონდა და თვალებიც, სიხარბის
სიხარულით უბრწყინავდა. ახლა თავად მაკას სჭირდებოდა სასწრაფოდ გოგონას გაშვილება,
მაგრამ მაინც რატომ იყო ასე სასწრაფოდ? ეს კითხვა აწუხებდა მერაბს, თუმცა, ზედმეტი
კითხვის დასმას, ტელეფონში მაინც მოერიდა.
- უკვე დროა. - მიუგო მაკამ. - დღე-დღეზე ელოდება და რაც მალე, მით უკეთესია
მისთვისაც და მისი ახლობლებისთვისაც!
ახლობლებში მაკამ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი და ასევე, მერაბიც იგულისხმა.
„ნუთუ, მართლა ასე
სასწრაფოა?“
გაუელვა მერაბს.
- ახლა ძალიან გადატვირთულია პალატები, მაგრამ თქვენი ხათრით, გამოვძებნი ადგილს.
- უპასუხა მერაბმა. მერე მაკას, სასიამოვნო დღე უსურვა და ტელეფონიც გათიშა.
ერთხანს იჯდა კაბინეტში, ასე გარინდული. მერე შეამჩნია, რომ ჯერ კიდევ, ტელეფონი
ხელში ეჭირა. ბავშვის აყვანის მსურველების მეტი რა იყო, მაგრამ მაკას ასეთი სისწრაფე
აფრთხობდა ახლა. რადგან ასე საჩქარო იყო, ბავშვის მშვილებელი ოჯახიც და მათი შუამავალიც,
იმაზე მეტად სანდო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოდესმე, რომ ასეთი სასწრაფო გარიგება, სუფთად
და წარმატებულად ჩატარებულიყო.
მერაბს ნერვიულობა ემატა, თითებიც აკაკუნა მაგიდაზე, ყავაც ზედიზედ შეუკვეთა
და კაბინეტშიც, არა ერთხელ მოუწია გავლა-გამოვლა და სწორედ ამ დროს შემოჰყო თავი მისმა
ქალიშვილმა და სიტუაციაც, მაშინვე შეაფასა. ჯერ კიდევ დილა იყო და მაგიდაზე, ორი ცარიელი
ყავის ფინჯანი იდგა. გოგონამ დანამდვილებით იცოდა, რომ არავინ ჰყოლია მამას ახლა ვიზიტზე
და ეს ორივე ფინჯანიც, თავად მიირთვა. სახლშიც ხომ ისაუზმებდა და ყავასაც აუცილებლად მიაყოლებდა და რა ხდებოდა
ასეთი, რა ანერვიულებდა ამ კაცს?
„იქნებ, მამაჩემს
მართლაც ჰყავს საყვარელი და ახლა იმ ქალს, ორსულობით ან უკვე გაჩენილი ბავშვით უნდა
შანტაჟი?“
და ყველა ეს ეჭვი, გაფიქრებისთანავე მიახალა მამას.
მერაბს გულიანად გაეცინა შვილის სიტყვებზე, როცა გოგონამ გაავებული სახით აუწყა,
საყვარელი გყავს, შენგან ორსულად არის და ახლა შანტაჟს გიწყობსო და ის იყო, უნდოდა
ეპასუხა, რომ სცდებოდა და მაკასთან, სულ სხვა გარიგებები ჰქონდა, მაგრამ დროულად მოუხმო
ჭკუას. ისედაც გრძნობდა, რომ ასი თვალი ხედავდა და ასი ყური უსმენდა. სადღაც, რაღაცას
რომ გაეჟონა...
„გაფიქრებაც კი არ
მინდა, თუ რა მოჰყვება ამ ამბავს.“
მერაბს უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
- მორჩი! - შეუტია აქაქანებულ შვილს.
გოგონამ კუშტად შეკრა შუბლი.
- ახლა, კარგად მომისმინე! - მერაბს აჭარხლებულ სახეზე ბრაზი მოსწოლოდა. -
თუ ასე გააგრძელეთ შენც და დედაშენმაც, ჩემგან კაპიკსაც ვეღარ მიიღებთ! პირადად შენ
კი, მოგიწევს ხელფასიდან ხელფასამდე, საკუთარი თავის რჩენა და სახლიდანაც მიგაბრძანებ,
იცოდე! ერთი ვნახოთ, როგორ შესძლებ მაგ შენი მიზერული ხელფასით, ქირის გადახდას!
- ყველაფერს, დედას ვეტყვი! - მიახლა ზედმეტად განებივრებულმა ქალიშვილმა და
კარი ხმაურით გაიჯახუნა.
- სადაც, გინდათ იქ მიჩივლეთ, ორივე დედა-შვილმა! - მერაბს ირონიულად ჩაეცინა
და კვლავ ტელეფონს დასწვდა.
მაკამაც მაშინვე გააგონა.
- აბა, არის თქვენთან ერთი ექთნის ვაკანსია მაინც? - ჩაეკითხა მაკა.
- აუცილებლად მოვუხერხებ რამეს, ერთი ადგილი უნდა მქონდეს განყოფილებაში.
- ჰო, ჩვილებშია ნამუშევარი, მგონი იცნობ კიდევაც, თეთრი გოგონაა, ღია თმებით
და ლამაზი ლურჯი თვალებით, გეცოდინება.
- კი, კი. უნდა ვიცნობდე. - მიუგო მერაბმა, რომლისთვისაც ყველაფერი ნათელი
იყო. მაკას სასწრაფოდ გასაშვილებელი ჩვილი გოგონა თეთრი, ღია ფერის თმებითა და ლურჯი
თვალებით იყო.
მსგავსი მინიშნება აუცილებელიც იყო, რადგან ხშირად მშვილებელი ბავშვს ფერისა
და კანის მიხედვით არჩევდა. ზოგი თვითონ შავტუხა, სურდა რომ შვილი თეთრი და ფითქინა
ჰყოლოდა, ზოგს კი პირიქით სურდა, რომ მათ დამსგავსებოდა და ამიტომაც, თავისივე გარეგნული
მსგავსებით არჩევდა ბავშვს.
„და მაინც, რატომ
არის ასე სასწრაფო? თუ კი ახლახან იმშობიარა...“
ფიქრობდა მერაბი.
„რამე კუდები, ხომ
არ მოჰყვება, ნეტა?
ჰმ, სანამ არ ვათქმევინებ,
ასე ძალიან რატომ ეჩქარება, მანამდე მელოდოს, თითსაც არ გავანძრევ!“
გადაწყვიტა მერაბმა, მერე მსუბუქად, ისე, სასხვათაშორისოდ მიიკითხ-მოიკითხა
სამსახურში, მაგრამ ჯერ მისდა სასიკეთოდ, არაფერი ჩანდა. აბა, ასე საჩქაროდ როგორ უნდა
მოეძებნა შესაფერისი კლიენტი და თანაც ფრთხილობდა, ძალიან ფრთხილობდა, არავის ენდობოდა
და არც მაკასავით დიდი კლანი ჰქონდა ირგვლივ შემოკრებილი.
მერაბს, ბევრიც აღარ უფიქრია და კვლავ მაკას შეეხმიანა. მაკამაც მაშინვე უპასუხა.
- ახლა ჯერ ვერაფერი ვაკანსია ვერ მოვიძიე. - უხსნიდა მერაბი. - და მაინც,
ასე საჩქარო რა არის? რამე პირადი პრობლემა, ხომ არ აქვს?
- და რა პრობლემა უნდა ჰქონდეს? - გადაიკისკისა მაკამ. გულში კი საშინლად ბრაზობდა
უკვე მერაბზე.
„რით ვეღარ მოაბა
თავი? რამდენჯერ უნდა დამირეკოს ერთი და იმავეზე და თანაც, ზედიზედ!“
- მოკლედ, დღის ბოლომდე შემეხმიანე. იმ გოგომ ტყუილად დრო რაღატომ უნდა გაფლანგოს?
შენთან თუ არა, სხვა ვაკანსიებსაც განიხილავს. - ცოტა არ იყოს, ცივად მიახალა მაკამ
და ტელეფონი გაუთიშა.
დღის ბოლოც, ისე შეუმჩნევლად დადგა, რომ მერაბმა, „თვალის დახამხამებაც“ ვერ
მოასწრო. რა უნდა ექნა, როცა ერთი წუთითაც ვერ მოიცალა მაკასთვის. თუმცა რატომ მარტო
მაკასთვის, როცა თავად მშვენიერი წილი ერგებოდა, მაგრამ აბა რა შეხვდებოდა, თუ შესაფერ
კლიენტს ვერ იშოვნიდა და ისიც, უკვე ასე სასწრაფოდ.
მერაბი სახლში უგუნებოდ დაბრუნდა. ოჯახის წევრებისთვის ზედაც არ შეუხედავს,
ისე უხასიათოთ მიუჯდა ვახშამს. არც ჭამის თავი ჰქონდა და არც სურვილი.
მეუღლე შეშფოთებული სახით შეჰყურებდა და ხმასაც ვერ სცემდა.
„ნუთუ, მართლა მღალატობს?“
ფიქრობდა გულნატკენი ქალი. ცანცარა ქალიშვილმაც ცალკე ჩააწვეთა, რაღაც ბავშვზე
საუბრობდა, იმ ვიღაც მაკასთანო. ამაზე სულ გადაირია ქალი და შვილს დაავალა, ყველაფერი
გაერკვია მაკას შესახებ.
„ნეტა, რამდენი წლის
არის ის მაკა?
არც იმდენად გოგოშკააო
და რა ვიცი, ნუთუ ეგ არის ჩემი ქმრისგან ფეხმძიმედ, თუ გააჩინა უკვე ბავშვი?“
- მაინც, რამდენი წლის იქნება, ეგ მაკა?
სანამ მერაბი ვახშმობდა, დედამ სხვა ოთახში გაიხმო ქალიშვილი და იქ ძალიან,
ძალიან დაბალ ხმაზე დაუწყო საუბარი.
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - ჩემი ტოლი, ნამდვილად არ არის
და არც ჩემზე ცოტათი უფროსს ჰგავს. ბევრად მეტის უნდა იყოს, მაგრამ აშკარად არ ეტყობა.
კარგი მოვლილი ჩანს.
ქალიშვილის სიტყვებზე დედამ, სარკეში შეავლო თვალი თავის სხეულს და მერე თმებიც
ოდნავ შეისწორა.
სარკე უზარმაზარი იყო, ლამის ნახევარ კედელს იკავებდა, რომელსაც ოქროსფრად
მოვარაყებული დიდი ჩარჩო ამშვენებდა. როგორ კარგად ახსოვს ის დრო, როცა ეს ნანატრი
ნივთი, მეგობრის დაბადების დღიდან სახლში დაბრუნებულს, თვით მერაბმა დაახვედრა. მანამდე
კი საშინლად იყო ქმარზე განაწყენებული, რადგან უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე,
მეუღლესთან ერთად იყო მიპატიჟებული. მერაბის
ცოლს, ყოველთვის მოსწონდა მეუღლის გვერდით თავის გამოჩენა. ახლა კი მარტო წაჩანჩალდა,
მთელი საღამო ჩაშხამდა და ქმარმა კი, იმდენად ვერ მოიცალა, რომ გვიანაც აღარ მიაკითხა
იქ. ცოლი სახლში, საშინლად გულმოსული დაბრუნდა, ქმარმა კი, სანუკვარი სურვილი აუსრულა
და იმაზე, ბევრად დიდი და ლამაზი სარკე დაახვედრა, ვიდრე თავად ოცნებობდა. ასეთი ლამაზი ნივთის დანახვაზე, ცოლის ყველა ბრაზი და
წყენა, მაშინვე სადღაც გაიფანტა.
ამის გახსენებაზე, ქალს ღიმილი მოერია, თუმცა მაშინვე მოიქუფრა.
„და რა დროს ეს სარკეა?!
ჭირსაც წაუღია, როცა ოჯახი თავზე მენგრევა!“
- ესე იგი, არც იმდენად პატარა გოგოა ეს მაკა, რომ ბავშვიანად შეეტენოს?
- ჰო. - თავი დაუქნია შვილმა. - პატარა გოგო, ნამდვილად არ არის. ასე, შენხელას
უფრო ჰგავს, ან ცოტათი მეტის, ან ნაკლების.
- და იქნებ, იმ მაკას ქალიშვილია ორსულად?! - ლამის ხმამაღლა მოუვიდა ქალს.
- ჩუ! რა გაყვირებს? - დაუცაცხანა შვილმა.
ქალი შეცბა.
- გინდა, გაგვიგოს? - განაგრძო ქალიშვილმა. - ხომ ხედავ? როგორ გვემუქრება?
სახლიდან გაგაგდებო მითხრა, ბინა იქირავე და შენი ხელფასით ირჩინე თავიო! - გოგონას
თვალები ბრაზით უელავდა.
- ღმერთო, ჩემო! - შეიცხადა დედამ. - ეს, რა დღეში ვართ...
- ნათელა!
მერაბს იმხელა ხმაზე მოუვიდა დაძახება, რომ სხვა ოთახში მიყუჟული და მოჩურჩულე,
ერთმანეთის მოკავშირე ორივე ქალი, ადგილზე შეხტა.
დედამ უკმაყოფილოდ შეავლო თვალი შვილს. თითქოს, მის თანხმობას ელოდა, რომ ოთახიდან
გასულიყო.
- წადი, ერთი რა უნდა? - კოპებშეკრული სახით „დართო ნება“ გოგონამ დედას.
- რა იყო, მერაბ? - წყენით მიუგო ქალმა და ოთახში შენარნარდა. - შენი ნათუკა,
აღარ ვარ? ნათელა გავხდი?
- ჰმ, ნათელა გქვია დაა... ჰა, ჰა. - გაიკრიჭა მერაბი. - მე დაგარქვი?
- დესერტი არ გინდოდა? - ცოტა არ იყოს მშრალად შესთავაზა ცოლმა. - შენ რომ
გიყვარს ის ფორთოხლის კექსი ამოვატანინე.
- არ მინდა საღამოს, ამდენი ცომეული. - მიუგო მერაბმა. - ამ ბოლოს დროს, ცოტა
თითქოს ღიპიც უფრო მეტად დამედო.
„ჰმ. ღიპი დაგიწუნეს,
ჩემო მერაბ?“
ცინიკურად გაუელვა გულში ცოლს. თუმცა, უფრო სინანულის ხმით მიუგო:
- რა ვიცი? შენი საყვარელი კექსია და მაგიტომ დაგახვედრე.
- რა დროს, კექსია. დაჯექი. - ქმარმა სკამზე მიუთითა.
ქალი ფერწასული ჩამოჯდა სკამზე. გულიც რაღაც, ავის მომასწავებლად აუჩქარდა.
მერაბმა ჩაის ფინჯანი ახლოს მიიწია. რამდენიმე ყლუპი ხარბად მოსვა. მერე ფინჯანი
ისევ გვერდით გადადგა, ცოლს თვალებში ჩახედა და საკმაოდ მშვიდი ხმით ჰკითხა:
- შენი მამიდაშვილი, რას შვება?
- რა მამიდაშვილი? - ქალს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.
- რა იყო? - ცინიკურად აღნიშნა მერაბმა. - რა გაგიკვირდა? ერთი მამიდა გყავს
და ერთადერთი მამიდაშვილი.
- ჰო, მაგრამ... - დაბნეულად მიუგო ცოლმა. - საიდან გაგახსენდა?
- ისე, უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა მერაბმა. - რა? არ შეიძლება, ცოლის ნათესავების
მოკითხვა?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ... - ცოლი გაოგნებული იყო, სულ სხვა საუბარს ელოდა
მეუღლისგან და ახლა საიდან გაახსენდა, ეს დიდი ხნის უნახავი ნათესავები, რომელსაც თავად
მერაბი, დიდად არც სწყალობდა.
- რა იყო? - ჩაეცინა მერაბს. - გაბუტულები არიან ჩვენზე, თუ?
- ჩვენზე, რატომ უნდა იყვნენ? - შუბლი შეკრა ქალმა. - უბრალოდ, შენ რომ არ
გსიამოვნებს მათი მოსვლა, მეც იმ დროს ვეპატიჟები, როცა შინ არ ხარ.
- აჰა! - გაიბადრა მერაბი. - ჩემს ზურგს უკან ჭორაობთ, ხომ?
- ოო, კარგი რაა. - ქალმა თავი გააქნია.
- არავის ვუშლი სტუმრობას, მაგრამ მაგ დედა-შვილის ტყლარჭვა და მანჭვა-გრეხის
ნერვები, ნამდვილად არ მაქვს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურიდან დაღლილი
მოვდივარ და ერთი სული მაქვს, ტელევიზორთან როდის მოვიკალათებ და არც იმას აქვს მნიშვნელობა,
თუ რომელ არხზე იქნება ჩართული! - ხმას აუწია მერაბმა.
- და ახლა მაინც, საიდან გაგახსენდა?
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა მერაბმა. - ფიქრი, ფიქრს მიჰყვა და უცებ,
მომაგონდა!
ცოლმა ეჭვიანად შეავლო მზერა და მაინც ვერ ხვდებოდა, თუ სინამდვილეში, რის
თქმა სურდა მის ქმარს. მართლაც და, საიდან გაახსენდა ახლა ისინი?
- ისე მართლა. - დაიწყო ცოლმა და თან მეუღლეს კარგად ჩააკვირდა. იქნებ, მის
სახეზე მაინც ამოეცნო რამე. - კარგა ხანია, აქ არ ყოფილან და არც მე მომიკითხავს.
- მერე? მოიკითხე. - მხრები აიჩეჩა მერაბმა. - როდის დაგიშალე?
- ჰო... - ქალმა წარბები აზიდა და მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა. - მერაბ!
რა ხდება ჩვენს თავს?!
- ჩვენს თავს? - აუღელვებლად ჩაეკითხა მერაბი. - და რა უნდა ხდებოდეს?
ქალმა არაფერი უპასუხა.
- შენ თუ იმას გულისხმობ, რომ შენი მამიდაშვილი საიდან გამახსენდა, მაგასაც
გეტყვი, მაგრამ მერე, იცოდე! - მერაბმა თითი დაუქნია. - ამას კუდები რომ მოჰყვეს...
- რა, კუდები, მერაბ! - შეიცხადა ცოლმა. - ამიხსენი, რა ხდება, თორემ გამისკდა
ეს გული!
- მოკლედ, ჩვენთან. - დინჯი ხმით დაიწყო მერაბმა. - ერთი პატარა გოგონაა...
- და, შეგიყვარდა?.. - ქალს მკვდრისფერი დაედო.
- რა შემიყვარდა? ჰა! ჰა! - მერაბმა გულიანად გადაიხარხარა.
ქალი კი აწუწუნდა, სულის მოთქმას არ აცლიდა. უამრავი კითხვები მიაყარა ჩაბჟირებულ
ქმარს.
- ჩვილი ბავშვი, უპატრონოდ რჩება და ვიფიქრე... - განაგრძო მერაბმა, როცა როგორც
იქნა, დაშოშმინდა.
- რასაც მამიდაჩემი მაგას უჩიჩინებს, აიყვანე ბავშვიო და მგონი უკვე, თვითონაც ფიქრობს მაგაზეც.
- ისე, ძაან დიდხანსაც ნუ იფიქრებს, თორემ მერე ასაკიც მოემატება და ის აყვანილი
ბავშვიც იფიქრებს, დედა კი არა, ბებია მზრდისო. - გაიკრიჭა მერაბი.
- ხომ, მაგრამ რა იცი, ვისი შვილია? რა ჯიშია? რა გენეტიკური დაავადება აქვთ
მის მშობლებს? იქნება და ვიღაცა ლოთი, მეძავის შვილია და მამამისიც მთვრალი იყო იმ
დროს?
- ახლა შენ, როგორ ფიქრობ? - მერაბმა თვალებში ჩახედა. - მართლა ვიღაცის გაგდებულს
და ასე უპატრონოდ მიგდებულს, ჩემიანს ვურჩევ?
- და მაინც, ვინ არის? ვისი შვილია? - ჩაეკითხა ცოლი.
- დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამის ოჯახს კი ისედაც არ სურდა ეს ბავშვი.
- და რატომ? იქნებ, რამე დაავადება ჰქონდა დედას? მერე, ბავშვზეც გადავიდა.
- ნუუ, როგორც ვიცი, ძალიან სანდო წყაროებიდან. - მერაბმა წამით იყუჩა. - გოგონა
სტუდენტი იყო, სოფლიდან ჩამოსული და თავისივე ლექტორმა შეაცდინა.
- ჰმ, და იმ ლექტორს ოჯახი ჰყავს. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ქალმა. - ასე
იცის, ცოლ-შვილიან კაცს, რომ დაუწვებიან.
- ჰოდა, იმ გოგოს ოჯახი, თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბავშვის გაჩენის.
გოგომაც მოატყუა, ვითომ აბორტი გავიკეთეო.
- და ახლა მშობიარობას რომ გადაჰყვა, რაა? იმ ბავშვს არ მოითხოვენ?
- თუ არსად იტყვი, საიდუმლოსაც გაგიმხელ. - მერაბმა ხმას დაუწია და ლამის ჩურჩულით
უთხრა. - როცა დადგა საკითხი, ბავშვი გადავარჩინოთ, თუ დედაო, მაშინ კატეგორიულად მოთხოვეს,
დედას მიხედეთო. ბავშვი კი იქნებ, მუცელშივე მოსპოთო, რომ ცოცხალი არ დაიბადოსო.
- ღმერთო, ჩემო!
- მერე ექიმს უთქვამს, ბავშვი თუ ცოცხალი დაიბადება, მე ხომ არ მოვკლავო? და ჩააკალით, ჩასრისეთო, ასე უპასუხიათ!
ცოლმა კვლავ შეიცხადა.
- მოკლედ, ეს გოგონა მშობიარობას გადაჰყვა თუ არა, მაშინვე დაინტერესდნენ ბავშვით.
- განაგრძო მერაბმა. - მაგრამ განა სახლში წასაყვანად, არამედ მზად არიან გარკვეული
თანხის სანაცვლოდ, ისე გააშვილონ, რომ არსად მათი ხსენება არ იყოს. გესმის ახლა, რა
ხალხი ყოფილა?
- რას არ გაიგებ, ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო... - თავი გააქნია ქალმა. - და
ბავშვის მამა?
- მაგას ხსენებაც არ უნდოდა იმ გოგოსი და იფიცებოდა, ჩემი არ არისო ეგ ბავშვიო.
- ვაიმე, საწყალი პატარა...
- ჰო, ბავშვი მეც შემეცოდა, მაგიტომაც გითხარი. ექიმსაც ისე ეცოდება, თუ დროულად
არ გამოუჩნდა პატრონი, იმ გოგოს მშობლები ისეთი ხალხი ჩანს, მაინც ბავშვთა სახლში მოუწევს
იმ საწყალს გაზრდა.
- ან კი, თუ სახლში წაიყვანენ, წარმომიდგენია, როგორ ცუდად მოექცევიან საწყალ
ობოლს. - ქალს თვალები აუცრემლდა. - სულ იმას წამოაძახებენ, შენი გულისთვის მოკვდა
დედაშენიო.
- ჰოო? - წარბები აზიდა მერაბმა. მოეწონა მეუღლის აზრი. - შეიძლება მასეც იყოს.
- მახსოვს პატარაობაში, სოფელში ჩვენს მეზობლად, ერთ ბავშვს ასე ექცეოდნენ
ოჯახში. საცოდავი სულ თვალცრემლიანი იყო, სიცოცხლე ჰქონდა შეჯავრებული პატარას.
- ჰოდა, იქნებ ვინმე კარგმა ოჯახმა აიყვანოს, მეთქი ვიფიქრე, თან ისეთი ლამაზია,
თეთრი, ფუმფულა, ლურჯი თვალებით და ქერა თმებით. ზუსტად ისეთია, შენს მამიდაშვილს ჰგავს.
- მერაბ! - ქალმა თვალებში ჩახედა. - ამ საქმეს, მე მივხედავ, მაგრამ იმედია,
მართლა არ მატყუებ და...
- ქალო, არ არის ის ბავშვი ჩემგან! ვაახ! - შეუტია მერაბმა. - თუ გინდა დროზე,
დღესვე მოაბით თავი, თორემ იმდენი ხალხი დგას ბავშვის აყვანის რიგში.
- და ვიღაცამ რომ მეტი ფული შესთავაზოს?
- ამ ეტაპზე, უჩემოდ ვერავინ გადაწყვეტს, ბავშვი ჩვენ უნდა გავწეროთ და როგორმე
დროულად დატრიალდი, ნახონ ბავშვი. ყველანაირად შემოწმებულია. სრულიად ჯანმრთელია და
რაც შეეხება საბუთებს, მაგასაც მე მივხედავ და მორჩა ახლა ამაზე ამდენი საუბარი. საშინლად
დაღლილი ვარ, მეძინება.
მერაბი წამოდგა. ზურგს უკან მეუღლის მწველ მზერას გრძნობდა. დარწმუნებული იყო,
ცოლს მაინც ღრღნიდა ეჭვის ჭია.
LEX. 2022 წლის 18 სექტემბერი, კვირა.

No comments:
Post a Comment