Thursday, October 20, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 11)

11.
მაკა კი უვე დიდი ხანია ამზადებდა ნიადაგს, დინას გუნდში ასაყვანად, მაგრამ ვითომდა უკან იხევდა და ვერ ენდობოდა, ან ჯერ ვერ ანდობდა ბოლომდე საქმეს.
მაკამ მეორე ჭიქა გამოცალა, თუმცა ძალიან პაწაწუნა ტევადობის იყო. აი ისეთი, სათითეებს რომ ეძახიან ხოლმე, რომელიც დინას, ყოველთვის მოსწონდა და რამდენიც მაკასთან სტუმრობდა, იმდენი თვალს ვერ წყვეტდა, ძოწის პაწაწუნა ჭიქებს.
- ესე იგი, კმაყოფილი ხარ ჩვენთან მუშაობით? - შეპარვით დაიწყო მაკამ.
- რა თქმა უნდა!
- მართლაც იმ წუმპეში და უკიდეგანო სიღარიბეში...
- იქეთ აღარასდროს გავიხედავ! - მტკიცედ მიუგო დინამ.
- როგორც ვიცი, ბევრი და-ძმა გყავს.
- საკმარისზე მეტი. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დინამ.
- შენ არ გეწყინოს, მაგრამ ერთს გეტყვი. - დინჯი ხმით დაიწყო მაკამ. - რატომ აჩენენ ამდენ ბავშვებს, თუ კი ელემენტალურად ვერ უზრუნველყოფენ? და უზრუნველყოფაში იცი, რას ვგულისხმობ, რომ მშიერი და შემოფლეთილი სამოსით არ იარონ ქუჩაში. ნუთუ, არ ეცოდებათ, საკუთარი შვილები, ასეთ სიღარიბეში გასაწირად?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა დინამ და უსიამოვნოდ დაიჯღანა. - ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას ამდენი არ უჩნდება დაა... ჩემებმა კი დაგვყარეს გოჭებივით.
- არ უჩნდებათ კი არა, არ აჩენენ, ჩემო კარგო. - ჩაეღიმა მაკას.
- დიახ, მასეა. - ამოიხვნეშა დინამ.
- ასეა, ასე. - კვერი დაუკრა მაკამ. - აი, ჩემს შვილს, არაფერს ვაკლებ! ეს ერთი მყავს და ყველაფერი, საკმარისზე მეტიც აქვს! მაქსიმუმ, ორი ვიყოლიო, ჰა, ჰა, სამი და ეგეც უკვე ბევრია, ძალიან ბევრი და ახლა შენ წარმოიდგინე, მე რომ ბევრი შვილები მყავდეს, და რა გგონია? ეყოფათ ეს ქონება? სკამზე დასაჯდომი ადგილიც კი არ იქნებოდა ამ სახლში.
- ნამდვილად მასე იქნებოდა. - დაეთანხმა დინა.
- და მე ვფიქრობ ასე, ვისაც მართლა საკმარისზე მეტი აქვს, რომ ჩემი ეს ქონება, სულაც აღარ ეყოფა სამ შვილს და ისინი, რატომ აჩენენ ამდენს, ვისაც სახლში დასაწოლიც კი არა აქვს?
- მართლაც. - კვერი დაუკრა დინამ.
- და, მრავალშვილიანები კი, იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ შვილები, ძალიან გვიყვარსო! - ცინიკურად გაუსვა ხაზი მაკამ. - არადა, რომ შეხედავ მათ შვილებს, სიყვარულის რა ეტყობათ? მართლა სიყვარულისა და მზრუნველობის ნატამალსაც კი ვერ აღმოაჩენ მათში!
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- აბა, მითხარი ერთი, რომელ სიყვარულზეა საუბარი, როცა მათი შვილები ჟღვინტიანები, დაუბანელ და დაუვარცხნელები, სკოლაში ხშირად, კლასელების აგდების საგანი ხდება! ჰა? - მაკა თვალებში ჩააშტერდა ნირწამხდარ გოგოს. - თუმცა, შენ რას გიყვები? შენ ეს, არ გესწავლება, რადგან საკუთარ თავზე გაქვს მწარედ გამოცდილი.
დინა უხერხულად აიწურა.
- არა, ჩემო კარგო, არა! - მაკამ მთელის სითბო გადმოღვარა. - ეს იმიტომ კი არ მითქვამს, რომ შენთვის შეურაცხყოფის მოყენება მინდოდა? სულაც არა! არც გაიფიქრო!
დინამ ცალყბად გაუღიმა.
- გულშიაც კი არ გაივლო, რომ ან რამეს გაყვედრი ან ოდესმე, წამოგაძახებ! - კვლავ განაგრძო მაკამ. - უბრალოდ, მინდა რომ დაინახო, იგრძნო, გაისიგრძეგანო, რომ სად არის ბნელი და სად ნათელი! სად გადის ზღვარი, იმისა თუ რა გინდა შენ, პირადად! რის მიღწევას ლამობ, ცხოვრებაში და თუ ისევ იქ, უკან დაბრუნება გინდა, არც არავინ დაგიჭერს აქედან, მაგრამ ეს შენ თვითონ უნდა განსაზღვრო, შენ თვითონ ხარ ამ დილემის წინაშე და ეს არჩევანიც შენია, შენ გეკუთვნის და პირადად შენი გადასაწყვეტია!
- დიახ, მაკა ექიმო. - დინამ ამოიხვნეშა.
- ჰო, მასეა და იცი, რატომ უნდა მიიღო შენ პირადად გადაწყვეტილება?
- ისევ მე წამადგება ან ისევ მე დამაკლდება და იმიტომ.
- დიახაც! - კვერი დაუკრა მაკამ. - ყოჩაღ! მიხარია, რომ ზუსტად გესმის, რასაც ვამბობ!
დინამ შეიფერა. ცოტა გულზეც მოეშვა, ახლა იმდენად აღარ ნაღვლობდა, მაკამ რომ ასე მძაფრად შეახსენა მისი წარსული.
მაკამ ლიქიორი, ისევ ოდნავ მოწრუპა. თითქოს, პირს ისველებსო და კვლავ განაგრძო დინას დამუშავება:
- და რა უცნაურად არის ეს სამყაროც მოწყობილი. - ნაღვლიანად გააქნია თავი მაკამ და დინას სევდიანი თვალები მიაპყრო.
დინა დაბნეული შეჰყურებდა, ვერ მიმხვდარიყო, თუ ამჯერად, რას გულისხმობდა მაკა.
- უამრავი ხალხი მოდის ჩემთან მე კი ყოველთვის კი არა, მართლაც იშვიათად მცალია და ჰგონიათ, რომ არ ვიღებ და მერე, ხან ათას ვინმეს არეკინებენ და ხან კი, ვისი რეკომენდაციით აღარ მოდიან, რომ მე მივიღო ჩემს კაბინეტში, მოვუსმინო და უეჭველი დავეხმარო! წარმოგიდგენია, რა დღეშიც ვარ? და ამ ხალხს, მაინც ვერ შევაგნებინე, რომ მე, რა შემიძლია გავაკეთო? - მაკამ ამოიხვნეშა.
დინა კვლავ გატრუნული შეჰყურებდა.
- და რა უნდათ? - როგორც იქნა ამოღერღა დინამ, როცა დუმილი უფრო მეტად გაიწელა.
- ბავშვი, ჩემო კარგო! ბავშვი! - თავი გააქნია მაკამ. - შვილი უნდათ რომ ჰყავდეთ ოჯახში და არ უჩნდებათ და რა უნდა ქნან? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა აიყვანონ, იშვილონ და საკუთარივით გაზარდონ.
- თავისთავად. - კვერი დაუკრა დინამ.
- ჰოდა, რადგანაც სამშობიარო სახლის, მთავარი ექიმი ვარ, ჰგონიათ რომ ეს ჩვილები, ასე წიწილებით იჩეკება ყველასთვის! ყველას რომ ეყოს! ჰმ! - მაკამ თავი გააქნია და დინასთვის, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, ტყუილების მოშველიებაც არ დააკლო. - ჰოდა, ამას წინათ. - მაკამ ხმას დაუწია, ვითომ საიდუმლოს ანდობდა. - კარგად გადაპრანჭული ცოლ-ქმარი, ლამის მანქანაში შემომიხტნენ, თან დილიდან რომელიღაც მინისტრს დაარეკინეს და არც მიმიქცევია იმ დროს ყურადღება ვინ იყო და რომელი სამინისტროდან, რადგან მშობიარე გოგოს საშველად გავრბოდი და რა დროს ვიღაც მინისტრი იყო, ხომ გესმის?
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა დინა.
- ჰოდა, ამ წყვილმა ბავშვის აყვანა გვინდაო და აიყვანეთ მერე სავსეა ბავშვთა სახლები მეთქი და არაო, გინდა თუ არა, ჩვენ ახალშობილი გვინდაო და მე ხომ არ გავუჩენდი, აბა? - მაკამ მსუბუქად გადაიკისკისა.
დინაც გაიკრიჭა.
- თუ ვინმემ არ დატოვა და უარი არ თქვა საკუთარ შვილზე, მე საიდან მოვუყვანდი აბა? - განაგრძო მაკამ. - ან დაელოდეთ, ან თავშესაფარში ნახეთ მეთქი და აშკარად ნაწყენები წავიდნენ, აქაოდა მინისტრს, დავარეკინეთო. ჰაჰ!
- უჰ! - შუბლი შეკრა დინამ. - ცივი წყალი დალიონ!
- ჰმ. აბა რაა. - მაკამ ახალ სიგარეტს მოუკიდა და თვალები მინაბა. მშვენივრად უღებდა ალღოს, დინას ფსიქიკას და სულ მცირედი ბიძგი რჩებოდა უკვე, რომ ეს გოგოც, მის სასარგებლოდ და სათავისოდ გამოეყენებინა.
- ისე მართლა. - განაგრძო მაკამ. - ხალხი, შვილს ნატრობს და აღარ იცის, რა გზას დაადგეს, ვის მიმართოს, აგერ მინისტრსაც ისე დაარეკინეს, თითქოს აქ ქარხანა და ინკუბატორი მაქვს და რამდენიც არის საჭირო, იმდენს ვაჩეკინებ.
- ვითომ, მინისტრის დარეკვაზე დაფაცურდებოდით და იშოვნიდით? - დინამ ღიმილით გააქნია თავი.
- აბა, შენ ეგ თქვი! - გაეცინა მაკას და გულში იზეიმა, როგორ უცბად დაიჯერა, მაკას მონაჩმახი ამ სულელმა გოგომო.
„თუმცა, არც იმდენად სულელია, როგორც ბრიყვივით გამოიყურება.“
ფიქრობდა მაკა და დინას, გამჭოლი მზერით აკვირდებოდა.
„არაფერი იცის, არაფრის აზრზე არ არის, მაგრამ ყველაფერს ადვილად უღებს ალღოს, ესე იგი, მშვენივრად აზროვნებს და ეს ძალიან კარგია. სწორედ ასეთი გამჭრიახი მჭირდება, აბა ცანცარა, ელზაც კი მეყოფა.“
- ბევრი შვილს ნატრობს და ამ დროს, ზოგნი მართლაც რომ გოჭებივით ყრიან ამ ბავშვებს და ბევრ, მრავალშვილიანს, მათი დაბანა, კი არ ეზარება, არამედ აღარ შეუძლია! - კვლავ შემართებით განაგრძო მაკამ. - დაღლილია, ბევრი საქმე აქვს, ათას სამუშაოს ასრულებს, რომ ამდენი შვილი გამოკვებას, თუმცა მაინც ვერ ანაყრებს ბოლომდე და მართლაც გადარბენაზეა და ფიზიკურად არ სცალია, აღარ სცალია და თან საშინლად დაღლილია და აბა, რომელი ერთი დაბანოს და დავარცხნოს? თუმცა, შენ რაღას გიხსნი, ჩემზე კარგად იცი ეს ყველაფერი.
- კი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. - ამოიხვნეშა დინამ და მერე ჩაფიქრებული ხმით განაგრძო. - ერთი შტერი მეზობლის გოგო კი, ჩვენ შემოგვნატროდა. რა კარგია, რამდენი ხართო, არა და, მე საცოდავი კი, მის ბედს ვნატრობდი.
- ჰოო? - ჩაეღიმა მაკას. - და რატომ? ალბათ მდიდარ ოჯახში იზრდებოდა.
- კიი. - დინას ჩაეღიმა. - ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მაგრამ მაინც ჩვენს ბედს ნატრობდა.
- ჰმ. რა საოცარია ადამიანის ბუნება. - მაკამ თავი გააქნია. - ყოველთვის ის გგონია კარგი, რაც არ გაქვს.
- მართლაც რა უცნაურია. - კვერი დაუკრა დინამ. - ბავშვობაში, სულ მიკვირდა, რატომ კიდევ ერთი შვილი მაინც არ გააჩინეს, რომ თავისი გოგო ასე დარდობსო და მერე კი მივხვდი, თუ რატომაც.
- და რატომ? - ჩაეკითხა მაკა, თუმცა უკვე გუმანით გრძნობდა, თუ რატომაც.
- იმიტომ, რომ უკვე ასაკოვანი მშობლები ჰყავდა და ალბათ ეს ერთიც ძლივს გააჩინესო ასე ვიფიქრე მერე, ის კი, და სულ და-ძმას ნატრობდა.
- ჰოო, ასაკში ისედაც რთულია, თუნდაც ერთის გაჩენა და ახლა მეორეც... - თავი გააქნია მაკამ.
- ძალიან მდიდრები იყვნენ და მარტო ეს ერთი შვილი ჰყავდათ.
- მართლა? - მაკამ წარბები ასწია. - მდიდარნი და ასაკოვანნი.
- და მერე კი გავიგე, რომ აყვანილი ჰყოლიათ.
- აი, თურმე რატომ. - მაკა გულში ზეიმობდა. საუბარი, სწორედ იქითკენ მიდიოდა, როგორც მას აწყობდა. - ჰოდა, ახლა არ სჯობს, ამდენ შვილებს, რომ ასე აშიმშილებ და აუბედურებ, გააზრდევინე ერთი მაინც, ვინმე შვილს დანატრებულ მდიდარს, ცუდია?
- ეჰ, მეც რამდენჯერ მინატრია. - ამოიხვნეშა დინამ. - ან მიშვილონ, ან მომიტაცონ და მდიდარზე გამყიდონო. ხშირად წარმოვიდგენდი, თუ როგორ ვიყავი, ერთადერთი შვილი და პრინცესასავით...
დინა ისე აქაქანდა, თითქოს გაჩერებას აღარც აპირებდა. მაკა კი ჩაფიქრებული შეჰყურებდა და უკვე გრძნობდა, ეს გოგო, მშვენივრად გამოადგებოდა.
- სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში, გაშვილების საქმე, ძალიან ცუდად დგას. - მაკამ ამოიხვნეშა.
- კი მაგრამ, რატომ? - მხრები აიჩეჩა დინამ. - ჯერ მარტო ჩვენს უბანში, სამი აყვანილი ბავშვი ცხოვრობდა.
- თვითონ ეს აყვანის პროცედურაა რთული, ჩემო კარგო. - მაკამ თავი გააქნია. - ჯერ იმხელა რიგია. წლობით ისე დგანან და ელიან, რომ შეიძლება, არც დაიჯერო.
- და ამიტომაც დაარეკინეს, არა ალბათ მინისტრს, რომ დააჩქარეთო? - ჩაეცინა დინას.
- აბა, თითქოს, ზედმეტი ჩვილი იყო და არ ვიცოდი სად წამეღო. - მაკასაც გულიანად გაეცინა. - და ასეა, მართლა. ჯერ უზარმაზარი რიგები, მერე კიდევ, ეს უამრავი საბუთები, დაუსრულებელი ბიუროკრატიზმი. ამასობაში კი, წლები გადის და ისედაც, დიდი ხნის შვილ დანატრებულ ხალხს, უკვე ლამის, მოხუცებულობის ასაკში უწევთ ბავშვის აყვანა.
- მდაა, სამწუხაროა.
- და მერე, რამდენი გოგო ტოვებს ბავშვს? - დანანებით გააქნია თავი მაკამ.
- და მაინც, ამხელა რიგებია?
- ბიუროკრატიზმი, ჩემო დინა, ბიუროკრატიზმი!
- რა საშინელებაა, რაა.
- თუმცა ზოგჯერ, ჩუმად მოლაპარაკებაც ხდება. დედა ფულს ითხოვს ხოლმე, ბავშვის გაშვილებაში. არადა, სამშობიაროდან გაწერისთანავე, მაინც მიაგდებს ბავშვთა სახლში, მაგრამ რადგან აგერ, ფულის გაკეთების შანსიც ეძლევა, მაშინ, რატომაც არა?
- ეს მშვენიერია! - დინა გაჩუმდა. მიხვდა, ზედმეტი აღფრთოვანება მოუვიდა. - თუმცა, დედა რომ ბავშვს ჰყიდის...- არ გაყიდის და მაინც მიაგდებს! ხომ აგიხსენი ახლა?
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ეს გოგო იყიდის და აი, ის ოჯახი კი, მზად არის გადაუხადოს იმ ქალს, ზოგჯერ ლამის იმაზე მეტიც კი, ვიდრე ითხოვს, მაგრამ ეს კანონით იკრძალება და ამიტომაც ყველაფერი და ყველა ეს გარიგება, ჩუმად კეთდება. სრულიად საიდუმლოდ.
- და რატომ იკრძალება? იმათ უნდათ შვილი, ამას არ უნდა! - შუბლი შეკრა დინამ.
- ბავშვის გაყიდვა, ფულის აღება იკრძალება და შენ წარმოიდგინე, საციხო საქმეა და ამ დროს, ვიღაც მინისტრი რეკავს, იგივე ამბავზე! ჰმ, სასწაული, თუ გინდა! - მაკამ სიგარეტი ჩააქრო და დინას მიაჩერდა.
- მაშინ, ბავშვთა სახლიდან აიყვანონ, კანონიერად და უფულოდ! რაღას რეკავდნენ?!
„ღმერთო ჩემო, რა კრეტინია ეს გოგო.“
მაკამ ამოიხვნეშა.
- აბა წეღან, რაზე ვსაუბრობდი? სანამ ბიუროკრატიულად მოგვარდება, ეს ეგრეთ წოდებული, ვითომ კანონიერი საქმე და ვითომ კანონიერი აბა, რატომ ვთქვი? მშვილებელი, მაინც ფულს იხდის ყველა საბუთში, რომელიც უამრავია და არც იმდენად იაფი უჯდება და ამასობაში, რა ხდება? - მაკა წამით შეყოვნდა. - გადის ერთი თვე, ზოგჯერ, ორიც, სამიც და უფრო მეტიც! არადა, ჩვილის აყვანა უნდა წყვილს, რომელსაც არაფერი აკლია, ცივ ნიავს არ მიაკარებს ბავშვს, მაგრამ მერე რა ხდება? იმ ყველა საბუთს რომ ხელში დაიჭერენ და შვილად აყვანის, ყველა პროცედურასაც გაივლიან, აი მერე კი ცალკე, თავიდან უწევთ რიგში დგომა!
- და მერე, რაღაზე უწევთ? - გაიკვირვა დინამ.
- ჰმ. - ღიმილით გააქნია თავი მაკამ. - ოჯახს, ახალშობილი თუ უნდა, მართლა ასე კი არ ყრია ეს ჩვილები, რომ მიხვიდე და წამოიყვანო?!
- ნუ, ეგ ჰო.
- და ელიან როდის, სად და ვინ იმშობიარებს და ვინ ყიდის ან ისე ტოვებს ჩვილს. მერე კი ცალკე, ჩუმად დედის ნახვაც უნდათ, რომ როგორი შვილი გაეზრდებათ და თან, უამრავი წვრილმანი პრეტენზიებიც უნდა გაიარონ, ჩაუკვირდნენ, იმსჯელონ და ბოლოს დაბოლოს გადაწყვიტონ და ამაშიც, არანაკლები დრო გადის.
- მდაა.
- ისე, ბავშვთა სახლებიდანაც აჰყავთ ხოლმე, ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვები. თუმცა, ბევრს მაინც, ჩვილი ურჩევნია. თვითონვე უნდა რომ გაზარდოს. თოთოს ესიყვარულოს, პირველი კიჭი, აღუს ღიღინი! უჰ, უამრავი რამ არის!
- ისე მართლა სჯობს, რომ პირველივე დღეებიდანვე გაშვილდეს ბავშვი. - დაასკვნა დინამ.
- ჰო, მაგრამ აბა ჩვენ, ვინ გვეკითხება? - ამოიხვნეშა მაკამ. - მარლაც საციხო საქმეა, სხვის პირად ამბავში ჩარევა, რადგან იმის გარდა, რომ ეს შვილად აყვანის პროცესი, კონფედენციალურად უნდა მოხდეს, კიდევ სხვა ბევრი სიფრთხილის გამოჩენაც არის აუცილებლად საჭირო. - მაკამ კონიაკი მოწრუპა და განაგრძო. - ბიოლოგიური დედა, ფულს რომ ჩაიჯიბავს და ხელს მოითბობს, რაღაც პერიოდი ბედნიერია, მაგრამ მერე ფული რომ შემოელევა, აი სწორედ მაშინ ახსენდება თურმე, რომ შვილი გააჩინა და წარბსაც არ შეირხევს, ისე მიადგება იმ ოჯახს, ვისაც უკვე ამხელა ამაგი აქვს გაწეული მის გაჩენილ და გაყიდულ შვილზე და უკანვე მოითხოვს ბავშვს! არადა ხშირ შემთხვევაში, განა მართლა შვილი უნდა.
- რა უბედურებაა! - აღმოხდა დინას. - აბა, რა უნდა?
- რა უნდა და ფული! ისევ და ისევ ფული!
- ჰმ! - თავი გააქნია დინამ. - უსინდისო.
- სინდისი რომ ჰქონოდა, არც გადიდდა გაჩენისთანავე და აი ამიტომაც, ხშირად არ უნდათ ხოლმე იმ მშვილებელ ხალხს, ბავშვის აყვანის პროცესში გამოჩენა, რადგან მერე ეს ვითომ შვილს მონატრებული დედა, სისტემატიურად იწყებს ფულის გამოძალვას!
- რა საშინელებაა?!
- ეს ხალხიც უკვე მიჩვეულია და სიგიჟემდე უყვართ ეს ბავშვი, ამხელა ამაგი, ამხელა ფული დაახარჯეს და რატომ დაუთმონ უკან?
- რა თქმა უნდა!
- და კიდევ და კიდევ დაუსრულებლად უწევთ ფულის გადახდა რომ მოიშორონ ის აბეზარი ქალი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ წყნარდება.
- და აღარ მიცენ, მერე ეს ამდენი ფული! - კოპები შეკრა დინამ. - ისედაც, თუ უკვე ამდენი გადაუხადეს და კანონით ხომ უკვე ამათია ბავშვი, ვეღარც წაართმევს!
- კი, რა თქმა უნდა! - თავი დაუქნია მაკამ. - კანონი, ამათ მხარეზეა, რადგან ბავშვი, ოფიციალურად არის ნაშვილები, მაგრამ ის ქალი, რადგან ვეღარ იღებს უკვე ამათგან ფულს, ახლა უკვე მორიგ შანტაჟზე გადადის.
- უნდა გაჩეჩო, ერთი მაგრად! - ნერვები მოეშალა დინას.
- ახლა უყურე, როგორი ამბავია. - განაგრძო მაკამ. - ბავშვი იზრდება ფუფუნებაში, სითბოსა და სიყვარულს არ აკლებენ და მოდის ვიღაც მოუვლელი, დაუბანელი და გაწეწილი ქალი და ეუბნება, დედაშენი ვარო!
- რა საშინელებაა! - აღმოხდა დინას.
- და  ამ დროს, რა ხდება? ყველა ვარიანტში ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა! და ვისაც დედად იცნობს და ვისგანაც სიყვარული აქვს, ის ქალი გამოვა და რა თქმა უნდა, ახლოსაც არ აკარებს ბავშვს, ვიღაც უცხო ქალს, რომელიც  ბოლო ხმაზე გაიძახის და გაჰკივის, დედაშენი ვარო.
- ვაიმე, საწყალი ბავშვი, ამას რომ უყურებს.
- აბაა და ამ ყველაფერს ბავშვი, რომ უყურებს იბნევა და ვერ გაურკვევია, რა უნდა იმ ქალს და რატომ არის ის ვიღაც უცხო ქალი, უნამუსო? - მაკამ ამოხვნეშა. - უჰ დილამდე რომ ვისაუბრო მაინც ვერ დავამთავრებ, იმდენი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო.
- მართლა რა საინტერესოა ცხოვრება, მეგონა მიაშვილებდა და მორჩა!
- ჰმ, ხედავ, თურმე რა ხდება? - ჩაეცინა მაკას.
- ამიტომაც უმალავენ ხოლმე ბავშვებსაც, რომ ნაშვილებია.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა მაკა. - ეს ყველაზე მეტად მოქმედებს, ბავშვის ფსიქიკაზე.
- ჰო, თუ გააშვილე, მორჩა უკვე ნუღარ ეძებ! ფული ხომ კარგად აიღე!
- და ყველაზე რთული კი, ის მომენტია, როცა უკვე გაზრდილი, ზრდასრული შვილის ძებნას იწყებს, ბიოლოგიური დედა, რადგან ამით, მთელი ამაგი წყალში ეყრებათ იმ გამზრდელ მშობლებს.
- და რას ქვია, წყალში ეყრებათ? - მხრები აიჩეჩა დინამ. - განა იმ ადამიანს არ ახსოვს, ვინ ზრდიდა და თან, როგორ კარგად?
- როგორ არ ახსოვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მაინც ბიოლოგიური დედა არჩიოს.
- და როგორ უნდა აიყვანო ბავშვი ისე, რომ მერე ვეღარც მიაგნოს, იმ უსინდისო ქალმა და ბავშვი, უკან არ მოითხოვოს? - თავი გააქნია დინამ. - ალბათ, სხვა ქალაქში, ან სულაც სხვა ქვეყანაში უნდა გადასახლდეს.
- ნუ, თუ ცოტა ჭკუას მოუხმობ, უფრო მარტივადაც შეიძლება ამის მოგვარება. - მაკას ცბიერად გაეღიმა.
- მართლა? - წარბები აზიდა დინამ.
- რა თქმა უნდა! - მაკას სახეს, ღიმილი არ შორდებოდა. გრძნობდა, რომ ახლოს იყო უკვე მიზანთან. ეს ბრიყვი გოგონა, მთლიანად მის გავლენის ქვეშ ექცეოდა.
დინა კი, თვალებდაჭყეტილი შესციცინებდა მაკას და ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა. ყოველი სიტყვა, კარგად გაეაზრებინა და დაემახსოვრებინა.
- უბრალოდ, მშვილებელი და ის ტუტუცი გამშვილებელი დედა, ერთმანეთს არ უნდა შევახვედროთ. - მშვიდი ხმით განაგრძო მაკამ. - და ხანდახან, მეც კი მიწევს ხოლმე, ამაში ჩარევა, თუმცა მსუბუქად, მაგრამ მაინც.
- ესე იგი, დღეს რომ... - როგორც იქნა, დინა მიხვდა.
- ჰოდა ეს გასამრჯელოც, სწორედაც რომ იმ ხალხისგან მოდის, ჩემო კარგო.
- და ჩანთა? - დინამ გაკვირვებისგან წარბები აზიდა. - ჩანთაშიც?..
- ჩანთაშიც. - დაბალ ხმაზე მიუგო მაკამ. - და საერთოდ, რომ იცოდე, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ამიტომაც არ ჩაგაყენე საქმის კურსში, თუმცა გასამრჯელო, მართლაც პატიოსნად გეკუთვნოდა.
- და ჩანთაში, არ გაიგუდება?
- არა, გოგონი, არა. - გაეღიმა მაკას. - ეს გარედან არის ჩანთა, თორემ... ნუ კარგი არ გვინდა ამდენი დაკონკრეტება, ხომ იცი? დღეს კედლებსაც კი ყურები აქვთ.
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და საერთოდ. - მაკა დინასკენ გადმოიხარა და თვალებში მკაცრად ჩახედა. - თუ გინდა, რომ ისევ იმ წუმპეში არ დაბრუნდე, მიერთგულე და კრინტი არ დასძრა!
- ჰო. - ცოტა შეშფოთებული ხმით მიუგო დინამ.
- იმასთანაც კი არ ამოიღო ხმა. - კვლავ განაგრძო მაკამ. - ვინც ვითომდა შეგიამხანაგდება და სრულიად შესაძლებელია, რომ თვითონაც იყოს, ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ მაინც შემოგზავნილი შპიონი.
- ხმა არ ამომიღია და არც ახლა ვაპირებ! - შემართებით მიუგო დინამ. - და არც იმ წუმპეში მინდა დაბრუნება!
- ძალიან კარგი. - გაიბადრა მაკა. - იცი, ზოგჯერ პირდაპირ სამშობიაროს კედლებშივე ხდება გაშვილება. იყო ხოლმე ასეთი შემთხვევაც, როცა ძლივს იმშობიარა ქალმა და მისთვის, საშვილოსნოს ამოღებაც გახდა აუცილებელი და სასწრაფო, სამწუხაროდ ვერც ბავშვი გადარჩა და სანამ გაეწერებოდა, სწორედ იმ პერიოდში დატოვა ქალმა ბავშვი და მეორე სართულის ფანჯრიდან გადაძვრა და ისე გაიპარა, რომ კვალიც არ დატოვა.
- ვაიმე. - მხრები აიჩეჩა დინამ.
- ჰო, თავიდანვე უსაბუთოდ შემოვიდა, ლამის ვესტიბიულში იმშობიარა და მოიტანენ ჩემები ყველაფერსო ორი დღე იძახა და მესამე დღეს გაიპარა. სახელი და გვარიც, ტყუილი სახელი და გვარი ჩააწერინა რეგისტრატორს, რადგან ვერც მერე მიაგნეს, სამშობიარო თანხა ჰქონდა გადასახდელი.
- და მაგის ბავშვი? იმ ქალმა აიყვანა?
- რა თქმა უნდა!  - კვერი დაუკრა მაკამ. - თან, პალატაშიც ერთად იყვნენ, ამან დატოვა, იმან წაიყვანა. რა იყო ამაში ცუდი?
- რას ამბობთ?! - შეიცხადა დინამ. - არც არაფერი!
- აი, ასეთი მსგავსი ამბებიც ხდება ხოლმე ხანდახან და მერე, იმ უნამუსო ქალს, რომ არ დაეწყო შვილის ძებნა, ვინც აიყვანა, მაშინვე შვილად გაიფორმა და აწი ვეღარც ვერავინ შეედავებოდა, რადგან ფაქტი იყო, ქალი ორსულად იყო და იმშობიარა კიდევაც, ამისი ყველა საბუთი ჰქონდა.
- რა კარგია! - გაიბადრა დინა.
- აბა? არ სჯობდა მასე დავხმარებოდი? - ეღიმებოდა მაკას. - ვიდრე, ჯერ ის ჩვილი უნდა გადაგვეგზავნა ბავშვთა სახლში და მერე კიდევ საბუთების შეგროვება, მერე ვიღაც მაინც წამოაძახებდა ბავშვს აყვანილი ხარო და ასე კი, ვერც ვერავინ იეჭვებდა.
დინა აიწურა, უხერხულად შეიშმუშნა.
- რა იყო? - ჩაეკითხა დინა.
- ერთხელ, მეც წამოვაძახე, ბავშვი ვიყავი და ყოველთვის მშურდა მისი. - დინა სახეზე წამოჭარხლდა.
- წამოძახება, არ არის კარგი, მაგრამ რას იზამ? შენ, შენი გაჭირვება გქონდა, ხედავდი როგორ ფუფუნებაში იზრდებოდა ის ერთადერთი და შენ კი ლუკმაც გენატრებოდა და ამ შემთხვევაში, არავის აქვს უფლება, რომ შენი იმ დროინდელი საქციელი განსაჯოს.
მაკას სიტყვებზე დინას ცოტა გულზე მოეშვა და მადლიერად შეავლო თვალი მაკას. მერე საათს დახედა, საკმაო დრო გასულიყო.
- მართლაც გვიანი უკვე. - მიუხვდა მაკაც. - ტაქსით გაგიშვებ.
- იყოს, მივალ ჩემით.
- რატომ უნდა დაიხარჯო, ზედმეტად? ახალგაზრდა გოგო ხარ, ქირით ცხოვრობ, ფულს ზედმეტად ნუ გაფანტავ. - მაკამ ხელჩანთა გახსნა და საკმაოდ დიდი კუპიურა გაუწოდა დინას. - ეს ბურგერების საზღაურია და უარი არ მითხრა, მეწყინება.
- არა, არა! - დინა მაინც უარზე დადგა. - კუსუ მე დავპატიჟე, განა თვითონ მთხოვა?
- სხვა დროს, კიდევ დაპატიჟე ხოლმე, არ ინერვიულო, მე ჩუმად დაგაფინანსებ. - მაკამ ხმას დაუწია. - მინდა გენდოს, როგორც უფროს მეგობარს, ბიჭია მაინც და არ მინდა შარში გახვიონ, გესმის რას ვგულისხმობ?
- და კუსუ, მე მომიყვება, ვითომ? - ჩაეღიმა დინას.
- არ მოგიყვება, მაგრამ რამეს მაინც გკითხავს, შორიდან შემოვლით, შენ კი ჭკვიანი გოგო ხარ და მშვენივრად მიუხვდები, თუ რამე აწუხებს ბიჭს და მერე, ერთად ჩუმად დავეხმაროთ.
დინა ფრთებშესხმული მიდიოდა სახლში. თან უამრავი საჩუქარი მიჰქონდა მაკასგან და ცალკე კარგადაც დააფინანსა. ახლა უკვე ყველაფერი იცოდა და ბედნიერი იყო, მაკა ასე რომ ენდობოდა საქმეში და საკუთარ შვილსაც კი ანდობდა.
თუმცა იყო კი, საკუთარი?
LEX. 2021 წლის 8 აგვისტო კვირა.

No comments:

Post a Comment