Sunday, May 8, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 18)

18. 
- თავისუფალი დრო, როდის გაქვს? 
- როცა მეტყვით მაკა ექიმო, მაშინვე გავითავისუფლებ თავს! - მკვირცხლად მიუგო დინამ. 
- არა დინა, არა! - თავი გააქნია მაკამ. - სულაც არ მინდა სამსახური, ასე ხშირად რომ აცდინო. მე ის მაინტერესებს, რომელ დღეს არ მუშაობ? 
- მთელი დღე გვჭირდება? 
- ჰმ. როგორ სწრაფად უღებ ალღოს ყველაფერს. - გაეღიმა მაკას. - დიახაც რომ გვჭირდება და არა მარტო მე მჭირდება. 
- ხვალ დილით ვამთავრებ მორიგეობას. მერე მთელი დღე, თავისუფალი ვიქნები. ზეგ კი, შუადღიდან ვარ საღამომდე. 
- მაშინ ხვალ, მორიგეობის მერე, შუადღემდე ცოტასაც რომ გამოიძინებ, ჩემთან შემოიხედე, სახლში ვიქნები. - უთხრა თუ არა მაკამ, მაშინვე ზურგი აქცია და თავისი კაბინეტისკენ წავიდა. სულაც არ უნდოდა სამშობიაროს კედლებში, ზედმეტად შესამჩნევი ყოფილიყო მათი „ახლობლობა.“ 
დინამ დერეფნის ბოლომდე გააყოლა თვალი, ამაყად მიმავალ მაკა ექიმს. ბედნიერი იყო, რომ განგებამ, ასეთ კარგ ხელში ჩააგდო და ისევ იმ წუმპეში არ მოუხდა ცხოვრების გაგრძელება და არასდროს, არასდროს ეტყოდა დახმარებაზე უარს ასეთ ქალს. ამიტომაც მეორე დღესვე, დათქმულ დროს დაერჭო მაკასთან და საკმაოდ უცნაური დავალებაც მიიღო. 
- პატარა ბავშვისთვის, ასე ორი-სამი წლის ბიჭისთვის მინდა შეიძინო ქურთუკი, ფეხსაცმელები, შარვალი, ქუდი, სვიტერი და თითო ხელი საცვლები. - უთხრა მაკამ და გემრიელად ჩაშუშული ქათმის კერძი ჩადგა მაგიდაზე. - მოკლედ თავიდან ბოლომდე სუფთა, სადა შესამოსელი და რაც შეიძლება იაფიანი. ზედმეტის გადაყრა არც არის საჭირო. 
დინამ გაკვირვებული სახით შეხედა, მაგრამ არაფერი ჰკითხა, რადგან ახლა მისი ყურადღება, სულ სხვა რამისკენ იყო მიპყრობილი. იქვე მაგიდაზე ჩადგმული, ახალ მომზადებული კერძის სასიამოვნო სურნელი, ცხვირში უღიტინებდა და ერთი სული ჰქონდა, სანამ გადმოიღებდა. 
- და ჭამე ეხლა, თორემ ამოხტება ბარკალი და თვითონ შეგჭამს! - სიცილით მიუგო მაკამ გაშეშებულ დინას. 
დინასაც გაეცინა, კერძი თავის კუთვნილ თეფშზე გადმოიღო და მადიანადაც მოილხინა. 
ეს რა საოცარი ქალი ყოფილაო, ფიქრობდა დინა გულში. მიუხედავად იმისა, რომ ლამის, მეხუთე წელია, უკვე ასე ახლოს იცნობდა, მაინც ჯერ კიდევ აკვირვებდა მაკა ექიმი, ასე ყველაფრის საგულდაგულო ცოდნითა და ნიჭით. საუკეთესო ნიჭიერ და გამჭრიახ ექიმთან ერთად, თურმე შესანიშნავი მზარეულიც კი აღმოჩნდა. 
- უნდა მოგებარო დამხმარე კულინარად. - აღფრთოვანებული ხმით უთხრა დინამ. 
- მერე? გასწავლი, რა პრობლემაა? - გაეცინა მაკას. 
- აბა, ჩვენს სახლში, სურსათიც კი არ იყო წესიერად, გემრიელი კერძი რომ მომემზადებინა. 
- მე კი, ბებიაჩემი მასწავლიდა! ჩვენს სახლში სულ რია-რია იყო. უამრავი სტუმარი ირეოდა. სულ სამზარეულოში ვტრიალებდით მე, დედა და ბებია. 
- ალბათ, ცნობილი და შეძლებული ოჯახი იყავით და მაგიტომ. - დაასკვნა დინამ. 
- არც ერთი და არც მეორე! - გაუღიმა მაკამ. - ერთი ჩვეულებრივი და არც არავისგან ზედმეტად განსხვავებული და გამორჩეული ოჯახი მქონდა, მაგრამ როცა, თუნდაც ძალიან ახლობლები, შემოვუსხდებოდით ხოლმე სუფრას, მაინც ძალიან ბევრნი გამოვდიოდით. 
- თქვენც ჩემსავით, ბევრი და-ძმა გყავთ? - გაიკვირვა დინამ. 
- სულაც არა! დედისერთა ვარ! ყველაზე უმცროსი ქალიშვილის, ასე ვთქვათ სიბერის შვილი. - გაიკრიჭა მაკა. - აი დედაჩემს, კი ჰყავდა, მასზე ბევრად უფროსი სამი ძმა და ორი და. არც მამაჩემი იყო ნაკლები, რომელსაც ოთხი დაიკო და ორი ძამიკო ჰყავდა. და ახლა წარმოიდგინე, ეს ამდენი და-ძმები თავიანთი მეუღლეებითა და შვილებით რომ გესტუმრებოდნენ ერთ ჩვეულებრივ სადილზე, რომელიც სულ დიდ სუფრად იშლებოდა. თანაც დედაჩემს, უკვე წამოზრდილი ძმის შვილები და დის შვილებიც, თუ თავიანთი ცოლებითა და ქმრებით დაემატებოდნენ, მაშინ სუფრა იშლებოდა იმხელა, რომ ქორწილი გეგონებოდა და იყო ერთი გნიასი! 
- ჰმ. - თავი გააქნია დინამ. - უცებ წარმოვიდგინე, ჩემი და-ძმა, რომ ერთდროულად დამადგეს თავს... 
- არ გირჩევ. - დაბალი ხმით მიუგო მაკამ და მერე, უფრო დაბალ ხმაზე დასძინა. - ჯერ, ნურავის ეტყვი შენს მისამართს. ნურავის შემოუშვებ სახლში, თორემ მერე, აღარასდროს წავა და შენც ვერ ეტყვიო, წადიო. იმ ერთს კი, სულ მოკლე ხანში, მეორეც აუცილებლად მოჰყვება და რა გამოვა? გინდა ისევ იმ პირობებში დაბრუნდე? 
- არა, რას ამბობთ?! - შეიხადა დინამ. 
- იმას ვამბობ, რომ ერთი ღამით, ვინმეს შემოშვებამ, შეიძლება მომავალში, ზარალში ჩაგაგდოს და იმ ზარალში, რომელსაც ბონუსები ჰქვია. გამიგე, გოგონი? 
დინა თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა. ცხადი იყო, დიდად ვერაფერი გაეგო. მართლა ერთი ღამე თუ გავათევინე ჩემს დას ან ძმას, ამით რა ბონუსები უნდა დავკარგოო, ფიქრობდა, მაგრამ მაკა მართალი იყო, ერთ დას მეორე ძმა მოსდევდა, მეორეს კი, მესამე და მერე მართლა აივსებოდა მისი სახლი და იმათ, რა შემოსავალი ეყოფოდა? 
მაკას კიდევ, სულ სხვა გათვლები ჰქონდა. სულაც არ უნდოდა დინასთან, ასეთი რია-რია და ვინმეს ზედმეტად ცხვირის ჩაყოფა, რადგან ეს ბინა, თავისი მაცხოვრებლით, ისევ ისევე სჭირდებოდა, როგორც ის აგარაკი. 
- ბოლოს და ბოლოს, ხომ გინდა, რომ შენი საკუთარი სახლი გქონდეს და ასე, სხვის ბინაში არ ცხოვრობდე? - მაკა ახლა, სხვა კუთხიდან მიუდგა. 
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და ამას, იმ ექთნის ხელფასით, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწევ, ესეც ხომ კარგად იცი, არა? 
- რა თქმა უნდა! - თავი დაუქნია დინამ. 
- ამიტომ რაც შეიძლება, შორს უნდა დავიჭიროთ თავი, ახლობლებისგან და არაფრის მომტანი ნათესავებისგან, სანამ მართლა, წესიერად ფეხზე არ დადგები და წელში, ბოლომდე არ გაიმართები! 
- გასაგებია! 
- ჰოდა, რადგან ახლიდან დაიწყე ცხოვრება, კერძების მომზადებაც შეგიძლია შეისწავლო. ხან გამოგივა, ხან არა, მაგრამ მერე, თანდათან აუღებ ალღოს! შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ხომ ხედავ, არა? შეუძლებელი შესძელი და მაინც, არაფერი აღმოჩნდა შეუძლებელი. აბა, წარმოიდგენდი, იმ დღეს პირველად რომ გნახე, იმ დროს იფიქრებდი იმას, რაც ახლა გაქვს? 
- შორეულ ოცნებაშიც კი ვერ გავივლებდი. 
- და ხომ მიაღწიე? 
- თქვენი წყალობით. 
- ჩემი ხელის წაკვრით, ცოტა თვალები უფრო ფართოდ გაგახელინე და გაჩვენე, რომ არამარტო კუჭის ამოვსებაა ცხოვრება! აი, სულ ეს იყო! დანარჩენს, შენ თვითონაც მშვენივრად მიხედე, რადგან ჭკუა გეყო და დაუჯერე შენზე ბევრად წარმატებულ ქალს! 
- მართლაც რომ არ დამეჯერებინა, ახლა ისევ იქ ვიქნებოდი, სადაც ხუთი წლის წინ და იმავე ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. 
- მშვენივრად აზროვნებს ეს გოგო და რა ვქნა? - ეცინებოდა მაკას. - ბარემ, ბოლომდე შეჭამე ეგ ნამცხვარი, თორემ არ გასწავლი მაგის გამოცხობას. 
- უკვე მესამე ნაჭერია. - გაიკრიჭა დინა. - ძალიან გემრიელია. მაინც, რამდენ რამეს ასწრებთ, მაკა ექიმო.
- აბა, შვილიც თუ გინდა და კარიერაც, მაშინ უნდა იშრომო და იღვაწო! - მიუგო მაკამ. - და ისე, ეს დღეები, შენ მოგიწევს ახლა გარჯა და ხომ იცი? შენი იმედი მაქვს. - თბილად გაუღიმა მაკამ. 
- და რა უნდა გავაკეთო? 
- ჯერ ის, ბავშვის ტანსაცმელები შეიძინე. - მიუგო მაკამ. - ვიცი, არ გაგიჭირდება თვალზომით შერჩევა. თანაც, ვინც არ უნდა შეგხვდეს, ადვილად დაიძვრენ თავს, ძმიშვილისთვის არჩევ და მორჩა! 
- რა პრობლემაა? ან ვისი რა საქმეა, თუ ვისთვის ვყიდულობ? 
- მაინც სასურველია ხაზი გაუსვა ამას, ნუ თუ თავად გკითხეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში. 
- კარგი. 
- მერე გაივლი იმ ჩვენს სალონში, იციან რაც უნდა გამოგატანონ. ზედმეტი კითხვების გარეშე წამოიღებ და წამოხვალ სახლში. თუმცა შემიძლია, მეც კი გითხრა რასაც გამოგატანენ. პარიკი, დიდი სათვალე და რაღაც მანტოსავით უნდა იყოს, ის რაც უნდა ჩაიცვა მერე, მხოლოდ გზაში და არა სახლშივე და სალონის მერე, მთელი საღამო თავისუფალი ხარ, დილამდე! 
- კარგი.
- ჰო, იმ ბავშვის ჩასაცმელებს, შენთან შეინახავ. ჯერ, არ დაგვჭირდება. უთენია კი, ჩვენი ტაქსი მოგაკითხავს. იცის თვითონ, სადაც უნდა წაგიყვანოს და გზაში კი, იმ სალონიდან წამოღებულ რამეებს ჩაიცვამ. როგორც ვიცით ხოლმე.
- და სახლიდან რომ მასე ჩაცმული გავიდე? - გულუბრყვილოდ იკითხა დინამ.
- არა, გოგო! - შეიცხადა მაკამ. - ნუთუ ამდენ ხანს ვერ ხვდებოდი, ასე რატომ უნდა შეინიღბო?
- კი, კი, უბრალოდ ვიფიქრე, რომ...
- შენ რომ იფიქრე, სხვებმაც ვიფიქრეთ! - უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ. - მოკლედ, როგორც გითხარი, ისე უნდა მოიქცე და თუ ყველაფერი ისე  გამოვა, როგორც ჩვენ გვაწყობს, მსუყედაც დასაჩუქრდები!
- შესრულებული იქნება! - თავი დაუკრა დინამ და კარისკენ წავიდა. 
- დაიცა, ფულს დაგიმატებ და რამე ტკბილეული და პატარა რაღაც სათამაშოც უყიდე ბავშვს. - მაკამ საფულე გახსნა. - ასეა საჭირო. 
დინამ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა და ახლა ტაქსის მოლოდინში, თავის ბინაში ელოდნენ მძღოლს.
- ყველაფერი, ზუსტად ისე გააკეთე, როგორც აგიხსენი. - კვლავ მოძღვრავდა მაკა. - იმ ქალმა, ფული კარგად გადათვალოს და შენ დაელოდე, ჯერ არ წამოხვიდე, სანამ არ დაკმაყოფილდება. 
დინამ უხმოდ დაუქნია თავი. 
- ეს მანქანა უყიდე ბავშვს? - მაკამ პატარა წითელი პრიალა მანქანა, ხელში შეათამაშა. 
- აბა თოჯინას, ხომ არ ვუყიდიდი ბიჭს? 
- კარგია მერე, მშვენიერია! - შეუქო მაკამ. - თან ლამაზია და თან, არც დიდი ზომის. ნამდვილად არ გვაწყობდა ახლა, ეს დიდი ბუშტები და დიდი სათამაშოები. ზედმეტი შემჩნევა კი არა, ახლა პირიქით, ზედმეტი სიფრთხილე გვმართებს. 
დინამ კვლავ უხმოდ დაუქნია თავი. 
მალე ნაცნობი ტაქსიც მოვიდა. მაკამ დინას გზა დაულოცა და თავის ბინას მიაშურა. მერე კმაყოფილი სახით მოემზადა სამსახურში წასასვლელად. მშვენიერი, მშვიდი სამუშაო დღე ჰქონდა და დინამაც, თავისი დავალება, პირნათლად შეასრულა. საღამოს კი, შინ დაბრუნებულ მაკას, სახლში სრული სიჩუმე დაუხვდა.
როგორც ჩანდა, კუსუ ოთახიდან არც გამოსულა, არც უსადილია და არც თავისი საყვარელი ნამცხვარი არ დაუგემოვნებია. 
მაკამ ფრთხილად შეიხედა ბავშვის ოთახში. კუსუს ყურსასმენები მოერგო და კომპიუტერთან თამაშით ირთობდა თავს. 
დედა მიალერსა, შვილმა თითქოს ცივად გამოხედა. მაკა მაშინვე მიხვდა, ბავშვი აშკარად არ იყო ხასიათზე. ნელი მოძრაობით ყურსასმენები მოხსნა და რაც შეიძლებოდა თბილი ხმით მიმართა: 
- არ შეჭამე, შენი უსაყვარლესი ნამცხვარი? შენთვის გავაკეთე, ვიცი რომ გიყვარს ჩემი ნახელავი, მე კი იშვიათად მცალია. - მაკამ თმების ნაზად შეუსწორა.
ბიჭმა თავი გააქნია და ახლაც ვერ დაფარა, რაღაცაზე ჩანდა ნაწყენი, მაგრამ რატომ? 
- მომისმინე დეე. - ალერსიანი ხმით მიმართა მაკამ. - ვინმემ თუ გაწყენინა, შეგიძლია მენდო, გამიმხილო და ისე მოვაგვაროთ... 
- და დედიკოს ენა მივუტანო, მაწყენინესო? - შეუბღვირა ბიჭმა. 
- კარგი, როგორც გინდა! - მიუგო მაკამ. - ნურაფერს მეტყვი, ისედაც სახეზე გაწერია ყველაფერი.
- რა? რა მაწერია? 
- აშკარად ცუდად ხარ და მიმამალავ, არ მეუბნები! იქნებ, მართლა შემიძლია შენი დახმარება? დედა ვარ თუ მტერი?! 
ბიჭმა უხმოდ გააქნია თავი. მაკა მაინც არ მოეშვა.
- მგონი, ჩემი ბიჭი შეყვარებულიააა! - თუმცა მშვენივრადაც ხვდებოდა, რომ ასე არ იყო, ბიჭი აშკარად გაბრაზებული ჩანდა და არც ნაჩხუბარს ჰგავდა. 
- რა შეყვარებული?! - თითქოს ზიზღითაც დაბრიცა ტუჩი ბიჭმა. 
- და აბა, მაშინ რა ხდება?! - შეუტია მაკამ. - არ გავალ აქედან, სანამ არ მეტყვი, თორემ გამისკდება ეს გული!
ბიჭმა დედას თვალი შეავლო. 
- სკოლაში რაღაც მოხდა და მიმალავ! რაღაც გითხრეს და... 
- არაფერი ისეთი. - შეიშმუშნა ბავშვი. 
- კარგი დეე. - მოეხვია მაკა. - ჩემი ერთადერთი, ჩემი პირმშო, რომ თავს ცუდად გრძნობს, მეც გული მიკვდება. 
ბიჭმა არაფერი უპასუხა. თუმცა, შუბლი მაინც არ გაუხსნია. 
- ადექი ახლა, წამოდი ერთად ვივახშმოთ! - მაკამ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა. - ადე! ადე! მხოლოდ შენი გულისთვის ვაკეთებ აქ სადილს! დესერტიც კი მოგიმზადე, რომ ჩემმა სკოლიდან დაბრუნებულმა შვილმა, გემრიელად მიირთვას და შენ კი? წიხლი მიკარი ჩემს ნაწვალებ კერძზე? და თანაც იმაზე, რაც ასე ძალიან გიყვარს? 
- შევჭამ ცოტას. - წაიბურტყუნა ბიჭმა. - შენც თუ შეჭამ. 
- ჰოდა, ადე! წამოდი. 
მაკამ ბავშვი თან გაიყოლა და სამზარეულოში გავიდნენ. შუა ვახშმის დროს, უცებ ბიჭმა, მოულოდნელად ისეთი რამ ჰკითხა დედას, რომ მაკას კინაღამ, ლუკმა გადასცდა, მაგრამ მაშინვე შეიკავა თავი. 
- დეე, შენზე თქვეს, რომ ბავშვებს ყიდისო... 
- ჰმ. - მაკამ თავი მოთოკა, თუმცა მეტი ვერაფერი უპასუხა. 
- მართალია? - კვლავ ჩაეკითხა ბიჭი. 
- შენ, როგორ ფიქრობ? 
კუსუმ მხრები აიჩეჩა. 
- რა იყო? - კვლავ ჩაეკითხა მაკა. - ბაზარში ვმუშაობ, თუ მაღაზიაში? წონით ვატან ბავშვებს?
ბიჭმა კვლავ მხრები აიჩეჩა. 
- ვიცი ეგ ჭორები საიდანაც მოდის, მაგრამ ნურავინ ნურაფერს დამაბრალებს! 
- ესე იგი, ტყუილი ყოფილა, ხომ? - ბიჭს თვალები გაუბრწყინდა. 
- აბა, არა?!
ბიჭს აშკარად გულზე მოეშვა. 
- რადგან სამშობიაროს მთავარი ექიმი ვარ, ამიტომ ჰგონიათ რომ ყველაფერი ვიცი, ვინ რა ჩაიდინა და ყველაფერში ვარ გარეული. სანიტარმაც რომ ცუდად მოწმინდოს ოთახი, სადღაც ესეც ჩემი ბრალი გამოდის, რომ სათანადოდ არ მყავდა წესრიგში. 
- კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე. - კუსუმ ნამცხვრის დიდი ნაჭერი გადმოიღო. 
- შენ წარმოიდგინე, რომ ზუსტადაც გვინდა, რადგან არაერთხელ მოხვალ კიდევ მასე გულ გასიებული და ბღვერას დამიწყებ, იმის გამო, რაც არ ჩამიდენია! 
- კარგი, დეე, ხომ გავარკვიეთ? 
- არაფერიც არ გაგვირკვევია! - მკვახედ მიახალა მაკამ. - ამ ერთ ჭორს, მერე სხვა ჭორიც მოჰყვება და მანამდე აღარ დამთავრდება, სანამ შენ! ჩემს შვილს, ბოლომდე არ მოშლიან და მოთხრიან ნერვებზე! 
- კარგი, დეე, რა მოგივიდა? 
- ამეშალა ნერვები და ის მომივიდა. - მაკამ თავზე შემოიჭდო ხელები. 
კუსუ მაშინვე წამოდგა და დედას მოეხვია. 
- ვიცი მე, საიდანაც მოდის ეგ ამბები და სადღაც, მართალიც გამოდის! - მაკა შეყოვნდა. - თუმცა მე, არაფერ შუაში ვარ. 
- რა?! - შეშფოთდა ბიჭი. - რა არის მართალი?! 
- ის, რომ დედები, საკუთარ შვილებს ჰყიდიან და ეს ყველაფერი, ჩემს ზურგს უკან ხდება! ჩემივე სამშობიაროში! აი, ამიტომაც წამოვიდა ეს ჭორები. 
- და თუ კი იცი, რომ ასე ხდება, რატომ არ დაუშალე? ან რატომ ყიდიან შვილებს და მერე, შენ რატომღა გაბრალებენ? 
- და მე, რა შუაში ვარ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - და იმიტომ მაბრალებენ, რომ იციან, ვიცი ყველაფერი! 
- მერე თუ იცი, ადექი და განაცხადე! 
- რა? რა განვაცხადო? - ცინიკური სახით ჩაეკითხა მაკა. 
- ის, რომ შვილებს ყიდიან. 
- და გაყიდონ მერე, შენ რა განერვიულებს? - თავი გააქნია მაკამ. - ადამიანს, თუ საკუთარი გაჩენილი შვილი არ უნდა და ვინმე მდიდარ ოჯახს მიჰყიდის და მერე ის ბავშვი, სიღარიბეში კი არა ფუფუნებაში იზრდება, ეს ვიღაცას, რატომ ადარდებს ნეტა? 
- მერე შეიძლება, ასე ბავშვების გაყიდვა? 
- რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ აი დავუშვათ, მე განვაცხადე და დაიჭირეს ის ქალი, ვინც საკუთარი შვილი უკვე გაყიდა, ან აპირებს! და მერე? იმ ბავშვის ბედი? 
- იმ ბავშვის? - წარბები აზიდა კუსუმ. 
- ჰო! სწორედაც რომ იმ ბავშვის ბედი, აღელვებს ვინმეს? - ნიშნის მოგებით ჩაეკითხა მაკა. - არც არავის! და იცი, რატომ? იმიტომ რომ როცა, კანონის დამრღვევ დედას დაიჭერენ, იმ საწყალ ჩვილს, მაშინვე უპატრონოთა თავშესაფარში უკრავენ თავს! 
- რატომ, უპატრონოთა თავშესაფარში? - გაკვირვებით აიჩეჩა ბიჭმა მხრები. 
- დედა, ხომ ჰყავს? 
- დიახ! სწორედ ის დედა, ვისაც უნდოდა, რომ სწორედ ეს შვილი, ბედნიერ და მდიდარ, უზრუნველყოფილ ოჯახში აღზრდილიყო, მაგრამ ბოროტმა ენებმა, ეს საქმიანი გარიგება, ჩაშალეს და ასე ვთქვათ, შვილის გამყიდველი დედა, ციხეში გაუშვეს და ბავშვიც, ავტომატურად უპატრონოდ დარჩა! აბა ციხეში, თან ხომ არ გაატანენ? 
- ვააა. - თვალები დაჭყიტა ბიჭმა. 
- აბა, რა დააშავა იმ პაწაწინამ? ვის რას უშავებს, ერთი ის ქალი, ვინც გააჩინა ბავშვი? თან, არც უნდა მას შვილი და ამასთანავე, რომც უნდოდეს, არც მისი მოვლა შეუძლია, რადგან პურის ფული არა აქვს, შიმშილით ხომ არ უნდა მოკლას?
- ნუთუ, ახლობელი არავინ ჰყავს იმ ქალს? ან მეგობარი? ან  ნათესავი?
- ზოგს, როგორ არ ჰყავს. - მიუგო მაკამ. - მშობლებიც, და-ძმაც, დიდი ოჯახი და დიდი სანათესაო, მაგრამ მარტოხელა დედას, ბავშვიანად სახლში არ უშვებენ, რადგან ქმარმა მიატოვა და არც ის შვილი უნდა და არც მომავალში აპირებს მასზე მზრუნველობას.
- რა უბედურებაა?! - კოპები შეკრა კუსუმ.
- ჰოდა, ასეთ ქალს და მე ვიტყოდი, რომ უტვინო ქალს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, სხვა გზა აღარ დარჩენია! თუ თავისთან დაიტოვებს, შიმშილით მოუკვდება, რადგან ოჯახი არ იღებს და სრულიად მარტო რჩება. - მაკა წამით შეყოვნდა. - ზოგს კი, ოჯახი და ხალხი რას იტყვის, სულაც არ ადარდებს და დაბადებისთანავე, თავისივე ხელით მიჰყავს და აბარებს ბავშვთა სახლში და ამის მერე, ან მოიკითხავს ოდესმე და ან არა!
- და რატომ აბარებს მერე?
- შვილო, რა გჭირს? - გაეღიმა მაკას. - არ უნდა ის შვილი და თავის დროზე, ვეღარც მიხედა ამ პრობლემას და ახლა მისთვის, პრობლემად ქცეულ ბავშვს, სამუდამოდ თავიდან იშორებს!
- მდაა.
- ჰოდა, მართლაც და უპატრონოდ გდებას, არ სჯობს რომ უშვილო მდიდარმა ოჯახმა იშვილოს? მოუაროს, გაზარდოს, კარგი განათლება მისცეს, ადამიანად დააყენოს?
- რა თქმა უნდა მასე სჯობს, აბა რაა?!
- იმ უპატრონოთა თავშესაფრიდან აყვანას კიდევ ცალკე, იმდენი საბუთების გაფორმება და ოფიციალურად იმდენი გადასახადი უნდა, რომ საკითხავია, გამოატანენ თუ არა ბავშვს.
- აუჰ.
- ჰო, ასეა. - განაგრძო მაკამ. - ამასობაში, ბავშვი იზრდება და ოჯახს კი ჩვილობიდან უნდათ შვილი რომ უფრო შეითვისონ, უფრო შეიყვარონ და ამაში, თუ ცოტა ფულსაც დახარჯავენ, აბა ვისი რა საქმეა?
- ჰო, რა ვიცი.
- იცი, როცა მართლა ბავშვთა სახლიდან აჰყავთ ბავშვი, მაინც სადღაც საბუთებში არის მითითებული, სად და როდის მოხდა მისი გაშვილება? ჰმ. - მაკამ თავი გააქნია. - მაგრამ თუ დედა, პირდაპირ გადასცემს ჩვილს, თანაც სულ რამდენიმე დღისას, მაშინ არც არავის ეცოდინება და არც არავინ წამოაძახებს მერე იმ ბავშვს,  როგორც ჩვენთან სჩვევიათ ხოლმე, ნაშვილები ხარო!
- ჰოო, მაგაზე არც მიფიქრია.
- აი, ხომ ნახე? - მაკა სახეში ჩააშტერდა ბიჭს. - მე ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ არც არაფერ შუაში ვარ, რადგან როცა მოდის ჩემთან უშვილო წყვილი, მაინც მეცოდებიან და გარკვეულ წილად ვპირდები, თუ ვინმეს არ უნდა შვილი, შეატყობინებს ჩვენი რომელიმე ექთანი და მერე თვითონ რიგდებიან და მე არც ვერევი! - ღიმილით უხსნიდა მაკა. - და თუ ჩავერევი, მაშინ პატრული უნდა გამოვიძახო წესით, მე კი იმ პატარა ჩვილის ბედი უფრო მაღელვებს, ვიდრე იმ ტუტუცი დედის, ვინც ფულს ითხოვს საკუთარ სისხლში და ხორცში!
- ჰმ!
- თუმცა, ზოგი ისეთია, ოღონდაც დროზე გაიქცეს და მიაგდოს ბავშვი, რომ სამშობიარო ხარჯებსაც კი არ ფარავს! იცი, ფანჯრიდანაც რამდენი გაპარულა?
- მართლა?
- დიახ, მართლა და ჩვილიც ისე უპატრონოდ დაუტოვებია, რომ ძუძუც კი არ აჭამა საწყალ ბავშვს!
- საწყალი ბავშვი! - კუსუ საშინლად შეწუხდა.
- მერე ისე გამწარებული ჩხაოდა ის საცოდავი, რომ სხვა ახალშობილის დედები მორიგეობით აჭმევდნენ ძუძუს, სანამ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.
- და თქვენთან, რატომ არ დატოვეთ?
- და რამდენი ხანი დაგვეტოვებინა აბა? - ჩაეცინა მაკას. - ფეხს რომ აიდგამდა და პალატებში სირბილს რომ დაიწყებდა, ვინ დაუწყებდა მერ იმას დევნას?
- იქნებ, გამოჩენილიყო კიდევ უშვილო ოჯახი?
- როცა ასეთი სიტუაციაა და თუ მართლაც გამოჩნდება მსურველი, წაიყვანონ და გაზარდონ მერე, მადლია! მე კი ისე ვიქცევი, ვითომ არ ვიცი, ვერ დავინახე, რადგან ყველა ჩვილი მეცოდება უპატრონოთა თავშესაფრისთვის გასამეტებლად. - მაკამ ამოიხვნეშა. - შენ კი ვიღაცეებს უჯერებ, დედაშენი ბავშვებს ყიდისო, ეჰ!
- არა, დეე! შენ ყველაზე მაგარი დედიკო ხარ მსოფლიოში! - კუსუ წამოხტა და დედას მოეხვია. - თან ყველაზე ლამაზი და ელეგანტური.
- მართლა? - ეცინებოდა მაკას.
მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს, თუმცა სულაც არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ბავშვმა სკოლიდან, ასეთი ჭორი მოუტანა. სავარაუდოდ, ამას სახლში, ოჯახში, უფროსებისგან გაიგონებდნენ და მერე დაიწყებდნენ კლასში ჭორაობას.
„ალბათ, მომიწევს კლასის დამრიგებელთან ვიზიტი. ვნახოთ, ერთი კუსუს კლასელის მშობლების როგორი კონტიგენტია კლასში.“

***
ბებიამ ხელში აიყვანა და როცა ოთახიდან გაჰყავდა, პატარამ ტკბილეულით მოსვრილი, წებოვანი პაწაწუნა თითები, მომაკვდავი დედის სარეცელისკენ გაიშვირა. თითქოს გრძნობდა კიდევაც, რომ ოჯახს აშორებდნენ, თითქოს იცოდა კიდევაც, რომ დედა, ვეღარასდროს ჩაიკრავდა გულში და ვეღარც თავის დებს ნახავდა ოდესმე.
LEX. 2022 წლის 8 მაისი, კვირა.

No comments:

Post a Comment