პანდემიის გამო, ონლაინ სწავლების მიუხედავად,
სასწავლო სემესტრი, ბევრად ადრე დაიხურა. სკოლის არდადეგებთან ერთად, დიმეოს დაბადების დღეც დადგა და
ბიჭი უკვე მეხუთეს მაგივრად, მეშვიდე კლასს ამთავრებდა. თუმცა მანამდე, შვილის კიდევ ერთხელ ჩადენილმა, უცნაურმა საქციელმა, მიმი საშინლად გააბრაზა. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარმა ინციდენტმა, კლასელები კვლავ შეარიგა, მაინც ვერ შედგა მათ შორის მეგობრობა
და ვერც ახალ უფროს კლასელებს შეეგუა. წინა კლასთან განსხვავებით, დიმეოს იმდენად აღარ ერჩოდნენ, მაგრამ არც უყურადღებოდ ტოვებდნენ და ამაში უკვე, ბიჭების გარდა, კლასელი გოგონებიც აქტიურად ჩაერთვნენ.
ერთი შეხედვით, თითქოს მართლაც არაფერს უშავებდნენ, მაგრამ გამუდმებით მწარე-მწარე, დაუსრულებელი რეპლიკებიც უკვე ყელში ჰქონდა ბავშვს ამოსული. თუმცა, ნაკლებად ცდილობდა ყურადღება მიექცია, იშვიათად გაეცა პასუხიც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული ხუმრობებსაც უნდა ჰქონოდა დასასრული.
გრძელ თმიანმა გოგონამ, რომელიც თმებს, რატომღაც არასდროს იკრავდა და რის გამოც დიმეო გულში, მათრახივით გოგოს ეძახდა, სანამ ზარი დაირეკებოდა, მანამდე გამოვიდა დაფასთან და ხმამაღლა გამოაცხადა:
- დღეს, ჩემი დაბადების დღეა, და! - გოგონამ თვალი მოავლო მილოცვებით ახმაურებულ კლასს. - და, ყველას გეპატიჟებით! მხოლოდ, ჩემს ტოლებს! - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და დიმეოს დამცინავად შეავლო თვალი.
ბიჭი მაშინვე მიხვდა, ყველას ეპატიჟებოდნენ მის გარდა, თუმცა სულაც არ სწყენია და არც არაფერი შეიმჩნია. ბავშვებმა ჩაიქირქილეს და ყველამ დიმეოს დაუწყო ყურება.
გოგონამ ეს მინიშნებაც არ აკმარა, საწყალ ბავშვს ახლა მისკენ წამოვიდა, დიმეოსკენ გადმოიხარა, თვალებ დაქაჩულმა სახეში ჩახედა და საკმაოდ ცინიკური ბოღმით უთხრა:
- გაიგე, ბიჭო?! ჩემს ტოლებს ვეპატიჟები, ლაწირაკებს კი, არა! - გოგონა კმაყოფილი სახით წელში გაიმართა და ამაყად გასწია თავისი მერხისკენ.
- უჰ! - დიმეომ გოგონას გასაგონად ამოისუნთქა. - კიდევ კარგი, მეგონა თვალები გადმოგეყრებოდა!
კლასელებმა ახლა არც გოგონა დაინდეს და მასაც სიცილი დააყარეს.
გოგონამ დიმეოს მისამართით ამრეზით გააქნია თავი, თუმცა საპასუხოდ, ვერაფერი მოიფიქრა.
დიმეომ კი დრო იხელთა და შეტევაზე გადავიდა. მშვიდად წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა და შეშინებული სახით ჩააკვირდა.
- ეს რა გაქვს შუბლზე? - და შავი მარკერით, ისეთი სისწრაფით, დაახატა 2:1, რომ გოგონამ გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო.
„ესეც ასე! ორით-ერთი!“
გაუელვა გულში, გამარჯვებულ ბიჭს და თავის ადგილს დაუბრუნდა.
კლასი კვლავ ახორხოცდა, თუმცა ყველამ მაინც გოგონას მხარე დაიჭირა. დიმეოს მისამართით ილანძღებოდნენ, მაგრამ მაინც შეუმჩნევლად ხითხითებდნენ. გოგონა მარკერის კვალს ვერაფრით იშორებდა, პირიქით უფრო გადაზილა და ახლა უფრო მეტად საშინელი სანახავი ჰქონდა გამურული შუბლი. ბავშვებს არც კლასში შემოსწრებული პედაგოგი ჩამორჩა და საყვედურები არ დააკლო პატარა ბიჭს.
- ასე როგორ შეიძლება?! - ხმას აუწია მასწავლებელმა. - ბიჭმა გოგონას, ასე უდიერად როგორ უნდა მოექცეს?! თან, იუბილარს! როგორ მოვაშოროთ ახლა?
- წყალგაუმტარია და ასე ადვილად არც მოშორდება. – „დაამშვიდა“ დიმეომ.
- კიდევ რომ ხმას იღებს! - კვლავ აწივლდა პედაგოგი. - ბოდიშის მოხდის მაგიერ.
- რაც შეეხება იუბილარს. - კვლავ მშვიდი ხმით განაგრძო დიმეომ. - ეს ჩემი საჩუქარი იყო მის დაპატიჟებაზე.
- ეს რა უზრდელი და თავხედი გაუზრდიხარ დედაშენს! - კვლავ დაუჭყივლა პედაგოგმა, მერე კლასიდანაც გააძევა და მიაყოლა კიდევაც, რომ მშობლის გარეშე, აღარ დაუშვებდა მის გაკვეთილზე.
დიმეომ კლასი დატოვა და სანამ კარს გამოიხურავდა, მოტრიალდა და კვლავ მშვიდი ხმით მიაძახა გამწარებულ პედაგოგს:
- სულაც არ მჭირდება, თქვენს გაკვეთილზე დასწრება, ისედაც უკვე მთელი წლის პროგრამა მშვენივრად ვიცი.
ბავშვმა ზურგი შეაქცია და იქაურობას გაეცალა, მაგრამ ეს ამბავი, ამით არ დამთავრებულა. კლასიდან გაცეცხლებული პედაგოგი გამოენთო, დიმეოს მხარში ჩაავლო ხელი და აჩხავლებული ხმით, დირექტორის კაბინეტში შეათრია.
დირექტორს საშინლად არ ესიამოვნა დიმეოს დანახვა და მაშინვე გაიფიქრა, კიდევ რა ჩაიდინა ამ ბავშვმაო. ნამდვილად არ უნდოდა არც მისი დასჯა და არც მშობლის გამოძახება, რადგან სწორედაც რომ დიმეოს ოჯახის ახლობლები ეხმარებოდნენ დაკარგული შვილების მოძიებაში, მართალია ჯერ ისევ უშედეგოდ, მაგრამ მაინც თავს დავალებულად სთვლიდა მიმის წინაშე.
- საერთოდ, არ არის ცუდი ბავშვი. - დირექტორი დიმეოს დაცვას შეეცადა. - ალბათ მართლაც რამე დაუშავეს, ხომ იცით ეს უმცროსია და როგორ ხშირად უყვართ უფროსებს, უმწეოების ჩაგვრა.
დირექტორის სიტყვებმა, ისედაც გაცეცხლებული პედაგოგი, კიდევ უფრო მეტად გაამწარა. დიმეო კი გაკვირვებული დარჩა. ეგონა, ახლა ცალკე დირექტორი დაუწყებდა ლანძღვას, მაგრამ რატომღაც პირიქით, იცავდა და თითქოს, მის მხარეს იჭერდა კიდეც.
- ცოტა პრობლემური ბავშვია და... - განაგრძობდა დირექტორი დიმეოს დაცვას.
- მერე თუ პრობლემურია, გადაიყვანონ სხვა სკოლაში! - არ იხევდა უკან პედაგოგი.
- ბავშვს ოჯახში, საკმაოდ მძიმე სიტუაცია აქვს.
- მერე, ეგ რა ჩვენი პრობლემაა?! - კვლავ არ ეპუებოდა პედაგოგი. - უამრავი საჯარო სკოლაა, სადაც ათასი ნაგავი და მათხოვარი სწავლობს, გადაიყვანონ იქ! რა უნდა კერძო, ძვირიან, საკმაოდ სანიმუშო და პრესტიჟულ სკოლაში, ასეთ რეგვენსა და თავხედს?!
დირექტორმა რა არ სცდა, როგორ არ მიუდგა, ყველაფრის მოგვარებასაც თავად დაჰპირდა, თუმცა პედაგოგი ამით მაინც ვერ დამშვიდდა და დაუყოვნებლივ მოითხოვდა მშობლის გამოძახებას.
- ერთი უნდა თვალებში კარგად ჩავხედო იმ ქალს, რომელიც ასეთ შვილს ზრდის! - პედაგოგმა არწივისებური მზერა სტყორცნა დიმეოს და კარი ხმაურით გაიხურა.
- დაჯექი. - ამოიხვნეშა დირექტორმა.
დიმეო უხმოდ ჩამოჯდა.
- არ გკითხავ, ამჯერად მაინც რა მოხდა. - განაგრძო დირექტორმა. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.
- არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა. - მშვიდი ხმით მიმართა დიმეომ.
- ნუ კარგი, მაგრამ რაღაც ხომ მოხდა, არა? რამაც ასე გაახელა შენი მასწავლებელი.
- მე შემიძლია ჩემს საქციელზე ბოდიში მოვიხადო, მაგრამ ასევე მოვითხოვ სხვისგანაც. - დინჯად მიუგო დიმეომ. - გინდა გოგო იყოს და გინდა ბიჭი.
- ესე იგი, გოგონას აწყენინე?
დიმეომ არაფერი უპასუხა.
ქალმა ამოიხვნეშა და მიმის ნომერი აკრიფა და სკოლაში დაიბარა.
დირექტორი თავის საქმეებში იყო თავჩარგული დიმეო კი მშვიდად უცდიდა მიმის მოსვლას, თუმცა გულში მაინც დარდობდა, კიდევ ერთხელ უნდა აენერვიულებინა ორსული დედა, მაგრამ აბა რა უნდა ექნა? როგორ უნდა დაეცვა თავი, ასე პატარას, ამდენი შემოტევებისგან?
იცოდა, დედა თავზე ხელს არ გადაუსვამდა და არც ზედმეტად მკაცრად დასჯიდა, მაგრამ გულში მაინც გამარჯვებას ზეიმობდა, მშვენივრად მოიფიქრა და კარადაც გამოუვიდა, იმ აბეზარი გოგონას დასჯა.
დირექტორის ოთახში მდუმარებას, მხოლოდ მრგვალი კედლის საათი არღვევდა, მაგრამ ეს სიმყუდროვეც დიდ ხანს არ გასტანა, რადგან კაბინეტში, კარზე დაკაკუნებისთანავე, კლასელი გოგონას თანხლებით, მისი მშობლებიც შემოიჭრნენ და ისე რომ დიმეოსთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაშინვე საყვედურებით დირექტორს მიმართეს:
- გამაგებინეთ ერთი, რა ხდება?! - მკაცრი ხმით დაიწყო გოგონას მამამ.
- ასე, როგორ შეიძლება თანაკლასელს მოექცე და თან, გოგონას?! - ჩაურთო დედამ.
- სად არის ის ხულიგანი თანაკლასელი? რატომ არ დაგვხვდა აქ, მშობელთან ერთად? - კვლავ აქტიურობდა გოგონას მამა.
- აქ არის. - დაბალი ხმით მიუგო დირექტორმა და იქვე მჯდარ დიმეოს გახედა.
კაცმა გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა. ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ გოგონას თანაკლასელი ბიჭი, 12-13 წლის მოზარდი უნდა ყოფილიყო და მზად იყო შვილის ასეთი გამწარებისთვის, უზრდელი და ტუტუცი ბიჭისთვის ყურებიც აეხია, მაგრამ ხელთ ერთი ციდა, დაწყებითი კლასის მოსწავლე შერჩა.
- ამან გაწყენინა გოგო? - ახლა საკუთარ შვილს შეუტია. - ამის გულისთვის მომიყვანე აქ?
- ნორმალური ხარ შენ? - არც დედამ დააკლო გოგონას.
- ამას, რა პასუხი უნდა მოვთხოვო? - ახლა დიმეოს შეუღრინა გაბრაზებით მამამ, მაგრამ მართლა ხელით ხომ არ შეეხებოდა პატარა ბავშვს.
- აბა, ჩემი კლასელიაო? მოგვატყუე? - კვლავ შეუფუცხუნა დედამ.
- ყველა კრეტინი, ჩვენს კლასში გადმოყავთ, მაგიტომაც მოხდა ეს. - აზლუქუნდა გოგონა.
- ეს თითის სიგრძე ბავშვი, რანაირად არის შენი კლასელი? - მამა დიმეოს, სახეში ჩააშტერდა.
დედა გაკვირვებას ვერ ფარავდა, მამა კი კვლავ გაოგნებული იდგა და დიმეოს, თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა.
- დიახ, მართალია. - როგორც იქნა, დირექტორსაც მიეცა ხმის ამოღების საშუალება. - ეს პატარა ბიჭი, მისი ასაკის მიუხედავად, უფროს კლასში სწავლობს, რადგან საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, ის კი არა და, უფრო მაღალ კლასშიც შეიძლება მისი ახლავე გადაყვანა, მაგრამ ბავშვის ასე ამდენად ძლიერ დატვირთვა აღარ გვინდა.
- ამ ბაღის ბავშვთან, საქმე როგორ უნდა გავარჩიო? - ხელი ჩაიქნია მამამ.
- ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ! ყველაფერს მოევლება. - მიუგო დირექტორმა. - დიმეო, ნამდვილად არ არის ცუდი ბავშვი, აუცილებლად მოხდის ბოდიშს.
- სულაც არ ვაპირებ, ბოდიშის მოხდას! - წაიწრიპინა დიმეომ.
- ოჰო! - მკაცრად გადმოხედა მამამ და მერე თავის გოგონას მიუბრუნდა. - ასეთ ლაწირაკებს, თავს რომ გაუყადრებ, უარესის ღირსი ხარ!
- რას გიგავს შუბლი?! არავითარი დაბადების დღე! - ახლა ისევ დედამ შეუტია თავის გოგოს, მერე დიმეოს მისამართით უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- დაივიწყე, დაბადების დღე! - გაიმეორა მამამ. - სამსახურიდან გამოვქანდი გიჟივით, სანამ მოვიდოდი, გული ხელით მეჭირა და აქ კი? რა ამბავი დამხვდა?
იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. კაცმა დირექტორს ბოდიშიც კი მოუხადა, ასეთი აღელვებით რომ შემოეჭრა და თან, რის გულისათვის. მერე ცოლ-შვილს მოხვია ხელი და ის იყო, იქაურობა უნდა დაეტოვებინათ, რომ კარში გულგახეთქილი და ფერწასული მიმიც გამოჩნდა.
- მარტო ჩაცმა და ჭამა არ ნიშნავს ბავშვის აღზრდას! ხანდახან, ყურადღებაც უნდა მიაქციოთ, ხოლმე. - მიახლა გოგონას მამამ და პასუხსაც აღარ დაელოდა, ისე განაგრძო გზა.
***
- ეს ბავშვი, ალბათ ნამდვილად შემიწირავს. - ამოიხვნეშა მიმიმ. - იმ დირექტორმაც კიდევ, როცა მივედი, დამშვიდდით, არაფერია ისეთიო და თუ მართლა ასეთი არაფერი იყო, მაშინ რაღას მიხეთქავდა გულს და რას მიბარებდა?
- და მაინც, რა მოხდა ასეთი? - ჩაეკითხა მხატვარი.
- ზუსტად ვერც მე გავიგე, მხოლოდ ის ვიცი, რომ დიმეომ თანაკლასელს შუბლზე, მარკერით დაახატა რაღაც.
- და მერე, რა? მართლა ამის გულისთვის, როგორ დაგიბარეს სკოლაში?
- ვერც მე გავიგე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იმ გოგონას მშობლები დირექტორთან შევარდნენ და იყო ერთი ამბავი.
- აჰა ჰა! - გულიანად გაეცინა მხატვარს. - აუ, ბავშვი ნახე, რაა? რა ბოღმაზეა.
- თან დღეს, დაბადების დღე ჰქონია თურმე და ასე მოხატული შუბლი რომ დაუნახეს, იქეთ ეჩხუბნენ მშობლები და მგონი აღარც გადაუხადეს.
- აუ, კაი რაა? ცოდოა. დიმე! - გასძახა მხატვარმა, თავის ოთახში შეყუჟულ ბიჭს.
დიმეომ კარი ოდნავ შეაღო და დედას თვალი მობუზული სახით შეავლო.
- გამოხვალ ჩვენთან? - შეეკითხა მხატვარი.
- ჯერ, სამეცადინო მაქვს. - მიუგო ბიჭმა და კარი მაშინვე მიხურა.
მხატვარი წამოდგა და დიმეოსთან შევიდა.
ბავშვი გაბღუზული დახვდა. მხატვარი იქვე სავარძელში ჩაჯდა და დიმეოს სახეზე მიაშტერდა. ბიჭმა თვალი აარიდა.
- შენც ხომ გრძნობ, რომ არ მოიქეცი კაცურად. - დაიწყო მხატვარმა.
- რატომ?
- როგორ, თუ რატომ?
- როცა გჭირდებათ, ბავშვი ვარ და უფროსების საქმეში არ უნდა ჩავერიო და ახლა კი ის გწყინთ ყველას, რომ რატომ კაცურად არ მოვიქეცი?
პასუხად მხატვარს, გულიანად გაეცინა. დიმეოს ხელი მოხვია და გვერდით მოისვა.
- რაც არ უნდა პატარა და ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაინც კაცური და ადამიანური საქციელი სულ სხვაა.
- ვიცი. - მიუგო დიმოემ. - მაგრამ რადგან გოგოა, მაინც ყველაფერი უნდა დავუთმო? მაშინაც კი როცა შეურაცხყოფას გაყენებს? გჩაგრავს? გთელავს? გამცირებს? თან მთელი კლასის წინაშე?
- უჰ, ეგ ნამდვილად არ არის კარგი. - თავი გააქნია მხატვარმა. - მაგრამ შენი პასუხი უფრო ცუდი გამოვიდა და უფრო მეტად გამოჩნდა, აი ეს არის სწორედაც რომ ცუდი, თუმცა შეგეძლო თავი შეგეკავებინა და ცალკე სულ სხვანაირად აგეხსნა.
- მაინც ვერაფერს გაიგებდა და როგორც თვითონ მომექცა, მეც ისე ვუპასუხე! - დიმეო წამით შეყოვნდა. - და მერე რა, რომ გოგოა.
- ახლა მომისმინე კარგად. - დაიწყო მხატვარმა.
დიმეომ უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი.
- მე ძალიან მიყვარს შენი დედიკო და მამიკო და შენ კი, მათზე უფრო მეტად მიყვარხარ და ამიტომაც გეტყვი, რომ არ ხარ მართალი, ბოლომდე არ ხარ მართალი და ახლავე აგიხსნი თუ რატომაც.
დიმეო ახლა უფრო მოიღუშა.
- აბა ერთი, კარგად დაფიქრდი. - განაგრძო მხატვარმა. - როგორი მოსაწონი იქნება, შენმა მშობლებმა რომ იჩხუბონ და ფიფომ მიმის, ხელი დაარტყას?
- აბა როდის დავარტყი იმ გოგოს? - ფეხზე წამოიჭრა გაგულისებული ბიჭი.
- დამაცადე და აგიხსნი და დაჯექი. ნუ ბრაზობ.
დიმეო უკანვე დაჯდა.
- შენ ხომ გჯერა რომ ფიფო, არასდროს შეეხება მიმის ცუდად.
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- და იცი, რატომ?
- იმიტომ რომ უყვარს! - მიუგო ბიჭმა.
- და არა მარტო სიყვარულზეა აქ საქმე. - განაგრძო მხატვარმა. - პატივს სცემს ქალს, როგორც მასზე უსუსურს, თორემ რა უნდა მიმის მორევას? არც არაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიმიმ რაც არ უნდა უთხრას, ფიფო არასდროს დაარტყამს ხელს არც მას და არც მასზე უმწეოს, გინდაც ის ბევრად ფიფოზე ტანად დიდიც იყოს და...
- როგორ არ დაურტყამს!
- რაა? ფიფომ მიმის დაარტყა? - მხატვარი შეცბა.
- არა, დედიკოს არა, მაგრამ მამიკომ, ვიღაც პატიმარი ქალი სცემა.
- დაუჯერებელია! - მხატვარმა გაკვირვებისგან თვალები აზიდა.
- მე როცა მომიტაცეს, მგონი მაშინ.
- ჰმ. - თავი გააქნია მხატვარმა. - მაშინ მეც იმდენი ვინერვიულე, ალბათ ერთ ქალს კი არა ყველა ქალს სათითაოდ ვცემდი, ვინც მაგ საშინელ საქმეში იყო გარეული. - მხატვარი წამით გაჩუმდა. - ეგ, სულ სხვა მომენტია და ამ შემთხვევაში, სულაც არ ვამტყუნებ ფიფოს, მაგრამ შენ კი დაიმახსოვრე, გოგო მაინც გოგოა და ძალიან, უძალიანესად შეეცადე რომ არ დაამცირო და არ დაჩაგრო და მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით, რაც არ უნდა დაგიშავოს.
- აბა, შევარჩინო? თუ სულ უნდა მჩაგრონ და მჩაგრონ? - დიმეოს თვალები აევსო.
- აბა, წეღან რა გითხარი? ცალკე, მარტო დაელაპარაკე და აუხსენი და თუ ვერ გაიგებს, მაშინ შეგილია თმებიც მოქაჩო, ცოტა ისე, სიმბოლურად.
- თმები სულ მათრახივით აქვს ჩამოწელილი. - ღიმილით მიუგო დიმეომ.
- ჰა! ჰა! მათრახივით, კარგი იყო.
- ჯოხივით გამხდარია და ასეთი გრძელი, ბოლომდე ჩამოწეული თმით მათრახს ჰგავს. - დიმეომ წამით იყუჩა და ცოტა არ იყოს, გაბუსული ხმით განაგრძო. - დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ყველა დაპატიჟა ჩემს მეტი.
- და მერე, რა? ასე ძაან გინდოდა იმ გოგოს დაბადების დღეზე?
- სულაც არა, მაგრამ... - დიმეო შეყოვნდა. - ლაწირაკებს არ ვეპატიჟებიო.
- და მაინც, მერე რა? ახლა ის შენზე ბევრად ცუდად არის, რადგან ვიცი, რომ მშობლებმა, სწორედაც რომ შენთან კონფლიქტის გამო დასაჯეს და დაბადების დღე აღარ გადაუხადეს.
- რა ჩემი ბრალია? - აიჩეჩა მხრები ბიჭმა. - წესიერად ეთქვა მერე, რას გამოაცხადა კლასში. ვისი დაპატიჟებაც უნდოდა, იმათთვის პირადად ეთქვა. სპეციალურად მე მომახალა, ლაწირაკი ხარო და მიიღო კიდევაც!
- და მაინც, გოგოა და დაიმახსოვრე ბიჭო. - მხატვარმა გაგულისებული ბიჭი გულზე მიიხუტა. - ყოველთვის იგრძენი თავი კაცად, რაც არ უნდა დაგამცირონ და აი, ზუსტად მაშინ მიხვდები, თუ სად და როგორ უნდა მოიქცე, ამა თუ იმ სიტუაციაში და არ არსებობს გამოუვალი მდგომაროება.
- გამოუვალი მდგომარეობა უკვე სიკვდილია. - წყნარად მიუგო ბიჭმა.
- და ეგ სულაც არ არის მდგომარეობა...
ერთდროულად დაასრულა მხატვარმაც და ბავშვმაც.
- საიდან იცი? - მხატვარი შეცბუნდა, მაშინვე ეცნო, ეს დიდი ხნის წინ გაგონილი სიტყვები.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, თუმცა მშვენივრადაც იცოდა, ეს მისი უფროსი მეგობრისა და უზომოდ მონატრებული მწირის სიტყვები იყო. - ალბათ, დედიკოსგან ან მამიკოსგან.
- ალბათ. - ამოიხვნეშა მხატვარმა.
- კიდევ დიდ ხანს გელოდოთ? - სასტუმრო ოთახიდან მიმის ხმა შემოესმათ.
***
ფიფოს კაბინეტში, ოჯახის მეგობრებს მოეყარათ თავი და ყველა ერთხმად დიმეოს ადებდა ხელს, მან ჩაურთო ფიფოს აპარატიო, რაზეც ბავშვი საშინლად გამწარდა და ტირილით დატოვა იქაურობა. მიმი მაშინვე დაედევნა.
- დეე, განა რამეს ცუდად გაბრალებთ, ან რა შუაშია აქ დაბრალება? - ეალერსებოდა მიმი გულამომჯდარ ბავშვს. - პირიქით, ეს ძალიან კარგი გააკეთე რომ მამიკო ასე გადაარჩინე.
დიმეო კი გულში ფიქრობდა, ალბათ დედამ, ნახევრად მძინარემ ჩართო და ახლა აღარ უნდა რომ გამოტყდეს და ამიტომაც მე მაბრალებსო, მაგრამ ისე გულიანად მოთქვამდა, რომ ვეღარ შეეწინააღმდეგა.
- მამიკო მინდა! - ბღაოდა ბავშვი. - ჩემი მამიკო მინდა! მენატრება! ძალიან მენატრება!
- მეც, ჩემი სიხარულო, მეც ძალიან მენატრება. - ეფერებოდა მიმი და თავადაც ცრემლად იღვრებოდა.
როგორც იქნა, დედა-შვილი დაშოშმინდა, მაგრამ დიმეო თავის საძინებელში დარჩა, აღარ გამოვიდა სტუმრებთან.
სტუმრები კი ერთმანეთსაც საყვედურობდნენ და საკუთარ თავსაც კიცხავდნენ, ასე რომ აატირეს ბავშვი.
- სანაძლეო კი მოვიგე. - ამბობდა ჩუკი. - მაგრამ სამწუხაროდ, დიმეოს ნერვების ხარჯზე. ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გატყდებოდა.
- კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე, ყველაფერი ჩემი ბრალია. - ჩაურთო გალეომ. - ბიჭი მართლაც სულ ტყუილად ავატირე და ჩემზე იყოს, ამ კვირაში სადმე გავატარებ, სადაც მოისურვებს.
- და წაგებულს როდის ჩავიბარებთ? - ღიმილით მიმართა ჩუკიმ.
- და რა წააგო? - დაინტერესდა მიმი.
- ეს, ჩვენ ვიცით. - თვალი ჩაუკრა ჩუკიმ მოჯღუნულ დეტექტივს.
ჩვეულებრივ, მიმისთან სტუმრები, გვიანობამდე არ იშლებოდნენ, მხატვარმა კი დაღლილობა მოიმიზეზა და საძინებლისკენ ავიდა. მერე დიმეოს ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და საწოლთან ჩამოუჯდა.
- გძინავს? გაიღვიძე, რაა. - შეევედრა მხატვარი.
- არ მძინავს. - მშვიდი ხმით მიუგო დიმეომ.
- მაშინ, ადე ჩაიცვი!
- რა ხდება? - ბავშვი საწოლზე წამოჯდა.
- ჩაიცვი და ქვემოთ გელოდები. - მხატვარი წამოდგა და იქაურობა დატოვა.
- საით გაგიწევიათ? - გაკვირვებული ხმით მიაძახა მიმიმ უკვე კართან მისულ მხატვარსა და დიმეოს.
- ცოტას გავისეირნებთ სუფთა ჰაერზე და მოვალთ. - მიუგო მხატვარმა.
- ასე გვიან?
- თორმეტამდე მოვალთ და რა წამოვიღოთ? - იქეთ დაუსვა კითხვა მხატვარმა.
- რა ვიცი, რაც გაგიხარდებათ, ის მოიტანეთ. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - დიმე, მოიცა ერთი წუთით. - მიმიმ საყელო გაუსწორა ბიჭს და ხელში ჩუმად ბარათი ჩაუდო.
დიმეოს გაეღიმა, მიხვდა, ამით დედა სთხოვდა, მხატვარს ფული არაფერში არ გადაახდევინოო.
- შორს მივდივართ? - იკითხა დიმეომ, როცა მხატვარმა ტაქსი გააჩერა.
მანქანა ყვავილების მაღაზიასთან გაჩერდა. დიმეო გაკვირვებული დარჩა, როცა გამყიდველმა გოგონამ უთხრა, შენი თხოვნა შესრულებულიაო და ბევრი ფერად-ფერადი ყვავილებისგან შეკრული, დიდი თაიგული და კალათით ტკბილეული გაუწოდა.
- ეს ერთი პატარა თაიგულიც მიამატე. ეს ცალკე მინდა და ხომ იცი? - მიმართა გამყიდველ გოგონას მხატვარმა. - აუცილებლად ამ დღეებში გამოვალ და გადაგიხდი, მერე ნახატსაც დაგიხატავ, ან სულაც შენ დაგხატავ. - მხატვარმა, ორად მოკეცილ პატარა ბართზე რაღაც წააწერა და დიდ თაიგულში ჩაჩურთა.
- კვირის ბოლომდე თუ მოახერხებ, კარგი იქნება. - გოგონამ ყურებამდე გაუღიმა.
- უნდა დახატო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია. - ჩაურთო დიმეომ.
გოგონამ შეიფერა.
- მოიყვანე ჩვენთან და იქ დახატე. - დიმეომ მიმის გამოტანებული ბარათი გაუწოდა და თან დასძინა. - ახლა მე გადავიხდი, შენ სხვა დროს, თორემ დედა გამიბრაზდება.
- რომ იცოდე, როგორ საშინლად ბრაზიანი დედა ჰყავს.- მხატვარმა თვალები დააბრიალა.
ყველას გაეცინა.
- წავედით, თორემ ტაქსი გველოდება. - მხატვარმა კალათი დიმეოს დააჭერინა და თავად დიდი თაიგულით ხელში მანქანაში ჩაჯდა.
- სად მივდივართ? - კვლავ იკითხა დიმეომ.
- დაბადების დღეზე.
- ვისი დაბადების დღეა?
- სიმართლე გითხრა, პირადად არც კი ვიცნობ და ძლივს გავიგე მისამართიც და როგორ? ამას ნუ მკითხავ.
- აბა უცნობის დაბადების დღეზე მივდივართ? - გაიკვირვა ბიჭმა.
- ვისთვის უცნობია და ვისთვის, სულაც არა. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა.
დიმეო კვლავ გაკვირვებული იყო. ხმაც ვერ ამოიღო. ისე მიჰყვებოდა კუდში მხატვარს, რომელიც ერთ კართან გაჩერდა, ყვავილების თაიგული ტკბილეულის კალათთან ერთად ძირს დადო, მერე ზარი დარეკა, დიმეოს ხელი ჩაავლო და კიბეები სულ სირბილით ჩაარბენინა. სანამ ბავშვი კვლავ კითხვას დასვამდა, უკვე იმავე ტაქსით სახლისკენ მიჰქროდნენ.
LEX. 2022 წლის 16 მაისი, ორშაბათი.
P.S.
ნახატის ავტორი, მე

No comments:
Post a Comment