Monday, April 4, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 134)

134. 
დიმეო სიხარულით გარბოდა ძანესთან. ბედნიერი იყო, დედაც რომ ასე უყოყმანოდ დაეთანხმა და ბევრი ხვეწნაც არ დასჭირვებია. 
მიმი კი ამ დროს, დიმეოს ოთახს გულდასმით ათვალიერებდა და რადგან, ბავშვის სამეცადინო ოთახში ვერაფერს წააწყდა, ისევ საძინებელში უნდა ეცადა ბედი და როგორც კი მხატვარს ბავშვი გაატანა, მაშინვე ავიდა მის საწოლ ოთახში. 
მიმიმ ისიც კი იაზრა, რომ დიმეომ, სპეციალურად აჩვენა თავისი სამალავი, რადგან ამით უფრო დაემსახურებინა დედის ნდობა, მაგრამ ამას კიდევ, მეორე მხარეც ჰქონდა და დედაც მშვენივრად ხვდებოდა, საკმაოდ გონებამახვილი შვილის ეშმაკობებს. მიმი დარწმუნებული იყო, რომ დიმეოს აუცილებლად ექნებოდა კიდევ სხვა სამალავი, რომელსაც არასდროს, არავის აჩვენებდა, მაგრამ სად? სად უნდა ეძებნა? ოთახის რომელ კუთხეში, თუ მთლიანი სახლის რომელიმე კუნჭულში? 
რანაირად არ ეცადა, სად აღარ დაძებნა, კედლებსაც კი უკაკუნა, მაგრამ ვერაფერიც ვერ აღმოაჩინა. ბოლოს დაღლილ-დაქანცული, ფიფოს შორიახლო ჩამოჯდა და თავი ფიქრს მისცა. 
„ყველაფერი უნდა დავალაგო. ასე აღარ შეიძლება უკვე. ჩემი ცხოვრება ერთ დიდ უზარმაზარ გარდერობს ჰგავს, სადაც ყოველი უჯრა და ყოველი თაროც კი არეულ-დარეულია და მე კი, ვერ ვიტან უწესრიგობას! ვერც კარადაში, ვერც სახლში და ვერც ცხოვრებაში!“
მიმი სავარძელში შესწორდა. თუმცა ვერ მოისვენა, უკვე უჭირდა, ორსულობის მუცელი აწუხებდა, თითქოს უფრო შესაფერის ალაგსაც ეძებდა, რომ შედარებით კომფორტულად მოთავსებულიყო. სავარძელში უფრო ჩამოცურდა და ფეხები ფიფოს საწოლთან სურდა შემოეწყო, მაგრამ ზუსტად ვერ გათვალა, ააცდინა და საწოლის ქვეშ რაღაცას გაჰკრა. რაღაცნაირი, თითქოს ჩხაკუნის ხმაც შემოესმა. შეშინდა, რამე ხომ არ გავაფუჭეო. პირველ რიგში, ფიფოს დააკვირდა, ისევ ისე სტაბილურად სუნთქავდა. აპარატურაც იგივე ხმებს გამოსცემდა. იქაურობაც მოათვალიერა, საგანგაშოც და უცნაურიც არაფერი ჩანდა. მიმი ახლა ფიფოს საწოლის თვალიერებას მოჰყვა და მოულოდნელად ზუსტად იმ ადგილას, სადაც მიმის ფეხი აუცდა, საწოლის ქვეშ, სკოჩით მიმაგრებული დიქტოფონი გამოაძვრინა. 
- დიმეო! - აღმოხდა მიმის. - წამით საშინლად გამწარდა, უნდოდა რომ მოესროლა, დაელეწა გაენადგურებინა, მაგრამ მერე ჩაეღიმა. - დამაცადე მე შენ, როგორ უნდა შპიონაჟი, გაჩვენებ მაგას! 
მიმი ისევ სავარძელს დაუბრუნდა და თავისთვის ჩაილაპარაკა: 
- მგონია სახლში, შვილს ვზრდი და თურმე, რეზიდენტი მყოლია. მიმიმ პატარა დიქტოფონი ხელში შეატრიალა და ჩამრთველს დააჭირა. ჩანაწერში არაფერი საინტერესო იყო, მხოლოდ მიმის ნალაპარაკევი, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ესაუბრა ფიფოს და სულ ეს იყო. 
- და დანარჩენი? - გაიკვირვა მიმიმ. - ეს ლაწირაკი, ყველას გვისმენს აქ, სათითაოდ. ღმერთო ჩემო! ვინ იცის, ფიფოს რას აღარ ველაპარაკები, ან მე ან გალეო, ქირურგი, ჩუკი და მხატვარიც კარგა ხანს მარტო იჯდა აქ და რაღას არ უყვებოდა.
„საინტერესოა.“ 
მიმი ჩაფიქრდა. 
„აბა, გალეომ რომ თქვა, ლამის ყოველ მოსვლაზე ვამოწმებ, არავინ გვისმენდესო და ესაა მისი ოპერატიულობა? აჰა, ჰაჰ! ცხრა წლის ბავშვი, ყველას გვისმენს და ჩვენ კი, თანაც გამოცდილ დეტექტივთან ერთად, წარმოდგენაც კი არ გვაქვს!“ 
მიმის ბევრიც აღარ უფიქრია. დიქტოფონი, ისევ იმ ადგილას დააბრუნა და იქაურობა დატოვა.
საღამოვდებოდა. მოგვიანებით მეგობრები, ისევ მიმისთან აპირებდნენ შეკრებას და მიმისაც ერთი სული ჰქონდა, როდის მოუყვებოდა ამ ახალ აღმოჩენას. მაგრამ მეგობრები, რატომღაც სულაც არ ჩქარობდნენ მოსვლას და გვიან ღამით, მხოლოდ დაღლილ-დაქანცული მხატვარი დაბრუნდა სახლში. 
- ხუთი წუთით, გცალია? - მიმიმ ნაღვლიანი სახე მიაპყრო. - თუ ძაან გეძინება? 
- ათი იყოს და სულაც არ მეძინება. - მიუგო მხატვარმა. - უბრალოდ, ამდენი წანწალისგან დავიღალე, მაგრამ შენ თუ ძალიან გჭირდები, გაგეგზავნები სადაც მეტყვი. 
- არსად გაგზავნას არ გიპირებ. - მდარედ ჩაეღიმა მიმის. მშვენივრად იცოდა, როგორი ზანტიც იყო მხატვარი, თუმცა მიმის მაინც არ ეტყოდა ახლა უარს.
- მაინტერესებს, ფიფოს რაზე ელაპარაკები ხოლმე? 
- რაა? - მხატვარმა წარბები აზიდა. 
- უბრალოდ, რა თემაზე ესაუბრე ამ ბოლო დროს? 
- მიმი, რა ვესაუბრე? 
- რაღაცეებს ხომ უყვებოდი და არ გახსოვს? 
- ნუ, ეგ ჰო. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - უცებ დავიბენი, ვერ მიხვდი, რას მეკითხებოდი და ახლაც ვერ ვხვდები, რატომ მეკითხები? 
- კარგად დაფიქრდი და გაიხსენე, ძალიან გთხოვ. მართლა მაინტერესებს. - მიმის უკვე მავედრებელი თვალები ჰქონდა. 
- არაფერი ისეთი არ მითქვამს, რომ... და რა იყო? - მხატვარმა წამით იყუჩა. - მიმი, დებილი ხომ არ ვარ, არა? ისედაც მშვენივრად ვიცი, რომ აქ კედლებსაც ყურები აქვს. არაფერი ზედმეტი არც წამომცდენია და არც მომიყოლია. ჩვეულებრივ, ჩემი პირადი კურიოზები მოვუყევი, ძველი დროც გავიხსენე და ესეც ზომიერად, არც არავინ დამისახელებია და არც არავინ დამიკონკრეტებია, შენ თუ ეს გაინტერესებს და მაინც, რა დაკითხვებს მიწყობ? - მხატვრის ხმაში წყენა იგრძნობოდა. - ნუთუ, ასე ცუდად მიცნობ? 
- შენ კი გიცნობ და ძალიან კარგადაც, მაგრამ ჩემი შვილი, ჯერ კიდევ გამოუცნობია ჩემთვის. - ამოიხვნეშა მიმიმ და იმ დიქტოფონის ამბავი, სულ დაწვრილებით მოუყვა. 
- ჰმ. ჰაჰ! - გაოცებას ვერ ფარავდა მხატვარი. - და როდიდან გისმენს? 
- წარმოდგენაც არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - პირველი იყო ის, რომ ფიფოს კაბინეტში ისე დაამაგრა და მერე ისე ოსტატურად, თვალსა და ხელს შუა გააქრო, რომ წარმოდგენაც არ მაქვს, თუ როგორ და რანაირად მოახერხა და ახლა კი, სრულიად შემთხვევით, ფიფოს საწოლის ქვეშ რომ აღმოვაჩინე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი! 
- მდაა. რა გითხრა არც კი ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ზედმეტად ხმა არ ამომიღია.
- კიდევ კარგი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - მე კი, ვინ იცის, რას აღარ ვქაქანებდი, თუმცა მგონი, არც მე მითქვას, რამე ზედმეტად, მაგრამ ახლა გალეო მადარდებს. 
- გალეო? რატო? 
- და ცალკე, ქირურგიც. - თავი გააქნია მიმიმ. - ერთი ჩუკიზე არ ვდარდობ. შედარებით უფრო ჭკვიანი და წინდახედული ბიჭია და თანაც მაგას რა უნდა ეთქვა ისეთი, ჩვენი წარსულიდან.
- და დეტექტივზე? იმას დარდობ, რომ მთელი საგამომძიებლო მასალა უკვე დიმეოს ექნება ჩაკაკლული? ჰაჰ! 
- ჰმ. - მიმის მდარედ ჩაეღიმა. 
- და ქირურგზე, კი... - მხატვარი გაჩუმდა. - არა მგონია, ზედმეტი რამ წამოეროშა. 
- ნეტა, მართლა მასე იყოს. - მიმი წამით შეყოვნდა და მერე უცებ წამოსროლა. - ვინ იცის, იქნებ ძანესთანაც უგდებს ყურს, მოხუცების საუბარს? 
- მდაააა... ოოოო. ეს უკვე, სერიოზულია. 
- ღმერთო ჩემო, რა ვქნა? რა წყალში გადავვარდე? ვინ არის ეს ბავშვი?! 
- და იქნებ, დიდი ხანი არც არის რაც გისმენს და ჯერ, ბევრიც ვერაფერი მოისმინა? 
- ნეტა მართლა. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- იცი, რა უნდა ქნა? - მხატვარი წამოიწია. - ისევ ისე დააბრუნე, როგორც იყო. 
- სწორედ, მასე მოვიქეცი. ჰმ, საკუთარ სახლში, საკუთარ ქმარს, ისე უნდა ვესაუბრო, რომ ცუდად არავინ გამიგოს? 
- კარგია, რომ დააბრუნე. - ეღიმებოდა მხატვარს. - ახლა გეცოდინება მაინც, თუ რა დოზით უნდა ილაპარაკო ხმამაღლა, თორემ ეგ რომ გაუშიფრო, ახლა სხვანაირად მიუდგება ამ საქმეს და მერე იჩხრიკე და ეძებე, ახალი სამალავები. 
- ნეტა გალეო მაინც მოსულიყო ამ საღამოს და გავარკვევდი რამეს და ურო მშვიდად ვიქნებოდი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - რა მოითმენს დილამდე. თან შეთქმულებივით, არც ერთი რომ არ მოვიდა? 
- სამაგიეროდ, მე მოვედი! - გაიკრიჭა მხატვარი. 
- კიდევ კარგი, შენ მაინც მყავხარ აქ, თორემ სულ გავაფრენდი. 
და ამ დროს, მიმი მართალი იყო. მეგობრები, მართლაც რომ შეთქმულებივით, მიმისგან უჩუმრად, ცალკე შეხვდნენ ერთმანეთს და ამას, სულ სხვა მიზეზი ჰქონდა. 
- აბა, რა იყო ასეთი კონსპირაციული? - ღიმილით იკითხა ქირურგმა და კონიაკი ჩამოასხა. 
- ბებოს უკვე სძინავს? - გალეომ დაბალ ხმაზე იკითხა. 
- დიახ. - ღიმილით მიუგო ქირურგმა. - ძილისპირული, უკვე რა ხანია იყო. 
- და ანდრა? - ახლა ჩუკიმ იკითხა. 
- ოო, ანდრა, მუშაობს! დიახ! - ქირურგმა გაკვირვებულ ბიჭებს თვალი შეავლო და განაგრძო. - ვაჩე წელს აბარებს სამედიცინოზე და სანიტრად მოვაწყვე ჩემთან, ანდრასთან ერთად. პრაქტიკასაც გაივლიან და ისედაც ერთად უხარიათ ყოფნა. ცოტა, საკუთარი ნაშრომი ფულიც ექნებათ. 
- ძალიან კარგი. - გაუხარდა გალეოს, რომ თავისუფლად საუბრის საშუალება მიეცა. 
თავიდან უნდოდა რომ თავის სამსახურში დაებარებინა ორივე, მერე გადაიფიქრა. სახლში რომ მიეყვანა, იქ მშობლები არ მოასვენებდნენ, სუფრის გასაწყობად დაფაცურდებოდნენ და ვერც თავისუფლად ვერ ისაუბრებდნენ. ჩუკისთან კი ისედაც უამრავი ხალხი ცხოვრობდა. ისევ ქირურგთან გადაწყვიტა და თან, მკაცრად გააფრთხილა, არც მიმის უნდა გაეგო და არც არავის უნდა მოესმინა მათი საუბარი. 
- აბა, გისმენთ! - ჭიქას დასწვდა ჩუკი. მასაც სული ელეოდა, როდისღა ამოღერღავდა გალეო სათქმელს, ან რა იყო ასეთი, რომ მიმის არ უნდა სცოდნოდა. 
- ისე, ის მხატვარიც კარგი ბიჭია. - დაურთო ქირურგმა. 
- შეიძლება. - თავი დაუქნია გალეომ. - მაგრამ რადგან ამდენად ახლოს არ ვიცნობ, ისევ თქვენთან მირჩევნია ვილაპარაკო. 
- ჰოდა, ნუ დაგვტანჯე. - სიცილით ჩაურთო ჩუკიმ.
- მოკლედ, ბიჭებო. - როგორც იქნა დაიწყო დეტექტივმა. - ძალიან უცნაური რამ ირკვევა და ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ, თუ რა ხდება. 
- ჰოო? აბა მიდი. - შეაგულიანა ქირურგმა. 
- ფიფოს თავდასხმას ეხება. - განაგრძო გალეომ. - მაგრამ პირველს კი არა, მეორეს, სახლში. 
- ჰოო? - წარბები აზიდა ქირურგმა. 
- მოკლედ ექსპერტიზის დასკვნები, ლამის მგონი ორასჯერ კი არა და აღარ ვიცი, უკვე რამდენჯერ გადავამოწმებინე და არა ერთ სპეციალისტს და ირკვევა, რომ პირველად, ჯერ ექთანია მკვდარი. 
- ეს ხომ თავიდანვეც დადგინდა? - ჩაურთო ჩუკიმ. 
- დიახ და მაგრამ, როგორ? - განაგრძო გალეომ. - აი, ამაშია საქმე! 
- ჰმ. - თავი გააქნია ქირურგმა. 
- მოკლედ, ყავაში. - კვლავ განაგრძო გალეომ. - საკმაოდ დიდი დოზით იყო ჩაყრილი დასაძინებელი საშუალებები, რის შედეგადაც ექთანი გაითიშა, მაგრამ ამით, სულაც არ მომკვდარა. ვიღაცის ხელები დაეხმარა, რომ კისერი მოეგრიხა. 
- მართლა?! - აღმოხდა ჩუკის. 
- დიახ, მართლა! - თავი დაუქნია გალეომ. - მაგრამ ასე დაწვრილებით მიმისთვის არც მითქვამს, თუმცა ექსპერტიზის პირველივე დასკვნიდან უკვე ვიცოდი, რომ ხელით იყო მკვდარი. ნაჭდევი საკმაოდ მკაფიოდ ეტყობოდა ქვედა ყბის ძვალთან. მაშინვე მივხვდი, რომ საკმაოდ პროფესიონალის ნამოქმედარი უნდა ყოფილიყო. ხოლო გვამის გაკვეთის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ჯერ გათიშეს ის საცოდავი და მერე კისრის მალაც, სასიკვდილოდ დაუზიანეს. 
- და ამდენი ცერემონია რა იყო? - გულუბრყვილოდ იკითხა ქირურგმა. - ჯერ, რა საჭირო იყო მისი დაძინება, რომ მერე მაინც კისერი გადაემტვრიათ? 
- ალბათ, ზედმეტ ხმაურს მოერიდნენ. - ჩაურთო ჩუკიმ. 
- დიახ, ყმაწვილო! - კვერი დაუკრა გალეომ. - ხომ შეიძლება, ამ ჭიდილის დროს, რაღაცას გამოდებოდა, ამ სკამს, ან მაგიდას... 
- ან სულაც, დაყვირება მოესწრო? - კვლავ ჩაურთო ჩუკიმ. 
- დიახ, დიახ. - კვლავ დაეთანხმა გალეო. 
- ესე იგი, ჯერ გათიშეს ორივე, დაცვაც და ექთანიც და მერე, ორივე მოკლეს. - დაასკვნა ქირურგმა. 
- არც მასეა საქმე. - დაურთო გალეომ. - გაკვეთისას, მხოლოდ ექთნის ორგანიზმში იქნა აღმოჩენილი, ის საძილე საშუალებები და არა დაცვის თანამშრომლის. 
- იქნებ, ვერ მოასწრო დალევა, იმ ბიჭმა? - იკითხა ჩუკიმ. 
- შეიძლება, ეს მოწამლული ყავა, ვერ დალია, ან სულაც არ დალია, მაგრამ მის ორგანიზმში, არც იმდენად ცოტა რაოდენობის კოფეინი იყო, მაგრამ დასაძინებელი წამლის, არანაირი კვალი არ იყო! - გალეო გაჩუმდა. 
- ისე, ცოტა მაინც რა მაფიქრებს, იცი. - ჩუკი შეყოვნდა. 
- აბა, რა გაფიქრებს? - ღიმილით ჩაეკითხა გალეო.
- ის, რომ მიმის ისე ღრმად ეძინა, არაფერი არ გაუგია საერთოდ და ლამის ზედ დააკლეს ის ბიჭი და მით უმეტეს, დაცვა გათიშულიც თუ არ ყოფილა, რაღაც ჭიდილი, პატარა ხმაური მაინც ხომ იქნებოდა? 
- არადა, მიმის ყოველთვის უძილობა აწუხებდა და მისი ღრმა ძილიც, რაღაც ეჭვსაც იწვევს, არა? - ახლა ქირურგიც ჩაერთო. 
- საქმეც მაგაშია! - მიუგო გალეომ. - მიმისაც ღრმად ეძინა და იმ ექთანსაც, მაგრამ მიმიმ თქვა, მე მხოლოდ ჩაი დავლიეო, ის ექთანი კი ყავას სვამდა და დაცვას, უკვე დანალევი ყავის ფინჯანი ედგა სავარძელთან. ესე იგი, გამოდის რომ წყლის მადუღარაში ყოფილა ჩაყრილი, ის საძილე საშუალებები. ნუ ეს ისედაც გაირკვა კრიმინალისტების მიერ, მაგრამ მიმისთან აღარაფერი ვთქვი. 
- და იმ დაცვის ყავის ფინჯანში, არაფერი აღმოჩნდა? - გაკვირვებით იკითხა ჩუკიმ. 
- ჰმ, სწორი შენიშვნაა. - ცალყბად ჩაეღიმა დეტექტივს. - და შენ წარმოიდგინე, რომ დაცვის თანამშრომლის არც ორგანიზმში და არც მის ყავის ფინჯანში, საერთოდ არ აღმოჩნდა არანაირი საძილე საშულებისა და არც სხვა რამ წამლის კვალიც კი! 
- მოიცა, რაღაც ვერ გავიგე. - ჩაურთო ქირურგმა. - ესე იგი, ის საცოდავი ექთანი გოგო, ჯერ გათიშეს და მერე მოკლეს, მიმიც ასევე გათიშეს, მაგრამ ხელი არ ახლეს, ან ვერ მოასწრეს?
- ასე ჩანს. - კვერი დაუკრა ჩუკიმ.
- და დაცვის ბიჭის გათიშვა ვერ მოასწრეს, თუ როგორ? - გაკვირვებით იკითხა ქირურგმა.
- ნუუ, ასე გამოდის. - თავი გააქნია გალეომ. 
- და რაში აწყობდათ, მარტო ამ ქალების ასე გათიშვა? რომელს უფრო ადვილად ვერ მოერეოდა მკვლელი? ნავარჯიშებ, ნაწრთობ მცველს, თუ უსუსურ ქალებს? - იკითხა ჩუკიმ. 
- ხედავთ, რა გაურკვევლობაა? - ჩაეკითხა გალეო მეგობრებს. 
- ესე იგი, ეს ქალები გათიშეს, ერთი მოკლეს და ის დაცვის თანამშრომელი, ამ დროს სრულიად ფხიზელი, საკმაოდ ჯანზე, არც დაძინებული და არც მოდუნებული, რას აკეთებდა ამ დროს? - იკითხა ქირურგმა. - იმ მომენტში? 
- და ეს ის დროა როცა უკვე ფიფოს აპარატიც გამორთული იყო, არა? - დაუმატა ჩუკიმ. 
- აი, ეგ არის სწორედაც, რომ საკვირველი. - მიუგო გალეომ. - და ქრონოლოგიურად რომ დავალაგეთ, რაღაც აბსურდი გამოვიდა და ეჭვიც კი არ მაქვს, რატომ და როგორ? 
- დაიცა ერთი, თავიდან გავიაროთ, ტვინი მეღრძო უკვე. - კვლავ ჩაურთო ქირურგმა. - იმ დროს, როცა ექთანი უკვე მკვდარია და დაცვა, ჯერ კიდევ ცოცხალია, ირთვება ფიფოს აპარატიც, თუ როგორ? ამერია უკვე!
- ექსპერტიზის უზუსტესი დასკვნით! - დაიწყო ისევ დეტექტივმა. - ექთანი, ჯერ გათიშეს და მერე მოკლეს და სწორედ ამის მერე უთიშავენ ფიფოს აპარატს, იმ დროს როცა ჯერ კიდევ დაცვა ცოცხალია. ამის მერე კლავენ დაცვას და ფიფოს აპარატიც ისევ ამუშავდება. აი, ახლა რა დასკვნა დავდო, ვეღარც მე გავიგე. 
- ისე, ჯერ ის დაცვა, არ უნდა მოეშორებინათ, წესით? - იკითხა ჩუკიმ. - მერე ექთანს უფრო ადვილად არ გაუმკლავდებოდნენ? ან ამდენი ხანი, თუნდაც ათი წუთი, ექთნის ლიკვიდაციის მერე, დაცვა ჯერ კიდევ ცოცხალია და მართლაც, რას აკეთებდა ეს პერიოდი? 
- შეიძლება, ტუალეტში გავიდა. - დაუმატა ქირურგმა. - ამასობაში, ექთანიც მოკლეს, მერე ფიფოსაც მიადგნენ, მერე ალბათ, იქნებ მიმის მოსაკლავადაც გაიწია, ამ დროს დაცვა გამოდის ტუალეტიდან, მაგრამ მკვლელი ერევა, რადგან სწორედ მიმის ფეხებთან ეგდო, ის ბიჭი. 
- მშვენიერი ვერსიაა, მაგრამ? - ჩაეღიმა გალეოს. - ფიფოს ისევ ის აპარატი, უკანვე ჩაურთო მკვლელმა, თუ როგორ გამოდის? 
- ვერაფერი გავიგე! - თავი გააქნია ქირურგმა. 
- ჰო, აი მეც რომ ვერაფერი გავიგე, მაგას ვამბობ ზუსტად! - გალეომ კონიაკი გადაკრა და ჭიქა ადგილზე დადო.
- რაღაც აბსურდია, მაგრამ... - ჩუკი გაჩუმდა. 
- ჰე, თქვი ბარემ! - შეაგულიანა დეტექტივმა. 
- ცოტა სხვა კუთხითაც რომ განვიხილოთ? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა ჩუკიმ. 
- მერე განვიხილოთ! - ახლა ქირურგმა გამოცალა ჭიქა. 
- ჩემი სავარაუდო და ცოტა აბსურდული ვერსია, ასეთია! - დაიწყო ჩუკიმ. - როგორც უკვე არაერთხელ ითქვა აქ, რომ ჯერ ექთანი იქნა ლიკვიდირებული და მანამდე მიმის მსგავსად გათიშული და ამ დროს დაცვა? რატომ არ გათიშეს? თუ უკვე მოსწრებული ჰქონდა ყავის დალევა? იქნებ, თავად ჩაყარა ის წამალი ჩაიდანში? თვითონ ყავის წრუპვით იქცევს თავს, აკვირდება მიმის რომ უკვე სძინავს და რა თქმა უნდა ექთანიც უკვე თავისთავად გათიშული იქნებოდა. შედის სამზარეულოში, ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაძინებულ ექთანს კისერს უგრეხს! ამის მერე შედის ფიფოსთან, აპარატს უთიშავს, მერე მობრუნდება, საწოლს შემოუვლის, რადგან ფიფოს აპარატურა ერთ მხარეს არის და მიმი კი მეორე მხარეს უზის და ამ დროს როცა იქნებ მიმის მოკვლასაც აპირებს, თავად კვდება გაურკვეველ ვითარებაში და ფიფოს აპარატიც უკანვე ამუშავდება! 
- რაოდენ, აბსურდიც არ უნდა იყოს, ესეც საკმაოდ საინტერესო ვერსიაა, მაგრამ... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო გალეომ. - რაღაც დაუჯერებელია, დიმეო იმხელა კაცს, როგორ მოერეოდა? 
- მეც მგონია, რომ ფიფოს აპარატურა, ბავშვს უნდა ჩაერთო, მაგრამ დაცვას მართლა ვერც მოერეოდა. - დაუმატა ქირურგმა. 
- ნუ ცხადია, რომ ვიღაც კიდევ იყო იქ! - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - თუ მკვლელი იყო, მაშინ რას ერჩოდა იმ ორ ადამიანს, როცა ფიფო უნდა მოეკლა და პირიქით გააკეთა? რატომ თავიდანვე დაცვა არ გათიშა? 
- არის კიდევ ერთი პატარა ნიუანსი. - ჩაურთო ჩუკიმ. - თუ მართლა მოგზავნილმა მკვლელმა ჩაიდინა და რადგანაც დაცვა, მანამდე არ გათიშა, სავარაუდოდ იმ დაცვის ბიჭმა შემოუშვა მკვლელი! 
- არის ეგ ვერსიაც საინტერესოდ. - თავი დაუქნია გალეომ. 
- და როცა თავისი საქმე გააკეთა. - განაგრძო ჩუკიმ. - მერე ის დაცვაც მოკლა, ამით ზედმეტი მოწმეც მოიშორა და მოწმის გარდა ალბათ, ფულში მოწილეც, მერე სავარაუდოდ მიმის მოკვლაც შეიძლება უნდოდა, ან არც არაფერში სჭირდებოდა. 
- შეიძლება მასეც იყო. - კვერი დაუკრა ქირურგმა. 
- ისე იქნებ, რაღაცამ შეუშალა ხელი და იქაურობის დატოვებაც უცებ მოუხდა? - იკითხა ჩუკიმ. - ან სულაც, დროულად გაეცალა, რადგან ყველაფერი მოახერხა, რაც უნდოდა. 
- და აპარატი ვიღამ ჩაურთო ფიფოს? - ჩაეკითხა დეტექტივი. - მიმი თავგამოდებით იფიცება და მე მჯერა მისი! 
- არა, რატომ მოგვატყუებდა? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. 
- მაშინ ბავშვმა ჩართო! - დაასკვნა ჩუკიმ. - და ცოცხალი თავით, არ ამბობს! 
- როგორმე იქნებ, ვათქმევინო. - ჩაფიქრებული ხმით დასძინა გალეომ. 
- იქნებ ბავშვმა, დაინახა მკვლელი და ეშინია? - ჩაურთო ჩუკიმ. - მაგიტომაც არ იღებს ხმას. 
- ეს უფრო სწორი ვერსიაა. - თავი დაუქნია გალეომ. - როგორმე უნდა ვთხოვო, რომ მარტო მე გამენდოს, თუ უნდა სულ ნუ აღწერს იმ მკვლელს, იმასაც ავუხსნი, რომ მისი აღწერა ბევრ არაფერს მოიტანს, რადგან მაინც დამკვეთია მთავარი, კაცურად დაველაპარაკები, ვთხოვ, შევევედრები და მუხლებზეც დავუჩოქებ! - დაასრულა სიცილით გალეომ. 
სხვებსაც გაეცინათ და კვერი დაუკრეს, ნამდვილად ყველაფერი ასე იქნებოდა და დეტექტივსაც გულზე მოეშვა.
ჩუკიმ საათს დახედა. უჰ, რა დრო გასულაო და წასასვლელად მოემზადა. მერე დეტექტივიც თან გაიყოლა და მასპინძელიც თავის ფიქრებთან ერთად მარტო დარჩა. 
- ეგ ისეთი ბავშვია, ასე ადვილად ვერც გამოტეხავ. - უთხრა ჩუკიმ დეტექტივს, როცა უკვე მანქანაში ისხდნენ და სახლებისკენ მიდიოდნენ. 
- ვიცი. - ამოიხვნეშა გალეომ. - და არც კი ვიცი, როგორ და საიდან მივუდგე, რა შევპირდე? რა ვაჩუქო, ან რით მოვხიბლო? 
- ვერაფრით! - გაეცინა ჩუკის. - მასეთ ჭკვიან და გამჭრიახ ბავშვს, ვერაფრით მოხიბლავ, სჯობს სიმართლე უთხრა და კაცურად აუხსნა, ეს უფრო გაჭრის. 
- ვითომ? - ჩაეცინა დეტექტივს. 
- რა ვიცი? - სიცილითვე აიჩეჩა მხრები ჩუკიმ. 
- მიმის ჯერ ნურაფერს ეტყვი, მე თვითონ ავუხსნი და მასაც ვთხოვ, იქნებ დამეხმაროს და ბავშვი დაიყოლიოს. 
- ყველამ ერთად რომ ვთხოვოთ? 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა გალეომ. - თუ გაჭრის? რატომაც, არა! 
- ახლა სად არის? 
- ვინ? 
- ვინ და დიმეო! 
- ??? - დეტექტივმა გაკვირვებით გადმოხედა. - სად უნდა იყოს? სახლში იქნება! 
- ჰოდა, წამო დავადგეთ! მერე რა, რომ გვიანია. მივიდეთ და ძალიან, ძალიან ვთხოვოთ! 
დეტექტივმა მანქანა შეაჩერა. წამით, ჩუკის შეავლო მზერა, მერე მობილური მოიმარჯვა და მიმის შეეხმიანა. 
- დიმეოს ალბათ უკვე სძინავს, არა? - შეაპარა კითხვა გალეომ და როცა გაიგო, რომ ბავშვი ძანესთან იყო, დამწუხრებული სახით გადმოხედა ჩუკის, თუმცა მაინც მხიარული ხმით მიუგო მიმის. - ხვალ, ან ზეგ აუცილებლად შევიკრიბოთ და ისე, მაინც მინდა რომ დიმეოც იყოს, რაღაც პატარა ექსპერიმენტივით არის და ისე, მართლაც რომ უბრალოდ მაინტერესებს ბავშვის აზრიც, ერთი რას მეტყვის. 
მერე ძილი ნებისა უსურვა, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, რომ ვერაფრით მოიცალა. მობილური გათიშა და ჩუკის გახედა. 
- რას ვიზამთ. - ჩაეღიმა ადვოკატს. - ამაღამ სჯობს, ყველამ გამოვიძინოთ და სხვა დროს იყოს, მერე. 
- არც დიდი ხნით გაწელვა აღარ მინდა. - მიუგო გალეომ. - უკვე ისედაც ცხადია ყველაფერი და ისე, იმ დაცვის ბიჭზე მეც ვეჭვობდი. ნამდვილად მკვლელთან იქნებოდა შეთანხმებული. 
- მერე კი, აღარ დასჭირდათ და მოიშორეს. 
- დიახაც! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - აი, მაგიტომაც არ იყო არც მის ყავის ფინჯანში და არც მის ორგანიზმში, არანაირი წამლის კვალი. 
- და ფიფოს აპარატიც, ნამდვილად დიმეომ ჩართო. 
- რა თქმა უნდა! 
- და დარწმუნებული ვარ, არ გვეტყვის! ხმასაც კი არ ამოიღებს! 
- ვითომ? - ჩაეკითხა გალეომ. 
- თუ გინდა, სანაძლეოს ჩამოვალ? 
- ჰმ, კარგი. კარგი! ახლა მართლაც დაღლილები ვართ და ხვალიდან პირობები შევათანხმოთ და აბა ერთი ვინ მოიგებს, მაგასაც ვნახავთ! 
LEX. 2022 წლის 4 აპრილი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment