სანამ მაკა ექიმი, სამშობიაროს ეზოში მანქანას შეაგრიალებდა, უკვე შორიდანვე შენიშნა შეწუხებული ქალი, რომელიც თვალის ცეცებით აქეთ-იქეთ იყურებოდა და აშკარად, ვიღაცას ეძებდა ან სულაც, ელოდა.
მაკამ სვლა შეანელა. შეეცადა, უფრო მეტად დაკვირვებოდა ქალს. ფრთხილობდა, ყოველთვის ერიდებოდა მომჩივან და პრეტენზიულ ხალხს.
ასე ერთი შეხედვით და თანაც შორიდან, თითქოს საშიშიც არაფერი იყო. მაკა ექიმი მანქანიდან გამოსვლას არ ჩქარობდა. ჩამუქებული მზის სათვალეც მოირგო. მერე ჩანთიდან სუნამო ამოიღო. ჯერ მაჯაზე დაიპკურა. მისმა სურნელმა, შფოთი მოუხსნა და შვებაც მოჰგვარა. ახლა უფრო შემართებული და თავდაჯერებული ნაბიჯით გადმოვიდა მანქანიდან. სუნამოს სურნელით კმაყოფილმა, ბედნიერი ღიმილიც მოირგო და ის იყო, სამშობიაროს შესასვლელის კიბეზე შედგა თუ არა ფეხი, მოულოდნელად ვიღაც ქალის ხმამ შეაჩერა.
- მაკა ექიმო!
მაკა შედგა. მშვიდად, აუღელვებლად გამოხედა უცნობს. ეს სწორედ ის ქალი იყო, რომელიც ეზოში შემოსვლისთანავე შენიშნა და რატომღაც, მაშინვე თვალში ეცა. მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროს ეზოში, შეშფოთებული, გაღიზიანებული თუ მხიარული ხალხი, არც იყო გასაკვირი, მაგრამ ქალური ინტუიციის მიხედვით, ამდენ ბრბოში, მაინც გამოარჩია და არც შემცდარა. უცნობი ქალი, პირადად მას უცდიდა.
- მაკა ექიმო, ალბათ თქვენ ვერ მიცანით... - მორიდებით მიმართა ქალმა.
- სიმართლე გითხრათ, არ მეცნობით. - გაუღიმა მაკამ.
- მე თქვენთან ვიმშობიარე.
- ჩემთან? - მაკამ სათვალე ოდნავ ჩამოიწია და ზემოდან შეათვალიერა ქალი. - ნამდვილად ვერ გიხსენებთ და როდის იმშობიარეთ?
- დიდი ხნის წინ, თქვენ მამშობიარეთ, წინასწარ მყავდით აყვანილი და ვიფიქრე იქნებ, გაგახსენდეთ.
- ჰმ. - კვლავ გაეღიმა მაკას. - დიდი ხნის წინ?
- ასეც ვიფიქრე, რომ არ გემახსოვრებოდით, მაგრამ მაინც ვცადე. - ნაღვლიანად მიუგო ქალმა.
- და მაინც, რამდენი ხნის წინ? - დაინტერესდა მაკა და ისიც კი გაიფიქრა, თუ დიდი ხნის წინ იმშობიარა ჩემთან, ახლა რაღა უნდა, რას დაეძებსო.
„ან ვინმემ, რამე ხომ არ ჩააწვეთა?
არც კი მეცნობა, ვინ არის? ვერც ვიხსენებ.“
- ათი წლის წინ. - მიუგო ქალმა.
- უჰ! - მაკას აშკარად გულზე მოეშვა. - ათი წლის წინანდელი, კი არა, გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს ხოლმე, ისეთ გადარბენაზე ვარ სამსახურში.
- კი მესმის. - თავი დაუქნია ქალმა. - მესმის თქვენი.
- თქვენ კი გესმით ჩემი, მაგრამ მე არ მესმის თქვენი. - მშვიდი ხმით მიუგო მაკამ. - ჩემთან რაღაც საქმეზე თუ ხართ მოსული, ბარემ მითხარით, თორემ ხომ კარგად იცით, რამდენ პაციენტს ვაყოვნებთ ახლა და უკვე და ვინ იცის, რა ხანია მოუთმენლად მელიან.
სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, ნებისმიერ ექიმი უარის ნიშნად, თავსაც გააქნევდა და ზურგსაც ადვილად შეაქცევდა. მართლაც, ათი წლის წინანდელი, ვიღაც უცხო მშობიარე, რომელ გინეკოლოგს უნდა ახსოვდეს? მაგრამ მაკა ექიმის ვარიანტში, სულ სხვა რამ იყო.
მართლაც, რა უნდოდა ამ ქალს? ნეტა მართლა, რომელმა კვალმა მოიყვანა ისევ აქ, საიდანაც სავარაუდოდ, მისი ჩვილი იქნებოდა, მოპარული და გაყიდული, მაკას ჩარევითა და უშუალოდ, მისი თაოსნობით.
ქალმა ვერაფერი უპასუხა. ყოყმანობდა. თითქოს, დაიბნა კიდეც, სათქმელს თავს ვერ აბამდა.
- თუ გინეკოლოგის აყვანა გსურთ, შეგიძლიათ მიმღებში იკითხოთ და იქიდან აარჩევთ, ვისთან გინდათ ჩაწერა. - კვლავ დინჯი და აუღელვებელი ხმით მიუგო მაკამ. - თუ მაინც და მაინც, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გინდათ გრძელდებოდეს თქვენი ორსულობა, მაინც მიმღებში უნდა დააფიქსიროთ, თქვენი განაცხადი.
- არა, მე მაგისთვის არ მოვსულვარ. - ნაღვლიანი ხმით უპასუხა ქალმა.
„ღმერთო ჩემო!
რა ჯანდაბა უნდა?“
მაკამ ამოიხვნეშა. წამით დაფიქრდა, რაღაცაში იყო საქმე და ასე ყველას დასანახად საუბარი, მაკას ნამდვილად არ აწყობდა და მით უმეტეს, თუ ამ ვიღაც უცხო ქალს, საშინელი დარდი აღბეჭდვოდა სახეზე.
- წამოდით, ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ. - შესთავაზა მაკამ, რადგან სხვა გზა აღარ რჩებოდა. ჩანდა ეს ქალი, მართლა პირადად მასთან იყო მოსული. - მხოლოდ, ძალიან ცოტა დროს მაქვს.
უცნობი ქალი უხმოდ მიჰყვა მაკა ექიმს.
სამშობიაროში შესვლისას, როგორც კი დერეფანი ჩაიარეს, მაკას ერთგული ყმა ექთანი, მაშინვე ღიმილით გამოენთო, სასიამოვნო სამუშაო დღე უსურვა. თანაც, თვალებში შესციცინებდა. ცხადია, ახალ დავალებასაც ელოდა და მერე თვალიც უცნობისკენ გააპარა.
მაკამ კაბინეტის კარი გააღო და ჯერ ის უცხო ქალი შეუშვა. თავად კი შესვლისას, ექთანს გამოხედა და დინჯი ხმით უთხრა:
- ცოტა ხნით, არავინ შემაწუხოს.
- კარგი. მაკა ექიმო, არავის შემოვუშვებ. - მაშინვე მიგო ექთანმა და ერთი სული ჰქონდა გაეგო, ის უცნობი ვინ იყო.
- ათი წუთი მაინც! - მაკამ ექთანს თვალი გაუსწორა.
ექთანი მაშინვე მიუხვდა. მაკამ იმ ათ წუთს, ცოტა სხვანაირად გაუსვა ხაზი. ამით ანიშნა, რომ ექთანი მაკას კაბინეტში, ზუსტად ათ წუთში უნდა შესულიყო და ნებისმიერი მიზეზით გამოეყვანა უნდა გარეთ. რის მერეც, თავისთავად ის უცნობიც დატოვებდა კაბინეტს. ეს ჩვეული მინიშნება იყო, რომელიც არა ერთხელ გამოადგათ. ექთანიც უკვე დიდი ხანია მიჩვეული იყო ამას, და მშვენივრადაც ართმევდა თავს.
- აბა, გისმენთ. - მაკა თავის სავარძელში მოკალათდა.
ქალმა ამოიხვნეშა.
- თუ გვაცალეს წესიერად საუბარი, კარგი იქნება, ამიტომ დაიწყეთ, გისმენთ! - კვლავ გაუმეორა მაკამ.
- მეხუთე ბავშვზე, ნაადრევი მშობიარობა, რომ დამეწყო. - დაბალი ხმით დაიწყო ქალმა.
- ეს აქ? ჩვენთან? - ჩაეკითხა მაკა.
- არა. - თავი გააქნია ქალმა. - თქვენთან, მესამე ბავშვზე ვიწექი.
- ჰო ოო? - მაკამ წარბები აზიდა. - ნამდვილად ვერ გიხსენებთ.
მაკა ექიმი, სრულ სიმართლეს ამბობდა. მართლა ვერ იხსენებდა ამ ქალს და მით უმეტეს, ათი წლის მერე, რომელი ერთი უნდა გაეხსენებინა?
- და რამდენად ნაადრევი? - ჩაეკითხა მაკა. თუმცა, სულაც არ აინტერესებდა ამ ქალის ისტორია, მაგრამ კონკრეტულად რისთვის იყო მოსული, ზუსტად ეს იწვევდა მის მთავარ ინტერესს.
- შვიდი თვის და ერთი კვირის. - მიუგო ქალმა.
- ჰო, ეს მართლა ნაადრევია და ბავშვი, ცოცხალი დაიბადა? - კვლავ ჩაეკითხა მაკა.
- აი, საქმეც მაგაშია, რომ ბოლომდე ვერ გავარკვიე. - ქალი წამით შეყოვნდა და ისევ განაგრძო. - ნაადრევად კი ამტკივდა მუცელი, მაგრამ მშობიარობას, მაინც ბავშვის შესანარჩუნებლად დაწოლა მირჩიეს. თუმცა, იმავე ღამესვე დამეწყო ისეთი საშინელი ტკივილები, რომ გამაყუჩებლებიც კი გამიკეთეს და მხოლოდ მეორე დღის საღამომდე, ძლივს ვიმშობიარე.
- წარმომიდგენია. - თანაგრძნობით მიმართა მაკამ. - რასაც განიცდიდით.
- თქვენ ჯერ კიდევ არ იცი, თუ რა განვიცადე იმის შემდგომ, როცა ირგვლივ ყველა მიმტკიცებდა, რომ ეს ნაყოფი, ჯერ ჩამოუყალიბებელი და არასრულყოფილიაო და ეს მშობიარობა კი არა, არამედ აბორტია დიდ თვეზეო.
- ნუ, პრინციპში, მასეც არის ხოლმე. - თავი დაუქნია მაკა ექიმმა.
აბა, სხვა რა უნდა ეთქვა? ამით, სავარაუდოდ, თავისნაირ მტარვალ კოლეგას თუ იცავდა.
- ეს ჯერ კიდევ, ჩამოუყალიბებელი ნაყოფიაო. - კვლავ გაიმეორა ქალმა. - და ამაზე, როგორც ბავშვზე, აღარ უნდა იფიქროო. - ქალმა ამოიხვნეშა და მაშინვე განაგრძო. - და როგორ არ მეფიქრა, აბა? განა შვიდ თვიანები, ან რვა თვიანებიც არ იბადებიან? და მშვენივრადაც არიან!
- როგორ გითხრათ? - თავი გააქნია მაკამ. - ზოგჯერ შვიდ თვიანები კი არა უფრო ნაკლებიც, ექვს თვე ნახევარზეც კი დაბადებულად და მართლაც რომ მშვენივრად გრძნობენ თავს და რაღაც მომენტში, მაგაზეც არ არის, მაინც ბავშვს გააჩნია, მის სიძლიერეს, მის ჯანმრთელობას, მის მდგომარეობას!
- გმადლობთ, რომ თქვენ მაინც მეთანხმებით და სხვებივით საწინააღმდეგოს, არ მიმტკიცებთ. - ნაღვლიანად გაუღიმა ქალმა.
- რაც სინამდვილეშია, მხოლოდ ეს გითხარით. - მაკამ თბილად გაუღიმა. - აბა, რა მაქვს, თქვენთან საწინააღმდეგო?
ქალმა თავი გააქნია.
- და ბავშვი?.. დაიღუპა? - ისევ ჩაეკითხა მაკა.
- ხომ გითხარით, სულ იმას მიმტკიცებდნენ, რომ ეს დაუსრულებელი ნაყოფია და არა, ნორმალურად ჩამოყალიბებული ბავშვიო! არა და, ნამდვილად გავიგე ბავშვის ტირილი.
- იქნებ, სხვისი ბავშვი ტიროდა?
- არა, არ იქნებოდა სხვისი. - ქალს ცრემლები წამოსცვივდა. - ნამდვილად ჩემი ბიჭი ტიროდა.
- ბიჭი იყო? - სინანულით იკითხა მაკამ. თუმცა, სინამდვილეში მისთვის, რა მნიშვენლობა ჰქონდა.
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და მერე ნაღვლიანად დასძინა:
- აქაც ბიჭზე ვიმშობიარე. სახლში კიდევ, სამი გოგო მყავს. ახლაც ყურებში მაქვს ჩემი ბიჭის ტირილი.
- ვერაფერს გეტყვით. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - იქ ნამდვილად არ ვყოფილვარ, არც კი ვიცი მათი პალატების განლაგება. იქნებ, სულაც მართლაც სხვისი ბავშვი ტიროდა და ძალიან ახლოდან ისმოდა, ან გვერდითა პალატიდან ან მოპირდაპირე და თანაც, მარტო თქვენ ხომ არ იმშობიარებდით?
- მარტო ვიყავი. - მიუგო ქალმა. - სამშობიარო ბლოკში, იმ დროს, მარტო მე ვიყავი!
- კარგი. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა სამშობიაროებთან ნამდვილად არ მაქვს იმდენი წვდომა, რომ ან გადავამოწმო, ან რამე მოვითხოვო. - მაკამ წამით იყუჩა და განაგრძო. - თუმცა, მაინც ვერ გამიგია, ჩემთან რატომ მოხვედით?
- ბარემ, ბოლომდე მომაყოლეთ და ახლავე აგიხსნით. - მიუგო ქალმა.
ის იყო, საუბრის გაგრძელებას აპირებდა, რომ ოთახში საქმიანი სახით, მაკას ერთგულმა ექთანმა შემოიხედა.
- მაკა ექიმო! - მიმართა ვითომდა აქოშინებული ხმით. - დაეწყო უკვე მშობიარობა!
- ვის? - უნებურად წამოსცდა მაკას. თუმცა, მალევე გამოასწორა და მაშინვე ღიმილით ჰკითხა: - რომელ ერთს?
- აი, იმ გოგოს!
- ჰო, გოგოს აბა ბიჭს? - გაეცინა მაკას. - რა გვარია? ვინ არის?
- ვაიმე, გვარი არ მახსოვს... - დაიბნა ექთანი.
- მოვალ მე თვითონ. - ცოტა არ იყოს, ცივად მიუგო მაკამ. - ტკივილები თუ ახლა დაეწყო, ჯერ ალბათ, არც ექნება წყლები დაღვრილი.
- ჰო, არა აქვს! - მაშინვე აიტაცა მაკას მინიშნება ექთანმა და კაბინეტი დატოვა.
- აი, ხედავთ? რა დღეშიც ვარ? - მიუბრუნდა მაკა უცნობ ქალს. - ერთი წუთით მოსვენებაც კი არ მაქვს! თქვენ კი არ გახსოვართო და აბა, ამდენ ორომტრიალში, რომელი ერთი დაგიმახსოვროთ?
- მაპატიეთ, მაკა ექიმო. - შეწუხდა უცნობი. - ბოდიშს გიხდით.
- არა, არა, საპატიებელი და საბოდიშო, ნამდვილად არაფერი გაქვთ. - გაუღიმა მაკამ. - გისმენთ, აბა განაგრძეთ, თორემ ეს ექთანი, კიდევ არა ერთხელ შემოგვივარდება აქ.
მაკა ინტერესით კვდებოდა. ჯერ კიდევ ვერ გაეგო, ბოლოს და ბოლოს, რა უნდოდა ამ ქალს.
- ორი დღე, ისე ცუდად ვიყავი. - განაგრძო ქალმა. - თან წამლებმაც ალბათ, ზედმეტადაც იმოქმედა და მესამე დღეს კი, ასე გათიშულმა, რაღაცეებზე მოვაწერე ხელი. არც კი ვიცი და მაშინ, წესიერად ვერც ვაცნობიერებდი, თუ რას ვაკეთებდი. მეუბნებოდნენ, ასეა საჭიროო.
- საბუთებზე, რომ აუცილებლად უნდა მოაწეროს მშობიარემ და მისმა პატრონმა ხელი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, აბა ისე როგორ? - ჩაურთო მაკამ. თუმცა, მშვენივრად ხვდებოდა, ქალს ზუსტად, რაც აეჭვებდა და ისევ უცნობი გინეკოლოგის სასარგებლოდ დაუმატა. - თუმცა, გააჩნია რა საბუთია.
- აი, როგორი სამართლიანი ყოფილხართ მაკა ექიმო. - შეაქო ქალმა. - მეც მაგას ვეჭვობ, რომ რაღაც ისეთ საბუთზე მოვაწერე ხელი, რომ ამ საბუთით, საკუთარ შვილზე, უარიც მათქმევინეს!
- უიმე, რას ამბობთ?! - შეიცხადა მაკამ. - ჯერ ერთი, რომ ეგ ისეთი საკითხია, რომ... თანაც, მე მსგავსი არაფერი მითქვამს!
- როგორ? ამ წუთას არ მითხარით, მასე? - გაიკვირვა ქალმა.
- არა, მე სულ სხვა კუთხით გითხარით. - მაკა ახსნას შეეცადა. - ალბათ, კარგად ვერ გამიგეთ. მე მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ საერთოდ, კარგად უნდა დაუკვირდეთ, თუ რა საბუთზე აწერთ ხელს და არა, ის რომ თქვენ, მაინც და მაინც, ბავშვის გაშვილებაზე მოაწერეთ ხელი! მე იქ, არც ვყოფილვარ და აბა, როგორ უნდა დამედასტურებინა?
- ჰო, კიდევ მაპატიეთ მაკა ექიმო.
- კიდევ გაპატიებთ. - ღიმილით მიუგო მაკამ. - მაგრამ რომ არ ვიცი, რა გაქვთ საპატიებელი? ამიტომ, სანამ კიდევ რამდენიმე წუთი დრო გვაქვს, გისმენთ, აბა!
მაკას უკვე, გული უღონდებოდა და თან, არც უნდოდა ამ ქალის ისე გაშვება, რომ ბოლომდე არ გაეგო, მართლაც რისთვის მოადგა, ათი წლის წინანდელი პაციენტი.
- არც გარდაცვლილი ბავშვი არ გამოგვატანეს. - განაგრძო ქალმა. - მე ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი მშობლები კი, მთელი კვირა ატარეს. ჯერ გამოკვლევაზეაო, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდესო.
- ნუ, ეს ჩვეული პროცედურაა და თანაც, აუცილებელი. - კვლავ იცავდა მაკა, იმ ვიღაც უცნობ კოლეგას.
- მერე ვითომ, რომ აღარ გამოჩნდითო, ჩვენვე დავასაფლავეთო! არადა, წინა დღით უთრეს ჩემებს, რომ ჯერ ისევ, ექსპერტიზა უტარდებაო.
- მდაა. - ამოიხვნეშა მაკამ. - ეგ უკვე, იქაური ექთნის, ან სანიტრის დაუდევრობაა.
- ჰო, მაგრამ! - ქალის ხმაში ისტერიამაც გაჟონა. - ვიღაცამ, ხომ უნდა აგოს პასუხი?
- და ამის გამო, ჩემთან მოხვედით? - უკმაყოფილოდ ჰკითხა მაკამ. - მე, რა შუაში ვარ?!
- არა, მაკა ექიმო. - მოწიწებით მიუგო ქალმა. - თქვენ კი არაფერს გაბრალებთ, მაგრამ როცა იქაურობა შევძარი... - ქალი შეყოვნდა. - ადვოკატიც კი ავიყვანე.
- ჰო ო? - მაკა წარბები აზიდა. - მერე?
- დაწვრილებით მომიწია ჩემი ყველა მშობიარობის ისტორიების ჩამოწერა და ისიც მირჩიეს, ათი წლის წინ აქ, თქვენთან რომ ვიმშობიარე, იმ ბავშვის მშობიარობის ჩანაწერები უნდა მომეძია, რომ ზუსტი დიაგნოზი გაგვეგო და შეგვედარებინა.
- იმ ბავშვის? - ჩაეკითხა მაკა და უკვე რაღაც ცუდს უგრძნობდა. - ეგ ხომ, ათი წლის წინ იყო და ბავშვი, ხომ კარგად არის ახლა?
- არა, მაკა ექიმო, არა. - ნაღვლიანად გააქნია თავი ქალმა. - მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა.
მაკას ფერი წაუვიდა.
- ბავშვის წასაყვანად, მეორე დღეს იყვნენ ჩემები აქაც დაბარებულნი, მაგრამ მეორე დღესვე მისულებს უთხრეს, რომ ბავშვი უკვე, დასაფლავებულიაო.
- რა გითხრათ, აბა? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - მე მხოლოდ, გამშობიარეთ და ჩემგან განსხვავებით, თქვენ უკეთ გახსოვართ და დანარჩენზე, პასუხს ხომ ვერ ვაგებ?
- ჩვენებმა მაშინ არ იცოდნენ. - განაგრძო ქალმა. - რომ დაბადების მოწმობასთან ერთად, გარდაცვალების მოწმობაც უნდა აგვეღო. - ქალმა წამით იყუჩა. - მაშინაც ასე ხელცარიელნი წამოვიდნენ, მაგრამ მერე ახლა უკვე, ჭკუას მოვუხმე და ადვოკატმაც მირჩია, რომ ყველა ჩანაწერი მომეძია, სადაც კი ვიმშობიარე.
მაკამ უხმოდ დაუქნია თავი. ანდა, რა ჰქონდა სათქმელი?
- წინა კვირას, ამ სამშობიაროს არქივიდანაც ხელცარიელნი გამობრუნდა ჩემი ქმარი.
- არქივიდან? - იკითხა მაკამ. - ჩვენი?
მაკა გაოგნებული იყო, სიბრაზეც მოაწვა. რატომ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, თუ ვიღაც, სამშობიაროს არქივის ამონაწერს ითხოვდა.
- დიახ! ამ სამშობიაროს. - დაუდასტურა ქალმა. - სტატისტიკოსმა, უარით გამოისტუმრა ჩემი მეუღლე. არქივში, საერთოდ არ იყო ჩემი ისტორია! არსად, არც ერთ ფურცელზე არ ვარ გატარებული, არც ერთ გრაფაში არ ვარ აღნიშნული, როგორც მშობიარე და ვერც ჩემს შვილზე მოვიძიე ინფორმაცია!
- საინტერესოა... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ. - მერე?
- მერე ის, რომ რადგან მე, როგორც მშობიარე, არსად არ ვარ გატარებული და არც ჩემი შვილის დაბადებაა დაფიქსირებული სადმე! და გამოდის, რომ თითქოს, საერთოდ არ მიმშობიარია იმ დროს!
- და არ უთხარით, რომ კარგად მოეძებნათ? - ჩაურთო მაკამ. - იქნებ, სადმე იყო გაბნეული? უამრავი მშობიარობებია აქ და თანაც, მით უმეტეს, თუ ამდენი დროა გასული, ათი წლის წინანდელი ჩანაწერი, ასე ადვილი მოსაძებნიც არ არის.
- არქივშიც, სწორედ ასე მიპასუხეს. ალბათ, თქვენი ისტორია დაიკარგაო. - განაგრძო ქალმა. - მაგრამ ადვოკატმა გვითხრა, რომ ყოველ აღნიშნულ ისტორიას, დაკარგულსაც კი, თავისი ნუმერაცია აქვსო.
- კი, მასეა. - კვერი დაუკრა მაკამ. - წესით, მასეც უნდა იყოს! თუმცა, ზოგიერთი ექთნის კი არა და, ექიმების დაუდევრობასაც არა ერთხელ შევსწრებივარ.
- ჰო, სწორედ ეგ დაუდევრობა და ფეხებზე მკიდიაობა ღუპავს ქვეყანას.
- და მერე? - ჩაეკითხა მაკა. - რა გაარკვიეთ?
- მერე ისევ მივიდა ჩემი ქმარი არქივში. - კვლავ განაგრძო ქალმა. - მთელი ის წლები ამოვაბრუნეთ და წიგნების დანომვრის ნუმერაცია, თანმიმდევრულად იყო დაცული და არც არაფერი იყო არეული და არც არაფერი აკლდა!
- კი მაგრამ. - განცვიფრდა მაკა. - სხვისი ისტორიების გადაქექვა, რა უფლებით მოგცეს? - თან ლამის გულზე გასკდა, რომ პირველად ესმოდა ეს ყველაფერი და არავინ არაფერი უთხრა.
- ხომ გითხარით, ადვოკატიც ახლდა ჩემს ქმარს და მას ჰქონდა ზუსტად ის ორდერი ქვია თუ ნებართვა, რომ კარგად დაეთვალიერებინა მშობიარობების ისტორიები და აღმოჩნდა, რომ საერთოდ, არ მიმშობიარია თურმე!
- მდაა. საინტერესოააა. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ. - იქნებ, ისიც... - მაკა შეყოვნდა. - იქნებ, ისიც ასევე დიდი აბორტი იყო და... ნუუ, მე ნამდვილად არ მახსოვს! - თავი გააქნია მაკამ.
- არა! მაკა ექიმო! - წამოენთო ქალი. - ნამდვილად ვიმშობიარე! ცხრა თვე და ერთ კვირაზე! ისიც ბიჭი იყო! მხოლოდ ერთი დღით ვნახე და მეორე დღეს გარდაიცვალა და ამასაც ვერ ვამტკიცებ, მე უბედური, რომ იმ დროს, შვილი გავაჩინე! - ქალს ცრემლები წამოსცვივდა. - მხოლოდ იმ დროინდელი სამაჯური მაქვს შენახული და მარტო ამით, როგორ დავამტკიცო?
- სამაჯური? - ჩაეკითხა მაკა. - ჰო ისე, მარტო მაგით როგორ უნდა დაამტკიცო?
- ადვოკატმაც ეგ მითხრა. - მიუგო ქალმა. - მაგას არავინ დაგიჯერებსო, რადგან მაგის დაწერა, ყველას შეუძლიაო და მიდი მერე და ამტკიცეო!
- პრინციპში, ეგ მართლაც არ არის მყარი არგუმენტი. - მშრალად მიუგო მაკამ. - და მაინც, ჩემგან რა გინდათ, ამას ვერ ვხვდები.
- მინდა დამიდასტუროთ, რომ ნამდვილად თქვენთან ვიმშობიარე! - მტკიცე ხმით მიუგო ქალმა. - თქვენ მამშობიარეთ და ჩემი შვილი, მკვდარი არ დაბადებულა!
- მე ვერაფერს დაგიდასტურებთ! - თავი გააქნია მაკამ. - რადგან მართლაც, თქვენი თქმის არ იყოს, არ არსებობს სამშობიარო ჩანაწერები და თანაც, ნამდვილად არ მახსოვხართ და რომც მახსოვდეთ, ჩემი სიტყვა, სად უნდა ვამტკიცო, როცა არც ერთი საბუთი არ გაქვთ ხელთ.
- და ესე იგი, მართალი გამოდის ის ჭორები. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა.
- რა ჭორები? - თვალები დაჭყიტა მაკამ.
- ასე ატყუებენ, თურმე ჩემნაირ გოიმ დედებს, ბავშვებს ართმევენ, მერე ვითომ მოკვდაო, მისი მშობიარობის ყველა კვალსაც აქრობენ.
- ვაიმე, რა სისულელეა! - წამოიძახა მაკამ. – ისედაც, რამდენი ბავშვი იზრდება თავშესაფარში და რატომ უნდა დაემალათ თქვენთვის, შვილი? თუ არ გჯერათ, ნახეთ ბავშვთა სახლებში, რამდენ დედას ჰყავს მიტოვებული ბავშვი, ისე რომ საკუთარი წარმომავლობაც კი არ ჰქონია დაფიქსირებული!
პასუხად ქალმა დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- თითქმის, ყოველ მეორე თვეში. - დაიწყო მაკამ დინჯი, დაბალი ხმით. - და ზოგჯერ, უფრო ხშირადაც, ძალიან ბევრი დედა ტოვებს ბავშვს. ნუ ათასი მიზეზი არსებობს ამის, რატომ და რისთვის. თუნდაც, ის რომ მშობლებს დაუმალა ორსულობა. ანდა, სულაც, თვითონ იმ მშობიარე გოგონას მშობლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ბავშვის დატოვებაზე და რატომ უნდა მოეპარათ თქვენი შვილი, ვინმეს? ვის ჰქონდა, ორი თავი?
***
მაკას მთელი ღამე არ ეძინა, ან რა დააძინებდა?
ჯერ თავიდან იფიქრა, ჩაუვარდები იმ არქივის გოგოებს და სულ ძმრად ვადენ ასეთ ქარაფშუტობასო.
„არა, მართლაც რა თავხედობაა?! შედიხარ არქივში და უმოწმებ პაციენტების ისტორიების ნუმერაციას!
და ეს ბრიყვებიც კიდევ, გატრუნდნენ და როგორ არავინ არაფერი მითხრა!
და თანაც, ორჯერ ზედიზედ მიადგნენ, თურმე!
ან იქ არქივში, როგორ შეუშვეს?! ყველა ჩემი სათრევი, როგორ არის, სანიტრიდან დაწყებული და დარაჯით დამთავრებული!“
დილის ყავამ უფრო დაამშვიდა, უფრო დააწყობინა აზრები. მერე გრილი შხაპი მიიღო, სახეზე ძვირფასი ნიღაბი იცხო, მასაჟიც გაიკეთა, გამოიპრანჭა და ასე დამშვიდებული და დალაგებული, მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და აუჩქარებლად გაუყვა ტრასას.
ჯერ სამსახურისკენ აიღო გეზი, მაგრამ მერე უცებ, ერთ დიდ ვიტრინასთან, სვლა შეანელა. საინტერესო აზრმა გაუელვა თავში და მანქანიდან გადმოსვლისთანავე მაღაზიას მიაშურა.
ისეთი სიკეკლუცითა და შეწუხებული სახით სთხოვა, გამყიდველ ბიჭს მისთვის ტელეფონი მიეყიდა და თანაც, სინანულით აღნიშნა, რომ პირადობა სახლში დარჩა, ტელეფონი კი...
- სამწუხაროდ, მას კვალში მივაყოლე და ისე მოვისროლე, რომ აღარც ის ნომერი მინდა და აღარც მისი ნაჩუქარი ტელეფონი. - ამოიქსუტუნა მაკამ.
ბიჭმა, მაშინვე თავისივე პირადობით გაუფორმა ტელეფონიც და ახალი ნომერიც და ბედნიერი ჩანდა, ასეთ ლამაზ ქალს, რომ უყოყმანოდ აუსრულა სურვილი. ბოლოს, კართან მისულს, ისიც მიაძახა, რომ კიდევ გვეწვიეთო.
მაკამ მანქანა დაძრა და რამდენიმე მეტრის გავლით, ერთ ქუჩაზე ჩაუხვია. მერე ახალი ტელეფონიც მოიმარჯვა და ფურცელზე დაწერილ ნომერზე დარეკა.
LEX. 2021 წლის 22 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment