Thursday, October 21, 2021

ძველი პიანინო (ნაწილი 131)

131. 
მიმი ფრთებშესხმული გამოფრინდა პიპას სადარბაზოდან და ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლამდე მიაღწევდა. 
ფიფოს მანქანაც ეზოში დაუხვდა. მშვენიერი იყო, როგორ გაახარებდა ამ ამბით, ფიფოს და ცოტას წაიკეკლუცებდა კიდევაც და სიამაყითაც მოუყვებოდა, რომ ამხელა პროფესორი კაცი და ასეთი დაკავებული, როგორ ძლივს დაითანხმა. 
და სწორედ იმ ფიფოს მოუყვებოდა ამ ყველაფერს, რომელიც გულზე სკდებოდა მიმი იქ რომ გაუშვა, ინანა კიდეც და რომელმაც, ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, მაინც რომანტიული ვახშმით გაწყობილი სუფრა და ნაირ-ნაირი თაიგულებით ავსილი სახლი დაახვედრა, თავად კი, მიმის ლოდინში, დივანზე ჩაძინებული მშვიდად ფშვინავდა. 
მიახლოვებისთანავე ეცა მძაფრი ალკოჰოლის სუნი. მის გაღვიძებას აზრი აღარ ჰქონდა. მიმიმ ღიმილით გააქნია თავი და მძინარე ფიფოს პლედი წააფარა.
დილით, ფიფოს ზმუილმა გააღვიძა. ბახუსისგან საშინლად უსკდებოდა თავი. 
- ვაიმე, ვაიმე დედიიიი! მიშველეეე, დედიიი! ოღონდაც დღეს გადავრჩე და აღარ დავლევ! - ღმუოდა ფიფო და ცალკე, ის საკუთარი, ღმუილიც კი ატკივებდა თავს. 
- გინდა, ბორჯომს ამოგიტან? - შესთავაზა მიმიმ. - ან ნაბეღლავს? 
- ვაიმე, არ ვიცი, არ ვიციი?! გამისკდა თავიი!! არაფერი არ მინდააა!!! 
- სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო? - შეწუხდა მიმი. 
- არაფერი არ მინდა! გამივლის, მაგრამ როდის? როდის? რომ მოვკვდები მერე?
- მართლა ასეთი, რა დალიეთ? - ფიფოს შემხედვარე, მიმი მართლა გულით წუხდა. 
- ტყვია, წამალი, ნავთი! - აღმუვლდა ფიფო და მერე დაბალი ხმით დაუმატა. - ბოლოს მიგვაკლდა და მხატვარმა, რაღაც გამოაძრო. 
- თქვენ ხომ არასდროს გყოფნით და რაა!! - თავი გააქნია მიმიმ. - და რა იყო მაინც? რა დალიეთ, არ გახსოვს? 
- ზეთის საღებავის გამხსნელი, ალბათ. - ფიფომ ნაძალადევი ხუმრობა სცადა.
- გაგიჟდით? მართლა! - წამოენთო მიმი. 
- არა გოგო, ვხუმრობ! - ფიფომ ძალდატანებით გაიღიმა. - ისე რა მეხუმრება და მგონი, მართლა მოგვწამლა. 
- და იქნებ, მართლაც შეეშალა და ეგ რაღაც გამხსნელი დალიეთ? - შეშფოთებული ხმით ჩაეკითხა მიმი. 
- უჰ დალევა აღარ მიხსენოო!! ვაიმე დედაა. - ამოღვნეშა ფიფომ. 
- მართლა ჩავალ რა, და ამოგიტან რამეს. - კვლავ შესთავაზა მიმიმ. - რა გინდა, მითხარი. 
- არაფერიიიი, არაფერი არ მინდააა! 
- ნაბეღლავს მაინც ამოგიტან. 
- ვაიმე, ახლა ხანუმას ცხელი ჩიხირთმა მომიყვანდა ცოტა ჭკუაზე. 
- თუ ეგ გიშველის? - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. - გავაკეთებ რა პრობლემაა!
ფიფომ არაფერი უპასუხა და კვლავ ღმუოდა. 
- ახლავე ჩავალ და ყველაფერს ამოვიტან! - განაგრძო მიმიმ. - იმედია ჩვენს მაღაზიაში, ძველი ქათამი არ ექნებათ. 
- და ეგ როდის გალღვება... - ამოხვნეშა ფიფომ. 
- ნედლ ქათამს შევარჩევ, ფილე მაინც არ ექნებათ? - ჩაფიქრდა მიმი. - და თუ მანდ არ იქნება, მაშინ ცოტა მოშორებით გავალ, იქ უკეთესი მარკეტია და ყოველთვის ყველაფერი ახალი აქვთ. 
- მერე ეგ როდის იქნება? აუუუუ!!! 
- როცა იქნება! - მიუგო მიმიმ. - აბა, რა ვქნათ? სასწრაფოს გამოძახება შენ არ გინდა! ბორჯომს, ისევ ჩიხირთმა მირჩევნიაო და აბა, სხვა როგორ გიშველო? 
- არა გოგო, რა სასწრაფო? და იყოს არ მინდა. ცოდო ხარ შენ, ჯერ ამოათრიე სურსათი და მერე გაზთან იტრიალე, ფეხზე ძლივს დგახარ. 
- და ფეხზე ვითომ რატომ ვერ ვდგავარ? - შუბლი შეკრა მიმიმ. - ორსულად ვარ, ავად კი არ ვარ! 
- არ გეზარება მაინც. - მიმართა ფიფომ, თან გულში ძალიან უხაროდა მიმის ასეთი სითბო და გვერდში დგომა. 
- აბა რა ვქნა? ვიჯდე და გიყურო, როგორ იტანჯები? - შეწუხებული ხმით მიუგო მიმიმ. 
- ასე მარკეტებში სარბენად ცოდო ხარ, მართლა. - ფიფომ ამოიხვნეშა. – დედაჩემს კი დავურეკავდი, ექნება მაგას რამე-რუმეები, მაგრამ ჯერ საათნახევარი ლექციის მოსმენა მომიწევს, ლოთობაზე მის შემდგომ შედეგებზე. - ეცინებოდა ფიფოს და თან სიცილის დროსაც უფრო იტკიებდა თავს. 
მიმის გულიანად გაეცინა, ტელეფონი მოიმარჯვა და ოთახიდან გავიდა. 
ცოტა ხანში, ისევ შემოჰყო ოთახში თავი და კარიდან დაიძახა, მალე მოვალო და გავიდა. 
ფიფოს წამოდგომის თავიც კი არ ჰქონდა. არ უნდოდა მიმის გაწვალება. ერთი კი მიაძახა არაფერი არ გინდა, მარტო ბორჯომი ამოიტანეო და ძლივს ოდნავ წამოწეული თავი, ისევ ბალიშზე მიაგდო. 
მიმის ჯერ, გამზადებული კერძის, პირდაპირ რესტორნიდან გამოძახება უნდოდა, მაგრამ მერე დედასთან მოსინჯა და სასწრაფოდ ჩიხირთმის შეკვეთა მისცა.
- მე კი შქმერულს ვაკეთებ უკვე, მინდოდა გამომეტანა. - მიუგო დედამ. - ვიცი, შენ არ გიყვარს, მაგრამ მაგხელა კაცს, ჭამა ხომ უნდა? 
- ნუ გეშინია დეე! - სიცილით უპასუხა მიმიმ. - მართლა, კი არ ვაშიმშილებ, მაგრამ დღეს რატომღაც ჩიხირთმა ახსენა და ვიფიქრე, რომ გავახარებდი და... 
- ჰო, მივხვდი რატომაც ახსენა. - გაეცინა დედას. 
მიმის თავიდან ძალიან გაუკვირდა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა დედას, ფიფო რომ ბახუსში იყო, მაგრამ მერე დედამ რომ უპასუხა, ფიფოს ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული კერძები და ამიტომ ინატრაო, თავისავე ნაფიქრზე გაეცინა. 
- მოსწონს ჩემს სიძეს ჩემი ნახელავი და ინატრა კიდევაც! - მიუგო დედამ. - შენ, კი არ ინერვიულო, შქმერული თითქმის მზად მაქვს და ბარემ ჩიხირთმასაც ჩავადგამ და სანამ აქ მოხვალ, ორივეს მოვასწრებ! 
- ნეტა რა მნიშვნელობა აქვს? ჩიხირთმა თუ შქმერული? - გაიკვირვა მიმიმ. - მაინც ორივე ერთნაირი არ არის? 
- აბა, როგორ არის ორივე ერთი და იგივე? - თითქოს იწყინა დედამ. - ერთი უფრო წვნიანია, მეორე არა! ორი ისეთი დიდი დედლები ვიყიდე გუშინ, ახალ დაკლული. 
- კარგი, დეე, რაღას წვალობ ამდენს? - შეწუხდა მიმიმ. - თუ შქმერული უკვე მხად გაქვს, იყოს მერე მარტო ეგ! 
- რას ჰქვია, ვწვალობ? - იწყინა დედამ. - ისეთი სიხარულით და სიყვარულით ვაკეთებ, რომ ვერ წარმოიდგენ! აბა, შვილიშვილი უნდა მაჩუქოთ და სადილს დავიზარებ თქვენთვის? 
- ჩემი ყველაზე მზრუნველი დედიკო! 
- შენთვის კიდევ, ცალკე ქათმის სალათსაც ვამზადებ, განა, დამავიწყდი? 
- დეე, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? - მიმის ყურებამდე გაეღიმა.
სახლში მისვლა, მიმის ძალიანაც არ დაუგვიანია, სამაგიეროდ ყველაფერს ოპერატიულად მოაბა თავი. 
ჯერ მძინარე მხატვარს დაადგა თავზე და სულ ბუზღუნ-ბუზღუნით წამოაგდო საწოლიდან. მერე დედას გაუარა და სახლშიც ხელდამშვენებული მივიდა.
მხატვარი წუწუნს მოჰყვა: 
- ასე როგორ შეაყვარე მიმის თავი? 
პასუხად ფიფოს გაეღიმა. 
- ჯერ, უთენია წამომაგდო! - განაგრძო მხატვარმა. - მერე დედამისი დააწიოკა და კიბეზე, სულ ფეხით მათრევინა ეს ქვაბები! ლიფტის სუნს, ვერ იტანს, თურმე ქალბატონი! 
ფიფოს გულიანად გაეცინა. 
- აბა მე, მეკითხება ვინმე? - სასოწარკვეთილი სახით განაგრძობდა მხატვარი ხუმრობას. - მიყვარს თუ არა ქვაბების თრევა? თანაც, ამხელა სართულებზე?!
მიმი სიცილისგან იგუდებოდა. 
- და ეგ კიდევ, არაფერი! - კვლავ არ ჩერდებოდა მხატვარი. - თვითონ არც იკადრა მანქანიდან გადმობრძანება. დედამისთანაც კი მე ამაგზავნა! - მხატვარი გაჩუმდა და მერე სერიოზული, დაბალი ხმით დასძინა. - არა, ძმაო! სიყვარული ასეთ მსხვერპლს თუ მოითხოვდა, აბა რას წარმოვიდგენდი! 
ფიფო გამხიარულდა, ცოტა ხასიათზეც მოვიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხატვარმა ვისკის ბოთლი ამოაძვრინა. 
- ვაიმე! მაგის წამოღება როდისღა მოასწარი? - შეიცხადა მიმიმ და ბიჭებს საყვედურით შეხედა. 
- ასეა, ჩემო კარგო. - ნიშნის მოგებით მიუგო მხატვარმა. - ყველას ხელებში უნდა უყურო, რომ არაფერი შეგეშალოს! 
ყველას გაეცინა. 
- საიდან დაა? მანქანიდან, რომ წიხლით ჩამაგდე?! - ისევ არ ზოგავდა მხატვარი მიმის. - გინდა თუ არა, ფიფოს ცხელი შოთის პური უყვარსო! აი, სწორედ მაშინ წამოვაყოლე! აი, ასე! 
მიმი კისკისებდა, სულს ძლივს ითქვამდა. ფიფოც გულიანად იცინოდა, მხატვარს კი ვერ აჩერებდნენ, ისევ განაგრძობდა ჩვეულ ოხუნჯობას:
- რა გაცინებთ?! - კვლავ სერიოზული სახით განაგრძო მხატვარმა. - აი ახლაც მტკივა ის ჩალურჯებული გვერდი. 
- რომელი გვერდი? - გაიკვირვა ფიფომ. 
- რომელი და ისე ჩამწიხლა მიმიმ, როცა პურის საყიდლად მანქანიდან არ გადავდიოდი! 
- აბა, როდის იყო მასე? - კვლავ ეცინებოდა მიმის და სამზარეულოში შევიდა.
- არა, რაა?! ისე მაინც რა ძალა ჰქონიათ ორსულ ქალებს! - კვლავაც არ ჩერდებოდა მხატვარი. - თუ მიუშვი, ხარს მოაჭამს თავს! 
- მიდი, მიდი დაასხი. - ფიფო ვეღარ ითმენდა. - ნუ დაგვხოცე ამდენი სიცილით. 
- თანახმაა! - სამზარეულოდან გამოსძახა მიმიმ ბიჭებს. 
ფიფომ და მხატვარმა ერთმანეთს გადახედეს. ვერც კი მიხვდნენ, თუ მიმი რას ეუბნებოდა. 
მიმიმ კი, რადგან პასუხი ვერ მიიღო, იფიქრა ამდენ სიცილსა და ხორხოცში, ვერ გაიგესო, ამიტომ ოთახში შევიდა და დემონსტრაციულად გამოუცხადა ბიჭებს: 
- ბატონმა პროფესორმა თქვა, წამოვალო! და თქვენ, წარმოიდგინეთ, სულაც არ დამჭირვებია ბევრი ხვეწნა და მუდარა, მხოლოდ ერთი ვუთხარი და მაშინვე დამეთანხმა! 
ფიფოს საშინელი ხველა აუტყდა. 
- ხომ გითხარი, ამდენ პილპილს ნუ იყრი, ისედაც ცხარეა! - მხატვარი ზურგში ხელს უბათქუნებდა და მშვენივრად მიხვდა ფიფოს რეაქციას, ამიტომ მის მდგომარებიდან გამოყვანას ცდილობდა. 
- კარგი რა მართლა, ასეთი ცხარე, როგორ შეიძლება! - შეწუხდა მიმიც.
ჭარხალივით გაწითლებულმა ფიფომ, ძლივს ამოისუნთქა. 
- ჰაა! ესე იგი, ვქეიფობთ? - მხატვარმა მალულად ფიფოს გახედა. 
- კი, აბა რა! - კვერი დაუკრა მიმიმ. - რადგან შეგვპირდა, აუცილებლად წამოვა! მიმიმ წამით იყუჩა. - ისე, წამოსვლა რომ არ უნდოდეს, მაშინ არც იტყოდა, არა?
- აბა, რაა! - კვერი დაუკრა მხატვარმა და თან ფიფოსკენ გააპარა მზერა.
- მართალია, არ მიყვარს ქეიფი და საერთოდ ვერ ვსვამო, მაგრამ... - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - მაინც უარი არ მითხრა. 
- თანაც, შენ ისეთი სახით სთხოვდი, რომ... - ჩაერია მხატვარი, რადგან ატყობდა, ფიფო ისე იყო გაოგნებული, რომ ჯერ კიდევ ხმას ვერ იღებდა. 
- სულაც არა! - მაშინვე მიუგო მიმიმ. - მხოლოდ ერთხელ ვუთხარი და მორჩა!
- და მერე, ეგრევე დაგთანხმდა? - გაუკვირდა ფიფოს. 
- ნუუ, მალევე! - თავი დაუქნია მიმიმ. - ძალიან ბევრიც არ უფიქრია. 
- და ის ბევრი თუ ცოტა, რამდენია? - ჩაეკითხა მხატვარი, რადგან იცოდა, რომ ფიფოსაც სწორედ ეს აინტერესებდა, მაგრამ მიმის სპეციალურად არ უსვამდა ბევრ შეკითხვებს. 
- ნუუუ. - მიმი ჩაფიქრდა. - ასე, სადღაც, ერთი წუთი! 
- ერთი წუთი?! - გაოცდა ფიფო. - იქნებ, გეშლება და ერთი კი არა, ორი?
თუმცა, ორს და სამს რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა, ფაქტიურად დაუფიქრებლად უპასუხია და მართლაც, რა თამაშს თამაშობდა ბატონი პროფესორი? 
- არა! ორი ნამდვილად ბევრია! - დადასტურებით მიუგო მიმიმ. 
ფიფომ წარბები აზიდა, მხატვარიც გაკვირვებული ჩანდა. თუმცა, მიმის არც შეუმჩნევია მათი რეაქცია, ისე განაგრძო: 
- მხოლოდ პარასკევს საღამოს, ლექციების მერე მცალიაო. 
- ჰო ო? - ჩაურთო მხატვარმა. - და უქმეებზე? 
- შაბათ-კვირასაც კი დაკავებული ვარო და რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თქვენ თუ გაწყობთ, ასე? 
- შაბათ-კვირას, ვითომ რატომ ვერაო? - ღიმილით გაუსვა ფიფომ ხაზი და თან მხატვარს ჭიქა მიაწოდა, დამისხიო და ისეთი მზერა შეავლო, ცხადი იყო, ორივე ერთ რამეს ფიქრობდა. 
„აბა რააა, შაბათობით ბნელ საქმეებს ხომ ვერ მოსცდება ბიჭი“. 
- მაინც, შაბათ-კვირა ისეთია. - განაგრძო მიმიმ. - ჯერ მართლა დასვენება გინდა. მერე თუ პარასკევს დალიეთ და შაბათს ალბათ, ზუსტად ისე იქნებით, აი, თქვენ რომ ხართ ახლა და ალბათ, იმანაც ეს გათვალა. 
„ჰო გათვალა.“ 
გაივლო გულში ფიფომ. 
- მერე შაბათი დღე ბახუსიდან გამოსასვლელიც გამოუვა და კვირას კი ორშაბათის ლექციებისთვის მოემზადება. - განაგრძო მიმიმ. - და რას მახსნევინებთ? - საყვედურით გადახედა მიმიმ ბიჭებს. - ხომ, ხედავთ, რომ რატომაც გათვალა ასე და სხვა დღე არ აწყობს! 
ფიფომ მხატვარს მალულად გახედა, დარწმუნებული იყო ისიც ამასვე ფიქრობდა და რა თქმა უნდა, არც შემცდარა. 
- რას ფიქრობ? რატომ მოდის? - მიმის გასვლისთანავე გადაუჩურჩულა მხატვარმა. 
- მაგას მგონი, მართლა აკლია. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ფიფომ. - სად მოდის, რომ მოდის? 
- და იქნებ, სულაც შენ ცდები და ეგ კაცი, მართლაც არაფერ შუაშია? 
- შეიძლება. რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. 
- მდაა. - ამოიხვნეშა მხატვარმა. 
- და რომ არ ვცდებოდე მერე? - ჩაეკითხა ფიფო. - ხომ იცის ვისთან მოდის და რა ხალხთან ერთად უნდა მიუჯდეს სუფრას? ნუთუ, ამდენად გულადია? თუ თავხედი? ან იქნებ, ჩემი აგდება უნდა? კიდევ ერთხელ! 
- გეკაიფება ტო? - ჩაეცინა მხატვარს. 
- მაგას ვაკაიფებ მაგრად, როცა ჩავაყუდებ! - კბილებში გამოსცრა ფიფომ. - ეკაიფოს მერე იქ, თავისნაირ გარეწრებს. 
- აბა, დამატება ვის უნდა? - ოთახში შემოსვლისთანავე გამოაცხადა მიმიმ. 
- აუ გაცივდებოდა, შეათბე და ისე რაა. - სთხოვა ფიფომ. 
სამზარეულოში გასულ მიმის ბიჭებზე ეღიმებოდა. 
„როგორც კი ერთად მოხვდებიან, მაშინვე სულ იმას ფიქრობენ სად რამდენი დალიონ და მერე რა მიაყოლონ! 
თუმცა, მეტი რა საქმე უნდა ჰქონდეთ ბიჭებს, როცა ერთად არიან! 
ჰმ. აბა, მართლა მოდასა და მაკიაჟზე ხომ არ იქაქანებენ? 
ნეტა, ისე პიპა თუ სვამს? თავად კი მიმტკიცებდა არ ვსვამო, მაგრამ ხანდახან ხომ შეიძლება, არა, დალიოს? 
ნეტა, როგორი სიმთვრალე აქვს? 
არასდროს მინახავს ნასვამი და არც ბახუსში. 
ალბათ, მართლაც არ სვამს. არ უყვარს.“ 
როგორც კი მიმი, ფიქრებით პიპას გადასწვდებოდა, მაშინვე მის თვალწინ იმ ძველი სადარბაზოს, გრილი მტვრისაგან შეფერილი, ერთ დროს პრიალა კიბეები ახსენდებოდა... 
და იქვე ახლოს, კედლის უკან პიპას რბილი ხავერდოვანი სევდიანი ხმაც თითქოს ისევ, სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში. 
LEX. 2017 წლის 30 ნოემბერი, ხუთშაბათი

No comments:

Post a Comment