Wednesday, October 20, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 130)

130. 
მიმის დაბადების დღე თენდებოდა. ან კი იყო მისი? 
ამდენი ფიქრისა და დარდისგან გადაღლილს, ხან მკვდარივით ისე ეძინებოდა, რომ ძილს თავს ვერ ართმევდა. ხანაც კი თეთრად ათენებდა ღამეს და მიუხედავად ამისა, ვერც დღისით ისვენებდა. 
ახლაც ასე იყო, მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. უძილობამ იმდენად შეუტია, რომ საწოლში ვერ მოისვენა და ფიფოს პალატად მოწყობილ ოთახში ჩავიდა. ექთანიც დროებით, მორიგეობისგან გაათავისუფლა და თავად დაიკავა მისი ადგილი, ფიფოს გვერდით სავარძელში. 
- აბა, რა გითხრა, არც კი ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ და ფიფოს ხელს მიეალერსა. - იქნებ, მართლა გტკივა, გრძნობ ტკივილს და ვერ მატყობინებ? მე კი, ასე გტანჯავ, ძალათი გაცხოვრებ? 
და იქნებ, მართალიც არის ის ვიღაც პროფესორი და სულ ტყუილად ვაწვალებთ შენს სხეულს? 
მაგრამ... 
არა, რაა! საშინლად არ მომეწონა მისი თვალები. თავიდანვე დამაეჭვა, ასე როგორ გვაჩქარებდა თითქოს, არც აწყობდა ასეთი ძვირად ღირებული პაციენტი რომ ეყოლებოდა კლინიკაში. მაინც, ყოველდღე იმხელა თანხას ვიხდიდი და უცებ, ეს ვიღაც ორი დღის მოსული, პროფესორად ცხებული გარეთ გვაგდებს, და თან, სასწრაფოდ მოითხოვდა ამას!
აი, სწორედ აქ დავეჭვდი და ჩემი ეჭვიც აშკარადა არ იყო უსაფუძვლო, რომ მისი, ისედაც ბოროტად მოელვარე თვალები, უფრო აელვარდა, ჩემი გადაწყვეტილება რომ გაიგო! ლამის საკუთარი კანიდან გამოხტა ისეთი სახე ჰქონდა! 
ჰმ! აპარატურის დატოვებაზეც როგორ მეჩალიჩებოდა? ეგონა, ფიფოს გამორთავდა და ამხელა, ასე ძვირადღირებულ მთელ სისტემას ხელში ჩაიგდებდა? ვერ მივართვი!
წარმომიდგენია, იმ მთლიან პალატას რომ დაითრევდა და ახლა სხვა პაციენტს მიაქირავებდა და თანაც, საკმაოდ დიდ ფასად. აბა, რაა? ასეთი ძვირიანი აპარატურის ამუშავება, ასეთი დიდი თანხა ჯდებაო, დაარწმუნებდა. 
მაგიტომაც გადაირია ასე! 
აბა, მართლა, რა მისი საქმე იყო? ჩემი ქმარი სახლში გაეწერებოდა, თუ სხვა კლინიკაში გადავიყვანდი? 
აქ მარტო პალატის დაცლაში არ იყო საქმე, რაღაც ზედმეტად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, იმის მერეც, რაც გაიგო, რომ მაინც არაფერს დავუტოვებდი იქ! 
უბრალოდ, პრინციპის საკითხია! 
და აი, ზუსტად მაგ დროს მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი და თუ სიკვდილია, ნუ გეშინია, ფიფო! ძალით მაინც არ მოგკლავ და არც არავის მივცემ ამის უფლებას! და თუ მართლა სიკვდილი გიწერია, სჯობს შენ თვითონ მოკვდე! შენივე სახლში, შენი ოჯახის წევრების გარემოცვაში, სითბოსა და სიყვარულში. 
მიმი გაჩუმდა. ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა.
- დღეს ჩემი დაბადების დღეა... 
მგონი... 
ვითომ... 
ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად მანებივრებდი. რაღაც სულ სხვანაირი სურნელი ჰქონდა, შენს ნაჩუქარ თაიგულების, უზარმაზარ ზღვას. 
ჰმ, სუნამოს ყიდვა, ჩემგან აკრძალული გქონდა. არც ჩემთვის უნდა გეყიდა და არც შენთვის! ამას ყოველთვის მე ვარჩევდი, ჩემი პრივილეგია იყო! 
მიმი გაჩუმდა. რა აზრი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს?
უბედნიერესი ეგონა თავი და ერთ მშვენიერ დღესაც, ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა და რატომ? 
რატომ ბოლომდე არ უმართლებდა ამ გოგოს? მთელი ცხოვრება ფუფუნებასა და სითბოში გაატარა და მერე, რა თვალი ეცა? 
„ყველაფერი კი, იმ წყეული მონსტრი კაცის ბრალია. რა დღიდანაც ის გავიცანი, იმ დღიდან აირია ჩემი ცხოვრება. ერთი გემრიელად ვეღარ ამოვისუნთქე, სულ რაღაც ხიფათსა და ტანჯვაში, როგორ უნდა ვიყო?“
მიმიმ თვალები მილულა და მალევე ჩაეძინა კიდეც. 
თენდებოდა. 
ღია ფანჯრებიდან შემოსული, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელით აივსო სახლი. 
მიმის დაბადების დღე იყო. ასე ეწერა მეტრიკაში...
მიმის ისე ღრმად ეძინა, რომ არაფერი გაუგია, რაც მის სახლში, მის ირგვლივ და ცალკე ფიფოს პალატაში, მისი ძილის დროს ხდებოდა. 
მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა რაღაც სიმძიმე იგრძნო ფეხებზე. ტერფები ისე დაუმძიმდა, რომ ვეღარ აამოძრავა. 
თვალი ძლივს შეაღო, ისიც კი გაიფიქრა, ალბათ ცუდად ვიჯექი სავარძელში და ფეხები დამისივდაო, მაგრამ უფრო მეტად რომ მოიკრიბა ძალა, აღმოაჩინა რომ მის ფეხებზე რაღაც დიდი,  მასიური ლოდივით ედო და განძრევის საშუალებას არ აძლევდა და ეს რაღაც კი არა, მათი ღამის მცველი იყო. 
მიმის ლამის გული გაუსკდა. ვერც ხმა ამოიღო. ძლივს გამოაცალა ფეხები. კაცი აშკარად უსულოდ ეგდო. თავიდან, მიმიმ დაბნეულობისგან ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისთვის პულსი მაინც გაესინჯა. თუმცა, მალევე მოეგო გონს. ჯერ ფიფოს კარგად დააკვირდა. აპარატურაც წესრიგში იყო და ფიფოც ჯერ კიდევ მისი დახმარებით სუნთქავდა, მაგრამ დაცვის ბიჭი, გარდაცვლილი ეგდო მის წინ და სისხლის ლაქების ნატამალიც კი არსად იყო.
მიმი გაიტრუნა, იქაურობას თვალი დაკვირვებით მოავლო. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. ვის უნდა მოეკლა დაცვის თანამშრომელი და თანაც, ფიფოს პალატაში რა უნდოდა, როცა მის გარეთ უნდა მჯდარიყო.
„ან ის ექთანი მაინც სად დაიკარგა?“ 
გაიფიქრა მიმიმ. 
„თუმცა, მე თვითონ გავუშვი, დაესვენა და ალბათ, ჯერ კიდევ სძინავს. ისე, ამხელა დევივით კაცი, როგორ მოკლეს ჩემს ფეხთან და მე კი ვერაფერი ვიგრძენი. საოცარია...“
მიმი ახლა უფრო გამოერკვა. მაშინვე ბავშვის ოთახს მიაშურა. დიმეოს ტკბილად ეძინა.
მოულოდნელად მის ხალათის ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. 
მესიჯი იყო. 
მორიგი კომპანია დაბადების დღეს ულოცავდა. 
- ჰმ. - მწარედ ჩაეღიმა მიმის. - არის კი ჩემი დღეობა? და საჩუქარიც თვალის გახელისთანავე დამხვდა... 
პირველ რიგში, დეტექტივი გააღვიძა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. თუმცა, არც კი უთხრა რატომ იბარებდა ამ უთენია. მერე ქირურგსაც შეეხმიანა და ჩუკისაც ცალკე ბოდიში მოუხადა და ყველას მასთან მისვლა სთხოვა. თან სამივე წინასწარ გააფრთხილა, მოსვლისას კარზე ზარი, არ უნდა დაერეკათ. კართან მისულებს მესიჯის სახით უნდა შეეტყობინებინათ და მიმიც, მხოლოდ ამის მერე გაუღებდა კარს.
ჩუკის და გალეოს, ძალიან გაუკვირდათ მიმის ასეთი უცნაური სიფრთხილე. ორივემ იფიქრა, ალბათ, მართლაც რაღაცაში არის საქმეო, ხოლო ქირურგს, მიმის ასეთ მინიშნებაზე, მდარედ ჩაეღიმა. სწორედ, ასეთი პრინციპით მიუახლოვდა ერთ დროს მიმის კარს, როცა იქ დაჭრილი პიპა ეგულებოდა. მიმიც მაშინ პირველად ნახა და მას მერე, მისი ერთგული მეგობარი გახდა. ახლა კი, ეს საიდუმლო ხრიკიც, ალბათ მართლაც რაღაც სერიოზულს ნიშნავდა და ისიც უმალ მიმისთან გაჩნდა.
ახლა მიმისთან, უახლოესი და სანდო მეგობრების შემოკრება იყო ყველაზე საჭირო და აუცილებელი და დანარჩენი კი, უკვე თავისით გამოჩნდებოდა, რა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
საშინელი ფაქტი იყო. საკუთარ სახლში, ოჯახში შემოეჭრნენ, სადაც ეგონა, რომ დაცული იყო და თავს მშვიდად გრძნობდა და სწორედაც რომ ის დაცვის თანამშრომელი მოუკლეს, ვისაც მათი უსაფრთხოება უნდა დაეცვა.
- მკვდარია? - დაბალი ხმით იკითხა გალეომ, როცა ჯერ კიდევ შორიდანვე მოჰკრა თვალი ძირს გაშოტილ დაცვის თანამშრომელს. 
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი და ცრემლები გადმოსცვივდა. 
დეტექტივმა მობილური მოიმარჯვა. 
- სად რეკავ? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- ექსპერტი და კრიმინალისტები უნდა გამოვიძახო. - მიუგო გალეომ. - სხვანაირად არ შეიძლება. აბა გვამს, ხომ არ გადავმალავთ? 
მიმის უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. 
- რადგან ამდენი გაბედეს... - დაბალი ხმით დაიწყო ჩუკიმ. 
- ჰო, დაცვაც უნდა გავაძლიეროთ. - თავი დაუქნია გალეომ. 
- ფიფოსთან ყველაფერი წესრიგშია? - დაინტერესდა ქირურგი. 
- ისევ, ისეა. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- ჯერ არავინ გაეკაროს, რა პალატას. - მოითხოვა დეტექტივმა. - და კრიმინალისტების მოსვლამდე, რაც უფრო ნაკლებს იმოძრავებთ, მით უკეთესი. 
- მაშინ სამზარეულოში გავიდეთ. - მიმი სამზარეულოსკენ დაიძრა, მაგრამ შესვლისთანავე შეჰკივლა, როცა იქ ახლა, ექთნის უსულო გვამსაც წააწყდა. 
- ხელი არაფერს ახლოთ! - კვლავ გამოაცხადა გალეომ. - და როგორმე, აქაურობაც უნდა დატოვოთ. 
- სად წავიდეთ? - მიმი შეშფოთდა. 
- ნუ, შემოსასვლელი ჰოლი, სასტუმრო ოთახი, ფიფოს პალატის ტერიტორია და სამზარეულოს, დროებით არ გაეკაროთ! - გალეო წამით შეყოვნდა. - თუ გინდა, ფიფოს კაბინეტში შედით, მაგრამ დაიცა, ჯერ მე მოვათვალიერო.
ფიფოს კაბინეტში, სრული წესრიგი სუფევდა. ჩანდა იქ უცხო, არავინ იქნებოდა შესული. ან იქნებ, მაინც იყო შესული ვიღაც?
- ყავას მაინც დავლევდით... ეს რა ხდება, ჩემს თავს... - წაიკვნესა მიმიმ. 
- ყავა და ჩაი, არ იქნება პრობლემა. - მიუგო ჩუკიმ. - გავალ და მოვიტან ვის როგორი გინდათ. 
- ჩემთვის არაფერი მოიტანო... არაფერი მინდა. - წაიკვნესა მიმიმ. 
- გინდა, როგორ არ გინდა! - საყვედურით გადახედა ქირურგმა. - შენ ახლა მოღონიერება და აზრზე მოსვლა გჭირდება. დაიცა. - შეაჩერა ჩუკი. - მე გავალ და ვიცი, რაც უნდა მოვიტანო.
ქირურგი რომ დაბრუნდა, ორივე გვამი, უკვე გადასვენებული იყო და სახლი, კრიმინალისტებით იყო სავსე. ყოველ კუთხე-კუნჭულს ამოწმებდნენ. დიმეოსაც გაღვიძებოდა და საღამური პიჟამოს ამარა, კოპებშეკრული ადევნებდა ზედა სართულიდან თვალს.
ქირურგმა ცხელ-ცხელი ყავა და მზა საუზმე მოიტანა და მიმის ხელებში, დიდი კონა ყოჩივარდების შეკვრა ჩაუჩარა. 
- ახლა ამის დრო და არც ხალისი გაქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გილოცავ დაბადების დღეს. - ყურებამდე გაუღიმა ქირურგმა. 
არც გალეო და ჩუკი ჩამორჩნენ, მათაც გულით მიულოცეს, თუმცა მიმის მაინც მდარედ ჩაეღიმა. 
- ნეტა მართლა, როდის დავიბადე... - ჩუმი ხმით წაიჩურჩულა. 
კარი გაიღო და ოთახში ბავშვი შემოვიდა.
- დიმეო, დეე. - სასოწარკვეთილი ხმით მიმართა მიმიმ. - გაგაღვიძეთ?.. ახლა მალე დასუფთავდება ყველაფერი და ვისაუზმოთ ერთად. თუ გინდა, დაიბანე პირი და აქ... 
- დეე! - შეაწყვეტინა დიმეომ. - ნუთუ, მართლა ასეთი შტერი გგონივარ? 
პასუხად მიმიმ წარბები აზიდა. 
- ძალიან კარგადაც ვხვდები, ეს ხალხი დასუფთავების სამსახურიდან სულაც არ არიან! 
- არა, მაგრამ ხომ მაინც ასუფთავებენ? - ღიმილით ჩაერია ქირურგი. 
- და თითის ანაბეჭდებსაც იღებენ. - მიუგო დიმეომ. 
ყველას გაეცინა. 
- ჩემი ჭკვიანი. - მოეხვია მიმი ბიჭს. 
დიმეო უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ თავი მაინც ამაყად დაიჭირა და დეტექტივს სერიოზული სახით მიმართა: 
- მამიკოს აპარატურიდანაც რატომ არ იღებენ თითის ანაბეჭდებს?
- ?? ალბათ, აიღეს უკვე. - დაბნეულად მიუგო გალეომ. - ან აიღებენ, ახლა... 
- და, აპარატურა რა შუაშია? - გაკვირვებული ხმით იკითხა მიმიმ. - და თანაც, დეე! ხომ გთხოვე, რომ უფროსების საქმეში არ უნდა ჩაერიო? 
- მართალია. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - უფროსების საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ თუ ბავშვი, ბევრ უფროსზე მეტად სხარტად აზროვნებს, მაშინ რატომაც არა? 
- ჰოო, ოო? - ახლა გალეომ დაუჭირა ბიჭს მხარი. - აბა, ერთი მითხარი, შენ რა ვერსიები გაქვს? 
- ვერსიები? - მხრები აიჩეჩა დიმეომ. 
- ჰო! - თავი დაუქნია გალეომ. - დაგინახე, ზემოდან ყველას, როგორ გულდასმით აკვირდებოდი. 
- და მაინც. - ახლა ქირურგი ჩაერია, რადგან მანაც დაინახა დიმეო, თუ როგორ თვალებმოწკურული შეჰყურებდა, თავიდან ბოლომდე შეფუთულ ხალხს, რომლებიც მის სახლში დაბორიალობდნენ და ყველგან ძვრებოდნენ. - რატომ გაგიჩნდა იდეა, რომ ფიფოს აპარატურიდანაც უნდა აიღონ ანაბეჭდები? მას ხომ მარტო ექთანი ავლებს ხელს? 
- არა მარტო, აპარატურა! - მიუგო ბიჭმა. - იქაურობა უფრო კარგად უნდა შემოწმდეს! - დიმეომ კოპები შეკრა. - და გამოირიცხება ექთნის, ჩემი და დედასი. დანარჩენი, ყველა უნდა შემოწმდეს! 
- არის უფროსო! - ხელი აუწია გალეომ. - ნამდვილად მამაშენის შვილი ხარ! მისი გენები გაქვს! - გაუღიმა გალეომ და ოთახიდან გავიდა. 
დეტექტივის ბოლო სიტყვებზე, მიმი შეცბა, ფერი წაუვიდა და ქირურგს ფარულად გახედა. ქირურგმა თვალი აარიდა და ისიც შენიშნა, დიმეო რატომღაც, დაჟინებით უცქერდა.
ცოტა ხანში გალეო უკან შემობრუნდა, სახეზე გაკვირვება გამოეხატა. 
- არც აპარატურაზე და არც წვეთოვანზე, არანაირი ანაბეჭდები არ არის! - გაოცებული ხმით დაიწყო გალეომ. - მარტო მიმი სადაც იჯდა, ფიფოს გვერდით იქ არის რამდენიმე და ისიც სავარაუდოდ მიმისი იქნება.
- შევამოწმოთ მაინც. - თავი დაუქნია მიმიმ. - მეც ამიღეთ. 
- და იმის გადამოწმება თუ შეიძლება? - დიმეო ახლა ქირურგს მიუბრუნდა. - აპარატურის ჩანაწერები მაინტერესებს, როგორ რეჟიმში მუშაობდა და... 
- და, რა?.. - გაკვირვებით ჩაეკითხა მიმი ბავშვს. 
- იქნებ, იყო გამორთული? თუნდაც, რამდენიმე წამით. - სერიოზული სახით მიუგო ბიჭმა. - ხომ შეიძლება ამის გარკვევა?
- კი, კი, მოვიწვევ მის მკურნალ ექიმს და... - დაბნეულად მიუგო ქირურგმა. 
- მოიცა, ერთი, აგვიხსენი! - შუბლი შეკრა მიმიმ და დიმეოს თვალებში ჩახედა. - ამით, რის გარკვევას ცდილობ? რომ მამაშენს, სათანადოდ ვერ ვუვლით? 
დიმეო მოიბუზა. 
- დამშვიდდი მიმი. - ჩაერია ჩუკი. - დიმეო, სულ სხვა რამის გარკვევას გვთავაზობს, რადგან მაინც თავდასხმა მოხდა და ყველამ კარგად ვიცით, რომ ფიფოს პალატაში სამიზნედ, ის საცოდავი დაცვის ბიჭი, სულაც არ ყოფილა. 
- და მეც იქ ვიყავი მერე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ხომ შესაძლოა, რომ მეც... 
- ყველაფერი შესაძლოა! - ჩაერია გალეო. - ჩვენ ზუსტად ჯერ არ ვიცით რა მოხდა, მხოლოდ იმას ვეჭვობთ, რომ თავდამსხმელს ხელი შეუშალეს და... 
- და ქილერმა საქმე, ბოლომდე ვერ მიიყვანა. - ჩაურთო დიმეომ. 
მიმიმ მწყრალად გადახედა ბიჭს. 
სტუმრებს ჩაეღიმათ. 
- ისე, მართალია ეს ბავშვი. - ქირურგმა დიმეოს გახედა. - სხვა ყველაფერთან ერთად, ფიფოს აპარატურის მუშაობის რეჟიმიც კარგად უნდა გადამოწმდეს. მაგის სპეციალისტს, მის მკურნალ ექიმთან ერთად, მე მოვიყვან. 
- მკურნალი ექიმი? - გაიკვირვა ჩუკიმ. - განა, ყოველდღე აქ არ მოდის? 
- კი, როგორ არა! - მიუგო მიმიმ. - დილა-საღამოს და ხანდახან შუადღითაც კი მოდის. ახლაც მოვა უკვე მალე, დროა. 
- ჩემი თხოვნაა. - მიმართა გალეომ მიმის. - ხელი არაფერს ახლოს, სანამ ქირურგი, იმ აპარატურის სპეციალისტს არ მოიყვანს. 
- ისე დავუშვათ, მასეც რომ იყოს. - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ. - ფიფოს თუ, მართლა გამოურთეს ის აპარატი და მერე ისევ, უკანვე ჩაურთეს?
- ჰოო, აი, მანდ ცოტა... - გალეომ თავი გააქნია. - გაურკვევლობაა. 
- ჰოდა, მივხედოთ, ყველამ ჩვენს საქმეს! - ჩაურთო ქირურგმა. - ერთად გამოვიძიებთ! გავედი და მოვიყვან აპარატურების ინსტრუქტორს. 
- მეც გამოგყვები ბარემ. - ჩუკი წასასვლელად მოემზადა. 
- შენც კლინიკაში მიდიხარ? - მოულოდნელად ჩაეკითხა მიმი. 
ჩუკი, ცოტა არ იყოს, დაიბნა. თუმცა მალევე უპასუხა, რომ მეც იქეთკენ მიწევს გზაო.
„მართლა რას დადის ეს ბიჭი ასე ხშირად, იმ ონკოლოგიურში?“ 
გაუელვა მიმის. 
„თუმცა, რა დროს ეგ არის? სჯობს საკუთარ ოჯახს მივხედო.“ 
უკვე კარგად იყო გათენებული რომ მიმის ტელეფონიც აწკრიალდა. დედა და მამიდა ულოცავდნენ. 
- მაინც მილოცავთ? - ჩაეღიმა მიმის. - ჩვენ ხომ არც ერთმა არ ვიცით, სინამდვილეში როდის დავიბადე? 
მიმიმ ტელეფონი გათიშა და დიმეოს მიაჩერდა, რომელიც თვალს არ აცილებდა. 
- რა იყო, დე? - გაუღიმა მიმიმ. 
- მე მინდა, რომ მაინც შენი დაბადების დღე იყოს დღეს! 
- ნუ, რადგან ასე ძალიან გინდა, მაშინ იყოს! - გაეცინა მიმის. - მხოლოდ, სტუმრიანობის თავი, ნამდვილად არ მაქვს დღეს! - მიმი შეყოვნდა. - და არც, ხვალ! 
- მდაა. - მოიღუშა ბიჭი.  
- მართლა არ შემიძლია, დეე. - ნაღვლიანად მიმართა მიმიმ ბავშვს. 
- ცუდია. - უკმაყოფილოდ მიუგო დიმეომ.
- რა ხდება? - ჩაეკითხა მიმი. - ვინმე ხომ არ გყავდა მოპატიჟებული? 
დიმეომ ამოიხვნეშა. 
- საერთოდ, იცოდე. - მიმართა მიმიმ. - შენს დაბადების დღეზე, ვინც გინდა ის მოიწვიე, მაგრამ სხივის... 
- უბრალოდ, მინდოდა ძანეც აქ მოგვეყვანა და... იცი, რა მაგარი ტორტი შევუკვეთე შენთვის?.. 
- ჩემი მზრუნველი! - მიმი ბიჭს მოეხვია. - და საიდან შეუკვეთე მერე, ასეთი მაგარი ტორტი? და თან, შენ მარტომ? 
- მარტომ არა, მაგრამ საიდუმლოა და ვერ გეტყვი! - სერიოზული ხმით მიუგო დიმეომ. 
- მაშინ, მოდი ასე მოვიქცეთ! - მიმი ბავშვის გამხიარულებას შეეცადა. - ის ტორტი, პირდაპირ ძანესთან გავაგზავნოთ! და მერე, მეც იქ მოვალ!
დიმეოს აშკარად თვალები გაუბრწყინდა.
- აქ ახლა მაინც, ხომ ხედავ არა, რაც ხდება, ამიტომ ასე სჯობს. თანაც, სხვა რამეებსაც მივიტან. მართალია, არც მექეიფება, მაგრამ ჩემს ბიჭებთან ერთად... 
- შენ მამიკოსთან ერთად გირჩევნოდა, არა, დე? 
- რა თქმა უნდა! - მიმიმ ამოიხვნეშა. - რა თქმა უნდა, აქ მირჩევნია. დღეს არსად წასვლა არ მინდოდა. 
დიმეომ ყურები ჩამოყარა.
- და შენ რატომ მოიწყინე? ძანესთან ერთად გინდა, არა? - მიმის გაეღიმა. 
დიმეომ მხრები აიჩეჩა, თუმცა მაინც ისეთი სახე ჰქონდა, რომ მიმი მართალი იყო, ბიჭს ძანესთან ურჩევნოდა. 
- ჩემო სიხარულო! როგორც შენ გინდა, ისე იქნება! - მიმი ისევ ბავშვს ჩაეხვია. - დღეს არ ვიცი, ვისი დაბადების დღეა და რადგან, ვითომ ჩემია, მინდა რომ შენ ბედნიერი და გახარებული მყავდე!
- მაინც გილოცავ, დეე! - დიმეო დედას ჩაეკრო.
- სადილობისას, შენი ნაჩუქარი დიდი ტორტით მივადგეთ ძანეს და თუ გინდა, მერე აქეთ წამოვიყვანოთ! 
- კარგი, დეე! - გაუხარდა ბიჭს.
- ისე, თუ გინდა, შენ დარჩი იქ. - მიმიმ წამით იყუჩა. - მერე მე და ფიფო, ღამეს გავათევთ აქ, ერთად... ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავთ...
დიმეო სიხარულისგან ცმუკავდა. ყველაფერი უკვე წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ტორტიც სპეციალურად, ძანეს მისამართზე, უკვე ისედაც წინასწარ იყო შეკვეთილი და ამაში, ვაჩე და ანდრა დაიხმარა და ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, როგორც ბიჭმა თავად ჩაიფიქრა. ყველა ღონე უნდა ეხმარა და ღამით, ძანესთან დარჩენის მიზეზი გამოეძებნა. თუმცა, ყველაფერი მის სასარგებლოდ, ისე დაეწყო, ზედმეტი ძალისხმევა, სულაც აღარ დასჭირვებია.
და რაც მთავარი იყო, ძალიან კარგადაც იცოდა, თუ რატომ აკეთებდა ამას. 
LEX. 2021 წლის 20 ოქტომბერი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment