ფიფოს სამსახურში მიეჩქარებოდა, მაგრამ მთელი გული და სული, მხატვრის სახელოსნოში რჩებოდა.
მერადა, როგორ არ უნდოდა მიმის იქ დატოვება, მაგრამ არც ზედმეტად შეწუხებული კაცის როლის თამაში არ უნდოდა, მაგრამ ამავე დროს, საშინლად სკდებოდა გულზე.
თავი კი ისე დაიჭირა, ვითომ ჩვეული ამბავი იყო, მეუღლეს მეგობრებთან ერთად ტოვებდა და თავად სამსახურში გარბოდა.
ფიფოს ისეთი სახე მიეღო, ვითომც სულაც არ ბრძანდებოდა ბატონი პროფესორი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალი და თანაც, სერიულ მკვლელობებში.
ფიფო საშინლად იბოღმებოდა.
რაღა მაინც და მაინც, ახლა დაურეკეს და იძულებულიც გახადეს, რომ სასწრაფოდ გამოცხადებულიყო.
სხვა შემთხვევაში, მოგვიანებით მაინც მივიდოდა, ან საერთოდაც არ გამოჩნდებოდა იმ საღამოს, მაგრამ რადგან, თავად, სამმართველოს უფროსი, პირადად მას იბარებდა, უკვე მიუსვლელობა კი არა და, გვიან მისვლაც აღარ გამოუვიდოდა.
„არც მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილია.“
ფიქრობდა გულზე გამსკდარი ფიფო.
„მაგრამ აბა, როგორ უნდა მოეწყო, როცა არც კი იცოდა, თუ რა მქონდა ჩაფიქრებული.
არა, არა! სისულელეა!
კი მართალია, ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი გონება აქვს, მაგრამ მართლა გულთმისანი ხომ არ არის, რომ გამოეცნო, რას დავაპირებდი.
ერთი კი არის, რომ ამ ეტაპზე, ყველაფერი მის სასარგებლოდ მიდის, მაგრამ ფორტუნა, ყოველთვის ვერ დაგიცავს! ყველაზე იღბლიანებსაც კი ერთხელ მაინც ზურგს აქცევს ხოლმე და აი, სწორედ იქ ვიქნები მეც ჩასაფრებული!
აი, სწორედ მაგ დროს ჩაგავლებ კლანჭს და ბრდღვნად არ მეყოფი!“
ფიფომ ამოიხვნეშა და სამსახურის ეზოში ჩაუხვია.
- აბა რა მოხდა? რაზე მიბარებდნენ? - შესვლისთანავე მიახალა ფიფომ.
- მკვლელობაა ფიფო! - შეაგება თანამშრომელმა. - მხოლოდ ახალი არა! ძველი!
- ძველი, რას ნიშნავს? ჩონჩხია აღმოჩენილი?
- არა!
- აბა?
- ჩადი და გაიგებ. - თითქოს, მხრებიც აიჩეჩა თანამშრომელმა და მერე უფრო დამცინავი ხმით განაგრძო. - შენი მედ.ექსპერტი გელოდება.
თანამშრომლის, ამ ცოტა არ იყოს, ცინიკურმა კილომ ფიფო ლამის წყობიდან გამოიყვანა. თუმცა, გაღიზიანება ისედაც არ აკლდა და ახლა ცეცხლზე ნავთი დაასხეს.
- არაფერი შეგეშალოს! იცოდე! - ისეთი სახით შეუღრინა ფიფომ, რომ კაცს ხუმრობაც და ცინიზმიც ერთდროულად შეეყინა სახეზე.
ფიფომ კარი ძლიერად გამოიჯახუნა და კიბეს სირბილით ჩაუყვა.
მედ.ექსპერტი ჩვეული საქმიანი იერით შეხვდა. უკვე იმდენად, აღარც უღრენდნენ ერთმანეთს.
ბოლო დროს, ფიფომ ბევრჯერ გამოიჭირა, უგულოდ შესრულებული სამუშაოსთვის, რის გამოც, საყვედურებიც არ დააკლო და მკაცრად გააფრთხილა კიდევაც, თუ ასე გააგრძელებდა, უფროსობის ყურამდეც მივიდოდა და სამსახურსაც გამოემშვიდობებოდა.
- მოკლედ. - დაიწყო ექსპერტმა. - გვამის პირველადი დათვალიერებისას ჩანდა, რომ მსხვერპლი, ხანძრის შედეგად იყო გარდაცვლილი, ხოლო განმეორებითი ექსპერტიზა, როცა ჩავატარე, მაშინ დავადგინე, რომ ამ ადამიანს ტრაქეა, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე აქვს დაზიანებული და მის ფილტვებშიც, ასეთი დიდი ხანძრის მიუხედავად, კვამლის კვალი, საერთოდაც არ აღმოჩნდა. თანაც, გვამსაც უკვე ხრწნადობის კვალიც ემჩნევა!
- ესე იგი?
- ესე იგი. - მიუგო ქალმა. - სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად დაშავებული მსხვერპლი, უკვე მანამდე იყო მკვდარი, ვიდრე სახლს ცეცხლი მოედებოდა და თანაც, ხომ გითხარი? გვამს უკვე ხრწნადობის კვალი ეტყობა და ხანძრამდე, ბევრად ადრე იყო უკვე მკვდარი.
- მდაა. ესე იგი მკვლელობაა და არა უბედური შემთხვევა!
- მასეა! - დაეთანხმა ქალი.
- და თავიდან, არ ჩანდა, რომ გვამი გახრწნილი იყო? თუ ისე იყო დამწვარი, რომ აღარ შეიმჩნეოდა.
- თავიდან, მართლა არ ჩანდა. - მიუგო ქალმა. - რადგან, კვამლისგან ისე იყო გამურული, რომ...
- მდაა.
- და თანაც. - განაგრძო ქალმა. - გვამი, არც იმდენად იყო გახრწნილი.
- მაგრამ გვამი უკვე გახრწნას იწყებდა, როცა სახლში ხანძარი მოხდა, არა? - ჩაეკითხა ფიფო. - სწორად გავიგე?
- დიახ. - კვერი დაუკრა ქალმა. - ხანძრის მომენტში, დაწყებული იყო ხრწნადობის პროცესი.
- ამ შემთხვევაში, თვითმკვლელობაც და უბედური შემთხვევაც, კატეგორიულად გამორიცხულია! - დაასკვნა ფიფომ.
- თავისთავად. - თავი დაუქნია ქალმა.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- კიდევ კარგი, მეზობლებმა მაინც მოასწრეს სახანძროს გამოძახება. - განაგრძო მედ.ექსპერტმა. - ცეცხლმაც ბევრი ვერაფერი გაანადგურა, დროულად ჩააქრეს და გვამიც იმდენად არ დამწვარა.
- სამაგიეროდ, სამხილები განადგურდა. - უკმაყოფილოდ მიუგო ფიფომ. - ის, რაც ცეცხლმა ვერ დააკლო, მეხანძრეებმა სულ მოსპეს.
- აბა, ცეცხლი ისე როგორ უნდა ჩაექროთ?
- რა თქმა უნდა. - თავი გააქნია ფიფომ. - სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ფიფომ გვამს შეავლო თვალი.
საშინელი შესახედი იყო, გამურული, ნახევრად დამწვარი და თანაც, ასევე ნახევრად გახრწნილი გვამი.
- კარგი, კარგი! - უთხრა ფიფომ. - ექსპერტიზის სრული დასკვნა მომაწოდე. ზემოთ ვიქნები!
- უკვე გამზადებული მაქვს! - თითქოს, ნიშნის მოგებით მიუგო მედ.ექსპერტმა. მერე მაგიდიდან საქაღალდე აიღო და ამაყად გაუწოდა ფიფოს. - მეილზეც, სანამ ზემოთ ახვალ, უკვე დაგხვდება კიდეც.
- აჰა! ესე იგი, ამჯერად გადამირჩი საყვედურებს! - მშრალად გაუღიმა ფიფომ და იქაურობა დატოვა.
უკან კაბინეტში აბრუნებას რა აზრი ჰქონდა. საქმის სხვა მასალებიც უკვე მეილზეც ექნებოდა და ექსპერტიზის დასკვნაც ხელში ეჭირა.
უკვე გვიანიც იყო, სახელოსნოში მიბრუნებას აზრიც აღარ ჰქონდა და ისიც კარგად იცოდა, რომ მიმი, ამდენ ხანს იქ ვეღარ გაჩერდებოდა. ხშირად უხდებოდა წამოწოლა და ვერც სკამზე და ვერც რბილ სავარძელში დიდ ხანს ვერ ძლებდა.
ფიფოსაც ასე აწყობდა, თან გზად მხატვარსაც შეეხმიანებოდა და მისგან უფრო დაწვრილებით შეიტყობდა, თუ როგორ დამთავრდა, ესოდენ, ასეთი „ისტორიული“ საინტერესო ვახშამი.
და ყველაფერთან ერთად, სახლშიც უფრო გულდასმით ჩაუჯდებოდა სამუშაოს. მით უმეტეს, თუ მიმიც არასდროს არ აწუხებდა.
როგორც კი ფიფოს, მუშაობაში გართულს დაინახავდა, ახლოსაც არ ეკარებოდა. იცოდა, არც არაფერი უნდა ეკითხა მისთვის და არც არაფერში უნდა ჩაეყო ცხვირი. მხოლოდ ცხელ, ქაფქაფა ყავს დაუდგამდა და კარსაც გამოუხურავდა.
მიმის გახსენებაზე ფიფო ტელეფონს დასწვდა.
მიმიმ არ უპასუხა.
მერე მხატვარსაც შეეხმიანა. არც ის პასუხობდა, თუმცა მისგან არც გაჰკვირვებია, მაგრამ მაინც შეშფოთდა.
სანამ სახლში მივიდა, გული ლამის ამოუვარდა.
მიმი არც იქ დაუხვდა.
აღარ იცოდა, რა ეღონა.
წამში ათასმა ფიქრმა გაუელვა.
„არა, მაინც როგორ ვენდე მკვლელს? და თანაც, სერიულ მკვლელს!
ღმერთო ჩემო! რა იდიოტი ვარ!
ძალიან კარგადაც იცის, რომ მასზე ვნადირობ! მშვენივრად იცის, რომ მიზანში მყავს ამოღებული!
შევატოვე ჩემი საოცნებო ქალი და დებილივით სამსახურში გავიქეცი!
რაღაც მიზეზი მაინც მომეფიქრებინა? ამ უტვინო თავში აზრადაც კი არ მომსვლია, რაღაც ტყუილი მეთქვა, რომ თუნდაც ახლა ქალაქგარეთ ვარ და მინიმუმ ორი ან სამი საათი მაინც ვერ ჩამოვაღწევო?
ვინ რას გაიგებდა? ვინ გადამიმოწმებდა?
ბრიყვივით დავადე და თავი გავიქეცი და თურმე, არც იმდენად სასწრაფო ყოფილა! დილამდეც უჩემოდ მშვენივრად მოიცდიდნენ.
მხატვრის იმედი კი მაქვს, მიმის მარტო და მით უმეტეს, ჩემს ეჭვმიტანილთან ერთად მაინც არ გაუშვებდა, თუმცა?..
ჰმ, მხატვარი რომელი მეომარი მყავს?!
მე ვარ კრეტინი და სხვას რას ვერჩი?“
მერე საკუთარ თავზე გულმოსული, მიმის დედას მიადგა.
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. რა უნდა ეთქვა, ან რა უნდა ეკითხა თავადაც არ იცოდა.
„და აქაც, რომ არ დამხვდეს?
მაშინ სახელოსნოდან არ იქნება ჯერ წამოსული.“
წამით ფიფო უფრო დაიბოღმა.
„მე რომ ვთხოვ, ცოტა ხნით კიდევ ვიყოთო, მიმი მაინც სახლში გარბის, შენ თუ გინდა დარჩიო, მე დავიღალეო და ახლა, რა? არ დაიღალა?“
ფიფოს წამში უამრავმა აზრმა გაუელვა.
დედასთანაც თუ არ დახვდებოდა მიმი, მაშინ ჯერ სახელოსნოში მიეჭრებოდა მხატვარს და ბოლოს კი, სულ უკანასკნელს შემთხვევაში, უკვე უკან აღარ დაიხევდა და იმ ვაჟბატონ პროფესორსაც მიუვარდებოდა სახლში.
სანამ კარი გაიღო, ფიფოს ლამის გული გაუსკდა, ენა ვერ მოატრიალა, თუმცა, ვინ აცალა?
არც იმდენად ადრე იყო, მაგრამ ფიფოს სიდედრს ჯერ კიდევ არ ეძინა. თუმცა ჩანდა, უკვე აპირებდა კიდევაც დასაძინებლად წასვლას, მაგრამ სიძის ხილვით გაბადრული სიდედრი, ისე აქაქანდა, რომ ფიფომ სიტყვაც ვერ ჩააკვეტა.
პირველი რაც ფიფოს ყურს მოხვდა და რამაც ფიფო, ასე გულით გაახარა ის იყო, რომ მიმი თურმე, იქ ყოფილა.
- გავაღვიძო?
- არა, არა! იყოს ეძინოს. - გაბადრული სახით მიმართა ფიფომ და სიხარულისგან ლამის გული წაუვიდა.
- ჰოდა, დარჩი შენც აქ? - შესთავაზა სიდედრმა. - აბა, ასე გვიან სად უნდა წახვიდე.
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი. გულში კი გაივლო.
„მიმის თურმე აქ მშვიდად სძინავს და მე კი ლამის გული გამისკდა.
მაიმუნი გოგო ეგა.
ჩურჩუტი!
ჩურჩუტი და საყვარელი...
ძალიან, ძალიან საყვარელი და მე კი, იდიოტი! სრული კრეტინი!
ეს როგორ დავუშვი? და მართლაც, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, სერიულ მკვლელს, როგორ შევატოვე ხელში.
ვითომ ამით რა ვაგრძნობინე? რომ მე ძაან მაგარი ბიჭი ვარ და შენი არ მეშინიაო? თუ ეს გოგო იმდენად მკიდია ფეხებზე რომ ასეთ რისკზე ვუშვებო?
არა, ისე მართლა უტვინოდ მომივიდა, სიამაყემ სძლია ტვინს და მართლა გავიბრიქე და მართლა მინდოდა მეგრძნობინებინა ჩემი ძალაუფლება, შემართება და სიძლიერე და სინამდვილეში რა გამოვედი?
შტერი და ბრიყვი!
ჰმ, მართლაც ბეწვზე ვართ გადარჩენილნი ყველანი.
მიმის რომ რამე მოსვლოდა, ჩემი ხელით ამოვაძრობდი სულს და თავსაც არ ვიცოცხლებდი!“
- ჰო, დარჩი, დარჩი. - განაგრძო სიდედრმა. - აბა, მარტო სახლში, რა გინდა?
- კარგი. დავრჩები. - ფიფომ ინსტიქტურად დაუქნია თავი. თუმცა, სად აპირებდა დარჩენას და დაძინებას?
- დილით გემრიელად გასაუზმებ და ისე გაგიშვებ სამსახურში.
- ძალიან კარგი. - ყურებამდე გაუღიმა ფიფომ.
ფიფო ატყობდა, რომ სიდედრი დაძინებას უკვე აღარ აპირებდა. თითქოს, ჯერ ფიფოს დაწოლას უცდიდა და ელოდა, სიძე როდისღა შევიდოდა საძინებელში.
ფიფო კი, უაზროდ წრიალებდა. ხან აივანზე გავიდა მოსაწევად. ხან სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად, აბა მართლა მიმის საძინებელში ხომ არ შევიდოდა?
ერთი პერიოდი, ისიც კი იფიქრა, ისევ სახლში წასვლა ხომ არ სჯობსო და თანაც, უკვე საშინლად გადაღლილი იყო, მანქანის საჭესთანაც ეზარებოდა დაჯდომა. პრინციპში, ტაქსის გამოძახებაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მერე შედარებით უკეთესი აზრი მოუვიდა.
- თქვენც წადით დაისვენეთ. - მიმართა ფიფომ სიდედრს. - მე აქვე სავარძელში მოვთავსდები.
- სავარძელში, რატომ შვილო? - გაიკვირვა ქალმა.
- ისეთი სასწრაფო საქმე მაქვს, ამაღამ ძილი მაინც არ მიწერია. - შეწუხებული ხმით მიუგო ფიფომ.
სიდედრი შეყოვნდა და მერე მაინც უთხრა:
- დაგეძინა მაინც, ცოდო ხარ შვილო.
- არ გამოვა მასე. - თავი გააქნია ფიფომ.
- აბა, ღამის თევა, ასე ადვილია? - შეიბრალა სიდედრმა. - თან უქმეებია უკვე.
- ასეთი სამსახური მაქვს, და...
- ხვალ, დილით ადრე, რომ გემუშავა, უფრო არ სჯობდა?
- დილას ვერ მოვასწრებ და მაინც რომ დამეძინოს მერე? - ღიმილით მიუგო ფიფომ.
- უთენია გაგაღვიძებ! - უკან არ იხევდა ქალი. - ყავასაც დაგახვედრებ!
- მაშინ, სულ ცოტას მაინც წავიმუშავებ და მერე დავწვები.
- ჰო, მასე ქენი, შვილო. - თავი დაუქნია ქალმა.
- თქვენ კი შეგიძლიათ დაიძინოთ, არ მეწყინება. - ღიმილით მიუგო ფიფომ. თუმცა, უკვე სადღაც გულის კუნჭულში, ღიზიანდებოდა კიდეც, სიდედრის ასეთი დაუსრულებელი თავაზიანობითა და პატიჟით.
ქალი ყოყმანობდა. აშკარად ერიდებოდა, თვითონ წასულიყო და დაეძინა, როცა სტუმრად მოსულ სიძეს, სავარძელში უნდა ეთია ღამე.
- თუ მოგშივდეს მაცივარში სალათიც არის და წვნიანიც და სოკოს ჩაშუშულიც, თუ მარხვაზე ხარ.
- არა, მარხვაზე არ ვარ. - თავი გააქნია ფიფომ. - სად მცალია მარხვისთვის?
- აბა, მარხვას, რა მოცლა უნდა?
- უნდა, როგორ არ უნდა! - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს. - სამსახურში რომ მომშივდება, ოღონდ იღეჭებოდეს და ყველაფერი წავა!
- მერე? შესვენებაზე მაინც შემოირბინე? - შესთავაზა სიდედრმა. - წესიერად გასადილებ და ისე გაგიშვებ.
- ვიფიქრებ მაგაზეც. - კვლავ ღიმილი მიუგო ფიფომ.
- ჰო, მოკლედ, მაცივარი იცი სადაც დგას და თუ მოგშივდეს, არ მოგერიდოს. - კვლავ არ ეშვებოდა სიდედრი.
- აუცილებლად, როგორც კი მოვრჩები საქმეს, მე თვითონ მივხედავ! - ფიფომ ახლა უკვე, ძალდატანებით გაუღიმა.
როგორც იქნა, სიდედრიც გაისტუმრა და მიმის უზარმაზარ სასტუმრო ოთახში მარტო დარჩა. თუმცა, იქ დიდხანს არც გაჩერებულა. მალევე გადაინაცვლა სამზარეულოში.
აქ კი, ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნო თავი. სამზარეულოს კარიც მიიკეტა. მშვენიერი იყო, ახლა გაშლიდა მაგიდაზე საქაღალდეს და სიგარეტის კვამლითაც არავის შეაწუხებდა და ასეც მოიქცა.
მოგვიანებით, კუჭიც აუწრიალდა და მაცივარსაც მიადგა, გემრიელადაც მიირთვა და ისევ თავის საქაღალდეს ჩაუჯდა.
მართლაც, როგორი საოცარი საღამო იყო იმ დღეს.
ერთი სული ჰქონდა, ბატონი პროფესორი, კლანჭებში მოეგდო. თითქმის, გამოუვიდა კიდეც, მაგრამ არ გაუმართლა. ამჯერად, გადაურჩა მიზანში ამოღებული ეჭვმიტანილი ფიფოს.
და ასეთი „გრანდიოზული“ საღამოს ფონზე კი, კიდევ უფრო გასაოცარი და საინტერესო აღმოჩნდა ღამე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიფომ აღმოაჩინა, რომ ის მსხვერპლი, რომელიც სახლში, ხანძრის გაჩენამდე უკვე რამდენიმე დღის მოკლული იყო და მისი სიკვდილის დღეც სწორედაც, რომ თვის ბოლო შაბათი იყო.
LEX. 2018 წლის 6 თებერვალი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment