Thursday, August 19, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 121)

121. 
რა უნდა დახვედროდა დიმეოს იმ მიტოვებულ სხვენში, ან რას ელოდა საერთოდ, თავადაც არ იცოდა, მაგრამ რადგან ასე იყო გასაიდუმლოებული და ძანეც კატეგორიულად მოითხოვდა მის შენახვას, სწორედაც რომ ამ საიდუმლოს ამოხსნის ინტერესი უფრო ჰკლავდა ბიჭს და თანაც, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ძანეს გაანდეს და მას, არა. ალბათ, ეს უფრო უღრღნიდა მის პატარა გულს.
დიმეო ფრთხილი ნაბიჯებით ავიდა სხვენში. რაღაც გაურკვეველის მოლოდინში, გული გამალებით უცემდა. ჯერ გაიტრუნა, ყური მიუგდო, ჩამიჩუმიც არ ისმოდა, მერე მობილურის ფარანი მოიმარჯვა და იქაურობის თვალიერებას შეუდგა.
სხვენი საკმაოდ დიდ გალერეას წარმოადგენდა და სავსე იყო ათასგვარი ძველი, ნახევრად დამტვრეული ავეჯით. სავარაუდოდ, გადასაყრელი და უკვე ალბათ გამოუსადეგარი ნივთებიც ბლომად იყო ერთმანეთზე მიყრილი.
„ალბათ, ამ სახლის ძველ პატრონებს, არასდროს არაფერი არ გადაუყრიათ და ახლა ყველაფერს, აქ ერთად მოეყარა თავი.
ან რას ინახავდნენ? ან რატომ?
თუნდაც, ეს დამტვრეულ სკამი, ვის რად უნდა ახლა? ვითომ, ძვირფასია? თუ ანტიკვარული? მერე ვიღას უნდა ნეტა, ეს დალეწილი ნივთები? რაში უნდა გამოიყენოს?
ალბათ, ვიღაც გიჟი კოლექციონერი, თუ იყიდის აუქციონზე, მაგრამ მაინც, რა სისულელეა!“
ფიქრობდა პატარა ბიჭი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით, ბევრად უფრო ჭკვიანურად აზროვნებდა და ლამის სუნთქვა შეკრული, მაინც წინ მიიწევდა, ფრთხილად მიაბიჯებდა ამ უზარმაზარი, მოგონებებით სავსე გალერეაში.
თითქმის უკვე, შუა ნაწილამდეც მიაღწია და არაფერი განსაკუთრებული.
დიმეომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და არაფერი ახალი არ შეუნიშნავს. ისევ იგივე, უამრავი ძველი დამტვრეული ავეჯის ნარჩენები უფრო იყო, ვიდრე თვითონ გამოსადეგარი სკამი, მაგიდა, კომოდი თუ სხვა ნივთი და ყველაფერთან ერთად, საშინელმა მტვრისა და ნესტის სუნმაც, ძალიან აატკივა თავი.
„და ამის გულისთვის ვიწვალე ამდენი?“
ფიქრობდა გაგულისებული ბიჭი.
„მერე რამდენი ღამე არ მეძინა და ეს იყო, საიდუმლო?
ეჰ ძანე, ძანე, ყველაფერი შენი ბრალია და თუმცა, შენ რას გერჩი? შენ ხომ ყველაფერი გამანდე, როგორც ნამდვილ ძმას და შენ არაფერ შუაში ხარ. ყველაფერი, ჩემი უტვინო თავის ბრალია, მე გამოვდექი შტერი.
სულელივით დაგიჯერე და აი, მივიღე კიდეც!“
დიმეო გულზე სკდებოდა. იქ გაჩერებას, ან კიდევ რამის ქექვას, რაღა აზრი ჰქონდა?
ფრთხილად ჩამოვიდა სხვენიდან, კარი ფრთხილად ჩამოუშვა და მოკეტა, მაგრამ გასაღები კვლავაც, ვერაფრით ვერ გადაატრიალა. ისევ ძანეს ძალის გამოყენება ხდებოდა საჭირო, მაგრამ აბა როგორ? ამ ღამით ისედაც გააღვიძა უკვე ერთხელ და თანაც, მალე გათენდებოდა კიდევაც. დიმეოს ბევრი აღარც უფიქრია და ბოქლომი, ისე უბრალოდ ჩამოაცვა, რომ თითქოს, ჩაკეტილი ყოფილიყო და იქაურობა დატოვა.
ბიჭი საშინლად გაბრაზებული დაბრუნდა. გასაღები დიდი სიფრთხილით დააბრუნა უკან. ბაბუს არაფერი გაუგია. გაგულისებული, ფრთხილად შეწვა ლოგინში. ათასნაირად ატრიალა გონებაში იქ ნანახი დამტვრეული ნივთები.
მერე ისიც კი იფიქრა, იქნებ ბაბუს უნდა მათი შეკეთება და მერე აუქციონზე გატანაო? ეს უფრო ლოგიკურად ჟღერდა, ვიდრე მართლაც ამდენი ნაგვის, ასე ტყუილად შეგროვება.
„ალბათ, ამიტომ არის ასე გასაიდუმლოებული, რომ ასეა თუ ისეა, მაინც დიდი ქონება გამოდის, თუ მართლა გაკეთდება და გაიყიდება, მაშინ?
ჰმ, ჩემთვის მაინც ნაგავია და ძანეც როგორ იცავს, ჰაჰ!
ისე, თუმცა მისი ქონებაა და აბა მე, ვინ მეკითხება? ალბათ, სწორია ბაბუც. ბებო და ბაბუ რომ აღარ იქნებიან, ძანეს თავის ქონება დარჩებაო ასე ფიქრობენ, მაგრამ რატომ დარდობენ ასე? მე ხომ ძანეს, არასდროს მივატოვებ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ძმად მივიღებ, ჩემთან ვაცხოვრებ და არავის მივცემ მისი დაცინვის უფლებას!“
გათენებამდე ძლივს მოხუჭა თვალი და დილით სკოლაშიც კი ვეღარ წავიდა, ისე უსკდებოდა თავი და მაინც, ისევ ბოღმაზე იყო გახეთქილი.
მიმი წუხდა, რა გჭირსო.
დიმეო კი ამშვიდებდა, კარგად ვარო.
- ეს ორი დღე, ისედაც არ მომწონდი. ვაიმე, მართლა გრიპი ხომ არ გეწყება, დეე? - მიმი შეშფოთებული უსინჯავდა სიცხეს. - ჰმ. სიცხე არ გაქვს, მაგრამ იქნებ, ფილტვებში გაქვს რამე?
- მერე მოვიწვიოთ ექიმი. - ჩაურთო ძანეს ბებიამ.
- წავიყვან ექიმთან. - მიუგო მიმიმ.
- სად წაიყვან ბავშვს?! - შეშფოთდა ძანეს ბებია. - აქ მოვუყვანოთ ექიმი! მე გამოვიძახებ!
- კარგი. - მიმის ცალყბად გაეღიმა. - ისედაც, რამდენს გაწუხებთ და...
- არ გავიგო, მეორეჯერ ეგ შეწუხება! - მკაცრად მიუგო ქალმა.
- დამშვიდდით. - დიმეომ თავი წამოსწია. - უბრალოდ, გამოუძინებელი ვარ და არანაირი ექიმი არ მინდა. დავურეკავ ნათლიაჩემს და იმან გამსინჯოს! სხვა ექიმი, არ მინდა!
- ჰო! დავურეკოთ, ჩვენს ქირურგს და მოვიდეს, გასინჯოს ბავშვი. - ახლა ძანეს ბებიამ მიადო ბიჭს შუბლზე ხელი. - არა, სიცხე ნამდვილად არა აქვს.
- კარგი, დავურეკავ, მე თვითონ ქირურგს. - მიმი წამოდგა. - მანამდე გავალ, ფიფოსთან გავჩერდები ცოტა ხანს, მერე ჩემებსაც შევუვლი და ჩვენ სახლსაც დავხედავ, მთელი კვირაა არ ვყოფილვარ. - მიმი დიმეოს მიუბრუნდა. - შენ კი გამოიძინე და მერე აივანზე გადი, სუფთა ჰაერი მოგიხდება და თანაც, ზურგი მიუშვირე მზეს, ფილტვებისთვის კარგია.
- და იქნებ, არ მტკივა ეს ფილტვები? - აწუწუნდა დიმეო.
- მერე რა? - ჩაურთო ბებიამ. - „დ“-ე ვიტამინია და ძანესაც მოუხდება. შენ წადი მიმი, ისედაც უამრავი მოსავლელი გყავს. ბავშვზე, არ იდარდო, მე მივხედავ.
- მისახედი არაფერი აქვს! უბრალოდ, ეზარება სკოლაში წასვლა. - გაეღიმა მიმის. - და ვიცი რატომაც. ორი დღით ადრე თავიც კი მოიმკვდარუნა.
- იყოს მერე სახლში. - გაეცინა ქალს. - სკოლაში თორემ, იმაზე მეტს ასწავლიან, რასაც აქ ბაბუ ამათ ლექციებს უტარებს და მერე როგორ წიგნებს აკითხებს.
- დღეს სადილად რას ვაკეთებთ? რა წამოვიღო? - იკითხა მიმიმ.
- რაც შენ გაგიხარდება, მხოლოდ მე ვაკეთებ აქ სადილს! - მიუგო ქალმა. - ისე, ნუ იჩქარებ, მაცივარში ყველაფერია და ბიჭები რასაც მოისურვებენ, იმას გავუკეთებ.
- კარგი. კარგი. - გაეცინა მიმის და ქალს მოეხვია. - მართლა თქვენ რომ არ მყავდეთ და ალბათ გიკვირთ კიდევაც, დედა ჰყავს და დედასავით მზრუნველი მამიდაცო, მაგრამ ახლა იმათ იქეთ ვუვლი და აქ კი, პატარა გოგოსავით მივლით.
- სანამ ფეხზე ვდგავარ, ყველას მოგივლით. - მიეალერსა ქალი.
მიმი თითქოს უფრო დამშვიდებული ჩანდა. სულაც არ ღელავდა. დღეს ხომ ორშაბათი იყო და პასუხს ელოდა, თუმცა არც ჩქარობდა. ჯერ ისევ ფიფოსკენ მიუწევდა გული და მთელი გონებით იქ იყო.
„არა, არა. არ მომჩვენებია. ნამდვილად შემეხო ფიფო.“
ფიქრობდა მიმი, თუმცა არც ერთმა მკურნალმა ექიმმა არ დაუდასტურა, მაგრამ მიმი მაინც ჯიუტად იმეორებდა, ფიფო ნამდვილად შემეხოო.
ერთ ხანს კვლავ ფიფოსთან დარჩა. ესაუბრა, ეფერა, ახალ რეაქციას ელოდა, მაგრამ ამაოდ. ფიფო ისევ ისე უგონოდ იყო და ამჯერად, არანაირი რეფლექსი არ გამოუმჟღავნებია.
მიმიმ საათს დახედა.
„ჰმ. დღის მეორე ნახევარია და სად არის ჩემი პასუხი? დედიკო და მამიდა, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ დამავიწყდა?
დამაცადეთ მე თქვენ, სერიოზულად მოვიცლი თქვენთვის და მერე ვნახოთ, რაც იქნება, იქნება.“
მიმიმ ახლა ჩუკისკენ გასწია.
- ესე იგი, ჩემი დაბადების მოწმობა ნამდვილია?
- შენ წარმოიდგინე კი. - მიუგო ჩუკიმ.
- და როგორ მოახერხეს ეს?
- უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს. - ჩუკიმ ახსნა დაიწყო. - ერთი ის, რომ ბიოლოგიურმა დედამ თავისი, ნებით ისე დაგტოვა, რომ ოფიციალურად არსად არ დაგაფიქსირა და მაშინვე იქაურმა მედ.პერსონალმა, ან შეიძლება სულაც, სახლის პირობებშიც გაჩნდი და პირდაპირ, შენს აღმზრდელ მშობლებს გადაეცა შენი თავი.
- მერე დაბადების მოწმობა, როგორღა ამიღეს? სამშობიაროდან ხომ უნდოდა, მიმართვა თუ ჩანაწერი?
- აი, სწორედ იმ დროს, მთელი მედ.პერსონალი, მილიცია-პოლიციაც კი იყო მაშინ ჩარეული და პირდაპირ სამშობიაროდან, მშვილებელის ნამდვილ შვილად, ისე გამოჰყავდათ ბავშვები, რომ ყველაფერი უკვე, წინასწარ გამზადებული საბუთებით, კანონის ფარგლებში გადიოდა და ასეთ შემთხვევაში, კი სამწუხაროდ, ნამდვილი დაბადებისა, თუ ვინაობის კვალიც კი აღარსად ჩანდა! 
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ.
- შეიძლება სულაც, თავიდანვე იყვნენ შეთანხმებულები, სანამ ბავშვს გააჩენდა ბიოლოგიური დედა, უკვე იცოდა რომ უნდა გაეშვილებინა და ეს რაღაც სპონტანურად, სულაც არ მომხდარა? შესაძლებელია, ორსულობაში ყურადღებასაც აქცევდნენ, თანაც ისე რომ შენი მშობლები, არც გამოჩენილიყვნენ. ესეც ერთ-ერთი ვერსიაა.
- და იქნებ, ის ქალია დედაჩემი? ჩუსტები და თბილი ხალათი მაგიტომ აჩუქეს ფულთან ერთად?
- ჯერ ვერაფერს გეტყვი.
- მდაა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - და სხვა ვარიანტი? არის რამე?
- კი, შესაძლებელია სხვა ბევრი ვარიანტიც იყოს. ახლა ჩვენ კიდევ ერთიც განვიხილოთ. შეიძლება, სულაც არ გაუშვილებიხარ და არც მიუტოვებიხარ ბიოლოგიურ დედას და ამ დროს, მოპარეს შენი თავი? თუნდაც ისე, როგორც დიმეოს სკოლის დირექტორს, თავის დროზე, ორი შვილი ისე ააცალეს, რომ აზრზეც ვერ მოვიდა!
- არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ნუთუ დედა და მამა, ასეთი სულმდაბლები იყვნენ, რომ მოპარული ბავშვი იყიდეს? ძალიან არ მინდა დავიჯერო. - მიმის თვალები აუცრემლდა.
- მართლაც რთული დასაჯერებელია, როცა იცი, ჩვილი დედას მოპარეს და შენ კი მიგყავს და ზრდი! თუმცა ფიფო, სწორედაც რომ ასეთ ამბებს იძიებდა.
- ისე, ჰოო...
- ამიტომ ხშირად აღმზრდელმა მშობლებმა, ნამდვილად არ იცოდნენ, რომ მოპარული ბავშვი იშვილეს, ბიოლოგიურ დედას კი შვილი, გარდაცვლილი ეგონა.
- რას ჰქვია, ეგონა? - შეიცხადა მიმიმ. - რა? იმას ვერ არკვევდა, ბავშვი მკვდარი იყო თუ ცოცხალი? და როცა ასაფლავებდნენ, მაშინ მაინც ვერ მიხვდნენ?
- ოოო, რაც შეეხება დაკრძალვას. - განაგრძო ჩუკიმ. - წინათ საკმაოდ რთულად იდგა ეს საკითხი და არც ატანდნენ სამშობიაროდან. ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, თუ ვინმე პატრონიანი იყო და ქვეყანას არ ჩარევდა და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო სულაც სხვისი გარდაცვლილი ბავშვი გაეტანებინათ.
- და სხვისი, როგორ?
- ნუ, დაახლოებით, მსგავსი. - მიუგო ჩუკიმ. - სპეციალურად ასეთი ამბებისთვის ინახავდნენ მაცივრებში, შავტუხა გოგო-ბიჭს და ასევე ქერა, თეთრ გოგო-ბიჭს, რომ მიახლოებითი გარეგნული მსგავსების მიხედვით გაეტანებინათ „ძლევამოსილი“ პატრონებისთვის.
- ღმერთო ჩემო! ეს რა საშინელება ყოფილა! - აღმოხდა მიმის.
- აბაა. - მიუგო ჩუკიმ. - შენი შვილი ცოცხალია და შენ კი ვიღაცის შვილი დაასაფლავე და დღემდე დასტირი.
- და ვერც შეედავებოდი, მაშინ დნმ-ს ვინ გააკეთებდა.
- სამწუხაროდ, ასეთი დრო იყო! შენ კი, დამშვიდდი. არა მგონია შენებს სცოდნოდათ, რომ მოპარული ხარ და იქნებ, არც ხარ მოპარული?
- ეჰ, და ვინ იცის? იქნებ, როგორ მეძებდა დედა?
- იქნებ, ახლაც გეძებს? ან მიმი! იქნებ, სულაც არ გეძებს? მართალია, ცოტა მკაცრად კი გითხარი ახლა, მაგრამ მინდა დამშვიდდე და საღი გონებით შეხედო ყველაფერს.
- ჰო, მართალი ხარ. არავინ იცის ვინ მეძებს, ან მეძებს კი საერთოდ ვინმე?
- იცი? შენებმა შეიძლება, სულაც არც კი იცოდნენ სიმართლე შენზე, მაგრამ როგორმე ის მაინც უნდა გითხრან, რაც იციან. თუ შენს ბიოლოგიურ დედაზე, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, მაშინ ვინც იყო ჩარეული, შუამავალი, იმაზე მაინც უნდა იცოდნენ რამე და მერე იქნებ, კვალზეც გავიდეთ!
- როგორ ვათქმევინო, არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- იქნებ ორივეს, რადგან მაინც უკვე ასაკში არიან, იმის შიში აქვთ, რომ მიატოვებ, როცა ნამდვილ დედას იპოვნი?
- ჰმ. ეგ არც მიფიქრია! თუმცა, არასდროს შევაქცევ იმ ხალხს ზურგს, ვინც ასეთი სითბოთი და სიყვარულით გამზარდა და ყველაფერი მომცა.
- ჰოდა, პირველ რიგში, ეგ უნდა აუხსნა, დაუმტკიცო! დააჯერო, რომ არასდროს მიატოვებ მათ და მერე, მაინც უნდა მოსთხოვო, რომ გაგიმხილონ ყველაფერი, რაც იციან! თუნდაც, ეს სულ მცირედი ინფორმაცია იყოს. - ჩუკი შეყოვნდა. - დიახ, ჰო! რაც იციან და შეიძლება, ბევრიც არაფერი იცოდნენ!
- და ბევრიც არაფერი იცოდნენ? - მიმი ჩაფიქრდა. - კი მაგრამ, ეს როგორ?
- ნუ ალბათ, აჩვენეს შენი თავი, ლამაზი, ჯანმრთელი ბავშვი და მშვილებლებს, მეტი რა უნდოდათ?
- მაგრამ ვიღაცის მეშვეობით, ხომ მოხდა ჩემი შვილად აყვანა, არა? რაღაც მაინც, ხომ უნდა იცოდნენ?
- და იმედია, ახსოვთ.
- ვაიმე. - მიმიმ ამოიხვნეშა. - შეიძლება, მართლა არ ახსოვდეთ? ნუთუ როგორ შეიძლება, ასეთი რამ დაგავიწყდეს?
- შეიძლება, მიმი შეიძლება, რადგან ზოგჯერ არც კი გინდა რომ გაიხსენო. ამასობაში კი წლები გადის, ასაკი გემატება და შეიძლება, მართლაც დაგავიწყდეს.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მიმის. - ნუთუ მართლა ყველაფერი, ჩემს თავზე უნდა გადატყდეს და რატომ? რა დავაშავე? ასეთი, რა დავუშავე სამყაროს?!
- ზოგი, სიკვდილს ებრძვის და იგივე კითხვები უჩნდება და მათაც შენსავით, არა აქვთ პასუხი. - მოწყენილად ჩაილაპარაკა ჩუკიმ.
- ვის გულისხმობ?
- ისე ვთქვი.
- ფიფოს თუ გულისხმობ...
- არა, მიმი, არა! ფიფოს ახლა, კითხვები არა აქვს, რადგან სულ სხვა სამყაროშია და ალბათ, ვერც კი აცნობიერებს, თუ რა დარდს იტევენ გულში მისი ახლობლები.
- იცი? - მიმიმ ნაღვლიანი თვალები შეანათა. - ნამდვილად შემეხო! სულ ოდნავ, თითით, მაგრამ არავის უნდა დამიჯეროს... მარტო დიმეოს სჯერა.
- მეც მჯერა, მართლა მჯერა! ისიც კი მჯერა, რომ ფიფოს, ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ შემოდის ჩვენთან კონტაქტში, რადგან ის რაღაც უხილავი ძაფია გაწყვეტილი და მისი ბოლოები, სადღაც ასტრალში დაფრიალებს და შეერთებას ლამობს!
- ჰმ. - მიმის მდარედ ჩაეღიმა. - რა კარგად აღწერე.
- ასე ვფიქრობ. - გაუღიმა ჩუკიმ. - ან იქნებ, სადღაც წავიკითხე კიდევაც, არ მახსოვს.
- უი, მართლა! - გამოცოცხლდა მიმი. - იმ საბუთზე, რა გაარკვიე?
- მანდაც ბევრი ვერაფერი. თუმცა შეიძლება, მაინც გამოგადგეს. - ჩუკიმ გაყვითლებული ფურცელი ჯიბიდან ამოიღო და მიმის დაუბრუნა. - ის ნოტარიუსი, დიდი ხნის გარდაცვლილია. აი, ის ქალი, ვინც საჩუქრები მიიღო და თანხაც გადაეცა, ისიც ასევე გარდაცვლილია. თუმცა, არც იმდენად დიდი ხნის წინ და მხოლოდ იმის გარკვევა შევძელი, რომ წლების განმავლობაში, სამშობიარო სახლის ექთნად მუშაობდა.
- რაა?
- სწორედ იმ წლებში, როცა შენ დაიბადე. თუმცა ეს საბუთი, შენს დაბადებამდე, ორი თვით ადრეა შედგენილი.
- იქნებ, გაზაფხულზე, სულაც არ დავბადებულვარ?
- და თუ კი, ეს საბუთი, შენს შვილად აყვანას ეხება და ეს გარიგება მართლაც შენზეა, მაშინ თბილი ხალათი და ჩუსტები, სავარაუდოდ ზამთარში უფრო იქნებოდა საჭირო, არა?
- ჰო. ნამდვილად მასე იქნება. - კვერი დაუკრა მიმიმ. - და იქნებ, წეღან რომ თქვი, შეიძლება უკვე პატრონობდნენ და უვლიდნენ ორსულ ქალს, ვისაც შვილი უნდა ეჩუქებინა მათთვის და ეგ საჩუქრებიც მაგიტომ წინასწარ გადაეცა, მაგრამ ფული?
- ჰო, ფულს წინასწარ, არავინ გადაიხდიდა. ყოველ შემთხვევისათვის, ამხელა თანხას, რადგან რა გარანტია იყო, მერე რომ ის ქალი, ბავშვს მაინც დაუთმობდა და ვერც უჩივლებდი.
- ჰო, ალბათ მასეც იყო, მაგრამ ეს საბუთი თუ მე არ მეხება? მაშინ?
- შეიძლება. - თავი დაუქნია ჩუკიმ. - შენ ამ საბუთთან, არც არაფერი გაკავშირებდეს, მაგრამ ამ ქალის პროფესიამ ჩამაფიქრა და აი, მანდ კი მეპარება ცოტა ეჭვი, რომ სამშობიაროს ექთანს, ასეთი ძღვენი გადასცეს და რატომ? და თანაც, ზუსტად იმ პერიოდში შენ რომ დაიბადე, მხოლოდ სულ ცოტა, ორ თვეზე მეტია სხვაობა და იქნებ, მართლა სწორედ იმ დროს ხარ დაბადებული, როცა ეს საბუთი შედგა? მაგრამ კვალის ასარევად, სპეციალურად გვიან გაგაფორმეს!
- და ასე, შესაძლებელი იყო?
- კი. როგორ არა! - მიუგო ჩუკიმ. - ხშირად, ზამთრის მიწურულს დაბადებულ ბავშვს, დამდეგ წელს უწერდნენ და რა თქმა უნდა, თვე და რიცხვიც თავისთავად შეეცვლებოდა.
- და ამ დროს იქნებ, დედა ეძებს სულ სხვა თარიღით დაბადებულ შვილს?
- დიახ, დიმეოს სკოლის დირექტორიც ასე ეძებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მის შვილებს, ნამდვილად ექნებათ დაბადების თარიღი შეცვლილი.
- გეხვეწები, დაეხმარე, რაა. - შეევედრა მიმი. - ჩვენი მეგობრობის ხათრით, დაეხმარე! ფინანსებზე, არ იდარდო, ყველაფერს მე დავფარავ!
- ვეხმარები უკვე. - გაეცინა ჩუკის. - და რაც გადასახდელი იყო, იმაზე მეტიც მომცა.
- ძალიან კარგი! - გაუხარდა მიმის.
- ნუ გეშინია, ყველა ღონეს ვიხმარ, ყველგან გავძვრები, სადაც ხელი მიმიწვდება და არ მიმიწვდება კიდეც!
- ფრთხილად იყავი, ხომ ხედავ ფიფო, რა დღეში ჩააგდეს, თავს გაუფრთხილდი.
- დამშვიდდი მიმი.  ფიფო კრიმინალურ საქმეს იძიებდა, მე უფრო, სხვა კუთხით მივდივარ. კონკრეტულ ადამიანებს ვეძებ. თუმცა ჯერ, უშედეგოდ და ვნახოთ აბა.
- ჰო, დაეხმარო უნდა, აბა რა. - მიმი წამით შეყოვნდა. – იქნებ, მე ვარ მისი შვილი?
- არა, მიმი. - თავი გააქნია ჩუკიმ. - იმ ქალის ბავშვების დაბადების წლები და შენი, საკმაოდ დიდი სხვაობაა. შეიძლება შეუცვალო ერთი, ორი, მაქსიმუმ სამიც და ესეც ბევრია, მაგრამ შვიდი და ლამის, ათი წელია სხვაობა.
- ჰო, არა და სხვა გზა, აღარ დამრჩა. ჩემები, როგორმე უნდა ავალაპარაკო! - მიმი წამოდგა, ჩუკის გამოემშვიდობა და დედისეული სახლისკენ გასწია.
- აბა, როგორ არიან ჩემი გვრიტები? - მიმიმ შესვლისთანავე ხალისიანი ტონით მიმართა დედას და მამიდას.
ქალებმა გაკვირვებული სახით ერთმანეთს გადახედეს.
- ისადილეთ უკვე? - მიმი სამზარეულოში შევიდა და მაცივარი გამოაღო.
- ჯერ არა, ახლა ვაპირებდით. - წაიკვნესა დედამ.
- და რას აპირებდით? - ჩაეღიმა მიმის. - მაცივარი კი სავსეა, მაგრამ ვინ გააკეთებს? მზარეულის დაქირავებაც მოგვიწევს, რადგან მე სულ გადარბენაზე ვიქნები, სანამ ფიფო არ ადგება და შენთვის კი, არ შეიძლება დიდ ხანს ფეხზე დგომა, აი, მამიდაჩემს კი! - მიმიმ მამიდას მოხედა. - ყველაზე კარგად, ყიყლიყო გამოსდიოდა ხოლმე და ისიც, ხანდახან!
ყველას გაეცინა, თუმცა ყოველივე იმის მერე, მიმის საქციელით, მოხუცები მაინც გაკვირვებულები იყვნენ.
- მეც კარგად ვამზადებ კერძებს. - ჩაერია დღის ექთანი.
- არა, ჩემო კარგო. - მიმართა მიმიმ. - შენ, შენს საქმეს უნდა მიხედო, აქ კი ამჯერად, გამოვიძახებთ სადილს, მერე კი ვნახოთ.
მიმიმ მობილური მოიმარჯვა და რესტორნიდან შეკვეთა გააკეთა.
გემრიელად ისადილეს და მშვენივრად მოილხინეს. მალე მოსაღამოვდებოდა. მიმიმ დღის ექთანი, შედარებით ადრე გაუშვა. ღამის ექთნის მოსვლამდე კი ჯერ კიდევ, დიდი დრო იყო დარჩენილი.
- რადგან ყავა, არც ერთს არ გვესმევა და თანაც, უკვე საღამო ხანია, მოდით გემრიელი ჩაი დავლიოთ! - მიმიმ უკვე გამზადებული ჩაი შეიტანა სასადილო ოთახში და იქვე სავარძელში მოკალათდა.
ქალებმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს.
- ლიმონიც გვაქვს და დეე. - მიმიმ დედას გადახედა. - ის თეთრი ბლის მურაბაც გავხსენი ნიგვზით, შენი გაკეთებული.
- პატარაობიდანვე გიყვარდა და სულ შენთვის ვაკეთებდი. - წაიკვნესა დედამ.
- ჰოდა, კიდევ მოგიწევს გაკეთება. - ჩაურთო მამიდამ. - ჯერ გაზაფხული, ახლა იწყება და მთელი ზაფხულიც წინაა.
- შენ ნუ გეშინია, დეე! - დაიწყო მიმიმ. - სულ მალე, ისევ ისე, ჩიტივით იფრენ და არც ერთმა! – მიმიმ ხმას აუწია. - არასდროს, ერთი წამითაც არ გაივლოთ გულში, რომ მე თქვენ, მიგატოვებთ და ან ზრუნვას შევწყვეტ თქვენზე! ორივეზე! მაგრამ მინდა ვიცოდე და მინდა კი არა, აუცილებელიც არის იმის ცოდნა, თუ ვინ ვარ? რა ჯიშის ვარ? და იცით რატომ მაინტერესებს? დიმეო გაიზრდება და შეიძლება, საკუთარი ბიძაშვილი მოიყვანოს ცოლად! ან დეიდაშვილი და მერე, კარგი იქნება ეს? - მიმის ცრემლები წამოსცვივდა.
მოხუცები გაფითრებულები ისხდნენ. ხმას ვეღარ იღებდნენ, ან იქნებ, არც იცოდნენ საიდან უნდა დაეწყოთ. 
მიმიმ ამოიხვნეშა, წამოდგა. ჩანთიდან ის გაყვითლებული ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე წინ დაუდო.
LEX. 2021 წლის 19 აგვისტო ხუთშაბათ.

No comments:

Post a Comment