- მიმი, რა ლაპარაკია შვილო ეს? - მაშინვე შეეპასუხა დედა. - ხომ ნახე, შენი დაბადების მოწმობა?
- კი, ვნახე, მაგრამ აქ იცი, რა წერია? - მიმიმ წერილი მაგიდაზე დაანარცხა. - შენ არასდროს გიმშობიარია, დედა!
- რრრაა? - დედას ხმა წაერთვა.
- ჰო, დედა, ჰო! ხომ ხედავ? მაინც დედას გეძახი, მაგრამ არასდროს გაგიჩენია შვილი და ის დაბადების მოწმობაც, ყალბია! მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი, კანონიერად არის იმ ფურცელზე, მაგრამ მაინც ყალბია! - მიმი წამოდგა. - ძალიან რთულია აქ გაჩერება. დროს, ორშაბათამდე გაძლევთ და უნდა მითხრათ, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ?! სხვანაირად არ გამოვა! არა!
მიმიმ კარი გაიჯახუნა და ფიფოსკენ გასწია.
ფიფო ისევ ისე იყო. მხოლოდ დიმეოს ჩარევამ, მისი კვების რაციონში, თითქოს უფრო გამოიღო შედეგი. თუმცა, სად იყო აქ შედეგი. უბრალოდ, მიერთებულ აპარატურაზე, შედარებით უკეთესი ჩვენება იყო, მაგრამ ფიფოს მაინც, არაფერი ეტყობოდა. ისევ ისე, უსიცოცხლოდ იყო გაშოტილი და მხოლოდ ჩართული მონიტორები თუ იუწყებოდნენ, რომ მისი სხეული, ჯერ კიდევ ცოცხლობდა.
- საშინლად მჭირდები. - ჩურჩულებდა მიმი ფიფოს საწოლთან. - არ ვიცი, რა ვქნა? ახლა შენზე უმწეოდ ვარ. შენი იმედიღა დამრჩა. გთხოვ, დამეხმარე, გთხოვ, მიშველე. როგორმე უნდა შესძლო და ადგე. თუ გინდა, სულ ეტლში იჯექი და მე მოგვილი! არ მეზარება! მხოლოდ ადექი, გთხოვ, თვალი გაახილე და იაზროვნე, ისე როგორც იცი ხოლმე. დაბნეული და უთვისტომო ვარ, მირჩიე რამე, მიშველე, მომეშველე აზროვნებაში!
მიმის, ფიფოს ხელთან ედო თავი. კოცნიდა, ეფერებოდა მის თითებს. ცდილობდა, ბევრი სასიამოვნო დღეები გაეხსენებინა მის გვერდით და მერე, ფიქრებმა ისე გაიტაცა, რომ თითქოს, ჩაეძინა კიდეც.
მოულოდნელად, ოდნავ თითის შეხება იგრძნო ლოყაზე. მიმი შეცბა, თავი წამოსწია, ამ დროს დიმეოც შემოვიდა. მიმი კვლავ გაოგნებული დაჰყურებდა ფიფოს, რომელსაც არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
- არა, არა. არ მომჩვენებია. - დაიჩურჩულა მიმიმ.
- რა მოხდა დე? მამამ, თვალი გაახილა?
- არა, მაგრამ... შემეხო... აშკარად შემეხო...
- მართლა?! - დიმეომ აღფრთოვანება ვერ დაფარა. - ექიმმა იცის? გასინჯა ახლა?
მიმის და დიმეოს სიხარული, ამაო აღმოჩნდა. ექიმმა მხოლოდ შემთხვევით იმპულსს მიაწერა და ამასთანავე დარწმუნებული იყო, რომ მიმის, ნამდვილად მოეჩვენა.
- ხდება ხოლმე ასე. - უხსნიდა ექიმი. - ის რაც ძალიან გინდა, რომ მოხდეს, თითქოს მართლა ხდება. ეს ქვეცნობიერი ილუზიაა და მეტი, არაფერი. თუმცა, იმედს მაინც ნუ დაკარგავთ.
მიმი დაღონებული გამოვიდა პალატიდან. გარეთ ჩუკი ელოდა. ახლაღა მიხვდა, დიმეო იქ, ვინც მიიყვანა.
- რა ხდება ძანესთან? - ჰკითხა მიმიმ ბიჭს. - შერიგდით?
- დედა! აბა, როდის ვიჩხუბეთ? - იწყინა დიმეომ.
- აბა, მაშინ მომეჩვენა?
- დიდ ხანს რომ დავრჩი ზედიზედ, მგონი უფრო სხვანაირად მიმეჩვია. - დაიწყო დიმეომ მოწყენილი ხმით. - უჩემოდ, წყალსაც აღარ სვამს და აშკარად იბუტება, როცა შენთან მინდა დარჩენა.
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - მესმის მისიც და შენიც.
დიმეოს ცალყბად ჩაეღიმა.
- და ახლა, როგორ გამოგიშვა? - ეღიმებოდა მიმის.
- ჩუკის დავურეკე და მომაკითხა, ვითომ შენ გჭირდებოდი.
„ჰმ, რა გაწაფულია ეს ბავშვი ტყუილებში.“
მიმის გულში მწარედ ჩაეღიმა.
- წავიდეთ აბა. - გაუღიმა მიმიმ. - ძანეს ხომ მაინც გულწრფელად უხარია ჩვენი იქ ყოფნა.
- კარგი, წავედით. - თავი დაუქნია დიმეომ. - განა ძანესთან არ მინდა, მაგრამ შენთან ერთადაც მინდა, მოდი დეე, შენც დარჩი დღეს იქ, დარჩები?
- დავრჩები! - გაუღიმა მიმიმ. - ბებიებთან მაინც ექთანს ვტოვებ, ასე რომ არ მოიწყენენ.
დიმეოს გაუხარდა. მშვენივრად ატყობდა, დედას იქ გაჩერება, ახლა არ უნდოდა. იმასაც ფიქრობდა, ნეტა რა გაარკვიაო, მაგრამ იცოდა, დედა უფროსების საქმეში ასე ადვილად, არ ჩარევდა და არც არაფერს ეტყოდა.
- შენ აქ ჩამოგსვამ. - მიმიმ ძანეს სახლთან შეაჩერა მანქანა. - მე ჩუკის მივიყვან და მოვალ.
- კარგი. - უკმაყოფილოდ მიუგო დიმეომ.
- მომწერე მერე, რა წამოგიღოთ.
დიმეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები და მანქანიდან გადავიდა.
- როგორ იბღვირებოდა. - გაეცინა ჩუკის.
- ამ ბოლო დროს, ყველაფერში ჰყოფს ცხვირს. - ეღიმებოდა მიმის. - თავი, დიდი ბიჭი ჰგონია. ძალიან დიდი.
- ჭკვიანია და იცის ეს. გრძნობს, რომ სხვა ბავშვებზე მეტი ესმის.
- და თან ახლა, უფროსობს, ჰმ.
- შენ თუ გაარკვიე რამე? - ჩუკიმ თემა შეცვალა, რადგან შეატყო, მიმი იმ საუბარს ვეღარ იწყებდა, რაც უფრო მეტად აინტერესებდა ახლა.
- ბევრი ვერაფერი. მხოლოდ ის გავიგე, რომ დედას, არასდროს უმშობიარია.
- ესე იგი?
- ჰო! მიშველეს. - მიმი წამით შეყოვნდა. - დაბადების მოწმობაც კი ისე ოსტატურად არის გაყალბებული რომ...
- და ამ დროს ოფიციალურად, არც არის ყალბი. - მიუგო ჩუკიმ. - არქივშიც ზუსტად ასეა და არც განმეორებით არის აღებული.
- საქმეც მაგაშია, მაგრამ ხომ ნახე, ფაქტი! - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - ქალს არასდროს გაუჩენია შვილი, მაგრამ მაინც შესძლო კანონიერად მეტრიკის აღება და შვილად აყვანილის კი არა და, როგორც საკუთარი შვილის!
- მდაა. - ჩუკიმ თავი გააქნია. - რამე საბუთი, ან ხელწერილი მაინც რომ გენახა...
- საბუთი? - მიმიმ მანქანა შეაჩერა. - ხელწერილი? ჰო! ჰო! - მიმიმ ჩანთიდან, ის ძველი, გაყვითლებული ფურცელი ამოიღო. - აი, ეს ნეტა რამეს ნიშნავს? ან იქნებ, საერთოდაც არც არაფერი აკავშირებს ჩემთან?
- არ ჰკითხე შენებს?
- იმ მომენტში, კონვერტში რაც იყო, ის პასუხი უფრო აქტუალური იყო და ეს, არც გამხსენებია.
ჩუკიმ ყურადღებით ჩაიკითხა და მერე მიმის მიუბრუნდა:
- მათხოვე ეს საბუთი.
- კარგი. - თავი დაუქნია მიმიმ.
- რაღაცეებს გადავამოწმებ და ვნახოთ მერე.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- იცი, რა მიკვირს ამ საბუთში?
- რა?
- აქ საკმაოდ დიდი თანხაა მითითებული და თანაც იმ დროს, უფრო მეტს ნიშნავდა. სავარაუდოდ, ლამის ერთ პატარა ბინას მაინც ყიდულობდი ამ ფულით და რატომ არაფერი წერია, იმის შესახებ, რომ ეს თანხა, თუ საჩუქრები, რაში გადაუხადეს? რისთვის? თუ, ვალის გასტუმრება იყო, მაშინ პირიქით, უფრო მეტად არ უნდა დაეკონკრეტებინათ? იქნებ, ბინა გაყიდეს? და მერე, რა? აუცილებლად უნდა ჩაეწერათ, მაგრამ რა იყიდეს? რა?
- და იქნებ, ვინ? რა, თუ ვინ იყიდეს?
- შენ ფიქრობ, რომ ასე გიყიდეს? - ფრთხილად შეაპარა ჩუკიმ.
- რა ვიცი. - თავი გააქნია მიმიმ. - უკვე აღარც ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ მაშინ ხომ უნდა ეწეროს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ, ბავშვი იყიდეს?
- მიმი, მაგას არავინ დაწერდა. არც ერთი მოსყიდული ნოტარიუსი, რომ ბავშვის სანაცვლოდ გადახდილი იქნა ეს თანხა. - ჩუკი შეყოვნდა. - კი, წერდნენ ხოლმე, რომ უარს ვამბობ შვილზე და სანაცვლოდ ვიღებ, ამდენ თანხასო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ რვეულის ფურცელზე, სპეციალურად იყო ასე შედგენილი, რომ საციხოდ არ გაეხადათ საქმე და ნოტარიულადაც არ ამოწმებდნენ. აქ კი, ხედაც? როგორ ოსტატურად არის შედგენილი ოფიციალური საბუთი, რომ შარსაც ვერ მოსდებ!
- ესე იგი, მიყიდეს!
- მიმი, ჩვენ ჯერ არ ვიცით, საერთოდ არის თუ არა ეს ფურცელი, შენთან რამე კავშირში, ამიტომ დამაცადე, უფრო მეტად გავარკვიო. ჯერ, ის ნოტარიუსიც მოსაძებნია და ვინც ხელს აწერს და თანხა ვისაც გადაეცა და ის მოწმეებიც.
- ჩემებს, ჯერ არაფერს ვეტყვი.
- არა, ჯერ არ ღირს.
- ორშაბათამდე მივეცი დრო. მანამდე, მეც ძანესთან დავრჩები. - მიმი ჩუკის გამოემშვიდობა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
ძანე უზომოდ ბედნიერი ჩანდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეიტყო, რომ მიმიც იქ რჩებოდა და დიმეოს აღარ მოუწევს, დედის მოსანატრებლად წასვლაო. ისე იყო აჟიტირებული, რომ მზად იყო, მთელი ქვეყნის საიდუმლო გაემჟღავნებინა დიმეოსთვის.
დიმეოსაც, მეტი რა უნდოდა? სწორად და ზუსტად გათვალა ყველაფერი და ამ ერთი ციდა ბიჭმა საქმე, მის სასარგებლოდ ისე შემოატრიალა, რომ აქეთ გაუხდათ სახვეწარი.
მთელი საღამო, გაკვრითაც კი არ უხსენებია ის გასაღები, ასე ძალიან რომ აინტერესებდა. სიტყვაც კი არ დასცდენია, იმ ჩაკეტილ კარზე. ძანეს გულზე მოეშვა. ეგონა რომ დიმეოს, უკვე დაავიწყდა ის ღამის მოგზაურობა, მაგრამ შეცდა. დიმეომ ხან საიდან მოუარა, ხან საიდან და ბოლოს, მაინც ათქმევინა, გასაღების სამალავი. თუმცა, არც იმდენად ზუსტად შესძლო ძანემ ახსნა.
- ბაბუ, მეორე უჯრაში ინახავს იმ დიდ გასაღებს და არ აიღო. - გააფრთხილა ნამძინარევი ხმით ძანემ და კვლავ, ძილს მისცა თავი.
„ჰმ. მეორე უჯრაში.“
დაიჯღანა დიმეო.
„ეგ ხომ, ისედაც ცხადი იყო, სადღაც უჯრაში რომ დამალავდა, მაგრამ რომელია ის მეორე?“
დიმეო ბაბუს ოთახში შევიდა. მოხუცს, ისე ღრმად ეძინა, რომ მისი ხვრინვა, იქაურობას აყრუებდა. ამ ღამით იქ ძებნას, აზრი არ ჰქონდა. ისევ დღისით სჯობდა, კარგად მოეთვალიერებინა იქაურობა და ისე დაეძებნა.
როგორც იქნა, გათენდა. დიმეომ ფიქრებში, თეთრად გაათენა ღამე და ახლა, წამდაუწუმ ამთქნარებდა.
- რა გჭირს შენ? - მიმიმ შუბლზე მიადო ხელი. - სიცხე ხომ არ გაქვს?
- არა, რაღაც მოთენთილი ვარ. - დიმეომ კვლავ დაამთქნარა.
- ვაიმე, გრიპი ხომ არ გეწყება, ბებო? - შეშფოთდა ძანეს ბებია და მაშინვე ლიმონიანი ჩაი გაუმზადა.
დიმეო დივანზე ძალით წამოაწვინეს და ჩაიც იქვე დაუდგეს. ძანე ძალიან წუხდა, მაგრამ დიმეომ დაამშვიდა.
- ნუ გეშინია. განა მართლა ცუდად ვარ.
- აბა?
- მთელი ღამე ვფიქრობდი და აღარ დამეძინა.
- რატომ ფიქრობდი?
- გასაღებზე ვფიქრობდი და ვეღარ დავიძინე. - დიმეო წამით გაჩუმდა, რადგან მიხვდა, ძანეს აშკარად ეწყინა. - ნუ გწყინს რაა? მე ხომ აქ, შენი გულისთვის მოვედი, მაგრამ მაინც მეფიქრება და რა ვქნა? თანაც, არც გიმალავ და გიყვები.
- ჰო. - თავი დაუქნია ძანემ. - მაგრამ მაინც რატომ გინდა, ბაბუს გასაღები?
- შენი ბრალია! - შეუტია დიმეომ. - რატომ მაჩვენე ის კიბე? რას მერჩოდი?
- ჩვენ, ძმები ვართ!
- რა თქმა უნდა, ძმები ვართ! - კვერი დაუკრა დიმეომ. - და მაგიტომაც მინდა ვიცოდე ყველაფერი, რაც შენ იცი და მეც მოგიყვები, რაც გაინტერესებს. მკითხე და გეტყვი, არ დაგიმალავ!
- ფიფოსთან წამიყვან? - გულუბრყვილოდ იკითხა ძანემ.
- საღამოს წავიდეთ, გინდა?
- ჰო. - ძანემ თავი დაუქნია. წამოდგა და კარისკენ რომ წავიდა უკან მოხედა. - გასაღები, მეორე უჯრაშია.
დიმეოს ჩაეღიმა.
მთელი დღე მოუნდა ბაბუს ოთახის თვალიერებას. მიზეზი არ დაელია, ხან რაზე შევიდა და ხან რაზე. ყოველ იქ შესვლაზე, ძანე რაღაცნაირად იძაბებოდა. თუმცა, არაფერს ამბობდა და ვერც ვერავინ ამჩნევდა.
„გაიგე ახლა, რომელი მეორე უჯრა?“
ფიქრობდა დიმეო.
„მარჯვნიდან მეორე, თუ მარცხნიდან? კარადის თუ კომოდის?“
დიმეომ, თხოვნა შეუსრულა ძანეს და მიმიმაც ფიფოს სანახავად წაიყვანა ბიჭები.
ძანე გაოგნებული დარჩა. უამრავი კითხვა დააყარა დიმეოს და ისიც, შეძლებისდაგვარად პასუხობდა.
ძანე ბედნიერი ჩანდა, დიმეო კი, გადაღლილი და ისე ჩაეძინა, გასაღები არც კი გახსენებია. მხოლოდ გვიან ღამით, ბიჭი საწოლზე წამოჯდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომელი უნდა ყოფილიყო მეორე უჯრა.
რადგან დიმეომ, ვერ გაიგო ძანეს მინიშნება, ამიტომაც ყველა უჯრაში მოუხდა ჩაძრომა. თუმცა, ზედმეტად გადმოქექვა, ვერც გაბედა. ზედაპირულად კი, ვერაფერი აღმოაჩინა. ახლა კი, ზუსტად იმ უჯრას მიადგა და ამჯერად, სწორად გამოიცნო, რადგან ძანე, თითქოს ყველაფერს უკუღმა აღიქვამდა და სინამდვილეში, ის მეორე უჯრა, შეიძლება პირველიც ყოფილიყო და დიმეოს გამჭრიახი გონებაც, ზუსტად მიუხვდა ძანეს.
ბიჭს, სუნთქვა ეკვროდა. თითქოს ხელებიც არ ემორჩილებოდა რომ უჯრა გამოეღო. ბაბუ კი საკმაოდ ძლიერად ხვრინავდა. იმედია, ასე ადვილად არ გაეღვიძებოდა და მაინც, რა წესი იყო? ძანემ იცოდა რაღაც საიდუმლო და დიმეომ, არა. ნუთუ, ბაბუ და ბებო, ასე არ ენდობოდნენ? აი, სწორედაც რომ ეს სწყინდა ბიჭს და ამიტომ უფრო მოუნდა იმ სხვენის კარის გაღება.
ხელის კანკალით გამოაღო უჯრა. საკუთარი გულის ცემის ხმა, ისე ძლიერად ესმოდა ყურებში, რომ ლამის, ბაბუს ხვრინვაც დაფარა. გასაღები არსად ჩანდა. არადა, უკვე დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად ეს უჯრა იყო, ზუსტად გამოთვალა.
„ნუთუ, ძანემ მომატყუა?“
გაიფიქრა ბიჭმა.
„არა, რატომ? რატომ უნდა მოვეტყუებინე და თანაც, ძანე და ტყუილი?“
დიმეო დაღონებული გამობრუნდა უკან. ფიქრობდა რომ უჯრა ვერ გამოთვალა კარგად, თუმცა კართან მობრუნდა, კვლავ მოაფათურა ხელი უჯრაში. მერე უფრო ღრმად შეყო და უჯრის სულ შიდა, ზედა კედელზე რაღაც, სკოჩით ოდნავ მიკრული რკინა მოჰყვა ხელში.
გასაღები!
ბიჭს გული ისე აუფრიალდა, ლამის სუნთქვა შეეკრა. მაშინვე თავისი ოთახისკენ გაიქცა. საწოლში შეწვა და ასე ხელში ჩაბღუჯული გასაღებით ჩაეძინა კიდეც.
დილით, დაბნეულივით იქცეოდა. რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გადამალა ნანატრი ნივთი.
ისევ ჰკითხეს უფროსებმა, რა გჭირსო. ისევ გაუზომეს სიცხე და ისევ წამოაწვინეს მთელი დღით დივანზე. ბიჭს კი მთელი ყურადღება, ბაბუსკენ ჰქონდა, ვაი თუ აღმოაჩინოს გასაღების დაკარგვაო, მაგრამ გაუმართლა. არც მოხუცს შეუტყვია რამე და არც ძანეს გასჩენია ეჭვი.
„რასაც გონებაში ზედმეტად ებრძვი და ეწინააღმდეგები, ხშირად ეს, საპირისპირო ეფექტს იწვევს და ამ შემთხვევაში, რაღაც მომენტამდე, ის გიმონებს კიდეც, მაგრამ როცა რქებით არ ებრძვი და უფრო მსუბუქად გაატარებ, მაშინ შენი ბრძოლა, უკვე ძალაუფლების ტოლფასია!“
მოულოდნელად, მწირის სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში და გულში ამაყად ჩაეღიმა, რაღაც შინაგანი ძალაც იგრძნო.
ახლა საჭირო იყო, დაღამებას დალოდებოდა. როცა ყველა დაიძინებდა, სწორედ მაშინ უნდა გაპარულიყო და აუცილებლად უნდა გაეხსნა ის ნანატრი კარი. ასე ფიქრობდა ბიჭი და დაღამებას უცდიდა. მანამდე მობილურიც კარგად დატენა. საწოლის ქვეშ, მოსახერხებელი ფეხსაცმელიც კი შემალა და ახლა უკვე, ყველაფრით შეიარაღებული, ღამის დადგომას უცდიდა.
როცა მთელ სახლს ეძინა, დიმეო ფეხაკრეფით მიუახლოვდა იმ სასურველ კარს, რომელიც სხვენში ადიოდა და რომლის გასაღებიც, უკვე მის ხელთ იყო, მაგრამ ყველაფერი, ამაო აღმოჩნდა. დიმეომ, ძვრა ვერ უყო ბოქლომს.
შეწუხებული უკან დაბრუნდა და ლოგინში, ტანსაცმლიანად შეწვა.
„ნუთუ, სხვა გასაღები ავიღე?“
ფიქრობდა ბიჭი.
„და ამდენი, ტყუილად ვიწვალე?
და თუ სხვა გასაღებია, მაშინ ბოქლომს, რატომღა მოერგო?
მე კი, ვერაფრით ვერ გადავატრიალე. ალბათ, იმას უნდა ველოდო, უფრო ღონიერი როდის გავხდები?
ჰო, ღონიერი და ძლიერი, ძანესავით.... ძანესავით....“
დიმეოს, ბევრი აღარც უფიქრია, ძანეს მიეჭრა და გაღვიძება დაუწყო.
- თუ მართლა ხარ ჩემი ძმა, ხმა არ ამოიღო, ისე წამომყევი. - უჩურჩულა ბიჭმა.
ძანე საწოლზე წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა.
- გთხოვ, წამომყევი. - ჩურჩულებდა დიმეო. - მეტს აღარაფერს გთხოვ, არასდროს. შენ ჩემი ძმა ხარ და მართლა სულ ერთად ვიქნებით!
- ჩემი ძმა ხარ. - დაუდასტურა ძანემ.
- ეს ჩაიცვი.
დიმეომ თბილი სვიტერი ჩამოაცვა თავზე. ძანეც დაემორჩილა და ასევე მორჩილად მიჰყვა კუდში, ხოლო როცა დიმეომ, გასაღების გადატრიალება სთხოვა, ძანე გაიბღუზა, მაგრამ დიმეომ, თავისი ენისა და შარმის წყალობით, მაინც დაარწმუნა, რომ ახლა აუცილებლად ასე იყო საჭირო.
- არ შევალ. უბრალოდ, შენ გასაღები გადაატრიალე და მერე, წავიდეთ დავიძინოთ, კარგი?
- კარგი. - გულუბრყვილოდ დაეთანხმა ძანე და თავისი ძალის წყალობით, ბოქლომიც გაიხსნა.
დიმეომ გასაღები და ბოქლომი ჯიბეში შეინახა და ძანესთან ერთად, საძინებელში დაბრუნდა.
- ახლა დავიძინოთ, კარგი? - დიმეომ საბანიც კი შემოუკეცა ძანეს.
- ჩვენ, ძმები ვართ. - უკვე ძილ ბურანში ამოთქვა ძანემ და მართლაც ჩაეძინა.
ცოტა ხანში, ალბათ გათენდებოდა კიდევაც და დიმეომაც არ დააყოვნა. კვლავ უკან გაბრუნდა, ფრთხილად ასწია ჭერში დატანებული კარი და როგორც იქნა, ეღირსა და სხვენშიც ავიდა.
LEX. 2021 წლის 15 აგვისტო კვირა.

No comments:
Post a Comment