Sunday, August 22, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 12)

12. 
სამშობიარო სახლის ეზოში, ჩოჩქოლი იყო. 
მაკამ უკანა კარიდან, ძლივს შესძლო შეპარვა და საკუთარ კაბინეტში, სავარძელში როცა მოკალათდა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, თუმცა ამოსუნთქვამდე, ჯერ კიდევ ბევრი უკლდა. 
- ყავა გაგიმზადოთ, მაკა ექიმო? - ოთახში თავი შემოჰყო, მაკას უერთგულესმა ექთანმა. 
- ჰო! - უკმაყოფილოდ უპასუხა მაკამ. - ნავთიც მოაყოლე და ზედ, ცეცხლიც ბლომად დამიმატე! 
ექთანი, დამნაშავესავით აიბუზა კართან. 
- ჰა! მოყევი ახლა, რა ხდება?! - შეუღრინა მაკამ. 
- ბავშვის მამა, ანგრევს ყველაფერს.
- უი, მართლა? ბავშვის მამა? - ცინიკურად ჩაეღიმა მაკას. - მეგონა, რომელიმე მშობიარე გოგოს მეზობელი წუხდა ასე! 
ექთანმა არაფერი უპასუხა. 
- ამოღერღავ, ბოლოს და ბოლოს?! - მკაცრად შეუტია მაკამ. 
- ძალიან დიდი არეულობაა, მაკა ექიმო. - დაიწყო ექთანმა. 
- დალაგებულად რომ არ არის საქმე, მაგას ვხვდები ჩემო კარგო. - უკმაყოფილოდ მიახალა მაკამ. - დროზე მომიყევი რაც ხდება, იქნებ ეშველოს ჯერ კიდევ და სანამ დროა.
- დედას ბიჭი უთხრეს, მამას გოგო და... 
- და რა?! - უკვე ვეღარ ითმენდა მაკა. 
- ახლა პატრონები ბავშვს მოითხოვენ და თან არ სჯერათ, რომ ... 
- გასაგებია. - ჩაიბურტყუნა მაკამ. 
მაშინვე მიხვდა, ჩვილი აართვეს დედას და მკვდრად გამოაცხადეს. ბავშვის სქესის დასახელების დროს კი აურიეს და ფულს დახარბებულებმა, ერთმანეთში წესიერად ვერც კი შეათანხმეს. 
ექთანი მაკას შეჰყურებდა და ელოდა, რას ეტყოდა. 
- ვინ მოაწყო, ეს აურზაური?
- მაკა ექიმო, იმ ბავშვის პატრონები, ისეთ დღეში არიან... 
- უჰ! გამაკვირვე, ახლა? გოგო, მე აქ გეკითხები! აქ, ჩვენთან, ვინ აურია?! - მკაცრად შეუტია მაკამ. 
- იმ პედიატრმა, ალეკო ექიმის მოყვანილმა. 
- ყველგან ეგ კრეტინი ქალი, როგორ ეჩხირება! - ცოფდებოდა მაკა და თავს ძლივს იკავებდა, რომ ხმამაღლა არ ეყვირა.
- თვითონ ალეკო ექიმიც, ხომ იცით, ვისი პროტეჟეც არის?
- შენ წარმოიდგინე, შენზე კარგად ვიცი! - უკმეხად მიახლა მაკამ.
„თუმცა, ალეკო ექიმი, არც არაფერში ერევა, ისე იღებს თავის წილს, რომ არც კითხულობს, მაგრამ ეს წანკლა პედიატრი, ვინ მომითრია აქ? და რატომ?“
ფიქრობდა გაგულისებული მაკა.
„იქნებ სულაც, სპეციალურად შემომიგზავნა, რომ წილი ეცოტავება და უფრო მეტი უნდა? 
ჰმ, ვერ მოაგრთვით, ბატონო ალეკო, ვერ მოგართვით!
ან უნდა დასჯერდე იმას, რაც გაქვს და რაშიც თითსაც კი არ ისვრი, ისე იღებ, ან არა და, ისეთ რამეს მოგიწყობ, ექიმობა კი არა საკუთარი სახელი და გვარიც კი აღარ გახსობდეს.“
- ეს პედიატრი ზედმეტად დაცანცარებს, რომელი პალატაც მას არ ეკუთვნის, იქაც კი ძვრება. - განაგრძობდა ექთანი.
- მერე, ვერ წაატეხეთ, ის ცნობმისმოყვარე ცხვირი?! და ელზა ექიმი ამ დროს, სად ეგდო? რატომ არ მიაქცია ყურადღება?! - მაკამ ისე ძლიერად დაჰკრა ხელი მაგიდას, რომ ხელის გული აეწვა. - ოცდაოთხი საათი, აქ ხომ არ ვიქნები?! თუ სათითაოდ თავზე უნდა დაგადგეთ, რომ არაფერი შეგეშალოთ?! - მაკამ ახლა ხმას დაუწია. - მაშინ, რაღაში მჭირდებით? რისთვის ზიხართ წილში? იმისთვის რომ თქვენი ჩასვრილი საქმე, მე მოვწმინდო? და თუ რამეა, პირველი მე უნდა წავიდე ციხეში, არა? - მაკა ჩურჩულზე გადავიდა. - სათითაოდ გაგიყოლებთ, იცოდე! 
ექთანი თავჩაღუნული იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. 
- იდექი ახლა ასე შტერივით! - კვლავ შეუტია მაკამ. - წადი ელზა მომიძებნე, სასწრაფოდ მოვიდეს, იქნებ რამე გამოვასწოროთ, სანამ დროა. 
ექთანი გავიდა და კარგა ხანს არ გამოჩნდა. მაკა ნერვული ნაბიჯებით ბოლთას სცემდა ოთახში და გიჟივით გადი-გამოდიოდა. 
„კიდევ კარგი, მაგ დროს, აქ რომ არ ვიყავი. ეს ამბავი, რომ ცუდად დამთავრდეს, მე ხელს ვერავინ დამადებს. ჰმ! აბა, გაბედონ და ზედმეტად წამოაყრანტალონ, რამე!“
ფიქრობდა მაკა. 
„კრეტინები! დებილები! იდიოტები! ისე აუბნია ორი კაპიკის შოვნამ თავგზა, რომ სიფრთხილე სულ დაკარგეს, მათხოვრები! წუმპიდან ამოყვანილები!“
როგორც იქნა, ეღირსა და ელზა ექიმიც, მოწიწებით შემოიძურწა მაკას კაბინეტში. 
- დამსაჯეთ, მისაყვედურეთ, მხოლოდ ნუ გამაგდებთ, არც ხელფასი მინდა ამ თვეში და არც პრემია და არც... - აღლუცუნდა ელზა.
- და არც ჯანდაბა გინდა, ვიცი! - შეუღრინა მაკამ. - დაგსჯი, აუცილებლად დაისჯები ამ აურზაურის გამო, მაგრამ ახლა ეს საქმე, როგორც გინდა, ისე უნდა გამოასწორო. 
- როგორ მოვიქცე? - ზლუქუნებდა ელზა. 
- ჯერ ეგ წვინტლები მოიწმინდე და დაწვრილებით მომიყევი! ოღონდ ჩქარა, რადგან სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ! 
- ის გოგო, ჩემი ნათლულია. - დაიწყო ელზამ. 
- მერე? ნათლულს ააწაპნე შვილი? – ცინიკურად ჩაეცინა მაკას. - მოკლედ, ფულმა სულ გადაგრია და ჭკუიდან გადაგდგა. 
- არც მასეა, საქმე მაკა ექიმო. - უხერხულად აიწურა ელზა. - იმ გოგოს დედას, საშინლად არ მოწონს სიძის ოჯახი. ისე, ხელიც კი არ აქვთ მოწერილი. 
- და მერე, რა?
- მოკლედ, ეს ლაწირაკი გოგო გაიპარა, გაეკიდა ვიღაც უნიათო კაცს! მასზე უფროსია და თანაც, ერთი პარტია ცოლ-შვილი, უკვე მიყრილ-მიტოვებული ჰყავს! ჯიბე გაფხეკილი, უმუშევარი! პატარა ნესტიან ბინაში, რვა სული, ერთად  ცხოვრობს!
- რვა სული?
- ჰო! აბა იმ ცოლს კი ჰქონია თავის ბინა, ეს კაცი იქაც ჩასიძებული ყოფილა და ამ თავის სახლში, მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ცხოვრობს და იმ ორიდან, ერთი ცოლ-შვილიანია.
- აუჰ!
- ეს შტერი ჩემი ნათლული კი, დედისერთაა! - განაგრძო ელზამ. - მამამისი, კომბინატის დირექტორია! საზღვარგარეთ უნდოდათ, რომ ამ გოგოს, სწავლა გაეგრძელებინა, ამ სულელმა კი სკოლა რომ დაამთავრა, თურმე უკვე ოთხი თვის ორსული ყოფილა, ადგა და გაეკიდა იმ ხეპრეს! იმანაც კიდევ ოჯახში მიიყვანა, რომ მერე ამის სახლში გადმოსულიყვნენ და ასეც მოხდა!
- ჰმ, ყველაფერი კარგად გათვალა სიძემ! - ჩაურთო მაკამ.
- ამ შტერი გოგოს დედას, ეს ერთადერთი ქალიშვილი, რომ გაეპარა და ასეთ გონჯ ოჯახში გათხოვდა, ძლივს ასულიერებდნენ ისეთ დღეში იყო. აქეთ მამამისსაც ინფარქტი ჰქონდა, ამ ამბის გამო.
- და შენ ახლა, სიკეთის მთესველი გამოხვედი? - კვლავ ცინიკურად ჩაეცინა მაკას. 
- ისეთი ჯანმრთელი ბიჭიააა. - თვალები მოწკურა ელზამ. 
- ესე იგი, ბიჭია? 
- ჰო. დედამისს კი ვუთხარი გოგო იყო და მაშინვე დაიღუპა მეთქი და ამ დროს კი, იმ კახპამ, ალეკო ექიმის პროტეჟემ, მაშინვე ჩაუცუნცულა ენა მამამისს, ბიჭი შეგეძინათო! ატყდა ეგრევე, შამპანურების ბათქა-ბუთქი. 
- მდაა. 
- მე არაფერი ვიცოდი და მოგვიანებით, ექთანი რომ ჩავაგზავნე, თქვენი გოგონა დაიღუპა მეთქი და რა გოგო, რის გოგოო?!! 
- და შენმა ნათლულის დედამ, ზუსტად როგორ იცის?
- თავიდანვე მითხრა, თუ რამე გართულება იქნება მშობიარობის დროს, ჩემი შვილი გადამირჩინე, ის მისი ნაბიჭვარი, ჯანდაბასაც წაუღიაო. 
- ზუსტად ასე გითხრა? - მაკამ წარბები აზიდა. 
- ზუსტად! - კვერი დაუკრა ელზამ. 
- და ახლა როგორ იცის? 
- იცის, რომ გოგონა დაიბადა, ყელზე ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული და დაბადებისთანავე უკვე გაგუდული იყო. 
- და თუ იტირა? მაშინ? იქნებ დედამ გაიგო? 
- მართლა მასე იყო! ბოლო მომენტში გავუკეთეთ საკეისრო, ვერ მშობიარობდა, ბავშვი მართლაც გაიგუდებოდა, მე რომ არ მემარჯვა! - შეიფერა ელზამ. 
- აჰამ და ახლა ბავშვი?
- საიმედო ადგილას არის, უკვე გადავაგზავნეთ. - ელზამ თვალი აარიდა. 
- რამეს მიმალავ? - მაკამ თვალებში ჩახედა. - იცოდე, არაფერი გამომაპარო და არაფერი მომატყუო, თორემ გარეთ მართლა ერთი ამბავია და პირველი, შენ დაგადებენ ხელს! 
- დინა, რომ არის ის ექთანი... - ელზა შეყოვნდა. - მგონი, თქვენი პროტეჟეა...
- რა?! რა ქნა, დინამ?! - მაკა წამოენთო. 
- ეს ამბავი, რომ ატყდა, უცებ შემოვარდა და ბავშვის გადაყვანა, მან ითავა, მართლა არავის დაუნახავს, ისე ოსტატურად გაძვრა. 
- და სად წაიყვანა, მერე? ან როგორ წაიყვანა? - შეშფოთდა მაკა. 
- ჯერ აქედან გავიყვანო, მერე ტაქსი უნდა გამოვიძახო და აგარაკზე ავიყვანო. 
- ტაქსი, ჩვეულებრივი? - მაკა შეფიქრიანდა. 
- ალბათ, ჰო. 
- კარგი, მე დავურეკავ დინას და შენ როგორმე, იმ ბავშვის მამა ამომიყვანე აქ! ჯერ მაგათ უნდა გავესაუბრო და მერე, თუ გახდება საჭირო, იმ გოგოს მშობლებსაც დაველაპარაკები. - მაკა გაჩუმდა და უცებ, სანამ ელზა გავიდოდა მიაძახა. - და სასწრაფოდ, იმ გოგოს მშობიარობის ჩანაწერები მედოს მაგიდაზე! 
ელზამ თავი დაუქნა და მაკას კაბინეტი დატოვა. 
მაკამ მაშინვე მობილური მოიმარჯვა და დინას შეეხმიანა. 
- როგორ ხარ, ჩემო კარგო? 
- კარგად ვარ, მაკა ექიმო! ქალაქგარეთ ვიყავი გასული. ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და ახლა, სახლში მივდივარ. ყველაფერი ძალიან კარგად არის! - ზედიზედ მიაყარა დინამ და პასუხის მოლოდინში, გაიტრუნა. 
- კარგი, გენაცვალე. - მოეწონა მაკას, დინას ასეთი გამჭრიახი პასუხი. - თუ არ დაგეზარება, კუსუს მიაკითხე, ნაყინზე დაპატიჟე, გაქვს ფული? 
- ნაყინის ფული, როგორ არ მაქვს?! - გაუხარდა დინას. 
- კუსუსაც ექნება ფული და მარტოს, ნუ გამოუშვებ! - ფარული ბრძანებასავით გაისმა მაკას ხმა. - ამოაცილე რაა, თუ არ დაგეზარება!
დინა სიხარულით, ცას ეწია და მაკამაც შედარებით, ამოისუნთქა. დინა კი მართლაც ჩანდა სანდო, მაგრამ რამდენად სწორად გააკეთა ყველაფერი, ისე რომ კუდები არ აჰკიდებოდა და ეჭვიც არავის გასჩენოდა, სწორედ ამას დარდობდა ახლა მაკა. 
კარი გაიღო და მაკას ყურმოჭრილმა მონა-ექთანს, რამდენიმე ადამიანი შემოჰყვა უკან. 
- დაბრძანდით. - მაკას სევდიანი ხმა ჰქონდა. 
მაკას პირდაპირ, მაგიდასთან სავარაუდოდ ჩვილის მამა და ბებია დასხდნენ, დანარჩენი ორნი კი ფეხზე დარჩნენ. 
- თქვენც დაბრძანდით. - მაკამ დივანზე მიუთითა იმ ორს და ისინიც დასხდნენ. 
- გამაგებინეთ, რა ხდება?! - შეუტია ჩვილის მამამ. - ჩემს ცოლს, გოგო უთხრეს! მე კი, ბიჭიო და ბავშვის ნახვა, როდესაც დავაპირე, თქვენი გოგონა გარდაიცვალაო, ასე მითხრეს! და რას ნიშნავს ეს?! როგორ გავიგოთ?! 
- მესმის, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა. - დინჯი,  ნაღვლიანი ტონით დაიწყო მაკა ექიმმა. - თუმცა, თქვენი შვილი, სამწუხაროდ გარდაიცვალა. 
- როგორ? რანაირად?! - შეიცხადა ბავშვის მამამ. 
- თქვენს მეუღლეს, საკეისრო კვეთა დასჭირდა. - მაკამ მშობიარობის ჩანაწერები გადაფურცლა. - რადგან ბავშვი, დიდი იყო წონის იყო და ამასთანავე, ძალიან გაუჭირდა მშობიარობა, ამის მიზეზი კი, დედის პატარა ასაკია. 
- მეც მაგ ასაკში ვიმშობიარე და წინათ, სულ პატარა გოგოებს ათხოვებდნენ და რა არის მის ასაკში ასეთი? - გაცხარდა დედამთილი. - თექვსმეტი წლის გახდა უკვე! 
- მერე უწინ, რამდენი დაობლებული ბავშვი იყო? - მიუგო მაკამ. - საკეისრო არ კეთდებოდა და მშობიარე, ან გადაიტანდა და ან არა, ამ შემთხვევაში, ელზა ექიმი, დროულად რომ არ ჩარეულიყო, ბავშვთან ერთად, დედაც დაიღუპებოდა. 
- და რამდენად სწორი იყო, მერე ეგ გადაწყვეტილება? იქნებ, სწორედ მაგ საკეისრომ დაგვიღუპა ბავშვი? - არ ცხრებოდა დედამთილი. 
- იქნებ, მართლა მაგ საკეისრომ დაგვიღუპა ბავშვი? - გაიმეორა მამამ.
- ელზა ექიმი, საკმაოდ გამოცდილია პერსონალია. - კვლავ მშვიდი ხმით განაგრძობდა მაკა საუბარს. - წლებია, აქ მუშაობს და თანაც, თქვენი რძლის ნათლიაც ყოფილა და რატომ უნდა გაეწირა, საკუთარი ნათლული? რისთვის? რა ინტერესი აქვს? 
- რა ვიცი, რა ვიცი. - თავი გააქნია დედამთილმა. - ბავშვი კი დაგვეღუპა და...
- ბოლოს და ბოლოს, ბავშვს რა მოუვიდა? - ჩაერთო მამა. - რითი დაიღუპა?
- თქვენს შვილს, ჭიპლარი ჰქონდა ყელზე შემოხვეული. სწორედ მაგის გამო იყო, რომ დედამ, ვერ იმშობიარა და სულზე მიუსწრო საკეისრო კვეთამ, თორემ უკვე დედაც იღუპებოდა. ჩვილი კი, ასფიქსიით დაიბადა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით, რადგანაც უკვე, ფაქტიურად გაგუდული იყო. სულ რამდენიმე წუთს იცოცხლა.
- რატომ ვერ გადაარჩინეთ, რატომ? - აღმუვლდა მამა. 
- ხომ აგიხსენით ამ წუთას. - მშვიდი ხმით მიუგო მაკამ. - ჩვილი უკვე, მუცელშივე ასფიქსიით იყო და... - მაკამ ამოიხვნეშა. 
- და ბოლოს და ბოლოს, ვინ შემეძინა? ვინ უნდა დავმარხო, ის მაინც თუ იცით? - კვლავ ღმუოდა მამა. - ბიჭი იყო, თუ გოგო? ამას რატომღა მიმალავთ?! 
- გოგონა იყო. არ გიმალავთ. - კვლავ მშვიდად მიუგო მაკამ. - და გაუგებრობა იმიტომ მოხდა, რომ მეორე კარანაძემაც იმშობიარა, ზუსტად იმ პერიოდში და სწორედ მას შეეძინა ბიჭი. 
- მე კარანაძე არ ვარ! - შეუღრინა მამამ. - გუდაძე ვარ! 
- და ხელი, არ გაქვთ მოწერილი ხომ? - ჩაეკითხა მაკა, თუმცა მშვენივრადაც იცოდა. 
- არა. - თავი გააქნია კაცმა. - და ეგ, რა შუაშია?
- ეგ იმ შუაშია, რომ ახალშობილი, ჯერ დედის გვარითაა, სანამ დაბადების მოწმობას იქნება აღებული, რადგან ჯერ დედაა ჩვენი პაციენტი, სანამ ბავშვი დაიბადება და მერე ავტომატუად, დედისავე გვარზე ხდება ბავშვის, დაბადებისთანავე დაფიქსირება. - მშვიდად, დინჯად, აუღელვებლად უხსნიდა მაკა. 
კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა.
- ორი კარანაძე, ერთი და იმავე დროს იყო სამშობიარო ბლოკში იმშობიარა და ამიტომაც აერია ექთანს. - განაგრძო მაკამ. - თუმცა, ის მეორე კარანაძე, ქმრის გვარით იყო უკვე შემოსული. 
- ჰო, გავიგე. - უხეშად მიუგო კაცმა. 
- ბავშვის წაყვანა გვინდა. - ჩაერია დედამთილი. - უნდა დავკრძალოთ. 
და აქ მაკამ, უკვე კარგად გამოცდილი სცენარით ჩართო, თავისი მონოლოგი და ძლივს დაარწმუნა და დააჯერა, რომ ბავშვი უკვე, ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი და მათი ოჯახის წევრების ხელმოწერას უცდიდნენ, რომ კვლევა ჩაეტარებინათ, თუ ზუსტად რა გახდა, ჩვილის დაღუპვის მიზეზი. 
- და ექსპერტიზის მერე? - არ ცხრებოდა მამა. 
- მერე, კი ბატონო! მობრძანდით, წაიყვანეთ და დაკრძალეთ. - უპასუხა მაკამ და ხელმოსაწერად საბუთები წინ დაულაგა. 
კაცმა პირველ ფურცელს გადაავლო თვალი. ბევრი ვერაფერი გაიგო და მაინც მოაწერა ხელი. ასევე მიაყოლა სხვა დანარჩენი გვერდებიც და ყველგან დატოვა მისი ხელმოწერა. მერე წამოდგა, მაკას ცივად გამოემშვიდობა და თავისიანებიც თან გაიყოლა. 
მაკამ შვებით ამოისუნთქა. ეს ერთი პრობლემა, მოგვარებული იყო და ეზოშიც, აღარ იქნებოდა ჩოჩქოლი, მაგრამ ახლა მართლა რომ მოეთხოვათ გარდაცვლილი შვილი, მაშინ, რა უნდა ექნა? 
არა, კი ჰყავდათ მაცივარში, სპეციალურად გადანახული მინიმუმ, ოთხი ჩვილი. ორი გოგო და ორიც ბიჭი. თეთრები და შავგვრემანიც, მაგრამ მათი გამოყვანა, მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ჩვილის პატრონები, ძალიან დიდ და სერიოზულ ამბავს თუ ატეხდნენ. სხვა შემთხვევაში, კი მაკა ექიმი, ყოველ ღონეს ცდილობდა, რომ გარდაცვლილი ჩვილი, პატრონებისთვის არ გაეტანებინა და მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში როგორ გაატანდა, თუ მათი ბავშვი, სინამდვილეში ცოცხალი და უვნებელი იყო. 
მაკა ფანჯარასთან იდგა და იქიდან ადევნებდა ეზოს თვალს, მერე სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ექთანს უხმო. 
- იმ გოგონას ახლობლებიდან, არის ახლა აქ ვინმე? 
- კი. ეზოში არიან ისევ. 
- ქმრისიანები არ მინდა, გოგოს მშობლები თუ არიან? 
- გავიგებ აბა და მოვალ ახლავე. - მიუგო ექთანმა.
ცოტა ხანში, ელზა ექიმმაც შემოჰყო თავი. 
- მაკა ექიმო. - მოწიწებით მიმართა. - დავიღუპე, ხომ? 
- ჯანდაბამ დაგღუპა შენ! 
ელზა დაიბნა. 
მაკას ცალყბად ჩაეღიმა. 
- მოკლედ, თუ ვინმე გკითხავს. - დაიწყო მაკამ ელზას დამოძღვრა. - ან ისე, შენც შეგიძლია ჩამოაგდო სიტყვა, რომ ორმა კერესელიძემ იმშობიარა. აქედან ერთი, ქმრის გვარით იყო გატარებული, მეორე მშობიარე კი, თავისი საკუთარი გვარით დაფიქსირდა, რადგან არასრუწლოვანია და ხელი ჯერ არ აქვთ მოწერილი. 
- გასაგებია, მაკა ექიმო, მაგრამ კერესელიძე რომელია? - გაიკვირვა ელზამ. - ჩემი პაციენტებიდან არავინ არის და რომელ პალატაშია?
- რა რომელ პალატაშია?! - შეუტია მაკამ. - აბა რა გვარია, შენი ნათლული?! 
- კარანაძე. 
- კიდევ კარგად ვარ, თქვენს ხელში. - მაკამ ამოიხვნეშა. - ჰო, კერესელიძემ. 
- კარანაძემ. - კვლავ შეუსწორა ელზამ. 
- მოკლედ, გამისკდა ეს თავი! - ორივე ხელი წაივლო თავზე მაკამ. - მიხვდი ახლა, რის თქმაც მინდა? ორმა კარანაძემ იმშობიარა, ერთი თავის გვარზეა, მეორე ქმრის და ამიტომ აერია სქესი, ექთანს და მორჩა! 
- პედიატრს. 
- და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! - განრისხებული ხმით მიახალა მაკამ. - მედ.პერსონალს აერია ჩვილის პატრონები! ამას განვიხილავთ ახლა ჩვენ და შენც ასე უნდა თქვა, თუ ვინმე ზედმეტად ჩაყოფს ცხვირს! 
- ესე იგი, იმ მეორე კარანაძეს, ბიჭი ეყოლა? 
- ჰო! ჰო! და შენს ნათლულს კი, გოგო! 
- და ის მეორე კარანაძე, რომელ პალატაშია? 
„ღმერთო ჩემო, რა კრეტინია ეს გოგო!“ 
მაკამ უხმოდ გააქნია თავი. 
ელზა გაშტერებული შეჰყურებდა, ვერაფერი გაეგო. 
- არავითარი მეორე არ ყოფილა და მიხვდი ახლა, რატომ და როგორ დავამშვიდე ის ხალხი. - მაკამ ამოიხვნეშა. 
- ყოჩაღ, მაკა ექიმო! - შეაქო ელზამ. - როგორ ჭკვიანურად მოგიფიქრებიათ. 
- უღრმესი მადლობა! - ცინიკურად მიუგო მაკამ. - იმ გოგოს პატრონებიდან, არის ვინმე ახლა აქ? ჩვენი ექთანი რა ხანია გავაგზავნე და სად ჯანდაბაში გაშპა?
- ხო, მაგისთვის შემოვედი ზუსტად. - მიუგო ელზამ. - ახლავე მოვიყვან. 
- მერე ვერ მითხარი? - უსაყვედურა მაკამ. - დაღამდა და ბავშვი სახლში მარტოა, სადილის მომზადებაც კი ვერ მოვასწარი. 
- ვაიმე, კუსუ, რა საყვარელიააა. - გაიკრიჭა ელზა.
- ჰო, საყვარლად მშიერი, დედის მოლოდინში. 
ელზა გავიდა და ცოტა ხანში, თავისი ნათლულის მშობლები მოუყვანა მაკას. 
მაკა ექიმი, უკვე ისედაც კარგად იყო ინფორმირებული, სიძე არ მოსწონდათ გოგოს მშობლებს და ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ გარდაცვლილი ჩვილის დატოვებაზე, ამათ უფრო დაითანხმებდა, ვიდრე ბავშვის მამის მხარეს და არც შემცდარა. 
გოგონას მშობლებმა, მაშინვე მოუწერეს ხელი ყველა საბუთზე და ბავშვის დასამარხი თანხაც, იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე მაკამ უთხრა. 
ამჯერად, საკუთარი ნათლიისგან გაყიდული, ჯანმრთელი ბიჭი მიემგზავრებოდა ახალი მშობლების შესახვედრად, სულ სხვა ქალაქში და სულ სხვა დაბადების თარიღითა და საბუთებით. 
LEX. 2021 წლის 22 აგვისტო კვირა.

No comments:

Post a Comment