დილით ფიფოს საწოლთან, ლანგარი დახვდა. ფრთხილად მოხედა მძინარე მიმის და ჩაეღიმა.
„საუზმეც გამიმზადა და ძილიც გააგრძელა.
ვითომ, მართლა სძინავს? თუ თავს იმძინარებს?“
ფიფომ ფრთხილად გამოაცალა ხელი. ჩანდა მიმის, მართლაც ეძინა. ყავა კი, ჯერ კიდევ ცხელი იყო.
„ასე უცებ, ჩაძინება როგორ მოახერხა?“
გაუკვირდა ფიფოს და ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა.
- უჰ, რა გემრიელი ყავაა. - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ფიფომ.
მიმი ოდნავ შეიშმუშნა.
ფიფო კარგად დააკვირდა.
„არა, აშკარად სძინავს და მართლაც როდისღა მოასწრო ჩაძინება, ყავა ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელია.“
მიმიმ გვერდის შეცვლა მოინდომა, მაგრამ ძილბურანში ფიფოსაც მოჰკრა თვალი და გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- მმმ, ყავაა. - წაიზმუვლა ნამძინარევი ხმით. - ძილში მინდოდა და ძილშივე მეზარებოდა, წამოდგომის თავიც კი არ მქონდა.
ფიფოს ჩაეღიმა, უკვე მშვენივრად მიხვდა ვისი ნახელავიც იქნებოდა.
მიმი წამოჯდა, ფიფოს გამოწვდილი ხელიდან ყავა ჩამოართვა.
- მმმმ რა გემრიელიააა. - მიმი სიამოვნებისგან გაიბადრა. - გმადლობ.
- რისთვის? - გაუღიმა ფიფომ.
- უგემრიელესად მომზადებული ყავისთვის. - მიუგო მიმიმ.
- დიმე! - გასძახა ფიფომ.
- ჩუუ, რატომ აღვიძებ? ეძინოს. სკოლაში მაინც არ არის წასასვლელი.
მიმიმ სიტყვის დამთავრებაც ძლივს მოასწრო, რომ დიმეომ თავი შემოჰყო და მიმის გასაკვირად, პიჟამაც კი არ ეცვა, არამედ წასასვლელად იყო გამზადებული, რაც ფიფოსაც კი გაუკვირდა.
- გმადლობ, მამ. უგემრიელესი ყავის მომზადება გცოდნია. - შეაქო ფიფომ. - სენდვიჩებიც ძალიან გემრიელი იყო.
- რაა? - შეშფოთდა მიმი.
- დიმე, ეს ცხელი ყავა და თან ორი ჭიქა, ზემოთ როგორ ამოიტანე, დეე?
- არ მინდოდა თქვენი გაღვიძება ისე, გემრიელად გეძინათ. - საკმაოდ სერიოზული ხმით უპასუხა დიმეომ. - ღამით, სასიყვარულო ურთიერთობებით დაკავებულ ხალხს, აბა დილით, ხომ არ გაგაღვიძებდით?
- ჰა! ჰა! - ფიფოს გულიანად გაეცინა და არც მიმი ჩამორჩა სიცილში.
- სიცილიც კარგია და საწოლში ნებივრობა, მაგრამ. - დიმეომ ფიფოს შეხედა. - მამ, შენთან საქმე მაქვს. - მერე მიმის მოხედა. - დეე, ნუ გეწყინება, რააა. - დიმეო კარისკენ წავიდა. - ქვემოთ დაგელოდები. - უცებ მიახალა ფიფოს და ლამის, სირბილით გავარდა.
ფიფოს და მიმის ეღიმებოდათ. ჯერ კიდევ გაოგნებულნი იყვნენ ბავშვის ქცევით.
- კი, მაგრამ ეს ბავშვი, როდის გაიზარდა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ.
- რომ იტყვიან, თვალსა და ხელს შუაო.
- რაღაც, სულ სხვანაირი დაგვიბრუნდა, უფრო გაზრდილი და უფრო დავაჟკაცებული. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- მთავარია, არაფერი დაუშავეს. აი, მაგაზე იფიქრე, რომ და საღ-სალამათი დაგვიბრუნდა. - ფიფო მიმის მოეხვია, მერე თავზე აკოცა და ოთახი დატოვა.
- წავედით, მამ. - ფიფო კარისკენ დაიძრა და დიმეოც კუდში მიჰყვა.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა გაეგო, ასეთი სერიოზული რა საქმე ჰქონდა ბიჭს, მაგრამ რადგან ბავშვი ასე ფიქრობდა, მხარი აუბა და მთელი სერიოზულობით მიიღო მისი წინადადება. სამსახურში წაიყვანა, რადგან დიმეომ უთხრა, იქ გეტყვი კაბინეტშიო. ფიფოსაც ეს აწყობდა, ახლა უფრო თავისუფლად გამოჰკითხავდა, თუ რა იცოდა, იმ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ.
- გინდა, რამე ამოვატანინო? - შესთავაზა ფიფომ ბავშვს, როცა კაბინეტში დიმეო, მამის სავარძელში მოკალათდა.
- არა. - მშვიდი სახით მიუგო დიმეომ.
- წვენი? ტკბილეული? - არ მოეშვა ფიფო. - იქნებ, ბურგერები?
- მამ, ვისაუზმე უკვე და დესერტიც მივაყოლე.
- კარგი, კარგი. - მიუგო ფიფომ და ბიჭს, თვალი გაუსწორა.
ორი სამი წუთი, არც დიმეო იღებდა ხმას და არც თვალი აურიდებია. მერე ისევ, ფიფომ ითავა საუბრის დაწყება, მაგრამ პირის დაღებაც ვერ მოასწრო, რომ მდივანმა, მიმღებში გელოდებიანო, მოახსენა.
- მოკლედ არ გვაცალეს რა, კაცური საუბარი. - ჩაეღიმა ფიფოს. - აბა, გისმენ მამ, რა საქმეა ისეთი, რომ დედიკომ არ უნდა გაიგოს.
- რომ გელოდებიან?
- ჰოდა, დამელოდონ, მერე! - ღიმილით მიუგო ფიფომ. - მთავარი ჩემთვის, შენ ხარ!
- და, დედიკოც!
- ჰო, აბა რაა! შენ და დედიკო! - თავი დაუქნია ფიფომ.
- მერე, რომ ატყუებ?
- რაა? - ფიფომ წარბები აზიდა.
- დედას ღალატობ და ეს, მოტყუილება არ არის? - ბიჭი კოპებშეკრული მიაჩერდა მამას.
ფიფოს ჩაეცინა.
- ჯერ ერთი, მოტყუილება კი არა, მოტყუება და მეორეც ერთი, დედას სულაც არ ვატყუებ.
- საყვარელი გყავს!
ფიფო შეცბა. ამას, ნამდვილად არ მოელოდა.
„ამან, რაღა იცის ნეტა? ან რა ცირკებს მიწყობს, ის ვიღაც, თუ სპეციალურად გამიზნული აქვს, ჩემი ცხოვრების არევ დარევა?
ხან ის საწყალი ქალი მიცემეს და ახლა, საკუთარი შვილი, მტრულად მიმზერს.“
- მამ. მომისმინე. - დაიწყო ფიფომ. - მე არ ვიცი, შენ ვინ რა გითხრა და ან რა დაინახე ისეთი, თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ვერაფერს ისეთს დაინახავდი, რასაც ახლა მაბრალებ. შეიძლება, რაღაც ჭორებს მოუსმინე და მერე, ასეთი დასკვნაც გამოიტანე.
ფიფო გაჩუმდა. თუმცა, ჭორების ხსენებაზე, დიმეოს აშკარად, რაღაც ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ ვერ დაფარა და ფიფოც ამას ჩაეჭიდა.
- მამ, იცი ხალხი როგორი ბოროტია? - განაგრძო ფიფომ. - თუმცა შენ, ჩემზე უფრო კარგად იცი, რამდენი ხანი, ბოროტების ხელში იყავი და მე კი, ვერაფერს გშველოდი. - ფიფო წამით შეყოვნდა. - ზოგჯერ, ისეთ რამეს მოისმენ და იმ გვარად მოისმენ, რომ მართლაც ტყუილი და აბსურდიც რომ იყოს, მაინც სიმართლედაც მოგეჩვენება, მაგრამ აი, ზოგჯერ კი, სპეციალურად სურთ, რომ გაიგო, ან გაგაგებინონ და აი, ესეც ერთ-ერთი სიბოროტის გამოვლინებაა, რომ შენამდე მოაწვდინონ შხამის ის წვეთი, რაც ასე ძლიერ გატკენს გულს.
დიმეომ მამას, თვალი აარიდა.
- საიდან მოიტანე, რომ დედას, ასე უსამართლოდ ვატყუებ? - განაგრძო ფიფომ. - ხომ გითხარი უკვე? ნამდვილად ვერსად დამინახავდი და ესე იგი, ვიღაცამ გითხრა. სადღაც მოისმინე.
ბოლო წინადადებაზე დიმეომ, წამით მამას შეხედა და მაშინვე აარიდა თვალი.
ფიფოს გულში ჩაეღიმა, თუმცა შეეცადა კვლავ სერიოზული სახე მიეღო.
- იცი, ბოროტი ხალხი იმით სუნთქავს და არსებობს, რომ იჭორაოს და ენა მოიქავოს, რადგან თავისი საკუთარი ცხოვრება არა აქვს, ვერ აეწყო და ახლა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და გამუდმებით ცდილობს სხვები გაჭოროს! სხვისი ოჯახი გააკრიტიკოს და ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა მისი საჭორაო ობიექტი ცუდად გრძნობს თავს და უბედურია და ახლა შენ მითხარი სად, რა მოისმინე?
- მარკეტში, დედასთან ერთად როცა ვიყავი.
- დედაც ისმენდა? - შეწუხდა ფიფო.
- არა. მე სხვა რაღაცეებს ვარჩევდი და დედიკო, სხვაგან იდგა.
- მერე? - დაინტერესდა ფიფო.
- რა ლამაზია გოგოა, დედიკოზე თქვეს.
- აბა, რაა. - გაიბადრა ფიფო. - ჩვენი დედიკო, ყველაზე ლამაზი გოგონაა.
- ასეთ ლამაზ ქალს კაცი, რომ უღალატებსო, მაგის ქმარს საყვარელი ყავს, ბინაც უყიდაო.
- რაო? - ფიფომ წარბები შეკრა. - იქნებ, სხვაზე ამბობდნენ?
- იქეთ მხარეს, მარტო დედიკო იდგა.
- დარწმუნებული ვარ, ნამდვილად სხვაზე ამბობდნენ, მარკეტში მარტო შენ და დედიკო, ხომ არ იქნებოდით? მართალია დღეს, ამ პანდემიის გამო, ბევრ ხალხს ერთად არ უშვებენ, მაგრამ მაინც.
- იქნებ, სპეციალურად თქვეს? რომ... მე...
- შეიძლება. - დაეთანხმა ფიფო და თან ცდილობდა, ბოღმა დაეფარა. - მაგრამ სპეციალურად, რატომ უნდა ეთქვათ? ნამდვილად, სხვაზე იჭორავეს!
- თუ დედას იცნობენ, მაშინ მისი შვილი რომ ვარ და იქვე ვიდექი, რა? ეგ არ ეცოდინებოდათ?
- ჰოო? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- სპეციალურად თქვეს, რომ დედიკოსთვის მეთქვა და მერე, დედას ეწყინებოდა.
- ჩემი ჭკვიანი. მოდი, მამ ჩემთან.
დიმეო წამოფრინდა და მამას ჩაეკრო.
- დედიკომ, იცის? - ფრთხილად შეაპარა ფიფომ.
დიმეომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- მარტო შენ გითხარი. - ამოიბურდღუნა დამნაშავესავით.
- მოდი დედას ნურაფერს ვეტყვით. - ფიფო ბავშვს მოეხვია. - ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვუმალავთ, ან ვატყუებთ. უბრალოდ, ჭორების მიტანა და გულის ტკენა, არ არის კარგი საქციელი. და იცი? ზოგჯერ არა აქვს მნიშვნელობა ტყუილია, თუ მართალი. ამბავი, რომელმაც შეიძლება შენს საყვარელ ადამიანს, გული ატკინოს, სულაც არ არის სასურველი, რომ უთხრა, თუ ამას, აუცილებლობა არ მოითხოვს.
- და აუცილებლობამ, რატომ უნდა მოითხოვოს?
- ნუუ, თუ ვინმე, ოჯახის ახლობელი გარდაიცვლება, აბა მაგას, როგორ დავმალავთ?
- ეგ, ჰოო. - ჩაფიქრდა ბიჭი. - დედიკოს წყენინება, მართლა არ მინდა.
- ნუ ვეტყვით და არც ეწყინება. ჩემი ვაჟკაცი კაცი ხარ შენ და ყოველთვის იცი, როგორ უნდა მოიქცე. იმედია, მართლა არაფერი წამოგცდება.
- უკვე დიდი, ბიჭი ვარ! - იწყინა დიმეომ. – პატარა ბავშვი კი აღარ ვარ!
- ვიცი და ამიტომაც, შენთან ერთი, ძალიან სერიოზული შეკითხვა მაქვს.
ფიფომ წამით იყუჩა და თან დიმეოს, თვალს არ აცილებდა, ბიჭს კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს უკვე მიხვდა, რაც უნდა ეკითხათ მისთვის.
ფიფოს გულში ჩაეღიმა. ჯიბიდან მობილური ამოიღო, იმ გარდაცვლილი ბიჭის ფოტო მოძებნა და დიმეოს წინ დაუდო.
- რა? - დიმეოს ვითომდა გულუბრყვილო სახე ჰქონდა, თუმცა ყველაფერი, ზედ ეწერა.
- რა იცი ამ ბიჭზე, იმის გარდა, რომ ცოცხალი აღარ არის.
- ფოსტალიონი იყო.
- ფოსტალიონი? - ვითომ გაიკვირვა ფიფომ. - წერილები დაჰქონდა, თუ გაზეთები?
- არ ვიცი, ალბათ.
- აბა, შენ რა იცი, ფოსტალიონი იყო, თუ არა?
დიმეომ არაფერი უპასუხა.
- მამ. მომისმინე. - დაიწყო ფიფომ. - ახლა ჩვენ, როგორც უფროსი ადამიანები, ძალიან სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ. იმდენად სერიოზული თემაა, რომ ერთმა პატარა ნიუანსმა, შეიძლება სულაც, მთელი გამოძიება უკუღმა ამოაბრუნოს!
- და ცუდია?
- არ ვიცი. - უპასუხა ფიფომ. - მე არაფერი ვიცი, შენ რა იცი ამის შესახებ და მაგიტომ გეკითხები. შეიძლება, ეშველოს საქმეს და შეიძლება სულაც, სულ აირ-დაირიოს.
- სულ რომ აირ-დარიოს?
- აბა, მე აქ, რისთვის ვარ? - გაუღიმა ფიფომ. - ტყუილად კი არ ვზივარ ამ კაბინეტში, რომ სავარძელი გავათბო.
დიმეოს გაეღიმა.
- აქ იმისთვის ვმუშაობ შვილო, რომ სწორედ ეს არეულ-დარეულობა დალაგდეს, წესრიგი იყოს, ხალხს კანონისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ჰქონდეთ.
დიმეომ თავი დაუქნია.
- ჰოდა, ახლა დაწვრილებით მომიყევი, პირველად როდის და როგორ ნახე და მერე, რაც მოხდა და როგორც გახსოვს ისე! ნურაფრის ნუ მოგერიდება და ნურაფერში იგრძნობ თავს, დამნაშავედ.
ბოლო წინადადების მოსმენამ, დიმეო აშკარად შეაშფოთა. ფიფო მიხვდა, ბავშვი ჯერ კიდევ, შიშის გრძნობით იყო შეპყრობილი და კვლავ შეეცადა მის ალაპარაკებას.
- არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ ხომ ვისაუბრეთ, ამ თემაზე. - დაიწყო ფიფომ. - განსაცდელის დროს ჩადენილი რამ, რამე ქმედება, არ გხდის ბოროტ დამნაშავედ და მკვლელად. - ფიფო გაჩუმდა.
დიმეო გატრუნული და ცოტა დაბნეულიც იყო. ალბათ სიტყვებს, თავს ვერ უყრიდა. არ იცოდა, როგორ დაეწყო და მოეყოლა, ის კიდევ ერთი საშინელება, რის მომსწრეც, თავად იყო.
- აი, გარეთ უკვე, რა ხანია, ვიღაც მელოდება. - ისევ დაიწყო ფიფომ. - ვიღაცას უჭირს, რაღაც ძალიან სერიოზული საქმე აქვს, რადგან აქამდე მოვიდა და ესე იგი, ჩემი დახმარება აუცილებლად სჭირდება! ვინ იცის, რა მდგომარეობა აქვს?
- მერე, დაეხმარები?
- არ ვიცი, მამ! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ჯერ, ჩემს ოჯახს ვჭირდები! ჯერ ჩემს ბიჭს აქვს, რაღაც პრობლემა და რაღაცას ძალიან დარდობს, განიცდის და აწუხებს და ჯერ, ჩემი ოჯახის საქმე, თუ მოუგვარებელია და არეულ-დარეულია, აბა სხვას, როგორ დავეხმარები? და იცი, რატომ ვერ დავეხმარები?
დიმეომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- იმიტომ ვერ დავეხმარები, რომ მთელი გული და გონება, ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის დარდსა თუ პრობლემაზე მექნება მიმართული და იმ ვიღაცას, უგულოდაც მოვუსმენ და დახმარებაც, ასეთივე ზერელე გამომივა.
- გავიგე. - დიმეომ თავი დაუქნია.
- ჰოდა, გისმენ. - გაუღიმა ფიფომ.
- ჰო! ცოდა ის ვიღაც, ამდენი ხანი რომ გელოდება.
- გასკდა ალბათ, ყავის სმით. - ფიფომ ბავშვს თვალი ჩაუკრა.
დიმეოს გაეღიმა და როგორც იქნა, დაიწყო მოყოლა.
ფიფო მთელი გულისყურით უსმენდა და ცდილობდა, ნაკლები კითხვები დაესვა, რომ ბავშვს მოყოლა, არ შეეწყვიტა.
- ღამე გვიან მოდიოდა.
- ყოველ ღამე? - შეეკითხა ფიფო.
- არა. არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - სულ მეძინებოდა, საჭმელიც კი არ მშიოდა იმდენი მეძინა. ჩხუბის ხმაზე გამომეღვიძა, მაგრამ შიშისგან, მარტო ჩუმად ვახელდი თვალებს, განძრევისაც კი მეშინოდა. მამ! მშიშარა სულაც არ ვარ!
- ვიცი, მამი, ვიცი. - დაუყვავა ფიფომ. - მაგრამ ზოგჯერ, როცა სხვა გზა არ არის, უნდა გაიტრუნო და მოვლენებს დაელოდო და თან იფიქრო, იმ სიტუაციიდან როგორ დაუძვრე.
- ჰო. - ბავშვმა თავი დაუქნია.
- მერე?
- ვიღაცეებს ეძებდა.
- ვინ? ის ფოსტალიონი?
- ჰო! ჩემები, სად არიანო და იმ საზიზღარმა კაცმა უთხრა, ბებიაშენი თავის დასთან წავიდაო და თანაც, მე გამაცილებინა თავი, ამ ყინვაშიო. იმ ფოსტალიონმა კი უთხრა, რას მატყუებო, ბებიაჩემს არც ყავს და-ძმაო. მაშინ, პაპაშენის და იქნებოდაო, ვინ პაპაჩემის დაო, საშინლად გაბრაზდა ფოსტალიონი. - დიმეო წამით შეყოვნდა. - საზიზღარი კაცი კი, რაღაცნაირად იცინოდა, აბა, მე რა ვიციო, ეგ შენი ნათესავები, შენ უფრო არ უნდა იცოდე, რამდენი გყავსო! ფოსტალიონი უფრო გაბრაზდა, რას მეაფერისტები, ახლავე მითხარი, სად არიან ჩემებიო. მერე იჩხუბეს, რაღაცეები დალეწეს, მეც შეშინებული ავდექი და მე რომ დამინახა იმ ფოსტალიონმა, მაშინ უფრო გაბრაზდა, ეს ვიღააო. მერე ის ქალი გადამეფარა, ჩემი შვილიაო რა იყოო. ფოსტალიონმა კი დასცინა, როდის მერე გახდი დედაო. ალბათ მიგდებული გყავდა აქამდე და ახლა ნამდვილად, რაღაცაში დაგჭირდაო. - დიმეო გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - ის ქალი კი, სულაც არ გაბრაზებულა. სუფრის გაწყობა დაიწყო, კუპატი შეწვა კვერცხში, ისეთი ცუდი სუნი დადგა, გული კინაღამ ამერია, არ შევჭამე. იმ საზიზღარმა კაცმა დამიღრინა, ვისაც არ შია, გაეთრიოსო. მაგიდიდან რომ ავდექი, ყავა გინდა ბიჭოო, იმ საზიზღარმა კაცმა მომაძახა. არ მინდა მეთქი, რომ მოვტრიალდი სიცილისგან გაიჭაჭა, თურმე ფოსტალიონისთვის უთქვამს. შენ ჩაი დალიე და დაეგდე დაიძინეო. ბიჭი გაჩუმდა.
- მერე მამ. - ფიფომ სიმწრისგან, მუშტები შეკრა.
დიმეომ ამოიხვნეშა.
- მომისმინე, მამი. - ფიფო ბავშვს მიეალერსა. - ბარემ რაც სათქმელია, ბოლომდე ამოიოხრე და მერე უფრო მშვიდად და თავისუფლად ისუნთქებ, დამიჯერე ასეა. ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებ, თუმცა არასდროს დაგავიწყდება, მაგრამ სამაგიეროდ, გულიდან ამოოხვრილი გექნება.
- ამოოხვრილი, რა სიტვაა? - გაეღიმა დიმეოს.
- რა ვიცი. - ჩაეცინა ფიფოს. - ასეთი სიტყვა გამოვიდა და მერე? განაგრძე.
- დასაძინებლად წავედი. ფარდიდან დავინახე, იმ ქალმა ჩუმად, ფქვილი ჩაყარა ჭიქაში და კოვზითაც ჩუმად ურევდა.
„ჰმ, ფქვილი.“
ირონიულად ჩაეღიმა გულში ფიფოს.
- და შენ, რა იცი, რომ ჩუმად ჩაუყარა და ჩუმად ურევდა?
- ძალიან ცუდად იყო ის ქალი გაზრდილი. - სერიოზული სახით მიუგო ბავშვმა.
- მართლა? - გაეღიმა ფიფოს.
- ჭიქაში შაქარს, როცა ურევდა, ყურები მტკიოდა, ის კაცი სულ აძახებდა, დროგის ცხენიო. მამ! დროგის ცხენი, რა შუაში იყო?
- დროგში შებმული ცხენი, წინათ ქალაქშიც დადიოდა და ქვაფენილზე, ცხენის ფლოქვის ხმაზე იგებდნენ დროგი მოდისო და ალბათ, ამას შეადარა.
- ალბათ.
- და ესე იგი, ჩუმად რომ ურევდა, მაგაზე მიხვდი, რომ არავის დაუნახავს?
- იმათგან ზურგით იდგა და კიდევ მაგიტომ უფრო მივხვდი.
- ჩემი ჭკვიანი და მიხვედრილი ბიჭი. - ფიფო ბავშვს ჩაეხვია. - მერე, მამ?
- მერე მიბრუნდა და შენ თუ ყავა არ გიყვაროს მაშინ, აჰა, ჩაი დალიეო, ცოტა ტკბილიო.
- ეს ვის უთხრა? ფოსტალიონს.
- ჰო.
- და მერე, რაო ფოსტალიონმა? მომეწონა ჩაიო?
- არ ვიცი. მერე აღარ მოსულა.
- მდაა. გასაგებია. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- რამე ცუდი მოხდა, რაც მოგიყევი?
- რა ვიცი აბა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მერე აღარ მინახავსო და აბა საიდან იცი, მკვდარია თუ ცოცხალი?
- იმ ქალმა უთხრა, რა ქენი გაუყენე გზასო? და იმ საზიზღარმა კაცმა უპასუხა, ჩაძაღლებულია, არ ინერვიულოო.
- და იქნებ, სხვა რამეზე ჰკითხა? - ჩაეკითხა ფიფო.
- იმ საზიზღარ კაცს, იმ ფოსტალიონის ქურთუკი და დიდი ბათიკები ეცვა. რამხელა ფეხი ჰქონია, იმ შობელძაღლსო. მამ, სულელი არ ვარ, ისედაც მიხვდი, რომ მოკლეს!
ფიფომ თავი გააქნია და პატარა ფურცელზე, რაღაც ჩაინიშნა.
- კიდევ, რა გახსენდება?
- რა ვიცი. - დიმეომ მხრები აიჩეჩა. - იმ სახლში სტუმრად ვიყავით, ღამით მივედით, რომ გავიღვიძე მასპინძლები არსად ჩანდნენ. სტუმრად წავიდნენო და სახლი დროებით დაგვითმესო, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი იყავითო, მაგრამ იმ ღამით, ფოსტალიონი როცა იყო, დილიდან უკვე სხვაგან წავედით და სულ სადღაც გვეჩქარებოდა.
- და ფოსტალიონი რომ იყო, ეგ საიდანღა იცი?
- ისინი ამბობდნენ, ფოსტა მოვიდაო, თუმცა გაზეთები, მართლა არ ეჭირა.
- ჩემი პატარა და ჩემი ყველაზე ჭკვიანი ბიჭი. - ფიფო ბავშვს ჩაეხვია. - იცი, რამდენი ბავშვი იყო გატაცებული და ზოგი, იმიტომ ვეღარ დააბრუნეს, რომ ვერ გაუძლო გატაცებას, შენ კი ჩემი ვაჟკაცი კაცი, რამდენ რამეს გაუძელი და რამდენი რამის ატანა მოგიწია.
- სულაც არ ვარ ვაჟკაცი, მწირს რომ არ ეშველა, ვეღარასდროს დავბრუნდებოდი. - ჩაილაპარაკა ნაღვლიანი ხმით ბავშვმა.
- მართალია, მანდ უკვე შენი ვაჟკაცობა კი არა, იღბალი იყო, მაგრამ მანამდე, ხომ ივაჟკაცე? და შენ არ იცი, ახლა რამხელა ინფორმაცია მომაწოდე, ვერც კი წარმოიდგენ. ასე, მამ, ასეა. ზოგჯერ ვაჟკაცობა შველის, ზოგან განგება.
- განგება, რა შუაშია? განა რაღაც ციდან მოვლენილმა მიშველა? მწირი დამეხმარა და მშველიდა, მაშინაც სიცხე რომ მქონდა იმ ყინვაში, ღამე, დიდ თოვლში, ტყიდან მომიტანა წამალი, არც კი მიცნობდა.
- გენატრება? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- ძალიან, ძალიან. - დიმეოს თვალები აევსო. - რატომ არ გაჩერდა, იმ ბაბუსთან?
- მწირი იყო და თავისი გზა ნახა. იმ სახლში კი, შენი გულისთვის ჩერდებოდა, სანამ ოჯახი არ გაპოვნინა, გვერდიდან არ მოგშორდა, მერე კი, თავის გზას გაუყვა.
- რანაირი გზაა? - გაბუტული ხმით წაიბურდღუნა დიმეომ. - სადღაც ტყეში, მშიერი, ყველაზე ცუდი კი, ზამთარშია.
- აბა, რა გითხრა მამ. ალბათ, ასე ურჩევნია, სამაგიეროდ იმხელა სიკეთე გააკეთა, უსაზღვრო მადლობელი ვარ. მართლა რომ ვიცოდე ვინ არის და სად არის, ერთ პატარა საყდარს მაინც ავუშენებდი და იცხოვროს იქ, მართლაც ასე ტყე-ღრე სიარულს.
- მართლა აუშენებ? - დიმეოს თვალები გაუფართოვდა.
- კი მამ, და იცი, სად არის?
- არა. - ბავშვმა ყურები ჩამოყარა. - არც იმ ვეტერინარმა ბაბუმ იცის. რაც მე ჩამომიყვანა, იმ სახლში, მერე აღარც გამოჩენილა.
- ჩვენ მაინც ვუთხრათ ბაბუს, რომ პატარა საყდრის აშენებას ვაპირებთ, იქნებ ოდესმე გამოჩნდეს და გაუხარდება, ალბათ.
- კი გაუხარდება. თავისი საკუთარი საყდარი ექნება. - დიმეო მამას ჩაეკრო. - დიდ ტაძარში ბევრი ხალხიაო და იქაც ვერ ჩერდებოდა.
- ჰოდა, მაგიტომაც ავუშენოთ პატარა, ისეთი როგორიც მას მოეწონება და იყოს და იცხოვროს იქ.
- მამ. ძალიან მიყვარხარ.
- მე უფრო ძაან, ძაან. შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ, მაგრამ ახლა ის კაცი, თუ არ შემოვუშვით, ძალიან ცუდი ადამიანები ვიქნებით, რადგან იქნებ, როგორ უჭირს? - ფიფომ ბავშვს გაუღიმა. - ისე, იქნებ სულაც, ჩემს საცემრად არის მოსული?
დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა.
- მძღოლს დავურეკავ და წაგიყვანს სახლში. - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა.
- სახლში არ მინდა.
- აბა? მე ჯერ კიდევ დიდ ხანს ვერ მოვიცლი.
- ბებოსთან და ბაბუსთან მინდა. ბაბუმ მითხრა, ფიფოს პატარაობის ფილმები უნდა გაჩვენოო.
- ჰა! ჰა! მაშინ მერე, ერთადაც ვნახოთ. - ფიფოს გაეცინა და ღილაკს თითი დააჭირა. მდივანს უბრძანა, შემოეშვათ ვინც უცდიდა.
ბავშვი გავიდა თუ არა, ღია კარში, ფიფოს სატრფოც გამოჩნდა.
ფიფოს გული შეუქანდა, კიდევ კარგი, ბავშვის წასვლამდე, არ შემოვუშვიო.
LEX. 2020 წლის 19 დეკემბერი, შაბათი.

No comments:
Post a Comment