Sunday, January 10, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 88)

88. 
- არააა. - ფიფოს სატრფო, ახლა უფრო გაოგნებული ჩანდა. 
- მართლა? 
- ფიფო რატომ უნდა მოგატყუო? ეგ ქალი, არასდროს მინახავს! ჩემთან ვიღაც, სულ სხვა მოვარდა. 
- იქნებ, პარიკი ეკეთა? - ჩაეცინა ფიფოს. 
- კი, მაგრამ სულ სხვა სახე ჰქონდა და საერთოდ არ ჰგავს იმ ფოტოს. 
- იქნებ, შენს გასალახავად, სხვა ქალი მოაგზავნა, ჰაა? - ფიფოს ახლა მართლაც გულიანად ეცინებოდა. 
- ეგ არ ვიცი და შენს ცოლს ვერ ჰკითხე, მერე? - გაიბღუზა ქალი. 
- შენ თვითონ არ მითხარი, შენი ცოლი მომივარდაო?
ქალმა არაფერი უპასუხა. ფიფომ კი განაგრძო: 
- იქნებ, სხვისი ცოლი იყო? თავის ქმარუკას, აქ ეძებდა? 
- რა გინდა მაგით, რომ თქვა? - გაბრაზდა ქალი. - მხოლოდ შენ მიყვარხარ და მხოლოდ შენი ერთგული ვარ! - ქალს თვალები აევსო. 
ფიფოს შეებრალა და დამშვიდება სცადა: 
- ეგ არც მიფიქრია, დამშვიდდი. - მიეალერსა ფიფო. - იქნებ, სულ სხვასთან მიდიოდა და შემთხვევით აქ მოხვდა? იქნებ სულაც შენმა დაქალოჩკებმა, ან აქაურმა მეზობელმა უთხრა შენი მისამართი? 
- და რატომ უნდა ეთქვა? 
- იკითხავდა სადარბაზოში და ეტყოდნენ, რომ ამ ქალთან, ერთი ცოლიანი სიმპათიური კაცი, ხშირად სტუმრობსო. რა? არა? ჭორიკნების მეტი რა არის?! 
- ისე, ჰო! არც ეგ არის გამორიცხული და არც ის, რომ მართლა ძალიან სიმპათიური ხარ და ძალიან იცი თავის შეყვარებაც. - ვნებიანად გაუღიმა ქალმა.
- მართლა? - შეიფერა ფიფომ და ქალს, მიეალერსა.
- კიდევ კარგი, შენს ცოლს არ ეჩხუბე ამის გამო. -  ალერსითვე უპასუხა ქალმა.
ფიფო შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ტყუილად რატომ უნდა გეჩხუბათ? - განაგრძობდა ქალი, თან ფიფოს, ალერსს არ აკლებდა. - ხომ იცი, რომ არ ვარ მომხრე ოჯახის დანგრევისა, მაგრამ მაინც როცა კაცს, სხვა უფრო უყვარს და მასთან ურჩევნია, ეჰ, მაშინ ძალიან რთულია, ორ ოჯახს შორის გახლეჩვა. - შეაპარა ქალმა. 
- ესე იგი, გინდა რომ სახლიდან წამოვიდე და აქ გადმოვიდე? 
- და რატომ არ მინდა? 
ფიფომ არაფერი უპასუხა. საწოლიდან წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. 
- მიდიხარ? - მოიღუშა ქალი. - მეგონა, ამაღამ მაინც დარჩებოდი. 
ფიფო კვლავ ჩუმად იყო. 
ქალმა ფიფოს მობილურში მიმის სურათს, ისევ დახედა, მერე სხვა ფოტოებიც გადაათვალიერა და მოღუშული სახით გაუწოდა ფიფოს. 
ის იყო ფიფო კარისკენ წავიდა, რომ ქალის ხმამ, გააჩერა. 
- ფიფო! 
ფიფო შეჩერდა. 
- ნამდვილად შენი გულისთვის მომივარდა აქ, ის ვიღაც ქალი! 
- და რა დარწმუნებული ხარ? ხომ გაირკვა, რომ ჩემი ცოლი, არ ყოფილა! 
- შენი სახელიც იცოდა, და ისიც იცოდა, სადაც მუშაობდი! ხომ მოგიყევი? - აწუწუნდა ქალი. - მოგინდა მინისტრი ქმრის წაგლეჯვაო, რა არ მიწიოდა! ბოლო ხმაზე გაჰკიოდა! 
„ნეტა ის, ვიღა იყო?“ 
გაუელვა ფიფოს, თუმცა ფიქრი ვინ აცალა. ქალი გამუდმებით ქოთქოთებდა და ენას არ აჩერებდა. 
- ფიფო, ძალიან გთხოვ, არ დამიმალო, რაა, სხვა შეგიყვარდა? 
- თუ ასე ტვინს შემიჭამ, აუცილებლად შევიყვარებ. - მიეალერსა ფიფო, კვლავ აბღავლებულ ქალს. 
- აბა, ვინ არის? ვინ?! 
- რომელიმე ყოფილი. - ღიმილით მიუგო ფიფომ. 
- და ჩემი გულისთვის, მიატოვე? 
- ალბათ. - გაუღიმა ფიფომ. - სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა. 
ქალს აშკარად გულზე მოეშვა და ფიფოს უფრო მაგრად ჩაეკრა. ფიფო კი ათას ვარიანტებს ატრიალებდა თავში. ქალი კვლავ ქაქანებდა და ახლა უფრო მეტად აჟიტირებული და ბედნიერი ჩანდა. 
ფიფო წამოდგა და ისე დატოვა იქაურობა, რომ ქალს წესიერად, არც გამოემშვიდობა. სახლში მიეჩქარებოდა, თუმცა ახლა, მიმის თვალების დანახვას, მიწის გასკდომა ერჩივნა. 
„რა იდიოტი ვარ, ღმერთო ჩემო! რას ვერჩოდი, მიმის? ჯერ გამერკვია წესიერად და მერე მეღრიალა!“
ფიფოსთვის სახლში შესვლა „სიკვდილის ტოლფასი“ კი იყო, მაგრამ მაინც გაბედა და შედგა ფეხი. დიმეო გახარებული შეხვდა მამის დაბრუნებას. იქვე შორიახლო მიმიც კი იდგა, მაგრამ ფიფომ, მისკენ გახედვაც ვერც გაბედა. 
- დილით ერთ ბიჭს, ბურგერები დავპირდი და თუ ისევ სურს, შეგვიძლია სამივე ახლავე წავიდეთ! - საზეიმოდ გამოაცხადა ფიფომ. სამივეში ფიფომ, მიმიც იგულისხმა, თუმცა კვლავაც არ გაუხედავს მისკენ. 
- გვიანია უკვე, მამ. - გაეღიმა დიმეოს. 
- მერე, რა? - უპასუხა ფიფომ. 
- კომენდანტის საათია. - კვლავ გაეცინა დიმეოს. 
- ეგ სხვებისთვის არის, თორემ ჩემთვის და ჩემთან ერთად, ნება დართულია! - უპასუხა ფიფომ. 
- მაინც ახლა უკვე, ყველაფერი დაკეტილია. - ჩაერთო მიმიც. 
ფიფოს არც ახლა შეუხედავს მიმისთვის, თუმცა საიდანაც მიმის ხმა მოესმა, ლამის მთელი ტანით შებრუნდა მისკენ. 
- ვაახ, აბა სად წავიდეთ? - შეწუხდა ფიფო და კვლავ ვერ შეავლო მიმის თვალი. 
- ბურგერებს, სახლშიც მოვამზადებ. - ჩვეული ხმით მიუგო მიმიმ. 
- მაშინ, ერთად მოვამზადოთ და სადმე გავისეირნოთ მანქანით! - ომახიანად გამოაცხადა ფიფომ. - იცით, რა მაგარია ღამის ქალაქი? თითქმის, სულ დაცარიელებულია, მაგრამ მანქანით სასეირნოდ, მაინც ძალიან მაგარია! 
- დიმე, ჩაიცვი. - მიმართა მიმიმ ბავშვს. - მერე რა, რომ მაინც მანქანაში იჯდები, ოთახის ჩუსტებით, ხომ არ იქნები? 
ფიფო სიხარულისგან აცმუკდა, მაგრამ თავს იკავებდა. ცდილობდა ზედმეტი სიხარული, არ გამოემჟღავნებინა.
- მამ, საჭესთან დაგისვამ და მანქანის მართვას გასწავლი, ხომ გინდოდა? - ჩაურთო ფიფომ, რასაც დიმეოს, ბედნიერი ჭყიპინი მოჰყვა. 
ფიფოს და მიმის გულიანად გაეცინათ, ბავშვი თავისი ოთახისკენ, სირბილით გავარდა. 
- მიმი, იცი... - ფიფომ როგორც იქნა, გაბედა და მიმის მოხედა. 
- არ გინდა. - გააწყვეტინა მიმიმ. 
- მართლა ტუჩზე, რა მოგივიდა? 
- ხომ მოგიყევი? - მიმიმ მოწყენილად გააქნია თავი.
- შენ არ გითქვამს, სად იყავი. 
- რა მნიშვნელობა აქვს? - მხრები აიჩეჩა მიმიმ და აშკარად აარიდა ფიფოს სახე. 
თუმცა, ფიფომ მაინც მოახერხა, თვალებში ჩაეხედა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მიმის აწყლიანებულ თვალებს შეეფეთებოდა, მაგრამ მოტყუვდა. მიმის ცივი, გაყინული მზერა, სადღაც სივრცის მიღმა გაშეშებულიყო და თვალებში, რაღაც ფარული ნაღველი, თუ სინანული უჩანდა. 
ფიფო ვერაფერს მიხვდა. აშკარად ჩანდა, მიმი სადღაც ისეთ ადგილას იყო, სადაც არც თუ ისე კარგად დაუხვდნენ, ან?.. 
- მიმი. - არ მოეშვა ფიფო. - მართლა, სად იყავი? 
- ერთხელ გკითხე სად მიდიხარო და ისეთი ამბავი დამაწიე. - მიმიმ ეშმაკურად მოიგერია ფიფოს შეკითხვა და იქეთ გადავიდა თავდასხმაზე. 
- მაპატიე, ბოდიშს გიხდი, საშინლად უხეშად გამომივიდა! გამომივიდა, კი არა ძალიან უხეშად მოგექეცი, მერე კი ისე შემრცხვა ჩემი საქციელის, რომ გარეთ გავვარდი, საათობით წრეები ვურტყი ქალაქს და ძლივს გავბედე მოსვლა. - ფიფომ გულწრფელად კი აღიარა დანაშაული, მაგრამ ბოლო წინადადებაზე მაინც მოიტყუა, აბა იმას ხომ არ ეტყოდა მიმის, შენ თავს დაგესხი და მერე საყვარელთან ერთად, განცხრომაში ვიყავიო. 
მიპატიებია. - მდარედ გაუღიმა მიმიმ. - მაგრამ მკლავი, ახლაც ძალიან მტკივა. 
- მკლავი? - შეწუხდა ფიფო. - აბა მაჩვენე. - ფიფომ არც აცალა მიმის სახელოს ჩამოწევა თავად სწვდა მხართან და ლამის იდაყვამდე ჩამოუწია. თითქოს არ სჯეროდა, მიმის მონაყოლის და უნდოდა, თავად დარწმუნებულიყო საკუთარ სისასტიკეში, მაგრამ როცა დაინახა, მიმის მართლაც საკმაოდ ძლიერად ჰქონდა ერთ ზოლად ჩალურჯებული აი, მაშინ კი ძლიერ შეუღონდა გული. 
მიმი უხერხულად შეიშმუშნა და ხელი გააშვებინა. ფიფომ უკან არ დახია, მიმისკენ გაიწია, თავისკენ მიიზიდა და გულში მაგრად ჩაიკრა. მიმი არ განძრეულა. ფიფოს ახალი სუნამოთი გაბრუებულმა ვნებიანად მიეხუტა, თუმცა უცებ ჩაეცინა, რადგან მამაკაცის სუნამოსთან ერთად, სადღაც ყურის ქვეშ, კისერთან, ფიფოს აშკარად, ქალის სუნამოს სურნელიც ასდიოდა. 
- რა იყო? - ჩურჩულით ჰკითხა ფიფომ. მაგრამ მიმის ვინ აცალა პასუხის გაცემა, დიმეო სირბილით შემოვარდა და ორივეს ახარა მზად ვარო და ასე ჩახუტებულები რომ დაინახა, ეშმაკურად ჩაეცინა. 

*** 
- და მაინც სად იყავი, არ მეტყვი? - ფიფომ ფრთხილად გამოაცალა მძინარე ბავშვს, თავისი მკლავი და საწოლზე წამოჯდა. 
დიმეოს ღამის სეირნობამ და საჭის მართვამ, ისეთი სიხარული და აჟიტირება მოჰგვარა, რომ საწოლ ოთახამდე მშობლების დახმარებით, ძლივს მილასლასდა და ასე მათთან ერთად ჩახუტებულს, ახლა ტკბილად ეძინა. 
- და მაინც მალავ, სადაც იყავი? - კვლავ ჩაეკითხა ფიფო.
- არაფერი საინტერესო. - მიმიმ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა. 
- რადგან ასე მალავ, ახლა უფრო დავინტერესდი და რა მოხდება, რომ მითხრა? ნუთუ, ასეთი საიდუმლოა? და თანაც, ისიც კი მითხარი, ხომ მოგახსენეს უკვეო და აი, ამის გამო, უფრო დავინტრიგდი. 
- ჰმ. - მიმის ჩაეღიმა. - რომელი უფრო გაინტერესებს? სად ვიყავი, თუ რომ მოგახსენეს? 
- მიმი! ვის უნდა მოეხსენებინა? - გაცხარდა ფიფო.
- ჩუუ, ბავშვი არ გააღვიძო. 
ფიფომ მძინარე ბავშვს გახედა და დაბალ ხმაზე განაგრძო: - შენ გგონია, რომ შპიონებს გაყოლებ და გითვალთვალებ? რა სისულელეა! - კვლავ გაცხარდა ფიფო და კვლავ ხმას აუწია, თუმცა მაშინვე მიიფარა პირზე ხელი. 
მიმის მდარედ გაეღიმა. 
- მიმი, მართლა, ვინმე ხომ არ გითვალთვალებს? - ახლა უკვე შეშფოთებული ხმით ჰკითხა ფიფომ. 
- მგონი, არა. - მიმიმ ტუჩი დაბრიცა. 
- მართლა? - ჩაეკითხა ფიფო. - არ მომატყუო, იცოდე. 
- რაღაც არ შემიმჩნევია, თუმცა... - მიმი გაჩუმდა.
- რა, თუმცა? - ვეღარ მოითმინა ფიფომ. 
- დიმეო რომ დაბრუნდა, ჯერ კიდევ დიდ ხანს მქონდა მასეთი შეგრძნება. ახლა უკვე გადამიარა, ან მეჩვენებოდა და მივეჩვიე კიდეც, ამ მოჩვენებას.
- არ გეჩვენებოდა, მაშინ მართლა... ნუ, კი არ გითვალთვალებდნენ, უბრალოდ გვიცავდნენ, სახლს იცავდნენ, შენც, მეც, და თან, ისე რომ ოფიციალური სახე არ ჰქონოდა ამას. 
- ესე იგი, ტყუილად არ მეჩვენებოდა? - ჩაეღიმა მიმის. 
- ჰო, მაგრამ უკვე რამდენი ხანია მოვხსენი დაცვა და კიდევ გეჩვენება? იქნებ, მართლაც... 
- რა ხანია აღარ მეჩვენება, ფიფო რა გჭირს? 
- ჰო, კარგი. - გულზე მოეშვა ფიფოს და ისევ იმ მთავარ კითხვას დაუბრუნდა. - და მაინც, სად იყავი? 
- ჰმ, კარგი რააა? - მიმიმ თავი გააქნია. - ერთი მოხუცებული ქალი მოვინახულე. - მიმი წამოდგა, და ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა. - უბრალოდ, ჩამაფიქრა იმ ქალის ბედმა. 
- რამე, დახმარება თუ სჭირდება... 
- არა, არაფერი. - შეაწყვეტინა მიმიმ. - ეგ არ არის მისი პრობლემა. 
- აბა? 
- სიბერე და მარტოობაა, მისი ცხოვრების მთავარი პრობლემა. 
- ნუ სიბერეს, ვერ ვუშველი და მარტოობაზე, ვინმე ავუყვანოთ, ვინც მასთან ერთად იცხოვრებს და... 
- არა, არა. - ისევ გააწყვეტინა მიმიმ. - ჰყავს მომვლელი. სულიერ მარტოობაზე გითხარი. 
- და, რა ვქნა, ახლა? იქ ჩამოვუჯდე და ქვეყნის ამბები მოვუყვე? - ირონიულად გაეღიმა ფიფოს. - შემიძლია, ლეპტოპი და ინტერნეტი მოვუგვარო. 
- აქვს ეგეც. 
- ოჰო. - გაეღიმა ფიფოს. - ეს რა ფეშენ ბებოსთან დაქალობ. 
მიმის გაეცინა და მაშინვე პირზე ხელი აიფარა, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა, მერე ფიფოს ძილი ნებისა უსურვა და თავისი საძინებლისკენ გასწია. 
ფიფო მოიღუშა, თუმცა სათქმელიც არაფერი ჰქონდა. სულ ტყუილად აწყენინა მიმის და თან, რის გულისთვის? წესიერად მაინც გაერკვია და ისე მივარდნოდა, მაგრამ ვის? 
„ნეტა, ის ვინღა იყო?“ 
ჩაფიქრდა ფიფო. 
„ან რომელი ერთი?“ 
- ჰმ. - ფიფოს მდარედ ჩაეცინა. 
„ასეთი, რა ვაწყენინე? ან რომელს?
საყვარელი ქალისთვის შეურაცხყოფა, არასდროს მიმიყენებია. დაშორებითაც კი არც უკან არავინ გამომკიდებია და არც მე მიმიგდია უშნოდ. უბრალოდ, ვშორდებოდით მაშინ, როცა არც აღარაფერი რჩებოდა საერთო და ერთად ყოფნაც, მოსაბეზრებელი ხდებოდა. შეიძლება, მხოლოდ ჩემთვის იყო მოსაბეზრებელი, მაგრამ არც ტელეფონზე არავის შევუწუხებივარ ზედმეტად და არც სამსახურში არავინ მომვარდნია და რაღა იმ საცოდავ ქალს მიუვარდა?“ 
- გაგიჟდება კაცი, რაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - რა ხალხია... 
ფიფო ათას ფიქრებს გადასწვდა, მერე გვერდიც იცვალა და სწორედ მაშინ გაახსენდა, თუ ვინ იყო, ჩუკის გამოგზავნილ ფოტოსურათზე გამოსახული ახალგაზრდა ბიჭი, მის დანახვაზე, დიმეო რომ ასე დაფრთხა. 
ფიფო მიმის საძინებლისკენ გაეშურა. 
საწოლს მიუახლოვდა თუ არა, მაშინვე შენიშნა კომოდზე დახურული ლეპტოპი. ნეტა რას უყურებდაო, გაუელვა ფიფოს და ფრთხილად შეეხო ლეპტოპს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. ფიფოს ჩაეღიმა. 
- გძინავს? - ფიფო ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლზე.
მიმიმ ზანტად გაიზმუვლა. 
- მგონი, გაგაღვიძე. - მორიდებით დაიწყო ფიფომ. - რაღაც გამახსენდა და ვეღარ მოვითმინე დილამდე.
პასუხად მიმი მხოლოდ შეიშმუშნა. 
- შეიძლება? - ფიფომ საწოლზე ჩამოჯდომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად, მიმი მისკენ გადმობრუნდა და ფიფოს გასაკვირად, ერთი ხელით, საბნის კიდე ასწია და მეორეთი კი საწოლზე, ორ-სამჯერ სწრაფად დაჰკრა ხელი, ამით მიანიშნა, შემოწექიო. 
ფიფო ფრთხილად შეუწვა. თითქოს მიმი, ახლა უფრო თამამად იქცეოდა და ფიფოს შემოწოლისთანავე, ახლოს მიუცუცქდა და მის მკლავზე დადო თავი. 
- ახლა მომიყევი, რა გაგახსენდა ისეთი, რომ დილამდე ვეღარ მოითმენდი. - ჩვეული ხმით ჰკითხა მიმიმ და თვალები მინაბა. 
ფიფო წამით გაიტრუნა, მიმის ასეთმა ქცევამ, წამით დააბნია, თუმცა მაშინვე მოეგო გონს. 
- იმ პერიოდში, დიმეო რომ... - ფიფო შეყოვნდა. 
- ჰო. მერე? 
- დამირეკეს ბიჭის გვამიაო და ისე გავვარდი... 
- როდის? - თავი წამოსწია მიმიმ და ფიფოს მკაცრად ჩახედა თვალებში. - მე რატომ არ მითხარი?! 
- რა საჭირო იყო... 
- როგორ არ იყო საჭირო?! - არ აცალა სიტყვის დამთავრება მიმიმ. 
- კიდევ უფრო მეტად გამეხეთქა გული? - საყვედურით მიმართა ფიფომ. - სანამ გავარკვევდი და იქამდე მივაღწევდი, ლამის გზაშივე მოვკვდი და ახლა კიდეც ცალკე შენი ცუდად გახდომა მინდოდა? ისედაც, რა დღეში ვიყავით, ერთიც და მეორეც! 
- და მაინც, უნდა გეთქვა! - გაბუტული ხმით მიმართა მიმიმ. 
- არ უნდა მეთქვა! - ასეთივე ხმით მიუგო ფიფომ და გაჩუმდა. 
ერთ ხანს, არც მიმი იღებდა ხმას. ბოლოს ისეც ფიფომ დაარღვია დუმილი: 
- როგორც კი შევედი, სანამ იმ ბიჭის ასაკი არ ვიკითხე, ისე ვერ გავბედე იმ მაგიდისკენ გახედვა, სადაც... - ფიფო გაჩუმდა. 
- და ვინ იყო მერე, ის საწყალი ბიჭი? 
- დიმეომ რომ ფოტოზე ამოიცნო, ის იყო. 
- რამე კავშირშია? - შეწუხდა მიმი. 
- სავარაუდოდ კი, მაგრამ მე ის მაფიქრებს, დიმეომ რა იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო. 
- ფოტო ხომ ჩვეულებრივი იყო, სიცოცხლეში გადაღებული? 
- ჰო, ხომ გაჩვენე? 
- კი... ჰო... და რა იცის მერე, ბავშვმა? - მიმის კვლავ შეშფოთებული ხმა ჰქონდა. 
- მეც ეგ მაინტერესებს. 
- და ადრე, არ იცოდი? თუ ჩუკიმ?.. 
- არც ვიცოდი, ამ საქმესთან, თუ რამე კავშირში იყო. უბრალოდ, როცა ბავშვს ვეძებდით და სადაც ვეძებდით, სადღაც იმ მიდამოებში იყო ნაპოვნი და მაგიტომაც დამიძახეს.
- მერე? 
- მერე არაფერი ვიცი. გალეო და მისი ბიჭები იძიებდნენ და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ისევ ჩუკისგან გავიგე, რომ იმ წანკლას, ჩემს მდივან გოგოს თურმე, ძალიან კარგად იცნობდა, მერე გალეც მოვიდა და ეს ბიჭიო, იმ სულ პირველად ნაპოვნი ბიჭის მამის ნათლული ყოფილაო. 
- რომელი პირველი ბიჭის? - მიმი ისევ თავი წამოჰყო. - კიდევ იყო გვამები ნაპოვნი და მე, არაფერი ვიცოდი? 
- ჯერ ერთი, შენ რატომ უნდა გცოდნოდა? - გაეღიმა ფიფოს. - გამომძიებელი ხარ? თუ საქმეში ჩართული დეტექტივი? 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- ეს ის ბიჭია, გახსოვს, სოფელში იმ ჩვენი დიასახლისის შვილს, რომ ბრალდებოდა მისი მკვლელობა? 
- აააა, ხედავ, თურმე რა ხდებააა. - გაიოცა მიმიმ.
- ხომ ხედავ? არაფერი დამიმალავს და როცა საჭირო ხდება, მაშინ ყველაფერს გიყვები. 
- ეგ, ხომ, მაგრამ დიომეომ საიდან იცოდა, მკვდარი იყო, თუ ცოცხალი? 
- მეც ეგ მაინტერესებს. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- მე ვკითხო? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- არ ვიცი. - მიუგო ფიფომ. - ჩუკი ფიქრობს, რომ ისევ მე უფრო მეტყვის, თუ კაცურად მივუდგები და არა როგორც, პატარა ბავშვს. 
- მაშინ, ჰო. - მიმი ფიფოს მკლავზე, უფრო კომფორტულად შესწორდა. 
ფიფოს ჩაეღიმა და მიმი იმავე მკლავით, უფრო ახლოს მიიზიდა. 
მიმი გაიტრუნა, მაგრამ მოულოდნელად უცნაური კითხვა დაუსვა: 
- ბუნებრივი ქერაა, თუ იღებავს? 
- რაა? - გაოცებული ხმით აღმოხდა ფიფოს. 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- რა მკითხე? ვერ გავიგე. - ჩაეკითხა ფიფო. 
- ბუნებრივად ქერა თმები აქვს, თუ იღებავს-მეთქი. რა გკითხე, ასეთი? - ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის. 
- მიმი, რას მეკითხები? ან ვისზე ამბობ? - ფიფო, მართლაც ვერ მიხვდა. 
- სუნამოს სურნელი აგდის ისეთი, სავარაუდოდ ქერას უფრო მოუხდებოდა. თუმცა იქნებ, სულაც შენი არჩეულია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სავარაუდოდ, წესიერად არც დაუკვირდებოდი ალბათ, რადგან შენც და ბევრიც ფიქრობს, რომ არჩევანისას, მთავარი ფასი და ბრენდია. - ჩაეცინა მიმის. 
- და გამოდის, რომ ცუდი გემოვნება მაქვს? - ირონიულად მიმართა ფიფომ, თუმცა მიმის კითხვებით საკმაოდ გაოცებული იყო. 
- გახსოვს? ჯერ კიდევ როდის გითხარი, რომ სუნამო არასდროს მიყიდოო? 
- კი მახსოვს და არც არასდროს მიჩუქნია და ახლა მგონი, რაღაცას ეჭვიანობ და სრულიად უსაფუძვლოდ. - ფიფომ თავის დაძვრენა სცადა. 
- და რატომ გითხარი, ის თუ გახსოვს? 
- რა ვიცი, აბა? - გაიკვირვა ფიფომ. 
- სუნამოს არჩევანზე, ძალიან პრეტენზიული ვარ. ვირჩევ ამინდის, ხასიათის, ტანსაცმლის და უამრავი სხვა მომენტის მიხედვით. ზოგი ძალიან მომწონს და მერე ორ დასხმაზე უკვე, აღარც ვეკარები და იმიტომ გაგაფრთხილე თავის დროზე, რომ რაც არ უნდა დიდი თანხა გადაგეხადა, შეიძლება სულაც არ მომწონებოდა. თანაც, სულ ტყუილად დაიხარჯებოდი და მერე, გულიც დაგწყდებოდა დაწუნებულ საჩუქარზე. 
- მეც პირნათლად ვასრულებ მოცემულ პირობას! - გაეცინა ფიფოს. 
- ახლა რაც შეეხება ეჭვიანობას და თანაც, უსაფუძვლოს. - ირონიულად ხმით დაიწყო მიმიმ.
ფიფო გაიტრუნა. 
- თუ სუნამო, თავისი არჩეულია და სურნელის მიხედვით ჩანს, რომ მშვენივრადაც ერკვევა, მაშინ ღია ფერის თმა უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ სხვამ აჩუქა, მაშინ სავარაუდოდ მყიდველი, ბრენდს და ფასს უფრო მიაქცევდა ყურადღებას. 
- რა ვიცი, მიმი, რა ვიცი. - ჩაიბურტყუნა გაოგნებულმა ფიფომ, თუმცა მაშინვე ჩაფიქრდა და ცდილობდა გაეხსენებინა, მისი სატრფო, რამდენად ქერა იყო თუ, ღია წაბლისფერი თმები ჰქონდა, თუ საერთოდ, იქნებ, იღებავდა კიდეც. 
„ეჭვიანობს? ვითომ? და თავს მაჩვენებს, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ სულაც არ მაღელვებსო? 
ან საიდან მოიტანა ქერაა, თუ წაბლისფერი? დაგვინახა ერთად? და როდის? როგორ? 
არა, ეგ გამორიცხულია! სპეციალურად არსად დავდივართ ერთად. 
ოჰ, მიმი, მიმი. ვინც არ გიცნობს, რა თავსატეხები და რებუსები გიყვარს სულ.“ 
- მიმი ეჭვიანობს. - ჩურჩულით დაიწყო ფიფომ. - მერე, რატომ ეჭვიანობს? ვისი ბრალია? თუ ასე გული სწყდება, თავის ერთადერთ, განუმეორებელ, სუპერმენ სამფეხა ქმარზე... - ფიფო გაჩუმდა. 
მიმის სუნთქვაზე მიხვდა, რომ უკვე ჩასძინებოდა.
ფიფოს ჩაეღიმა. 
LEX. 2020 წლის 16 დეკემბერი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment