Sunday, January 24, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 90)

90. 
- აბა, როგორ ხარ? - მიმართა ფიფომ ქალს და თან შეეცადა, უკმაყოფილება დაეფარა. 
- მოკლედ, შენთან მიღებაზე, წინასწარ უნდა ჩავეწერო? - ცინიკური ხმით მიმართა ქალმა. 
- ეს სამსახურია, ჩემო კარგო, გასართობი ცენტრი კი არა. 
- რა ვიცი. - უკმაყოფილოთ აიბზუა ქალი. - იმდენი ხანი ერთობოდი ბავშვთან, ლამის ჩამოვწყდი ლოდინით. 
ქალის ეს შენიშვნა ფიფოს, საშინლად არ ესიამოვნა, თუმცა, არაფერი უთხრა. 
- რომ გავარდი იმ დღეს და უკან არ მოიხედე. - განაგრძო ქალმა. - რამდენჯერ დაგირეკე, არც კი მიპასუხე და რა ხდება? ხომ მშვიდობაა? იმდენი ვინერვიულე და შენ, გახარებული გავარდი, კიდევ კარგი, ჩემი ცოლი არ იყოო და რა მნიშვნელობა ჰქონდა? ვიღაც ხომ იყო და ვინ იყო, ის ვიღაც? არ უნდა გამოიძიო? - ქალს თვალები აუცრემლდა. - შენს ცოლს რომ ასე მოქცეოდნენ, მაშინ ხომ ერთ ამბავს ატეხდი, არა? 
- მაშინ კი, რადგან ასე იქნებოდა საჭირო! ახლა ხომ არ ვიტყვი, ჩემს საყვარელ ქალს, ჩემი გულისთვის მიუვარდნენო? არ გამოვა ეს. - თავი გააქნია ფიფომ.
- აბა, რა ვქნათ? შევარჩინოთ?! 
- შეგიძლია, პოლიციაში მიხვიდე და განცხადება დაწერო. 
- და მაშინ ხომ გაირკვევა, რომ შენი გულისთვის მცემეს? - აღნიშნა ქალმა. 
- მე მიგაგზავნი ისეთ გამომძიებელთან, რომ ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამს. შეგიძლია, საერთოდ არც დამასახელო. სულ ნუ იტყვი, რომ მეგობარი გყავს! 
- მეგობარი, თუ საყვარელი მამაკაცი? - წყენით აღნიშნა ქალმა. 
- რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელი იქნება, თუ არა? - ფიფო შეყოვნდა. - საყვარელი მამაკაცი.
პასუხად ქალმა, ამოიხვნეშა. 
- ანდა ისე, რაც გინდა ის უთხარი. - ფიფო სავარძელში გადაწვა. - უამრავი საქმე მაქვს, ჯერ კიდევ ჩემი შვილის გატაცების გამოძიება, ბოლომდე არ არის დასრულებული და რა დროს ეგ არის, აბა? 
- რატომ რა დროს? მე შენთვის, არაფერს წარმოვადგენ? - გაწიწმატდა ქალი. 
- ჩემს შვილზე წინ, რომ ვერ დაგაყენებ, მაგას უნდა ხვდებოდე. - საყვედურით მიუგო ფიფომ. - ახლავე დავრეკავ საგამომძიებლოში და დაგაწერინებენ საჩივარს. მერე რომ ჩაწყნარდება სიტუაცია, ორი-სამი დღით სადმე, ქალაქგარეთ გავიდეთ. 
ქალი აშკარად მოლბა, ესიამოვნა. 
- იქნებ, ამაღამაც მოხვიდე? - თბილად გაუღიმა ფიფოს. 
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს და საერთოდ, დილამდე თუ მოვიცლი, ესეც კი არ ვიცი და ხომ გითხარი, გნახავ ამ დღეებში და სადაც იტყვი, იქ გავალთ, ცოტა ჰაერის გამოცვლა და დასვენება, არ მაწყენდა და თან, შენთან ერთად. 
- ისე, არასდროს ვყოფილვართ ერთად, სადმე სხვაგან. - ქალმა ნაღვლიანი მზერა მიაპყრო. 
- ჰოდა, ახლა წავალთ ერთად. - მიეალერსა ფიფო.
- მალე ახალი წელიც მოვა. - ქალმა ამოიხვნეშა. - შენთან ერთად მინდოდა შეხვედრა.  საერთოდ, ვისთანაც ბედნიერი ხარ, მასთან ერთად, თუ შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ბედნიერება დაგებედება.
- ჰოდა, ვნახოთ! - გაუღიმა ფიფომ.
- ისევ, ვნახოთ? - ქალი მოიბუზა.
- ხომ გითხარი? ვნა-ხოთ! - დაუმარცვლა ფიფომ. - სანამ საქმეებს არ მოვილევ და თანაც, წლის ბოლოა, ყველაზე მძიმე პერიოდია. მთელი წლის ნამუშევარი, თავიდან უნდა გადაიხედოს და ისე ჩაბარდეს ანაგარიში და საერთოდ, რას მახსნევინებ? არ იცი, სადაც ვმუშაობ? - ფიფოს ხმაში წყენა დაეტყო.
- ჰო, კარგი. კარგი. - წყენითვე მიუგო ქალმაც. - იქნებ, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდეთ ერთად? 
- აი, ეგ უფრო შესაძლებელია. - გაუღიმა ფიფომ.
- ისე, ნამდვილი ახალი წელი, ეგ არის. - გაიბადრა ქალიც.
- ჰოდა, მაგას უფრო შევძლებ! - ფიფო სავარძელში შესწორდა. - მხოლოდ, დაიმახსოვრე! აქ აღარ უნდა მოხვიდე და ტელეფონზე, თუ არ გპასუხობ, ზურგს კი არ გაქცევ, არამედ ვერ გპასუხობ და არ უნდა გეწყინოს ეს შენ. ჩვენ ამაზე, თავიდანვე შევთანხმდით, ხომ გახსოვს? 
- კი, სამწუხაროდ მახსოვს, მაგრამ მაშინ, ისე დამახვიე ალერსით თავბრუ, რომ თავგზა ამებნა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც შენს გვერდით ვყოფილიყავი. 
- ჰოდა, ასეც არის! გახმაურებული რომანები და ეჭვიანობები, ნამდვილად არ მჭირდებოდა და ახლა, მით უმეტეს, რადგან ხომ ხედავ? ვიღაც ძალიან ცდილობს, რომ დაგვაშოროს!
- პირიქით! ამით უფრო დაგვაახლოვა. - თბილი ხმით აღნიშნა ქალმა. 
- ჰოდა, მით უმეტეს! - გაიბადრა ფიფოც. - ახლა წადი და დაწერე საჩივარი, თუ გინდა თქვი, რომ გაბრალებენ ჩემთან ურთიერთობას, ან თუ გინდა, ისიც თქვი, რომ ვერ დაასახელებ იმ კაცს და მორჩა. 
- მერე? შენთან რომ მოვიდნენ? 
- არ არის პრობლემა, მე გავცემ პასუხს. 
ქალი ფიფოს მოეხვია და გაბადრული სახით დატოვა კაბინეტი. 
ფიფომ შვებით ამოისუნთქა. როგორც იქნა, მარტო დარჩა. ტელეფონი მოიმარჯვა, მედ.ექსპერტი იკითხა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. თავად კი, დეტექტივის მოლოდინში, სიგარეტს მოუკიდა და თვალებ მინაბული, სავარძელში გადაწვა. 
რამდენიმე წუთში, გალეომაც კარი შემოაღო. 
- რა იყო ბიჭო, კარს უკან იდექი? - სიცილით მიახალა ფიფომ. 
- როცა დამირეკე, უკვე აქვე ახლოს ვიყავი. 
- ყავა, თუ? - შესთავაზე ფიფომ და პირში სიგარეტ გაჩრილმა, ბრენდის ბოთლს მოხსნა თავი. 
- ვერ დავლევ, მანქანით ვარ. ჩვენ თუ არ დავიცავით წესრიგი... 
- მძღოლი წაგვიყვანს და მოგვიყვანს. - ფიფომ ჭიქებში ჩამოასხა და თვითონ პირველი გადაჰკრა. 
- და სად მივდივართ? 
- პროზექტურაში. 
- ახალი?.. 
- არა. - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ. - ერთი, არც თუ ისე ძველი ამბავი მაინტერესებს. 
- ჰოო? და, რომელი? 
- აი, ის ბიჭი, დიმეოს როცა ვეძებდით, მაშინ რომ იპოვნეს. 
- ის, ხომ უკვე, რა ხანია დაკრძალულია. - გაუკვირდა გალეოს. 
- ჰოდა, რაღაც-რაღაცეები მაინტერესებს, ძველი ჩანაწერები, ხომ ექნება? 
- კი, ჩანაწერები წესით უნდა ჰქონდეს და ჩვენც ხომ გვაქვს? ჩემს საქმეებში იქნება დართული. 
- ძალიან კარგი. - ფიფო გაჩუმდა და გალეოს სახეში მიაჩერდა. - წეღან ერთი ქალი გამოვუშვი შენთან, დაგირეკავს ალბათ, დღეს, ან ხვალ. 
- დამირეკა უკვე, მაგრამ აქეთ მოვდიოდი. ხვალისთვის დავიბარე. 
- ჰოო? ძალიან კარგი, ძალიან. - ფიფომ ისევ ჩამოასხა და ისევ თვითონ დალია. - მოკლედ, ვიღაცას უცემია. 
- ის ქალი? 
- ჰო! რაღაცეები დამაბრალაო, შემომივარდაო, მცემაო. 
- და, ვინ არის? არ იცის, თუ ხელს აფარებს? 
- ვიღაც ქალია, რომელიც როგორც ჩემი ცოლი, ისე გაეცნო და მაგრადაც მიბეგვა. 
- კი მაგრამ, მიმი... - გალეო გაჩუმდა. 
- მიმი რომ მაგას არ ჩაიდენდა, ეგ ხომ ფაქტია, თუმცა მაინც გადავამოწმე და სურათზეც კი ვერ ამოიცნო. 
- ჰო, მაგრამ შენ რა შუაშია ხარ და შენ რაღატომ... - გალეო კვლავ გაჩუმდა. 
- ეგ არ არის, არც შენი პრობლემა და არც შენი გასარჩევი. - ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა და გაელოც მიუხვდა. - უბრალოდ. - განაგრძო ფიფომ. - თუ დაადგენ, რომ ვინ ქალი შეუვარდა და ჩემს ცოლად, რატომ ასაღებდა თავს, კარგი ბიჭი იქნები! 
- ყველაფერს გავარკვევ. - თავი დაუქნია გალეომ. - თუ გინდა, საჩივარსაც ოფიციალურად, არც გავატარებ, ისე გავარკვევ, იმ ქალს არც კი ეცოდინება და სხვაც ვერავინ გაიგებს. 
- აი, ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია. - შეუქო ფიფომ. - და თან, მეც მაინტერესებს, ვინ ოხერია, ერთი? ვინ მიმღვრევს წყალს და კიდევ ამის გაგების, სულ სხვა ინტერესიც მაქვს. 
- შევეცდები, ყველაფერი დავადგინო და ზედმეტი ხმაურის გარეშე, ოპერატიულად მოვაგვარო! 
- ცალკე ბავშვსაც ჩააწვეთეს, მარკეტში. 
- ბავშვს? რაო? - გაოგნებული ხმით იკითხა გალეომ.
- ამ გოგოს ქმარს, საყვარელი ჰყავსო. მიმიმ ვერ გაიგო და არც არაფერი იცის. ჩემი ბიჭი ჭკვიანია, დედას არ უთხრა და მე ისეთნაირად დამკითხა და გამკიცხა, რომ ლამის, კუთხეში დამაყენა. - გაეცინა ფიფოს. 
- ჰაჰ! გავარკვევ ყველაფერს გავარკვევ! 
- სხვა შემთხვევაში, არ შეგაწუხებდი, მაგრამ ამ ყველაფერს, რაღაც შანტაჟის სუნი ასდის. - ჩაფიქრებული ხმით დაასრულა ფიფომ. 
- კიდევ კარგი, მიმიმ არაფერი იცის, მაგრამ იქნებ, მასაც მიუტანეს უკვე ჭორები? 
- მიმი ჭორებს ნაკლებად აჰყვება, რომ იცოდე, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ამბავი. 
- აბა, რა მოსაწონია და ისე მართლა, ის ქალი? - ეშმაკურად ჩაეკითხა გალეო. 
- ახლობელია. - გაუღიმა ფიფომ. - მიდი გადაჰკარი და მოვიდა მძღოლიც. ჯერ იქ მივიდეთ და მერე გეტყვი, რაც უნდა მოიძიო.

*** 
- ეგ, როდინდელ ამბავს მეკითხებით? - იწყინა მედ.ექსპერტმა. - გუშინდელი გაკვეთილი გვამი ძლივს მახსოვს და ეგ, რამდენი თვის წინ იყო? ჩანაწერებს უნდა გადავხედო. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი და კომპიუტერს ჩაუჯდა. - ისედაც, იმდენი საქმე მაქვს. - ჩაიბურტყუნა ფიფოს გასაგონად. 
- ნუ გეშინია, გვამები არსად გაგექცევა. - მიახალა ფიფომ. 
გალეო დაბნეული იყურებოდა. ერთი სული ჰქონდა გაეგო, ფიფოს რა ჰქონდა ჩაფიქრებული. 
მედ.ექსპერტი კი გაუჩერებლივ ქაქანებდა, როგორც მაშინ ვთქვი, მეტი რაღა უნდა დავამატო და თანაც ახლა, ამდენი თვის მერეო. 
- ტანსაცმელი, თუ დაუთვალიერე? - შეეკითხა ფიფო.
- ეგ, კრიმინალისტების საქმე იყო და იმათ მოჰკითხეთ! - უკმეხად უპასუხა ექსპერტმა. 
- და, ფეხის ზომა? - არ მოეშვა ფიფო. 
- რა ფეხის ზომა? - აიმრიზა ექსპერტი. 
- რა ზომა ჰქონდა, არ ნახე? 
- არა! არ ჩავთვალე საჭიროდ და არც არავის მოუკითხავს! და იცით, რას გეტყვით? ჩემი მოვალეობაა, რომ დავადგინო, როგორ გარდაიცვალა! დანარჩენი კი, თქვენი საქმეა და თქვენი პრობლემაა! 
- ჰო კარგი, ნუ წუწუნებ! - შეუღრინა ფიფომ. - ის ფოტოები მინდა, პირველად აქ რომ შემოიყვანეს. ისეთი, სადაც ტანსაცმელი აცვია. 
- ჰმ, საკუბოვედ გამოწყობილი. - ცინიკურად ჩაეცინა ექსპერტს. 
- აქ რომ შემოვიდა, სანამ გახდიდი, სწორედ ის ფოტოები მინდა! - ფიფოს ხმა გაუმკაცრდა.
- მასეთი, ერთი-ორი კი არის. - მხრები აიჩეჩა ექსპერტმა. - დანარჩენი, კრიმინალისტებს უნდა ჰქონდეთ. 
- მომეცი, რაც არის! - ფიფო წამოდგა და გაოგნებული დეტექტივიც, თან გაიყოლა. 
- რა ხდება, აღარ მეტყვი? - ვეღარ ითმენდა გალეო. 
- მჭირდება, იმ ბიჭის ტანსაცმელი! უფრო ზუსტად, ქურთუკი და ფეხსაცმელი და კიდევ, რა ზომა ფეხი ჰქონდა! ამოიცნო თუ არა, მსხვერპლის დედამ, შვილის სამოსი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა! 
- მაგას კი გავარკვევ, მაგრამ... 
- ჰოდა, ჯერ ეგ გამირკვიე, კრიმინალისტებისგან ფოტოები გადმომიგზავნე და სამინისტროში მოდი. - ფიფო წამით შეყოვნდა. - ორი საათი, ხომ გეყოფა? 
- ზედმეტიც არის. - გალეომ მანქანის სარკმლიდან გაიხედა. - ბარემ აქვე, სამმართველოსთან ჩამოვალ. 
- დაიცა! - მიაძახა ფიფომ, უკვე მანქანიდან ჩასულ გალეოს. - იმ მსხვერპლის მისამართი, თუ იცი? დედა, მამა სად ცხოვრობს? და ყველა სხვა მისამართი, სადაც კი უცხოვრია, ეგეც მინდა! 
- აქ რომ ცხოვრობდნენ, ეგ ვიცი და მისამართიც ჩანიშნული მქონდა, მაშინ ხომ მივედი და როგორც მახსოვს, მისი მშობლები, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. 
გალეო დაბნეული პასუხობდა, მაინც ვერ ხვდებოდა, ახლა ასე ძალიან, რატომ დააინტერესა ფიფოს, ის ბიჭი, გარდა იმისა რომ ისედაც გარკვეული იყო, მსხვერპლი დიმეოს გატაცების, შესაძლო მონაწილეც ყოფილიყო, მაგრამ ფიფო რატომ ბოლომდე არ უხსნიდა კარტებს?
- სად? აქ? ამ ქალაქში? - შეეკითხა ფიფო. 
- ჰო! ნუუ, დედას ძველი ბინა გაურემონტა და თვითონ, ცალკე იყიდა. 
- აჰა! და მამა? 
- მამა დიდი ხანია გარდაცვლილია, თუმცა მანამდე იყვნენ გაშორებულები.
- მოკლედ, მე მაინტერესებს სადმე სოფელი, აგარაკი, ბებია-ბაბუა, პაპა, დიდედა! სახლი, რომელიც არ არის ქალაქში, მისი ვინმე, ძაან ახლობელი! თუნდაც, დიდი ხნის უნახავის და ასე, შემდეგ. 
- კარგი. - მხრები აიჩეჩა გალეომ. 
- აბა, გელოდები. - მიმართა დეტექტივს ფიფომ და მანქანის სავარძელში შესწორდა. 
გალეოს, ფიფოს დავალებების მოსაძიებლად დიდი დრო, სულაც არ დასჭირვებია, მალევე შეეხმიანა. 
- ფიფო! მწვადი, თუ ხინკალი? ბარემ, ვისადილოთ, თორემ გამიხმა კუჭი. 
- ჩაშუშულიც! - გაეცინა ფიფოს. - ჩამოვალ ახლავე! - ჩასძახა ტელეფონში და კაბინეტი დატოვა. 

***
- სამწუხაროა, რომ დამნაშავეები, უკვე ვეღარ დაისჯებიან. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დეტექტივმა. 
- კი, თუმცა, პირველი და მთავარი ეტაპი, მაინც დანაშაულის გახსნაა! - ფიფომ ჭიქა მიუჭახუნა და ნახევრამდე ჩაცალა. 
- ესეც კიდევ, ერთი მკვლელობააა. - ჩაიბურტყუნა გალეომ. 
- აბაა. - თავი დაუქნია ფიფომ. 
- ჰმ! და მაინც, საიდან მოგივიდა აზრად, ფეხსაცმლის ზომის გადასინჯვა? 
- ბიჭო, მე ამ თანამდებობაზე, მართლა ნათლიაჩემის პროტექციით კი არ მოვედი? - ჩაეღიმა ფიფოს. - მიდი აბა, გადახედე ჩემს ნამუშევრებს და ნახავ, თუმცა ვაღიარებ, პროტექციამაც მისცა ბიძგი, მაგრამ არა უსაფუძვლოდ! - ფიფომ წამით იყუჩა. - და მართლაც, ეგ ფეხსაცმლის ზომა რომ არა, ეგ საქმეც გაუხსნელი საქმეების თაროზე აღმოჩნდებოდა. 
- აბაა, მართლა, არადა, სულ ვითომ პატარა ნიუანსია და რამხელა მნიშვნელობა შესძინა გამოძიებას. 
- ასეა, ჩვენი სამუშაო. ზოგჯერ, წლების ნაწვალებ საქმეზე, უცებ გაგეხსნება გონება. შენ კი გაინტერესებს, საიდან მოვიტანე, არა? - ჩაეღიმა ფიფოს. 
- ნუუ, თუ საიდუმლო არ არის. - გაიკრიჭა გალეო. 
- მოკლედ, იმ მანდილოსანმა ქალმა დამირეკა. აი, ის შენთან რომ მოვაგზავნე საჩივარზე, ვიღაც ქალი შემომივარდაო და სულ ფეხსაცმელი მირტყა თავშიო. 
- ჰოო, მერე? 
- მერე, იმავე საღამოს სახლში მისულს, მიმის ქუსლ მოტეხილი ფეხსაცმელი დამხვდა კარებთან. 
- კი, მაგრამ მიმი, ხომ არ... - გალეო, დაბნეული მიაჩერდა ფიფოს. 
- არა, არა! მიმი არაფერ შუაშია. უბრალოდ, სადღაც აქ დავაკავშირე, აბსურდული კი ჩანდა თავიდან, მაგრამ მერე მოვიძიეთ კიდევაც და აი, შედეგიც! - ფიფო გაჩუმდა. 
დიმეოსგან წამოსული ეს ინფორმაცია, მის ერთგულ დეტექტივთანაც კი არ ახსენა და ბავშვსაც სიტყვა ჩამოართვა, რომ არავისთან იტყოდა. 
„დაიღალა ჩემი შვილი, ამდენი დაკითხვებითა და გამოკითხვებით. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ხან რას მალავს და ხან, რას ვეღარ ყვება. ბავშვმა იმდენი გადაიტანა, რამდენი იწვალა და ამხელა სტრესის გამო, ზოგი მომენტი, მართლაც შეიძლება წესიერად არც ახსოვს და მერე, მოგვიანებით, თანდათან ახსენდება. ცალკე, მე შევუჭამე ტვინი უამრავი შეკითხვებით და ახლა, კიდევ ერთი ფურცელი ოფიციალურ ჩვენებაში ჩაიწეროს? არაა! ცოდოა ბავშვი.
იყოს, გალეომ მიიწეროს ამ საქმის გახსნაც, ისედაც რამდენს დარბის და წვალობს. დიმეომ კი ამის მერე, კიდევ რამე თუ გაიხსენა, ისე გავაკეთებ რომ მეტი აღარც გამოვაჩინო საქმეში მისი ჩვენება, ისევ დეტექტივს მივანდობ და იძიოს თვითონ.“ 
ფიქრობდა ფიფო და გალეოს ემოციურ ქაქანს, დროდადრო თავადაც ჩაურთავდა სიტყვას. 
- ფოტოზეც კი ჩანს, რომ ფეხსაცმელი ზემოდან ისე აქვს ჩამოცმული, თითქოს არც ეტევაო. - დაურთო ფიფომ. 
- აბა, როგორ ჩაეტეოდა? ლამის, ოთხი ზომით პატარა იყო, მაგრამ რადგან ზამთრის დათბილული ჩექმა იყო და თანაც, თოვლში გაყინული გვამი ვიპოვნეთ, მაგას უკვე აღარავინ მიაქცია ყურადღება და მეც სხვათა შორის, არც კი დავინტერესებულვარ, სამწუხაროდ. არანაირად არ მეპატიება. 
- მაშინ მთელი ყურადღება, ჩემი ბიჭის პოვნაზე იყო... მაგას მოვუკვდი მე... - ფიფომ ბოღმისგან ტუჩი მოიკვნიტა. 
- ჩემი ბრალია, კრიმინალისტებისა და მედ.ექსპერტის დასკვნები, ერთმანეთს უნდა შემედარებინა, მე კი თითქოს, ცალ-ცალკე ჩამოვწერე. 
- ამის შემდეგ გეცოდინება. - გაუღიმა ფიფომ. 
- არა, მაინც რას წარმოვიდგენდი, თუ სხვისი ფეხსაცმელი ეცვა? 
- და თანაც, არც კი ეცვა. - ჩაეღიმა ფიფოს. - ამიტომაც ბარემ, ქურთუკზეც გაგამახვილებინე ყურადღება და აქაც გაგიმართლა, ხომ ხედავ? არც ის ქურთუკი აღმოჩნდა მისი. 
- შენ წარმოიდგინე, მსხვერპლის ჩაცმულობის აღწერაშიც კი ეწერა და მაშინ, წესიერად არც კი მივაქციე ყურადღება. - გალეომ ამოიხვნეშა. 
- და, რაო? 
- ქურთუკის სახელოები, მაჯებზეც არც კი სწვდებოდა, მაგრამ სიგანეში საკმაოდ სრულად ჰქონია, სურათზე ეს იმდენად არ ჩანს, მაგრამ მსხვერპლის დედამაც დამიდასტურა, ასეთი მის ტანზე, არასდროს მინახავსო. ისე ვერც ფეხსაცმელი ამოიცნო, თუმცა შეიძლება, ჰქონდაო და მე არ ვიცოდიო. - გალეომ თავი გააქნია. 
- ნუ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. - მიუგო ფიფომ. 
- კარგ ადგილას მუშაობდაო და რას აღარ მყიდულობდაო. 
- მით უმეტეს! - ჩაეღიმა ფიფოს. - თუ კი კარგი შემოსავალი ჰქონდა, თავის ზომა ტანსაცმელი, ვეღარ შეარჩია? ჰა?! 
- განსაკუთრებით, ფეხსაცმელი. - ჩაეცინა გალეოსაც. 
- ახალგაზრდა, ლაწირაკი ბიჭი უცებ მდიდრდება, ზედმეტი ოფლის დაღვრის გარეშე, საკმაოდ დიდ შემოსავალს შოულობს. დედას ძველ ბინას ურემონტებს. თვითონ ცალკე ახალ ბინას ყიდულობს. ახალ-ახალი ტანსაცმელიც არ აკლია და შეიძლება დედამ, სულაც არც კი იცოდეს, ბოლოს რაც შეიძინა და მაგრამ აი, ფეხის ზომა კი, უკვე ფაქტია! 
- აბაა. - დაუდასტურა გალეომ. - ორმოცდახუთ ზომა ფეხზე, ორმოცდაერთი ფეხსაცმელი, მართლა როგორ ჩამოეტეოდა? 
- ორმოცდაერთ ნახევარი! - სიცილით აღნიშნა ფიფომ. 
- ჰო, ყველაფერში მართლაც, რომ სიზუსტეა საჭირო.
- და მის ახლობელ ნათესავებზე, რა გაიგე? 
- ის, ხომ იცი, მისი ნათლია, ვინც იყო? 
- ეგ კი, მაგრამ ეგ სახლი, ყველამ ვიცოდით და თავის დროზე, კარგადაც გაიჩხრიკა. 
- ორჯერ. - დაურთო გალეომ. 
- მით უმეტეს. - თავი დაუქნია ფიფომ. - სხვა მეტი, არავინ ჰყავდა? მე მაინტერესებს, სოფლის სახლი, ან აგარაკი, სადაც სავარაუდოდ, ამ ბიჭის ახლობლები ცხოვრობენ, ან თუნდაც, ადრე ცხოვრობდნენ. 
- და, რამდენად საჭიროა? - დეტექტივს ინტერესი ჰკლავდა. ფიფო კი თითქოს, ჯიბრზე არ უმხელდა ბოლომდე. 
- არ ვიცი, რამდენად საჭიროა და საერთოდ, რა ხელს აძლევს ეს გამოძიებას, მაგრამ... - ფიფო წამით შეყოვნდა. - ჩათვალე, რომ მე მაინტერესებს! ამ ეტაპზე, ასეა და მერე, ვნახოთ! 
გალეომ ღიმილით აიჩეჩა მხრები, ჯიბიდან მობილური ამოიღო და შემოსული მესიჯი გადაიკითხა, რის მერეც სახეზე, აშკარა კმაყოფილება გამოეხატა. 
ფიფო ინტერესით აკვირდებოდა და მთელი სიმშვიდით ელოდა, ახალს რას ეტყოდა დეტექტივი. 
- მოკლედ. - როგორც იქნა, დაიწყო გალეომ. - მსხვერპლის დედამ, ზუსტად არც კი იცოდა, თუ სად მუშაობდა მისი შვილი. სამშენებლო ჰქონია დამთავრებული, საკმაოდ დიდ და მსხვილ კომპანიაში, რაღაც კონკურსის გავლით და მაღალი ანაზღაურებით აუყვანიათო. 
- რა თქმა უნდა, კომპანიის სახელი, ვერ დაასახელა. - ჩაურთო ფიფომ. 
- ვერც დაასახელებდა, რადგან მსგავს კომპანიაში, არც კი უმუშავია და საერთოდ, ოფიციალურადაც უმუშევარი იყო! 
- აჰამ და სხვა? 
- სხვა... მამა დიდი ხნის გარდაცვლილია, თან გაშორებულებიც ყოფილან და მისი სიკვდილის შემდეგ, ქმრის მშობლებთან რძალს, ფაქტიურად აღარც ჰქონია ურთიერთობა. ის კი არადა, შვილიშვილის გასვენებაშიც კი არ ჩამოვიდნენ და არც კი გამოჩნდნენო, ტელეფონზეც კი არ მომისამძიმრესო.
- ჰოო? და, საიდანო? - ფიფო დაიძაბა. - უცხოეთიდან, თუ? 
- სოფლიდან! - უპასუხა გალეომ. - მსხვერპლის გვამის აღმოჩენიდან, სადღაც ასე, ორ კილომეტრში. 
- აჰამ და ეს კილომეტრებიც, შენ გადაამოწმე? 
- ისე, ყოველი შემთხვევისთვის. 
- ყოჩაღ ყმაწვილო, მშვენიერი ნამუშევარია! - შეაქო ფიფომ. - მოდი, ერთიც დავლიოთ, თორემ მოვიდა ახალი წელი!
- და მსხვერპლის წინაპრების მონახულება, რამეს მოგვცემს? - ჩაეკითხა გალეო, რადგან მიხვდა ფიფოს, რაღაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა. 
- აუცილებლად! - გაუღიმა ფიფომ. - აუცილებლად უნდა მოინახულო, მხოლოდ. - ფიფო წამით შეყოვნდა. - სასურველია, არა სასურველია კი არა, აუცილებელია კრიმინალისტების თანხლებით! 
LEX. 2020 წლის 22 დეკემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment