56.
ექიმმა ქალმა, მართალია, ფიფოს პირობა მისცა, არავის ვეტყვიო, მაგრამ წლების მანძილზე, სიმპათიით განწყობილ ქირურგს, მაინც არ დაუმალა და ყველაფერი, დაწვრილებით ჩაუკაკლა.
„ისე, თავიდანვე არ მომეწონა ფიფოს ხმა და ალბათ, მაგიტომაც. უჰ, კიდევ კარგად გადარჩენილა მიმი.“
ქირურგმა საათს დახედა.
„ახლა გვიანია, დილით შევეხმიანები. მოვიკითხავ. თუ გამიმხელს, გამიმხილოს, თუ არა და რა უჭირს მერე? მთავარია, მეგობრები კარგად და მშვიდად მყავდნენ.“
ასე დაიმშვიდა თავი, მაგრამ ბოლომდე, მაინც ვერ დაწყნარდა, გული რაღაც, ცუდს უგრძნობდა და ასე თვალებდაჭყეტილს, დაათენდა კიდევაც.
ვერც მიმიმ მოისვენა იმ ღამით. საშინლად გაუჭირდა ჩაძინება. ნერვები ისეთ დღეში ჰქონდა, რომ ასე ადვილად, ვერც ნემსმა და ვერც აბებმა იმოქმედა. მოგვიანებით, ფიფომ გვირილის ჩაიც მოუმზადა და ელოდა, როდისღა მოეშვებოდა და მიიძინებდა, რომ დამშვიდებულზე და გამოძინებულზე, უფრო კარგად და დაწვრილებით გამოეკითხა, თუ რა შეემთხვა სინამდვილეში. მანამდე კი, არანაირი აზრი არ ჰქონდა შეკითხვების დასმას, ისედაც ჩანდა, წესიერად არც უპასუხებდა და არც ბოლომდე ეტყოდა სიმართლეს.
მიმიმ საძინებელში აღარ ისურვა ასვლა. ქვემოთ, ბუხართან გაშლილ დივანზე, ტანგაუხდელად, პლედში გახვეული მიესვენა. ფიფოც იქვე ჩამოჯდა და მიმის ჩაძინებას ელოდა. კიდევ სადმე არ გამეპაროსო, მაგრამ დაღლილობამ და დაწეწილმა ნერვებმა, კისერი მოსწყვიტა და ხვრინვაც ამოუშვა.
გათენებას ჯერ კიდევ ბევრი უკლდა, როცა ფიფო, ძილში რაღაცამ შეაკრთო და გამოეღვიძა. ბუხარი ჩამქრალიყო და თანდათან, ოთახში სიცივეც მატულობდა. ფიფომ პლედიდან ხელი გამოაძვრინა, თვალები მოიფშვნიტა. ახლაღა შეამჩნია, პლედი რომ ეფარა და ფეხზეც გახდილი ჰქონდა, თუმცა არც ახსოვდა როდის და როგორ მოახერხა.
„ვითომ, მიმიმ? არა, მისი ყურადღება არც გამაკვირვებს, მაგრამ ნუთუ, მაინც ვერ დაიძინა? და როდისღა მოახერხა?“
ფიფო გაიტრუნა, ყური მიუგდო მიმის ფშვინვას.
არა არ ეძინა, აშკარად არ ეძინა.
- არ გძინავს? - ძალიან დაბალი ხმით შეეხმიანა მიმი.
- ცოტა წავიძინე, მაგრამ შენ?
- მეც. - მიმიმ კრუსუნით იცვალა გვერდი.
- მუხლები გტკივა?
- რა აღარ მტკივა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - გულიდან დაწყებული.
- მოვიტან მალამოს და შეიზილე. - ფიფო წამოიწია.
- არ მინდა, იყოს. - წაიკნავლა მიმიმ.
- არა, მოგიტან.
- არა, იყოს, არ მინდა, არ ადგე.
- ავდექი უკვე და ბარემ, მოგიტან. - უკან არ იხევდა ფიფო.
- არ მინდა მეთქი, გითხარი, მაინც არ მშველის. - არ თმობდა მიმი. - ნუ მიდიხარ!
- ტუალეტში მინდა! - გამოეპასუხა უკვე ოთახიდან გასული ფიფო. - შეიძლება?
მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
„ეჰ, ნეტა, რა მაცინებს?“
გაივლო გულში და თვალები მილულა.
- ჩაი არ დავლიოთ? - ახლა უკვე, სამზარეულოდან გამოსძახა ფიფომ.
- რომელი საათია?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- რა ვიცი? - მიმიმ კვლავ ამოიხვნეშა. - ჯერ, არც გათენებულა.
- ცხელი ჩაი მირჩევნია ახლა. ყავა, ისედაც ბევრჯერ მომიწევს. ბუხარსაც დავანთებ და გავთბებით უფრო.
- იყოს, ჩაი.
- პიტნის, თუ გვირილის? თუ შენ რომ გიყვარს ბერგამოტის, გრეიპფრუტით?
- სულ ერთია, რასაც შენ დალევ, მეც დამისხი.
ფიფომ ცხელ-ცხელი ჩაი შემოიტანა. წინა დღით, სახლიდან წამოღებული და უკვე შემთბარი ღვეზელიც მოაყოლა, ბუხარიც დაანთო და მიმის სიახლოვეს ჩამოჯდა.
- ლიმონი ჩავაგდო შენთან?
- როგორც გინდა. - წაიკვნესა მიმიმ.
- მმმ, რა გემრიელი ყოფილა, ეს ტარხუნის ღვეზელი. - ფიფომ, მიმის გასაგონად გაუსვა ხაზი. - სხვათა შორის, შენმა დედამთილმა გამოგიგზავნა.
- მართლა?
- ჰო, მართლა! რატომ უნდა მოგატყუო? - ფიფომ უფრო ახლოს მიუწია ლამბაქი. - გაგესინჯა მაინც.
შესიებული ტუჩის გამო მიმიმ წესიერად ვერც ჩაკბიჩა. ხელის მტევნებიც დაბერილი ჰქონდა, ძლივს მოტეხა ლუკმა.
- მართლა, გემრიელია. - წაიკნავლა დაბალი ხმით. - ისე, სად ნახა ამ ზამთარში, ტარხუნა? აშკარად ახალია, გაყინულს და გალღობილს, მაინც სხვა გემო აქვს.
- პატარა სათბური, ხომ მოაწყო ეზოში? დაგავიწყდა?
- ჰოო. არც მახსოვდა. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ცოტას კიდევ შევჭამ, მომეწონა.
- ძალიან კარგი. - გაუხარდა ფიფოს, მიმი ცოტა მადაზე რომ მოვიდა. - ისე, სოკოს ჩაშუშულიც გამომატანა.
- შენ შეჭამე, გიყვარს.
- კი, თუ გალეომ დატოვა რამე. - იხუმრა ფიფომ.
- ცოდოა ეგ ბიჭიც, რამდენს დარბის. წესიერი საჭმელი მაინც ვაჭამოთ.
- ჰო, ჩვენი გულისთვის დარბის მთელი დღე, ენა გადმოგდებული და რამდენს წვალობს, უანგაროდ გვერდში გვიდგას და რის გულისთვის? იმისთვის, რომ შენ, ასე მოგვექცე ყველას? - როგორც იქნა, ფიფომ დაძრა სათქმელი და ახლა უკან დახევას აღარ აპირებდა, უკვე დრო იყო ბოლომდე გაემხილა მიმის, თუ რა შეემთხვა და რატომ.
- ყველას? - წაილუღლუღა მიმიმ.
- ჰო! ყველას! - გაუმეორა ფიფომ. - ახლობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს და ყველა იმას, ვისაც შენზე გული შესტკივა!
მიმი გაიტრუნა, არაფერი უპასუხა. ფიფომ კი, განაგრძო:
- აბა, ვის რაში სჭირდება, შენი უაზრო თავგანწირვა? რაში გჭირდება, უტვინოდ შეაკვდე იმას, რაც არასწორია?
- რა არის, არასწორი?! ჩემი შვილის სიცოცხლისთვის, ფული დამენანოს?!
- მე ეგ არ მითქვამს! და სულაც, სულ სხვა რამ ვიგულისხმე, მაგრამ შენ, წესიერად არც მისმენ და არც გინდა, რომ გაიგო!
- რის გაგებას მთხოვ? იმის, რომ ფული არ უნდა გადამეხადა? არ დავხარჯულიყავი, რადგანაც შენ, შენი ძალებით გინდოდა, ბავშვის დააბრუნება? ხომ ხედავ, რომ არ გამოდის მასე! მერამდენე დღეა? არ გამოვიდა, ეგ შენი ძალები!
- და მასე, გამოვიდა? ჰა? სად არის მაშინ, დიმეო? ხომ გადაუხადე? თუ, ჯერ არა?
მიმიმ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია და მოიბუზა.
- მართლა გადაუხადე, მიმი? - ფიფომ ხმა შეარბილა.
- ჩემი შვილის გულისთვის, არაფერს დავიშურებ! მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავსაც გავწირავ და შენ რა ფულის გადაყრაზე მესაუბრები?! - გაწიწმატდა მიმი.
- აი, რომ მოეკალი? ნებით, ან უნებლიეთ? ჰო, შემთხვევით? მერე? - ჩაეკითხა ფიფო.
- ფეხებზე მკიდია, ჩემი სიცოცხლე! თუ კი, ჩემი შვილი არ მეყოლება გვერდით! - აჩხავლდა მიმი.
- ჰო, გვერდით მიმი, გვერდით! - ფიფომ ამოიხვნეშა და იქვე ჩამოუჯდა. - ესე იგი, მზად ხარ თავი შესწირო! სიცოცხლე დათმო! თავიც შეაკლა და მერე?
- რა, მერე? - ტირილით უპასუხა მიმიმ.
- მიმი, ბავშვს რომ დავიბრუნებთ და შენ რომ სახლში არ დახვდები, უფრო სწორად, ვერ დახვდები, მაშინ რა იქნება? აბა, ერთი წუთით დაფიქრდი! დიმეო სახლში ბრუნდება და რის ფასად? დედის სიცოცხლის ფასად! მაშინ, როცა სულაც არ იყო შენი სიცოცხლის დათმობა საჭირო! რა?! სასიცოცხლო ორგანო ამოიჭერი, თუ სისხლი გაიღე, დიდი დოზით? - ფიფო წამით შეყოვნდა. - მიმი, ყოველ დიდსა თუ პატარას, ვისი მშობელიც მშობიარობას გადაჰყვა, თუ მთელი ცხოვრება არა, ადრე თუ გვიან, მაინც აწუხებს ის ტკივილი, რომ დედამ! - ფიფომ ხაზგასმით გაუმეორა. - დედამ, ჩემი გულისთვის გასწირა სიცოცხლე! ჩემი გულისთვის დაიღუპა, რომ მე ამ ქვეყნად მეცხოვრაო! ხვდები ახლა მაინც? ისინი, ყოველთვის გრძობენ თავს, დამნაშავედ! საკუთარი დედის მკვლელად! და ამ დროს, შენ რას აკეთებ? იმ მშობიარე ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც ფაქტიურად არჩევანი არ ჰქონიათ, შენივე ფეხით მიდიხარ და იღუპავ თავს, მაგრამ ამით, რა? გვეშველა რამე? - ფიფო გაჩუმდა.
მიმი ატირდა.
- რატომ გინდა, ასე იყოს, რომ... - ფიფო წამით შეყოვნდა. - შენ თუ აღარ იქნები, როგორ ფიქრობ? დიმე, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება? დედის დღეზე, ან შენს დაბადების დღეზე, ყვავილები შენს საფლავზე გინდა აიტანოს? თუ შენ პირადად მოგართვას? რატომ გინდა, ბავშვს მთელი მისი ცხოვრება, ძალად დაუმახინჯო და დანაშაულის გრძნობით აცხოვრო, იმისათვის, რომ მას შესწირე სიცოცხლე? ის სიცოცხლე, რომელიც მას, სულაც არ სჭირდებოდა! მაშინ ავალ მეც სახურავზე და გადმოვხტები! რა გამოვა, ამით? თუ საჭიროა ორგანოსაც დავთმობ და მართლაც ცეცხლში შევვარდები, წყალშიც გადავხტები, მაგრამ ასე უაზროდ, არც მანქანას ჩავუვარდები და არც აივნიდან გადავხტები! მიმი, ამის თქმა მინდა და სწორად გაიგე, გთხოვ!
- ჰო. - მიმიმ ამოისლუკუნა.
- ძალიან გადაღლილი ვარ. - ფიფომ თვალები მოიფშვნიტა. - და არავის ვაყვედრი, მაგრამ ახლა, რაც შეიძლება, დროულად უნდა მოვიწესრიგო თავი და ის ჩათლახი ბიჟუ უნდა ვნახო. იცი რომ, პირადად ჩემთან მოითხოვა შეხვედრა?
- და, რა იცის? როგორც მახსოვს, არავინ იცოდა შენც რომ ამ საქმეს იძიებდი, თუ?..
- არც გამოვჩენილვარ! ოფიციალურად, მხოლოდ დასტური მივეცი გამოძიებას. მასეთი დღეში, უამრავი საბუთი შემოდის და არაერთხელ მიწევს ბეჭდის დარტყმა.
- აბა, რატომ უნდა შენი ნახვა?
- არც თუ ისე რთული გამოსაცნობი უნდა იყოს. - ფიფო წამოდგა. - ეჰ მოვწესრიგდე, თორემ გათენდა უკვე, გალეოც მომაკითხავს და მინდა მაგარ ფორმაში ვეახლო იმ ნაბოზარ ქალს! ენა უნდა ჩაუვარდეს, ჩემს დანახვაზე! ასე გაუბედურებული და განადგურებული სულაც არ მინდა, რომ ვჩანდე.
- ახალი პერანგი ჩაიცვი. - მიმი შეყოვნდა. - არის შენთან კარადაში, გაუხსნელები. არც წაგიღია. - დაუმატა დაბალი ხმით.
- კარგი.
- დაიცა. - მიმი წამოიწია. - მე შეგირჩევ! ვიცი, როგორც უნდა გამოიყურებოდე.
- სრულიად გენდობი. - გაეღიმა ფიფოს. - სანამ შხაპს მივიღებ და წვერს გავიპარსავ, ამ დროში უნდა ჩაეტიო და გამომპრანჭო!
- დაგახვედრებ, რომ გამოხვალ! სუნამოც ახალი უნდა დაისხა!
- რა მნიშვნელობა აქვს? ისედაც შენი შერჩეული და ყველა საუკეთესოა.
- ახალ გახსნილს, მაინც სულ სხვა სურნელი აქვს!
- როგორც მიბრძანებთ! - გაეცინა ფიფოს. - ისეეე. - ფიფო კიბესთან შეყოვნდა. - მაინც, რამდენი გადაუხადე?
მიმი გაყუჩდა და მერე ძალიან დაბალი ხმით წაიკნავლა:
- მილიონი.
ფიფოს კინაღამ სუნთქვა შეეკრა.
- ევრო. - ჩურჩულით დაუმატა მიმიმ და სანამ ფიფო რამეს ეტყოდა, ბალიშის ქვეშ შემალული მობილური გამოაძვრინა, მაგიდაზე დადო და გამტაცებლების მიერ გამოგზავნილი შეტყობინება ჩართო.
ფიფოს ყელში ბოღმა მოაწვა. მიმიზე საშინლად ბრაზობდა და შეძლებისდაგვარად, თავს იკავებდა.
- როგორც ჩანს, დაგირეკეს კიდევაც!
- ერთხელ. - წაიკნავლა მიმიმ.
- რა თქმა უნდა, ხმაზე ვერც იცნობდი. - ამოხვნეშა ფიფომ. - ქალი იყო, თუ კაცი?
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - უფრო კაცი. ხმა რაღაცნაირად ღმუოდა და თითქოს, გაწელილივით... რაღაც...
- გასაგებია. შეიძლება ქალიც იყო. ჩვენი საუკუნე, დღეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმაც შევიცვალოთ და სქესიც! ჰმ!
- იქნებ, ქალი იყო? - ჩაეკითხა მიმი. - თითქოს, კაცი უფრო მეგონა. - მიმი შეყოვნდა და მერე უფრო გაბედულად განაგრძო. - ფიფო, არ მენანება ფული! და თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო მეტს გადავიხდი, ოღონდაც...
- მიმი, ნუთუ ვერ ხვდები? ასეთი სახის შეტყობინებები, იმიტომ დაგიტოვეს, რომ დაბნეულიყავი, ზუსტად ვერ მიმხვდარიყავი! ტვინი აგრეოდა! ისედაც დაწეწილი ნერვები, უფრო აგწეწვოდა და თანაც, ამხელა თანხას, ასე მოკლე ხანში, ვერ მოაგროვებდი და ყველა ვარიანტში, ჩემთვის უნდა გეთქვა, მე კი სწორედ, ისეთი ზომები უნდა მიმეღო, ზუსტად როგორიც, მათ აწყობდათ! აი, ამაში იყო, მთელი მათი გათვლა და არსი ჩადებული და შენ, რა ქენი? აიღე და პირდაპირ ჩაახუტე ამხელა...
- ფიფო, ფული მე არ მენანება! არა! არა!
- ვაიმე, მიმი, ვაიმე! - შეაჩერა ფიფომ. - ერთხელ მაინც, ყურადღებით მომისმინე და ზუსტად გაიგე ის, რასაც გეუბნები!
- ვცდილობ გავიგო, მაგრამ ტვინი ისე მაქვს არეული... აღარ ვიცი, რა ვქნა?.. - მიმიმ ამოისლუკუნა და ისევ ატირდა.
ფიფომ კიდევ რამდენჯერმე გულდასმით მოისმინა ჩანაწერი და მერე, მიმის მიუბრუნდა:
- რამდენი ხანი ელოდე? თუ გახსოვს?
- მთელი საუკუნე... ასე მეგონა.
- ისე რა დარწმუნებულები იყვნენ, რომ მართლა მიხვიდოდი? ან ასე მოკლე დროში, ამხელა თანხას მიიტანდი? ალბათ, შორიდანაც გითვალთვალებდნენ, ალბათ კი არა ნამდვილად, მაგრამ რა იცოდნენ, თუ მართლა მიხვიდოდი? იქნებ სულაც, სახლიდან აგედევნენ? სანამ ბანკში გაიარე, მერე იქიდან პირდაპირ წახვედი, არა?
- სახლში მქონდა. - წაიჩურჩულა მიმიმ. - გადანახული.
ფიფომ გაკვირვებისგან, წარბები აზიდა.
- მინდოდა და ვინახავდი! - თითქოს, საყვედურით მიახალა მიმიმ.
- ნუ, ჰო, მაგრამ საიდან იცოდნენ, რომ...
- გამორიცხულია! ფიფო, გამორიცხულია, რომ ვინმეს სცოდნოდა!
- აბა, საიდან გამოიცნეს, შენ რამდენი გქონდა, ან ასე მოკლე დროში მიიტანდი?
მიმი გაჩუმდა. რამდენჯერმე დამნაშავესავით ამოხედა ფიფოს.
ფიფომ სახე ხელებში ჩარგო, თვალები მოისრისა და მიმისთვის არც შეუხედავს, ისე მიუგო:
- ახლა საიდუმლოებების, დრო აღარ არის.
- დიდი ხანია ვაგროვებ და არავინ იცის. - დაიწყო მიმიმ. - წლებია ასე ვიქცევი, რაც სკოლა დავამთავრე. მამამ მასწავლა, როგორ უნდა მეზრუნა მომავალზე და ისე განმეახლებინა ვალუტა, რომ ეჭვიც არავის შეჰპარვოდა. - მიმი შეყოვნდა. - და არასდროს, არავისთან სიტყვაც კი არ დამცდენია. დედამაც კი არ იცოდა და... და რაღა მაინც და მაინც, ახლა მიხვდნენ, რომ მე შემეძლო ამხელა თანხის გადახდა, ასე უმოკლეს ვადაში?
- ჰო, აი, საქმეც მაგაშია და თანაც, ზუსტად იმდენი...
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ და რაც შეიძლება, დაბალი ხმით უთხრა: - უფრო ბევრად მეტიც შემიძლია და იმაზე ბევრად მეტიც და უფრო მეტიც...
- მდააა. - ამოხვნეშა ფიფომ. - ახლა უფრო გასაგები ხდება.
- რა? რა არის გასაგები? რა?
- სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ რომ ამხელა თანხას, ვერ მიიტანდი და შენი თქმის არ იყოს, ასე მოკლე დროში, ამიტომაც ასე ამაყად მოითხოვა ბიჟუმ, ჩემთან შეხვედრა. ნუ გარიგების მიზნით და როცა ეს მოითხოვა, მაშინ ჯერ კიდევ არ იქნებოდა მისთვის ცნობილი, შენ გადაიხდიდი თუ არა, მაგრამ ახლა? ახლა რაღა უნდა ვქნა, არ ვიცი... ჯერ არ ვიცი... - ფიფომ ამოიხვნეშა.
- რაღაცას, მაინც ვერ ვიგებ. ჩემი შვილი, რა შუაშია? უამრავი თანამშრომელი იყო ჩართული და რაღა დიმეო წამართვეს?! - ისევ ატირდა მიმი.
- აბა, გალეს არ ჰყავს შვილი და არც ცოლი.
- მერე ჩემი შვილი, რა შუაშია? - კვლავ ბღაოდა მიმი.
- მიმი. - ფიფოს ხმაში მუდარა გაისმა. - რაღაცას გეტყვი, მხოლოდ არ მეჩხუბო, რაა.
- რაღა უნდა მითხრა ისეთი, რომ... - უსიამოვნოდ უპასუხა მიმიმ.
- მე და გალემ. - დაიწყო ფიფომ, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა.
- ჰო? რა შენ და გალემ?
- კოკაინის საკმაოდ დიდი პარტია გადავმალეთ.
- რა აა?!
- დამაცადე აგიხსნა! - ფიფომ ძალა მოიკრიბა და ზედიზედ მიაყარა სათქმელი. - ბიჟუმ, თავისი სახლიდან ამოღებულ ნარკოტიკებზე, უარი განაცხადა, არაფერი ვიციო. მერე გალემ ჩემი თხოვნით და ჩარევით, იმ ნივთიერების ექპერტიზის დასკვნა დაუდო წინ, სადაც ეწერა, რომ ეს კოკაინი კი არა მხოლოდ და მხოლოდ, სარეცხი სოდა იყო. ჰო, მიმი, მხოლოდ საბუთში წერია ასე და ექსპერტთანაც, შეთანხმებული ვიყავით! - ფიფო გაჩუმდა.
- და, მერე?
ფიფომ მიმის თვალი აარიდა და სიგარეტისკენ გაიწია.
მიმი წამოწია, თითქოს უკვე მიხვდა, ფიფო რასაც ბოლომდე ვერ ამბობდა.
- და, ბავშვი?! ჩემი ბიჭი, ამის გულისთვის გაიტაცეს? - მიმის ხმა აუკანკალდა.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- გაეთრიე! - ბოლო ხმაზე იჩხავლა მიმიმ. - ახლავე გაეთრიე! ჩემი ცხოვრებიდან, გაეთრიე!
ფიფო უხმოდ წამოდგა. სად უნდა წასულიყო, თავადაც არ იცოდა. ახლა ვერც მშობლების სახლში მიბრუნდებოდა, აქ კი გალეო უთენია ჰყავდა დაბარებული, მანამდე თავი უნდა მოეყვანა წესრიგში, დამშვიდებულიყო და ასე სახე გასწორებული, გამართული უნდა შეხვედროდა ბიჟუს დაკითხვაზე, მაგრამ ახლა?
ფიფომ ამოიხვნეშა. გასასვლელთან, საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და კარის გასაღებად ხელი გაიწვდინა თუ არა, მიმის ჩხავილმა შეაჩერა:
- ფიფო! ფიფო!
ფიფო მობრუნდა, მიმისთან ახლოს ჩამოჯდა და ატირებულს მოეხვია.
- არ წახვიდეეე... არ წახვიდეე... - კანკალებდა მიმი და ბოლო ხმაზე მოსთქვამდა.
- არსად არ მივდივარ. - ამშვიდებდა ფიფო. - აქ ვარ. შენთან ვარ.
- ჰო. ჰო. - ტიროდა მიმი. - ფიფო, არ წახვიდე, ფიფო... - ძლივს იკავებდა სლუკუნს და ფიფოს სახეში ჩააშტერდა. - რას გიგავს სახე? წვერი მართლა გაბურძგნული გაქვს, უნდა მოუშვა? ვერ ვიტან წვერს! - სლუკუნებდა მიმი. - ვერც ულვაშს!
- თუ დამაცდი, გავიპარსავ. - ფიფოს სიმწრისგან ჩაეღიმა. - გალეს მოსვლამდე, მოვასწრებ. ხომ შემპირდი, გამოგპრანჭავო?
- ჰო. ჰო.
- ჰოდა, ავალ მე ზემოთ, შენ კი დამახვედრე, რაც უნდა ჩავიცვა!
- ჰო... კარგი... - თავს უქნევდა მიმი.
- ისე, გალესთვის მოყოლა, მაინც მომიწევს.
- როგორ უნდა მოუყვე?
- თუმცა თანხის რაოდენობას, მაინც ვერ გავუმხელ. - ფიფო ჩაფიქრდა. - ვეტყვი, რომ უცებ რაც სახლში გქონდა ის აიღე.
- იქნებ, ბანკიდანაც ავიღე, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან მოვიტანე? - სლუკუნით პასუხობდა მიმი.
- აქვს! დიახაც, რომ აქვს! შენი ყოველი ნაბიჯი უნდა გადაემოწმებინა. იქნებ სულაც, სახლიდან აგეკიდნენ, ან რა ვიცი რა, მოკლედ და კამერებიც დააფიქსირებდნენ, რომ ბანკში არც შესულხარ, პირდაპირ სახლიდან წახვედი. - ფიფომ ამოიხვნეშა. - სულაც არ მინდა, გალეომ ტყუილში დამიჭიროს, მეგობარს გულს ვერ გავუტეხავ, მაგრამ ვერც ამხელა თანხას დავუსახელებ. მირჩევნია ვუთხრა, უცებ სახლში რაც გქონდა გადანახული, ახალი რაღაცის შესაძენად მოგროვილი და არც გახსოვს რამდენი იყო, ან სულაც, მე დამიმალე და არ მითხარი ზუსტი რაოდენობა.
- ჰო, ეს უფრო სიმართლეს ჰგავს.
- მართლა ასე სჯობს, რომ იცოდეს. - ფიფო წამოდგა. - ალბათ მოგვიანებით, კი გავუმხელ სიმართლეს და...
- არასოდეს! ფიფო არასოდეს! - წაიჩხავლა ჩამწყდარი ხმით მიმიმ. - გთხოვ, არავინ უნდა გაიგოს! ეს ჩემი პირადი საიდუმლოა.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - მართალი ხარ, ხომ იცი?
ფიფო კიბეს აუყვა და მიმიც როგორც იქნა, მორჩა სლუკუნს, თვალები შეიმშრალა და მთელი შემართებით შეუდგა ფიფოს გამოწყობას.
- ის მეორე საათი, რატომ არ გაიკეთე? - დაბალი ხმით შენიშნა მიმიმ.
- რა მნიშვნელობა აქვს? ესეც კარგია.
- ამ პიჯაკს, ის უფრო უხდება.
- როგორც მიბრძანებ! - გაუღიმა ფიფომ და საათი შეიცვალა.
- სიმპათიურია?
- ??? - ფიფომ გაკვირვებით შეხედა მიმის. - ბიჟუზე ამბობ? - ფიფოს უკვე, ეღიმებოდა.
- ვიღაც მოვიდა. - მიმიმ დრო იხელთა, თვალიც აარიდა და კარის გასაღებად ქვევით ჩავიდა.
LEX. 2020 წლის 27 აპრილი, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment