Wednesday, May 6, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 57)

57.
სუნამო... სუნამო...
მიმის სულ ცხვირში უტრიალებდა, რაღაც სურნელი...
- ისე, სინამდვილეში, ზუსტად რა ჰქვია, ამ ღვეზელს? - იკითხა მიმიმ, როცა ფიფო და გალეო გაისტუმრა და სუფრის ალაგებას შეუდგა. - ფიჭინი, თუ ფიჩინი?
- ვერ გეტყვი? - თავი გააქნია მოხუცმა. უთენია გალეოსთან ერთად ესტუმრა და თან მეუღლის გამომცხვარი, ოსური ხორციანი ღვეზელი და მოსახარშად გამზადებული ტოლმაც მოაყოლა. - შეიძლება თავიდან, ფიჭინი იყო და შემდეგ რუსების ზეგავლენის შედეგად, ფიჩინად მოინათლა. - მოხუცმა წამით იყუჩა. - ალბათ ისევე, როგორც ჭახრაკინა, ანუ იგივე ცახარაჯენია, რუსულ ვარიანტში.
- ალბათ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - ტოლმა, ასე შუადღისკენ ჩავადგა, არა?
- ჰო, ასე სჯობს. ბიჭების მოსვლისას, ცხელ-ცხელს დაახვედრებ.
- შეიძლება, გვიანობამდე ვერც მოვიდნენ, მაგრამ სადილისთვის, მაინც იყოს მზად. - უპასუხა მიმიმ. - ძალიან მერიდება, ასე რომ წუხდებით, აბა სად სცალია იმ ქალს ახლა, ჩვენ ცალკე კერძები გვიმზადოს და ცალკე კიდევ, ძანესაც მიხედოს.
- შენ მაგაზე, ნუ დარდობ. - გამოეპასუხა მოხუცი. - მიმის გრიპი აქვს-თქო, რომ ვუთხარი, მაშინვე დატრიალდა. აგე, მურაბებიც კი გამომატანა.
- ჰოო. - გაეღიმა მიმის. - ჟოლოსი მეც მაქვს, მაგრამ ლიმონის, არც გამისინჯავს. - მიმი ჩაფიქრდა. - მახსოვს, ადრე მანდარინის მურაბა, ნაყინთან ერთად იმდენი ვჭამე, რომ ლამის შევეწირე. ეჰ, ეს რა დიდი ხნის წინ იყო. - ნაღვლიანად ამოიხვნეშა მიმიმ. - საუკუნის წინ.
- დამშვიდდი შვილო. ფიფო ისეთი ვაჟკაცი ბიჭია, ქვეყანას შეძრავს და აი ნახავ, სულ მალე, ჩვენი ბარტყიც დაგვიბრუნდება.
და აქამდე სხვა, ნაკლებსაინტერესო თემიდან, ისევ იმ ტკივილს დაუბრუნდნენ და მიმიმაც, ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- ჩემი ნუ მოგერიდება, იტირე. - თავად თვალზე ცრემლ მომდგარი მოხუცი, მიმის დამშვიდებას შეეცადა. - როცა გეტირება, უნდა იტირო კიდევაც, აბა რაა, მაგრამ... - კაცი გაჩუმდა. უკვე აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა, რა უნდა მოჰყოლოდა ამ „მაგრამს“ და როგორ უნდა დაემშვიდებინა, გულმოკლული დედა.
- ნეტა მართლა მას წაეყვანა... - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ასე არ გააკეთებდა. - გამოეპასუხა მოხუცი. - თუ შვილი უნდოდა, სულ სხვანაირად მოიქცეოდა.
- სხვანაირად, როგორ? - ცინიკურად ჩაეცინა მიმის. – მართალია, თავის დროზე მოვტყუვდი და ტვინიც ისე ამირია, რომ...
„ჰო, მიმი! შენ მოტყუვდი! მას არ მოუტყუებიხარ! შენ თვითონ დაუწყე დევნა და მოსვენებას არ აძლევდი! შენ თვითონ აეკიდე და თავად ჩაუხტი ლოგინში!“
მიმი შეკრთა. რაღაც შინაგანმა ხმამ ჩასძახა და ეს ხმა, საკუთარი სინდისის ქენჯნა იყო. მართლაც თავად იყო დამნაშავე, რომ ასეთ ურჩხულს გადაეკიდა და ახლა?
- ისევ შეეცდებოდა, ჩემი ნდობის მოპოვებას? ვითომ? - ჩაიბურტყუნა მიმიმ. - ნუთუ, ამდენად სულელი ვჩანვარ, რომ მეორე შანსი მიმეცა და თან...
- ჰო. ნუ, შეეცდებოდა, მაინც და არა ასე, არა... - ახლა მოხუცი გაჩუმდა, ძლივს შეიკავა მოწოლილი სიტყვა, ასე ველურივით ბავშვი დედას ააცალაო.
- სწორედ იმ დღეს შევიტყვე! იმ წუთებში გავიგე ყველაფერი, როცა დიმეო... - მიმი შეყოვნდა. - სამი დღე, ბავშვის ხმის გაგონებაზეც კი გული მერეოდა. მეზიზღებოდა ხელის ხლებაც! ზედაც კი არ შემიხედავს! მინდოდა, რომ მომკვდარიყო! მკვდარი დაბადებულიყო! - მიმი ისევ აზლუქუნდა. - ფიფო კი, გაჩენის წუთებიდანვე იხუტებდა გულში და მე კი?! მე?! - მიმიმ ცრემლიანი სახე მოიწმინდა. - დღეს მრცხვენია ამისი! იმ სამი დღის, იმ ყოველი წუთის მრცხვენია და დღემდე ვერ მომინელებია! როგორ შემეძლო, უმანკო ჩვილისთვის, ზურგი მექცია? და ახლა სწორედ, ამისთვის ვისჯები! იმ ზურგშექცეული სამი დღისთვის ვისჯები! იმ ყოველი წუთისთვის ვისჯები!
- ჰო, ალბათ მაგიტომაც, ეს სამი დღეც რომ გავა. - მოხუცი ისევ მიმის სასარგებლოდ შეეცადა საუბარს, მაგრამ ისევ ვეღარ მოაბა სიტყვებს თავი.
- მართლა სამი დღე გავიდა? - მიმი ჩაფიქრდა. - არა! არა! რა სამი დღე?! მეოთხე დღეა დღეს!.. თუ მეხუთე?.. - წაიჩურჩულა დაბალი ხმით.
მოხუცმა ვერაფერი უპასუხა.
- მეშინოდა, ჰო! მეშინოდა. - განაგრძო მიმიმ. - მისი გენეტიკის მეშინოდა. დიმეს ხშირად ვაკვირდებოდი, მის ქცევებს, მის განწყობას. თითქოს, ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ ერთი იყო, რომ თავის ტოლებთან, კონტაქტი ყოველთვის უჭირდა და არა მარტო თავის ტოლებთან. თავისთვის ცალკე, უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე სხვებთან ერთად და ესეც სულ მაფიქრებდა.
- და მერე, რა? - ჩაეღიმა მოხუცს. - ისე, ძანესთან უფრო კარგად ერთობოდა სოფელში, ვიდრე ვაჩეს ძმებთან.
- ჰოო?
- ძალიან ცელქები კი არიან! ცელქებიც და ჯიუტებიც. ზრდილობაც აკლიათ, საწყალ დედამისს, სად ეცალა ჭკუა-დარიგებისთვის. სამი ცალი ერთნაირი, ერთდროულად თავს რომ დააცხრებოდა, ერთ-ორს წაუთაქებდა, და ეგ იყო.
მიმის მდარედ გაეღიმა.
- იმ სოფლის ბავშვებიც კაი გადარეულები არიან. - განაგრძობდა მოხუცი, თან ოდნავ გულზეც მოეშვა, მიმიმ ზლუქუნი შეწყვიტა და ეტყობოდა, რომ ინტერესით უსმენდა. - არც კი ვიცი, რატომ მაგრამ აშკარად შევამჩნიე, დიმეო ძანესთან უფრო კარგად გრძნობდა თავს. შეიძლება სულ ერთმანეთს, რომ იცავდნენ და ექომაგებოდნენ, მაგიტომაც!
- მართლა?
- ყოველდღე ჩხუბობდნენ!
- და, რას ვერ იყოფდნენ?
- რა თქმა უნდა, გასართობს! - გაეღიმა მოხუცს. - ისე აჭყივლდებოდნენ და მერე დაუსრულებელ ჩხუბში გადადიოდნენ, ბოლოს მგონი, არც თვითონ ახსოვდათ, ზუსტად რატომ შეკამათდნენ, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ძანე და დიმე, ყოველთვის ერთ მხარეს იყვნენ და...
- და სხვა ყველა დანარჩენი ბავშვი კი, მეორე? ჰმ. - ჩაეღიმა მიმის.
- არც მასე იყო საქმე. - განაგრძო მოხუცმა. - ვაჩეს ძმები, არც ერთმანეთს ინდობდნენ და სხვებს კი, მით უმეტეს, სოფლის ბავშვები კი, სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ, ტყუილსა თუ მართალში, მაგრამ სხვებისკენ, არც ერთხელ.
- ჰმ.
- და ყველაზე მეტი სინამდვილე ის იყო, რომ მართლაც, ძანე და დიმეო, მართლები იყვნენ და თანაც, ყოველთვის! - მოხუცს ჩაეცინა. - არა, არ იფიქრო რომ ზედმეტად და უსამართლოდ ვიცავ, მაგრამ მართლაც მასე იყო! 
მიმი გაკვირვებული უსმენდა.
- თავიდან, შორიდან ვადევნებდით თვალს. - განაგრძო მოხუცმა. - ისე ადამიანმა, აუცილებელიც და საჭიროც არის, რომ თავად მოაგვაროს, თავისი პირადი პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ გაშველებაც გვიხდებოდა და უფროსები მხოლოდ მაშინ ჩავერეოდით, როცა ჩვეულებრივი ბავშვური კამათი, დიდ სერიოზულ, ხელჩართული ბრძოლაში გადავიდოდა.
- და ასე, ხშირად ჩხუბობდნენ? - გაოცებას ვერ ფარავდა მიმი.
- დღეში რამდენჯერმე. - გაეცინა მოხუცს.
- ესე იგი, ყოველდღე და თანაც, რამდენჯერმე? ჰმ. მეგონა ბავშვი, დასასვენებლად გავუშვი, ის კი, იქაურობას იკლებს და ვინ იცის, როგორ შეგაწუხათ.
- არა, დიმეო, ყველაზე წყნარი და ყველაზე დამთმობია. - ღიმილით მიუგო მოხუცმა. - აი, ვაჩეს ძმები კიიი, ცოტა არ იყოს, გაველურებული ბავშვები არიან და ყველაფრის ტაციობაზე იყვნენ. დიმესთვის კი, აშკარად არაფერს წარმოადგენდა არც რამე სათამაშო და არც რამე ნივთი, აბა ძანესთვის კი, მით უმეტეს, გული არაფერზე სწყდებოდა, მაგრამ ეს დაუსრულებელი, ყოველთვის ყველაფრის დათმობაც უკვე ყელშია ამოსასვლელი. გინდა ბავშვი იყო და გინდა დიდი!
- ჰოო, დიმეო, ისე ზედმეტად არასდროს გიჟდება სათამაშოებზე. სულ თავს ვიმტვრევდი, რა მეყიდა მისთვის, მაგრამ პიანინოზე, სულ გადაირია და თანაც, იმ ძველზე... ძველი პიანინო მოეწონა... - მიმიმ ისევ მოიწყინა.
- ისე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. - მოხუცი კვლავ შეეცადა, მიმის გამხიარულებას. - პირველ ჩხუბს, ხშირად ძანე იწყებდა.
- მართლა? ძანე? და რატომ?
- ალბათ, როგორც პირველი პროტესტი, ჩაგვრაზე.
- ჰმ.
- აი, თუნდაც, დიმეომ სამი ველოსიპედი ჩაიტანა სოფელში, იქაურებსაც ხომ ჰქონდათ, თუმცა ყველას მაინც არ ჰყოფნიდა და ამაზე იყო ზოგჯერ, სერიოზული გაწევ-გამოწევა.
- რომ მცონოდა, ყველასთვის სათითაოდ ვიყიდიდი, დიმეს არაფერი უთქვამს, პირიქით წამოსვლისას ვაჩეს ძმებს აჩუქა სამივე.
- სანამ დაურიგებდა, ერთხელ თუ ეთხოვებოდნენ, მერე უკან, აღარ უბრუნდნენ. - ჩაეღიმა მოხუცს. -  შეჯიბრებებსაც ვაწყობინებდი, რომ ასე ვთქვათ, რიგრიგობით მაინც ესარგებლათ, მაგრამ ხშირად არც ეს სჭრიდა და სამი ველოსიპედის მფლობელი ბიჭი, ბევრჯერ მთელი დღის მანძილზე, უველოსიპედოდაც დარჩენილა, მაგრამ არც იმჩნევდა. ვაჟკაცური სახით იღებდა დამარცხებას, მასზე უფროსი ბიჭებისგან. ეს ხომ ყველაზე უმცროსი იყო მათ შორის, მაგრამ აი, აქ კი ძანეს, მოთმინების ძაფი უწყდებოდა ხოლმე და მივარდებოდა და ჩამოაგდებდა ველოსიპედიდან რომელიმე მჩაგვრელს. - მოხუცს გაეცინა.
- ჰმ. - მიმისაც ჩაეღიმა.
- და ნუ გგონია, დიმეო ვალში რჩებოდა. არც ძანეს აკლდა ჩაგვრა, მხოლოდ უფრო სხვანაირად. ხშირად ცოტა შეფარული აბუჩად აგდება, ქირქილი, რასაც ძანე ზუსტად ვერ აცნობიერებდა, რომ მას დასცინოდნენ. რაღაცას სთხოვდნენ, დაავალებდნენ და მერე იცინოდნენ. აქ კი, დიმეო ერთვებოდა და ისევ ჩხუბში გადადიოდა. მოკლედ, ერთი ფიზიკურად იცავდა მეორეს ჩაგვრისგან და მეორე კი, ფსიქოლოგიურ ჩაგვრას უნელებდა.
- დიმეო მართლაც წყნარი ბავშვია, არც კი მახსოვს, თუ ოდესმე ვინმესთან ეჩხუბოს, მაგრამ მაინც ყოველთვის მეშინოდა, რომ გენეტიკურად გადაეცემოდა... - მიმი გაჩუმდა, ისედაც გასაგები იყო, რაც იგულისხმა.
- მართალია, გენეტიკა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა დიდს და არა, მთლიან როლს. - ხაზი გაუსვა მოხუცმა. - აი, თუნდაც ჩემი გოგო აიღე. სილამაზე და მოხდენილობა არ აკლდა! ეს გენეტიკურად, აშკარად ჩემი მხრიდან იყო, მაგრამ სხვა? არც ნიჭი, არც ჭკუა-გონება, არც ხელოვნება, არაფერი მსგავსი! არც დედისგან გადაედო რამე, თუნდაც კულინარიის ნიჭი, ან კეთილშობილება, უანგარო თავდადება! არაფერი სცხია მსგავსი! უსულგულობაში და ასეთ უნიჭობაში,  ვის დაემსგავსა, არც კი ვიცი? არც წინაპრებში მყოლია, მკვლელი და ავაზაკი და არც არასდროს მახსოვს, მამას, ბაბუას და ჩემს დიდ ბაბუასაც ოდესმე მოეყოლა, ჩვენს წინაპარს ვინმე შემოაკვდაო. - მოხუცმა ამოიხვნეშა. - ეჰ, რა ვიცით ჩვენ, პატარა ადმიანებმა, თუ რომელს და რამდენად გადმოგვცემს უფალი ჩვენი წინაპრების ნაწილს. ასე რომ, მაგას ნუ იტყვი, რომ მკვლელის შვილი, აუცილებლად მკვლელი უნდა გამოვიდეს!
მიმიმ არაფერი უპასუხა და ისევ მოიწყინა.
- აი, კიდევ მოგიყვან, სხვა შედარებებსაც. - განაგრძო მოხუცმა. - როცა ექიმების ოჯახია, ყველანაირად უბიძგებენ და აიძულებენ კიდევაც რომ შვილიც, აუცილებლად ექიმი უნდა გამოვიდეს, ასეა მხატვრებშიც, მუსიკოსებშიც და გინდა ფიზიკოსებშიც! თუმცა ეს, სულ სხვა შედარებაა. ბავშვი იმ სიტუაციაში იზრდება და ასე თუ ისეა, მაინც იმ წრეში ტრიალებს, ცოტა ბიძგიც მშობლებისგან და ისიც ხშირად იმავე პროფესიას ეუფლება ან ძალიან კარგად, ან ისე, საშუალოდ. - მოხუცმა იყუჩა და განაგრძო. - ჩვენ კი ზუსტად არც კი ვიცით, თუ მას რა პირობებში მოუხდა ცხოვრება! - მოხუცი გაჩუმდა. მეტი სათქმელიც აღარაფერი ჰქონდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, ამ ბოლო სიტყვებში, ვინც იგულისხმა.
- ჰო. კი. - თავი დაუქნია მიმიმ. - მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გაიზრდები და როგორ პირობებში ხდება, შენი ადამიანად ჩამოყალიბება.
- აი, სწორედ მეც მაგას ვამბობ და შენ კი, სულ ტყუილად წუხდი! განა შეიძლება, ასეთი მშვენიერი წყვილის ხელში, ცუდი ბიჭი გაიზარდოს?
პასუხად მიმის, ნაღვლიანად ჩაეღიმა.
წინა დღეებთან შედარებით, მიმი თითქოს უკეთ გრძნობდა თავს. ცოტა წაიხემსა კიდეც და აღარც დივანზე მიგდებულს,  დაუსრულებელ ტირილში აღარ გაუტარებია დრო. ცდილობდა, საქმით უფრო დაკავებულიყო, თუმცა ეს საქმეც, ბოლოს და ბოლოს გამოილია და მიმიც დღის განმავლობაში, დალაგებ-დასუფთავებისგან გადაღლილი, მაინც ისევ დივანზე მიესვენა და ახლა უფრო მეტად იგრძნო წინა დღის ნატკენი სხეული, ტუჩიც უფრო მეტად შესიებოდა, მაგრამ მალამოს წასასმელად წამოდგომის თავიც უკვე აღარ ჰქონდა და აღარც მოხუცის შეწუხება ჩათვალა საჭიროდ. იყოს, გამივლისო ფიქრობდა და ნეტა მართლა ეს იყოს, ჩემი დარდიო. თვალები მილულა და შეეცადა, ასე უხმოდ გადაეტანა გულისა თუ სხეულის ტკივილი. თუმცა ის, დილიდან აკვიატებული რაღაც სურნელი, მაინც ვერ მოიშორა ცხვირიდან, მაგრამ რა იყო? რას აგონებდა, ვერც ამას ხვდებოდა.
სანამ მიმი, „გენერალურ“ დასუფთავებას აწყობდა სახლში, ფიფო ამ დროს, გალეოს კაბინეტში, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და დაკითხვაზე ამოყვანილ ბიჟუს, გვერდით ოთახში აყურყუტებდა.
- ალბათ, სკდება ნერვებზე. - ცინიკურად შენიშნა გალეომ, რომელსაც უკვე მოთმინების ფიალა, თავადაც ევსებოდა, ფიფო კი როგორც ჩანდა, ჯერ განძრევასაც არ აპირებდა ჯერ.
ქირურგის ზარსაც, ცივად და მოკლედ უპასუხა. ანდრას საფრთხე აღარ ემუქრება და თუ გინდათ, ჩამოდითო და ისე გაუთიშა ტელეფონი, რომ არც კი დამშვიდობებია და არც მანამდე მოუკითხავს, როგორ ხართო.
ქირურგი, ახლა უფრო დარწმუნდა, რომ კარგი არაფერი ხდებოდა და იმავე დღესვე ჩამოსვლა დააპირა, თუმცა რას წარმოიდგენდა, რომ ფიფოს დარდი, მარტო საქმის გამოძიებას კი არა, მის პატარა ნათლულს ეხებოდა. ჯერ კიდევ, დაბადებამდე, მისმა ძველმა მეგობარმა ჩააბარა მისი თავი, იმ პირობით, რომ მე თუ რამე მომივა, ამ ბავშვს მიმიხედეო და მას მერე, ყურადღებას არ აკლებდა.
- შეიძლება? - ღია კარში, თანამშრომელი გამოჩნდა და გალეოს მაგიდაზე, საქაღალდე დაუდო. 
გალეომ უსიტყვოდ ჩარგო თავი და ყოველი გვერდი სათითაოდ რომ ჩაიკითხა, მერე ფიფოს ამოხედა: - ისე, შენ სწორად კი აღნიშნე. 
- რაზე ამბობ? - ფიფოს არც გაუხედავს მისკენ, ისე იკითხა.
- ექსპერტიზის დასკვნით, მანქანა იმავე დღესვე იქნა გადაჩეხილი და სპეციალურად დამწვარი. ბენზინის გამოყენებით. სავარაუდოდ, ჯერ მოუკიდეს ცეცხლი და ასე ალმოდებული გადაუშვეს გზიდან. - გალეო წამით შეყოვნდა. თითქოს, ფიფოს რეაქციას ელოდა, ის კი გაშეშებული შეჰყურებდა. - და იგივენაირად იქნა ნაპოვნი მოტოციკლეტიც, თუმცა ეს ქალაქიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით და მანქანა კი, დასავლეთით. სხვათა შორის, მანქანის ფერი და მარკა ემთხვევა...
- გავედით! - შეაწყვეტინა ფიფომ და წამოდგა. უკვე ისედაც გასაგები ჩანდა, თუ რომელ მანქანას, ან მოტოციკლეტს გულისხმობდა დეტექტივი.
იმ მანქანას, უეჭველად მოიშორებდნენ, რომლითაც ბავშვი გაიტაცეს და არც გამოსასყიდისთვის მისული მოტოციკლეტს დატოვებდნენ უყურადღებოდ. კვალის ასარევად კი, ერთი - ერთ მხარეს ააფეთქეს და მეორე კიდევ, სულ სხვა მხარეს. ამაზე უკვე საუბარს, აზრიც აღარ ჰქონდა, ამას ისევ უკვე, დიდი ხნის ლოდინისგან, მოთმინება დაკარგული, ეჭვმიტანილის დაკითხვა სჯობდა.
დასაკითხი ოთახის კართან, ბიჟუს ვიღაც ახალგაზრდა, ფიფოსთვის უცნობი ადვოკატი ელოდა. ბადრაგი კი, დეტექტივის ნებართვის გარეშე, არც აპირებდა მის შეშვებას, რაზეც ადვოკატი, სერიოზულ პროტესტს გამოსთქვამდა.
პირველად, ფიფო შევიდა. ამაყად, წელში გასწორებული, მოხდენილი, ოდნავ შეთამაშებული ღიმილით, ხელჯოხსაც ნაკლებად აწვებოდა და ცდილობდა, ესეც ისე მოეხდინა, რომ თითქოს, მისი ჩაცმულობის ატრიბუტი ყოფილიყო.
ქალბატონ ბიჟუს, ემოციებისგან სუნთქვა შეეკრა. ცალკე, ფიფოს სუნამოს სურნელმაც დაუხვია თავბრუ, რაც ფიფოს, არც გამოჰპარვია და არც ბიჟუს დაუფარავს, თუ როგორ ვნებიანად ჩაისუნთქა სასიამოვნო სუნამოს არომატი.
„ჰმ. ყოჩაღ მიმი! სუნამოც, როგორ ზუსტად გათვალა.“
ჩაეღიმა გულში ფიფოს.
ადვოკატი, თითქოს თავისთვის საუბრობდა, ბიჟუ წესიერად, არც უსმენდა. მთელი მისი ყურადღება, ფიფოს მოხიბვლაზე იყო მიმართული და ვნებიანად აკვესებდა თვალებს. არც ფიფო ჩამორჩა და ასევე თბილ და მშვიდ ღიმილის აგებებდა ყოველ მის შემოხედვას. რამდენჯერმე მიმისგან შემოსულ ზარიც კი ისე გათიშა, რომ ბიჟუსთვის თვალი არ მოუშორებია. და ასე, უსიტყვო მზერით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ფიფოს მზერაში, სიმტკიცე და აშკარა მუქარა იყო, ვერაფერს დამაკლებთო. არც ბიჟუ ჩამორჩა და მისი მზერაც იმას მოწმობდა, რომ არც ის იხრიდა ქედს, არც არავის და არც არაფრის წინაშე.
- დაგვტოვეთ მარტო! - მოულოდნელად გაისმა ფიფოს ომახიანი ხმა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ადვოკატმა ბიჟუს გადახედა. გალეომ კი გაკვირვებული თვალები შეაფეთა ფიფოს.
- დეტექტივს ვთხოვ, გაიყვანოს ადვოკატი და კარიც გაიხუროს! - ფიფოს ხმაში, უკვე მბრძანებლური ტონი გაისმა.
გალეო ზანტად წამოიწია. სულაც არ უნდოდა ამ ქალბატონის, ფიფოსთან მარტო დატოვება. ფრთხილობდა, მეგობრის გამო. ფიფოს შეიძლებოდა, თავი ვერ შეეკავებინა და ხელში არ შემოკვდომოდა დაკავებული. არც ადვოკატს უნდოდა გასვლა, თუმცა ბიჟუმ, თავის დაკვრით ანიშნა, დაგვტოვეო.
მარტო დარჩნენ. ფიფო თვალს არ აცილებდა. ბიჟუ კი კმაყოფილი სახით ელოდა, თუ როდის შესთავაზებდნენ სასურველ და მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტილ გარიგებას.
- ყავა? - მიმართა ფიფომ რბილი და ხავერდოვანი ხმით. 
- სიამოვნებით. - გაინაზა ბიჟუ.
ფიფომ ღილაკს, თითი დააჭირა და კარის გაღებისთანავე, მორიგე პოლიციელის ზურგს უკან, გალეოსა და ადვოკატის დამფრთხალი სახეები გამოჩნდა.
- ორი ყავა! - დაიძახა ფიფომ - შოკოლადი? - ახლა ბიჟუს მიუბრუნდა.
- შავი. - მიუგო ბიჟუმ.
- შავი არა, მწვანე. - თითქოს, თავისთვის ჩაილაპარაკა გალეომ, თუმცა ბიჟუმ, ისე ზუსტად ვერ გაიგო შენიშვნა და აქეთ უპასუხა:
- კი, შავი შოკოლადი მწარეა, ნაკლებ კალორიული და ყავაც უშაქროდ, თუ შეიძლება. - ამაყად ასწია ცხვირი დაკავებულმა ქალმა.
- მე შაქრით! - დაუმატა ფიფომ.
- ტკბილი გიყვართ? - ღიმილით მიმართა ბიჟუმ. 
- დიახ! - ნიშნის მოგებით მიახალა ფიფომ. - მიყვარს სიმშვიდე და სიტკბოება! - ფიფომ სიგარეტი ამოიღო. - კვამლი ხომ არ შეგაწუხებთ?
- არა, რას ამბობთ? - გაეცინა ბიჟუს. - შეიძლება? - ხელი გაიწვდინა კოლოფისკენ.
ფიფომ სანთებელა შეაგება. ბიჟუმ ვნებიანად გაუღიმა, ხარბად მოქაჩა სიგარეტი და კვამლის ამოშვებასაც, მთელი გრძნობა ამოაყოლა
- შესანიშნავი სიგარეტია. აშკარად ეტყობა, რომ პატენტი არ არის. - შეუქო ფიფოს სიგარეტის არჩევანი.
- ჩემი მეუღლე, ვერ იტანს სიგარეტის კვამლს, განსაკუთრებით კი, იაფფასიანის და სულ თავად ცდილობს, რომ ჩემს პიჯაკში, ყოველთვის კარგი და ხარისხიანი სიგარეტი იყოს.
- და, თვითონ გიწყობთ?
- დიახ! - გაეღიმა ფიფოს. - თავად მირჩევს სად და როგორ ჩავიცვა, რომელი სიგარეტია უფრო ნაკლებად მავნე, ჩემთვის კი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას მოვწევ მაშინ, როცა ძალიან მინდა მოწევა. - ფიფო წამით შეყოვნდა. - როცა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ამას, ჩემს მეტი, ვერავინ გადაწყვეტს, აი, მაშინ კი სულ ერთია, თუ რას მოვწევ! თუნდაც, ადამიანის ძვლებისგან დაფქვილ პაპიროსს! - ფიფომ თვალები მოჭუტა და ისეთი რისხვა გადმოაფრქვია, რომ ბიჟუს, ფერმა გადაჰკრა.
- მშვენიერი ყავაა. - ბიჟუმ დაცარიელებული ფინჯანი, გვერდით გასწია და ამით თითქოს, თემა შეცვალა.
- და შოკოლადი, როგორია? - ცინიკურად ჩაეკითხა ფიფო. - კაკაო, საკმარისზე მეტი, ხომ არ აქვს?
ბიჟუს ცალყბად გაეღიმა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ახლა კარგად და ყურადღებით მომისმინე! - მკაცრი, მაგრამ დაბალი ხმით მიმართა ფიფომ. - იმ მილიონს, კიდევ ზემოდან მილიონს დაამატებთ და გატაცებულ ბავშვთან ერთად დააბრუნებთ! გასაგებია! - ხმას აუწია ფიფომ.
თუმცა ბიჟუ, სულაც არ შეუშინდა და იქეთ შეუტია.
- რის დაბრუნებას ითხოვთ? - მიმართა ცინიკური ხმით. - ან, რა მილიონებზეა ლაპარაკი? ერთი მარტოხელა ქალი ვარ, უპატრონოდ მიგდებული გოგონები შევიფარე! ვასმევდი, ვაჭმევდი, ვაცმევდი...
- აბოზებდი! - ჩაურთო ფიფომ და კვლავ გათიშა, მიმისგან შემოსული ზარი და დაკავებულს ჩააშტერდა.
- მე არ ვერეოდი, მათ პირად ცხოვრებაში! - მტკიცედ განაცხადა ბიჟუმ.
- მკიდია! - კბილებში გამოსცრა ფიფომ. - ბავშვს, რომ ერთი თმის ღერიც ჩამოუვარდეს, შენგან დავიწყებ ხორცების ათლას!
რადგან ფიფო, მიმის ზარს არ პასუხობდა, ამჯერად შეტყობინება შემოვიდა მისგან. ფიფომ ცალი თვალი შეავლო, მიმი რაღაც სუნამოზე წერდა, ფიფოს ბრაზისგან გული უსკდებოდა, რა დროს სუნამო იყო!
LEX. 2020 წლის 6 მაისი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment