- აბა, რა მოიფიქრე? - შეეხმიანა გალეო, როცა ფიფომ უკვე, მესამე სიგარეტის ნამწვავი ჩასრისა საფერფლეში.
- კეთილი. ვეახლები ქალბატონ ბიჟუს, მაგრამ ასე, არა! - ფიფომ გაუპარსავ სახეზე, ხელი მოისვა და თმებიც მოიჩეჩა. - მოუწესრიგებელი, გაბურძგნული და თანაც დათრგუნული, არ უნდა მნახოს! გამარჯვება არ მინდა, რომ ვაგრძნობინო! ხომ, გესმის?
- მაშინ, მოწესრიგდი და მერე ამოვაყვანინებ დაკითხვაზე, უფრო გვიანიც იქნება და უფრო მეტადაც დავუფრთხობთ ძილის ანგელოზებს.
- ასეთი ველური სიფათით, თუ მნახავს, უეჭველი მიხვდება, რომ დამამარცხა, მაგრამ ვერ მივართვი! - ფიფომ თვალები მოიფშვნიტა. - ისე, შენც წადი სახლში, დაისვენე. გამოგივლი მერე გვიან, ცოტა ადამიანს, რომ დავემსგავსები.
- აქ დაგელოდები. - უპასუხა გალეომ. - სახლში მარტო, დასაძინებლად მივდივარ. ჩემები სოფელში არიან, საახალწლო სამზადისში. რაღა დარჩა, ოთხი დღეც და...
- ჰმ! - ფიფოს ბოღმა მოაწვა გულში. - აბა, ვნახოთ! ვინ, ვის ჩაუშხამებს ახალ წელს! აბა, დამაცადონ! - ფიფო წამოდგა. - წამო, წამო ჩემთან! აბა აქ, რა უნდა აკეთო? დაისვენე, სანამ მე შხაპს მივიღებ და წვერს გავიპარსავ, მერე ერთად ვივახშმოთ.
- სულ შენთან, ხომ არ ვივახშმებ? - უხერხულად აიწურა გალეო, თუმცა საშინლად შიოდა და სახლში წასვლაც, ეზარებოდა.
- ნუ, იზლაზნები! ადე, წამო! თან, ჩემებთანაც შევივლი, რამე გამზადებულ კერძსაც გამოვაყოლებ. - უთხრა ფიფომ, თუმცა კერძზე უფრო ახლა, პირადი ნივთების წამოღება უფრო აინტერესებდა. გალეომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მიმისთან ერთად, აღარ ცხოვრობდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, შინ დაბრუნების დრო იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, მომავალში რა და როგორ იქნებოდა.
- რას აწუხებ შენებს? გამოვიძახოთ და მოგვიტანენ. - გალეომ მობილური მოიმარჯვა. - ამჯერად, მე გეპატიჟები და უარს არ მივიღებ! აბა მითხარი, შენ რა გინდა, ან მიმის, რა უყვარს?
- არა, რაა! - დაიჯღანა ფიფო. - მიმი ისედაც, არაფერს ჭამს და ახლა, უცხო ვიღაცის გაკეთებულს, პირსაც არ დააკარებს! ისევ ჩემებთან შევივლი და მერე, ვნახოთ. - ისე, მაცივარიც სავსეა, მაგრამ ვის აქვს ახლა, კეთების თავი?
- აჰა, და ისევ მე მომიწევს, არა? - ჩაეღიმა გალეოს.
- აი, ჩემს ბიჭს, რომ დავიბრუნებ და ამათ ყველას, სათითაოდ საკუთარ ხორცებს რომ დავაგლეჯინებ, მერე შენც გაგიშვებ კულინარიულ კურსებზე! ისე, ერთი მასტერშეფიც ხომ უნდა მყავდეს საძმოში?
დეტექტივს გაეცინა და ისე ზანტად წამოდგა, თითქოს სულაც არ უნდოდა იქიდან წამოსვლა.
ფიფოს დედა, სიხარულით შეხვდა, შვილის ოჯახში უკან დაბრუნების ამბავს. ერთდროულად, ათასი კითხვა მიაყარა.
- არ ვიცი, დეე! ჯერ, არაფერი არ ვიცი. – პასუხობდა ფიფო. - ზამთრის კურორტზე ავიყვანეთ ბავშვი და სამი დღეა, მეც იქ ვარ, ხომ დაგირეკე? მერე მიმიმ მთხოვა, სახლი ამდენი ხანი, მარტოაო და აი, სულ ეს არის და შენ, რა გიხარია? მშობლიური სახლიდან რომ მაგდებ?
- ოჯახი, რომ არ დაინგრა, ის მიხარია, შვილო. - საყვედურით მიმართა დედამ. - არ გშია?
- მგელივით მშია და სანამ მე ჩემს ნივთებს ჩავალაგებ, შენ გამიმზადე და ბარემ, ჩემს სახლში შევჭამ. - ფიფომ, დედის გულის გასახარად, ახლა უფრო მეტად გაუსვა ხაზი, სახლში დაბრუნებას.
- მე და მამაშენი მარხვაზე ვართ, მაგრამ ძალიან გემრიელი სოკოს ჩაშუშული გავაკეთე, ტარხუნის ღვეზელიც გამოვაცხვე. - დედამ, სიხარულით შეავლო თვალი.
- რასაც და რამდენსაც გაიმეტებ. - ცალყბად გაუღიმა ფიფომ.
- შვილო, მაინც რაღაც, არ მომწონხარ? - ეჭვიანად ჩაეკითხა დედა. - უფრო გახარებული უნდა ჩანდე, რომ ოჯახს დაუბრუნდი. ხომ იცი, დედის გულს, არაფერი გამოეპარება.
- დეე, ძალიან დაღლილი ჩამოვედი რააა, და აქ კი, იმდენი საქმე დამხვდა, ალბათ დილამდეც ვერ მოვრჩები. წესიერად პირის დაბანაც ვერ მოვასწარი და აბა, რა მოსაწონი ვიქნები?
- აი, გაგიმზადე და ნიგვზიანი ბადრიჯანიც ჩაგიმატე, შენ რომ გიყვარს.
- გმადლობ, დედიკო! გავიქეცი, მამიკოს აკოცე! - ფიფო შეყოვნდა. - ისე, სად არის?
- ნათლიაშენმა დაურეკა.
- ჰო...ოო... - ფიფოს სახე შეეცვალა, რაც დედას არ გამოჰპარვია.
- რა იყო, შვილო?
- არაფერი, რაღაც მთხოვა და ახლა გამახსენდა, კარგი, წავედი! - ფიფოს უკან არც მოუხედავს, ისე გამოვარდა სახლიდან.
სახლში მისვლისას, მიმიმ კვლავ არ უპასუხა ზარზე.
- აბაზანას მივიღებო და ალბათ, მიწვა და მიიძინა. - დაამშვიდა სტუმარმა.
- ალბათ. - ჩაიბურტყუნა ფიფომ. - თქვენ მიდით, ივახშმეთ უჩვენოთ და მოგვიანებით, ჩვენც შემოგიერთდებით.
- არა, იყოს, დაგელოდებით. - უპასუხა გალეომ, თუმცა, საშინლად იყო მოშიებული.
- რას დამელოდებით? სანამ მე შხაპიდან გამოვეტევი, წვერიც ცალკე გასაპარსი მაქვს. მიმი ისედაც პირს არაფერს აკარებს და მომიწევს, ჩემი ხელით ჭმევა. იქნებ, ჩემთან ერთად, უფრო შეჭამოს. მიდი, მიდი ორივემ ივახშმეთ, ნუ გერიდებათ!
ფიფო საძინებლისკენ ავიდა, თან თვალი, მიმის ოთახისკენ ეჭირა. არ უნდოდა სტუმრებს შეემჩნიათ, ფიფო როგორ მოწიწებით შეაღებდა კარს. ამიტომ იფიქრა, ჯერ მოვწესრიგდები და მერე ვნახავ მიმისო, მაგრამ ვეღარ მოითმინა. უკან მოტანილი ნივთები, იქვე მიყარა და თავის ოთახიდან, ჯერ ბავშვის ოთახში გავიდა. დიმეოს საწოლისკენ გახედვაც ვეღარ შესძლო, ისე შეეკრა სუნთქვა. ბოღმისგან ცივმა ოფლმა დაასხა. ლამის თვალდახუჭულმა გაიარა ბავშვის ოთახი და მიმის კარს მიადგა. არავინ გამოეპასუხა. მერე უფრო ხმამაღლაც დაუძახა და კვლავაც პასუხი, რომ ვერ მიიღო, კარი ფრთხილად შეაღო. მიმი საძინებელში, არ დაუხვდა, ფიფო უფრო შეშფოთდა. სამი საათი აბაზანაში თუ არის, რამე ხომ არ დაემართაო და აბაზანის შეღებული კარიდანაც, რომ აღარ გააგონა ხმა, უკვე თამამად შევიდა. ფეხი შედგა თუ არა მაშინვე, რაღაც ცუდად ენიშნა.
სააბაზანოში არც ორთქლის კვალი იყო, არც საშხაპე ჩანდა სველი და ჯაკუზში, წვეთის ნატამალიც კი არ იყო. უკან გამობრუნდა და ახლაღა შეამჩნია კარადის ღია კართან მიგდებული, მიმის ოთახის ჩუსტები.
- ესე იგი, ჩაიცვა და... სად ჯანდაბაში წავიდა! - ფიფომ მობილური მოიმარჯვა, მაგრამ ამჯერად, მიმიმ დაასწრო დარეკვა.
- ფიფო... ფიფო... - ჩურჩულებდა მიმი, ჩახლეჩილი ხმით და მეტს ვერაფრის თქმას, ვერ ახერხებდა.
- მიმი, სად ხარ?! რა მოხდა?! - აყვირდა ფიფო. - მოვდივარ! სად ხარ?!..
ძლივს მიახვედრა მიმიმ, დაახლოებით სადაც იყო. აეროპორტის გზა, კარგად ახსოვდა და მერე უკვე, ვერაფერი აუხსნა.
- აი, მიმის მანქანა! - შეჰყვირა ფიფომ, როცა ტრასიდან, სადღაც გადასახვევთან, მისი მანქანა შენიშნა. - მიმი! მოგაგენით მგონი! არ გათიშო!
სანამ ფიფო, თავისი ხელჯოხით გადმოვიდოდა, გალეომ დაასწრო და მიმის საძებნელად გადმოხტა. თუმცა, სადაც მანქანა იყო, იქეთ მხარეს, არც არავინ ჩანდა.
- მიმი, სად ხარ?! - კვლავ ჩასძახა ფიფომ ტელეფონში და გალეოს საწინააღმდეგო მხარეს დაუწყო ძებნა.
ბინდდებოდა, მაგრამ დაღმართიდან რომ გადახედა, შორიდანვე შეამჩნია ძირს გაგდებული მიმი.
- გალე, აქეთ! - მთელი ხმით დაუძახა ფიფომ და როგორც შესძლო, ისეთი სისწრაფით დაეშვა ქვემოთ.
მიმიმ ძლივს წამოწია ტანი, წამოჯდა. საშინლად ნაცემ-ნაგვემს ჰგავდა.
- მიმი, რა მოგივიდა? რა მოხდა? - კითხულობდა შეშფოთებული ფიფო. - ოდნავ წამოდექი და დამეყრდენი! ჩემი ფეხის გადამკიდე ხომ იცი, ხელში ვერ აგიყვან!
- მოიცა, კაცო! - გალეო აქოშინებული მოვარდა და მიმის წამოდგომაც არ დააცადა, ისე აიტაცა ხელში და სირბილით გააქანა.
- თავის მანქანაში ჩასვი! - მიაძახა ფიფომ და უკან დაედევნა.
მიმი ცახცახებდა, ღმუოდა, მერე ძლივს გაჩუმდა, კანკალიც შეწყვიტა და ასე თვალებღია, გარინდული, არაფრის მეტყველი სახით იყო მისვენებული მანქანის სავარძელზე და ჩანდა, რომ ჯერ კიდევ, დიდ ხანს ხმის ამოღებასაც არ აპირებდა.
- შენ აქ დარჩი. - უთხრა ფიფომ, დეტექტივს. - აქაურობა კარგად დაათვალიერე და თუ საჭიროდ ჩათვლი, კრიმინალისტებიც გამოიძახე. რამე მოიფიქრე. ან თავდასხმა, ან გატაცება! - ფიფომ ამოიხვნეშა. - მერე ჩემთან ადი. ჭამე რამე და იმ კაცსაც მიხედე. მივატოვეთ ის მოხუცებული და გიჟებივით გამოვქანდით.
- მიხედე მიმის, დანარჩენზე მე ვიზრუნებ. - უპასუხა გალეომ.
სანამ ფიფო, მანქანაში ჩაჯდებოდა, ქირურგსაც შეეხმიანა და სასწრაფოდ, სანდო ექიმის დახმარება სთხოვა. ქირურგმაც შეშფოთებული იკითხა, ხომ მშვიდობააო და ათ წუთში, გადმორეკვას დაჰპირდა.
- ჰო, მანამდე, მივალ იქამდე. - უპასუხა ფიფომ. ტელეფონი გათიშა და მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა მიმის, ხმა არ ამოუღია. აღარც ფიფოს დაუსვამს ზედმეტი კითხვები. დაახლოებით ხვდებოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან თავიდანვე, პირველივე შეტყობინება, მიმის დაუტოვეს და არა ფიფოს, ამიტომ შესაძლო იქნებოდა, რომ გამტაცებლები, ისევ მიმის დაკავშირებოდნენ, მაგრამ რატომ დაუმალა? რატომ? საშინლად ბრაზდებოდა ფიფო და პერიოდულად, მიმისკენ თვალს აპარებდა. მიმი კი გატრუნული, სხვა სამყაროში გადართულიყო და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა კლინიკის ეზოში შეუხვია მანქანამ.
- აქ, რა მინდა? - წაილუღლუღა ჩამწყდარი ხმით. - სახლში მინდა.
ფიფომ ვერც მოასწრო პასუხი, უკვე შორიდანვე დაუქნიეს ხელი და ექიმიც მაშინვე ეტლით მოადგა და თან, სანიტრებსაც მიმართა:
- აბა, ფრთხილად გადმოსვით აქ!
მიმის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მორჩილად გადაბრძანდა ეტლში და თვალები მილულა.
- ხომ იცით, რომ კონფედენციალურია და... - გადაუჩურჩულა ფიფომ ექიმს.
- მაგიტომაც აქ დაგხვდით და შიდა ლიფტით ამოვდივართ. - თავი დაუქნია ქირურგის უახლოესმა მეგობარმა და „მარჯვენა“ ხელმა, ასევე ქირურგმა ქალმა.
ტანსაცმლის გახდაზე მიმი შეიშმუშნა, თავი გააქნია, ექიმის ხელის ხლებაზეც კი მოიბუზა.
- მე, გავალ მოვწევ და თქვენ მანამდე... - ფიფო თითქოს, მიუხვდა მიმის. იქნებ სულაც, მარტო უნდოდა ექიმთან დარჩენა.
- ისედაც წესით, გარეთ უნდა დაიცადოთ. - უპასუხა ექიმმა ქალმა. - მანდვე ხელმარჯვნივ, აპარატებია და შეგიძლიათ, ყავაც მიირთვათ.
როგორც კი ფიფო გავიდა, ექიმმა მაშინვე, მიმის თავზე მოეფერა და თბილი ხმით მიმართა.
- შეგიძლია მენდო. ტანსაცმელს თუ არ გავიხდით, ისე ვერ გავიგებთ ზუსტად რა დაზიანებებია. იქნებ, მოტეხილობაა? ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ზუსტად ვიმკურნალოთ? ექოსკოპიასაც გადავიღებთ. არც ისტორიას გავხსნი და არც არავის ჩავრევ.
მიმი კვლავ, გატრუნული იწვა, მაგრამ უფრო მოეშვა და ექიმს დაჰყვა.
- ჰოო, აი, კიდევ კარგი, ნამდვილი ჯინსები გცმია. - ექიმი მიმის გამხნევებასაც შეეცადა. - ხარიხსიანია და ასე ადვილად, არ დაფლეთილა. ალბათ, ამანაც გადაგარჩინა. თუმცა ორივე მუხლი, საშინელ დღეში გაქვს. წვივებიც! თითქოს, სახეხზეა გახეხილი. - ექიმი თან სინჯავდა და თან, გამუდმებით ესაუბრებოდა, რომ როგორმე მიმი, კონტაქტზე გამოსულიყო. - ნეკნები მთელია, გადაგვირჩა, მაგრამ ცოტა სილურჯეები, აქაც არის. ყველაზე საშინელ დღეში კი ხელები გქონია, თუმცა მოტეხილობა არც აქ გაქვს. უფრო მეტად არის გადაყვლეფილი იდაყვები და მტევნებამდე გადახეხილი. ხელის გულებიც უკვე შესივდა, მაგრამ გახეხილი არ არის. შინაგანი დაზიანებები, არც ექოსკოპიამ აჩვენა. - ექიმი შეყოვნდა და ისეთი ჩურჩულით მიმართა თითქოს, ვინმე უსმენდათო. - გინეკოლოგიური გამოკვლევაც უნდა ჩავიტაროთ.
- არა! - როგორც იქნა მიმიმ უპასუხა. - არ არის საჭირო.
- დარწმუნებული ხართ? არავინ გაიგებს.
- არ მინდა, არ არის საჭირო. - კვლავ გაიმეორა მიმიმ.
- დაახლოებით, რომ ვიცოდე მაინც, რა მოხდა, უფრო ზუსტად...
- ჩანთა წამართვეს. - მიმი წამით შეყოვნდა, ისე უნდა მოეყოლა, რომ სინამდვილეც ყოფილიყო და თან, სხვა ზედმეტი, არაფერი წამოსცდენოდა. - მოტოციკლეტით ჩამიქროლეს, ორივე ხელით ჩაბღუჯული მქონდა და დროულად, ვერც გავუშვი.
- აჰა, გასაგებია. ესე იგი, სექსუალური ძალადობა, არ ყოფილა? - კლავ გადაამოწმა ექიმმა.
- არა. არა.
- ჰო, მაშინ უფრო გასაგებად აიხსნება, ეს დაზიანებები. - გაუღიმა ექიმმა. - ნიკაპიც გადაყვლეფილია, მაგრამ ნაკლებად. აი, ტუჩი კი გახეთქილია, შეიძლება ნაკერიც დაგჭირდეს.
- არა. არ მინდა!
- კარგი ვნახოთ აბა, შევეცდები, არ დაგჭირდეს ნაკერი, თუმცა...
- არა! არ მინდა! - კვლავ გაიმეორა მიმიმ.
- კარგი მაშინ, ისე მივხედოთ, მერე სხვა ჭრილობებსაც დავამუშავებ და მალამოსაც წაგისმევ. ისეთი სავალალო მდგომარება არ არის, მალევე გაგიშვებ სახლში. - ექიმი შეყოვნდა. - ისე თუ გინდა, დარჩი ამაღამ აქ. მორიგე ვარ და...
- არა. არა. - წაიჩურჩულა მიმიმ. - სახლში მირჩევნია.
- კარგი. კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ნემსის გაკეთება, მაინც მოგვიწევს.
- კარგი. - წაიკნავლა მიმიმ.
- აი, ასე. ცოტა ხანი იწექი აქ, მოეშვი, დაისვენე. მანამდე, მალამოც შეგაშრება. არც საფენები და არც გადახვევები, არ არის საჭირო, ასე უმჯობესია. რამე ხომ არ გინდა?
მიმიმ თავი გააქნია.
- ან საჭმელი, ან წვენი?
- წყალი მინდა.
ფიფო იქვე კართან ატუზულიყო და ექიმს, გამოსვლისთანავე შეეჩეხა.
- ძალიან არის ანერვიულებული და შეშინებული. - აუხსნა ექიმმა ფიფოს. - ნუ ეს, არც არის გასაკვირი. მძარცველმა ჩანთა გამოგლიჯა და სანამ წაართმევდა, მიწაზეც გაათრია. ამიტომაც აქვს ასეთი ტრავმები და მეტი, სხვა სახის ძალადობა, არ ყოფილა. - ბოლო სიტყვებით ექიმმა, თითქოს ფიფო დაამშვიდაო. - ახლა წყალი შემოუტანეთ და შეგიძლიათ მოინახულოთ და სახლშიც მალევე გაგიშვებთ.
- იქნებ, დასაძინებელი ნემსი გაუკეთოთ? - შესთავაზა ფიფომ. - ვიცი, მისი ხასიათი, ახლა მთელი ღამე, არ დაიძინებს და ინერვიულებს.
- დამამშვიდებელი, გავუკეთე უკვე. - გაუღიმა ექიმმა.
- და საკმარისი იქნება? ჯერ კიდევ შოკშია. იქნებ, გამოუწეროთ რეცეპტი? ნერვიულობა ასე ადვილად, არ გაუვლის, ვიცნობ კარგად.
- სავარაუდოდ ნემსები, უკვე აღარ უნდა იყოს საჭირო. ისე აბებს გამოგიწერთ და მიიღოს ძილის წინ, ან როცა ზედმეტად აღელვებული იქნება.
- და რომ არ დალიოს? - ფიფომ იცოდა, მიმი არც დასაძინებელს დალევდა და არც არანაირ დამამშვიდებელს, ფხიზლად ყოფნას არჩევდა.
- რატომ არ უნდა დალიოს? - მხრები აიჩეჩა ექიმმა.
- ხშირად, უძილობა აქვს. - ფიფომ მაშინვე მოიფიქრა ზუსტი პასუხი. - დასაძინებელ წამლებს კი, არ იკარებს.
- ეს ძალიან კარგია, თუ თავად ცდილობს გადალახოს პრობლემა, მაგრამ ხანდახან, აბებიც საჭიროა. მაშინ მე გამოვწერ და თუ ისე მიაღებინებთ, რომ არ ეტყვით, ზუსტად რა წამალია.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- კარგი, მე შევალ და თქვენ, წყალი შემოუტანეთ. - ექიმი უკანვე შებრუნდა. - აბა, როგორ არის, ჩემი უჩვეულო პაციენტი?
- უჩვეულო? - წაილუღლუღა მიმიმ.
- აქ ხომ ძირითადად, სამშობიარო და ჩვილთა კლინიკაა. - გაეცინა ექიმს. - ნაცნობობით კი, ყველაფერი შეიძლება. - თვალი ჩაუკრა ღიმილით.
- აი, წყალიც. - ფიფომ კარი შემოაღო. - უკეთ ხარ? - მიმართა მიმის.
- კი. კი. - მიმიმ აკანკალებული ხელით ჩამოართვა, მაგრამ თითების მოხრა ვერ შეძლო, მაშინვე გაუვარდა. ძირს დავარდნილი ბოთლი, ექიმის მაგიდის ქვეშ შეგორდა.
- ისევ მე მომიწევს შეძრომა. - ექიმმა ფიფოს ხელჯოხს, ღიმილით გახედა და ბოთლი გამოაძვრინა. - უჩვეულო პაციენტი, თავისი უჩვეულო გულშემატკივარით!
მიმის ოდნავ გაეღიმა, მდარედ და უსიცოცხლოთ.
ექიმი ახლა უფრო ჩაუკვირდა, მიმი მართლაც საშინელ სტრესში იყო, თუმცა ექიმს მხოლოდ თავდასხმის გამო, ეგონა ასე.
- მე ახლა გამოგიწერ აბებს და უფრო მშვიდად იქნები.
- არ მინდა დასაძინებელი წამლები! - ნერვიული ხმით წამოისროლა მიმიმ. - არ ვაპირებ ზედმეტ ძილს!
ფიფომ მუდარით გახედა ექიმს.
- მე არ მითქვამს, რომ დასაძინებელია. - უპასუხა ექიმმა. - მშვიდად იმიტომ გითხარი იქნები, რომ შესაძლოა ჭრილობაში, ინფექცია იყოს შეჭრილი და როგორც წესი და რიგია და ამას მკურნალობაც მოითხოვს, ანტიბიოტიკები აუცილებელია. მხოლოდ რამდენიმე დღე.
- ჰო, აბა რა. - კვერი დაუკრა ფიფომ. - კიბიდან რომ დავგორდი, მეც დაახლოებით ასე მქონდა ყველაფერი გადაყვლეფილი, ნემსებიც მიკეთეს და წამლებიც მაყლაპეს. სამსახურშიც კი დავდიოდი ის დღეები და არც ზედმეტად მეძინა.
- ნემსი, მეტი არ არის საჭირო, აბებიც საკმარისია. ჭამის მერე აუცილებლად, მშიერ კუჭზე, არ გირჩევთ. შუა დღეს და საღამოს, ან მარტო საღამოს. ნაკლები ყავა და შოკოლადი. სხვათა შორის, არც მაგარ ჩაის არ გირჩევთ. ბალახეული სჯობს, თუნდაც პიტნის, გვირილის. - ბოლო სიტყვაზე, ფიფოს გახედა, ამით უფრო ანიშნა ეს ჩაი აუცილებელიაო.
ფიფომ თავი დაუქნია, მიმის არც არაფერი შეუნიშნავს.
- ცოტა ხანს, შეგიძლიათ დაისვენოთ, აქ არავინ შეგაწუხებთ და მერე, თავისუფალი ხართ. - გაუღიმა ექიმმა.
- ჩეკი გამომიწერთ და მითხარით, სად გადავიხადო? - იკითხა ფიფომ.
- კარგი, რააა. - იწყინა ექიმმა.
- არა. მასე არ გამოვა. - ახლა ფიფომ იწყინა.
- გამოვა, გამოვა. - გაეცინა ქალს. - ჩვენი საერთო მეგობრის ხათრით, ყველაფერი გამოვა, თანაც რა უნდა გადაიხადოთ, როცა ისტორიაც არ გამიხსნია?
- კი, მაგრამ... - ახლა მიმი ჩაერია. - მასე, არც მე მინდა. - მერე ფიფოს გახედა. – პიცა მაინც გამოიძახე, ან...
- ვაიმე, არააა. - შეიშმუშნა ექიმი. - ნუ შეწუხდებით, რააა...
- რა შეწუხებაა? - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა. - სასმელი, არ შეიძლება ხომ? - მიმართა ფიფომ ღიმილით.
- არა, რას ამბობთ? - გაეცინა ექიმს.
- პიცა და ხინკალი!
- ძალიან უხერხულობაში მაგდებთ!
- მაინც შევუკვეთავ და სჯობს, მითხრათ!
- მაინც შევუკვეთავ და სჯობს, მითხრათ!
- იყოს პიცა, მხოლოდ სამარხვოდ ან...
- ფენოვანი, სოკოსი და ლობიანიც, ძაან გემრიელია. - ჩაერია მიმი. - აბა სამარხვო პიცას, რა გემო აქვს?
- ჰო, მართალია. - დაუდასტურა ფიფომ. - ძალიან კარგი. აი, ახლა მალევე მოვა.
- უღრმესი მადლობა, ასეთი რა გავაკეთე? - უხერხულად ეღიმებოდა ექიმს.
გზაში მიმი, კვლავ ხმას არ იღებდა, მაგრამ ამჯერად, ფიფო აღარ გაჩუმდა.
- მთელი საღამო დავკარგეთ, თუმცა საყვედურებს, რა აზრი აქვს? არც ზედმეტ შეკითხვას დაგისვამ, ისედაც ვხვდები, რაც მოხდა, მაგრამ მაინც ვბრაზობ შენზე!
მიმიმ ამოიხვნეშა და კვლავ ხმა არ გასცა.
- რა თქმა უნდა, არ დაგეთანხმებოდი და ამიტომაც, უჩუმრად იმოქმედე! უჩუმრად და უტვინოდ!
- ფიფო! მორჩი! მორჩი! - მიმის ტირილი აუვარდა.
ფიფომ მანქანა შეაჩერა, მიმის მოეხვია და ჩურჩულით უთხრა.
- დამშვიდდი, რა გთხოვ, დამშვიდდი. იცი, მე სულაც არ ვგრძნობ, რომ დიმეო ახლა, ცუდად არის. მართალია, ვენატრებით ალბათ და მოწყენილიც იქნება, მაგრამ ცოტათი.
- ისე, ზოგჯერ... - მიმიმ სლუკუნი შეწყვიტა. - თითქოს ცუდს, ვერც მე ვგრძნობ, მაგრამ მაინც... - მიმი ისევ ატირდა.
- ჰოდა! წავიდეთ სახლში! მივიყვანოთ დაწყებული ბოლომდე! დავიბრუნოთ ბავშვი! - მთელი შემართებით შეუძახა ფიფომ და მანქანა ადგილიდან დაძრა.
- ჰო, სახლში მინდა. - ამოიკვნესა მიმიმ.
- ისე ის კარგად მოიფიქრე. ფენოვანი ლობიანი და სოკო, თორემ ცარიელი ბოსტნეულის პიცა, მართლაც რაღა პიცაა.
- ჰო. - წაიკნავლა მიმიმ. - მერე კარგ სუნამოს ვაჩუქებ.
- სუნამოს?
- ჰო, სუნამოს. ყველა ქალს მაინც, სუნამო ურჩევნია.
- მეგონა, ყვავილები უფრო ურჩევნოდათ. - გაეცინა ფიფოს.
- ყვავილები უფრო რომანტიულია, თან გააჩნია ვისგან, მაგრამ კარგი სუნამო, მაინც სულ სხვაა.
- შენ უფრო იცი. - უპასუხა ფიფომ. - მერე ძაან ძაან მაგარი სუფრა გავშალოთ!
- ჰო. - თავი დაუქნია მიმიმ. - ისე, ზეგ ახალი წელია... და ჩემი ბიჭი... - მიმი ისევ ატირდა.
- ხომ გითხარი, მაგარი სუფრა უნდა გავშალოთ და თანაც, ძალიან მალე! - მხიარულად შეუძახა ფიფომ. თუმცა, გული უკვდებოდა. - და, რის მერე გავშლით მაგარ სუფრას და, რატომ? როცა ყველანი, კარგად და ერთად ვიქნებით!
- შენც ხომ, დაბრუნდები?.. - წაიკნავლა მიმიმ. - აღარ, წახვალ?..
- არც წავსულვარ. - ფიფოს ცრემლები გადმოსცვივდა და ჩუმად მოიწმინდა.
LEX. 2020 წლის 21 აპრილი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment