Sunday, April 5, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 53)

53.
- ჩვენ, არავითარი პრეტენზია არ გვაქვს. - დაიწყო პიპას მამამ. - წესით, ჩემს გვარსაც კი უნდა ატარებდეს, მაგრამ აბა, რომელ წესზეა, საუბარი? ეჰ, არც ჩემს გაუბედურებულ შვილს უტარებია ჩემი გვარი, თუ თავის დროზე არა, მერე უკვე, აღარც მოისურვა.
- შეიძლება მოვწიო? - ჩუმი ხმით იკითხა ფიფომ.
- მეც თუ მომაწევინებ? - მოხუცმა საფერფლე გადააწოდა და ჩაფიქრებული მზერით შეათვალიერა სტუმარი. მისი უხასიათობა თავიდანვე მოხვდა თვალში, თუმცა შეეცადა, არაფერი შეემჩნია.
ფიფო ხმას არ იღებდა, მთელი მონდომებით ქაჩავდა სიგარეტს და ისე ჩაიყვანა ფილტრამდე, რომ კრინტიც არ დაუძრავს. მოხუცი ჩუმად ადევნებდა თვალს.
- ბავშვი მოგვტაცეს! - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ამღვრეული თვალებით მოხუცს სახეში ჩააშტერდა.
- რაა... რა თქვი?. - ეგონა, რომ მოესმა. - ფიფო...
- ბავშვი მოგვტაცეს! გაუმეორა ფიფომ. - დიმეო გაიტაცეს!
- რას ამბობ? - მოხუცს ყბა აუკანკალდა. - ჩვენი... ჩვენი პატარა ბიჭი?.. ფიფო, ფული უნდათ?! რამდენი უნდათ?! როგორ ვუშველოთ ბავშვს?
- თქვენ ვერც გადაიხდით! ვერაფერს გადაიხდით, რადგან არც არაფერი გაგაჩნიათ!
- რამდენსაც შევძლებ ვიშოვნი! ვისესხებ! ჩავდოთ ეს სახლი ბანკში!
- ამ სახლს? - ფიფომ ცინიკურად მოწკურა თვალები. - თქვენ ხომ იცით, რომ ეს სახლიც და ამ ქუჩაზე მიმდებარე სხვა სახლები და ბინები, ეზოებიც კი...
- ჰო, ვიცი, ფიფო, ვიცი, მაგრამ მე თანახმა ვარ სადმე, თუნდაც სარდაფში ვიცხოვრო, ქუჩაში გავათევ ღამეს, ოღონდ ბავშვი...
- ესე იგი, თქვენც იცოდით, რომ დიმეო, ერთადერთი მემკვიდრე იყო?
- შარშან გავიგეთ. აქ რომ პირველად მოხვედით, ბავშვიც მაშინ გაგვაცანი. სწორედ იმ დილით გავიგეთ და მემკვიდრეც, კარს მოგვადგა. - კაცმა ამოიხვნეშა. - თავიდან ვიფიქრე, ჩვენი გამოსახლება გინდოდა და ამიტომაც გვეწვიე, მაგრამ ვერაფერი შეგატყვეთ. ახლა თანახმა ვარ, მოვკიდებთ ძანეს ხელს და იმ ჩვენს სოფელში გადავალთ! თუმცა, ისიც სამემკვიდრეო სამოსახლოა და მისი დიდი ნაწილიც კი...
- არა, არა! არავის გამოსახლებას არ ვაპირებ! - გააწყვეტინა ფიფომ. - ფული ჩვენც გვაქვს და თან... - ფიფო გაჩუმდა.
- რამდენს ითხოვენ? რამდენი უნდათ მაგ ნაძირლებს?!
- არ ვიცი. - ფიფომ უარის ნიშნად, თავი გააქნია. - მეორე დღეა ველით და არავინ რეკავს, მხოლოდ ის შეგვატყობინეს, რომ დაგვიკავშირდებიან და რამდენს მოითხოვენ, ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ მაგაში არ არის საქმე.
- აბა? რაშია? რა ხდება?
- უკვე ოცდაოთხ საათზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ, არაფერი მოუთხოვიათ და იქნებ, არც არავინ მოითხოვოს. - ფიფო ისევ გაჩუმდა. - იქნებ მხოლოდ, ბავშვის წაყვანა უნდოდა. - ფიფომ თვალი გაუსწორა მოხუცს.
კაცმა ამოიხვნეშა. ახლაღა მიხვდა სტუმარი, რასაც გულისხმობდა, მაგრამ რა უნდა ეპასუხა, როცა არც არაფერი იცოდა, ან რითი უნდა ენუგეშებინა.
- და შენ ფიქრობ, რომ... - მოხუცს ხმა უკანკალებდა. - ფიქრობ, რომ...
- ჰო, ვფიქრობ! თუმცა, დარწმუნებული არ ვარ.
- და მიმი? მიმი, რას ამბობს?
- საშინელ დღეშია. - ფიფომ ამოიხვნეშა. - არც ჭამს და არც... წყალსაც კი ვეღარ სვამს.
- არა, არა! - მოხუცმა თავი გააქნია. - მაგას ვერ დავიჯერებ, რომ ბავშვი...
- რატომ? ნუთუ, გაუჭირდებოდა? ვერ შესძლებდა? მოერიდებოდა? - ფიფო ისე გადავიდა შეტევაზე, თითქოს, ეს მოხუცი კაცი ყოფილიყო დამნაშავე და ბოროტმოქმედი.
- ყველაფერი შეიძლება შესძლოს, მხოლოდ ეგ არა. - მოხუცი აქვითინდა. - მაგას, არ იზამდა... არა...
- და, რატომ? თუნდაც, ჩემს გასამწარებლად ან...
- არა! არა! არ დაიჯერო! ეგ, არ დაიჯერო!
- რატომ? რა არის აქ, დაუჯერებელი? რადგან თვითონ ოჯახში არ გაზრდილა და სულაც არ ენაღვლება... - ფიფო წამით შეყოვნდა. - მისთვის, ძალიან ადვილი იქნებოდა, სხვისი გამწარება! რაა? არა?!
- სწორედაც რომ საქმე, მაგაშია. - მოხუცმა მძიმედ ამოიხვნეშა. - ვინ იყო, ის? რა იცოდა, თავის თავზე? არც არაფერი! არც არაფერს წარმოადგენდა და არც არავინ იყო! მან არაფერი იცოდა, საკუთარ წარმომავლობაზე და მიუხედავად ამისა, მაინც შესძლო და ყველაფერს მიაღწია! თავად მიაღწია და სწორედ ამაში იყო, მთელი მისი პიროვნების საიდუმლო ჩადებული! არც გამიკვირდებოდა რომც გამეგო, თუ თავს უდანაშაულოდ სცნობდა! - მოხუცი წამით შეყოვნდა. - შეიძლება თავს, სულაც არ სთვლიდა მკვლელად, მაგრამ მაინც მკვლელი იყო! და ეს არ იყო თვითგადარჩენა, ეს შურისძიება იყო! შურისძიება! მისი ტრაგიკული ბედის კვინტესენცია!
- და მეც მაგას ვამბობ და არ მეთანხმებით! მკვლელს რა ენაღვლება, სხივი დარდი? მთავარია, თვითონ მიიღოს, თავისი მსხვერპლის განადგურებით კმაყოფილება!
- ჰო! მაგაში გეთანხმები, მაგრამ... - მოხუცი კვლავ აქვითინდა. - თვითონ ობლობაში გაზრდილი, დედის ალერსს დანატრებული... დედას ბავშვს, არ ააცლიდა! დამიჯერე, ფიფო! ბავშვს, გულს არ ატკენდა. ყველაფერი დააბრალე, მხოლოდ ეგ არა! საკუთარ შვილს, დედას არ წაართმევდა. - მოხუცმა ამოიხვნეშა. - იმას იმდენად უჭრიდა ჭკუა და გონება, თუ მოინდომებდა, ისე გააკეთებდა მაგას, ისე შემოატრიალებდა ვინმეს ცხოვრებას, რომ... - მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა. - ასე არ იზამდა. შვილი თუ უნდოდა, ისე გააკეთებდა, რომ აქეთ გაატანდით სიხარულით... ასე არ იზამდა...
ფიფომ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია. თავადაც სწორედ ამას ფიქრობდა, მაგრამ მიმი, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ერთი პერიოდი, ასეც კი გაიფიქრა. თუმცა სადღაც მაინც, არ ეთანხმებოდა მიმის ვერსიას და ახლა, ბოლომდე უნდოდა გადაემოწმებინა. ამიტომაც თითქოს, ჯიბრში ედგა მოხუცს და თითქოს, ბოლომდე აღიარებას აიძულებდა.
- ამდენი წელი გავიდა... - ხვნეშოდა მოხუცი. - ძანეც როგორ დარდობდა, აღარ გვიკარებდა, სანამ დიმეო არ გაიცნო, მერე შემოგვიბრუნდა. ნუთუ, ერთხელ მაინც... ერთხელ მაინც, რაღაცნაირად ბავშვი, არ უნდა ენახა? ან ერთი და ან მეორე? ან შენ, რაღატომ იფიქრე, მასე? ნუთუ, გამოვიდა ციხიდან? როგორ გაათავისუფლეთ? როგორ გამოუშვით?! რანაირად?! ან სად იხდიდა, სასჯელს?
- მე... მე... არაფერი ვიცი... - ენის ბორძიკით დაიწყო ფიფომ. - მე არ დამიჭერია. სულ თავიდან კი, მე ვიძიებდი მის საქმეს, მაგრამ მერე ისე ჩამომართვეს და ისე აიყვანეს, რომ არაფერი ვიცოდი! მართლა არაფერი ვიცოდი. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო. - მხოლოდ ერთხელ ვნახე, ციხეში და მერე, არაფერი ვიცი. - ფიფო გაჩუმდა. აღარ იცოდა, ღირდა თუ არა მოეყოლა, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს.
- სად არ ვეძებე, სადღა აღარ მივაკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. შენ იმ დროს, აღარ მუშაობდი. მკურნალობდი და აღარც შეგაწუხე. ყველაფერი მოვიარე, არავინ არაფერი იცოდა. ან იქნებ, სულაც არც უნდოდათ სერიული მკვლელის გამოჩენის აღიარება? თუმცა პირიქით, მის დამჭერს, წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის, წესით, ჯილდოზეც უნდა ჰქონოდა პრეტენზია, მაგრამ არსად მისი ხსენება არ იყო!
- ჰო! - ფიფომ თავი დაუქნია. რა თქმა უნდა ეთანხმებოდა. ვერც თავად ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. ისიც კი იფიქრა, იქნებ გადარჩა და ოჯახის წევრები დაეხმარნენ აქაურობას რომ გასცლოდაო, მაგრამ ახლა ეს ვერსიაც, საბოლოოდ გამორიცხა. მოხუცი აშკარად გულწრფელად გლოვობდა და მოსთქვამდა.
- თან, სულ ამას ვფიქრობ. - განაგრძობდა ათრთოლებული ხმით მოხუცი. - იქნებ, სიკვდილი მიუსაჯეს და ამიტომაც არც არაფერი შეგვატყობინეს? ალბათ, არც ჩათვალეს საჭიროდ, რადგან მე ოფიციალურად, მის მამად არ ვითვლებოდი. ეჰ, ისე არც თავად მაღიარა და ძანეს ხომ არ შეატყობინებდნენ, აბა? ჩემმა თხა გოგომ კი, დრო იხელთა იმ არეულობისას და უცხოეთში გაეკიდა ვიღაც მხატვარს! მას მერე, აღარც გვკითხულობს.
- ჰო, ჩემი მეგობარია ის მხატვარი. მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, კარგად არიან.
- ეგდოს მერე, ან თუმცა, რა დროს ეგ არის ახლა, ჩვენი პატარა ბიჭი... - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ კარი გაიღო და მისი მეუღლე შემოვიდა.
- ხაჭაპური, ათ წუთში იქნება! - გამოაცხადა მხიარული ხმით ქალმა.
- არა, არაფერი არ გინდათ, მივდივარ უკვე. - ფიფო წამოდგა, მაგრამ ქალი წინ გადაუდგა, ასე უპატივცემულოდ, როგორ გაგიშვაო.
- დაანებე ქალო, თავი! კაცი საქმეზეა მოსული! - ლეპტოპზე მიანიშნა და ატირებული სახე უჩუმრად მოიწმინდა. - თუ ასე ძაან გინდა, შენი ხაჭაპური გაასინჯო, მაშინ გაუხვიე და გაატანე!
- გავატან, აბა რას ვიზამ! აქაც მიირთვას და სახლშიაც გავატან. - აქაქანდა ქალი.
- არა! არაფერი მინდა. - ფიფო უკვე ზედმეტი ყურადღებისგან წუხდებოდა.
- არავითარ შემთხვევაში! - უკან არ იხევდა ქალი. - ასე უპატივცემულოდ, ვერ გაგიშვებ!
- მაშინ, ყავას დავლევდი. მეტი არაფერი მინდა. - უხალისოდ უპასუხა ფიფომ. 
თუმცა ქალს, სტუმრის უხასიათობა, სულაც არ შეუმჩნევია, ისე იყო გართული მიპატიჟებაზე, რომ ყავასაც შეჰპირდა და ცხელ ხაჭაპურზეც, უარს მიღებასაც, დიდ წყენადაც სთვლიდა.
- რა შეუწუხე გული, მაგ შენი ხაჭაპურით! - დაუცაცხანა მოხუცმა. - ყავა მოგვიტანე.
- შენთვის, არ შეიძლება! - მიახალა მაშინვე ქალმა და ახლა შეამჩნია, მეუღლის ამღვრეული თვალები. - რას გიგავს სახე? წნევა გექნება აწეული და კიდევ ყავას ითხოვ?
- მაშინ, რამე გულის საშუალება მომეცი და დაგვაცადე ლაპარაკი!
ქალმა ბუზღუნ-ბუზღუნით გაიხურა კარი.
- ეს ლეპტოპი მუშაობს? - ფიფომ ვერცხლისფერ ლეპტოპზე მიანიშნა.
- კი, სულ ახალთახალია. ვაჩეს უყიდა ქირურგმა და სანამ ჩამოვლენ, მე შემანახინა, ძმებმა რომ არ გაუფუჭონ.
- აა, ვაჩესია... - თითქოს, დანანებით ჩაილაპარაკა ფიფომ.
- რა იყო?
- შეიძლება, რომ ვითხოვო? ერთი დღით?
- როგორ, არა! არც ვაჩე გეტყოდა უარს. უბრალოდ, ძმებს არ ანდობს და მე დამიტოვა. თვითონ კი ის ძველი, ჩემი აწყობილი წაიღო, ახალს გაუფრთხილდა, იქ არ დამიზიანდესო.
- ერთი დღით მჭირდება, თუ გავაფუჭებ, ახალს ვუყიდი. უბრალოდ ჩემი, სამსახურშია და ახლა, არც იქ გამოჩენა მინდა და არც ახლა, მაღაზიებში...
- წაიღე მერე და გამოიყენე! ჯერ მაინც არ ჩამოვლენ. თუმცა, ისევ შენი ჩამოსაყვანი იქნებიან, მაგრამ ახლა, რა დროს ეგ არის? წაიღე შვილო, წაიღე და გამოიყენე.
- აი, ყავაც. - დიასახლისმა ფიფოს, ფინჯანი წინ დაუდგა. - შენ კი, კორსიზი! ენის ქვეშ! - ქალმა წამალი გაუწოდა ქმარს. - ხაჭაპურიც მოვა, ხუთ წუთში.
- არა, არ მინდა. მართლა არ მინდა. - უხალისოდ მიუგო ფიფომ.
- ქალო, ხომ გითხარი? გაუხვიე და გაატანე!
ქალმა თავი დაუქნია და გავიდა.
- არა, რა გამატანოს. არაფერის წამღები არ ვარ, აი ლეპტოპს კი ვითხოვებ.
- ახლა არც შენ და არც მიმის, არც ჭამის თავი გაქვთ და არც ცხობის, წაიღე გირჩევნია.
- მე ის უფრო მირჩევნია, რომ ჯერ არავინ გაიგოს დიმეოს ამბავი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მხოლოდ ეს გაფრთხილება მივიღეთ, არც გამოსასყიდის ზუსტი ოდენობა ვიცით.
- არავის ვეტყვი, მაგრამ მეც გამაგებინეთ! ყველაფერი გამაგებინეთ. - მერე იმ ლურჯ ლეპტოპს გახედა. - ისე, როგორც კი ჩავრთე, მაშინათვე მივხვდი, ვისი ნამოქმედარიც იქნებოდა. თუმცა, გაფიქრებაც კი გამიჭირდა, ამიტომაც ვიკითხე, ვისიაო.
- ჰო, ესეც იმ ანდერძს ახლდა თან. ვერც მე და ვერც მიმიმ, ვერ გავხსენით.
- შეეშვი. ბევრი წვალება არ უყვარს ტექნიკას, მით უმეტეს, თუ ასე ეშმაკურად არის კოდირებული. გაიზრდება დიმეო და ის მიხედავს... - კაცს ისევ ცრემლი მოადგა. - ღმერთი გვიშველის, ფიფო! ვიპოვნით ბავშვს, ვიპოვნით! არაფერზე უკან არ დავიხიოთ, ყველაფერი დაუთმეთ, ოღონდ... ოღონდ... ჩავდოთ ეს ყველა სახლი ბანკში! არც ისე ცოტა თანხაა, რომ იცოდე. ჩვენ ერთი ოთახიც კი გვეყოფა. უარს არ გვეტყვიან სოფელში, ისედაც დაგვითმობენ, მით უმეტეს, თუ მფლობელები, თავად არც არიან. სხვა არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, იყოს ისე როგორც აქამდე იყო, რადგან შენი გაზრდილია... შენი შვილია...
- ჰო, ჩემია! ჩემი შვილია! ყველაფერს გავაკეთებ! ბავშვი სახლში დაბრუნდება! აუცილებლად დავაბრუნებ სახლში!

***
ფიფო ორი ლეპტოპითა და ხაჭაპურებით დახუნძლული დაბრუნდა სახლში.
- ფიფო რად გინდოდა ეს ქუჩის ხაჭაპური? - მსუბუქად უსაყვედურა მიმიმ.
- ვიცი, მიმი. ვიცი, რომ შენ ყელში არ გადაგდის, ვიღაცის გამომცხვარი ხაჭაპური, რადგან არც მათი მაკარონის ყველი მოგწონს და არც ცარიელ წყალზე მოზელილი ცომი.
- ჰოდა, რატომ იყიდე? - ამოიხვნეშა მიმიმ. - საჭმელი მაინც გვაქვს სახლში... - და ისევ თვალები აუცრემლდა.
- ჩვენი სოფლის ყველით არის. - ფიფომ ფრიალა თეფშზე ხაჭაპური დაანაწილა. - იმ, ჩვენი სოფლის.
- კი, მაგრამ... სად იყავი? - თითქოს მიუხვდა მიმიც. თუმცა, აზროვნების თავიც აღარ ჰქონდა.
- ძანეს ბებიამ გამოგიგზავნა, პირადად შენ და იცოდე! - თითი დაუქნია ფიფომ. - თუ ერთ ნაჭერს მაინც არ შეჭამ...
- რა დროს ჭამაა, ჩართე ლეპტოპი. - დაიჯღანა მიმი,
მიმი კი უხასიათოთდ ჩამოჯდა. ძანე, როგორც კი უხსენა, ამით მიახვედრა ფიფომ, სადაც იყო და მიმის აშკარად, რაღაც იმედი მიეცა და შედარებითაც, უფრო დამშვიდდა. ალბათ, ახლა უფრო სჯეროდა, რომ ბავშვი, ნამდვილად პიპას ჰყავდა გატაცებული და იმედი მიეცა, არაფერი დაუშავდებოდა.
- აბა, რაა! თან ჩავრთოთ და თან, ცოტა ვჭამოთ კიდეც! გალე, რას მიყურებ? - ფიფო ახლა დეტექტივს მიუბრუნდა. - შენც მიმისავით, ხვეწნა ხომ არ გინდა?
დიდ ხანს ათვალიერეს ჩანაწერები. ჯერ კიდევ, გათენებისთანავე, რაც იყო იქიდან მოყოლებული დაიწყეს ქექვა. ფიფომ ჯერ, დილის საათებში, სკოლასთან ოდნავ მიახლოებული მანქანების ფოტოები ამოიღო, არც ფეხით მოსიარულენი დაუტოვებია უყურადღებოდ. მიმიც დააფიქსირა, ბავშვი აშკარად, შევიდა დილით სკოლაში. ახლა სკოლის ეზოსაც ცალკეულად ჩაუკვირდა და უცებ, შეჰყვირა:
- აი, ნახეთ! - ფიფომ თითი დაადო მონიტორს. - ვიღაც გოგონას, გამოჰყავს დიმეო სკოლიდან! აი!
მიმიმ ამოისლუკუნა.
ფიფო კიდევ ისეთ ემოციებში იყო, რომ თითქოს, უკვე ნაპოვნი ჰყავდა ბავშვი.
- გადაახვიე! - უთხრა მიმიმ და უფრო მეტად ჩაუკვირდა ჩანაწერს.
- დააკვირდი აბა, კარგად. - უთხრა ფიფომ. - იქნებ, ის გოგონა, სახეზე მაინც იცნო.
- აი, უყურე! ხედავ? დაიცა, კიდევ გადავახვიო. - მიმიმ რამდენჯერმე, უკან დააბრუნა კადრი.
- რა? გეცნობა? - იმედი მიეცა ფიფოს.
- არა! დაიცა! - მიმიმ კვლავ დააბრუნა კადრი.
- ახლა ზუსტად მაგ დროს ვნახოთ, გარეთ ვინ დახვდა. - ვეღარ ითმენდა ფიფო. - ამდენი გადახვევა არ გინდა, ამას ცალკე ამოვწერ ახლავე.
- არა! დაიცა! დაიცა! - შეაჩერა მიმიმ. - დაუკვირდი, რა ხდება, დიმეო როცა გამოჰყავთ, იმის მერე!
- რა ხდება, რო? - ფიფო და გალეო, ერთდროულად ჩაუკვირდნენ, მაგრამ ვერაფერი შენიშნეს.
- ვერც შენ ხვდები? - მიმი ახლა, გალეოს მიუბრუნდა. - ვერც შენ, ფიფო?
- უჩვეულო, რა უნდა ხდებოდეს? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ბავშვები შედიან სკოლაში.
- ჰო! - თავი დაუქნია მიმიმ. - სკოლაში შედიან, შესვენების მერე, ბავშვი კი, დროზე ადრე გაიყვანეს, ვიდრე გაკვეთილები დამთავრდებოდა და ზუსტად შესვენებაც გათვალეს, რომ კლასიდან გაყვანა, შესამჩნევი არ ყოფილიყო... ყველაფერი... - მიმის ტირილი აუვარდა. - ყველაფერი დაგეგმილი იყო, ფიფო!
- ჰო, მიმი, ჰო. - ფიფომ ამოიხვნეშა. - აგერ ჩანაწერზე საათიც უჩვენებს, რომ ადრე გაიყვანეს, ამას ისედაც ვნახავდით. მოდი, რა მიმი, შეწყვიტე ტირილი და ახლა ბარემ, გარეთაც ვნახოთ, რომელ მანქანაში ჩასვეს.
ჩანაწერზე მკაფიოდ ჩანდა, ხელჩაკიდებული დიმეო, როგორ გამოიყვანა გოგონამ გარეთ. ბავშვს, უკან არც დაუხევია, რადგან მისთვის ნაცნობი მანქანა იყო და თავად ჩაჯდა. ფიფოს სუნთქვა შეეკრა. მანქანა მართლაც, რომ მისი სამსახურისას ჰგავდა, ფერითაც და მარკითაც, თუმცა ნომერი, სპეციალურად ისე იყო დაბურული ჭუჭყისგან, რომ არ იკითხებოდა. ის უფროსკლასელი გოგონა კი, სკოლაში სულაც აღარ შებრუნდა, არამედ მეტროს მიმართულებით განაგრძო გზა და სავარაუდოდ მეტროშიც ჩავიდა.
რაც შეეხებოდა მანქანას, დაიძრა თუ არა, მაშინვე სხვა ავტომობილების მასაში გაერია და არსებულ ჩანაწერში, უკვე აღარც კი ჩანდა.
- ასე სახლში მოტანილი მასალით, შეუძლებელია მის კვალს გავყვეთ. - დაიწყო გალეომ. - გავალ მე და ადგილზევე ვნახავ, სად იყო შესაძლებელი შეხვევა და სად არა.
- ჰო, ჰო... - თავი დაუქნია ფიფომ.
- ის, გოგო... ის გოგო... - მიმიმ ფიფოს გახედა. - დიმეოს კლასელმა მითხრა, უფროს კლასელი გოგო იყოო, მაგრამ ჩვენი სკოლის ფორმა, არ ეცვაო... ჰო! ახლა გამახსენდა, ჩვენი ფორმა, არ ეცვაო, რომ მითხრა, თუმცა მაშინ არც...
- გალე! - მიმართა ფიფომ. - ის გოგოც გვინდა, რადგან მეტროში ჩავიდა, სადღაც ხომ ამოვიდოდა? შეიძლება სულაც, უკანვე ამობრუნდა?
გალეოს წასვლის მერე დიდხანს ისხდნენ მდუმარედ. ფიფო კვლავ ათვალიერებდა ჩანაწერებს, სხვა დროს და საათებსაც არაერთხელ გადახედა. 
- ვიღაცას უღიმის და ისე ჯდება, შენც შეამჩნიე, ხომ? - ჩაეკითხა მიმი.
- ჰო, ნუ... - ფიფომ თავი გააქნია. - თითქოს გაუღიმაო, მაგრამ ამ ჩანაწერს, იმდენი ხარვეზი აქვს...
- გგონია, მეჩვენება? - მიმი ემოციებს ვეღარ ერეოდა. - ნახე! აბა, კარგად დააკვირდი! კარი შინგიდან გაუღეს, ვიღაცას უღიმის! იმას, ვინც უკან ზის და მერე ჯდება მანქანაში!
- ნუ, ჰო. - როგორც იქნა, დაეთანხმა ფიფო და ის იყო, იმ აზრმა გაუელვა, რომ ახლა მიმიმ არ იკითხოს, ბავშვი პიპას, საიდან იცნობდაო და მიმიმიც არ დააყოვნა კითხვა:
- კი, მაგრამ საიდან იცნობდა? როდის გაიცნო? სად?
- ეჰ, ეგ რომ ვიცოდე... - ფიფომ ამოიხვნეშა. - არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ეხმარება. ის ვისაც, დიმეო, დიდი ხანია და კარგად იცნობს, ამიტომაც ენდო და უპრობლემოდ ჩაუჯდა მანქანაში.
ამ ბოლო აზრს, ფიფო ისედაც ეყრდნობოდა. დიმეო საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი იყო და უცხოს მანქანაში, ასე ადვილად არ ჩაუჯდებოდა. მიმი და ფიფო ხშირად არიგებდნენ და ბავშვმაც კარგად იცოდა ეს, არა ერთი მაგალითი და ფილმიც კი აჩვენეს ბავშვების გატაცებაზე და უცხოების მინდობლობაზე.
„ჰო, აშკარად ვიღაც ნაცნობია, მაგრამ ვინ? საიდან? ეჰ, მიმის ისევ პიპა ჰგონია და ჯერ ეგონოს რა? მერე?
მერე, არც არაფერი.
მაგრამ ვინ ნაცნობი, ვინ? და თან, საკმაოდ კარგი ნაცნობი, იმდენად კარგი, რომ ბავშვი, ასე თავისუფლად ენდო.
ჩემი საწყალი პატარა, როგორ ადვილად გამიბრიყვეს.“
წუხდა ფიფო.
„ჯერ ნაცნობი მანქანა, ჩემი მძღოლის მანქანის მსგავსი და მერე მანქანაშიც, ვიღაც კარგად ნაცნობი.
ეჰ, იფიქრე! იფიქრე, შენ ჩემო უტვინო თავო! იფიქრე!“
ფიფომ ღრმად ამოიხვნეშა და წამოდგა. სიგარეტისგან გაბუღულ ოთახზე, მიმი უკვე პრეტენზიასაც აღარ აცხადებდა. თითქოს, ვეღარც გრძნობდა უკვე. ფიფომ ფანჯარა გამოაღო, ზამთრის სუფთა ჰაერი, ღრმად ჩაისუნთქა და უცებ, თავში რაღაც აზრმა გაუელვა. ისევ ლეპტოპს დაუბრუნდა, იმ გოგონას რამდენიმე ფოტო, ტელეფონში ამოიწერა და სადღაც, რაღაც მესიჯით გააგზავნა. სულ მოკლე ხანში, პასუხიც მიიღო.
- ჰმ, ასეც ვიფიქრე... - ჩაიბურტყუნა თავისთვის.
- რა იყო, ფიფო! რა ხდება? - წამოიძახა მიმიმ.
- სულ ცოტაც, მიმი შემოგევლე! მოითმინე სულაც ცოტაც და დიმეოს დავაბრუნებთ! აი, ნახავ, სულ ცოტაც მოვითმინოთ, სულ ცოტაც გავუძლოთ და დავაბრუნებთ!
- მიაგენი ფიფო? იპოვნე? - მიმის თვალები აენთო.
- უკვე ვიცი, საითკენ ვეძებო! ვიცი, მიმი! ვიცი! - მთელი სისწრაფით მოძებნა გალეოს ნომერი. - სასწრაფოდ, ბიჟუ დაკითხვაზე მოათრიე! მეც მოვდივარ!
- რა? - იკითხა გაოგნებულმა მიმიმ. - რა, ბიჟუ? ბიჟუ, რა შუაშია?
- შუაში? - ცინიკურად ჩაეღიმა ფიფოს. - რა ვიცი? იქნებ, თავშია!
- რაა? - მიმი ახლა უფრო დაჭყიტა თვალები. - აბა ის?.. ის?.. - მიმი არასდროს მოიხსენიებდა პიპას სახელით. თითქოს, მისი სახელის ხსენებაც კი, ცალკე ზიზღს იწვევდა მასში და ეს ზიზღი, უფრო საკუთარი თავის მიმართ იყო. თავს უმეცრად და უტვინოდ სთვლიდა. აბა როგორ შეეძლო, ასე ბრმად და ყრუდ მინდობოდა მკვლელს და თანაც, სერიულ მკვლელს.
- იის? - აქეთ ჩაეკითხა ფიფო. - ხომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მარტო, არ მოქმედებს, ამიტომ ყველას და ყველაფერს, ერთმანეთთან ვაკავშირებ.
- კი, მაგრამ შენც ხომ დაინახე, რომ დიმეომ, გაუღიმა ვიღაცას! ვისაც იცნობდა და რა შუაშია აქ, ბიჟუ და ის გოგოები? დიმეს, ანდრაც კი არ ჰყავს თვალით ნანახი.
- მიმი, დამშვიდდი და კარგად მომისმინე. - ყველაფერი, ყველაფერთან არის კავშირში და მეც ისეთი მხრიდან უნდა დავეცე თავს, საიდანაც არ ელის. ახლა, გასაგებია? - ძლივს მოაბა თავი ფიფომ ახსნას და როგორც იქნა, მიმიც დაარწმუნა და ცოტა მაინც დაამშვიდა და დააიმედა.
LEX. 2020 წლის 5 აპრილი, კვირა.

No comments:

Post a Comment