Thursday, March 12, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 49)

49.
ანდრა საშინელ ხასიათზე იყო. მთელი ღამე გაათენა. ვერც ქირურგმა მოისვენა იმ ღამით. უკან დასაბრუნებლად, თუნდაც რამდენიმე დღითაც უკვე აღარ ემეტებოდა ეს გოგო.
გამთენიისას, ანდრას უკვე ბარგი შეეკრა და მდუმარედ ელოდა „განაჩენს“.
- მითხარი რა გავაკეთო, რომ იქ აღარასდროს დაბრუნდე? - ნაღვლიანი ხმით ჰკითხა ქირურგმა.
- რა ვი? - მხრები აიჩეჩა ანდრამ.
- იცი, ბევრი რამ შენზეა, თუ მოგეწონა აქ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ იქითკენ აღარასდროს გაიხედო.
- მართლა აღარ მინდა იქ, მაგრამ...
- მე რომ დაველაპარაკო ბიჟუს? ან იქნებ, ვინმე უფრო გავლენიანს?
ანდრამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
ყველაფერი გასაგები იყო. ქალბატონი ბიჟუ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. სავარაუდოდ, სწორედ ის კაცი ჩანდა ბიჟუზე უფრო მაღლამდგომი, მაგრამ იქნებ მხოლოდ და მხოლოდ, ასე ჩანდა და სინამდვილეში კი სულ სხვა სისტემა ამუშავებდა ამ საცოდავ ბავშვებს.
ანდრამ ისე ამოიხრა, რომ ლამის გულიც ამოაყოლა, წამოდგა და ჩანთას დასწვდა.
- დაჯექი! - მიმართა ქირურგმა. - ამოალაგე ეგ ჩანთა, არსადაც არ წახვალ!
- მე... მე... მერე შენ რომ ჩემი გულისთვის, პრობლემები გქონდეს? - ძლივს წაილუღლუღა ანდრამ.
- რა პრობლემები? მომკლავენ? ჰაჰ!
ანდრამ ამოიხვნეშა.
- ცოტა ხანში გავალ, ბიჟუს დაველაპარაკები და ვნახოთ ჯერ, რას მეტყვის.
- არ დაგთანხმდება! აი, ნახავ! სულ ტყუილად მოგიწევს იქ მისვლა და...
- ვცდი, მაინც და მერე ვნახოთ!
- არა, არ გამოვა! შეიძლება იცი რა მოხდეს მერე?
- რა უნდა მოხდეს? მხოლოდ ვცდი და მერე ვნახოთ! იქნებ როგორმე, გარკვეულ თანხაზე შევთანხმდეთ? ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ კარგი მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით, როგორმე ერთ პატარა გოგოს, ბედნიერ ღიმილს ვაჩუქებ.
- იცი? ზოგიერთ გოგოს მართლაც გაუღიმა ბედმა და იქიდან წაიყვანეს, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ... ყველას არა და... და... უბრალოდ ქუჩაში გაყარეს!
- რატომ? რამე იყო ისეთი, რომ ეჭვი შეგეპარა? არ გჯერა, რომ იქაურობას თავი როცა დააღწიეს, ბევრად უფრო კარგად არიან?
- რა ვი? ზოგი ბედნიერი, სიხარულით გამოგვემშვიდობა, ბევრი რამ საჩუქრადაც დაგვიტოვა, ზოგიერთმა კი არც გვიკადრა და არც არაფერი, პირადი ნივთიც კი დატოვა, ამიტომაც ვიფიქრე, რომ ისე მოისროლეს ქუჩაში პირადი ნივთებიც კი არ გაატანეს, თუნდაც საყვარელი... საყვარელი... - ანდრამ თვალი ვეღარ გაუსწორა.
- რა საყვარელი? - ჩაეკითხა ქირურგი. - რამე ისეთი, რასაც არასდროს იშორებდა და მუდამ თან დაჰქონდა?
- გეხვეწები, არაფერი უთხრა! გთხოვ! - ანდრა მთელი ხმით ატირდა. - გთხოვ! ვიცი, მერე რაც მოხდება. ვიცი! რამდენიც იქ მოხვალ ჩემს სანახავად, იმდენჯერ გეტყვიან, რომ დაკავებული ვარ ან სხვა რამეს მოიფიქრებენ! ვიცი მე, ეს ასეა!
- და იყო, მსგავსი შემთხვევა?
ანდრამ, უხმოდ დაუქნია თავი.
- შენზე? - ჩაეკითხა ქირურგი.
ანდრამ უარყოფის ნიშნად, თავი გააქნია.
- მდაა... - ქირურგმა ამოიხვნეშა.
- ის გოგო დიდი ხნით აღარ გამოჰყავდათ, სულ იწვა და ეძინა. ალბათ ეძინა. ცალკე ოთახში იყო, გამოკეტილი. ვითომ თვითონ ჩაიკეტაო, სინამდვილეში კი, ჩემი თვალით დავინახე, ბიჟუმ გარედან გასაღებით როგორ გააღო კარი.
- მერე? ახლა სად არის ის გოგო?
- რა ვი? დიდ ხანს აღარც უხსენებიათ და მგონი წავიდაო.
- ესე იგი, ადგა და წავიდა?
- რა ვი? - მხრები აიჩეჩა ანდრამ. - იმ გოგოს ოთახში ახლა, სხვები ცხოვრობენ... - ანდრას თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უმალ გაჩუმდა და თვალიც აარიდა.
- ესე იგი, მოახერხა იმ გოგომ და დაგტოვათ, არა? და საყვარელი ნივთებიც კი არ წაიღო, ისე? - უფრო მეტად ჩაეკითხა ქირურგი, რადგან ხვდებოდა, ანდრას კიდევ, რაღაც ჰქონდა სათქმელი.
გოგომ არაფერი უპასუხა. კვლავ თავჩაღუნული იჯდა. 
- და შენ რა იცი, საყვარელი ნივთი იყო თუ არა? - განაგრძო ქირურგმა - იქნებ, იქაურობას რაც ახსენებდა, ყველაფერი მოიშორა და უკან მოიტოვა?
- ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, მერე ერთად გავიქეცით და ქუჩაშიც ერთად ვცხოვრობდით... - წაილუღლუღა ანდრამ.
- ქალბატონ ბიჟუსთანაც ერთად მოხვდით ალბათ და როგორ? საიდან აგიყვანათ?
ანდრა გაიტრუნა, არაფერი უპასუხა. ქირურგმა ამოიხვნეშა და კვლავ განაგრძო:
- თუ ყველაფერი დაწვრილებით არ მეცოდინება, ისე ვერ დაგეხმარები, რადგან იმ წვრილმანში, შეიძლება ისეთი ნიუანსი გამოიქექოს, რომ ეგ შენი, ეგრეთ წოდებული, ქალბატონი ბიჟუ, ყურებით დავიჭირო!
- არ არსებობს! ქალბატონ ბიჟუს, ვერავინ ახლებს ხელს! თანაც, სულაც არ არის ცუდი ქალი, არასოდეს გვცემს და ყოველთვის უნდა, რომ ლამაზები ვიყოთ და კარგად გამოვიყურებოდეთ!
- ჰო, რა თქმა უნდა! ლამაზები და კარგები! - მწარედ ჩაეღიმა ქირურგს. - მომიყევი იმ გოგოზე, ერთად რომ იზრდებოდით. ალბათ, ყველაზე მეტად, მასთან იყავი ახლოს და ისე მიგატოვა, რომ უკანაც არ მოიხედა და ნეტა, რატომ?
- ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამიც კი არ წაიღო. - ანდრას თვალები ცრემლით აევსო. - მპირდებოდა, არასოდეს მოვიხსნიო და...
- და, რა? - არ აცლიდა ქირურგი.
ანდრამ ამოიხვნეშა და კისრიდან ტყავის ღვედზე გამობმული, ორი ვერცხლის ყელსაბამი ამოიღო.
- ეს თევზებია, ჩვენ ორნი ვიყავით და ესეც ორი თევზია, მისი ჰოროსკოპია ჩემი კი, ეს ტყუპებია და ისიც ორია.
ყველაფერი გასაგები იყო, ისე გააქრეს ის პატარა გოგო, რომ მისგან კვალიც კი არ დარჩა. ქირურგს უბრალოდ გაუმართლა ანდრასთან და მთელი კვირა დატოვეს, იმის გამო, რომ კინაღამ სხვა გოგო შემოაკვდათ და რატომ? თუ კი ასეთი სუფთა ნარკოტიკი იყო, რატომ იხოცებოდა ხალხი? თუმცა, ჯერ მხოლოდ, ორი შემთხვევა იყო ოფიციალურად დაფიქსირებული და იქნებ სულაც, ბევრად მეტი ყოფილიყო?
- იცი, რა მაინტერესებს? - დაიწყო ქირურგმა. - მხოლოდ, გულახდილად უნდა მითხრა.
- შენ რატომ უნდა მოგატყუო? - წაიკვნესა ანდრამ.
- ამ ეგრეთ წოდებული ხელფასით, როგორ ახერხებთ ისე, რომ დოზას თავისუფლად ყიდულობთ?
ანდრამ თავი ჩაღუნა, არაფერი უპასუხა.
- ანდრა! - დაიწყო ქირურგმა. - სულელი არ ვარ, ბევრ რამეს ვხვდები, მაგრამ თუ გინდა, რომ დაგეხმარო, შენგანაც უნდა ვიცოდე სიმართლე.
ანდრამ ქვემოდან ამოხედა, მაგრამ ვერც ახლა გაუსწორა თვალი.
- ალბათ, ყოველი დოზა, გარკვეულ გასამრჯელოში შედის არა? ხან ისე ბონუსი, ხან ასე.
ანდრამ თავი დაუქნია.
- გასაგებიააა! - ჩაილაპარაკა ქირურგმა.
„რა თქმა უნდა, სრული კონტროლისთვის, ნარკოტიკი „უებარი საშუალებაა“. ამ საცოდავებს კი, საჩუქარი ჰგონიათ და როცა დოზა მიაკლდებათ, იქვე აღებულ ფულს, მაინც იქვევე ხარჯავენ. ჰმ, მშვენიერი ფულის ბრუნვა მოუფიქრებიათ.“
ქირურგი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, არც განძრეულა. ანდრა იქვე გატრუნულიყო და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.
- აქ იყავი. - წამოდგა ქირურგი და ოთახიდან გავიდა. როგორმე ფიფო უნდა დაეთანხმებინა, რომ ანდრა დროებით სადმე გადაემლათ.
ფიფოს ხმის გაგონებისთანავე, ქირურგმა მაშინვე მიახალა რაც უნდოდა.
- მოვალ! - მხოლოდ ეს უპასუხა ფიფომ და ტელეფონი გაუთიშა.
გოგონა კვლავ დამწუხრებული სახით იჯდა. საუზმესაც არ დააკარა პირი. ფიფოც მალევე მოვიდა, დიდხანს არც ალოდინა, მაგრამ მაინც ის ნახევარი საათი, ლამის ნახევარ საუკუნედ ეჩვენებოდათ ქირურგსა და ანდრას.
- ცალკე დაველაპარაკები! - თითქოს, ბრძანებასავით გასცა ფიფომ და ქირურგი, ოთახიდან გაისტუმრა.
ანდრა აკანკალდა. საშინლად შეეშინდა ფიფოსი. იქნებ, ისიც იფიქრა, დაჭერას ხომ არ მიპირებენო.
- ახლა, ყურადღებით მომისმინე. - დაიწყო ფიფომ დაბალი ხმით. - შენ უკან უნდა დაბრუნდე, მაგრამ დროებით და ახლავე აგიხსნი, რატომაც.
ანდრამ დაბნეული თვალები შეანათა, ისევ დახარა და ასე ელოდა განაჩენს.
- რამდენი ხართ სულ? - ჰკითხა ფიფომ.
- ზუსტად არ ვიცი... - ძლივს ამოილუღლუღა გოგომ.
- ნუ დაახლოებით? - ჩაეკითხა ფიფო. - ათი, თორმეტი, თხუთმეტი?
- შეიძლება თხუთმეტი ან?.. ან... არ ვიცი...
- ესე იგი, ყველას არ იცნობ და შენ, ასე ვთქვათ, შენი სამეგობრო წრე გყავს, ხომ?
ანდრამ უხმოდ დაუქნია თავი.
- გასაგებიააა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - იცი, შენი ახლავე იქაურობიდან სამუდამოდ მოშორების, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ მერე ის შენი მეგობრები, ნუთუ არ გეცოდება? თუნდაც, ის ხუთი-ექვსი გოგო, ვისთანაც მეგობრობ? ნუთუ, არ გინდა, იმათაც რომ დავეხმარო?
- კი, როგორ არ მინდა! - წამოიძახა ანდრამ.
- აი, ამიტომაც მინდა, რომ დღეს, უკან დაბრუნდე! მხოლოდ, დროებით! გესმის? - ფიფომ თვალებში ჩახედა.
ანდრა კვლავ დამფრთხალი ჩანდა, ვერაფერი უპასუხა, ფიფომ კი განაგრძო:
- მარტო შენი სამეგობრო კი არა, ყველა ბავშვი უნდა გამოვიყვანო იქიდან! არ მინდა წინასწარ ტყუილად დაგპირდე, რომ ყველას კარგ ოჯახებში მოვაწყობ, მაგრამ ვეცდები, სულ სხვა პირობებში, სულ სხვა გარემოებაში გააგრძელონ ცხოვრება და არა ისე, როგორც ახლა ცხოვრობენ! და ამისთვის რა არის საჭირო, იცი?
ანდრამ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- შენი დახმარება! ეგ არის ახლა აუცილებელიც და საჭიროც!
- ჩემი? - გაიკვირვა გოგომ.
- ჰო! შენი! - თავი დაუქნია ფიფომ. - შენ ახლა თუ არ მიბრუნდები, იეჭვებენ, რომ მახეს ვუგებ. - და უცებ ფიფო გაჩერდა. ესეც კი ზედმეტი იყო, რაც უთხრა. მაინც სიფრთხილე იყო საჭირო, გოგონას უნებლიეთ, რამე რომ არ წამოეროშა. - მიბრუნდები იქ, ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას და აი, ნახავ სულ მალე, ისევ აქ იცხოვრებ! ამ სახლში! ხომ მოგწონს აქ?
ანდრამ ცრემლნარევი ღიმილით დაუქნია თავი.
- გპირდები! - განაგრძო ფიფომ. - აღარასდროს მოგიწევს იქეთ გახედვა, მაგრამ დაიმახსოვრე! არავისთან კრინტიც არ უნდა დაძრა! გესმის?!
- ჰო... - წაიკნავლა ანდრამ, თუმცა მის თვალებში, სიხარულზე უფრო მეტი, დარდი იყო.
- გინდა, ერთი რჩევა მოგცე?
ანდრამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. 
- დაიცა! - ფიფომ კართან ატუზულ ქირურგს გასძახა. - მანდ დგომას, იქნებ ერთი ფინჯანი ყავა მაინც დამალევინო!
- ისე, არც ჩვენ გვისაუზმია ჯერ. - ქირურგმა ღიმილით შემოჰყო თავი.
- მერე? - გაეცინა ფიფოს. - რას უდგახარ? სანამ ჩვენ ვიჭორავებთ, შენ გვასაუზმე, მერე ანდრას მიუბრუნდა. - ჰოდა, რას ვამბობდი? - ფიფომ კვლავ ამოიხვნეშა. - რჩევა მინდა მოგცე, იქ როცა დაბრუნდები, მაშინათვე უხასიათობა მოიმიზეზე. ეს შენი საჩუქრებიც იქვე მიაგდე, ვითომ დიდად, აღარც გაინტერესებს, მიწექი საწოლზე და არ ადგე! იმედია ზედმეტად არ გაიძულებენ ადგომას. მიზეზს გკითხავენ, თუმცა ბიჟუ, ისედაც მიხვდება, მაგრამ მაინც გკითხავს, შენ იტყვი, რომ ძლიერ შეგიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის, ბაბუად გეკუთვნის, ნუ დანარჩენს მერე, შენ შეალამაზებ. მთავარია, სრული უიმედობა გეტყობოდეს სახეზე. გასაგებია გოგონი?!

***
ყველაფერი, ფიფოს გეგმის მიხედვით წარიმართა. იქ მისულ ქირურგს, სულ მოკლე ხანში, მთელი განყოფილება დაადგა თავს. ზედმეტი ხმაურის გარეშე გამოიყვანეს „საპატიო სტუმრები“, ცალ-ცალკე მანქანებში ჩასვეს და ისე წაიყვანეს დასაკითხად. ქირურგი კი ვაჩესკენ გააქანეს, სადაც უკვე იქ, სულ სხვა მანქანით და სულ სხვა გზით მიყვანილი ანდრა ელოდა.
ვაჩესაც, დედამისსაც და ძანეს ბებია ბაბუასაც უთხრეს, რომ ანდრა, საკმაოდ სერიოზული დანაშაულის მოწმეა და მისივე უსაფრთხოების მიზნით, დროებით სანდო ადგილას უნდა გადამალულიყო. ვაჩეს დედამ პირველი გამოთქვა სურვილი, რადგან სულ იმის ძახილში იყო, თქვენი ვალიდან ვერასდროს ამოვალთო, ამიტომ თავად ითავა გოგონას გადამალვა. მაგრამ  „ვალის გადახდა“, მხოლოდ რამდენიმე საათით მოუწია. იმავე ღამესვე ფიფო დაადგა თავს.
- ანდრა! - მიმართა ფიფომ. - თხილამურებზე დგომა, თუ იცი?
- არააა... - გაკვირვებული ხმით მიმართა გოგომ. - აბა, საიდან?..
- არც მე ვიცი. - ვაჩესაც არანაკლებ, გაკვირვებული ხმა ჰქონდა.
- სამაგიეროდ, მე ვიცი! - ჩაურთო ქირურგმა. - თუმცა შეიძლება, აღარც მახსოვს!
- ჰოდა, მოგიწევს გახსენება. - სიცილით დაუმატა ფიფომ.
- სიამოვნებით, მაგრამ?..
- მოკლედ, სანამ ახლა ეს ამბებია, სულაც არ მინდა, რომ პირადად შენ, ქალაქში გამოჩნდე. - მიმართა ქირურგს ფიფომ. - ზოგ-ზოგიერთებმა ჩათვალონ, რომ შენც დაკავებული ხარ.
- და სადმე მთაში გავიხიზნოთ? - ჩაეღიმა ქირურგს.
- რატომაც, არა! - დაუმატა ფიფომ. - ბავშვი ჰაერს და გარემოს გამოიცვლის, აბა აქ ხომ არ გამოგკეტავთ ორივეს? სავარაუდოდ, გამოკეტვა ისედაც შეიძლება მოუწიოს, სანამ ეს ყველაფერი ბოლომდე არ ამოიწურება.
- ჰო, მაგრამ ამ ბავშვის გამოკეტვა?.. - ქირურგს გული შეეკუმშა, ალბათ იფიქრა, რომ ანდრას დაკავება ხომ არ ემუქრებაო.
- ჯერ არ ვიცი, ამ ბავშვებზე რა საბუთებია გაფორმებული, შეიძლება ვინმე პრეტენზიებითაც მოვიდეს, ჩემი შვილიაო და...
- და შეიძლება, სულაც არ იყოს მასე! - არ აცალა ქირურგმა ფიფოს.
- ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ, ახლა დროებით, ცოტა მთის ჰაერი ჩავაყლაპოთ და მერე, ვნახოთ!
- ჰო, მაგრამ... მე... - ქირურგი შეყოვნდა. - ბებიაჩემს, ასე უცებ, ვერ დავტოვებ, სანამ ვინმეს არ მოვძებნი, საერთოდ კლინიკიდან მყავს შეთანხმებული, როცა არ ვარ ხშირად ის მოდის, მაგრამ ახლა, ხომ გაირკვევა...
- წაიყვანე მერე თან, თოვლში აგუნდავე, ციგითაც ასრიალე. - ეღიმებოდა ფიფოს.
- პრინციპში, ჰო. - დაეთანხმა ქირურგი. - წუწუნებდა, ხშირად მახველებსო და მოუხდება მთაში.
მთელი ამ საუბრის განმავლობაში, ვაჩე არ ერეოდა და აშკარად, ყურებჩამოყრილი იჯდა. ფიფოს ეღიმებოდა და თითქოს, ვერც ამჩნევდა ბიჭის ასეთ მოწყენილობას, ბოლოს ვეღარ მოითმინა და შეუძახა:
- ვაჩე! რა პირი დაგიღია? - მიდი, ჩანთა ჩაალაგე! გაქვს თოვლში ჩასაცმელები?
- ვნახავ რამეს! - გამოცოცხლდა ბიჭი.
- არა, მასე არ გამოვა. - მიმართა ფიფომ. - მუხლამდე თოვლში, ვნახავ რამე, არც ტანსაცმელი გამოდგება და არც ფეხსაცმელი. - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - ამაღამ დაისვენეთ, ხვალ დილიდან მიმის გამოვუშვებ. ვაჩე, შენც წაჰყევი და რაც საჭიროა შეგირჩევთ. თქვენ კი? - მიუბრუნდა ქირურგს და ანდრას. - ამათ მოსვლამდე, ცხვირიც არ გამოჰყოთ გარეთ!
- და რომ არ მომერგოს სხვისი არჩეული? - წაიწრიპინა ანდრამ.
- უფრო სწორად, რომ არ მოგეწონოს? - ჩაეცინა ფიფოს. - ეგ მიმიმ, არ გაგიგოს, თორემ მაგ ფაჩუჩებით მოგიწევს თოვლში სრიალი!
თითქოს ყველაფერი კარგად წარიმართა. დაკავებული „საპატიო სტუმრები“, ერთმანეთის მიყოლებითა და ვითომდა დიდი ბოდიშების მოხდით გაუშვეს სახლებში, ეგ ისედაც მასე იქნებოდა. ფიფომ მშვენივრად იცოდა და ღიმილით ადევნებდა თვალს, სამმართველოდან ბუზღუნ-ბუზღუნით გამოსულ, ბორდელის ძვირადღირებულ კლიენტებს. გოგონები კი დროებით, სოციალური სამსახურის ოფისებში გადაანაწილეს, სანამ მათ პატრონებს ან ნორმალურ ოჯახებს მოუძებნიდნენ. თუმცა, უმეტესობას „გამოსაფხიზლებლად“, სასწრაფო რეაბილიტაციის გავლა მოუწევდა.
ისევ მიმისთან, ფიფოს კაბინეტში იკრიბებოდნენ. საქმის პირველი ეტაპის, ასე წარმატებით დასრულების, საბოლოო ანგარიში უნდა შეედგინათ.
- შენს კაბინეტში ხომ იცი, რომ გისმენენ და მაინც ყველაფერზე საუბრობთ იქ და თანაც, მოსასმენებიც არ მოაშორე.
მიმი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ხვდებოდა, ფიფოს რა განზრახვა ჰქონდა და ასე მსუბუქად საყვედურობდა, რასაც ფიფოს სიცილი მოჰყვა.
- მიმი შენ თუ გინდა, რომ შენთან აღარ შევიკრიბოთ, მითხარი და...
- იცი, რასაც ვგულისხმობ! - იწყინა მიმიმ. - ეს სახლი კი ჩვენია, ერთად შევიძინეთ, თუ გახსოვს და კაბინეტი კი შენია, სადაც იცი, რომ მოსასმენები დაგიყენეს და...
- ერთხელ უკვე ავხსენი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - თუმცა ლაითად, მაგრამ მაინც!
- კი, მახსოვს.
- სჯობს მისმინონ და ვიცოდე, სად და რამდენი უნდა ვილაპარაკო, ვიდრე... გასაგებია? - ფიფო სიგარეტს დასწვდა. - სასურველია, ის ინფორმაცია მიეწოდოთ, რომელიც მე მაწყობს და თანაც, პირადად ჩემგან არა. - ფიფომ სავარძელზე გადადო თავი და ნეტარი სახით გამოუშვა სიგარეტის კვამლი.
ყველაფერი საათივით აეწყო, მაგრამ ბოლომდე მაინც ისე ვერ იყო, როგორ ფიფოს ჰქონდა ჩაფიქრებული. ქალბატონი ბიჟუ, ბევრს ეცადა, მაგრამ ჩანდა, რომ სასჯელი მაინც არ ასცდებოდა. თუმცა, თავისი უდიდესი სანაცნობო კავშირებით, შედარებით შემამსუბუქებელი გარემოებებით დაიძვრენდა თავს და ახლა ეს ფიფოს, უკვე სულაც აღარ ანაღვლებდა, რაც მთავარი იყო, ნარკობიზნესის დიდ ბუდეს მიაგნო და უკან დახევას, აღარც აპირებდა.
- მაინც, როგორ მიაგენი? - ხითხითებდა ნათლია და ეს ხითხითიც, სიმწრის ხველაში გადადიოდა.
- ახლა თავიდან ნუღარ მომაყოლებ, ყველაფერი დეტალებში ჩავაწიკწიკე და ისე მოგართვით. - უპასუხა ფიფომ. - ისედაც იცი, რომ ასე უცებაც არ ხდება ამის გაგება. თანაც მე, არაფერი წვლილი არ მიმიძღვის, გამზადებული საქმე მომიტანეს.
- და შენც ეგრევე ჩაეჭიდე, არა? - ეცინებოდა ნათლიას.
- მაშინვე ვიმოქმედე, აბა რას დავლოდებოდი? ბარემ, ახალი წელიც კარზეა.
- ჰო, ჰო! ბევრს რა ჩაუმწარე. - კვლავ ახითხითდა ნათლია, თუმცა ფიფომ მშვენივრად შენიშნა, მის თვალებში, სულ სხვა რამ ელვარებდა.
ისედაც კარგად იცოდა, ეს „ძვირადღირებული სტუმრების“ დიდი ნაწილნი, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ.
„ალბათ, რამდენი დაეწუწუნებოდა ნათლიაჩემს, არიქა, ხელი დაგვაფარეო.“
ფიფო არც შემცდარა და ზუსტადაც მასე იყო. ნათლიას მუდარითა თუ მუქარით ბევრი შეეხმიანა, ეს შენი ფიფო გააჩერე თორემ, შენი ხათრით ჩვენსავით, არავინ მოუთმენს და სხვას ისეთს მოუწევს მისი გაჩუმება და მერე, გვიან იქნებაო.
- ჰოდა, დაისვენე ახლა. - განაგრძო ნათლიამ. - მთავარი საქმე, გაკეთებულია! დანარჩენ წვრილმანს, ის  სხვა წვრილმანი თანამშრომლები მიხედავენ!
ბოლო სიტყვები, ფიფოს თითქოს, ბრძანებასავით მოესმა და მშვენივრადაც მიუხვდა, ნათლია რასაც გულისხმობდა. შენ მოეშვი ამ საქმეს, ახლა სხვას დაუთმეო და ამ დათმობის უკანაც კიდევ, ბევრი რამ იმალებოდა და იჩქმალებოდა.

***
მამამისმა მოაკითხაო, მიმის რომ უთხრეს, ცოტა კი გაიკვირვა და სადღაც, არ ესიამოვნა კიდევაც, მაგრამ არ შეიმჩნია.
„დაერეკა მაინც. ხომ იცოდა, დღეს რომ მე უნდა მიმეკითხა?“
თავიდან კი გაბრაზდა, მაგრამ მაშინათვე ჩაეღიმა.
„ალბათ მამა-შვილი, რამეს ეშმაკობს, ან?.. ან იქნებ, სულაც საახალწლო სიურპრიზს აწყობენ? უჰ, მე კი გამიხეთქეს კინაღამ გული.“
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. სახლში მისვლას არ ჩქარობდა და არც არავინ ელოდა. ჯერ დედა და მამიდა მოისიყვარულა. მოგვიანებით, მეგობრებსაც შეუარა, თუმცა დიდ ხანს, ვერსად გაჩერდა და არც სახლისკენ მიუწევდა გული. ერთხანს, უაზროდაც ატარა მანქანა, თუმცა ჯერ ისევ, გზები გადავსებულიყო. თავის დროზე მიმის ძალიან უყვარდა, გვიან ღამით მანქანით სეირნობა, როცა გზები ბევრად თავისუფალი იყო, მაგრამ ახლა არა ერთ საცობში მოყოლის შემდეგ, ისევ სახლისკენ გასწია.
მდუმარე სახლში, სიმარტოვე და სიცარიელე სუფევდა და არც ეს იყო გასაკვირი, როცა დიმეო მამასთან რჩებოდა, მიმი ბევრად გვიან ბრუნდებოდა სახლში. რამე გემრიელს მოიმზადებდა და სავახშმოდ საინტერესო ფილმსაც ჩაუჯდებოდა. 
ახლაც ასე იყო. პატარა სუფრა გაიწყო, პულტიც მოიმარჯვა და ცალი თვალიც, მობილურს შეავლო. ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ დაბრიცა ტუჩი. არც ერთი ზარი, ან შეტყობინება არ იყო არც ფიფოსგან და არც დიმეოსგან. ასე არასდროს მოქცეულან. უკვე თორმეტი საათი ხდებოდა. დიმეო, ძილის წინ მაინც შეეხმიანებოდა დედას და ახლა, რა?
- ჰმ, დავავიწყდი, არა? - ნაღვლიანად ჩაეცინა მიმის და ფიფოს ნომერს დააჭირა თითი.
LEX. 2020 წლის 12 მარტი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment