Sunday, March 8, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 48)

48.
- კი, ჯერჯერობით მუშაობს, ყველა ფაილიც გადავარჩინე. - უპასუხა ვაჩემ. - მაგრამ მაინც ახალია საჭირო. ტექნიკურად, საკმაოდ მოძველებულია და თუ ახლის ყიდვას დააპირებთ, მე თვითონ შეგარჩევინებთ.
- ყოჩაღ შენ! - შეაქო ქირურგმა. - ახლები მართლაც გვინდა და კარგი იქნება, თუ ისევ მცოდნე კაცი შეგვარჩევინებს. 
- რა პრობლემაა? – გაუხარდა ვაჩეს.
- იცი, რა ძაან მაგრად იცის, კომპიუტერი? - ანდრამ ვაჩეს გახედა.
ბიჭი წამოწითლდა.
- ჰმ, ძალიან კარგი. - გაუღიმა ქირურგმა. - სამწუხაროდ, დღეს ვერ გამოვა, მორიგე ვარ. აი, ხვალ კი, ცოტას გამოვიძინებ, ძალასაც მოვიკრებ და მერე, წავიდეთ და ვიყიდოთ!
- ჰო, კარგი. - ცოტა უკმაყოფილოდ დაეთანხმა ანდრა. - იყოს, ხვალ.
- თუ მენდობით. - დაიწყო ვაჩემ. - დღესვე შევარჩევ და მოგიტანთ! იმ ძველიდანაც გადმოვიტან ფაილებს ახალში.
ანდრას, თვალები გაუბრწყინდა და ქირურგს, ისეთი მუდარით თვალებით შეხედა და რომც არ შეეხედა, ისედაც ცხადი იყო ყველაფერი. 
- მაშინ, წადით და დიდხანს არ დაიგვიანოთ, ბარემ აქ მომიტანეთ. დაიცა, ბარათი მოგცე. - ქირურგმა საფულე გახსნა. - ერთი ჩემთვის ისეთი, რომ მე გამომადგეს და მეორე კი, ანდრასთვის ისეთი, როგორიც მოეწონება და თან, გამოადგება კიდევაც. ვაჩე შენ როგორი ლეპტოპი გაქვს? ახალია?
- ახალი არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ, კარგად ვამუშავებ!
- მაშინ, ერთი შენთვისაც იყიდე. - ქირურგმა ბარათი რატომღაც, ვაჩეს მიაწოდა და არა ანდრას. 
გოგოს აშკარად ეწყინა, ცოტა არ იყოს, უნდობლობა იგრძნო. თუმცა, არ შეიმჩნია.
- არა, მე არ მინდა, ჩემიც მშვენივრად მუშაობს! - ლოყები წამოუწითლდა ვაჩეს. 
- და რატომ იფიქრე, რომ გჩუქნი? - ჩაეღიმა ქირურგს. - ეს შენი გასამრჯელოა, ჯერ გაწეული სამუშაოსთვის და მერე ხომ უნდა შემარჩევინო წესიერი აპარატურა? მერე ამიმუშავო, ჰოდა, ერთი შენც გეკუთვნის, დაიმსახურე!
- დიდი მადლობა. - აიწურა ბიჭი. - მაგრამ მაინც, ძალიან ბევრია ეს გასამრჯელო.
- მადლობა შენ, რომ დღეს ეს გოგონა, ასე გამიმხიარულე. - ქირურგი წამით შეყოვნდა. - ისე თუ გინდათ, კინოშიც შეგიძლიათ წახვიდეთ!
მოზარდებს სუნთქვა შეეკრათ. ჩანდა, ძალიან გაუხარდათ და ემოციებისგან, ხმას ვეღარ იღებდნენ.
- რა ვიცი? - განაგრძო ქირურგმა. - თქვენი ნებაა. თუ არ გინდათ, ნუ წახვალთ. 
- კი, წავალთ! - წამოიძახა ანდრამ. - გვინდა კინოში! წავიდეთ, ხო? - ანდრამ, ჯერ კიდევ ლოყებშეფარკლულ ბიჭს გახედა.
- მხოლოდ, ძალიან არ დაიგვიანოთ! - სერიოზული ხმით უთხრა ქირურგმა. - ანდრა! ბებო არ მინერვიულო, იცოდე!
- ჯერ აქ მოვიდეთ, მოვიტანოთ, თუ? - ანდრა დაზუსტებას შეეცადა.
- როგორც გინდათ, ისე. - უპასუხა ქირურგმა. - ალბათ, ისევ სახლში სჯობს მიტანა და ბარემ, გადამიწყობ ახალზე.
- და, კინოში? - ანდრას წყენა დაეტყო.
- ჯერ ვიყიდოთ, რაც გვინდა, დავტოვოთ სახლში. კინოდან რომ დავბრუნდებით, მაშინ მივხედავ ლეპტოპებს! - ვაჩემ წამში მოაგვარა საქმე.
- კინოდან, დროულად დაბრუნდით! ვაჩე, შენი იმედი მაქვს! არავითარი ბარი, ალკოჰოლი, რესტორანი! დღეს მხოლოდ ბურგერები, კინო და თეატრი ნებადართულია! - სერიოზული სახით დამოძღვრა ქირურგმა.
გასვლისას ქირურგმა, ანდრა შეაჩერა და ვაჩეს უთხრა, შენ მანამდე ჩადი ქვემოთ, ტაქსი გააჩერეო.
- ახლა კარგად მომისმინე. - დაიწყო დაბალი ხმით ქირურგმა. - შენ ჩემი შორეული ბიძაშვილი ხარ, დაახლოებით, ძმისშვილად მეკუთვნი. არანაირი იქაურობის ხსენება, არც არანაირი ნარკოტიკი, გესმის? 
ანდრას თვალები აევსო და თავი დაუქნია.
- ხომ ხვდები, რატომაც გეუბნები? - მოეფერა ქირურგი. - მე მართლა მინდა, ოდესმე მაინც იქაურობას მოგაშორო, ამიტომ სჯობს, აქედანვე თადარიგი დავიჭიროთ და ჩემს წრეში, ჩემს სამეგობროში, მინდა თავიდანვე ჩემიანად მიგიღონ, კარგი?
- ოდესღაც მაინც ხომ გამჟღავნდება... ან... ან ვინმე მიცნობს... - ცოტაც და ანდრა იბღავლებდა.
- მერე ვისაც საჭიროა, გავანდობთ შენს საიდუმლოს და თან, საამაყოც იქნები...
- რა?! - ლამის შეჰყვირა ანდრამ. - რა საამაყო ვიქნები, აბა?!
- იქიდან როცა წამოხვალ და თანაც ისე, რომ უკან არც გაიხედავ, აი ეს იქნება საამაყო! 
- მართლა? 
- ჰო, მართლა, მაგრამ დაიმახსოვრე! არავის ენდო და არავის გაუმხილო ჯერ! და თუ მაინც ენა მოგექავება და თქმას დააპირებ, ჯერ მე მითხარი და ერთად მოვიფიქროთ, როგორ და რანაირად მივაწოდოთ ისე, რომ ზუსტად გაგვიგოს, გასაგებია?
- ჰო, ჰო!
- ყოველ მსმენელს, ისე უნდა მიაწოდო, რომ მისთვის იყოს ზუსტად გასაგები და კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, იცოდე! არაფერი შეგამჩნიოს, გასაგებია?!
- იცი, დღეს სიგარეტიც კი არ მომიწევია. - ანდრამ წყლიანი თვალები შეანათა. - და... არც... არც...
- მშვენიერია! აი, ყოჩაღ! წადი ახლა გაიქეცი, იმ ბიჭს ნუღარ ალოდინებ, მაგრამ ანდრა! - თითი დაუქნია ქირურგმა. - გაფრთხილებ იცოდე, ვაჩემ არაფერი უნდა იეჭვოს! და რაც მთავარია, ტრანსპორტსა და ფეხით სიარულს ცოტა მოერიდეთ. ტაქსით იარეთ, ასე სჯობს და ხომ იცი, რატომაც?
ანდრამ თავი დაუქნია, ქირურგს შვილივით ჩაეკრო და სირბილით გასწია ვაჩესთან.
ქირურგს ჩაეღიმა. მშვენივრად მიხვდა ბავშვებს ერთმანეთი როგორ ძლიერ მოეწონათ, მაგრამ ახლა ყველაფერი ანდრაზე იყო დამოკიდებული. ძალიან ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა მოქცეულიყო, ისე რომ ბიჭს არაფერი ეეჭვა, თუ ვინ იყო ეს გოგო სინამდვილეში და საიდან და როგორ მოვიდა. მოგვიანებით, მათი სიყვარულობანა, თუ უფრო მეტ ხანს გაგრძელდებოდა და სერიოზულ გრძნობაში გადავიდოდა, მაშინ სავალდებულოც იქნებოდა, რომ ვაჩეს, ყველაფერი სცოდნოდა.
„თორემ ტყუილში ცხოვრებამ, ზუსტად ისეთ დროს იცის ფარდის ჩამოხსნა, როცა ყველაზე მეტად გჭირდება გვერდით მდგომი და ყველაზე მეტად გულს ატკენს, ნდობის გაცრუება.“
ჩაფიქრებული ქირურგი, ფიფოს ზარმა გამოაფხიზლა.
- მოკლედ, ახალ წლამდე უნდა დავსეტყვოთ, რა! - ჩაიროხროხა ფიფოს ხმამ. - კრაზანების ბუდე!
- და ზუსტად, რომელ დღეს? - ჰკითხა ქირურგმა. - მინდა, მეც იქ ვიყო, ჩემს მორიგეობას, არ უნდა დაემთხვას.
- ჰოდა, რაღას ველით? იქით კვირაში, შეარჩიე დღე და დამირეკე. შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა არხზე გავედით, ვერც კი წარმოიდგენ!
- ვაა, მართლა? 
- ჰო, მართლა და მერე, ჩვენებურად ჩავუსხდეთ! ისე მანამდეც ჩავუსხდეთ, დღეს რას შვები?
- არა, დღეს მორიგე ვარ და ამ კვირაში, მართლა არ მცალია. - უპასუხა ქირურგმა. - იქეთ კვირაში შევიკრიბოთ ჯერ და მერე, ოპერაცია - კრაზანები! 
- ამ კვირაში, თუ ვერ მოიცლი, აბა იმ კვირიდან, უკვე ვიწყებთ! მანამდე მინდოდა, მენახე. - ნაღვლიანად ფიფომ. - ვერ მოიცლი, როგორმე? 
ქირურგი მაშინვე მიუხვდა, ეს არც უბრალო სურვილი იყო და არც ფიფოს ახირება. აშკარად რაღაც ჰქონდა სათქმელი და არც ტელეფონით უნდოდა გამხელა. 
- კარგი, გამოვალ ხვალ. - ქირურგმა ტელეფონი გათიშა.
ანდრამ სიტყვა, პატიოსნად შეასრულა. ჯერ ლეპტოპები იყიდეს და ბებოსთან დატოვეს, მერე კინოში წავიდნენ და ბურგერებიანად, ისევ ბებოსთან დაბრუნდნენ.
- ჰამბურგერებს, რატომ ეძახით? - უკვირდა ბებოს. - ჩემს დროს, კოტლეტი და პური ერქვა და არც ასეთი მრგვალი და სიფრიფანაც არ იყო. როგორ კოხტად დაუპრესავთ, ზედმეტი ხორცი არ შეჰყვესო. - ეცინებოდა ბებოს და ბავშვებიც აიყოლია. 
ვაჩე გვიანობამდე დარჩა. მიზეზი, უამრავი იყო. ჯერ ახალი აპარატურები მწყობრში უნდა მოეყვანა და მერე სანამ მესამე მურაბაც არ გაასინჯინა ბებომ, ისე არ გაუშვა სახლში. მოხუცი მშვენივრად ატყობდა, როგორ უციმციმებდათ ბავშვებს თვალები და თავად შეეცადა, ვაჩე რაც შეიძლებოდა, გვიანობამდე დაეტოვებინა მათთან.
მეორე დღეს, საშინლად გადაღლილი ქირურგი, საგონებელში იყო. ცალკე ფიფოს ნახვაც სასწრაფოდ იყო საჭირო, ცალკე ანდრას, კვლავ ვერ უსრულებდა პირობას და თანაც, ღამის მორიგეობიდან დაბრუნებულს, დასვენებაც ხომ უნდა მოესწრო. თუმცა ანდრას ახლა, ვაჩესთან ერთად სეირნობა, ქვეყანას ერჩივნა.
- ცოტას გამოვიძინებ და მერე გავიდეთ, კარგი? - მაინც სცადა ქირურგმა.
- სად? - იკითხა ანდრამ.
- ახალ კედებს, ხომ შეგპირდი? ჰოდა, გიყიდი! ჯინსებიც დაგპირდი, მახსოვს. - ქირურგი წამით შეყოვნდა. - ისე ამ ზამთარში, კედები რად გინდა? უფრო თბილი ფეხსაცმელი არ გირჩევნია?
- რა ვი? - მხრები აიჩეჩა ანდრამ. - კედები უფრო მომწონს, გაზაფხულზეც წავა და ზაფხულშიც, როცა მაგარი სიცხე არ არის.
- მაშინ ორივე ვიყიდოთ! თბილიც და გრილიც!
ანდრას ყურებამდე გაეღიმა და ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ ქირურგმა დაასწრო:
- და პლანშეტი, რატომ იყიდე? ლეპტოპი არ გინდოდა?
- ეს მირჩევნია, სატარებლადაც ადვილია და... - ანდრა გაჩუმდა. - ჩანთაშიც ადვილად ჩაიმალება. ლეპტოპს, ყველა მიესევა... აფეთქებამდე და თან, ამას კლავიატურაც აქვს, თუ გინდა მოსხსნი, თუ გინდა დაუტოვებ.
- შენი ნებაა. - გაეღიმა ქირურგს. - და მობილური, რატომ არ იყიდე? 
- რა ვი? - ისევ მხრები აიჩეჩა ანდრამ. - პლანშეტს ყურსასმენებიც მივაყოლე და მერე... 
- მერე დაგავიწყდა, თუ გადაიფიქრე? 
ანდრამ არაფერი უპასუხა და ორაზროვნად გააქნია თავი.
- ვერ გავიგე, გინდა? თუ არა? 
ანდრამ წარბები აზიდა და აშკარად გაწითლდა.
- ვიყიდოთ? - ეცინებოდა ქირურგს. - თუ არა?
- კი. - როგორც იქნა, უპასუხა ანდრამ.
- მაშინ ისევ, ვაჩეს გამოძახება მოგვიწევს. - ქირურგმა ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერც შენიშნა ანდრას სიხარულისგან გაფართოებული თვალები. - იმან უფრო იცის, რომელი ვარგა.
- ჰო, კი. - ხმაზე ეტყობოდა, ძლიერ უხაროდა ანდრას. - მართლა მაგრად ესმის ტექნიკა.
- მაშინ, დაურეკე მოვიდეს, თუ სცალია და წადით იყიდეთ! მე კი მანამდე, გამოვიძინებ და მერე, ჩვენ გავიდეთ.
- კარგი! - ანდრა სიხარულისგან ადგილიდან წამოფრინდა. - ახლავე დავურეკავ. 
ანდრამ ტელეფონი მოიმარჯვა, მაგრამ მერე ცოტა მოწყენილად გადადო. 
- რაო? - იკითხა ქირურგმა.
- ჯერ არ სცალია. - მოწყენილი ხმით უპასუხა ანდრამ. - დედას ეხმარება, დღესაც ბევრი ხალხი მისულა სასადილოში. 
- მართლა? - გაიკვირვა ქირურგმა. - ნუთუ მართლა ამდენი საქმეა, იქ?
- თურმე გუშინდელზე, ორჯერ მეტი ხალხი მოაწყდა დღეს, უამრავი საქმეა ყოფილა და როდის მოიცლის არ ვიცი. - ანდრამ ამოიხვნეშა. - იცი გუშინ სასადილოში, მეც დავეხმარე, სანამ ვაჩე ლეპტოპს აკეთებდა, სულ მე ვეხმარებოდი.
- ჰოო, უყურე შენ, ეს რა კარგი საქმე გიქნია, აი ყოჩაღ! - გაუღიმა ქირურგმა. 
ანდრამ შეიფერა.
- ეს რამოდენა ყურსასმენები გიყიდია? - ეცინებოდა ქირურგს. 
- ახლა ასეთია მოდაში, ნახე რა მაგარი ხმა აქვს! 
- ჩემს დროს, შემოვიდა მასეთები, უფრო დიდებიც იყო, კვადრატულებიც. - ქირურგი წამით შეყოვნდა. - ჰმ, რა საინტერესოა ცხოვრება, არა? 
ანდრამ ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- ჯერ მასეთი დიდები შემოვიდა, მერე უფრო საშუალო პატარა მრგვალები, მახსოვს რატომღაც სტაფილოსფერები იყო მოდაში, მერე რაც შეიძლებოდა უფრო პატარავდებოდა და პატარავდებოდა და ახლა ისევ უზარმაზარი გახდა, ჰა, ჰა!
ანდრა უკვე აღარ უსმენდა, თავის ახალ პლანშეტს ჩაჰკირკიტებდა. 
- ესე იგი, ვაჩეს არ სცალია? - ღიმილით შეაპარა ქირურგმა. 
ანდრამ მაშინვე ამოხედა. 
- ჰო, რა ვი? - მხრები აჩეჩა. - იქნებ, სულაც არ უნდა დღეს ჩემი ნახვა...
- და მერე? დაურეკე და გაარკვიე.
- რა გავარკვიო? - ანდრა ახლა აშკარად ყურებჩამოყრილი ჩანდა. - იმას ხომ არ მეტყვის, შენი ნახვა არ მინდაო?
- ვაი, რა ჭუკი ხარ! - გაეცინა ქირურგს. - დაურეკე და უთხარი, რომ შენც დაეხმარები, რადგან მერე, მობილურის ყიდვა, სასწრაფოდ გჭირდება და მთავარი ექსპერტის გარეშე, აბა როგორ იყიდი? და შენც თუ არ გეზარება, ბარემ წადი და მართლა მიეხმარე, უფრო მალეც მორჩებით და მობილურის ყიდვასაც მოასწრებთ.
- აუ, რა მაგარიაა! - ანდრა სიხარულისგან აღარ იყო.
- აბა, ტყვედ კი არ ამიყვანიხარ?! შენი სახლში გამომწყვდევა, სულაც არ მიფიქრია! თუმცა, არც ის მინდა, რომ აღმა-დაღმა იარო და ვინმემ, იქაურმა შეგამჩნიოს! როგორ ძლივს გამოვსტყუე შენი თავი, ხომ ნახე?
- გამოსტყუე? - ანდრამ გაკვირვებით შეხედა.
- დიახ! - ქირურგი წამით შეყოვნდა. - ვითომ თავისუფალი ხარ და არავინ გიჭერს, მაგრამ არც მასეა საქმე და ეს შენც კარგად იცი.
ანდრამ ყურები ჩამოყარა.
- კარგი, რაა, ნუ მოიწყენ. - დაუყვავა ქირურგმა. - საწყენად, სულაც არ მითქვამს და შენი თავი, სულ ცოტა ხნით მაინც რომ წამერთმია იმათთვის, მართლაც იმხელა ტყუილზე წავედი! თუმცა, არც იმდენად.
- და ასეთი, რა მოიტყუე? - ანდრას უკვე ეღიმებოდა.
- სხვა დროს მოგიყვები! ახლა კი, დაურეკე ვაჩეს და ჰკითხე, იქნებ უბრალოდ, არც უნდა მიხმარება, ან იქნებ სულაც, სულ სხვა გეგმები აქვს დღეს.
- ვაიმე, ნეტა მართლა ეცალოს! - ანდრას ემოციებისგან, სუნთქვა ეკვროდა.
ქირურგს, ანდრას რეაქციებზე ეღიმებოდა. როგორ მონდომებით დაფაცურდა და სულ რამდენიმე წუთში, სახლიდანაც გავარდა. 
„ამ ორ დღეში, როგორ გამოიცვალა ეს გოგო. ძველებურად აღარ იწლაწება უშნოდ. ნეტა მართლა შევძლებდე და იქიდან გამოვათრევდე.“
ქირურგმა ამოიხვნეშა. ახლა საჭირო იყო, ყველაფერი კარგად და ბოლომდე გაეთვალა. სავალდებულო იქნებოდა, თუ არა, რომ ანდრას, წინასწარ სცოდნოდა, ფიფოს თავდასხმის შესახებ, თუ პირიქით, იქნებ, სახიფათოც ყოფილიყო?
ამიტომაც ფიფო მონახულება, ასე სასწრაფო და აუცილებელიც იყო და არც იმდენი დრო იყო დარჩენილი, რომ გაეწელა და ანდრას სტუმრობა დაემალა. თუმცა, არც კი იცოდა, ან როგორ ეთქვა, ან ფიფო როგორ მიიღებდა ამ ამბავს.
ან იქნებ, სულაც არ იყო საჭირო, რომ ფიფოს ახლავე სცოდნოდა? 
„არა, მართლა რა საჭიროა ახლავე მივახალო? მერე თანდათან, მოვუყვები, ავუხსნი, რა თქმა უნდა, გამიგებს, ან რატომ არ უნდა გამიგოს? რა არის აქ, გაუგებარი? 
ეს ბავშვი, ცოლად ხომ არ მომყავს? ვიშვილებ და კარგად გამოვზრდი, სულ დავავიწყებ წარსულს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს.“
დივანზე ჩაძინებული ქირურგი, ანდრას ზარმა გამოაფხიზლა. მთელი მუდარითა და ხვეწნით სთხოვდა დღესაც წავალთ კინოშიო.
- მერე კედები და ჯინსები, როდისღა ვიყიდოთ? - მთელი სინანული ჩააქსოვა ხმაში ქირურგმა. თუმცა, მართლაც საშინლად ეზარებოდა ახლა, მაღაზიებში წანწალი და ტანსაცმლის რჩევა და თანაც, ფიფოც სანახავი ჰყავდა.
- მმმ, რაღაც რომ გითხრა, არ გეწყინება? - ანდრას ხმაში, კვლავ მუდარა გაისმა. 
- გულს თუ არ გამიხეთქავ, მითხარი. - ეცინებოდა ქირურგს.
- შეიძლება, დღეს ისევ კინოში წავიდეთ და ხვალ, შენ თუ ისევ არ გეცლება, მე თვითონ შევარჩევ კედებს? 
- შენ უნდა შეარჩიო, აბა ჩემი მოწონებული, რად გინდა? - ქირურგს ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა. მშვენივრად მიუხვდა, გოგო რასაც სთხოვდა.
- იცოდე, ვახშამზე არ დაიგვიანოთ! გასაგებია? ორივეს გეხებათ! - ვითომ მკაცრი ხმით მიმართა ქირურგმა და ტელეფონი გაუთიშა.
თავიდან ფიფო, საშინლად გაბრაზდა. ეს რა წინდაუხედაობააო, უსაყვედურა ქირურგს. 
- მაგ ბავშვს, არაფერს ვერჩი, მაგრამ ჯერ მოვაგვაროთ ეს საქმე და მერე თუ გინდა, ერთი კი არა ათი იშვილე! 
- კი, მართალია ცოტა ვიჩქარე, მაგრამ სიტუაცია, უცებ ასე შემობრუნდა და მეც, ვისარგებლე მომენტით!
- ჰო, მესმის, მესმის შენი, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. იმ მართლა კრაზანების ბუდის დაშლის შემდეგ, რამდენი გამოძვრება სუფთად, ესეც ხომ იცი, არა? - ფიფოს ხმაში, კვლავ საყვედური გაისმა.
- ჩემი მისამართის გაგება თუ უნდათ, ისედაც გაიგებენ, ეგ რა პრობლემაა? თუმცა, მართალი ხარ, სიფრთხილე მაინც საჭირო.
- ისე, არც ვაჩესთვის უნდა გაგეცნო, რა გარანტია გაქვს, რომ რამეს არ წამოაყრანტალებს? 
- ეგ უკვე, მართლაც შეცდომა იყო. - წარბი შეკრა ქირურგმა. - ისეთი დაღლილი ვიყავი, თან მეორე დღეს, მორიგეობა მიწევდა, ვეღარ გავთვალე, უბრალოდ, იმ მოხუცთან გავგზავნე და ვაჩეც, რომ იქვე ცხოვრობს აღარც გამახსენდა.
- აი, ხედავ, როგორი სამუშაო მაქვს, ყველაფერი, ყველა ნიუანსი უნდა მქონდეს ყოველთვის გათვლილი, რომ მერე, სანანებელი არ გამიხდეს! - კვლავ საყვედურით მიმართა ფიფომ.
- შენ ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, ბავშვები ერთად რომ მომადგნენ. გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა.
- ის თუ გააფრთხილე მაინც, რომ არაფერი ზედმეტი წამოროშოს?
- კი, როგორ არა! თან დავუსაბუთე, რატომ და რისთვის არის ასე საჭირო.
- იმედია გაიგო. - თავი გააქნია ფიფომ. - მაინც დიდ რისკზე წახვედი.
- მე პირადად, არაფერ რისკზე არ წავსულვარ და არც ბევრი არაფერი მემუქრება. უბრალოდ, არ მინდა ამდენი ნაწვალები საქმე, ჩემს გამო რომ აირიოს, ვწუხვარ ძალიან. 
- მთავარია, ბოლომდე გავიდეთ, თორემ აბა ერთი შეცდომის გულისთვის, მეგობარს ხომ არ მოვიმდურებ? - გაუღიმა ფიფომ. - ისე, მე რატომღაც მეგონა, რომ ის გოგო, სხვანაირად მოგწონდა, მერე ცოტა კი გამიკვირდა, შვილად აყვანა რომ მოინდომე, 
- ნუთუ, ასეთი გარყვნილი და ხელიდან წასული გეგონე? - გაუღიმა ქირურგმა. 
- ჰოდა, რომ არ მეგონე, ამიტომაც გამიკვირდა, კარგი ნუ გეწყინება, რა.
- არ მწყინს არა. იცი, რა საყვარელი ბავშვია?
- ბავშვი ყველა საყვარელია. - ფიფომ ჭიქა ისევ შეავსო. - ყვავის ბახალაც კი.
ქირურგს გაეცინა და თან ამოიხვნეშა:
- უკვე აღარც კი ვიცი, ეს ბავშვი, უკან მივაბრუნო ჩვენი ოპერაციის დასრულებამდე თუ ბარემ, დავიტოვო? - ქირურგი წამით ჩაფიქრდა. - თუ კი მაინც თავდასხმას აპირებთ, მაშინ რაღა უნდა, იქ?
- გაუშვი! - რამდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ უპასუხა ფიფომ. - დამიჯერე, ასე სჯობს! როგორც კი ოპერაცია ჩატარდება, იმავე დღესვე წაიყვანე, არც პოლიციის აღრიცხვაზე გავატარებინებ და არც არაფერი! საერთოდ არ გამოვაჩენთ, ახალ საბუთებსაც გავუკეთებთ და პირდაპირ, შენს გვარზე გაიფორმებ! მხოლოდ ახლა, ზუსტად დათქმულ დროზე დააბრუნე! ასე სჯობს, დამიჯერე.
- კარგი. - ამოიხვნეშა ქირურგმა. - შენ უფრო იცი. იმედია, ბავშვს არაფერი შეემთხვევა.
- რა უნდა შეემთხვას? - გაიკვირვა ფიფომ. - სროლის ატეხას, არ ვაპირებთ და არც არა მგონია ვინმემ გვესროლოს. 
- და, რა გარანტიაა?
- დარწმუნებული ვარ, არც იმდენად დილეტანტებთან გვაქვს საქმე, რომ ეს სროლა და ბახა-ბუხი, მათ აწყობდეთ, ეს უფრო დაამძიმებს მათ გარემოებას და თანაც, საკმაოდ სერიოზული კლიენტურა ჰყავთ და სავარაუდოდ, არჩევენ რომ მხოლოდ ბორდელის ამუშავების ბრალდებით გამოძვრნენ, ვიდრე პოლიციაზე თავდასხმა და წინააღმდეგობის გაწევა.
- პრინციპში, ჰო. - თავი დაუქნია ქირურგმა.
- ჩვეულებრივად შევალთ. უკანა გასასვლელსაც ჩავკეტავთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კიდევ სხვა გამოსასვლელიც შეიძლება ჰქონდეთ.
- თავისთავად აქვს, რადგან იმ ბუდეს, ჯერ მეორე სართულიდან, პირველზე სართულის ბინაში აქვს ჩასასვლელი და იმ ბინას ხომ, გამოსასვლელი კარიც აქვს.
- ჰო, ეგ ვიგულისხმე, მთლიანი კორპუსი მოექცევა ალყაში, ყველა სადარბაზო. ჩიტიც კი ვერ გამოფრინდება და ხომ ხვდები ახლა, რამხელა ოპერაციაა დაგეგმილი? უზარმაზარი! უამრავი თანამშრომელია უკვე მობილიზებული.
- მდაა. წარმომიდგენია. 
- შენ, ხმა არ ამოიღო, ჩვეულებრივი დაკავებულივით მოიქეცი და არც ზედმეტად გაიგიჟო თავი.
- და ტელევიზია, ჟურნალისტები ხომ არ იქნებიან? - იკითხა ქირურგმა და მერე გაეცინა. - არ დამღუპოთ და ვინმემ, სამსახურიდან არ მნახოს!
- წარმომიდგენია! - გაეცინა ფიფოსაც და ჭიქა შეივსო. - რაღაც ძაან სუსტი ბრენდია, არა?
- რა ვიცი, თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ ჰო, ცოტას მოისუსტებს გრადუსებში. - უპასუხა ქირურგმა და თავის ჭიქა შეანჯღრია.
- მიმის ლიქიორში, ხომ არ ამერია? - ეცინებოდა უკვე ფიფოს. - როგორც მახსოვს, ბოთლს თავი, აქვე მოვხადე.
- არ არის ცუდი, ალბათ წლების მანძილზე ჩვენ ისე მივეჩვიეთ, რომ უკვე ვეღარ ვგრძნობთ. - ეცინებოდა ქირურგს.
- დედის რძესავით კი გვერგება. - ფიფომ ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
ჯერ კიდევ არავინ იცოდა მიმის და ფიფოს ამბავი. ფიფო მეგობრების შეკრებას რომ დააპირებდა, უთუოდ ეს მიმისთან ხდებოდა და ზოგჯერ, ღამითაც რჩებოდა იქ, თუმცა ამით, არც არაფერი იცვლებოდა. ფიფო კვლავ მშობლებთან ცხოვრებას განაგრძობდა და არც მიმი იწუხებდა ზედმეტი ხვეწით თავს.
ვაჩე იმ საღამოსაც გვიანობამდე დარჩა და ასე გაგრძელდა მთელი კვირა, იქამდე, სანამ ანდრას უკან გაბრუნების დრო არ დადგა. ანდრა ლამის მთელი დღეები ვაჩესთან ერთად სეირნობდა, ხოლო ტანსაცმლის შერჩევაში ბავშვებს, მიმი დაეხმარა და ქირურგს უფრო მეტი საშუალება მიეცა ფიფო კიდევ ერთხელ, თავისუფლად მოენახულებინა.
LEX. 2020 წლის 8 მარტი, კვირა.

No comments:

Post a Comment