Wednesday, November 6, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 30)

30.
ფიფოს ბევრი აღარც უფიქრია, პირდაპირ სიდედრს მიადგა. ერთი კი გაუელვა, აქაც რომ არ დამხვდესო, მაგრამ კარის გაღებისთანავე მამიდამ მიახალა:
- მთელი დღე მოკვდა გოგო, ამ ტანისამოსის ლაგებით! ისე დაიღალა, ისე დაიღალა, რომ ჩაეძინა და აღარ გავაღვიძეთ! არ შეიძლება ასე, ძალიან ბევრს მუშაობს, ხშირად უნდა ისეირნოს სუფთა ჰაერზე, ძალიან მისუსტებულია. იქნებ, ჰემოგლობინი აქვს დაბალი? ორსულად ხომ არ არის?
ფიფო შეცბა. ლამის სისხლი გაეყინა, მაგრამ მაინც შესძლო ნერვების მოთოკვა. მამიდას ყურებამდე გაუღიმა და მიმის ოთახში ამჯერად, მის უნებართვოდ შეაბიჯა. 
ბევრიც არაფერი იყო გადმოყრილი. მამიდამ ისე აუწერა, რომ ფიფო უფრო მეტ ქაოსსა და არეულობას მოელოდა. სულ რამდენიმე ზედა, შარვალი და ორი-სამი კაბა იყო მიკეცილი დივანზე და სამი წყვილი ფეხსაცმელი. თვითონ მიმი, საწოლზე პირქვე გაწოლილიყო. იქვე კი, ცოტა უწესრიგოდ მისვენებული, მძივებითა და სადაფებით გაწყობილი, ულამაზესი კაბა იყო მიგდებული.
მამიდამ ვეღარ მოითმინა, ფეხდაფეხ შეჰყვა ფიფოს და შესვლისთანავე, ის უკვე დიდი ხნის ნაცნობი კაბაც მოხვდა თვალში.
- მიმიი! ეს ულამაზესი კაბა, არ გაბედო და არ გააჩუქო!
- რას ამბობ?! - ჩაერია მის ზურგს უკან მომდგარი სიდედრი. - ასეთი დახვეწილი გემოვნებით შესრულებული კაბა, აბა ვის უნდა აჩუქოს? თანაც მიმი, როგორ გიხდებოდა იმ დღეეესსს. 
„რომელ დღეს?“
გაიფიქრა ფიფომ.
- თოჯინასავით იყავი მაგ კაბაში. - ჩაურთო მამიდამ. - თანაც მაშინ, ორსულად იყავი და მაინც, როგორ გიხდებოდა და ახლა, სულ დაგხატავს!
ქალები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. მათი საუბრიდან ფიფომ ისიც გაიგო, რომ ეს კაბა, დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ დიმეოზე, რომ იყო ორსულად მაშინ გამოუწერია, ფეხსაცმელებთან ერთად და როგორ უხდებოდა ჯვრისწერაზე. ფიფოს ისევ გულში გაჰკრა, რომელ ჯვრისწერაზეო, მაგრამ გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო, მაშინვე პასუხიც მიიღო, რომ მეგობრის ჯვრისწერაზე ჩაუცვამსო. 
- თქვენ როდისღა დაიწერთ ჯვარს? - ახლა ფიფოს მიუბრუნდა დედა. - ხან სტიქიაო, ხან ბავშვი იყო პატარა, ხან ოპერაციებიო, ასე მიზეზი არ დაილევა და...
- ახლა მაინც, რა გიშლით ხელს? - ჩაერთო მამიდაც.
- ჰო! რა ვიცი? რა გვიშლის? ფული გვაკლია, თუ თანამდებობა? - იხუმრა ფიფომ.
მიმი გატრუნული იწვა, თითქოს ეძინაო, მაგრამ მათ ყაყანს ყურს უგდებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოდგა და არავისთვის არ შეუხედავს, ისე წარმოსთქვა:
- დავუშვათ, დავიწერეთ ჯვარი და მერე? 
- მერე ერთ კარგ სუფრას გავშლით! - გამოცოცხლდა დედა.
- კარგი, რააა, რა სუფრა?! - გაიბღუზა მიმი. 
- ვითომ, რატომ? - შეუფუცხუნა მამიდამ. 
- იმიტომ, რომ ვერ ვიტან მასეთ სუფრებს! ათასი უცხო ხალხისა, თუ ნაცნობ-უცნობების ღრეობები, არ შემიძლია, არა!
- მაშინ, ვიწრო წრეში გავშალოთ სუფრა. - უკან არ იხევდა დედა.
- არააა! - როგორც იქნა, ფიფოც ჩაერია. - ვიწრო წრე, არ გამოვა!
- როგორ, არ გამოვა? - ჩაურთო მამიდამ. - ჩვენ ვიქნებით, შენები მოვლენ და ოჯახურ წრეში მშვიდად, გემრიელად მოვილხენთ.
- არანაირად არ გამოვა! - შეუტია ფიფომ. - მარტო ჩემებს რომც დავუძახოთ, ნათლიაჩემი საშვილიშვილოდ დამგმობს! მერე ჩემი სამინისტრო გაიგებს, იქეთ სამმართველო და ვიღაც, ისეთი გამინაწყენდება, ვისი გულისტკენაც ნამდვილად არ მინდა! ნათესავებზე კიდევ, აღარაფერს ვამბობ!
- ჰო, ნათესავები ჩვენც ბევრი გვყავს. - უკმაყოფილოდ დასძინა მამიდამ. - ისე, მიმის თანამშრომლებსაც ეწყინება და მეჯვარეებსაც.
- აი, ხომ ხედავთ? - ჩაერია მიმი გამარჯვებული ხმით. - არანაირად არ გამოვა, ეს ეგრეთ წოდებული, „ვიწრო წრე!“
- არ გამოვა და ნუ გამოვა! - ამაყად ასწია თავი დედამ. - მაშინ, გავშალოთ დიდი სუფრა და მორჩა! 
ფიფომ და მიმიმ, ერთდროულად დაბრიცეს სახე.
- რა უნიათო ახალგაზრდობა წამოვიდა. - შეუტია მამიდამ. - ნუ დახარჯავთ თქვენ, თუ ასე გენანებათ! ყველაფერს, ჩვენ მოვაგვარებთ და თქვენ პირდაპირ, სუფრასთან მოხვალთ! ასე იქნება და მორჩა!
- არავითარ შემთხვევაში! - ფიფომ ხმას აუწია. - თუ გადავწყვეტთ, ჩვენ თვითონ მივხედავთ!
- თქვენ სულ გადაირიეთ? - გაწიწმატდა მიმი. - ხალხი შიმშილობს, რა დღეშია! ნაგავში ეძებს საჭმელს და მე ასე უნამუსოდ, ტუტუცურად, უზარმაზარი საქორწილო სუფრა გავშალო? და რატომ? 
- მართალია მიმი. - დაეთანხმა ფიფო. - მეც რაღაც მეუხერხულება და თან, ამდენი წლის შემდეგ...
- მაგ თანხით, რაც ქორწილი დაჯდება, მირჩევნია უფასო სასადილო გავხსნა და თუნდაც, ყოველდღე თითო კაცზე ერთი ულუფა ბოსტნეულის წვნიანი მაინც იყოს! მე ის უფრო გამაბედნიერებს, რომ ვიღაცას დავაპურებ და თანაც, იმ ხალხს ეცოდინებათ, რომ გარანტირებული ცხელი კერძი და პურის ნაჭერი, მაინც ექნებათ ყოველდღე! - მიმი გაჩუმდა და ისევ განაგრძო. - არა, ისე მართლა კარგი აზრია, მერე მართლა მარტო წვნიანი კი არ იქნება.
- მშვენიერია! - მოუწონა ფიფომ.
- არ ვარ ხამი და არც ქორწილების უაზრო ტაში-ტუში მხიბლავს. - მიმი ჩაფიქრდა და მერე სერიოზული ხმით განაცხადა. - ისე, მართლა უნდა გავხსნა უფასო სასადილო! 
- მერე იცი, რამდენი მატრაბაზი მოვა, ვითომ მშიერია, ვითომ სახლში, დამშეული ბავშვები უჭყავის და მერე, მართლა უპოვართათვის, არ დატოვებს არაფერს! - ღვარძლიანად ჩაურთო მამიდამ. 
- კარგი, ქალო, ასე როგორ შეიძლება? - შეუტია დედამ. - ყველგან და ყველაფერში, ასეთი უნდობლობა, როგორ გელანდება.
- შენ კიდევ, ყველა ანგელოზი, ნუ გგონია! - უკან არ დაიხია მამიდამ. - ხალხი ისეა გატუტუცებული, ისეა გამათხოვრებული, რომ...
- კარგი, დამშვიდდით! - შეაჩერა ფიფომ. - მიმი, ეგ მშვენიერი აზრია და შეიძლება მაგ საქმეში, ჩემი სამინისტროც ჩავრთო! რაღაც სისტემის შემოღებაც იქნება საჭირო, მართლა უნდა ინახოს ის, გაჭირვებული ოჯახები, დაურიგდეს ბარათები და იმის მიხედვით უფრო სამართლიანად ასადილებ, სხვა ვეღარ მიიღებს უპოვარი კაცის კუთვნილ ულუფას.
- ჰო, მასე ვიზამ. - დაეთანხმა მიმი. - მაგაში, შენ უნდა დამეხმარო.
- რა თქმა უნდა! - ფიფომ ამოისუნთქა, მიმის ოსტატურად თემის შეცვლა, ძალიან მოეწონა და ახლა მზერა იმ კაბაზე გადაიტანა. - მართლა, რა ლამაზი კაბაა, დარწმუნებული ვარ მოგიხდება.
- ჰო, რა ვიცი? არის რაა. - მიმიმ თვალი აარიდა. - კაბების მეტი, რა მაქვს?! 
- ეს რაღაც განსხვავებულია. ნუ გააჩუქებ ამას. - ფიფომ კაბა, ხელში შეათვალიერა. - ნეტა, ამის ჩამცმელი სოფელში, ვინ არის? შენ კი, მართლა ძალიან მოგიხდება.
- რატომ, ვინ არის? - არ იხევდა უკან მიმი. - შენ თუ გგონია, სოფელში მარტო ტალახია, ძალიანაც სცდებით ახალგაზრდავ! რესტორნებშიც დადიან, სტუმრადაც ხშირად მიდი-მოდიან!
- შენი ტანის, მარტო დიასახლისი თუ იქნება. - გაეცინა ფიფოს. - ის ქალი, ამ კაბას, ნამდვილად არ ჩაიცვამს. 
- რა ვიცი, ძაან კარგად კი დაინაწილეს რძლებმა, რაც რამ ჩავიტანე. 
- ვაჩეს დედას კი მოერგება ისე, მაგრამ რად გინდა? - ჩაეცინა ფიფოს. - ის ბიჭი კი დატოვე ხვალ, სკოლაში წაუსვლელად.
- ვაიმე, ვაჩე! - შეიცხადა მიმიმ. - როგორ დამავიწყდა! ახლა რომელი საათია? ახლა რომ წავიდე, რა მოხდება?
- ჯერ უნდა დარეკო და გაიგო, იქნებ, უშენოდ ჩამოვიდა. შესაძლოა იმედი გადაეწურა შენს ლოდინში. - ირონიულად შენიშნა ფიფომ.
- ჰო, ჰო! დავრეკავ. - მიმიმ ტელეფონის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ პოულობდა.
- ჩამოვიდა უკვე. - მშვიდი ხმით უთხრა ფიფომ.
- მართლა? საწყალი ბავშვი, ალბათ ავტობუსს გამოჰყვა... აი, აქ ყოფილა ჩემი ტელეფონი...
- მძღოლი გავუშვი და ჩამოვაყვანინე.
- კარგი, რააა ფიფო, რააა. კვირა დღეს მაინც დაასვენე ის ბიჭი, თან სამი შვილის მამაა, არ გეცოდება?
- წინასწარ დავურეკე, თუ არ ეცლებოდა მეტყოდა, პრემიაც ჩავურიცხე, სულ სიხარულით გაფრინდა.
- ჩემთვის დაგერეკა, მერე?
- და მერე, ვინ აიღო ტელეფონი?
- გამორთული მქონია და აბა....
- და ვინ გამორთო, მერე?
- არ, მახსოვს... როდის და როგორ?..
- მე გამოვრთე! - ჩაერია მამიდა. - შემოვიხედე, ჩაძინებული იყავი და გამოგირთე! ბარემ, გამოგეძინა წესიერად.
- რა თვითშემოქმედებაა, რა არი?! - გაბრაზდა მიმი. 
- რამ არ დაგაძინა, წუხელ? - ხუმრობით შენიშნა ფიფომ. 
- როგორც მახსოვს, მეძინა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ან აქ თუ ჩამეძინა?..
დედამ და მამიდამ კიდევ რაღაც თქვეს კაბაზე, ისევ ჯვრისწერასა თუ ქორწილს გადასწვდნენ, მაგრამ არც მიმი უსმენდა და არც ფიფო.
„ამ კაბის ატანა, არ მაქვს! ნუთუ, ისე წავედი ფიქრებში, რომ ვერც გავიგე მამიდაჩემის შემოსვლა? ნამდვილად ვიცი, არ ჩამძინებია...
არა, ისე მართლა, ძალიან ლამაზი კაბაა, ულამაზესი და თან, საოცრად მიხდება, მაგრამ...“
- რატომ ვითომ? - ჩაერია ფიფო.
ფიფოს ხმაზე, მიმი ფიქრებიდან გამოერკვა. 
- თუ კაბა ლამაზია და გიხდება, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ ჩაიცვამ? - აგრძელებდა ფიფო. - თუნდაც, ყოველ მეორე წვეულებაზე გეცვას?
- რას ამბობ?! - შეუტია მამიდამ. - ყოველ მეორე წვეულებაზე, თუ ერთი და იმავე კაბას ჩაიცვამ, ის რაღა გამოსასვლელი კაბაა? რა ფასი ექნება, მერე?
- რატომ? თუ კი გიხდება? - არ თმობდა ფიფო.
- კარგი! - შეუძახა მიმიმ. - მეცვა უკვე ერთხელ ეს კაბა და თუ მომინდება, კიდევ ჩავიცვამ! - მერე უფრო დაბალი ხმით ჩაიბურტყუნა. - არ გახადეს ეს ერთი კაბა, სალაყბოდ.
- მაგ კაბით ხელში გეძინა და... - ჩაურთო მამიდამ.
- ჩახუტებულიც ხომ არ მქონდა? - აშკარად წყენა დაეტყო მიმის. - გავაჩუქებ, ან გადავაგდებ საერთოდ! 
- არც გააჩუქო და არც გადააგდო. - ღიმილით უთხრა ფიფომ. 
- მეცვა უკვე ერთხელ, ეს კაბა. - დაბალი ხმით უპასუხა მიმიმ. 
- ჰო, ვიცი, რომ გეცვა. 
- ჯვრისწერაზე. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ეგეც ვიცი, ჯვრისწერაზე, რომ გეცვა. - ისევ ეღიმებოდა ფიფოს.
- ჰო, საკუთარ ჯვრისწერაზე. - ცივი ხმით უთხრა მიმიმ და ამღვრეული თვალები შეანათა.
ფიფოს ღიმილი შეეყინა. საშინლად არასასიამოვნოდ დაუარა რაღაცამ სხეულში. 
ფიფომ თვალი კარისკენ გააპარა. მამიდა და დედა უკვე ოთახიდან იყვნენ გასულნი და ცხადია ამ ბოლო სიტყვებს, თანაც ჩურჩულით ნათქვამს, ვეღარ გაიგონებდნენ.
- და მერე? - ფიფომ მალევე მოთოკა ნერვები.
- რა მერე? ვერ ვიტან მაგ კაბას! ვერ ხედავ? უბედურება მომიტანა?!
- რა სისულელეა! - გაეცინა ფიფოს. - კაბა, რა შუაშია? ან შენ როდის იყო, ასეთი ცრურწმენების გჯეროდა? მესმის რომ შენ ერთდროულად, ძალიან ბევრი რამ გადაიტანე და აღარც ოცნებები დაგრჩა და აღარც ილუზიები, მაგრამ...
მიმიმ არაფერი უპასუხა ფიფომ კი განაგრძო:
- შენ უკვე იყავი იმ... იმ სიტუაციაში. უკვე იყავი იმ ფაზაში და ეს კაბა, არაფერ შუაშია. - ფიფო წამით შეყოვნდა. - თუ მართლა მოგწონს და გიხდება... კაბა მართლაც, რა შუაშია?
- ჰო, ალბათ, მართალი ხარ. - ნაღვლიანად დასძინა მიმიმ. - კაბა მართლაც, არაფერ შუაშია. კინაღამ ფანჯრიდან მოვისროლე. ტანსაცმელები, რომ გადმოვალაგე და ეგ კაბა დავინახე, მერე უცებ მოვწყდი რეალობას, აღარაფერი არ მახსოვს, როგორ გავითიშე. სისხლი გამეყინა და ირგვლივ ყველაფერი გაიყინა.
მიმი ენას არ აჩერებდა, კიდევ ბევრ რამეს ამბობდა მაგრამ ფიფო, უკვე აღარ უსმენდა, მხოლოდ ერთს ფიქრობდა.
„კაბა, კაბაა, მაგრამ...
ნუთუ, მთელი დღის მანძილზე, ბავშვი მაინც არ უნდა მოეკითხა?
არადა, ზედმეტად ყურადღებიანი დედაა, ბავშვს საკმაოდ კარგად ზრდის, სულ სიკეთეს და სიყვარულს ასწავლის, მეც კარგად მივლის, ორივე ყოველთვის სუფთა და გამოწკეპილი ვყავართ, მაგრამ ერთი თუ წავიყვანე ბავშვი, მერე მთელი დღე, საერთოდ აღარც გაახსენდება.“
ფიფოს ფიქრი არ ჰქონდა ჯერ დამთავრებული, რომ მიმიმ მაშინვე, ბავშვი იკითხა. ფიფოს უნდოდა ეთქვა, რადგან გაგახსენდაო, მაგრამ მიმიმ დაასწრო:
- იცი, შენთან ერთად რომ არის, მაშინ ძალიან მშვიდად ვარ. ვიცი, არც არაფერი დაუშავდება და ვერც ვერავინ ვერაფერს ავნებს.
- მარტო მოვედი. - მიუგო ფიფომ, თან გულზე მოეშვა. მიმის სიტყვები ესიამოვნა. - გელოდებოდა, მასაც უნდოდა სოფელში წამოსვლა.
- ვაიმე, რა საშინელი დედა ვარ! ბავშვი, როგორ დავაღალატე! ალბათ, როგორი გაბღუზულია ახლა?
- ისე ცოტა გამიკვირდა, ტელეფონსაც რომ არ იღებდი. - ისევ ეღიმებოდა ფიფოს. - კარგი, არ იდარდო. სოფელშიც ბრძანდებოდა და ახლა ძანესთან და ვაჩესთან ერთობა.
- ჰოოო? შენთან მართლა არ დაიკარგება. აბა, მე?..
- ჰაჰ, შენ თვითონ იკარგები, საკუთარ გარდერობში. - გაეცინა ფიფოს. 
მიმის ცალყბად ჩაეღიმა, მერე საათს დახედა და შეშფოთებული ხმით წამოიძახა: 
- ვაიმე! რომელი საათი ყოფილა! ბავშვი ხვალ სკოლისთვის უნდა მოვამზადო! წავედით!
ფიფო ზანტად შეიშმუშნა. ცხადი იყო, სავარძლიდან ადგომა, საშინლად ეზარებოდა. 
- ასე უვახშმოდ, როგორ გაგიშვათ? - შეიცხადა დედამ. - მიმი, შენ მთელი დღეა, არაფერი გიჭამია.
- ჰოდა, ვივახშმოთ! - ღიმილით ბრძანა ფიფომ.
- მერე ბავშვი? - შეიცხადა მიმი. - მალე ძილის დრო მოვა, უნდა ვაბანაო, გავამზადო სკოლისთვის.
- ძანეს ბებიამ აბანავა უკვე. ისეთი ამოგვანგლული ყოფილა, მთელი დღე ურბენია სოფელში. 
- ვაიი... - გაეცინა მიმისაც. - მერე გამოსაცვლელი ტანსაცმელი ხომ უნდოდა? აბა იქ, ვისი მოერგებოდა ძანესი თუ ვაჩესი? 
- სძინავს უკვე. რაღაც პიჟამოები ჩააცვეს. ხვალ დილით, მძღოლთან ერთად შევუვლი, სასკოლოდ გამოვაწყობ და ვაჩესაც გავიყოლებ სკოლაში.
- მოკლედ, ყველაფერი საათივით აგიწყვიათ კაცებს. - ეღიმებოდა მიმის. მერე კი თავისთვის ჩაილაპარაკა. - აბა ყველა ჩემსავით, ტვინ არეული ხომ არ იქნება...
გვიანობამდე შემორჩნენ სიდედრთან. მიმის კიდევ რამდენჯერმე ჩაეკითხნენ ორსულად, ხომ არ ხარო. მერე ვითომ, თემაც შეცვალეს და მაინც არ მოეშვნენ, მეორე ბავშვს როდისღა აპირებთო და მიმიც და ფიფოც, შეძლებისდაგვარად იგერიებდნენ სიდედრისა თუ მამიდის შემოტევებს. დილით კი ფიფოს, ბახუსისგან თავი უსკდებოდა და მიმიმ ცხელ-ცხელი, ნივრიანი სოკოს კრემ-სუფი შეაგება და ფიფომაც ცოტა „თვალებშიც გამოიხედა“. სამსახურშიც მხნედ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ, მიმის მამიდასთან ერთად, შინაურ არაყს, ბოლო წვეთამდე ჩაუსხდნენ.
ყავის სურნელმა, სასიამოვნო გუნებაზე დააყენა. 
„რა გემრიელ ყავას ამზადებს, ეს ოხერი გოგო.“
ეღიმებოდა ფიფოს და მდივნის მომზადებულ ყავას სიამოვნებით მიირთმევდა.
„მგონი მეპრანჭება? და მართლა მეპრანჭება, ეს ცანცარა გოგო და ის კი არ იცის, რომ სამსახურში, ფიფო აღარასდროს გაებმება შარში!
საკმარისი იყო, მაშინაც. სწორედ იმ დროს იყო, რომ მიმი, მართლა დავკარგე. ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რომ მაშინ არ ავცუნდრუკებულიყავი მიმის აღარ მიეცემოდა საშუალება, იმას შეხვედროდა და თავისთავად...
მივატოვე და მივაგდე და ხახაში ჩავუგდე... 
ამის გამო კი მიმის, აშკარად გამოხატული სტრესი აქვს და დღემდე, ვერც მე მიკარებს და ვერც სხვა ვერავის. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, ძალიან გვიან.“
ისე იყო ფიქრებში გართული, რომ ავტომატურად უპასუხა მდივნის ზარს, დეტექტივია მოსულიო.
გალეო გამარჯვებული სახით ეახლა და აუტოფსიის პასუხებიც მოუტანა. 
- მდააა. - ფიფო სავარძელში გადაწვა, როცა მედ.ექსპერტის დასკვნა, ბოლომდე ჩაიკითხა. - ესე იგი, იქ სადღაც ახლო-მახლო ბუდეააა!!!
- ბუდე?
- ჰო! ბუდე! - ირონიულად მიუგო ფიფომ. - ბუდე, სადაც ჩიტუნები კვერცხებს დებენ. რა გაშტერებული მიყურებ? ნარკობიზნესს ვგულისხმობ! იქ, სადაც მომხმარებელია, არც თუ ისე შორს, მისი მომწოდებელიც იქნება.
- სავარაუდოდ, კი. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- ამას რაღა ვარაუდი უნდა? მსხვერპლი, ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაცვლილა და თანაც, როგორც ირკვევა, საკმაოდ ხშირი მომხმარებელიც ყოფილა! 
- ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ იმ სოფელში, ნარკობიზნესია აყვავებული?
- ამ სოფელში, თუ იმ სოფელში, არ ვიცი, მაგრამ ყოველი დოზის მისაღებად, სტაჟიანი ნარკომანი არა მგონია ქალაქში, ამხელა გზაზე მორბოდეს და ესე იგი?
- ესე იგი, თავი იჩინა, ახალმა საქმემ!
- დიახ! ყმაწვილო! შეგიძლია შეუდგე, ნარკობიზნესის გამოძიებას, მაგრამ იცი ახლა, რას ვფიქრობ? - ფიფო წამით შეყოვნდა. - ჯერ არ უნდა გახმაურდეს, თუ რითია მსხვერპლი მკვდარი. ასე სჯობს. ახლა კი, დაკითხვაზე დაბარებულ ხალხს მიხედე.
- რა ვიცი, ღირს კი მათი დაკითხვა? ისედაც ხომ გაირკვა, რითია მკვდარი და რა საჭიროა.
- სწორედაც, რომ ღირს! და მიხედე ამას, მხოლოდ ნარკოტიკები არ ახსენო, ჯერ საერთოდ არ ახსენო.
- კარგი, მასე ვიზამ.
- აი, ხედავ? ერთი საქმის გახსნას, სულ სხვა არხზე გაჰყავხარ და ჯერ კიდევ, სად ხარ... - ფიფო სავარძელში გადაწვა და ახალი საქმის ძიების ამბავმა, სასიამოვნოდ დაუარა სხეულში.
LEX. 2019 წლის 6 ნოემბერი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment