29.
სიურპრიზი მართლაც მშვენიერი იყო. მიმის მეგობრები და ქირურგი სახელოებდაკაპიწებულნი, იდაყვებამდე ფქვილში ამოსვრილი ხელებით დახვდნენ. პელმენის სამზადისს, ამაოდ არ ჩაუვლია. უგემრიელესი გამოვიდა.
ფიფოს უყვარდა სტუმრები და გემრიელადაც მოილხენდა. განსაკუთრებით, ქირურგის დახვედრამ გაახარა. ახლა ერთად ჩაუსხდებოდნენ, თაფლის სანთლის ბოთლში, სპეციალურად შენახულ, ოჯახურ არაყს და სასიამოვნო საუბარში ჩართულები ბოლომდე გამოწრუპავდნენ. ფიფო ბავშვებზე საუბარს არ ეშვებოდა. ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას. მძღოლის ამბავიც მოუყვა სტუმრებს. მერე ქირურგსაც გადასწვდა, როგორი ბედნიერი გამოდიხარ საოპერაციოდან, როცა პატარა არსებას სიცოცხლეს უნარჩუნებო.
- მაგრამ, ყოველთვის ოპერაციაც, ხომ კარგად არ მთავრდება? - ჩაურთო მიმის მეგობარმა, რომელსაც ფიფო ფარულად, „დონნა ინტრიგანკას“ ეძახდა, რადგან სულ რაღაც უარყოფითს და ცუდს, როგორ ეძებს ეს გოგოო.
- უბედური შემთხვევისგან, არავინ ვართ დაცულნი. - შეეპასუხა მეორე სტუმარი, ხოლო მესამემ ისიც კი დაუმატა, რომ - მასე შეიძლება, გაჩერებაზე იდგე და მანქანამ გაგიტანოსო.
ქირურგს აშკარად, ფერმა გადაჰკრა.
- აბა, ასეთ კარგ და გემრიელ სუფრასთან, ეს ნეგატივები, რა მოსატანია? - ფიფომ მსუბუქად შეუტია გოგოებს.
მოგვიანებით, მიმის მეგობრები თანდათან მიმოიფანტნენ. მხოლოდ ქირურგი, ფიფოს დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, ცოტა ხნით კიდევ დარჩა.
ფიფოს სასმელი კარგად მოეკიდა. არც ქირურგი იყო ფხიზელი. მშვენიერი დრო იყო, რომ ფიფოს, ქირურგის დაღუპულ შვილზე, სიტყვა ჩამოეგდო, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ვერ ახერხებდა. ათას რამეზე იწყეს საუბარი.
- ზოგიერთი ადამიანი ისეთია, ვისი „წაკითხვაც“ ბევრს უჭირს. - განაგრძობდა ფიფო. - არის თავისთვის, არც არაფერს აშავებს და არც არავის განიკითხავს.
- ვფიქრობ, ასეთ ადამიანს, სწორედაც რომ ძალიან მოსწონს, თავისი ასეთი ქცევა და ხასიათი. - პასუხობდა ქირურგი. - მოსწონს მისი ეს მდგომარეობა.
- თუმცა, ვერც იმას გაიგებ, რა ეწყინა ან რა ესიამოვნა შენგან და ეს კი, არ არის კარგი.
- იქნებ, ყოველთვის არც არის საჭირო, რომ ყველა ხვდებოდეს, თუ რას წარმოადგენ, ან ვინ ხარ სინამდვილეში. - აღნიშნა ქირურგმა.
„ჰო, პიპაც მასე არ იყო?“
გაიფიქრა ფიფომ.
„თავისი ორმაგი ცხოვრებით! პატივცემული პროფესორი და სერიული მკვლელი!
საინტერესოა, ქირურგს რომ სცნობოდა, ნეტა რას იტყოდა მასზე? მაშინაც ასე დაამტკიცებდა, რომ ყველასთვის არაა საჭირო გაიგოს, ვინ ხარ სინამდვილეშიო?
ჰმ... საინტერესოდ კი ჟღერს!“
მიმი მათ საუბარს ყურს უგდებდა, თავი ისე ეჭირა, ვითომ არც აინტერესებდა, მაგრამ მერე ვეღარ მოითმინა და ჩაერია, რადგან ჩანდა, ფიფოს საუბარი წინ ვეღარ მიჰყავდა.
- მართალია, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავის აქვს უფლება ზედმეტად ჩაერიოს. - ჩაურთო მიმიმ. - ზოგი საკმაოდ ცნობისმოყვარეა, ზოგიც მეტნაკლებად, მაგრამ განა ყველას უნდა, თავისი პირადული ამბის გამხელა? თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს ნაკლებად გაიხსენოს ის მტკივნეული მომენტი და ამ შემთხვევაში, კი არ მალავს, არამედ... - მიმი შეყოვნდა. - უბრალოდ, ვერ საუბრობს ამაზე. ვერ ეხება ამ თემას, რადგან მისთვის წმიდათაწმიდაა და... - მიმი კვლავ შეჩერდა, მაგრამ ახლა მზერა ქირურგს მიაპყრო. - ჩვენ ვიცით შენი ტკივილი, ჯერ კიდევ სამშობიაროშივე გავიგეთ, მაგრამ რადგან შენ თავად... ვერ...
- სწორადაც მიმიხვდით. - გააწყვეტინა ქირურგმა. უფრო სწორად მიეშველა, რადგან მიმი უკვე ვეღარ აგრძელებდა საუბარს. - ამიტომაც გაფასებთ და მიყვარხართ. ჩემზე ისედაც ბევრს ჭორაობენ ხან ისე და ხან ასე, არც მიკვირს რომ იცოდით და მიხარია, რომ ასე ერთგულად ინახავდით ჩემს ამბავს.
- და მეუღლე? - მიმი უკვე თამამად გადავიდა „შეტევაზე“.
- მეუღლეც დაიღუპა, ბევრად უფრო ადრე, ბავშვი სულ პატარა იყო. ისიც ავარიაში მოყვა. - ქირურგმა ჭიქას თვალი შეავლო, ფიფომ წამსვე შეუვსო. - მხოლოდ მარტო არ ყოფილა. - დაასრულა ქირურგმა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
- კარგი, შევცვალოთ თემა. - ჩაურთო ფიფომ. - ნამდვილად არ მინდა, რომ...
- არა, რატომ? - შეაწყვეტინა ქირურგმა. - ბარემ ბოლომდე მოგიყვებით. მართალია, ეს თემა, არც ღირს სალაპარაკოდ. თუმცა ბუნებრივიცაა, ადამინებს ყოველთვის უფრო მეტის გაგება სურთ, ვიდრე იციან. - ქირურგმა სიგარეტს მოუკიდა. - ერთ მშვენიერ დღეს იმ კაცის ცოლი მომივარდა, ბავშვებიანად. მეც ჩვილით ხელში, რომ დავხვდი უკან დაიხია.
- ჰაჰ! ან რას მოგადგა, ან რა უნდოდა? - ჩაურთო ფიფომ.
- შენმა ცოლმა, ოჯახი დამინგრია, შვილები დამიობლაო და მართალიც იყო. - ქირურგმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლს, თვალი გააყოლა. - დღედაღამ ვმუშაობდი, დამატებით მორიგეობებსაც ვიღებდი, რომ ჩემს ცოლ-შვილს არაფერი მოჰკლებოდა. ამასობაში კი, სითბო და ყურადღება შემოაკლდა და სხვაგან ნახა! ბოლო დრომდე არც კი ვიცოდი. ჰმ, რა საოცარია ცხოვრება? რას არ განახებს, რის მომსწრეს არ გაგხდის!
- და მძღოლი არ დააკავეს? - იკითხა ფიფომ.
- საჭეს ჩემი ცოლი მართავდა, გვერდს კი, იმ ახალი და ძვირფასი მანქანის პატრონი უმშვენებდა. - ქირურგმა ნერვიულად ჩასრისა სიგარეტი და საფერფლე გვერდით მისწია.
წამით დუმილი ჩამოვარდა. ფიფოს ძალიან უნდოდა ეკითხა ბავშვის მკვლელზე, მაგრამ ქირურგმა დაასწრო.
- არც ის დაუჭერიათ, რადგან სანამ გაარკვიეს, მანამდე ინსულტით გარდაცვლილა. ერთი გატუტუცებული ბებრუხანა ყოფილა და რომც დაეჭირათ რა მერე? ამით ვითომ სამართალი იზეიმებდა? და რომელი სამართალი? ის სამართალი შვილს, თუ გამიცოცხლებდა?
- სამართლის ზეიმის შემთხვევა, სხვა ბავშვებს დაიცავს უბედურებებისგან. - ჩაურთო ფიფომ.
- ჰო. - დაეთანხმა ქირურგი. - სხვა ბავშვებმა, რა დააშავეს? ახლა კი, სხვისი ბავშვების გადარჩენით ვიოხებ გულს და ყოველი ახალი წარმატება, საოცრად ბედნიერს მხდის. იცი? სანამ ჩემი პატარა პაციენტის სახელს არ გავიგებ, მანამდე საოპერაციოდაც კი არ შევდივარ. ოპერაციის მერე კი ექთანს ვუშვებ და პირველ ღამეს მარტო ვუთევ. მათი სუნთქვა მესაუბრება და მაბედნიერებს. ასევე ცუდ შემთხვევაშიც, ცოტა ხნით მაინც ვრჩები მათთან და ბოდიშებს ვუხდი მათ პაწაწა, უსულო სხეულს.
მიმის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსცვივდა. ქირურგს გაეღიმა.
- კარგი, რა მიმი, რააა. - შეუძახა ფიფომ. - შენ მონაყოლზე აგიჩუყდა გული და აბა ამ კაცმა, რაღა უნდა თქვას?
- მეც ვტირი ხოლმე. - გაეცინა ქირურგს. - თუმცა, არავინ იცის და ახლა ჩემს საიდუმლოს, აქ აეხადა ფარდა. - თვალი ჩაუკრა მიმის.
მიმის გაეღიმა და ცრემლები მოიწმინდა. ახლა სულ სხვა თვალით შეხედა ქირურგს. შერცხვა საკუთარი საქციელს, იმ პერიოდის, როცა ქირურგს საშინლად ცივად ექცეოდა და მისი ატანა არ ჰქონდა. მართლაც, რას ერჩოდა ამ კაცს? მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა.
- იცი, მიმი! რა საყვარელი ბებო ჰყავს, ჩვენს ქირურგს? - ფიფომ თემის შეცვლა სცადა.
- აბა საიდან უნდა იცოდეს? - ჩაურთო ქირურგმა. - მესტუმრება და გავაცნობ.
- აუცილებლად. - გაეღიმა მიმის და ფიფოს მიუბრუნდა. - წავიდეთ, ხომ?
- მე უკვე ვიცნობ. - გაეცინა ფიფოს. - შენი ხათრით, ვესტუმრები კიდევ ერთხელ.
მერე მიმიმ თავისი ბებია გაიხსენა. ჯერ სკოლის დირექტორი იყო, მერე განათლების სამინისტროშიც მუშაობდა, გადაცემაც მიჰყავდა ტელევიზიაში.
- უყურე, როგორი „ფეშენ“ ბებია გყოლია. - ეცინებოდა ფიფოს. - აბა ბებიაჩემი, ექთანი იყო და სულ ნემსით მაშინებდა, როცა ვცელქობდი.
- ისე, ჩემი ბებოც ექთანია. - ჩაურთო ქირურგმა. - და წლების წინ, ზუსტად იქ მუშაობდა, სადაც ახლა მე, მხოლოდ სხვა შენობაში, ცალკე დღენაკლულთა განყოფილება იყო იმავე ტერიტორიაზე და...
მაგრამ ფიფოს უკვე აღარაფერი ესმოდა. მის გონებაში სწორედაც, რომ ის ნაცნობი საავადმყოფო ამოტივტივდა, რომლის სარდაფების ქექვაში, სერიული მკვლელის ძიებაში, ერთ დროს ღამეებსაც ათენებდა.
„ნეტა იმ დროს თუ მუშაობდა იქ? რა საინტერესოა. სიამოვნებით ვკითხავდი.
უჰ, ნეტა მართლა, რაში მაინტერესებს? ჩაიარა უკვე იმ ამბავმა და ასე ცალსახად გამოუძიებელიც დარჩა! თუმცა, რატომ? მე ხომ მაინც გამოვიძიე! ბოლომდე მივყევი და ყველაფერი გავარკვიე! დიახაც, მე ვარ ის ერთადერთი, ვინც ბოლომდე ჩაეძია და გახსნა დანაშაულის კვანძი, თავისი მოტივითა და თავისი ყველაფრით!“
ფიფო ისე იყო ფიქრებში გართული, რომ სანამ მიმიმ რამდენჯერმე არ შესძახა, მანამდე ვერ გამოერკვა.
- სასმელი მოგეკიდა და შეგვითვერი მასპინძელო. - გაეცინა ქირურგს.
- მგონი, კიი. - დაუქნია თავი ფიფომ და ისე გადაეშვა ფიქრებში, რომ წესიერად არც ახსოვდა, როგორ გააცილა სტუმარი და როგორ ავიდა საძინებელში.
ფიქრები საწოლშიც შეჰყვა და ძილი დაუფრთხო.
თითქოს, საკუთარი თვალით იხილა ავარია, როგორ ისხდნენ მანქანაში, ქირურგის ცოლი და მისი საყვარელი. როგორ დასცინოდნენ მოტყუებულ ქმარს, ვინ იცის? იქნებ სწორედაც, ავარიის წინ უწოდეს, ბრიყვი და სულელი?
მერე ისიც კი წარმოიდგინა, როგორ ზრდიდა დაობლებულ შვილს, მარტოხელა მამა და როგორ ელოლიავებოდა მის ერთადერთ პირმშოს და აქაც ბედმა უმტყუნა და ახლა, მეორე ავარიის ნათლად წარმოდგენისას, ტანში ცივად გასცრა.
- რა უღმერთოა განგება! - ხმამაღლა აღმოხდა და საკუთარმა ხმამ რეალობაში დააბრუნა. საათს გახედა, სადაცაა გათენდებოდა. ძილს აზრი აღარ ჰქონდა.
ქვემოთ ჩამოსვლამდე, ბავშვთან შეიხედა. დიმეოს მშვიდად ეძინა.
„ჩემს ბიჭს, რომ რამე დაემართოს, ალბათ გავგიჟდები! თავს შევაკლავ! დამნაშავეს, ჩემი ხელით ამოვაძრობ სულს!“
ფიფომ რატომღაც, ქირურგის მონაყოლში, ბევრად მეტი სიმშვიდე შეამჩნია. ან იქნებ, მოეჩვენა? რადგან უკვე მრავალი წელი იყო გასული. დამნაშავეც აღარ იყო ცოცხალი და შურისსაძიებელიც არავინ დარჩა.
თავად ალბათ, მის ადგილას, იდაყვზე იკბენდა და ისე მოუყვებოდა, როგორ იჯდა საჭესთან, ვიღაც გატუტუცებული ბებრუხანა და როგორ დაარღვია მოძრაობის წესები, რის შედეგადაც საბრალო ბავშვი დაიღუპა.
ან იქნებ, დროს მართლა თავისი მიაქვს და წარსული მაინც, წარსულში უნდა ჩატოვო.
„ალბათ, სხვისი შვილების სიხარული უმსუბუქებს დარდს. რამდენ ბავშვს გადაარჩენს, იმდენად ბედნიერად გრძნობს თავს და ასეც იქნება!
რა თქმა უნდა, ასეა!“
მერე ქირურგის ბებია გაახსენდა. საყვარელი, თბილი ქალი და სადღაც მის ახლოს, პიპას ლანდმაც გაიელვა და უკვე მერამდენჯერ? საკუთარი თავი, ბევრჯერ გამოიჭირა ფიფომ, ფიქრებში ხშირად ახსენდებოდა პიპა და ბოლო დროს კი უფრო მეტად, ქირურგთან ახლოს.
„ალბათ, ქირურგის ბებია, რომ მუშაობდა იმ ჩვილ ბავშვებთან, ამიტომაც მახსენდება ასე ხშირად.“
გაიფიქრა ბოლოს და ხელი ჩაიქნია. შეეცადა როგორმე დაევიწყებინა, მაგრამ ახლა, ახალმა ფიქრმა არ მოესვენა.
„ნეტა მართლა, რომელ წლებში მუშაობდა იქ?“
და მერე თავად გაეღიმა.
„ღმერთო ჩემო, რას გადავეკიდე იმ ოჯახს? მეგობარი მაინც არ იყოს.“
- ჰაჰ! რა ვიცი, ხოლმე ეს უაზრო აკვიატება!
ფიქრი ხმამაღლა გამოუვიდა და სამზარეულოში, მიმის გაკვირვებისგან ანთებულ თვალებს შეეფეთა.
- ასეთი რა აიკვიატე, რომ კვირა დღეს უთენია წამოგაგდო?
- როგორც ყოველთვის! ჩემი დაუოკებელი და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა მიფრთხობს ძილს! - სერიოზული ხმით მიუგო ფიფომ. - და შენ, რა არ გაძინებს? რა არ გასვენებს, ამ კვირა დღეს და თანაც, უთენია?
- დედასთან უნდა გავიარო. ხომ იცი, იქ რომ მივალ ასე უცებაც ვერ დავაღწევ თავს, შენზე უფრო მეტად ცნობისმოყვარე ორ ქალს, მერე... - მიმი შეყოვნდა.
- მერე? - ვერ მოითმინა ფიფომ.
- მერე ის, რომ მაშინ ჩემი გარდერობის, მხოლოდ ერთი ნაწილი გადმოვალაგე და ახლა, სხვა მხარესაც ვნახავ, კიდევ რამეს შევურჩევ გოგოებს და ჩავიტან სოფელში. თან გავახარებ და თან იქნებ, კიდევ რამე გამოვქექო და გამოვკითხო და თანაც, ვაჩესაც წამოვიყვანდი ბარემ.
- ძაან დატვირთული დღე დაგიგეგმავს. - ღიმილით უთხრა ფიფომ.
- შენ რას აპირებ, ამ კვირა დღეს?
- ჩემებს ვნახავ. მერე საპატიმროში იმ ბიჭსაც შევუვლი, მოვინახულებ. იქნებ, კიდევ რამე გაიხსენოს. ორშაბათიდან კი მისი კლასელების დაკითხვები დაიწყება, თუმცა მაგას, გალეო მიხედავს. მე ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვს.
- გაგიმზადებ რამეს და შეუტანე იმ ბიჭს, ცოდოა. ვინ იცის, იქ რას აჭმევენ.
- არ უნდა! - მკაცრად უპასუხა ფიფომ. - ღირსია, იჯდეს იქ და თქვლიფოს ღორის სალაფავი. ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს, კარგად უნდა შეიგრძნოს, ამ თავისი სიშტერის გამო, სად მოუწევს ცხოვრების გატარება.
- ხო, მაგრამ მეცოდება მაინც.
- შესაცოდი მაშინ იქნება, მართლა თუ აირტყამს „სროკს“! და რის გულისთვის? ვის გულისთვის? არაფერი მოუვა! იჯდეს, ცოტა ხანი.
- ჰო, შენ უფრო იცი. ალბათ, საჭიროა მასეც.
- იცი? ჩემი შვილიც რომ იყოს, იგივეს გავაკეთებდი!
მიმის ტანში გაჟრჟოლა.
- ჰო! რა იყო? - ფიფო თვალებში ჩააშტერდა. - სანამ სიმართლეს არ იტყოდა, მასე მოვექცეოდი. ამიტომაც უნდა ეყოს ტვინი და აღიაროს, საერთოდ ან რა მოხდა და ან როგორც იყო, ის! - ფიფომ წამით იყუჩა და განაგრძო. - მადლობა მითხრას, რომ ჩემი წყალობით, იქ ვერავინ თითს ვერ დააკარებს, მხოლოდ მაგაში დავინდე და ისიც, მისი მშობლების ხათრით. იმ ხალხს ვცემ პატივს და არა პირადად მაგ ყეყეჩ და უტვინო ბიჭს!
- და ექსპერტმა, რაო? გუშინ ვეღარ გკითხე, იმდენი სტუმარი იყო აქ.
- კარგია, რომ სტუმრებთან, არაფერი მკითხე.
- როდის იყო, სტუმრების თანდასწრებით, რამე მსგავსი კითხვა დაგისვი? - იწყინა მიმიმ.
- ჰო, კარგი. - ფიფომ ცალყბად გაუღიმა. - მინდოდა მეთქვა, რომ რა კარგია, როცა არასდროს მეკითხები სტუმრების თანდასწრებითო და ცოტა სხვანაირად გამომივიდა, რა მოხდა მერე?
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- ექსპერტმა რაო და... - განაგრძო ფიფომ. – პირველადი დათვალიერებით, აშკარად ნაჩხუბარია, თანაც გვამის გაკვეთას, ხვალ აპირებს და უფრო დაზუსტებით იქნება პასუხი, თუ რითია გარდაცვლილი.
- აბა მოკლულიაო და შენ კი ამბობ, გარდაცვლილიო?
- ნუ, ჰო! სიკვდილის ზუსტ მიზეზს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გაკვეთა დაადგენს, რადგან არც ჭრილობაა და არც ნატყვიარი და არც, ასე შემდეგ.
- მეტი არაფერი?
- არაფერი.
- აბა ექსპერტიზის დასკვნაო, გალემ რომ მანქანაში წაგაკითხა?
- მანდაც იგივე ეწერა, რაც ახლა გითხარი. შემოსული გვამის, დათვალიერებისას, გარეგანი სასიკვდილო ნიშანი არ აღენიშნებოდა, მხოლოდ ჩხუბის კვალია.
- და მერე ვერ გაკვეთა? მაგის დაწერას, რა აზრი ჰქონდა? ეგ ხომ, ისედაც გამოჩნდებოდა.
- ვერ გაკვეთა და არც გაკვეთა, რადგან პარასკევს ღამით, შემოსული გვამი, ორშაბათისთვის გადადო. შაბათს კი შევაფუცხუნე, მაგრამ მაინც წაიზლაზნა, სამაგიეროდ ორშაბათს, ზუსტ დასკვნას დამიდებს!
ფიფოს ბოლო წინადადება, ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. მიმის გაეღიმა.
- ავალ ბავშვს შევაღვიძებ. ჯერ ბებიებს შევუვლით, მერე სოფლისკენ! შენ რას იზამ დღეს? წამოხვალ ჩვენთან ერთად?
- არა მგონია. ჯერ ჩემებთან შევივლი. ერთი კვირის წინ მითხრეს, სახურავიდან წვეთავსო, ვნახავ ერთი რა ხდება.
- ჰოო? თან, ერთი კვირის წინ გითხრეს, მთელი კვირა გასულა. - მიმის ხმაში ირონია იგრძნობოდა.
- რა იყო? - გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო. - გგონია გატყუებ? მართლა მასეა, წვიმის დროს სახურავიდან ისე წვეთავს, რომ კედელს ასველებს.
- ჰოდა, აღარ წვეთავს. - მიმის ისევ ისეთი ირონიული სახე ჰქონდა.
- როცა არ წვიმს არ წვეთავს, რა თქმა უნდა.
- აღარ წვეთავს უკვე, არა! - გაეცინა მიმის. - ერთი კვირის წინ გითხრეს და სანამ შენ მოიცლიდი, კედელიც დაიშლებოდა.
- ვერ გავიგე? შენ?..
- დიახ! იმ დღესვე გავუშვი ჩვენი სამსახურის მუშები და მაშინვე მოაგვარეს.
- უხერხული არ იყო, მერე? ეგ ხომ სამსახურის ბოროტად გამოყენებაა?
- რატომ უხერხული? ან რატომ ბოროტად? ანაზღაურების გარეშე კი არ გამიშვია? და თანაც, არაფერი ისეთი არ ყოფილა. დაგროვებული ფოთლებისგან იყო ერთი კუთხე ამოვსებული და წვიმის ნაკადი, ვერ გადიოდა გასასვლელში, ამიტომაც კედელზე ჩამოდიოდა. მამაშენს უკვე, სადღა შეუძლია და ვერც შენ ვერ აძვრებოდი სახურავზე.
- ეგ ხო, მაგრამ მაინც ხომ უნდა მცოდნოდა?
- მთელი კვირაა იცოდი, მაგრამ ახლა გაგახსენდა. - გაეცინა მიმის.
- ჰო, დამნაშავე ვარ, ვაღიარებ! შენ კარგი გოგო ხარ, ყურადღებიანი. ზედმეტად ყურადღებიანიც. როგორ გამოვისყიდო, ჩემი დანაშაული?
- ნუ რადგანაც სიმართლე თქვით, ბატონო ფიფო! და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე სასჯელიც შეგიმსუბუქდებათ, მაგრამ რამდენად? აი ამას უკვე, სასამართლო დაადგენს. - აკისკისდა მიმი.
ფიფოც აჰყვა სიცილში. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ბავშვს, ფიფო წაიყვანდა თავისიანებთან და მიმიც იქ მიაკითხავდა. მანამდე კი, დედასთან გაივლიდა და სოფელში წასაღებად, კიდევ შეარჩევდა რამეს.
დაღამებამდე ელოდნენ ფიფო და დიმეო, მაგრამ მიმი არც გამოჩენილა. თავიდან ფიფო, თავს იკავებდა არ უნდოდა დაერეკა. დარწმუნებული იყო, მიმი ისე იქნებოდა გარდერობის გადმოლაგებაში გართული, რომ დროის შეგრძნებასაც დაკარგავდა, მაგრამ მერე, როცა მოსაღამოვდა, ვეღარ მოითმინა.
მიმის ტელეფონიც, რატომღაც გამორთული აღმოჩნდა.
LEX. 2019 წლის 29 ოქტომბერი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment