31.
უკვე მეოთხე დღე იყო, რაც უდანაშაულო ბიჭი, მკვლელობის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული. ოფიციალურად, დანაშაული არ დამტკიცდა, მაგრამ ჯერ არც იმის აფიშირება აწყობდათ, თუ რითი იყო მსხვერპლი მკვდარი.
ფიფომ ბრძანება გასცა, ჯერ ბიჭი არ გამოეშვათ. დეტექტივი და მედ.ექსპერტი კატეგორიულად გააფრთხილა ენისთვის კბილი დაეჭირათ, მაგრამ მედ.ექსპერტი გაჯიუტდა:
- ახლობლები გვამის წაღებას მოითხოვენ, თან სიკვდილის მიზეზად რა ჩავწერო?
- ჯერ ერთი, გვამის კი არა მიცვალებულის და მეორეც, წაღება კი არა, გადასვენება! - შეუღრინა ფიფომ. - ცოტა პატივისცემა იქონიე, თუ შეიძლება! აბა, რომელ მშობელს მოეწონება, ასეთი მიმართვა, თქვენი შვილის გვამი წაიღეთო?! და კიდევ! - ფიფომ ხმას აუწია. - ბევრი ტლიკინის გარეშე, დროებით რაც გინდა ის ჩაწერე, ან საერთოდ ნუ ჩაწერ ნურაფერს! და ნურც აჩვენებ, აუტოფსიის პასუხებს!
- რას მემუქრებით, არ მესმის?! - შეუტია მედ.ექსპერტმა. - მობრძანდით აქ და თავად ჩაწერეთ ის, რაც გინდათ! სულაც არ ვაპირებ, კანონის დარღვევას და რაღაც შარში გახვევას!
- როგორც გეტყვი, ისე მოიქცევი! თორემ მანდ თუ მოვედი, მაგ შენს მაგიდაზევე ამოგიღებ ოთხში! - ფიფომ ხმას აუწია. - შენ ხომ არ გგონია, რომ კარგი სამსახურები, ასე ქუჩაში ყრია?! რასაც უფროსი გიბრძანებს, ის უნდა გააკეთო და მორჩა! - ფიფომ ყურმილი ძლიერად დაახეთქა. ყელში მოწოლილი ბრაზისგან, ჰალსტუხი შეიხსნა და ცოტა შვებითაც ამოისუნთქა.
საქმე, ფიფოს არასწორ გადაწყვეტილებაში სულაც არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, უფროსთან დაუმორჩილებლობა იყო და სწორედ ამაზე უფრო გამწარდა ფიფო. იმხელა ხმაზე ღრიალებდა, რომ კართან მომდგარმა მიმიმ, უკან დაიხია. მდივანიც კი დამფრთხალი თვალებით იყურებოდა. ვეღარ გაეგო, თვითონ შესულიყო და მოეხსენებინა მეუღლის მოსვლა, თუ თავად მიმი შეეშვა.
- დღეს უკვე, სამჯერ დალია ყავა. - ლამის ჩურჩულით უთხრა, შემცბარმა მდივანმა, მიმის. - ჯერ, შუადღეც არ არის და...
კაბინეტიდან, ფიფოს ხმა მიჩუმდა. მდივანმა მიმის გადახედა და ისიც მიუხვდა.
- მე თვითონ შევალ, არ გინდა გაფრთხილება. - მიმიმ კარი შეაღო და ვითომც ფიფოს ღრიალი არც გაუგონია, ჩვეული ღიმილით მიმართა:
- იცი, სამსახურში ჩამოვაყალიბე ფონდი, ყოველ ხელფასზე სულ მცირე მინიმალურ თანხას ყველა ჩამოვა. საცხობებსაც შევუთანხმდი სადისტრიბუციო ფასად, ყოველ დღიურად მოგვაწვდიან პურს და ფუნთუშეულს...
- რა, პურ-ფუნთუშეულს?
- უკვე ადგილიც შევარჩიე, გაჩერებაც იქვეა, რომ ადვილად მოგვაწოდონ...
- რა, ადგილი? რისი?
- უფასო სასადილოსთვის! წუხელ მაგაზე, ხომ ვისაუბრეთ?
- აჰ! და მერე? შენ დღეს უკვე, ორგანიზებაც გაუკეთე? - ჩაეღიმა ფიფოს.
- დღესვე ვერ გაიხსნება, იმდენი რამ ყოფილა საჭირო, იმდენი ნებართვა და საბუთი, რომ შენი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა.
- მერე, მე რომელი სან.ეპიდ.სადგურის უფროსი მნახე? - ფიფოს ახლა უფრო მეტად გაეცინა.
- შენ ბევრი ნაცნობები გყავს და შენი სამინისტროდან იქნება მოთხოვნა, დანარჩენს მე მივხედავ, რაც მალე მოვაგვარებ ბიუროკრატიულ, თუ იურიდიულ საკითხებს, მით უფრო მალე გავხსნი უფასო სასადილოს! თანაც, ობიექტი კი ვნახე, მაგრამ ჯერ სარემონტოა. არა, ამაზე არ იღელვო ამას ჩემი სამსახურის ბიჭები მიხედავენ! რა თქმა უნდა, ანაზღაურებით. - დაუმატა ბოლოს.
- კარგი, რა მიმი, რააა! - ამოიხვნეშა ფიფომ. - რა დროს, უფასო სასადილოა? ლამის, თავი გამისკდეს ფიქრით.
მიმიმ არაფერი უპასუხა. ცოტა ხნით, დუმილიც კი ჩამოვარდა. ჩანდა მიმი, წასვლას არ აპირებდა. ფიფო მიუხვდა, მიმის კიდევ, რაღაცის თქმა სურდა და გამომცდელი სახით ჩაეკითხა:
- და, კიდევ?
- იმ ბიჭის ცოლმა დამირეკა. - დაბალი ხმით უპასუხა მიმიმ.
- და რატომ მიეცი მერე, შენი ტელეფონის ნომერი? - ფიფოს ხმაში, წყენა დაეტყო.
- მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი.
- მეც მირეკავენ, მაგრამ არ ვპასუხობ! მით უმეტეს, რომ გავაფრთხილე, არ უნდა დამირეკონ! და საერთოდ, დაიმახსოვრე! ეჭვმიტანილის ახლობლებს, შენი ოჯახის წევრების ტელეფონი, არ უნდა მისცე!
- მაგაზე, არც მიფიქრია. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- ჰო, ვიცი, რომ არ გიფიქრია. - ფიფომ წამით იყუჩა. - ჩემი ბრალია, მე უნდა გამეფრთხილებინე, მაგრამ რომელ ერთზე ვიფიქრო? ამდენ ინფორმაციას, ვეღარ იტევს უკვე ჩემი ტვინი.
- არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ფიფო სახლში არაფერს ჰყვება, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარება, უყურადღებოდა არ დაგტოვებს და არც შენს ქმარს იქ, არავინ ხელს არ ახლებს, მეთქი.
- მშვენივრად გითქვამს. - გაეღიმა ფიფოს და სიგარეტს გადასწვდა, მაგრამ მიმიმ შეაჩერა:
- საფერფლე სავსეა!
- მერე? - ცოტა ცივი იუმორით შენიშნა ფიფომ. - ვერ გადამიყრი? ხომ იცი, რომ ცალფეხა კაცი ვარ.
- რატომ ცალფეხა? - ღიმილითვე მიუგო მიმიმ. - სამი ფეხი გაქვს! ორი შენი საკუთარი და ერთიც დამატებითი! და საერთოდ, უკვე დროა ნელა-ნელა ჯოხის დახმარების გარეშეც დაიწყო სიარული. გახსოვს, რა გითხრა ექიმმა?
- კარგი, რაა. - ხელი ჩაიქნია ფიფომ. - რამე ისე, რომ არ გამომივიდეს, თავიდან აღარ გავიკეთებ ოპერაციას, საშინლად დავიღალე და მომბეზრდა! ვეღარ დავდივარ და მორჩა! შეიგნეთ ყველამ!
ფიფომ იმხელა ხმაზე იყვირა, რომ მიმი შეცბა.
- ექიმმა მხოლოდ ის გითხრა, რომ შეეცადე, იქნებ შესძლო. - წაიჩურჩულა მიმიმ. - ივარჯიშეო.
მიმის ისეთი ხმა ჰქონდა და ისეთი საცოდავი გამოხედვა, რომ ფიფოს გაეცინა.
- კარგი, ვივარჯიშებ! როცა მოვიცლი!
- მასე ვერასდროს მოიცლი, თუ შენ თვითონ არ გამოყავი დრო.
- რაო, როდის იხსნება, უფასო სასადილო? - ფიფომ თემა შეცვალა, მიმიც უმალვე გადაერთო და ისევ აქაქანდა.
- კარგი, გასაგებია. - შეაჩერა ფიფომ. - იურიდიულ საკითხებს მე მოგიგვარებ, დანარჩენშიც, რა ვიცი? შენს გვერდით ვარ.
- რაღაც იდეები მაქვს. - ჩაფიქრებული ხმით უთხრა მიმიმ. - მაგრამ ჯერ, კარგად უნდა ავწონ-დავწონო.
- მითხარი, აბა.
- ჯერ ვფიქრობ.
- კეთილი. - გაეღიმა ფიფოს. - რომ მოიფიქრებ, მითხარი. ეჰ, მიმი რა ბედნიერი ხარ, ნეტა იცოდე. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ერთს მოვწევ, რაა? - მუდარის თვალებით გადახედა მიმის და პასუხს არც დაელოდა, ისე მოუკიდა სიგარეტს.
- მომიყევი. - დაბალი ხმით უთხრა მიმი. - შენი ღრიალი, გარეთაც ისმოდა. შევეცადე, მაგრამ მაინც ვერ მოგიყვანე ხასიათზე.
- რა მოგიყვე? სამსახურის საქმეები? თუ გამოძიების მასალებში ჩაგახედო?
მიმი მოიბუზა. საშინლად არ ესიამოვნა ფიფოს სიტყვები. წამოდგა და კარისკენ გაემართა.
- მოიცა. - შეაჩერა ფიფომ.
- მეჩქარება. - უკან არც მოუხედავს, ისე უპასუხა მიმიმ.
- ცოტა ხნით, დაიცადე.
ფიფოს ისეთ მავედრებელი ხმა ჰქონდა, მიმიმ უარი ვეღარ უთხრა, მაგრამ ფიფოს საუბრის დაწყებასაც არ დაადგა საშველი.
- ვხედავ, რომ არ ხარ კარგ გუნებაზე. - მიმიმ ვეღარ მოითმინა. - ჯერ იმხელა ხმაზე ღრიალებდი გარეთაც ისმოდა, მერე საფერფლეც გადავსებული გაქვს, ყავასაც საკმარისად დალევდი. შევეცადე სასაუბრო თემა შემეცვალა, მაგრამ არც ეს გამომივიდა, არც აქედან მიშვებ და თუ მიყვები, მოყევი ბარემ.
- ჰო, რა ვიცი... - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ჩემი ვარაუდით, საქმე ალბათ, იმ ბიჭს ეხება.
- ჰოო? - ირონიული ხმით ჩაეკითხა ფიფო. - და საიდან, ეს ვარაუდები?
- მაგას, რა მიხვედრა უნდა? ვერ მიყვები და ვერც მენდობი, რადგან მის ოჯახის წევრებს ვიცნობ, თანაც ძალიან გინდა, რომ სხვა ადამიანის აზრიც მოისმინო, იმის, ვინც ამ საქმეში, არც გარეულია და არც ეხება.
- შენ, ნამდვილი დეტექტივი ყოფილხარ! - ხმამაღლა გაეცინა ფიფოს. - რა ვქნა? გალეოს ადგილას, ხომ არ დაგნიშნო?
- რა დიდი მისახვედრიც ეს იყო? - გაეცინა მიმისაც. - კარგი, ბარემ მითხარი, იქნებ ერთი-ორი სიტყვა, მეც შეგაწიო ან გულს მაინც მოიოხებ.
„ჩემი ჭკვიანი გოგო.“
გული გაუთბა ფიფოს.
„როგორ ზუსტად იცის სიტყვების შერჩევა და თანაც, მართლაც გულიდან რომ მოდის და არა ისე, ფარისევლურად.“
ფიფომ მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება, საკუთარი ვარაუდიც კი გაუმხილა, თუ რას აპირებდა, მაგრამ მიმი არ დაეთანხმა.
- მერე, გამოვა მასე? - შეეკითხა მიმი.
- ცოტა ხნით მაინც, თუ არ გავამხელთ, მსხვერპლის გარდაცვალების მიზეზს, ამით შესაძლებელია რაღაც გზამდე მაინც გავიდე, თუმცა რაც დრო გადის, მეც მეეჭვება, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.
- ჰო, მასეა. - თავი დაუქნია მიმიმ. - ვინც იცის, რომ ნარკომანი იყო, ის ხომ მიხვდება, რომ იტყუებით და ასე უფრო დაიმალება და შეიძლება, ვერც ვერასდროს დაიჭირო მომწოდებელი.
- ახლა სწორედ მაგას ვფიქრობ. ვინც გვამი გადააადგილა, ან ერთმა, ან უფრო მეტმა, მათ ხომ იციან სიმართლე და...
- კი, მაგრამ გვამი, რატომღა გადააადგილეს? სულ მინდოდა ეს მეკითხა.
- იმიტომ, ჩემო მიმი, რომ რადგან მსხვერპლი, ასე ვთქვათ, კაიფში გაიპარა, არ შეიძლება მისი იმ ადგილას დატოვება! ის ბუნაგი, დამწვარია უკვე!
- გადაწვეს?
- არააა! - გაეცინა ფიფოს. - დაწვა, იმას ნიშნავს, რომ გაიშიფრება, ის ადგილი, სადაც მიიღო მსხვერპლმა, ეს „ძვირფასი ნექტარი“, ამიტომაც, მოიშორეს თავიდან.
- და თავის სახლში რომ გაეკეთებინა, მაშინ?
- მაშინ, საკუთარ სახლში აღმოაჩენდნენ მკვდარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩანს, რომ სულ სხვაგან მოკვდა.
- იქნებ, სადმე ტყეში, ან მდინარის პირას?..
- მაშინ, იქვე დატოვებდნენ და სულაც არ იქნებოდა საჭირო, მისი გადაადგილება.
- და იქნებ, ჯერ ცუდად, რომ გახდა მისი მოსულიერება უნდოდათ და ამიტომ გამოჩნდა ასე, რომ გვამი ვითომ გადააადგილეს.
- მიმი, ეგეც გარკვეულია. - გაეცინა ფიფოს. - ესე იგი, შენც სთვლი, რომ სჯობს არ დავმალოთ თუ რით არის მკვდარი?
- რა თქმა უნდა! მაგრამ...
- მაგრამ?
- ზედმეტი დოზით კი არა, ცოტა სხვანაირად რომ აუხსნათ, მის ახლობლებს.
- სხვანაირად, როგორ?
- ვითომ... ნუ ვითომ... - მიმი ცოტათი შეყოყმანდა. - ვითომ ის მიღებული წამალი, არ იყო სუფთა, რაღაც იყო გარეული და ამან მოკლა.
- ჰა, ჰა! - გაეცინა ისევ ფიფოს. - შენ მგონი, მართლა ბევრი დეტექტივი გაქვს წაკითხული.
- ფილმებშიც ასეა. - გაეცინა მიმისაც.
- შეიძლება მასეც ითქვას, მაგრამ ვინც მასთან ერთად იყო, ის რატომღა გადარჩა? იმას ხომ არ ვიმარჩიელებ არა, გვამი ვინც გადაიტანა, მასაც თუ ჰქონდა იგივე დოზა მიღებული, ან საერთოდ... რა ვიცი, რა?
- ეს ნასვამიც იყო, თან დიდი დოზა ჰქონდა მიღებული, სხვებთან შედარებით, ეს ხომ აშკარაა ფიფო?
ფიფომ არაფერი უპასუხა და ტელეფონს დასწვდა. მალევე გააგონეს.
- გარდაცვალების მიზეზში, სიმართლე ჩაწერე! ზედმეტი დოზის მიღება და მეტი არაფერი! არც ის დაასახელო, რამდენი და რომელი. ეს დასკვნა პატრონებს, ასე გაატანე და სხვა ფურცელზე, მხოლოდ ჩვენთვის, უფრო დაწვრილებით აღნიშნე! - ფიფომ ტელეფონი დადო და მიმის თბილი თვალები შეანათა. - რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე?
მიმი ყურებამდე გაიბადრა.
- ახლა შენთან, სერიოზული საქმე მაქვს. - დაიწყო ფიფომ. - კრინტი, რომ არავისთან უნდა დაძრა, ეგ იცი ისედაც, მაგრამ რაც, ან როგორც არ უნდა გკითხონ სოფელში, ყველაფერზე იტყვი, არ ვიცი, ან გაიკვირვებ და თუ თვითონ დაგიწყეს მოყოლა, რაც არ უნდა გითხრან, შენ არც დაუდასტურო და არც უარყო! უბრალოდ, არაფერი არ იცი და მორჩა!
- და როდის უნდა ჩავიდე?
- რა ვიცი? - ამოიხვნეშა ფიფომ. - მოგვიწევს გასვენებაში ჩასვლა. მე და გალეოს მაინც.
- და ის ბიჭი გამოუშვი ბარემ, რაღას აჩერებ?
- ჰო! ახლავე. ეგ კინაღამ დამავიწყდა, თუმცა საღამომდე, მაინც გავიხსენებდი.
ფიფომ გალეოს დაურეკა და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა.
- და უთხარი, რომ ჯერ ჩვენთან მოიყვანოს, რაა.. - შეევედრა მიმი.
- რატომ, ჩვენთან?
- მე ჩავიყვან სოფელში და თან...
- ადრე იქაურობას ვერ იტანდი და ახლა მომენტს არ უშვებ, რომ იქ გაიქცე. - ჩაეცინა ფიფოს.
- უბრალოდ, შენი დახმარება მინდა. - მოიბუზა მიმი.
- მაშინ, პირობა ჩამომართვი, რომ არაფერს ჰკითხავ გზაში და არც არაფერს მოუყვები, ხმა! კრინტი არ დაძრა არაფერზე!
- არის, უფროსო! - მიმიმ ხელის აწევით ანიშნა.
- თავისიანებს, ჯერ არაფერს ვეტყვი. უცებ სიურპრიზი მოუწყვე და ჩაუყვანე. იმ ბიჭს, გალეო გააფრთხილებს, რომ არავის დაურეკოს.
- კარგი, იქნება.
ფიფომ ისევ დაურეკა დეტექტივს და გათავისუფლებული ბიჭის, მასთან მოყვანა სთხოვა.
- აბა, სანამ ჯერ არ მოსულან. - ფიფო სავარძელში გადაწვა. - მომიყევი ერთი, რა იდეა გაგიჩნდა?
- უფასო სასადილოზე მეკითხები?
- იდეა მაქვსო და რა ვიცი?
- კი, მაგრამ ისიც ხომ გითხარი, სხვა დროს გეტყვიო?
- და მე, რომ ვეღარ ვითმენ?
ფიფოს სიტყვებზე, მიმის გაეცინა და როგორც იქნა, ამოღერღა:
- მინდა, ვაჩეს დედა დავასაქმო, სასადილოში. არა, ბევრ საქმეს კი არ დავავალებ. უბრალოდ, თავისი სამუშაო ექნება, ხელფასიც და საჭმელიც. ბავშვებსაც იქ აჭმევს, ნუ თუ უნდა...
- მშვენიერი აზრია, მაგრამ სად უნდა იცხოვრონ? იმ სიშორიდან ყოველდღე, როგორ ივლის?
- სწორედ, მაგან დამაფიქრა. თუმცა იმ ობიექტთან ახლოს, შეიძლება რამე გამოიძებნოს, ან დროებით ვუქირავო. ჰო, ვიცი იმ გაყიდული ბინის ფული, უგროვდება ანგარიშზე და ან იქნებ, ჩვენმა ფონდმა შეუძინოს ბინა და მერე ის ჩარიცხული თანხა, ფონდს უკან დაუბრუნდება. ასე ვთქვათ, ვასესხოთ.
- ამდენი, როდისღა მოიფიქრე? - გაეცინა ფიფოს. - არ არის ცუდი აზრი, მაგრამ მაინც გირჩევ, ჯერ კარგად მოიფიქრო.
- ჯერ კიდევ, იმდენი რამ არის გასაკეთებელი, ასე უცებ, ის ობიექტიც არ გაიხსნება. მანამდე, დაველაპარაკები იმ ქალს და ვნახოთ. იქნებ, სულაც არ უნდა, იმ სოფლიდან წამოსვლა?
მდივნის ზარმა, ფიფოს გალეოს მოსვლა აუწყა.
- მარტო თვითონ შემოვიდეს! - ფიფომ ღილაკს ხელი აუშვა და მიმის გადახედა.
მიმიმ ყურებამდე გაუღიმა.
- ბიჭისთვის, ხომ არაფერი გითქვამს? - შემოსვლისთანავე მიახალა ფიფომ გალეოს.
- რა უნდა მეთქვა?
- აუტოფსიის პასუხებზე გეკითხები.
- არა, რას ამბობ? არაფერი მითქვამს. - შეიცხადა დეტექტივმა.
- ძალიან კარგი. მიმი მიდის სოფელში და ბარემ, გაიყოლებს. - ფიფო სავარძელში შესწორდა. - მიმის საინტერესო პროექტი აქვს წამოწყებული, ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო და სოფელშიც სერიოზული საქმე აქვს, ასე რომ, ბარემ დღესვე მოაგვარებს და ჩამოვა, მაგრამ ბავშვი სკოლიდან, სად წავიყვანო?
- რომელიმე ბებიებს მიუყვანე, ან იქეთ, ან აქეთ. - გაუღიმა მიმიმ. - ან თვითონ გამოიყვანონ, საღამომდე ჩამოვალ და მერე, მე მოვიყვან სახლში.
- მოკლედ, ასე! - ფიფომ სერიოზული სახე მიიღო. - ბავშვის საკითხი, მოგვარებულია! მიმის იდეებიც განხილულია! აუტოფსიის დასკვნა ცნობილია! მსხვერპლის გარდაცვალების მიზეზი გარკვეულია! ეჭვმიტანილი თავისუფალია! და რა დაგვრჩა?
დეტექტივმა, მხრები აიჩეჩა და თვალი მიმისკენ გააპარა. მიმიც ასევე გაკვირვებული თვალებით იყურებოდა.
- ხინკალი და მწვადი, ცოტა მომბეზრდა ხომ იცით... - სიცილით დაიწყო ფიფომ. - კარგი, რა იყო? რა გაკვირვებული თვალებით მიყურებთ? არ შეიძლება, რომ მომშივდეს? ცოცხალი ადამიანი ვარ!
- სახლში თუ შეირბენ, სადილი მაცივარშია. - მიმი წამოდგა. - ჩემი წასვლის დროა. სანამ იქ ჩავალ და მერე იქიდან ჩამოვალ...
- ჰო, წადი. - კვერი დაუკრა ფიფომ. - არ მინდა, რომ დაგიღამდეს. მირჩევნია, დაღამებამდე ჩამოხვიდე და იმ ბიჭს უთხარი, ორი წუთით შემოვიდეს.
ბიჭმა მორიდებით შეაღო კარი. ათასი მადლობა და ბოდიში უთხრა, სიტყვებს თავს, ძლივს უყრიდა თავს.
- კარგი, რაა, რა საჭიროა ამდენი მადლობა და ბოდიში. - ამშვიდებდა ფიფო. - მართლა არ იყავი დამნაშავე და ტყუილად ხომ არ დაგიჭერდით? ისედაც ამდენი ხანი დაგაკავეთ, საბოდიშო აქეთ მაქვს.
- მკვლელი დაიჭირეთ?
- არა, არ დაგვიჭერია და ვერც დავიჭერთ! - ფიფომ გალეოს გახედა. - რადგან მკვლელი, არ არსებობს!
- როგორ, არ არსებობს? - იკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.
- მისი სიკვდილი, უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია. - ჩაურთო გალეომ.
- უბედურმა შემთხვევამ? - ბიჭმა ახლა გაოცებული სახით ფიფოს შეხედა.
- ჰო! - თავის დაკვრით დაეთანხმა ფიფო. - ზედმეტი მოუვიდა! - წამით შეყოვნდა და დაუმატა. - დალევა.
LEX. 2019 წლის 9 ნოემბერი, შაბათი.
No comments:
Post a Comment