Tuesday, February 6, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 111)

111. 
- აბა? რა დააშავე ასეთი? - სიცილით ჩაეკითხა მეგობარი ქირურგი პიპას, როცა ჩაფიქრებულ და ხმამაღლა მოაზროვნეს თავს წამოადგა. 
პასუხად პიპას ჩაეღიმა. 
ქირურგმა კი განაგრძო: 
- იცი რომ, მხოლოდ ქმედება არ აქცევს ადამიანს დამნაშავედ! 
- რაა? ჰაჰ! - გაეცინა პიპას. - ესე იგი, მკვლელობა რომ ჩავიდინო, დამნაშავე არ ვიქნები? და გამოდის, რომ მე მაინც უდანაშაულო ვარ, მაგრამ კაცი კი მკვდარია, მაგრამ არა, მკვდარი კი არა, არამედ მოკლული! თუმცა, მაინც საბოლოო ჯამში, მკვდარი!
- არა, მე ეგ არ მითქვამს! - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები ქირურგმა, რადგან შეატყო, პიპა როგორ საშინლად გაცხარდა. თუმცა, ვერც კი მიხვდა, რატომ. 
- აბა ქმედებაო?! - ჩაეკითხა პიპა. - თუ ვიმოქმედებ და ჩემი ქმედების შედეგად, დანაშაული მოხდება, რა? არ ვარ დამნაშავე? - პიპას ხმამაღლა გაეცინა. თუმცა, ის სიცილიც რაღაც ღვარძლიანი იყო. 
- თუ არ არის დამტკიცებული, შენი კრიმინალური განზარხვა. - კვლავ განაგრძო, პიპას ასეთი რეაქციით გაოცებულმა ქირურგმა. - აი იმ შემთხვევაში, შეიძლება არ იყოს შენი ქმედება, დანაშაული. 
- ჰოო?! დარწმუნებული ხარ?! – პიპას კვლავ ცინიკური ხმა ჰქონდა. 
- „Actus non facit reum, nisi mens sit rea“! - ალბათ ისე კარგად ვერ გადმოვეცი და არასწორად, მაგიტომაც გაიგე. - მიუგო ქირურგმა. - ესე იგი, „Закон не делает человека виновным, если ум не виновен“! - ასე უფრო მართებულია, მაგრამ ვერ ვთარგმნე ისე, რომ სწორად და გარკვევით ამეხსნა. 
- ჰოო. ახლა გასაგებია. - თავი დაუქნია პიპამ. - თუ შეურაცხადი ხარ, მაშინ შენი დანაშაულებრივი ქმედება, ნუუ, ეგრეთ წოდებული, დანაშაულის ჩადენა სულაც არ არის, რადგან არ იყავი სრულ ჭკუაზე დანაშაულის ჩადენის მომენტში და თავისუფალი ხარ! გიჟი თავისუფალია! - ეცინებოდა პიპას. 
- მასე ფიქრობდნენ იმ ძველ დროს, როცა ეს სიტყვები დაიწერა. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - ჰო, გიჟს, რა პასუხი უნდა მოსთხოვო აბა? - თავი გააქნია პიპამ. - ისე, იმ ძველ დროს გიჟებზე ფიქრობდნენ, რომ ეშმაკის მოციქულნი იყვნენ. მათ სულში სატანა იყო ჩასახლებული და ეგზარციზმის იდეაც მაქედან წამოვიდა, მაგას მოჰყვა სწორედ და ახლაც კი, ზოგიერთ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ სიბნელე და სიყრუეა, იქაც მასე ცდილობენ, მართლაც რომ საცოდავ და დაავადებულ ხალხს, ამ გზით განუდევნონ სულიდან ეშმაკნი! 
- სხვათა შორის, იმ ძველ დროსაც, გარკვეულ სინდრომიან ბავშვს, რომ... - ქირურგი გაჩუმდა.
პიპა წამსვე მიუხვდა სათქმელს და თვითონვე გააგრძელა: 
- ჰო, ძველ დროს, დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვებსაც კი სატანის მოციქულად თვლიდნენ, რადგან ცოდვის შვილებად მიაჩნდათ, თუმცა მეც ხომ... 
- მაპატიე, ბოდიში, არ მინდოდა. - შეწუხდა ქირურგი. 
- ვიცი, ყველაფერი მესმის! დამშვიდდი, არ მწყინს. - პიპამ სიგარეტს მოუკიდა. - შენგან არ მწყინს.
ერთ ხანს, დუმილი ჩამოვარდა. მიუხედავად პიპას მეგობრული სიტყვისა, ქირურგი მაინც ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. 
- შენ იცი? - ისევ პიპამ ითავა ამ უხერხული დუმილის დარღვევა. - ტორტზე სანთლებს რატომ არჭობენ? 
- ჰმ, ასაკის მიხედვით იმდენი სანთელი უნდა იყოს, რამდენი წელიც შეგისრულდა, ასე აფორმებენ, ან მეტი სხვა რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. 
- საქმეც მაგაშია, რომ თავიდან მხოლოდ ბავშვებისთვის აკეთებდნენ ამას, ძველი წარმართული რიტუალის გადმონაშთია, ისევე როგორც, დღეს ჭიაკოკონობა გვაქვს, გადაახტუნებდნენ ბავშვებს და ამით, ვითომ ავ სულებს აფრთხობდნენ.
- კი, ეგ ვიცი. - გაეცინა ქირურგს. - არა ერთხელ გადავმხტარვარ და კინაღამაც ჩავვარდი ერთხელ. 
- ჰო, და ტორტში სანთლებსაც სწორედ იმისთვის იყენებდნენ, რომ ბავშვებისთვის ავი სულები დაეფრთხოთ. 
- მართლა? ჰმ, ეგ არ ვიცოდი. - თავი გააქნია ქირურგმა. - იმ ტორტსაც ალბათ, ყოველდღე ხომ ვერ გამოაცხობდნენ და სანუკვარი ტკბილეულის დაგემოვნებაც ბავშვებისთვის მართლაც დღესასწაული იქნებოდა, თანაც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული და ლამაზად მორთული.
- ძველ დროში, ეს საკმაოდ სერიოზული რიტუალი იყო. - განაგრძო პიპამ. - აბა, წარმოიდგინე ის ძველი დრო, როცა ტკბილეული იშვიათი ფუფუნება იყო და ამ დროს, სიბნელეში შემოდის ანთებული სანთლებით გაფორმებული უგემრიელესი და საკმაოდ ნანატრი ტკბილეული, რომელის სანთლებიც მხოლოდ იუბილარმა უნდა ჩააქროს! და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სწორედაც რომ ბავშვის დაბადების დღეზე და არა სხვა დროს. 
- ჰმ, წარმომიდგენია, იმ დროინდელი ბავშვების გაფართოებული თვალები და ნერწყვმორეული პირი.
- თან სანთელიც ზუსტად იმდენი იყო, რამდენი წლისაც უკვე გახდა და ასე, ანთებული სანთლით ემშვიდობება კიდევ ერთ წელს, მაგრამ კიდევ ერთი ახალი და უფრო ძლიერი წელი ემატება, რადგან უკვე ერთი წლით უფროსი გახდა! - პიპამ წამით იყუჩა და განაგრძო. - ასეთი რიტუალით, ბავშვი უფრო მეტ სიძლიერეს, უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობდა და შიშიც უქრებოდა. თანაც იცოდა, რომ უკვე ერთი წელი მოემატა, გაიზარდა! გაძლიერდა! უფრო მეტი სანთლები გახდა საჭირო ავი სულის დასამარცხებლად და უფრო ძლიერად უნდა შეებერა სული და ერთიანად უნდა ჩაექრო ის ცეცხლი! 
- მდაა. რას არ გაიგებ, რაა. - გაეღიმა ქირურგს. 
- ჰო აბა, მართლაც რას არ გაიგებ. - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა პიპამ. 
ქირურგმა სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და პიპას ჩააშტერდა. მშვენივრად ხვდებოდა, მის მეგობარს იმ გაჭრილი ხელის გარდა, კიდევ რაღაც აწუხებდა, ან მართლაც ტყუილად ხომ არ დაისერავდა ხორცს და თანაც, ასეთი მძიმე ჭრილობით. 
- მოხდა რამე? - მშვიდი, დაბალი ხმით ჰკითხა ქირურგმა. 
პიპამ არაფერი უპასუხა. 
- თუ გინდა მომიყევი. თუ სანდოდ მთვლი. 
- არა, არაფერი ისეთი. - მიუგო პიპამ. - სახლში ცოტა, სერიოზული კამათი მომივიდა და ჭიქაც, რაღაც უაზროდ შემომატყდა ხელში. 
- მაგას კი მივხვდი, მაგრამ თუ გულის მოოხება გინდა, აქ ვარ! 
პიპამ მხრები აიჩეჩა: 
- რა ვიცი. მოსაყოლად არც ღირს. არაფერი ისეთი. - პიპა გაჩუმდა. 
ერთ ხანს, ისევ დუმილი ჩამოვარდა და მერე ისევ პიპამ დაიწყო: 
- შენი დახმარება მჭირდება. 
- რა პრობლემაა? რამდენსაც შევძლებ! რამდენი გინდა? - ჯიბისკენ წაიღო ხელი ქირურგმა. 
- არა! არა! - თავი გააქნია პიპამ. 
- ნუ გერიდება, მართლა! 
- არა ფული არ მინდა! არ მინდა ფული! რაღაც მაინტერესებს და შენი დახმარება იქნება საჭირო. 
- გისმენ, აბა. 
- ბავშვის დნმ-ს შედარება მინდა და... 
- რა პრობლემა მერე? - გაიკვირვა ქირურგმა. - კი მაგრამ, ეგ ხომ ისედაც გადამოწმებული გაქვს? ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ შევამოწმეთ. 
- არა! ჩემს ბიჭზე, არა. – პიპა წამით შეყოვნდა. - სხვა ბავშვზე. 
- რომელიმე მშობელს ეპარება ეჭვი? არა რაა! - თავი გააქნია ქირურგმა. - მოდი რა, ნუ ჩაერევი სხვისი ოჯახის საქმეში და ნურც მე გამრევ, რაა! თავად გაარკვიონ, შეეშვი! 
- ძალიან ახლობელი ხალხია და... 
- ჰოდა, მით უმეტეს! - მიუგო ქირურგმა. - ის ახლობელია ზუსტად, ყველაზე მეტად რომ გაგწირავს, თუ მართლა გადაწყვიტა შენი ჩაძირვა.
- მე მაინტერესებს! ისე ჩემთვის! მარტო მე რომ ვიცოდე! 
- ხომ იცი, არ შეიძლება, თუ ოფიციალური მიმართვა არ იქნება. 
- გადავიხდი! რაც დაჯდება, იმაზე მეტს გადავიხდი! - უკან არ იხევდა პიპა. - დამიჯერე, მართლა არავის არაფერი დაუშავდება. მხოლოდ მე მინდა ჩემთვის ვიცოდე! 
- კარგი, კარგი. - ჩაეღიმა ქირურგს. - მშვენივრად მიხვდა, პიპა ტყუილად არაფერს სთხოვდა. ალბათ, მართლაც რაღაც სერიოზულად აწუხებდა. - რამეს მოვიფიქრებ. მომიტანე იმ ბავშვის რამე პირადი ნივთი. 
- ??? ნივთი??? 
- ხო რა იყო? თუ არ გაქვს მის ნივთებთან წვდომა, მაშინ აბა როგორ უნდა დაგეხმარო? მაშინ ოფიციალურად უნდა მოიყვანო და სისხლი ავაღებინოთ და... 
- არა. არა! არ გამოვა მასე! - თავი გააქნია პიპამ.
- მაინც მისი ნივთი დაგვჭირდება, სხვანაირად არ გამოვა. კბილის ჯაგრისიც საკმარისი იქნება. 
- კბილის ჯაგრისი? შეუძლებელია! 
- რატომ? რამხელაა ბავშვი? 
- ???... ბავშვი?.. – პიპა დაიბნა. 
- ხო, ბავშვი რამხელაა? კბილებს არ იხეხავს? - ჩაეკითხა ქირურგი. - არა ახლა, თუ ჩვილია, მაშინ მისი უკვე გამოყენებული გულსაფარიც გამოდგება, ან შეუმჩნევლად დორბლს თუ მოწმენდ და მოიტან! - გაეღიმა ქირურგს. 
პიპამ ვერაფერი უპასუხა. კვლავ ჩაფიქრებული იჯდა.
- საერთოდ, რომ იცოდე. - განაგრძო ქირურგმა. - თხუთმეტი მარკერია საჭირო მამობის დასამტკიცებლად და რაც მეტი უტყუარი ნივთი გექნება, მით უფრო ადვილი გახდება შედარება. იქ თმის ბეწვი, ნერწყვი, გამოყენებული პამპერსისთვის ნაგავში ქექვაც შეიძლება მოგიწიოს, თუ ასეთი საიდუმლოა და მარტო შენ გინდა იცოდე. მოკლედ, მომიტანე რამე და ვნახოთ, აბა! 
- არა! არ გამოვა ასე! - შუბლი შეკრა პიპამ. - და სხვანაირად არ შეიძლება? ან... და... 
- აბა სხვანაირად, როგორ? - გაიკვირვა ქირურგმა. - მით უმეტეს, თუ არ გინდა რომ გაიგონ. 
- თუ კი ბავშვი ჯერ არ დაბადებულა, მაგ შემთხვევაშიც შემიძლია გარკვევა? 
- მდააა. გასაგებია. - ქირურგს ჩაეცინა. - თუ სწორად მიხვდი, გაინტერესებს შენგან არის თუ არა ორსულად? 
პიპამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. 
- ოოო. ეგ საკმაოდ რთული პროცესია. - მიუგო ქირურგმა. 
- ისე, რომ დედამ ვერ გაიგოს! 
- ეგ კი, საერთოდ გამორიცხულია! 
- და არაფერი გამოვა? კარგად გადავიხდი, ხომ იცი, არ დავიშურებ! 
- არც ერთი ექიმი არ წავა მაგაზე! საკმაოდ სარისკო საქმეა. - ქირურგი შეყოვნდა. - ისე, რა გეჩქარება? აცალე იმ ბავშვს, დაიბადოს და მერე შეიძლება რამე გზების გამოძებნა. თუნდაც, ბავშვთა პოლიკლინიკიდან. ათასი ვარიანტიდან შეიძლება გარკვევა. 
- ჰო, რა ვიცი. მე მანამდე მაინტერესებდა. 
- თუ დედა თანახმა იქნება, მაშინ არ არის პრობლემა, მაგრამ... 
- არა მასე არ მინდა! კარგი რაც არის, არის! დაივიწყე! ალბათ, მატყუებს. 
- გნახა ხო ფულის ტომარა? ჰაჰ! მაშინ დაგიმტკიცოს, რომ ნამდვილად შენი შვილია! მოითხოვე მისგან დასტური გადამოწმებაზე. 
- თუ დამჭირდება, მოვითხოვ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ ჯერ მე თვითონ დავრწმუნებულიყავი. 
- ჰოდა, დაიცადე! დაიცადე, სად გეჩქარება?
პასუხად პიპას მდარედ ჩაეღიმა. 
„მართლაც რა საინტერესო იქნებოდა გამეგო, მაგრამ მიმის უჩუმრად როგორ მოვახერხო? ან იქნებ სულაც არ არის ორსულად, ან კიდევ იქნებ სულაც არ არის ჩემი შვილი? 
ეჰ! ჩემთან მომავალი მაინც არ ექნება და თუ კი მართლაც უკვე გათხოვდა, მაშინ რა უფლება მაქვს, ხელი შევუშალო და ცხოვრება ავუწეწო? მით უმეტეს, თუ ჩემთან არაფერი გამოვა! არასდროს, არაფერი გამოვა! 
და თუ მართლა ჩემი შვილია?..“ 

 *** 
შუა დღეს მიტანებული იყო ნამძინარევმა მხატვარმა კარი, რომ გაუღო უცხო სტუმარს. 
უცხო იყო ნამდვილად, რადგან ყველა ახლობელმა იცოდა, რომ კარი არ იკეტებოდა, ან უბრალოდ თვითონ მხატვარს ასე სურდა და არც კეტავდა.
წამით დაიბნა. გაოგნებული, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი, გაკვირვებული შეჰყურებდა სტუმარს.
- შეიძლება შემოვიდე? - მოურიდებლად ჰკითხა პიპამ და პასუხსაც არ დაელოდა ისე შედგა ოთახში ფეხი. 
- მობრძანდი. - ძლივს უპასუხა გაოგნებულმა მხატვარმა, უკვე ოთახში შემოსულ სტუმარს. 
- მაპატიე, თუ შეიძლება, „უთენია“ შემოგეჭერი. - პიპამ ყურებამდე გაუღიმა. 
პასუხად მხატვარს, ხმამაღლა გაეცინა. 
- ჰოო. ასე გვიან ვიღვიძებ ხოლმე. ყავაზე ხომ არ დამეწვევით? - მხატვარმა სავარძელზე მიუთითა. 
- იყოს, ნუ შეწუხდებით. ორიოდე წუთით შემოვირბინე. - პიპამ კედელზე გამოფენილ ნახატებს ერთი თვალი გადაავლო და ნიღბებზე გაუშეშდა მზერა. 
- ჩემი კოლექციაა. - ამაყად აღნიშნა მხატვარმა. 
- საოცარია! ძალიან ლამაზია. საუცხოოა! 
- იცი, ყოველ ნიღაბს, თავისი დანიშნულება აქვს! - დაიწყო მხატვარმა. - ნიღაბი, არა მარტო სახის საფარია, არამედ განასახიერებს უფრო მეტი ხაზგასმით იმას, რის გადმოცემაც სურდა, თუნდაც მის შემქმნელს. 
- რა საინტერესო ყოფილა! მე კი მეგონა, რომ ისე გასართობად თუ იყენებდნენ, კარნავალზე. - თავი მოიკატუნა პიპამ. 
- რა თქმა უნდა! კიდევაც ერთობოდნენ და წარმოდგენებსაც მართავდნენ, როგორც უწინ, ასევე ახლაც და მსახიობიც კი, სწორედ ისეთ ნიღაბს ირჩევს, რომელიც ზუსტად განასახიერებს მის როლს და სიუჟეტსაც უნდა მოერგოს. - უხსნიდა მხატვარი, თუმცა მშვენივრად იცოდა, ვისაც ესაუბრებოდა. 
- წინათ ალბათ, ზოგს არც უნდოდა, რომ შეემჩნიათ, თუ როგორ ცუდ ხასიათზეც ბრძანდებოდა და ამისთვის, ბევრად მხიარულ სახეს მოირგებდა, სინამდვილეში კი ვინ იცის, გული რა ბოღმით ჰქონდა სავსე. - ღიმილით მიუგო პიპამ. 
- ჰო, მასეც იყო! - კვერი დაუკრა მხატვარმა. - ზოგი იმალებოდა. ზოგიც პირიქით განასახიერებდა. ზოგი გრიმს იყენებს ნიღბის მაგივრად. 
- ალბათ, უფრო მეტად და ზუსტად უნდა, რომ გამოხატოს, ის რის გადმოცემაც სურს. 
- დიახ, მასეა! - თავი დაუქნია მხატვარმა, წამოდგა და ნახატების გროვიდან ერთი გამოაძვრინა. - აი, ნახე! ნაღვლიანი სახის კლოუნი დავხატე! 
- შესანიშნავია! - აღფრთოვანება ვერ დაფარა პიპამ.
- ხედავ, როგორი გრიმი უსვია? ეს გრიმი გამოიყენება კონკრეტული მიზნისათვის, ეს არასდროს იცინის. ნაღვლიანია, აი ეს შავი შტრიხებიც, სწორედაც რომ მაგას ნიშნავს. სულ წვრილი თითქმის შეუმჩნეველი შტრიხებით, ნახევარი სახეც დაბზარული აქვს და ამ გრიმის ქვეშიდანაც გაბოროტებული თვალებით გვიმზერს. პირზე კი, სისხლისფერი ზოლით, ქვემოდან ზემოთ ამოდის. სხვათა შორის, ასეთ გრიმებს თეატრში ნაკლებად იკეთებენ, მხოლოდ მარტო განსაკუთრებული შემთხვევისთვის თუ დასჭირდათ, ამ სტილს უფრო მიმები მიმართავენ.
კვლავ უხსნიდა მხატვარი და თან, გამომცდელად აკვირდებოდა მოსაუბრეს. დარწმუნებული იყო, მისი სტუმარი, აქ ნიღბებზე ლექციების მოსასმენად, სულაც არ იყო მოსული. 
პიპას მართლაც გაკვირვებული სახე ჰქონდა. წამით მხატვარს ეჭვიც კი შეეპარა, იქნებ სულაც, სულ სხვა პიროვნებასთან ჰქონდა საქმე. თანაც, პიპას გამჭოლი მზერაც ცოტა არ იყოს, აფრთხობდა კიდეც და ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, ისე აგრძელებდა საუბარს: 
- საერთოდ გრიმს იკეთებენ იმისათვის, რომ სახე, სახიერი იყოს, ამა თუ იმ შემთხვევისთვის. 
- ალბათ, უფრო მეტად ხალხის გასართობად? - მიამიტი სახით ჩაეკითხა პიპამ. 
- ძირითადად კი! მასეა! - თავი დაუქნია მხატვარმა. - ისე, რომ იცოდე, ბევრი კომედიური მსახიობი, ცხოვრებაში საშინელი ხასიათისაა. 
- კი, მსმენია. ვფიქრობ, რომ მათში გარკვეულ წილად სატირაა, მათ ხასიათში. მათი ყოფა, რაღაც მომენტში ემსგავსება სატირას, მერე კი სცენაზე, თავისი ცხოვრების ის მწარე შტრიხები უკვე ალეგორიად გადმოაქვს. ალბათ, მაგიტომ უფრო... 
- ალბათ მაგიტომაც! - დაეთანხმა მხატვარი. 
- ზოგჯერ არც გინდა, შენს სულში ჩაბუდებული წყენა სახეზე შეგეტყოს და ამიტომაც ცდილობ, უფრო მხიარული სახე მიიღო, ბევრი იხუმრო, მეგობრებიც გაართო და ასევეა სცენაზეც, უფრო მეტად და ჭარბად აფრქვევ მხიარულებას, რადგან გული გაქვს დამძიმებული და ეს სიმძიმე, სიმხიარულით გინდა შეამსუბუქო... 
პიპა საუბარს აგრძელებდა, მაგრამ მხატვარი უკვე აღარც უსმენდა და თვალს არ აშორებდა სტუმრის თითების მოძრაობას. იყო მასში, რაღაც ნაცნობი. რაღაც თითქოს სინანულის ძაფიც ჩასწყდა გულში, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ. 
- ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა და ასე შემომრჩა. - ჩაეღიმა პიპას, რომელსაც მხატვრის დაკვირვებული თვალი არ გამოჰპარვია. 
მხატვარი ხმას არ იღებდა და კვლავ მდუმარედ შეჰყურებდა სტუმრის თითებს, რომელიც უკვე აღარ თამაშობდა. 
- კარგი აბა. მეტს აღარ შეგაწუხებთ! სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება. - პიპა კარისკენ წავიდა.
მხატვარი ისევ დუმდა. ჩანდა ფიქრებში იყო ჩაძირული. 
- „მუზიკანტ“! - მიაძახა უკვე კარში გასულ სტუმარს. 
პიპა წამით შედგა. მერე ნელ-ნელა შემობრუნდა. ახლა სულ სხვა თვალით დააკვირდა მხატვარს. 
- შენ... შენ, ის პატარა მხატვარი ხარ... 
LEX. 2017 წლის 1 ოქტომბერი, კვირა. 

No comments:

Post a Comment