114.
ფიფო წავიდა.
მხატვარი მარტო დარჩა.
საშინლად დათრგუნული იყო. ათასი ფიქრები ერეოდა თავში, ეს უამრავი ტყუილი და თანაც ვისგან? საყვარელი ქალისგან, რომელსაც თითქმის უკვე ბოლომდე ენდობოდა. თუმცა, ფიფოს გამოძიების შესახებ, სიტყვაც არ დასცდენია და ერთხელაც არ უკითხავს ძმაზე თუნდაც, სულ უბრალო რამ. არ უნდოდა მათ შორის ვინმე ჩამდგარიყო და ვიღაცის გამო არ დასრულებულიყო მათი ურთიერთობა.
მაგრამ ახლა, უამრავი კითხვა აწუხებდა, ქმარი თუ ძმა?
რა თამაში იყო ეს?
რატომ მალავდნენ ასე ორივე და-ძმა, თუ ცოლ-ქმარი თავიანთ სტატუსებს?
ყველაფერზე შეიძლებოდა ახსნის გამოძებნა, ყველაფრის გამართლებაც შეიძლებოდა, თუნდაც რაღაც კუთხით, მაგრამ...
და მაინც, ყველაზე მეტად ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ დედას რატომ, უნდა დაემალა შვილი.
„რატომ? რატომ უნდა დამალოს დედამ საკუთარი შვილი?
ან ქმარს ძმას ეძახის! რატომ? რა თამაშია?
იქნებ, ორივე და-ძმა, თუ ცოლ-ქმარია, მართლაც პატარა დამნაშავეთა ჯგუფს წარმოადგენენ?
ან პატარა კი არა და მართლაც, დიდი დაჯგუფებაა?! დიდი ბანდაა!
შეიძლება, მთელი ოჯახია სულაც ჩართული? სიდედრ-სიმამრი, თუ მშობლები?
ან იქნებ, არც არიან მშობლები და მართლაც, ერთი დიდი ბანდის წევრები არიან!
ალბათ, ფიფო მაგასაც კი ეჭვობს და ჯერ არაფერი მითხრა.“
მხატვარმა ამოიხვნეშა.
„ალბათ, მართლაც ვერაფერი მითხრა. თუმცა, ისედაც ცხადი ხდება.
ეს მთელი ოჯახი, დიან ძმიანად რაღაცას გამუდმებით მალავს, რაღაცას იტყუება, თავს ასეთად გაჩვენებს და სინამდვილეში კი, ისეთია!
საწყალი მიმი. წარმომიდგენია, გული როგორ გაუსკდება ასეთ ამბავს, რომ შეიტყობს.
და მერე როგორ უყვარდა პიპა... იქნებ, ახლაც უყვარს და მაგიტომაც აჭიანურებს ფიფოსთან ერთად ცხოვრებას?
პიპა კი, ღირსია? რომ მიმის ასე უსაშველოდ უყვარდეს? ამხელა პროფესორი და სწავლული კაცი, რა ნაბიჭვარივით მოიქცა? იმდენი ატყუა მიმი, სანამ ლოგინში არ ჩაიწვინა და მერე ზურგი შეაქცია.
ახლა ჩემს თავზე უფრო, მიმი მეცოდება. მართლაც, რა საშინელ დღეში აღმოჩნდა და ჯერ კიდევ არ იცის, თუ რა ხაფანგს დააღწია თავი.
მაგრამ, მაინც რას ერჩოდა მიმის? ფული არც ბატონ პროფესორს აკლია და რის გულისთვის ინიღბებოდა ასე? სოფლელ უბრალო ბიჭად თავს აჩვენებდა და სინამდვილეში ფულში ცურავს და არაფერი სცხია უბრალოების.
და იქნებ, მართლა მკვლელია?!
მიმი გამოიყენა? და რატომ? რისთვის?
მიმისთვის თავის შეყვარება, რა ხელს აძლევდა? თუ კიდევ რაღაც სხვა გეგმაც აქვს, ბატონ პროფესორს და როგორც გემრიელი ლუკმა, ბოლოში მოიტოვა!“
მხატვარს თავი უსკდებოდა ფიქრისგან, ხან რას მიაწყდა და ხან რას.
„მეც კიდევ, როგორ ბრიყვივით მოვუშვი ის ქალი, მაგრამ რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა. ულამაზესია, დახვეწილი, კლასიკური ნაკვთებით და თან როგორი თბილი და მზრუნველია და თან, როგორი მატყუარა ყოფილა...
და იქნებ, ეს ტყუილი სულაც არ არის და უბრალოდ, თავიდან რომ არ მომიყვა, მერე ვეღარ მითხრა და...
უჰ! რა ვიფიქრო, აღარც ვიცი...
მიმი მეცოდება და მეც, არანაკლებ დღეში ვარ. სად წავიდე, ვის მივადგე? ვინ მეტყვის სიმართლეს?“
ერთ ხანს ტელეფონი ხელში ატრიალა. დარეკვა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ალაგებდა. ან უცებ რომ წამოსცდენოდა და მერე ისევ ტყუილი ეთქვათ? ვინ ეტყოდა სიმართლეს? როგორ და ვისგან უნდა გაეგო?
ხელში ჩაბღუჯულ ტელეფონს მდუმარედ დაჰყურებდა და დარეკვა მაინც ვერ გადაეწყვიტა. ცალკე გეგმებს აწყობდა, ათასნაირად ატრიალა თავში, ხან ასე თვლიდა საჭიროდ, მაგრამ მერე უარყოფდა, მერე ისე გადაწყვიტა და არც ისე მოსწონდა, ბევრი იტრიალა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოიფიქრა.
მერე ბოლო ღერი სიგარეტი საფერფლეში, როცა ჩასრისა მაშინღა მოეგო გონს, რომ უსარგებლო ფიქრს, ისევ მოქმედება სჯობდა და პირდაპირ, ყოველგვარი ზედმეტი ზარებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე, თავის ძველ, ბავშვობის მეგობარს მიადგა უნივერსიტეტში.
დღის ბოლო იყო. ლექციებიც უკვე მთავრდებოდა. პიპას თითქოს, არც გაჰკვირვებია მხატვრის ვიზიტი და საკმაოდ თბილადაც შეხვდა თავის სიყრმის, ერთ დროს, მართლაც და განუყრელ მეგობარს.
ათასი რამ გაიხსენეს. ბევრი რამ ჰქონდათ ერთად მოსაგონარი. პიპას ლამის ყველაფერი ახსოვდა, თითქმის ყოველი დღე, სულ ზედმიწევნით აგონდებოდა.
მხატვარს კი პირიქით, თავიდან ბევრი ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ მერე თანდათან იმდენად იჩინა მოგონებებმა თავი, რომ ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
ყველაზე მეტად, ბაბუს გახსენებამ აუჩუყა გული მხატვარს. თუმცა, მის ხსენებაზე პიპასაც აუწყლიანდა თვალები. მართლაც, როგორი თბილი და ტკბილი მოსაგონარი ყოფილა, ვიღაც უცხო კაცი, რომელმაც ასე გულით შეიყვარა ეს ბავშვები.
- არადა, ყაჩაღი, ავაზაკი, რეციდივისტად იყო ცნობილი და მის პირად საქმეშიც ასე იყო კარგად, ხაზგასმით აღნიშნული, მან კი ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული გვაჩუქა. - იხსენებდა პიპა.
- ჰო, აბა. - თავს უქნევდა მხატვარი. - და ისე, მაინც მიკვირს, ასეთი ბოროტმოქმედის რეპუტაციის მქონე, ბავშვებთან სიახლოვეს მაინც როგორ გამოუშვეს სამუშაოდ?
- ჰმ, მშვენიერი კითხვაა. - ჩაეღიმა პიპას. - ყველას ფეხებზე არ ვეკიდეთ? ალბათ, ერთი სულიც ჰქონდათ, ვიღაც ნაყაჩაღარი კაცი, ერთიანად თუ ამოგვწყვეტდა, ისედაც მოძულებულ და მიგდებულ ბავშვებს! ვის რაში ვანაღვლებდით?
- ჰმ, მართალი ხარ. - კვერი დაუკრა მხატვარმა. - მართლაც, ნეტა ვის რაში ვედარდებოდით?
- ალბათ, ამიტომაც გამოაგდეს ციხიდან, ზედმეტად სარჩენი ლუკმა აღარაფერში სჭირდებოდათ და არც იმდენად ჯანმრთელი და იმ ასაკში, რომ კიდევ ეყაჩაღა, ძლივს დაფაჩუნობდა ისედაც.
- მართლა რა საოცარი კაცი იყო, ცხონებული. - ამოიხვნეშა მხატვარმა. - თურმე რამდენი რამ დავიწყებული მქონია და ახლა შენ გამახსენე. - მხატვარი წამით შეყოვნდა. - მაგრამ, სულ მახსოვდით, შენ და ბაბუ. მართლა! ძალიან თბილად მახსენდებოდით თუმცა, დროთა განმავლობაში უკვე იშვიათად.
პასუხად პიპას მდარედ გაეღიმა.
- ყველაზე კარგად ის დღე მახსოვს, დედამ რომ წამიყვანა. - განაგრძო მხატვარმა. - და სულ მეგონა, სულ დარწმუნებული ვიყავი, რომ დავბრუნდებოდი... მერე კი ამასობაში გავიზარდე და უკვე ფაქტიურად, აღარც მახსოვდა ის პერიოდი.
- მე კი, ვიცოდი რომ არ დაბრუნდებოდი. - მტკიცე ხმით მიუგო პიპამ. - დარწმუნებული ვიყავი, რომ არასდროს დაბრუნდებოდი.
- და რატომ? - გაიკვირვა მხატვარმა. - ხომ შეიძლებოდა, რომ ისევ უკან მოვეყვანეთ?
- შეიძლებოდა, მაგრამ მე ასე ვგრძნობდი, როცა გემშვიდობებოდი, რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავდი.
- და ამიტომაც ვერ მიცანი არა თავიდან? - ჩაეცინა მხატვარს.
- ჰმ. - თავი გააქნია პიპამ. - ისე, საინტერესოა, შენ როგორ მიცანი? ფაქტიურად იქაური არაფერი გახსოვდა.
- არა, რაღაც რაღაცეები კი მახსენდებოდა ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეს შენი თითების თამაში რომ დავინახე, რაღაც უცებ ყველაფერი გამახსენდა. თუმცა, შენ იმდენი რამ მომაგონე, რომ არც კი მახსოვდა.
- ჰაჰ! - გაეცინა პიპას. - ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა ეს უაზრო თამაში. - ალბათ, რომ შევინიღბო, დამალვას მაინც ვერ შევძლებ, ჩემივე თითები გამყიდის.
მხატვარმაც ღიმილით გააქნია თავი.
- ისე, არც მახსოვდა და თუ გყავდა. - ფრთხილად შეაპარა მხატვარმა.
- კი მყავდა, ჩემზე ბევრად უმცროსი. მხოლოდ იქ ჩვენთან არ იზრდებოდა!
მაშინვე მიუგო პიპამ. თითქოს, წინასწარაც ჰქონდა პასუხი გამზადებული. ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, რომ არც შემცბარა და არც დაბნეულა.
მხატვარი გაკვირვებული შეჰყურებდა.
- მას ბებიაჩემი ზრდიდა, მე კი მეორე ბაბუა. - განაგრძო პიპამ. - პატარაობისას მყავდა რამდენჯერმე ნანახი. ცოტა, რომ წამოვიზარდეთ, მერე უფრო გვქონდა ურთიერთობა.
- კი, შენზე პატარაა! - თავი დაუქნია მხატვარმა. - თითქმის ტოლები ვართ, მაგრამ შენ ხომ ჩემზე ბევრად უფროსი ხარ!
- არც იმდენად ბევრად. - კვლავ მშვიდი, აუღელვებელი ხმით მიუგო პიპამ. - თუმცა, პატარა ასაკში, ეს წლების სხვაობა, უფრო ადვილად თვალშისაცემია. ორი სამი წელიც კი ბევრია და მით უმეტეს ექვსი წელი თუ არის სხვაობა, მაშინ ძაან ბევრად უფროსიც გამოვჩნდებოდი, აბა რა.
- და საბუთებში კი ჩემნაირად გიწერია ასაკი! - მოულოდნელად წამოისროლა მხატვარმა და წამსვე ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- ჰმ. - ჩაეცინა პიპას. - შენ საიდან, ჩემი ანკეტა? - თუმცა, მშვენივრად ხვდებოდა, თუ საიდანაც.
მხატვარს სიმწრის ოფლმა დაასხა, მაგრამ ბოლომდე არც დაბნეულა და წამსვე უპასუხა:
- ჩემი გოგონას მოყვანა, რომ მინდოდა, მაშინ ყველა ლექტორ-პროფესორებზე მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვე! იცი, საკმაოდ რთული ბავშვი მყავს. ყველა თინეიჯერზე უფრო ბევრად მეტად თინეიჯერია. ამიტომა, შედარებით ახალგაზრდა პედაგოგებს ვარჩევ ხოლმე, უფრო გაუგებს და დაუჯერებს. - მხატვარმა წამით იყუჩა და განაგრძო. - ამდენ რჩევაში შენამდეც მოვედი და რატომღაც შენზე შევაჩერე ყურადღება. კომპიუტერული თაობაა, ისედაც ბევრიც არაფერი აინტერესებს და შენ კი, რეკომენდაციაც კარგი გაქვს და არც გადახჩუებული ბებერი პროფესორი ხარ!
მხატვრის სიტყვებზე პიპას გულიანად გაეცინა.
მხატვარსაც ეღიმებოდა. როგორ კარგად მოიფიქრა და უცებ დააწყო ყველაფერი. მშვენივრად იცრუა და სრულიად ადვილად გამოიყვანა თავი მდგომარეობიდან. თუმცა, დაუჯერებელიც მის მიერ მოყვანილ არგუმენტებში, არაფერი იყო, მაგრამ პიპას მოტყუება, არც იმდენად ადვილი იყო, მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს და მაინც, არც არაფერს იმჩნევდა.
- ძალიან ლამაზი დაიკო გყოლია. - სწრაფადვე შეცვალა თემა მხატვარმა. - საოცარი პორტრეტი გამომივიდა!
- კი, ვიცი თქვენი ამბავი! - ღიმილით ჩააშტერდა ძველ მეგობარს პიპა.
მხატვარი ისევ შეცბა. პიპა, რატომღაც ზედმეტად მომღიმარი და ბედნიერი ჩანდა.
„რა მარაზმია?! თავის ყოფილ მეუღლეს დად ასაღებს და თან, ოდნავ მაინც ხომ უნდა იეჭვიანოს?! რაღაც ხომ უნდა გამოხატოს მსგავსი!
ეს კი, ყურებამდე მიღიმის და ძალიან ბედნიერია თავის ყოფილ ცოლთან, რომელიც ჯერ კიდევ მის სახლში ცხოვრობს, საწოლში რომ ვგორაობ?
და ცოლთან თუ დასთან?
არაფერი მეგონა მიკვირდა ამ დედამიწის ზურგზე, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ.
არა, მართლა რაღაცას მალავს ეს ოჯახი!
ნუთუ, მართლაც დამნაშავეთა ჯგუფია?
ფიფო მართალი იყო. ჩემი შეთანხმების გარეშე ნაბიჯი არ გადადგაო, ალბათ მაგიტომაც მითხრა.
არა, რაა, აქ არ უნდა მოვსულიყავი, ჯერ იმ ქალისგან უნდა ამომეციცნლა რამე მაინც და მერე გამოჩნდებოდა, თუ საიდან უნდა დამეწყო სიმართლის გაგება.“
- ჰო, რა იყო? რატომ შეცბი ასე? - ფიქრებიდან პიპას ხმა გამოარკვია. - ვიცი და მართლა მიხარია თქვენი ამბავი.
- ნუ, ჯერ... არც არაფერი. არაფერს ვგეგმავთ.
- დამშვიდდი რა, რა იყო? მე მისი სიხარული მიხარია, თორემ უნდა გათხოვდეს და უნდა სულაც ნურავის გაყვება! ჩემთვის მთავარია, წყნარად, მშვიდად და ბედნიერად იყოს და ვისთანაც უნდა, იმასთან იმეგობროს და ამ ურთიერთობამ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს! აი სულ ეს არის!
- არა რა შეურაცხყოფა! პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ! მართლა!
- ძალიან კარგი! - გაიბადრა პიპა.
- ისე, პირველმა ქორწინებამ არ გამიმართლა და უკვე აღარც ვფიქრობ მაგაზე.
- კი მესმის. - თავი დაუქნია პიპამ. - ჰოდა იყავით მერე, იმეგობრეთ! ერთმანეთს პატივი ეცით. ისე თუ გინდათ, ერთადაც იცხოვრეთ, არც მაგის პრობლემა გვაქვს!
„თუ ბინის პრობლემა არ გაქვთ, აბა ერთ სახლში მაინც რატომ ცხოვრობთ ყოფილი ცოლ-ქმარი? თუ და-ძმა?“
გაივლო გულში მხატვარმა.
„თუ საერთოდ ვინ ხართ, ერთმანეთის? ან საერთოდ ვინ ხართ? რა ხალხი ხართ?“
- ჩვენ, მართლა არ გვაქვს ბინის პრობლემა. - განაგრძო პიპამ. - მაინც საკმაოდ ხშირად რჩება შენთან და თუ მოისურვებთ...
- კი, რჩება. მართლაც, ხშირად რჩება. - მიუგო მხატვარმა. - თუმცა, ერთად ცხოვრებაზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ...
- რა მაგრამ? - გამომცდელად ჩაეკითხა პიპა. - თუ არ გსურს ეგ სხვა საკითხია, მაგრამ თუ საცხოვრებელს გულისხმობ, შენი სახელოსნო ნამდვილად არ არის შესაფერისი.
- კი ვიცი და მაგიტომ უფრო...
- არ არის პრობლემა! - კვლავ გაუმეორა პიპამ. - და ქორწინებას და კანონიერ ცოლ-ქმრობას არ ვგულისხმობ! თუ მართლა მოგინდებათ ერთად ყოფნა, ჩვენ სხვა ბინებიც გვაქვს. ერთ-ერთს დაგითმობთ! ისე, დასათმობიც არაფერია, მასაც ისევე ეკუთვნის, როგორც მე, მაგრამ მარტო არ გვინდოდა მისი გაშვება. ახლა კი თუ მართლა ერთად ცხოვრებას მოისურვებთ, იცოდე, სახლის პრობლემა მოხსნილია!
- არა, არ არის საჭირო, მეც მაქვს სახლი. საკმაოდ დიდი ბინა მაქვს, მაგრამ დროებით თეატრის პატარა დასია შეხიზნული. შენობის პრობლემას ვერა და ვერ მოვაბით თავი.
- არც ეგ არის პრობლემა! - კვლავ შემართებით მიუგო პიპამ. - შეგიძლიათ ჩვენთან უნივერსიტეტში დადგათ სპექტაკლები, როცა გინდათ. სცენაც დიდია და დარბაზიც, მეტი მაყურებელიც გეყოლებათ, ხარჯებს ჩემს თავზე ავიღებ, შემოსავალი კი თეატრის შენობის შესაძენად ფონდში ჩარიცხეთ.
პიპა თავისთვის განაგრძობდა ქაქანს. გეგმებს ადგენდა. მხატვარი კი თავს უქნევდა, მაგრამ გულს სულ სხვა ფიქრი უღრღნიდა.
„ჰმ, რა ჭკვიანი და გონიერია. სწრაფად აზროვნებს. წამსვე ყველაფერს უღებს ალღოს. გამოსავალსაც მყისვე პოულობს.
ეჰ, საკმაოდ გამჭრიახი მყავხარ ძველო მეგობარო, მაგრამ ვაი თუ მართლაც შენ აღმოჩნდი მკვლელი?“
- ჰა? აბა რას იტყვი? - ჩაეკითხა პიპა დადუმებულ მხატვარს.
- ისე, რომ იცოდე ჩემი თეატრია. ჩემი ინიციატივით დაარსდა! და „ნიღბების თეატრი“ დავარქვი!
- ბაბუს თეატრი... - პიპას სუნთქვა შეეკრა.
- ჰო, მის საპატივცემულოდ ასე ვუწოდე. - თავი დაუქნია მხატვარმა. - ხედავ? ბოლომდე არ დამვიწყებიხარ არც შენ და არც ბაბუ.
- კარგი ბიჭი ხარ, შენ. - სევდიანი ღიმილით მიუგო პიპამ. - ჩათვალე, რომ თეატრის შენობის პრობლემა მოხსნილია! მხოლოდ ახლა უნდა დაგემშვიდობო. ხვალ ზედიზედ რამდენიმე ლექცია მაქვს ჩასატარებელი და თანაც, ახალ პროექტზე ვმუშაობ და რამდენიმე ვარიანტის ხვალისთვის წარსადგენად უნდა მოვემზადო და მერე ცოტა გამოძინებაც მოვასწრო.
- ჰო, მეც ბევრი სარბენი მაქვს ამ საღამოს და გავალ ბარემ...
წვიმამ იმატა, მხატვარმა ქურთუკის საყელო წამოიწია და აუჩქარებლად აუყვა აღმართს. წვიმისგან დასველება სულაც არ ანაღვლებდა და არც ფეხსაცმელში შესული წყალი ადარდებდა.
გულს სულს სხვა რამ უღრღნიდა.
უნდოდა შვილზეც, ეკითხა მაგრამ მოერიდა. სიტყვაც არ ჩამოვარდნილა ბავშვზე, თორემ ჩააგდებდა კითხვას, მაგრამ მაინც გაურკვეველი იყო, ორივე ასე რატომ მალავდნენ ბავშვის არსებობას?
„და ნეტა, მიმიმ თუ იცის?
მაგრამ რომ სცოდნოდა, ხომ მეტყოდა?“
ფიქრობდა მხატვარი და ასე გულდამძიმებული მიუყვებოდა აღმართს.
„იქნებ, მართლაც ბანდაა? მთელი ორგანიზაციაა. როცა უნდათ ცოლ-ქმრად ასაღებენ თავს და როცა უნდათ და-ძმანიც გამოდიან.
ნეტა, ფიფო თუ ფიქრობს, რომ მთელი ოჯახია ჩათრეული?
ან იქნებ, არც არის სინამდვილეში ოჯახი?“
ფიქრებიდან ქალის მხიარულმა ხმამ გამოარკვია:
- როგორ გალუმპულხაააარ?! დროზე, დროზე შემოადგი ფეხი! ახლა შენ სასწრაფოდ, ცხელი შხაპი მოგიხდება!
წვიმა შადრევანივით ასხამდა. მხატვარი სახელოსნოს კართან იდგა და ხმას არ იღებდა.
ქალმა კიდევ სცადა სახელოსნოში „შემოეტყუებინა“ წვიმისგან გალუმპული მხატვარი, მაგრამ იგი ადგილიდან არ იძვროდა.
- შემოდი! რაღას დგახარ? - კისკისებდა ქალი. - ბოლომდე ხარ გაწუწული და მეც ვსველდები უკვე!
- რამდენი წლის არის შენი შვილი?
LEX. 2017 წლის 10 ოქტომბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment