Tuesday, February 6, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 108)


108.
საშინელი კვირა ჰქონდა მიმის. ყოველი დღე დაძაბული, უსიამოვნო ამბებითა და პრობლემებით დატვირთული.
ჯერ ის, რომ არც კი ელოდებოდა, ისე გაეხვა სიყვარულის ხაფანგში. თუმცა, რომელ ხაფანგში? სატრფომ პირველი პრობლემისთანავე მიატოვა და უცხოეთისკენ გახიზვნა გადაწყვიტა. ისიც კი არ შემოუთავაზებია, შენც წამოდიო. სიტყვაც კი არ დასცდენია, რომ შემეძლოს წაგიყვანდიო და ჯერ ეს დარდი არ ჰქონდა მიმის ბოლომდე მოშუშებული, რომ თურმე, ვინ აღმოჩნდა ის კაცი, ვისაც ასე მისტიროდა. 
საშინელება იყო, ცალკე იმის გადახარშვა, რომ ჯერ ასე ერთი ხელის აქნევით მოისროლეს და მერე, ვინ? თურმე მართლაც ვინ ყოფილა სინამდვილეში მისი რჩეული.
ძლივს მოერია თავს, ამასაც გაუმკლავდა, ყველაფერი გადაყლაპა და მაინც მის გვერდით ყოფნა უნდოდა. ყველაფერზე თანახმა იყო და სულაც არ აინტერესებდა თუ ვის რა წარსული ჰქონდა. მთავარი, მათი მომავალი იყო, მაგრამ არც ეს გამოუვიდა. სატრფომ სახლიდან გამოაძევა და კარიც ისე მიუხურა, არც კი გამოაცილა. 
და მაგრამ მაინც, პიპაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. მაინც ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მათი ურთიერთობის გაგრძელება. მართალია, პიპას ოჯახში საშინელება დატრიალდა, მაგრამ თვითონ პიპა ხომ სულაც არ იყო დამნაშავე. რატომ აღარ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება? რატომ აღარ უნდოდა, რომ ბედნიერების უფლება ჰქონოდა? 
ათასნაირად ატრიალა ფიქრები და მაინც ვერაფრით გაეგო. 
რატომ არ შეიძლებოდა, მათი ურთიერთობის გაგრძელება? 
რა უშლიდა ხელს, ასეთ წარმატებულ და შეძლებულ ახალგაზრდა კაცს, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო?
ახლებურად შეეხედა ყველაფრისთვის და ბედნიერებით დამტკბარიყო...
თუ მაინც და მაინც, ტანჯულის როლს მორგებული, სიცოცხლის ბოლომდე ეზღო ის, რაშიც თავად სულაც არ იყო დამნაშავე?
მართალია, პიპას ოჯახში ასეთი საშინელება დატრიალდა, მაგრამ... 
„რა მისი ბრალია, ასეთ დღეში, რომ აღმოჩნდა! მაგრამ მერე? მერე ხომ გრძელდება ცხოვრება? ნუთუ, ადამიანი არ იმსახურებს ბედნიერებას? 
მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს ყველამ მაინც თავის გზას უნდა დაადგეს და საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს!
პიპა კი? თითქოს მიეყინა თავის უბედურებას და თვითგვემაში სურს გაატაროს დარჩენილი სიცოცხლე?!
ჰმ, მის დაიკოს კი ჰგონია, რომ მათ ქონებაზე მრჩება თვალი, მაგრამ აბა საიდან უნდა იცოდეს, რომ მიმის არავისი არაფერი არ სჭირდება და თავისიც საკმარისად აქვს! და საკმარისზე მეტიც!
და მაინც, რატომ არ შეიძლება ჩვენი, თუნდაც მეგობრობა? უბრალოდ მეგობრობა?! მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა! 
მიმის ყველაზე მეტად, პიპას სიტყვები აღიზიანებდა და მის ყოველ გახსენებაზე, მისი ხმაც თითქოს ყურშიც ჩასძახოდა: დაივიწყე! დაივიწყე აქაურობა და მეც და ყველაფერიც, ის რაც ჩემს ირგვლივ არის, დაივიწყეო...
და რა მოხდებოდა, მართლაც რომ უბრალოდ მეგობრებად დარჩენილიყვნენ?
„ნუთუ, კიდევ არის იმ ოჯახში რაღაც საშინელი საიდუმლო და...“
ყველაფერს თვალი გადაავლო, ცდილობდა გაეხსენებინა, თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. 
მერე მხატვართან, პიპას დასთან ერთად ღამით სტუმრობა გაახსენდა და გაეღიმა. 
„ჰმ, როგორ მოიხიბლნენ ერთმანეთით. თვალიც ვერ მოწყვიტეს. ჰა, ჰა!
საინტერესოა, შეხვედრაზე თუ შეთანხმდნენ?
ან პიპას რა რეაქცია ექნება?
ისევ პიპა...“
მიმი მოიღუშა, საშინლად გაუფუჭდა ხასიათი. ტირილი უნდოდა, მაგრამ თვალები ისე ჰქონდა ამომშრალი, რომ ცრემლიც კი არ გადმოვარდნია. 
- რა გადაწყვიტე? სად გინდა დასვენება?
ფიქრებიდან დედამ გამოარკვია.
- რა ვიცი, ჯერ... - დაბნეულად უპასუხა მიმიმ.
- დროზე მოიფიქრე, თორემ გავიდა უკვე ზაფხული! მთელი წელი ქალაქის მტვერი ყლაპე, წელს ზამთარშიც კი არ დაგისვენია და მაგიტომაც ხარ ასე ფერმიხდილი.
დედა თითქოს, თავისთვის ლაპარაკობდა მიმი არც აქცევდა ყურადღებას და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა დედამ შეკითხვა, ორჯერ გაუმეორა, ექიმმა რა გითხრაო.
- ექიმმა? - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მიმიმ.
- ჰო, ექიმმა! რა გაგიკვირდა? - ჩაეკითხა დედა. - არ ყოფილხარ? აკი ვიყავიო?
- კი, როგორ არა! - გამოფხიზლდა მიმი. - ვიყავი და გავესინჯე! სისხლიც ამიღეს. პასუხებიც მალე იქნებაო, დამირეკავენ! 
- ძალიან კარგი. - გაუხარდა დედას. 
- ისე, ერთი შეხედვით, არაფერია საშიშიო და რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ვიტამინები, ნორმალური კვება-დასვენება და ჰაერის გამოცვლა მოგიხდებაო!
- აი, მეც მაგას არ გეუბნები, მერე? - თავი გააქნია დედამ. - არ საუზმობ და ისე გარბიხარ სახლიდან. წესიერ სადილსაც კი არ ჭამ, ხილს საერთოდ არ ეკარები და მასე...
- ჰო, კარგი. - გაუღიმა მიმიმ. - მოვიფიქრებ რამეს. ორი კვირით ან თუნდაც, ერთი კვირით წავიდეთ სადმე.

***
- შენი საქმეები, როგორ მიდის? - მხატვარმა ყავის ფინჯანი ახლოს მოიწია.
- შვებულება ავიღე, მაგრამ რაღაც არსად წასვლა არ მინდა. - თავი გააქნია მიმიმ.
მხატვარმა ყავა დიდი ყლუპით მოსვა და სიამოვნებით აღმოხდა:
- მმმ, შენ იცი, რომ უგემრიელეს ყავას ამზადებ?
პასუხად მიმის გაეღიმა. 
ღიმილიც კი ნაღვლიანი ჰქონდა. მხატვარმა კითხვის ნიშნით გადახედა.
- ისე დავითრგუნე ამ ზაფხულს, რომ ყავასაც კი გემოს ვეღარ ვატან. - მიმიმ ამოიხვნეშა. - და არც არაფერი მინდა.
- ეს მასეა ყოველთვის! - თავი დაუქნია მხატვარმა. - როცა არაფერი გიხარია, ვერაფერს გემოს ვეღარ ატან! და რატომ არ გიხარია? 
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- რა გჭირს საერთოდ? ბოლოს როდის ჩაიხედე სარკეში?
- ჰო ვიცი. საშინელი ფერი მაქვს. ექიმთანაც კი ვიყავი. - ნაღვლიანად მიუგო მიმიმ.
- რა დროს ექიმია?! - წამოენთო მხატვარი. -  შენისთანა გოგო, რამდენი დადის ქალაქში, ის თუ იცი? აბა კარგად დააკვირდი შენს თავს! რა გაკლია? 
მიმიმ ნაღვლიანად გააქნია თავი.
- ტვინი გაკლია! ტვინი! ასეთი მაგარი გოგო დადიხარ ქალაქში, თანაც ძაან მაგარი „მანქნით“!
- „მანქნით“ - ჰაჰ, ვერ ვიტან დამახინჯებულ სიტყვებს. - მიმის გულიანად გაეცინა.
- ჰო, ვიცი, რომ ვერ იტან და მინდა ხასიათზე მოგიყვანო! - მხატვარი წამით გაჩუმდა. - სხვათა შორის, მეც ვერ გიტან ასეთს! 
მხატვარი წამოდგა და მიმის წინ სასაცილოდ გაიარ-გამოიარა, ხელები ჩამოშვებული წელში მოწყვეტილი, თავ-ყბა ჩამოკიდული, დაჩაჩანაკებულ მოხუცს ჰგავდა.
მიმი წუთით გამხიარულდა, მაგრამ მალევე მოიწყინა.
- გეხვეწები რა, სიგარეტი ჩააქრე, გთხოვ.
- თუ ამაშია შენი პრობლემა, სულ არ მოვწევ! - მხატვარმა ახალ მოკიდებული სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
- ერთი მოვიწამლე და კვირაზე მეტია გამყვა, ვეღარ გამოვედი.
- ორგანიზმია დასუსტებული და ვერ მოერია ადვილად და ისე ეგ, სტრესმაც იცის! შენ მართლა გადაღლილი ხარ.
მხატვარი გაჩუმდა. ერთ ხანს, მიმის ჩაფიქრებული უმზერდა. 
- ისე მართლა, რა ფერი გადევს? მიხედე თავს! ან, რა განერვიულებს? ხალხი შიმშილით კვდება! ღამის გასათევი არა აქვს! ექიმთანაც კი ვერ მიდის და ისინი არ არიან ასეთ დღეში და შენ რა აიშალე კუჭი, რა გჭირს? 
- პირადი უიღბლობა მჭირს. - ცივად მიუგო მიმიმ.
- ოო, კარგი რაა!!! - ხელი აიქნია მხატვარმა. - ხან იჩხუბებთ, ხან შერიგდებით! ასე იცის სიყვარულმა. - ჩააწვეთა მხატვარმა და ამბის მოლოდინში გაიტრუნა. იქნებ, მიმის ახლა მაინც წამოსცდენოდა რამე.
- ჩვენ დავშორდით! საბოლოოდ დავშორდით! და ახლა მაინც ვიცი, ახლა მაინც მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დავშორდით! - მიმის ისეთი ტირილი აუვარდა, რომ ძლივს მოიბრუნა სული.
მხატვარი ჩვეული ნებისყოფით შეჰყურებდა და ელოდა, ბოლოს და ბოლოს, როდისღა დაშოშმინდებოდა მისი მეგობარი. ლოდინმაც დიდ ხანს არ დააყოვნა და მიმიმ, როგორც იქნა, შეწყვიტა გოდება და სადღაც ფანჯრის იქეთ, სივრცის მიღმა გაუშტერდა თვალი.
- მორჩა პანაშვიდები? - დაბალი, მშვიდი ხმით შენიშნა მხატვარმა, რასაც მიმის კისკისი მოჰყვა.
მხატვარი ღიმილით შეჰყურებდა.
- აი ხომ ხედავ? შენი წამალი, გართობაა! ჰოდა, იმხიარულე! - აყვირდა მხატვარი. - იცეკვე! იმღერე! გაერთე! გარემო გამოიცვალე და მოხვალ აზრზე!
- მეც მინდა გართობა და ცეკვა-თამაში! - მხიარულად დაიგრუხუნა ფიფოს ხმამ.
ფიფოს დანახვაზე, მიმის ყურებამდე გაეღიმა.
- არა, ისე ცეკვის რა მოგახსენოთ, მაგრამ სიმღერით კი ვიმღერებ და კარგადაც მოვილხენ! - ფიფო მიმის თვალს ვერ სწყვეტდა.
საოცრად ლამაზი იყო. ახლა უფრო სხვანაირი ჩანდა. ფერმიხდილი, ვარდის ფურცლებივით ნაზი სახით, სევდიანი ღიმილითა და ლამაზი წყლიანი თვალებით.
ფიფომ მაგიდაზე ბოთლი შემოდგა.
მიმი დაიჯღანა:
- სასმელი არ დამანახოთ, რაა!!
- სად მაქვს შენზე გასაფუჭებელი? ეს ერთი ბოთლი, იცი რა ღირს? - იხუმრა ფიფომ.
- დაგტოვებთ, ცოტა ხნით. - მიმი წამოდგა. - უჩემოდ მოილხინეთ. მერე შემოვირბენ.
- ჩემი მოსვლა გეწყინა? - მოიღუშა ფიფო. - მართლა...
- სად მიბრძანდებით, გოგონი? - არ აცალა სიტყვის თქმა მხატვარმა.
- ექიმს უნდა დაერეკა. - ამოიკვნესა მიმიმ. - ალბათ, დაავიწყდა. ბარემ შევუვლი. ანალიზების პასუხები მაინტერესებს.
- რა იყო? რა მოხდა? - შეცბუნდა ფიფო.
- არაფერიც არ მოხდა! ვერ ხედავ, რა ფერი ადევს? ცოტა უნდა დაისვენოს, გული გადააყოლოს, გარემო გამოიცვალოს და მორჩა! ექიმი არა, ტოლმა! გამოგიწერს იმდენ შხამებს, მერე გეტყვის უიიი!!! ეს არ მოგიხდააა!!! - ხმა გაიწვრილა მხატვარმა.
მეგობრებს გაეცინათ.
- აბა, ახლა რა ვქნათო? შენ ისევ იმ ექიმს ჰკითხავ, რადგანაც ჯერ კიდევ გჯერა მისი! - განაგრძო კვლავ მხატვარმა. - მოდი აბა, მაშინ ის ვცადოთო და ათასი ტიპის ქიმიას, რომ გადაყლაპავ! მერე კი ისედაც დაგემართება რაღაც და ახლა იმაზე მოგიწევს მკურნალობა და ირბინე ასე ექიმებში და იყავი! გირჩევნია, ჯერ შენ თვითონ მიხედო შენს თავს! ცხოვრების აზრზე უნდა მოხვიდე და აი მერე თუ ვერ გიშველა, მაშინ გაიქეცი ექიმთან! - დაამთავრა თუ არა მხატვარმა თავისი მონოლოგი, ღრმად ამოისუნთქა.
მიმის გაეღიმა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ უცებ თავბრუ დაეხვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- მართლა, რა გჭირს? - შეფიქრიანდა ფიფო
- ხომ გითხარი უკვე რაც სჭირს?! - მიუგო მხატვარმა. - გადაღლილია! აი, მე დამიჯერე და ერთ კვირაში, ჩიტივით იქნები!
- მე წაგიყვან ექიმთან. - შესთავაზა ფიფომ.
- არა, ჯერ სახლში მინდა გავიდე. ცოტას გამოვიძინებ, მთელი კვირაა თითქმის თვალი არ მომიხუჭავს.
- ოოო, აბა მასე როგორ შეიძლება? შენ იცი, რომ უძილობა, ადრე აბერებს? - ყურებამდე გაიკრიჭა მხატვარი.
- შენ საერთოდ არ გძინავს, მაგრამ მშვენივრად გამოიყურები. - არ ჩამორჩა მიმიც.
- სამაგიეროდ, შუადღემდე სძინავს! - ჩაერია ფიფო და წასასვლელად მოემზადა.
სანამ მიმი მანქანისკენ წავიდა, მხატვარმა ფიფოს ანიშნა, მალე მობრუნდიო.

***
- ვაიმე, რა ფერი გაქვს! - კარის გაღებისთანავე შეიცხადა მიმის დედამ.
- არაფერი დე, ყველაფერი კარგად არის, უძილობის ბრალია. ფიფოს რომ არ მოვეცილებინე, საჭესთან ჩამეძინებოდა.
ფიფოს დანახვაზე დედა დაფაცურდა. ფიფომ, ნუ წუხდებით, ძალიან მეჩქარებაო.
- არც მე მინდა ყავა, ცოტას გამოვიძინებ და მერე იყოს. - ძალდატანებით გაიღიმა მიმიმ.
- ასე დღედაღამ გასულია გარეთ! - აწუწუნდა დედა. - რას ჭამს, ან რას სვამს არც კი აქცევს ყურადღებას! ზოგჯერ, მთელი დღეები უჭმელია, მარტო ყავაზეა და აბა, რა მოუვა? კიდევ კარგი, სიგარეტს მაინც დაანება თავი.
- და უკვე მერამდენედ! ვიწყებ და ვანებებ! - ნაზი ხმით დაუმატა მიმიმ.
- იმედია, ამჯერად სულ გადააგდებ! - გაუღიმა ფიფომ. - ეჰ, ნეტა მეც შემეძლოს ასე. რამდენიმე დღე, რომ აღარ მოვწიო, მერე სულ დავანებებდი.
- ჰოდა, მომბაძე, აღარც შენ აღარ მოწიო! - მიუგო მიმიმ. - მე უკვე სიგარეტის სუნზეც კი გული მერევა. 
- ისე ამ ბოლო დროს, სულ ცუდად ხდები, მალე იღლები, საჭმელსაც ისედაც რას ჭამდი და საერთოდ მთელი დღეები მშიერი დადიხარ, თან ამ სიცხეში. ძალიან ხარ გადატვირთული! - ჩაურთო დედამ. - აუცილებლად ჰაერი უნდა გამოიცვალო, ხომ აიღე ბიულეტენი?
- არა ჯერ. - თავი გააქნია მიმიმ.
- რაღას ელოდები? გავიდა ზაფხული.
- ჯერ უხელფასო ავიღე, მერე ბიულეტენს მივაყოლებ, ექიმთანაც ხომ ვიყავი? კარგი დასვენებაც გამომივა. - მდარედ გაეღიმა მიმის.
- გინდა სადმე წავიდეთ? - შესთავაზა ფიფომ. - სადაც შენ იტყვი! მხოლოდ სხვანაირად ნუ იფიქრებ! ისე, მეგობრულად, ძმაკაცურად დავისვენოთ ერთად! ერთი კვირით, მეც გავითავისუფლებ თავს! მხატვარიც წავიყვანოთ, თუ მოიცლის და უფრო კარგად გავერთობით!
ფიფომ სპეციალურად ახსენა მხატვარი. თუმცა, დარწმუნებული იყო, მართლა რომ მოესურვებინა, მხატვარს წამოსვლა, ფიფო მაინც გადააფიქრებინებდა.
მიმი შეყოვნდა. ვერაფერი უპასუხა. მალულად დედას გახედა. ისინი ხომ ერთად აპირებდნენ წასვლას და ახლა არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ან ფიფოსთვის უნდა ეთქვა უარი, ან დედა უნდა დაეტოვებინა.
- წადით თქვენ! ზღვაზე წადით! - წამსვე მიუხვდა დედა.
- მერე შენ, რომ... - ამოილუღლუღა მიმიმ.
- მე არ მიყვარს ზღვა! - თავი გააქნია ქალმა. - მე და მამიდაშენი, სადმე მთაში გაგვიშვი. ათი დღე გვეყოფა, თქვენ ცალკე დაისვენეთ!
მიმის გაეღიმა, დედა ყოველთვის მის გვერდით იდგა, როგორ წამსვე ხვდებოდა ყველაფერს და წამსვე უღებდა ალღოს.
- ჩემთვის სულ ერთია! - თვალები გაუბრწყინდა ფიფოს. - სადაც მიმი მოისურვებს, იქ წავიდეთ!
პასუხად მიმიმ გაუღიმა.
- თუ გსურთ? - განაგრძო ფიფომ. - მეც წამოვალ თქვენთან ერთად და ყველანი ერთად წავიდეთ მთაში! 
ფიფოს ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა. მისთვის სულ ერთი იყო ზღვაზე, მთაში, ცაში თუ ხმელეთზე! სასურველი ადამიანის თავიდან მოპოვების შანსი მიეცა და რაც ყველაზე მთავარი იყო, მიმიც არ ჩანდა წინააღმდეგი.
- მეც თანახმა ვარ, მაგრამ ახალგაზრდებს ზღვა არ გირჩევნიათ უფრო? - დედა ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო, იქნებ ახლა მაინც გამოსულიყო რამე.
- ჩემთვისაც სულ ერთია. - წაიწრიპინა მიმიმ.
მშვენივრად ხვდებოდა დედის ეშმაკობას და ეღიმებოდა. თუმცა, მამიდასთან და დედასთან ერთად დასვენებას, ისევ ფიფოსთან ერთად სჯობდა. ან ფიფო რას უშლიდა? პირიქით, ძალიან კარგადაც გაერთობოდნენ ერთად. თან, ალბათ მხატვარიც წამოვიდოდა და მშვენიერი იყო!
- ჩემთვისაც სულ ერთია, სადაც ქალბატონები მოისურვებთ, იქ წავალთ! - გაიკრიჭა ფიფო.
დედა მაინც უარზე იდგა. ძალიან უნდოდა ახალგაზრდები ცალკე გაეშვა და მოახერხა კიდეც. ფიფო სიხარულს ვერ მალავდა და რაც მთავარი იყო, მიმი სულაც არ ყოფილა წინააღმდეგი, მაგრამ თვალებში მიმალულ სევდას, მისი ალერსიანი ღიმილი, ბოლომდე მაინც ვერ ფარავდა. 
მიმის ეს ფარული სევდა, ფიფოს გამჭოლ მზერას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ამიტომ ზედმეტად რომ არ შეეწუხებინა მეგობარი, თადარიგი დაიჭირა და ორსაძინებლიანი ნომერი შეუკვეთა.
მშვენიერი დასვენება გამოუვიდათ. შემოდგომის თბილი მზიანი ამინდები, სასიამოვნოდ უხდებოდა ზღვას. ხალხიც ნაკლები იყო. 
მხატვარმაც გამოთქვა სურვილი, მაგრამ „ვერანაირად ვერ მოიცალა“. მიმი მშვენივრადაც ხვდებოდა, თუ მხატვარმა რატომაც თქვა უარი, მათთან ერთად დასვენებაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ასე უფრო მშვიდად იქნებოდნენ. ფიფოც არ დალევდა და მიმისაც არ მოუწევდა, ნასვამი მეგობრების ყურება, რაც ბოლო დროს უკვე რატომღაც, საშინლად აღიზიანებდა. 
ზღვის ჰაერმა, მიმიზე დადებითად იმოქმედა. ბევრად კარგად გრძნობდა თავს. მადაზეც მოვიდა, სახეზე სიფერმკრთალეც გაუქრა და რაც მთავარია, მშვენიერ ხასიათზე იყო. 
- მართლა მოგიხდა ზღვის ჰაერი. -  ღიმილით აღნიშნა ფიფომ.
- ჰოოო? - მიმი სარკეში აკვირდებოდა თავის თავს, სიამოვნების ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს.
- ისე ბოლო მომენტამდე, კინაღამ გადავიფიქრე. საერთოდ არ მინდოდა ქალაქიდან გასვლა, მაგრამ...
- აი, ხედავ? - შეაწყვეტინა ფიფომ. - კიდევ კარგი, წამოგიყვანე! ხანდახან, უნდა დაუჯერო ხოლმე სხვებსაც. 
- უჰ, როგორ იცის ზღვის ჰაერმა მოშივებაა. საშინლად მომშივდაა. 
- შევუკვეთოთ, თუ ჩვენ გავიდეთ?
მიმი წამით დაფიქრდა:
- შეუკვეთე! ჰო, ასე სჯობს. სანამ მე შხაპს მივიღებ, დამხვდება კიდეც! და მერე გავისეირნოთ და თუ კიდევ მოგვშივდება, მერე ისევ ვჭამოთ! - აკისკისდა მიმი.
- არის უფროსო! - ხელის აწევით „დაემორჩილა“ ფიფო და ტელეფონს დასწვდა.
მოულოდნელად, მიმის ტელეფონმაც დაიწკრილა. 
მიმიმ საშხაპედან გამოსძახა შენ უპასუხეო და მაშინვე ინანა კიდეც, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თუმცა ვინ იცის?
იქნებ პიპას... 
„უკვე დიდი ხანია გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და თავად მოითხოვა, რომ კატეგორიულად გაგვეწყვიტა ურთიერთობა. თანაც, ახლა მხატვრისგანაც ხომ გაიგებდა, რომ ფიფოსთან ერთად ვარ ზღვაზე. 
და უკვე მართლაც, სულ ერთია ჩემთვის!“
ფიფომ ტელეფონს დახედა:
- ხმოვანი შეტყობინებაა და აწერია მეგობარი ექიმი!
- და მერე ჩართე შენც მეგაფონზე! - გამოსძახა მიმიმ. თუმცა, გულმა მაინც რაღაცნაირად, ცოტა უსიამოვნოდაც კი გაჰკრა.
ფიფომ ღილაკს თითი დააჭირა.
„მიმი, როგორ ხარ? რომ აღარ გამოჩნდი სახლში შემოგირბინე და გავიგე, საქმროსთან ერთად ზღვაზე ყოფილხარ! მინდა ძალიან კარგი და საუცხოო ამბავი, პირველს შენ გახარო. შენი ანალიზების პასუხები მოვიდა. საშიში არაფერია. საშიში კი არა, ძალიან სასიამოვნო ამბავი მაქვს შენთვის. ორსულად ხარ და სულ ეს იყო შენი ავადობის მიზეზი. აბა შენ იცი, კარგ დასვენებას გისურვებ და გელოდები, როგორც კი ჩამოხვალ კონსულტაციაზე გელოდები აუცილებლად!“
LEX. 2017 წლის 24 სექტემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment