Sunday, February 4, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 107)

107.
მაინც, რამ მოაფიქრა პიპასთან სტუმრობა? 
მიზეზი ბევრი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო. თუნდაც, ბავშვის მონახულება სურდა, ან გაეგო დედამისი, ახლა როგორ გრძნობდა თავს, ან სულაც...
პოპას ოჯახში, საკმაოდ თბილად შეხვდნენ. ცოტა პიპას მეუღლე იქცეოდა ვულგარულად. არც დაელოდა სუფრის გაწყობას, პიცის კოლოფს თავი ახადა, დიდი ნაჭერი, ისე იტაცა პირში, რომ სტუმრისთვის არც კი შეუთავაზებია.
- ფეხი მაინც ჩამოიღე სკამიდან. - უკმაყოფილო სახით მისცა დედამ შენიშვნა.
- კარგი რაა!!! - არ შეეპუა დედას. - მიმი უკვე შინაურია. მალე იქნებ, ჩვენთანაც გადმოვიდეს საცხოვრებლად და ერთი დიდი ოჯახი გვექნება! ასე არ არის? - ქალი მიმისკენ მობრუნდა და თვალებში ჩახედა.
მიმი სახეზე აილეწა, მაგრამ არაფერი უპასუხა. ქალმა კი განაგრძო მისი „დამუშავება“:
- იცი, პიპას რამდენი გოგო ეტენება? ჯერ თუნდაც, ამხელა სახლის გამო. მერე თუნდაც, მისი ფულების გამო. იცი, რამდენი შემოსავალი აქვს წელიწადში?
ალბათ, კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა, ასეთ საშინელ საუბარს, სასადილო ოთახში ბავშვი, რომ არ შემოსულიყო და მიმის დანახვაზე, სახე არ გაბადროდა. ქალი უსიამოვნოდ აიბუზა და იქაურობაც დატოვა.
ბავშვი მიმისთან კარგად გაერთო. პირველივე დანახვისთანავე არ შორდებოდა და ახლაც ასე იყო. ერთი წამით არ ტოვებდა მარტო. თავის ოთახიც დაათვალიერებინა, სადაც ყველას არ უშვებდა. მერე კი, პიანინოსთანაც მიიყვანა და დაკვრას სთხოვდა.
მიმი უარზე დადგა. ბავშვი ემუდარებოდა არ წყნარდებოდა. მერე ბაბუამისის შემოსვლამ უშველა და მან შესძლო, აჟიტირებული ბიჭის დამშვიდება, თავად დაიწყო დაკვრა და ცოტა ხანშიც ის, მიმისთვის უკვე კარგად ნაცნობი ნაწარმოებიც მიაყოლა.
მიმი გაოგნებული უსმენდა. თითქოს იცოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან?
- ძალიან ნაცნობი მელოდიაა.
- ეს პიპას პირადი ინსტრუმენტია და მელოდიაც! მართალია მას არ დაუწერია, მაგრამ მისი საკუთრებაა!
- არც კი ვიცოდი, პიპა თუ უკრავდა. - გაიკვირვა მიმიმ. - მაგრამ ეს მელოდია კარგად ვიცი, ხშირად მომისმენია
- საოცრად უკრავს პიპა, მაგრამ შენ თუ არ იცოდი, აბა საიდან ეს ნაწარმოები? და ასე ხშირად სად ისმენდი?
- სადარბაზოში!
- ჰაჰ! სადარბაზოში? სად?
- დიახ, იქ მაქვს მოსმენილი. ვიღაც სულ ამ მელოდიას უკრავს, მაგრამ იმ პიანინოს ისეთი ხმა აქვს, აშკარად ძველია და დანჭყრეული.
- ასაწყობი იქნება, მაგრამ რა სთქვი? სადარბაზოშიო? - გაკვირვებით გამოხედა კაცმა. - სად? რომელ სადარბაზოში?
მიმიმ მისამართი დაუსახელა. 
- აჰა, მანდ დეიდაჩემი ცხოვრობს. არ მინახავს საუკუნეა! თუმცა, თვითონ საუკუნეზე მეტისაც იქნება. აღარც ვკონტაქტობთ. წლებია, რაც აღარ მელაპარაკება. გამომაგდო კიდევაც სახლიდან! თუმცა, ოფიციალურად მაინც იმ სახლის მემკვიდრე ვარ და...
- საიდან გამოგაგდეს? 
მიმის პიპას ხმამ, თბილად დაუარა სხეულში, თავის მოტრიალებაც კი ვერ შესძლო ისე გაირინდა. 
- საიდან და დეიდა მყავს, ყვავის ხნის იქნება! ახლა დედაჩემიც იქ ცხოვრობს, თურმე! მე კი, დიდი ხნის გარდაცვლილი მეგონა და არც ერთს არ სურს, არც ჩემი დანახვა და არც გაგონება!
- რაა?! - პიპა გაოგნებული იყო. 
ახლა თურმე, ბებიაც ჰყოლია და საკუთარი ნათესავების ბინას, ისე ქირაობდა და არც კი იცოდა. საოცარი იყო, მიმისთვის ნათქვამი ეს ტყუილი, მოულოდნელად სიმართლეც აღმოჩნდა და ფაქტიურად მამამისის მერე, იმ სახლის მემკვიდრედაც გამოდიოდა, მაგრამ ახლა მაგისთვის სულაც არ სცხელოდა. ერთი სული ჰქონდა, მიმისთვის პასუხი მოეთხოვა.
- რატომ მოხვედი აქ! - საშინლად მკაცრი და ცივი ხმით ჰკითხა მიმის, როგორც კი თავის კაბინეტში განმარტოვდნენ.
მიმი ისე დაფრთხა, რომ შიშისგან კედელზე აეკრო და ხმის ამოღებასაც ვეღარ ბედავდა.
პიპა სახეში ჩააშტერდა.
- ხომ გთხოვე, რომ დაგევიწყებინა ყველაფერი აქაური. რატომღა მოხვედი? რატომ? რა გინდა ჩემგან? არ გამოვა ჩვენი ერთად ყოფნა! არანაირად არ გამოვა! არ გამოვა და მორჩა! 
მიმი ხმას ვერ იღებდა. სევდიანი თვალებით შეჰყურებდა ამ დესპოტ კაცს. 
საოცრად ლამაზი იყო მიმი.
იმდენად მომხიბვლელი, რომ პიპამ ვეღარ გაუძლო მღელვარებას.
მიმის კინაღამ გული წაუვიდა პიპას ვნებიან კოცნაზე, ლამის მუხლები მოეკვეთა და აკანკალდა. 
მაგრამ პიპა არც იმდენად სუსტი და ვნებას აყოლილი აღმოჩნდა, დროულად შესძლო უკან დახევა და ვნებების მოთოკვა. მერე მიმის სახე ხელებში მოიქცია და კვლავ თვალებში ჩააშტერდა:
- უმორჩილესად გთხოვ! წადი აქედან! დამივიწყე! დაივიწყე აქაურობა, დაივიწყე! და აღარასოდეს მოხვიდე აქ! გთხოვ! ძალიან გთხოვ და ნუ მომთხოვ ახსნას, რისთვის და რატომ? უბრალოდ წადი! ისე წადი, რომ უკან აღარასდროს მოიხედო! - პიპას აშკარად ხმა უკანკალებდა. ძლივს ერეოდა თავს. 
მიმის ეს არ გამოჰპარვია, მაგრამ აბა სხვა რა გზა ჰქონდა?
არასასურველი სტუმარი, უნდა გასცლოდა იქაურობას და თანაც ისე, რომ უკან აღარც მოეხედა და არც უნდა ეკითხა, თუ რატომ? რის გულისთვის?
ცოცხალ-მკვდარი გამოვიდა იქიდან. არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს ხედავდა, ფეხები თავისით ჩადიოდნენ კიბეზე და მანქანაშიც თავისით ჩასხდნენ. ვერაფერს გრძნობდა, არც ის გაუგია უკან პიპას მეუღლე, რომ დაედევნა. რაღაცას ექაქანებოდა, მიმის არც ესმოდა. საშინელი სიმძიმე იგრძნო, რაღაც ლოდივით აწვებოდა, გულის რევის შეგრძნებამ ისე დაუარა, რომ ძლივს მოასწრო მანქანიდან გადმოსვლა. ცოტა მოეშვა, ამოისუნთქა, მაგრამ პიპას მეუღლის შეკითხვამ, ორსულად ხომ არ ხარო გამოარკვია, თან საშინლად გააღიზიანა და ისეთი სახით შეხედა, რომ ქალი შეცბა და მერე თავადვე შეარბილა სიტყვა:
- ისე, ნერვიულობამ და სტრესმაც იცის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და გულის რევაც!
მიმიმ კვლავ არაფერი უპასუხა. თუმცა, პასუხის თავიც არ ჰქონდა. მანქანას მიეყრდნო და ღამის სიგრილე ღრმად ჩაისუნთქა. 
- მაინც რა ხდება თქვენს შორის, არ მეტყვი? - არ ეშვებოდა ქალი.
- არაფერი! არაფერიც არ ხდება და არც არასდროს არაფერი მომხდარა! - მიმი წამით შეყოვნდა. - შენ ალბათ, ეს უფრო გაინტერესებს... 
მიმის ხმა აუკანკალდა. საცოდავად გამოიყურებოდა და ძლივს, ლამის ჩურჩულით შესძლო ბოლო სიტყვების წარმოთქმა.
- ხო, კარგი, კარგი. მითხარი აბა სად მიდიხარ? მე წაგიყვან. - ქალი პასუხს აღარც დაელოდა, ისე დასკუპდა საჭესთან. 
მიმი უხმოდ დაემორჩილა, გვერდით მიუჯდა და მხატვრის მისამართი უკარნახა.
ქალი მთელი გზა ქაქანებდა. დარწმუნებული იყო, პიპა ბევრ ფულებს ახარჯავდა და ეს მანქანაც პიპამ უყიდა, მაგრამ მაინც მიმისგან უნდოდა პასუხი, მიმი კი ჩუმად იყო და არც კი უსმენდა.
იმ ძველ სადარბაზოს რომ ჩაუარეს ქალმა სვლა შეანელა:
- აქ ბებიაჩემი ცხოვრობს! არც კი გველაპარაკება. ბავშვობიდან ვერ მიტანდა! მარტო პიპას აქცევდა ყურადღებას, მისთვის მარტო უნიჭიერესი ხალხი ნიშნავს რამეს.
მიმის შეაჟრჟოლა. ცოლ-ქმარი და და-ძმა. რა საზიზღრობა და რა მარაზმი იყო. 
„ერთ სახლში იზრდებოდნენ, ბავშვობიდან იცოდნენ და მაინც იქორწინეს. ეს მშობლებიც კი ისე იქცევიან, ვითომც აქ არაფერიაო.
ტფუ, ახლა მართლა შემეზიზღა!“
- ჰო, პიპა უნიჭიერესი იყო! - კვლავ ქაქანებდა ქალი. -  ვირტუოზი პიანისტი იყო!
- უნიჭიერესი? - ძლივს ამოღერღა მიმიმ. თუმცა, უკვე სულაც აღარ აინტერესებდა.
- ჰო! ბავშვობიდან გენიალურად უკრავდა და ახლაც ძალიან მაგრად უკრავს, თუ ხასიათზეა.
- მართლა?
- ჰო, მართლა! შენ რა? არასდროს მოგისმენია, როგორ უკრავს? - ქალმა გულწრფელად გაიკვირვა.
- არა.
- ძალიან ბევრი დაგიკარგავს!
- ბევრი? რა ვიცი. - წაილუღლუღა მიმიმ.
- იცი? პირველად ჩემს სახლში ნახა როიალი და პიანინო ეგონა. ჰაჰ, არც ის ჰქონდა ნანახი.
- შენს სახლში? პირველად? - მიმის ცოტა ეუცნაურა.
- ჰო, ბებიაჩემი მასწავლიდა მუსიკას. პიპა რომ დაინახა, მე სულ შემეშვა და ლამის თან გადააკვდა, ისე ამეცადინებდა.
- მერე? 
- მერე არაფერი. ჩვენ სხვაგან გადავედით საცხოვრებლად და მრავალი წლის მერე, ისევ შევხვდით და ასე იღბლიანად ვიქორწინეთ!
„შენს ძმაზე რატომ იქორწინე?“ 
გაიფიქრა მიმიმ, თუმცა არაფერი უკითხავს.
მანქანა გაჩერდა. ქალი სახლს დააკვირდა.
- საუკუნეა აქ არ ვყოფილვარ. არადა, კანონით მემკვიდრე ვარ! ისე, რომ იცოდე, პიპაც თანამემკვიდრეა. ორივეს გვეკუთვნის, მაგრამ არც ერთს არ გვჭირდება! ეს ბებრები სანამ არ ჩაძაღლდებიან, მანამდე აქ ფეხსაც არ შევდგამ!
- ასეთი რა დაუშავეთ, რომ შვილიშვილების ხსენებაც არ უნდათ?
- ბებიაჩემს, მარტო პიპაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე.
- და ახლა რაღამ შეაძულა?
- ახლა? ალბათ აღარც ახსოვს მისი არსებობა. 
- საოცარია. შვილიშვილზე ასე ვგიჟდებოდე და მერე შევიძულო და დავივიწყო.
- შვილიშვილზე? ჰმ, პიპა ისე გაიზარდა მის ხელში, რომ არც კი იცოდა, თუ... - ქალი გაჩუმდა.
ალბათ მიმის რეაქციას ელოდა და მორიგი შეკითხვა, რომ აღარ დაუსვეს თავადვე განაგრძო:
- ორსულად რომ ვიყავი მაშინ გავიგე. - ქალს თვალები აუწყლიანდა. საუბრის გაგრძელება გაუჭირდა. - დაუნ შვილს, რომ გააჩენ და თანაც, რომ აღმოაჩენ, საკუთარი ძმისგან!
მიმი შეძრწუნდა. პიპას დეტალებში არაფერი უთქვამს. არც ის უთქვამს, რომ ადრე არც კი ვიცოდით, და-ძმა თუ ვიყავოთო. ახლა ყველაფერს მიხვდა. შეეცოდა, საშინლად შეეცოდა ორივე. რაღაც სანუგეშოც უნდოდა ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ მოაბა თავი. მერე თითქოს საუბრის გადატანა არჩია:
- და მაგის გამო მოიძულეს შვილიშვილები, ბებია-ბაბუამ? 
- ბაბუა? - ქალმა მხრები აიჩეჩა. - არც კი მახსოვს! ერთი ბებია მყავს და ისიც ვერ მიტანს!
- ჰმ, საინტერესოა. - თავი გააქანია მიმიმ. - როგორც ვიცი, აქ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ადრე მთლიანი სახლი, მარტო იმ კაცის საკუთრება ყოფილა თურმე, ასე ვიცოდი.
- ჰო, აბა კი! სულ მისი იყო ვითომ, დაბერდა და ტყუილებს მოუმატა.
- რა ვიცი, ჩემი წინაპრების აშენებულიაო. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- ვააა, და შენ საიდან იცი, რას ამბობს?
- ჩემი სამსახური აპირებს რესტავრირებას.
- აჰ, შენ მუშაობ კიდეც? მეგონა პიპას კმაყოფაზე იყავი. - ცინიკურად ჩაეცინა ქალს. - ისე, პიპა აქ ხომ არ გაიცანი? დაძვრებოდა ალბათ, ამათთან და სახლში კი, არაფერი თქვა! 
- და რატომ იტყუება ის მოხუცი კაცი, ჩემი სახლი იყოო? - მიმიმ კითხვას თავი აარიდა და შეეცადა, თემიდან ცოტა მაინც გადაეხვია.
- ჰო, ისე სიმართლეც უთქვამს. მისი წინაპრების აშენებული სახლია, მაგრამ ჩემს წინაპრებს ჰყავდათ დაქირავებული ის მუშები და მერე შეღავათიანი ქირით ოთახებიც გამოუყვეს და თაობიდან თაობამდე დარჩნენ. ჰმ, ბებერი გაიძვერა, როგორ მიიწერა დიდგვაროვნება! თუმცა, ახლა ვიღას აინტერესებს შენი წარმომავლობა? მთავარია, ფული გქონდეს, ბევრი ფული! ასე არ არის? 
მიმიმ არაფერი უპასუხა, ხელით ანიშნა ქუჩის ბოლოსკენო. 
ქალმა მანქანა დაძრა და მხატვრის ეზოსთან გააჩერა თუ არა, საჭეს ხელები დაარტყა და შეჰყვირა:
- ოოო, რა იდიოტი ვარ! ახლა უკან როგორ გავბრუნდე არც ტელეფონი და არც საფულე!
- ტაქსი გამოვიძახოთ, მე გადავიხდი. - შესთავაზა მიმიმ.
- გმადლობ, ხვალ გამოგიტან, ვალში არ დაგრჩები, ახლა გვიანია და თან მეზარება.
- არ არის საჭირო დაბრუნება. თანაც, აქ არც ვცხოვრობ, მეგობართან მოვედი.
- ჰმ, ასე გვიან?
- დიახ, როცა მინდა მაშინ ვესტუმრები მეგობრებს, აბა რისი მეგობარია? - მიმიმ წამით იყუჩა. - წამოდი, თუ გინდა გაგაცნობ.
მიმიმ თავადაც არ იცოდა, რატომ შემოიპატიჟა ეს აბეზარი ქალი სახელოსნოში, რატომ უნდოდა თავის მეგობრების მარაქაში გაერია. უბრალოდ, უნებურად წამოსცდა, ენაზე მოადგა და ქალიც უყოყმანოდ დათანახმდა. 
ლამაზი უცხო ქალის დანახვაზე, მხატვარს ლამის თვალები გადმოუცვივდა. ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. ქალიც აშკარად გამოხატავდა სიმპათიებს მის მიმართ. ახლა სულ სხვანაირი ჩანდა. ბევრად უფრო დახვეწილი მანერებით. ამაყი, მშვიდი, თბილი და ნაზი ღიმილით. მხატვარმა არ დააყოვნა და უმალ დახატვა შესთავაზა, ხოლო როცა სტუმარი მისი ნამუშევრების თვალიერებას მოჰყვა, პიპას პორტრეტის დანახვაზე გაოცება ვერ დაფარა:
- იცნობთ პიპას?
მხატვარი შეცბა.
- ჩემი შვილი მივიყვანე. - ცოტა არ იყოს, დაბნეულად უპასუხა მხატვარმა და მალულად მიმის გახედა. - აბიტურიენტია.
- ჰოო? ჩემი ძმაა! თუ რამე დაგჭირდეს, გაგიწევ პროტექციას!
მხატვარი ახლა უფრო გაოცებული დარჩა და კვლავ მიმისკენ გააპარა თვალი. 
მიმის ჩუმად ჩაეღიმა. ცოტა ხანში კი გამოუცხადა:
- უკვე მართლაც გვიანია, მოდი შენ სახლთან დაგტოვებ და მე გავაგრძელებ გზას.
ქალი უარზე დადგა:
- რას ამბობ! დღეს ისე ცუდად იყავი, მანქანის მართვაც არ შეგეძლო!
მიმი მაინც არ ეთანხმებოდა. ბოლოს ისევ მხატვარმა მოიფიქრა. მიმი თავისივე მანქანით, სახლში მიაცილეს და თავად კი, ახალ გაცნობილები, ერთად გაუყვნენ გზას. 
გზაში ბევრი ისაუბრეს. მხატვარი სხვადასხვა კუთხიდან უსვამდა შეკითხვებს, ქალი რაც შეიძლებოდა პასუხობდა, მაგრამ არც ის უხსენებია, რომ შვილი ჰყავდა და არც ის, რომ საკუთარი ძმის მეუღლე იყო. ჩვეულებრივად მოუყვა, რომ ადრე უიღბლოდ გათხოვდა და ახლა მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. შვილი მაინც არ უხსენებია.
ქალი ბედნიერი იყო ამ ახალი ნაცნობობით. მხატვარმა ნებისმიერ დროს სტუმრობის უფლება მისცა, ისიც კი უთხრა, რომ კარი არ იკეტებოდა და მასპინძელიც რომ არ დახვედროდა, მაინც თავისუფლად შეეძლო შესვლა. 
სახლში დაბრუნებულ დას, პიპა საკმაოდ მკაცრად დაუხვდა. ქალმა ზედაც არ შეხედა ისე უპასუხა:
- რა იყო, იეჭვიანე?
- ტელეფონიც კი სახლში დატოვე! გამთენიისას მოხვედი! მოკვდა დედაშენი ნერვიულობით, ის მაინც შეიცოდე!
ქალმა პიპა ხელით გასწია, სამზარეულოში შევიდა და ყავის მომზადებას შეუდგა.
პიპა საყვედურებით დაედევნა. 
ქალი ყურადღებასაც არ აქცევდა, თითქოს არც უსმენდა მერე კი მოულოდნელად ჰკითხა:
- მიმიმ რა იცის ჩვენს შესახებ? 
- მიმი რა შუაშია? და რა გინდა, რომ იცოდეს?
ქალმა არაფერი უპასუხა, ზურგი შეაქცია. 
„ვაიმე, რა სულელი ვარ, იქნებ პიპას არც უთქვამს მიმისთვის, მე კი, მოვაღე პირი და როგორ გავიგო, უკვე იცოდა თუ არა?“ 
- რას ჩაფიქრდი? მიდი აბა ამოღერღე, რის თქმა გინდა? - პიპამ ვეღარ მოითმინა ამდენი დუმილი.
ქალმა ამოიხვნეშა.
- გისმენ! - მკაცრად შეუღრინა პიპამ.
ქალმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი:
- არ ვიცი, შენ როგორ გაიგებ, მაგრამ... - ქალი გაჩუმდა.
- რა მაგრამ? მაინც რა უნდა მითხრა ისეთი, რომ იქნებ, ბოლომდე ჭკუიდან შევიშალო?! 
- არ შეიძლება, ბავშვის საბუთებიდან ჩემი ვინაობა, რომ გაქრეს?
- რაა?!
- არ მინდა მის საბუთებში, მითითებული ვიყო და მორჩა!
- არაფერში არასდროს არ შეწუხებულხარ, ხომ ხედავ? ბავშვი გრძნობს კიდევაც და არც არასდროს შემოსულა შენს ოთახში, საერთოდ არც გაქცევს ყურადღებას, თითქოს, სულაც არ არსებობდე, მეტი რა გინდა? რას გიშავებს?
- ცხოვრებას მიმახინჯებს!
- ჰმ! ძალიან ცდებოდნენ წინათ, როცა ეგონათ, რომ მხოლოდ მახინჯ სხეულში იყო,  მახინჯი სული!
- რაა?
- რა და, ლამაზ სხეულშიც შეიძლება იყოს მახინჯი სული, თანაც ძალიან მახინჯი, საშინლად მახინჯი და...
- მე არ მინდა სადმე, უბრალო ფურცელზეც კი არ მინდა ვიყო მითითებული, როგორც მისი მშობელი, ან თუნდაც, მისი რომელიმე ნათესავი!
- არ გამოვა მასე! არ გამოვა!
- როგორც გინდა, ისე მოაგვარე, თორემ მიმის ვეტყვი, რომ...
- რაც გინდა ის უთხარი! ფეხებზე მკიდიხართ შენც და მიმიც და საერთოდ ყველა და ყველაფერი, ჩემი შვილის გარდა! მის თავს, არავის დავაჩაგვრინებ! გასაგებია! ისე თუ გინდა, დედობის უფლებას ჩამოგართმევ? ოფიციალურად! უფრო თავისუფალი იქნები! თუმცა, არც ახლა გიჭერს ვინმე! - პიპა გიჟივით წამოხტა და სამზარეულო დატოვა.
უამრავი საფიქრალი და სადარდებელი ჰქონდა. ყველაფერი, თითქოს სწორად დააწყო და დაალაგა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი. 
მართლაც, დღეს თუ ხვალ პიპას წირვას გამოუყვანდნენ და მერე? რა ეშველება ბავშვს? კი, მართალია მემკვიდრეა და ყველაფერი მის სახელზეა, მაგრამ რადგან თავად ვერაფერს გადაწყვეტს, მეურვედ მაინც, ოჯახის სხვა წევრები გამოდიან და ვინ იცის, მერე? სახლსაც ისე გაუყიდიან, რომ უკანაც არ მოიხედავენ და მერე შეიძლება, თავიდანაც მოიშორონ და ბავშვთა სახლში უკრან თავი.
„არა! არა! არავითარი! არ დავუშვებ ამას! რამე უნდა ვიღონო!“ 
პიპა დიდ ხანს ფიქრობდა, თვალებ მოჭუტული თითებს მაგიდაზე ათამაშებდა, მერე კი ტელეფონს დასწვდა.
LEX. 2017 წლის 12 სექტემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment