Monday, January 22, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 50)

50.
პიპას მწვერვალისკენ მიმავალი გზა, სადღაც ჰაერში გაიფანტა.
ბაბუ საშინლად დაღონებული იყო. მერე როგორი იმედი ჰქონდა, ბიჭი კარგ ოჯახს არის შეკედლებული და ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდეო.
მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, გაჭირვებულ კაცს...
„ეჰ, ქვა აღმართში კი არ მომეწია, არამედ წინ გადამისწრო და შუბლში მომხვდა!“
ფიქრობდა მოხუცი.
- ეჰ, უბედურ ადამიანს, არასოდეს ექნება ადგილი საზოგადოებაში. - ცრემლიანი თვალი გააყოლა, ეზოდან კუშტი სახით მიმავალ ბიჭს. - ან კი, საერთოდ, ვინ არის, ის საზოგადოება? რა ხალხია? საიდან მოდიან, ან რა უნდათ?..
თვეზე მეტი იყო გასული და პიპა ისევ დუმდა. დილიდან გასული, შინ შუაღამისას ბრუნდებოდა. ზოგჯერ ბაბუს ეგონა, ჩემთან საუბარს გაურბის და ასე იმიტომ იქცევაო, მაგრამ გული მაინც ცუდს უგრძნობდა.
„რა აქვს ნეტა ჩაფიქრებული? სად დადის მთელი დღე? იქნებ სადმე ცუდ წრეშია?
თავს რამე არ მოუწიოს...
უნდა დაველაპარაკო! მორჩა! დღესვე გავიგებ რა უნდა და რას აკეთებს!“
ჯერ იმ ოჯახს ესტუმრა, იქიდან უნდა დაეწყო გარკვევა. რა მოხდა ასეთი, რომ ბიჭი სრულიად შეიცვალა, ძლივს სიკეთის გზაზე დამდგარი, ახლა ასე გაბოროტებული რატომ დადიოდა.
ძლივს-ძლივობით, ორ ხელჯოხზე დაყრდნობილი მიაღწია იმ სახლამდე, მაგრამ სახლი დალუქული დაუხვდა. მოშორებით მცხოვრებმა მეზობელმა კი შეკითხვისთანავე, კარი ზედ ცხვირწინ მიუჯახუნა.
„ისევ მიატოვეს ეს საწყალი ბიჭი. ალბათ, ამიტომაც გაშმაგდა ასე. ჯერ შეიფარეს, ოჯახში მიიღეს, სითბო და სიყვარული ჩაუდეს გულში, მერე კი, ესეც ბოლომდე ამოგლიჯეს და ისევ ბედის ანაბარა დააგდეს.
ისევ გარეთ აღმოჩნდა
მიტოვებული
ზურგშექცეული
უდანაშაულოდ განწირული...“
პიპა ისევ გვიან ღამით დაბრუნდა. საწოლზე გაუხდელად მიეგდო. ბაბუსკენ არც გაუხედავს. ბაბუ მძიმედ ქშინავდა. მიხვდა, არ ეძინა.
„რაო ბებერო, არ გძინავს? ჩემს მოსვლას უცდი? ნეტა რა ჯანდაბად გინდივარ? რაში გჭირდები? ყველამ სულში მაფურთხა, მიმატოვა! ბარემ შენც წადი და დამტოვე!“
გაივლო გულში, პირაღმა გადმობრუნდა და სიგარეტს მოუკიდა.
მოხუცი ოთახში არასდროს მოწევდა, ბავშვებისთვის მავნებელია, ისედაც ნესტიანი ადგილიაო. ბიჭმა კი, ოთახში გაუბოლა. აშკარად ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი. სიგარეტის მოწევაც იმის მერე დაიწყო, რაც იმ სახლიდან გაავებული დაბრუნდა. ძირს მოურიდებლად აფერფლებდა, მერე კედელზე მიასრისა და ნამწვავიც ოთახში მოისროლა.
ბაბუს ფშვინვა ძილს უფრთხობდა, საშინლად უშლიდა ნერვებს. არა, არ ფშვინავდა, მძიმედ სუნთქავდა. ზომაზე მეტად მძიმედ ხვნეშოდა.
პიპამ ერთ ხანს იყუჩა, მერე წამოდგა. მოხუცის საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა. კაცი სიცხისაგან იწვოდა, ყოველ ამოსუნთქვაზე ლამის გულს აყოლებდა, თითქოს აგონიაში იყო და შეკითხვაზეც არ უპასუხა...
ბიჭი გადარეულივით შევარდა მთავარ შენობაში, ყველა დააღვიძა.
საღამოსკენ ბაბუმ, როგორც იქნა თვალი გაახილა. საწოლთან, სკამზე ჩათვლემილი ბიჭი, ბაბუს ხმაზე შეკრთა.
- რა იყო? შეგაშინე, ხომ? ჰო, რა იყო? - ბაბუს გაეღიმა. - ცას გამოკერებული კი არ ვარ? აღარ არის რო, ჩემი წასვლის დრო?
ბიჭმა სევდიანად ამოიხვნეშა. ეს ერთადერთი ადამიანი ჰყავდა ამ ქვეყნად და ახლა, ისიც მიტოვებას უპირებდა.
- როცა სიკვდილი თვალებში ჩაგხედავს, აი, სწორედ მაშინ იგრძნობ, რომ სააქაო არ გეთმობა. - მოხუცმა წუთით იყუჩა. - არადა, ცხოვრებისგან გატანჯულს, რამდენჯერ მინატრია, ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი!.. ჰმ, თავის მოკვლაც კი მიფიქრია ბევრჯერ, მაგრამ...
- და ვერ გაბედე. - ჩაურთო პიპამ.
- შეიძლება, ვერც გავბედე. შეიძლება, გადავიფიქრე. რა ვიცი? რაღა მახსოვს...
- მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია თავის მოკვლა!
- ვინ გითხრა, ეგ სისულელე? ძლიერი ადამიანი, თავს ვერ მოიკლავს, მას იმხელა ძალა აქვს, რომ მოერევა განსაცდელს, მიუხედავად ყველაფრისა, თავს გაიმაგრებს და მაინც წამოდგება!
- აბა ვინც თავს იკლავს, ბაბუ, ის სუსტია? მე კი მაგარი მეგონა, გულადი! უშიშარი!
- კი სუსტია და მშიშარა! ცხოვრების ეშინია და თავისი ჭკუით, ადვილი გზა გამონახა და ასე გაექცა ამ წუთისოფელს, მაგრამ...
- არის კიდევ, მაგრამ? ჰმ, დარჩა რამე?
- ზოგჯერ, როცა მტერი ყველა გზას მოგიჭრის, მაშინ კიდევ დასაშვებია. ცოცხლად ტყვედ ჩაბარებას, ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა კაცმა! არა იმიტომ, რომ შეეშინდა ან დაიღალა.
- აბა რატომ? შენ არ თქვი, მშიშრები იკლავენ თავსო, ახლა კი, გმირებად გამოგყავს?
- ეჰჰჰ, პატარა ხარ ჯერ მაინც, პატარა. - გაუღიმა ბაბუმ. - გმირი კაცი თავს ისეთ სიტუაციაში იკლავს, რომ არ უნდა თავისი ტყვედ ჩავარდნით, მტერი გაახაროს და გამარჯვება აგრძნობინოს! აი, ამაშია საქმე! - ბაბუ გაჩუმდა.
ბიჭი ხმის ამოღებას ცდილობდა, მაგრამ სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. ან რა უნდა ეთქვა, რით უნდა ენუგეშებინა მომაკვდავი.
- ბაბუ გინდა, რამე მოგიტანო? არ გშია?
- მომაწევინე. - ამოიხვნეშა მოხუცმა.
ბიჭი ცოტა არ იყოს, შეცბა.
- რა იყო? შენთვის თუ შეიძლება ამ ოთახში მოწევა, მე რა დავაშავე? - ბაბუმ გაცინება სცადა.
ბიჭმა სიგარეტი მიაწოდა. მოხუცმა სუსტად ამოუშვა კვამლი და მერე ბიჭს გადმოხედა:
- დიდი ხანია ეწევი? მე რატომ მიმალავდი?
- არა. არ არის დიდი ხანი და არც დამიმალავს.
- მინდოდა იმ დღეს მოვსწრებოდი, შენს დიპლომს, როცა გულში ჩავიკრავდი!
ბაბუს მინიშნებაზე, ბიჭს გულიანად გაეცინა:
- რა მნიშვნელობა აქვს, ვისწავლი თუ არა? ვის რაში სჭირდება, როგორი გამოვალ?
- მე მჭირდება!
ბიჭმა ალმაცერად გადახედა.
ბაბუ ფიქრს მიუხვდა:
- ხო, მე რას გავიგებ არა?! რომ იცოდე, მე უფრო გავიგებ, იქ ზემოთ! ან სადმე ქვესკნელში.
პიპას ტანში არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- ჰო შვილო. შენი ყოველი სიხარულით და კარგი საქმით, მე ერთი ნათელი სხივი მომემატება. სადაც არ უნდა ვიყო და როგორ სიბნელეშიც არ უნდა ვიყო. ყოველი შენი გამარჯვება, ერთ სანთელს აუნთებს ჩემს სულს.
- გპირდები ბაბუ! შენს სიცოცხლეს ვფიცავ, აუცილებლად ვისწავლი! თუმცა უკვე, რისთვის მინდა არც ვიცი! არც მაინტერესებს, მაგრამ აი შენ გპირდები, გავაგრძელებ სწავლას! ოღონდ...
ბიჭს ყელში ბურთი მოაწვა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ებღავლა.
- ოღონდ მე კარგად ვიყო, არა?! ჰმ. - მოხუცს გაეღიმა, - ნუ მპირდები! გააკეთე დაპირების გარეშე, და კიდევ, - ნუ იფიცები, ეგ უკვე მეტისმეტია! - ბაბუმ თვალები მილულა. ხმას აღარ იღებდა.
პიპა ერთ ადგილას გაშეშდა. ვერ ბედავდა ხმა ამოეღო, მხოლოდ მოხუცის ფშვინვას უგდებდა ყურს.
- აქ ხარ?
- აქ ვარ ბაბუ. - ძლივს ამოილუღლუღა.
მოხუცმა ტელეფონის ნომერი უკარნახა, თან დაუმატა:
- უთხარი მოვიდეს... სანამ...
„ნეტა, ვინ არის?“
ფიქრობდა ბიჭი.
„მერე რომ არ მოვიდეს?.. ან... ან რომ დაიგვიანოს?..“
ბაბუ საკუთარ თავზე და მის წინა ცხოვრებაზე, არასდროს არაფერს ჰყვებოდა. პიპამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ადრე ყველაფერი ჰქონდა და ვერ შეირგო, მერე კი, არაფერი და აღარაფერი და ამ დედამიწის ზურგზე, მხოლოდ ერთი უთვისტომო ბიჭის იმედად ცოცხლობდა და ეს ბიჭი კი, თავად იყო.
ყურმილი ვიღაც კაცმა აიღო. ბაბუს დანაბარები მოისმინა, არაფერი უკითხავს, მხოლოდ მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა.
„ნეტა, ვინ არის?..“
LEX. 2016 წლის 10 ნოემბერი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1833409160234706

No comments:

Post a Comment