Monday, January 22, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 49)

49.
„- ბოლოს და ბოლოს, რაღაც ყოველთვის მაინც მთავრდება და შენ, იმის მაგივრად, რომ შეეგუო ამას, ჩაჭიდებული ხარ და არ უშვებ! შენვე თუ არ აღიარე ეს დასასრული, იგი არასდროს დამთავრდება!..“
პიპა კედლისკენ შებრუნებული იწვა. მოხუცის სიტყვები, მკვეთრად ჩაესმოდა ყურში. ზურგს უკან, მის გამჭოლს მზერასაც კი გრძნობდა.
ოთახში არავინ იყო.
მოხუცი ბაბუ, უკვე დიდი ხანია აღარ იყო.
ბაბუმაც მიატოვა
ისევე, როგორც ყველამ, სათითაოდ.

***
ხანდახან, ბოღმის ნაპერწკალი, ბიჭის თვალებში, ისე მკვეთრად იელვებდა, რომ მოხუცი ბაბუ, თავს ვეღარ იკავებდა და მაშინვე შენიშვნას აძლევდა, თუმცა ისე რბილად და შეფარვით, რომ ბავშვს, არაფერი სწყენოდა და სწორადაც გაეგო.
- რა იყო, ბიჭო? ეჭვიანობ? - ეღიმებოდა მოხუცს.
- ასე მგონია, ის პატარა ბიჭი უფრო გიყვარს, ვიდრე მე!
- ხანდახან, ისეთი აფთრის თვალებით იყურები, რომ მეც მეშინია შენი.
- შენ არაფერს გავნებ! ნუ გეშინია, შენ კი არ გმტრობ, შენ არასდროს გიღალატებ!
- მე კი არ მიღალატო, არამედ შენს საკუთარ თავს არ უღალატო, შვილო!

***
ერთხელაც, გიჟივით შემოვარდა ბაბუს ოთახში. ლამის, წიხლით ჩამოიღო კარი. ისეთი გაშმაგებული სახე ჰქონდა, თითქოს ვინმეს მოკვლას აპირებსო. ბაბუს ტანში გააჟრჟოლა, მისივე გაზრდილის, თავადვე შეეშინდა, მაგრამ წამიც და უკვე ბაბუს კალთაში თავჩარგული, გულამოსკვნილი ბღაოდა.
ბაბუ, სიყვარულით უსვამდა თავზე ხელს და დამშვიდების მაგივრად პირიქით, უფრო მეტად აგულიანებდა:
- იტირე, იტირე შვილო, ასე უფრო მოგეშვება. ზოგჯერ, ცრემლებიც საჭიროა და არა აქვს მნიშვნელობა, კაცია თუ ქალი. არასდროს იფიქრო, რომ ცრემლები, მხოლოდ სილაჩრის გამოვლინებაა. ცრემლი, გულიდან ამოსული სიმწარეა და წესიერი კაცისთვის, სინანულს უფრო ნიშნავს, ვიდრე სიმხდალეს.
- არაფერს ვნანობ! მხოლოდ იმას, რატომ დავიბადე?! ღმერთმა, რატომ გამაჩინა, ამ ქვეყნად?! რას მერჩოდა?! რისთვის?! რისთვის?! - ბოლო ხმაზე ბღაოდა ბიჭი.
ბაბუს ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა მოხდა ასეთი, რომ ეს, ერთი შეხედვით, მკაცრი და შმაგი ბიჭი, ასე გულაჩვილებული, რატომ ტიროდა. დიდხანს მოუწია ლოდინი. ბიჭმა ტირილით გული კი იჯერა, მაგრამ არაფრის თქმასაც არ აპირებდა. იწვა დილამდე თავის კუთხეში, პირით კედლისკენ და გადმობრუნებას არც აპირებდა.
მოგვიანებით წამოდგა. მოხუცისთვის არც შეუხედავს, ისე გავიდა ოთახიდან და მთავარი შენობისკენ გასწია.
იქნებ მოშივდაო, გაიფიქრა ბაბუმ. თუმცა იმაზე მეტს მაინც ვერ ნახავდა, რაც მოხუცმა დაახვედრა მაგიდაზე.
მოშივდება, ადგება და შეჭამსო, მაგრამ ბიჭმა ხელი არც არაფერს ახლო.
„იქ უკეთეს რამეს ნახავს ნეტავ? იქიდან არ მოვიტანე? სად გარბის?“
ცოტა ხანში დირექტორის კაბინეტში შუქი აინთო.
მოხუცი შეფიქრიანდა.
ასეთ დროს, იქ არავინ შედიოდა და ახლა რა ხდებოდა ნეტავ? გუმანით იგრძნო, ბიჭს რაღაც აინტერესებდა და ალბათ, რომელიმე მომვლელი აიძულა, რომ მისთვის კაბინეტის კარი გაეღოთ.
მას მერე, რაც პატარა მხატვარმა მიატოვა, პიპა საბოლოოდ ბაბუსთან გადმობარგდა, მთავარ შენობაში აღარც ათევდა ღამეს და არც არავინ იყო მისი მომკითხავი. ქვეყანა ისედაც არეული იყო, ვისღა ეცალა მისთვის. ბიჭი საჭმელადაც აღარ შედიოდა იქ, ან ბაბუს მოჰქონდა, ან ვინმე მოაწვდიდა მათ ულუფას. თუმცა ბევრიც არაფერი იყო, ასარჩევად სულაც არ ჰქონდათ საქმე, მაგრამ მაინც ცოტა შიმშილის გრძნობას კი უმსუბუქებდათ.
სამაგიეროდ, პიპა მალე დამეგობრდა გოგონას ოჯახთან, სადაც მუსიკალურ განათლებას ეზიარებოდა და თან ყოველთვის მოჰქონდა მათგან, გემრიელი რამე-რუმეები. თითქმის, მთელ დღეებს, იმ ოჯახში ატარებდა. საათობით უკრავდა, სხვა საგნებშიც კარგად მეცადინეობდა, არასდროს ზარმაცობდა და იმ უნიჭო, ზარმაც, მაგრამ ლამაზ, ბრიალათვალება გოგონასაც ეხმარებოდა სწავლაში.
გოგონას ბებია, ერთი შეხედვით, თითქოს სისხლს უშრობდაო, ისე წვრთნიდა, მაგრამ ბიჭი არ იწყენდა და არც იღლებოდა, პირიქით, დაუოკებლად შრომობდა და ყოველ მის შენიშვნასა, თუ საყვედურზე უფრო მეტი მონდომებით უკრავდა.
უსადილოდ არასდროს უშვებდნენ. გემრიელ სადილს კი გემრიელი დესერტი და ხშირად, გემრიელი ვახშამიც მოსდევდა. წასვლის წინ, გოგონას დედა, წინასწარ გამზადებულ ულუფას, ბაბუსთანაც კი ატანდა.
პიპას შესახებ, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მოხუცი ბაბუ ზრდიდა, რომელიც ბავშვთა სახლში, დარაჯად მუშაობდა და შვილიშვილთან ერთად, იქვეც ცხოვრობდა. ეს მცირე, უმნიშვნელო ტყუილი, ბიჭს წინასწარ არც მოუფიქრებია, საუბარში თავისთავად წამოვიდა, მერე ცოტა შეალამაზა. თუმცა უჩვეულო და დაუჯერებელი, არც არაფერი იყო.
გოგონას ბებია, ძალიან შეეჩვია პიპას. საოცრად მოსწონდა, თანაც ატყობდა, მისი ქარაფშუტა შვილიშვილი, ყურებამდე იყო შეყვარებული. ასეთ კარგ ბიჭს, აბა ასე ადვილად სად ნახავდა? მშვენიერი სასიძო იყო. საკმაოდ კარგი შესახედაობის, ჭკვიანი, გამჭრიახი გონების, წესიერი, ზრდილი და მერე რა, თუ უქონელი იყო და არაფერი გააჩნდა. სამაგიეროდ, გოგონა ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო და შეიძლება, შეხვედროდა ვინმე მასავით უნიჭო, თავქარიანი, მფლანგავი და სულ გაენადგურებინა და გაეპარტახებინა ოჯახი. ეს ჭკვიანი ბიჭი კი, კარგად წაიყვანს ცხოვრებას და ბედნიერებიც იქნებიანო, ფიქრობდა ბებია და რაც უფრო მეტად აკვირდებოდა პიპას, მით უფრო მეტად ემატებოდა მის მიმართ რწმენა და პატივისცემა.
რაც შეეხებოდა გოგონას მამას, საკმაოდ სიმპათიური და წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ადრეულ ასაკში მიიღო დოქტორის ხარისხი და ერთ დიდ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა, წარმატებულ, შეძლებულ და მოხდენილი კაცს, ცოლად ბევრად უფრო შეუხედავი, გაუნათლებელი ქალი ხვდა წილად. რასაც ბებია, წლების მანძილზე ვერ ეგუებოდა და არ გაუშვებდა შემთხვევას, რძალი რომ არ გაეკილა. ბებია საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანიც იყო. გოგონა, რამდენადაც გარეგნულად მამას ჰგავდა იმდენად უნიჭობაში დედის გენები დაჰყვა. ერთადერთი, რასაც ბებია რძალს უწონებდა და მიზეზს ვერასდროს პოულობდა, ეს სამზარეულო იყო. რამდენადაც სხვა ყველაფერში ლანძღავდა, იმდენად კერძებს უქებდა. კიდევ კარგი, ამაში მაინც ივარგაო.
პიპა ისე ძლიერ შეეჩვია ამ ოჯახს, რომ ვეღარც წარმოედგინა თუ მათ გარეშე, ოდესმე შესძლებდა ცხოვრებას. უსაზღვროდ ბედნიერი იყო.
ბაბუ ატყობდა, ბიჭს თვალები თანდათან როგორ ეწმინდებოდა და ის წლების მანძილზე ჩაბუდებული ბოღმა და სიშმაგე, სადღაც ნელ-ნელა ქრებოდა.
თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილი, იმდენად ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ასე ადვილად ვერ მოიშორებდა. ბიჭს პატარაობიდანვე ზრდიდა და მისი არაფერი გამოეპარებოდა.
გულმა კი, კარგად იცის ბოღმის მიჩქმალვა. ჩაიკირება გულის ერთ კუთხეში და თუ არ შეაწუხე, იქნება იქ, გაქვავებული თაბაშირივით. თაბაშირისთვის კი, ერთი წვეთიც საკმარისია, რომ ნელ-ნელა იწყოს დაშლა. დაშლა და რღვევა. ჯერ მთელ გულს მოედება და მერე სულსაც მოეფინება და მოწამლავს.
აი სწორედ, ის რაღაც, ის ერთი წვეთი შეეხო, ბიჭის გულში, იმ მიძინებულ სევდას და ისე გააღვიძა, რომ ბოლომდე გაეცოფებინა. ის დაწმენდილი თვალებიც, ისე აუმღვრია, რომ საშინელი შესახედი გახადა.
საშინელი, საშიში და დაუნდობელი.
მით უმეტეს, თუ უკვე, პატარა ბიჭი აღარ იყო.
რა მოხდა ასეთი, იმ სახლში? წლების მანძილზე, ფრთებშესხმული დაქროდა.
ახლა კი, ჯერ გულამოსკვნით იტირა და მერე კი, ისევ ის საშინელი სხივი ჩაუდგა თვალში, რომლის გაქრობასაც ბაბუ წლებს ანდომებდა.
მოხუცი საგონებელში იყო ჩავარდნილი. აღარ იცოდა რა ეღონა, შეკითხვასაც მოერიდა, თვითონ დამშვიდდება და იტყვისო. ძლივს ითმენდა, რომ არ ეკითხა, მაგრამ დრო გადიოდა და ბიჭი კვლავ დუმდა.
დილით ადრიანად გასული, შინ გვიან ბრუნდებოდა. უხმოდ წვებოდა და იძინებდა, თუმცა არ ეძინა. მოხუცი ამჩნევდა, ბიჭს არ ეძინა, მაგრამ არ ბორგავდა. გატრუნული იწვა, სუნთქვაზე ატყობდა, რომ არ ეძინა.
„რაღაც გეგმას აწყობს. ნეტა, გამაგებინა რა ხდება? თავი არ დაიღუპოს...“
მოხუცმა მხოლოდ იმის გაგება შესძლო, რომ ბიჭი რაღაც საბუთებს ეძებდა, ქალაქის არქივშიც იქექებოდა. სულ სადღაც გარბოდა, მაგრამ იმ სახლში, ერთხელაც აღარ მისულა.
LEX. 2016 წლის 7 ნოემბერი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1819753764933579/?type=3&theater

No comments:

Post a Comment