Monday, January 22, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 51)

51.
სკამზე, მხედარივით შემომჯდარ ბიჭს, ხელები სკამის ზურგზე შემოეჭდო და თავჩარგული თვლემდა მოხუცის საწოლთან.
„ამანაც, რომ მიმატოვოს, რა მეშველება?! რა?!
ნეტავ, ვინ იყო ის კაცი? წუხელ, ვისთან დამარეკინა?
ეჰ, და არც კი მოვიდა. უკვე მეორე დღე ღამდება და არც კი გამოჩენილა.
არც არაფერი უკითხავს.
ეს კი, რამდენი თვალს გაახელს, იმდენი კარისკენ უჭირავს მზერა.
აშკარად ელოდება. ვიცი, რომ ელოდება.
მე რას გამომაპარებს...
ნეტა მართლა, ვის უცდის?“
კარის ჭრიალმა, ბიჭი შეაკრთო, ისევ ბურანში იყო. განძრევის თავი არ ჰქონდა.
ზღურბლზე, ღია კარიდან შემოჭრილმა შუქმა გრძელი, შავკაბიანი სილუეტი გამოაჩინა, რომელიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მოხუცის საწოლს.
„ეს ქალი ვინღაა?“
შავკაბიანი სტუმარი, მოხუცის საწლთან გაჩერდა. პიპას დაღლილობისგან ისე ჰქონდა დამძიმებული თავი, რომ ვერც წამოსწია და თვალიც ძლივს შეაღო.
აჩქარებულ სუნთქვაზე მიხვდა, რომ მოხუცს გაეღვიძა.
„იქნებ, ამ ქალს ელოდა?
ქალს...
ქალს...“

თითქოს ყურშიც ჩაესმა თავისივე ნაფიქრალი.
სტუმარს კაბის კალთის ქვეშ, საკმაოდ გაქუცული, ფერგადასული, ძველი ფეხსაცმელები მოუჩანდა.
„ჩემზე უპოვარი ყოფილა...
მამაკაცის ფეხსაცმელი ჩაუცვამს...
უპოვარი...
ჩემზე უპოვარი ყოფილა...“
პიპას დაკვირვებულ თვალს, ასე ადვილად არაფერი გამოეპარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თვალს ძლივს ახელდა, ძილბურანშიაც კი შესძლო, უცხო სტუმრის შეფასება.
„ღმერთო, როგორი საწყალი ქალი უნდა იყოს, რომ კაცის ფეხსაცმლით იაროს და თანაც, ასეთი გაცვეთილით. 
ალბათ, რამდენი უვლია ფეხით...
რამდენი უვლია...
უვლია...“
პიპამ თვალი კაბას ააყოლა.
ჯერ დიდ ჯვარს მოჰკრა თვალი და გაოცებისგან შეცბა, ეს შავი კაბა, ვიღაც წითურ წვერიან კაცს ეცვა.
- ვიცოდი... მოხვიდოდი... - ძლივს ხვნეშით აღმოხდა მოხუცს.
სტუმარმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ რამდენჯერმე გადახედა, იქვე მჯდარ ბიჭს.
პიპა მიხვდა, ოთახიდან გასვლას მოითხოვდნენ და წელში გასწორდა. მერე ისეთი სახე მიიღო, რომ ცხადი გახდა, წამოდგომასაც არც აპირებდა.
- იყოს... დარჩეს... ჩემი ბიჭია ეს... - პიპას „დასაცავად“ ამოილუღლუღა მოხუცმა.
- ხომ იცი, არ შეიძლება. - დაბალი მშვიდი ხმით უპასუხა მამაომ ისე, რომ ბიჭისკენ არც გაუხედავს.
მოძღვარი მაგიდასთან მივიდა. მრგვალი, მომცრო, რაღაც მუცელგაბერილი, ძველი ტყავის ჩანთა შემოდო და მაშინვე გახსნა. ჩანთა, თითქოს წიგნივით, ორ ნაწილად გადაიშალა და ახლა პატარა ზანდუკს ჰგავდა.
პიპა ჩუმად ადევნებდა თვალს და ვერაფერს ხვდებოდა. ჩანდა, სტუმარი რაღაცის სამზადისში იყო. როგორ საინტერესოდ მოჩანდა, ალბომივით გადაშლილი ჩანთა, თითქოს მართლაც, რაღაც ზარდახშა ყოფილიყო. სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ყველას თავისი ცალკეული სათავსო ჰქონდა.
მამაომ ოქროსფრად მოსირმული გრძელი სარტყელი კისერზე ჩამოიცვა, ბიჭს კი რატომღაც ეგონა, რომ ეს წელზე უნდა შემოერტყა, მან კი თავზე ჩამოიცვა. მერე სამკლაურების გაკეთებას შეუდგა.
„რას აპირებს? ასე მონდომებით, რომ გამოეწყო?“
მამაო მორთვა-მოკაზმვას, რომ მორჩა მდუმარე სახით კვლავ პიპას გახედა. შეატყო, ეს ბიჭი, მხოლოდ ბაბუს სიტყვას თუ ენდობოდა და ახლა კითხვის ნიშნით, მოხუცსაც გადახედა.
- დაგვტოვე... ცოტა ხნით... - ხვნეშით წარმოსთქვა მოხუცმა.
პიპა ადგილზე გახევდა. ტანში არასასიამოვნოდ გასცრა.
„ნუთუ, იმდენ ნდობას აღარ ვიმსახურებ, რომ...“
- მხოლოდ შორს ნუ წახვალ... - ბაბუ ნაფიქრალს მიუხვდა, ღიმილიანი სახით შეეცადა ბიჭის დამშვიდებას.
პიპა გარეთ გავიდა, მაგრამ მთელი სული და გული ოთახში დატოვა.
ნეტავ რა ხდებოდა, იქ ახლა? ასეთი რა ჰქონდა სათქმელი ბაბუს, რომ მის ყურს არ უნდოდა გაეგო. მართალია, მოხუცი ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ კისერზე მაინც ეკიდა, სქელი ვერცხლის ჯაჭვი, რომელზეც ასეთივე სქელი, ოდნავ მოზრდილი ვერცხლისავე ჯვარი იყო, ჯვარზე კი, ოქროში გამოკვეთილი მაცხოვარი იყო დასმული.
ერთხელ ვიღაცამ ისიც კი უთხრა:
- ეგ რანაირი ჯვარია? ოქროსა და ვერცხლში, განა არ იცი, რომ ვერცხლს ოქროს ცვეთა შეუძლია და დაგრჩება მერე ცარიელი ვერცხლი ჯვარი, მაცხოვრის გარეშე!
- დიდი პაპა მყავდა ოქრომჭედელი. მისი ნახელავია. აგერ უკვე, ლამის საუკუნეა არ გაცვეთილა. - ბაბუ ჯვარს ეამბორა, გულისპირში ჩამალა და დაუმატა. - და არც გაცვდება!
ბიჭს ხშირად თვალი რჩებოდა, მოხუცის ამ ერთადერთ სიმდიდრეზე. ბაბუ კი, თვალის ჩაკვრით ეუბნებოდა, შენი იყოს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, მათხოვეო.
პიპასაც ეკეთა, ტყავის ღვედზე ჩამოცმული, უბრალო ხის ჯვარი, თუმცა არც კი იცოდა, როდიდან ან რისთვის.
პატარაობიდან ახსოვს, როცა ქალაქი ომმა და შიმშილმა მოიცვა, მაშინ ბევრი ბავშვი მოიყვანეს იქ. მერე ერთ დღესაც, ყველანი ერთად შეკრიბეს და ჯვრები ჩამოურიგეს. ბიჭს უკვე ჰქონდა თავისი, მაგრამ მაინც ახლისკენ გაიწოდა ხელი.
„შენი უკეთესიაო“ - უთხრეს... - „უფრო ნამდვილიაო“.
ან როგორ იყო ნამდვილი, ის უბრალო ხის ჯვარი? ნუთუ, შეედრებოდა იმ პრიალა, ოქროსფრად მოელვარე ჯვრებს?
იმ დროს, პიპა საშინლად ნაწყენი დარჩა. ეგონა თუ ისევ ბედმა უმტყუნა. მისთვის, ერთი გრამი სიხარულიც კი ვერ გაიმეტა და თავის ნაგროვები, ბოღმის დღიურში, კიდევ ერთი ფურცელი ჩააკერა.
კარი გაიღო, მამაომ ხელით ანიშნა შემოდიო. ის პრიალა რაღაცეები უკვე აღარ ეკეთა, ჩანთაც დაკეტილი დახვდა. ბიჭმა ბაბუს გადახედა. მოხუცი ახლა ბევრად მშვიდი მოეჩვენა, ღიმილი მის სახეს არ შორდებოდა. ბიჭს ისევ გაუელვა გულში, ნეტა ასეთი რა ისაუბრესო.
ბაბუ კარგ ხასიათზე ჩანდა. სულ ხუმრობდა. კურიოზებს იხსენებდა. მართალია, ცოტა საუბარიც უჭირდა, მაგრამ მაინც ახერხებდა.
პიპას თვალი მალულად მამაოსკენ გაურბოდა. ძალიან უნდოდა დროზე წასულიყო და მერე ბაბუსთვის ეკითხა, ვინ არისო. ის კი, არც ჩქარობდა და თითქოს მის ჯიბრზე, წასვლასაც არ აპირებდა.
კარი გაიღო. ოთახში ვახშამი შემოიტანეს. ერთ დიდ ლანგარს, ლამის ათი შემოჰყვა. დამლაგებლიდან დირექტორამდე, ოთახში აღარ ეტეოდნენ.
- არ ვიცოდით, თუ ასეთი პატივცემული ადამიანი გვესტუმრებოდით, თორემ უფრო უკეთესად დაგხვდებოდით!
თან ბოდიშებს იხდიდნენ და მამაოს შესციცინებდნენ თვალებში. მოხუციც თბილად მოიკითხეს, პიპა ცალკე შეაქეს. მამაო ოდნავი ღიმილით პასუხობდა, რატომ წუხდებითო და ყველას თავზე ხელს ადებდა...
„ჰმ, რა ცინიზმია! როდის იყო ესენი, ასე ლანგრებით დარბოდნენ, თუ დროზე არ მივასწრებდი, წესიერად პურსაც კი არ მიტოვებდნენ. ახლა კი უცებ, როგორი მზრუნველნი გახდნენ?! კიდევ კარგი, ბაბუ მყავდა, თორემ...“
კერძის გემრიელმა სურნელმა, ბიჭს მშიერი კუჭი აუწრიალა. ეს დღეები, რაც ბაბუ ცუდად იყო, მის მერე წესიერად არც კი უჭამია, ანდა ისედაც, წესიერი რა ჰქონდათ?
- ჭამე შენ, რატომ არ ჭამ? - მიუბრუნდა მამაო ერთ ადგილას გაშეშებულ ბიჭს, რომელმაც არ იცოდა დალოდებოდა სტუმარს, თუ პირველს დაეწყო მოლხენა.
მამაომ სუფრას ოდნავ მოავლო თვალი, პურის ნაჭერი აიღო და ბაბუსთან ახლოს ჩამოჯდა.
- მიდი, ჭამე! მე მარხვაზე ვარ! - გაუმეორე მამაომ.
პიპა სუფრას მიუჯდა, მაგრამ უცებ ყელში ისე მოეჭირა, ჭამის სურვილიც დაკარგა.
კრიჭაშეკრული, მდუმარედ დაჰყურებდა ცარიელ თეფშს. ყელს რაღაც საშინლად მწარედ აწვებოდა.
- მიდი ჯერ, შენ შეჭამე! მე შენ ძლიერი მჭირდები! მერე ბაბუ, როცა გაიღვიძებს ერთად ვაჭამოთ! შენ უნდა დამეხმარო. - შეაგულიანა მამაომ.
- შენ რატომ არ ჭამ? განა შენ არ გჭირდება ძალა? - ცოტა არ იყოს, მკვახედ და უტაქტოდ მიახალა პიპამ.
- აი პური ხომ ავიღე, თანაც მე ლოცვა მაძლევს ძალას, შენ კი ახლა აი ეს! - მიუთითა ლანგარზე.
ბიჭმა არაფერი უპასუხა, შიმშილის გრძნობა სულ გაუქრა. უხმოდ და უგემურად შეუდგა ვახშამს.
დროდადრო ბაბუ გონზე მოდიოდა. რამდენიმეჯერ, ყრუ ხმით შეუძახა, აქა ხართ ბიჭებოო? მერე ისევ ყუჩდებოდა და ოთახშიც სრული მდუმარება ისადგურებდა.
მოძღვარი, ბაბუს საწოლს არ შორდებოდა. მისი ხელი, ხელში ეჭირა. პიპასაც უნდოდა, თავადაც ასე ახლოს ყოფილიყო, მაგრამ ისე ეძინებოდა, თავს ძლივს იმაგრებდა. თუმცა მაინც უტეხად იჯდა სკამზე და ყვინთავდა.
მამაომ ძლივს ძლივობით დაარწმუნა, ცოტა ხნით მაინც წამოწექი დაისვენე, მერე შენ დაუჯექი ბაბუს და მე დავისვენებო.
„რატომ არ მიდის ეს კაცი სახლში? ან რას იწვალებს თავს ამ სკამზე ჯდომით?
აი, სულ ათი წუთი მჭირდება...
ათი წუთი...
ცოტას დავისვენებ და მერე მე ვიცი, მე თვითონ მივხედავ ჩემს ბაბუს.“
პიპამ თავის დადება ძლივს მოასწრო, რომ ღრმა ძილს მიეცა. გულს თითქოს რაღაც მძიმე ლოდი მოეხსნაო, ისე მშვიდად აიტაცა სიზმრებმა და სულ სხვაგან, სხვა სამყაროში ამოაყოფინა თავი.
LEX. 2016 წლის 26 ნოემბერი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1821291118113177

No comments:

Post a Comment