Monday, January 29, 2018

მებაღე (ნაწილი 36)

36.
უგო რამდენიმე თვე უთვალთვალებდა საშიშთვალებას. უკვე მისი ყოველი ნაბიჯი და სტუმარი ზეპირად იცოდა. კარგა ხანს თითქოს საეჭვოც არაფერი ჩანდა. მაგრამ ერთ დღესაც რაღაც ბევრმა ხალხმა იწყო წრიალი. უგო კარგად დააკვირდა. საკმაოდ გამოცდილ კაცს ავაზაკების გამოცნობა არ გასჭირვებია.
შორი-ახლო უტრიალა, ზოგს ზედმეტად ახლოსაც კი ჩაუარა, ხან საათი იკითხა და ხან რა, როგორც ყოველთვის ოსტატურად შენიღბულს ასე ადვილად ვერავინ სცნობდა და ყურადღებასაც ნაკლებად აქცევდნენ.
უგო არც შემცდარა. საშიშთვალება ახალი დარტყმისთვის ემზადებოდა და უკვე დრო იყო, გამოცხადებოდა თავის ძველ დამკვეთს და როგორმე თავიდან მოეპოვებინა მისი ნდობა.
„მკვდრეთით აღმდგარი“ უგოს დანახვაზე საშიშთვალება ადგილზე გაქვავდა.
- არ გელოდი... - ამოიკნავლა.
ცალკე ბრაზისგან და ცალკე შიშისგან ლამის გულის გაუსკდა, ცივმა ოფლმა დაასხა. ახლა პირველ რიგში დადა კი არა უგო გაუხდა ისევ თავიდან მოსაშორებელი.
საშიშთვალება ოჯახში უფროსი შვილი იყო. ზედმეტადაც კი იყენებდა ამ პრივილეგიას. რაც არ უნდა ბევრი ჰქონოდა, მაინც ყველაფერზე თვალი რჩებოდა და ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა დასახული, თუნდაც სხვების საზიანო მიზნის მიღწევას, რის გამოც ხშირად ოჯახში ჩხუბი და აყალ-მაყალი იყო. მისგან გამწარებული და მომჩივანი ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.
მშობლებმა რა არ იღონეს, მაგრამ მისი სულიდან სიბოროტე ვერა და ვერ ამოძირკვეს. საშიშთვალება უფრო მეტად გადიოდა თავს და უკან აღარაფერზე იხევდა, თავის პირმშოობით სარგებლობდა, სასტიკად ეპყრობოდა და გამუდმებით ჩაგრავდა უმცროს ძმას. მის სიბოროტეს ბოლო არ უჩანდა. ათასგვარი ხრიკებით ცდილობდა ძმა თავიდან მოეშორებინა და ქონების ერთადერთი მემკვიდრე ყოფილიყო. მის ძმას კი პრეტენზიები არაფერზე ჰქონდა. უნდოდა თავისთვის წყნარად და მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ საშიშთვალება არ ასვენებდა და ყოველთვის ყველაფერი შურდა მისი. გულზე სკდებოდა, როცა ხედავდა მამამისი უმცროს შვილს მეტ ყურადღებას, რომ უთმობდა.
ერთ დღესაც გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ერთადერთი ძმა როგორმე თავიდან უნდა მოეშორებინა.
ხან ბოროტი ხუმრობით დააშინა, ხან მძარცველები დაახვედრა გზაზე და ისე აცემინა, რომ არავის ეგონა ცოცხალი თუ გადარჩებოდა, მაგრამ თითქოს მის ჯიბრზე უმცროს ძმას სულ ბედი სწყალობდა და რამდენი ხიფათიც არ შეამთხვია, იმდენჯერ გადარჩა. ერთხელაც კი მისი მოწამვლაც სცადა, მაგრამ აქაც უმტყუნა ბედმა და საკუთარი ძმისთვის გამზადებული მოწამლული ღვინო ძმის მაგივრად სტუმარმა შესვა, რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა. მაშინ ერთი ამბავი ატყდა, ქვეყანა ჩაერია, მაგრამ მაინც გავლენიანი მამის წყალობით ეს ამბავიც, ისევე როგორც სხვა ბევრი ჩადენილი მისი მავნებლობაც ადვილად ჩაფარცხეს.
საშიშთვალება კაცის სიბოროტეს ბოლო არ უჩანდა. ვითომ ყველაფერი მოგვარდა. კაციც ვითომდა დაშოშმინდა, მაგრამ სულში ჩაბუდებულმა ბოროტებამ მაინც არ მოასვენა და ახლა უმცროსი ძმის ახალმოყვანილ ცოლზეც კი გაიწია. ეს უკვე მეტისმეტი იყო.
მამისეული სახლიდან გამოგდებულსა და გამოძუებულს, მოგვიანებით ძველი „ოჯახური ღირსების“ დაბრუნება მოუნდა. თავისი ბოროტი ზრახვების ასასრულებლად უკან არაფერზე დაიხია, პატრონს გაურიგდა და საკუთარი ძმის ოჯახი დაუნდობლად ამოახოცვინა.
აკი გვამებიც კარგად გადათვალა და
„საიდან აღმოჩნდა ის წყეული ბავშვი ცოცხალი?
როგორ გადაურჩა ველური ბოშების სიშმაგეს?“
ამას ისევ პატრონს აბრალებდა და ბოღმისგან სკდებოდა.
„წლების მანძილზე მატყუებდა და ცოცხალი მოწმე კი ოჯახში ჰყავდა!
სახლში ზრდიდა იმ გველის წიწილს!
ვინ იცის რა დროს გამოიწევა ჩემს წინააღმდეგ!“
ამაზე ფიქრმა მოსვენება დაუკარგა. ძილშიაც რამდენჯერ დასიზმრია დიდ თვალება გოგო როგორ უმიზნებდა სახეში იარაღს და როგორ უპობდა ტყვიით შუბლს.
ამჯერად უკვე კარგად შეიარაღებული და ყველაფერზე წამსვლელი ხალხი დაიქირავა. უგოს ისედაც აღარ ენდობოდა, მაგრამ „საიქიოდან გამოცხადებული“ ქილერის დანახვამ მოსვენება უფრო დაუკარგა. თავიდან კატეგორიულ უარზე იდგა. არ უნდოდა მოღალატე უგოს ჩარევა, მაგრამ ატყობდა სხვანაირად მაინც ვეღარ მოიშორებდა, ამიტომ ისევ მისი გამოიყენება ამჯობინა. განსაკუთრებით მაშინ დაუჯდა ეს ჭკუაში, როცა გაიგო დადას ოთახამდე უადვილესი ხერხით შეძრომა მხოლოდ უგოს შეეძლო. აი მაშინ კი უმტყუნა სიფრთხილემ და ცთუნებას ვერ გაუძლო. სიხარულისგან ფეხზე ძლივს იდგა, ისე ცმუკავდა ლამის გული გაუსკდა.
არა უგო სანდო სულაც არ იყო, მაგრამ აბა რას გააწყობდა მარტოხელა უგო, ამხელა ბანდის წინაშე?
საშიშთვალება კაცი, დადას მის თვალწინ მოკვლას მოითხოვდა. დანარჩენი კი როგორც გამოვიდოდა ისე იქნებოდა. მთავარი იყო ცოცხალი არავინ გაეშვათ და ბოლოს უგოც ზედ დაეყოლებინათ. თავად უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყველაფერს პირნათლად შეასრულებდნენ. ამიტომაც მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო ყველაფერი თავისი თვალით ეხილა.
LEX. 2016 წლის 24 მარტი, ხუთხშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1722097258032564/?type=3&theater

No comments:

Post a Comment