Monday, January 29, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 86)

86.
„როცა ცოცხლად შეგჭამენ და შენგან აღარაფერი დარჩება...“

„ნეტა მართლა, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები?“
ფიქრობდა პიპა თავისთვის და სანუკვარ ნივთს ელოლიავებოდა.
სულ ცოტა იყო დარჩენილი და იმ მელოდიასაც მალე დაუკრავდა, რაც ასე საგულდაგულოდ იყო მიმალული ძველ ინსტრუმენტის, ძველი და ჟამგადასული ნოტების რვეულში.
„ალბათ ისევ, ცუდი აღზრდის ბრალი, თუ იქნებოდა. დედისერთა, ლამაზი, ნიჭიერი და მდიდარი, ფუფუნებაში გაზრდილი გოგო თავს იკლავს და რა მერე? ამით, ვის რას უმტკიცებს?
ჩემნაირი ცხოვრება, რომ განევლო, მაშინ მართლა რაღას იზამდა ნეტა?!
ეზარებათ სიცოცხლე! რადგან ყველაფერი მზა-მზარეული აქვთ! ისედაც იციან, რომ წარმატება გარდაუვალია და რატომ შეიწუხონ ზედმეტად თავი!
განებივრებული ლაწირაკი!“
ერთხანს, პიპას საშინლად გული მოუვიდა, გაბრაზებული დაჰყურებდა როიალს. რაც უფრო ადარებდა მის მწირ ყოფას, განებივრებული გოგონას ცხოვრებას, მით უფრო მეტად ივსებოდა ბოღმით.
- ასე რატომ განიკითხავ იმ საცოდავ უბადრუკ გოგონას? - უსაყვედურა მოძღვარმა.
- რა სჭირდა მაგას საცოდავისა და უბადრუკის? ერთი ჩემნაირად ეცხოვრა, ის წლები გაევლო და მერე ეფიქრა თავის ჩამოკიდებაზე!
- ნუ განიკითხავ! იმას თავისი მოეკითხება, შენ ნუ განიკითხავ!
- ჰმ, ამართლებ მის საქციელს? - პიპა საშინლად გაბრაზდა. უფროსმა ძმამ თითქოს აქეთ დაადანაშაულა. უფრო მეტად გაივსო ბოღმისგან.
- საკუთარი ხელით სიცოცხლის ხელყოფას, არანაირი გამართლება არა აქვს! - დინჯი, მაგრამ მკაცრი ტონით უპასუხა მამაომ. - მისი გამართლება მხოლოდ, მცირედ შემთხვევაში შეიძლება და ისიც ბოლომდე, არა! იცი ეს შენ! - კვლავ საყვედურით გადახედა მამაომ გაგულისებულ ძმას. - შენ რა იცი? იქნებ, რა გაუჭირდა? თუნდაც, იმ მომენტში? რა შეემთხვა? არ ვამართლებ და არც შენსავით განვიკითხავ! განა მარტო ფუფუნების გარეშე ყოფაა, გაჭირვება?
პიპა დარცხვენილი იყურებოდა, მამაოს თვალს ვერ უსწორებდა. მერე საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი.
„ასე რამ ამაფეთქა? იქნებ, მართლაც რა საცოდავ დღეში უნდა ყოფილიყო, რომ... 
იქნებ, სიკვდილს სულაც არ აპირებდა და...
ნეტა მართლა, რა შეემთხვა სიკვდილის წინ?“
მერე შორს ფიქრებით გასწვდა.
„ნეტა, როგორი იყო? როგორ გამოიყურებოდა? იცვლიდა ალბათ, ლამაზ-ლამაზ კაბებს, სარკეში იპრანჭებოდა.
კაბები...
სარკეში არეკლილი ლამაზი კაბები...“
პიპას გული დაუმძიმდა. უნებლიეთ ის პატარა, პრანჭია გოგო მოაგონდა, რომელსაც პიპას მეტი არაფერი აინტერესებდა. იცვლიდა ნაირ-ნაირ კაბებს, სარკესთან ტრიალებდა და თან, წამდაუწუმ პიპას ეკითხებოდა, ეს უფრო მიხდებაო, თუ ისაო. არც სწავლა აინტერესებდა და არც პიანინოზე დაკვრა, მარტო პიპას შესციცინებდა დიდი ბრიალა თვალებით.
პიპა კი თითქოს, ორივეს მაგივრად თავდაუზოგავად შრომობდა.
ეჰ, უბედნიერესი წლები გაატარა იმ ოჯახში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც...
ბედუკუღმართობის მიერ ნასროლმა ქვამ, აღმართში კი არა წინ გადაასწრო და შუბლშიც მოხვდა.
პიპას პატარაობიდანვე, რაღაც მელოდია ჰქონდა აკვიატებული, ძალიან ნაზი და ჰარმონიული იყო და არც ახსოვდა საიდან და ვისგან იცოდა. იქნებ, ვიღაც მის ახლოს, ხშირად ღიღინებდა და მერე თავადაც აიკვიატა. ან იქნებ, თვითონ იყო ავტორი და ვერც აცნობიერებდა ამას და უკვე იმდენად ჰქონდა ტვინში ჩამჯდარი, რომ ბაბუმ ნოტებზეც კი გადმოუტანა. და ეს ჯერ კიდევ იმ დროს, როცა პიანინოც კი არ ჰქონდა ნანახი და მხოლოდ ფიცარზე დახატულ ნოტებზე თუ შეეძლო თითების თამაში.
მოგვიანებით კი, როდესაც ნამდვილ ინსტრუმენტთან ჰქონდა შეხება. თითქოს სულ მიივიწყა, იქნებ ხელსაყრელ დროსაც ელოდა, როდის დაუკრავდა თავისივე შექმნილ ნაწარმოებს.
ერთ მშვენიერ დღესაც, გოგონას მამა აღელვებული შემოვარდა სახლში. არავისთვის ზედ არ შეუხედავს, ისე გასწია თავისი კაბინეტისკენ და ისე ძლიერად მოიჯახუნა კარი, რომ ბავშვები ადგილზე შეხტნენ.
პიპა შეცბუნებული იყო. აღარ იცოდა, დაკვრა გაეგრძელებინა თუ არა. ბებია უმალ გონს მოეგო და ბიჭს მკაცრი ტონით მიმართა:
- განაგრძე დაკვრა!
პიპა დაემორჩილა, თუმცა მის მახვილ სმენას არ გამოჰპარვია, თუ როგორ გაცხარებით ლაპარაკობდა ტელეფონით გოგონას მამა. ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა, თავს იმართლებდა, ილანძღებოდა და მერე იმდენად ხმამაღლა აღრიალდა, რომ დაკეტილ კარს მიღმაც სიტყვებიც უკვე მშვენივრად ისმოდა. პიანინოს დაკვრაც კი ვერ ახშობდა მის ხმას.
ბებიამ ვეღარ მოითმინა და კაბინეტში შეუვარდა. ცდილობდა, შედარებით დაბალ ტონზე ესაუბრა, მაგრამ არ გამოსდიოდა, კარს იქედან მაინც ისმოდა ხმები.
განსაკუთრებით კი, ბოლო სიტყვები გამოუვიდა შედარებით ხმამაღლა:
- აღარ უნდა მორჩე?! აღარ გეყო?! როდემდე?!
ნეტა მართლა, რას უნდა მორჩენილიყო?
რა ჰქონდა ასეთი დაუმთავრებელი საქმე?
ფიქრობდა პიპა თავისთვის და თან გამალებით უკრავდა.
განაწყენებულმა ბებიამ, კარი ძლიერად გამოიჯახუნა და კვლავ თავის სავარძელს დაუბუნდა.
კარის ხმაზე ბავშვები ისევ შეხტნენ.
„საწყალი კარი, ცოტაც და ალბათ ნაფოტებად იქცევა.“
ახლა კარი შეეცოდა პიპას.
- აი მანდ! ცოტა შეანელე, ნუ ჩქარობ! და თავიდან დაიწყე, რა არის ეს? ასე გასწავლე დაკვრა? - არ დააკლო შენიშვნა ბებიამ პიპას.
პიპა არ ეწინააღმდეგებოდა და ზედმეტი შენიშვნა არც სწყინდა, ისე გულმოდგინედ აგრძელებდა დაკვრას.
მუსიკის გაკვეთილი ჩვეულებისამებრ გაგრძელდებოდა, რომ არა უეცრად, ვიღაც თოფიანი კაცის სახლში შემოვარდნა.
გიჟივით ბღაოდა. ნახევრად მოტიტვლებული თავი გვერდებზე შემორჩენილი შეჭაღარავებული თმით დაეფარა, მაგრამ ახლა ეს ხელოვნური საფარი ჩამოშლოდა და სხვა სიტუაციაში საკმაოდ სასაცილო სანახავიც კი იქნებოდა, მაგრამ ახლა, ისე ცოფიანივით ღრიალებდა, რომ შეშინებული ბავშვები ერთ ადგილას გაქვავდნენ.
კაცმა წამსვე მოავლო თვალი ოთახს და გოგონას მამის დანახვაზე სულ გადაირია და მაშინვე მის, შორიახლოს შიშისგან კედელზე აკრულ გოგონას მოჰკრა თვალი, მიზანში ამოიღო, თან უფრო გაშმაგებით აყვირდა:
- ჩემი შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ! შვილებს დაგიხოცავ! მკვლელო!!!
პიპა არ დაიბნა, წამსვე ატირებული გოგონას წინ აიტუზა. კაცმა ახლა მას მიუშვირა თოფი. პიპა მუხლებზე დავარდა. შენდობას ითხოვდა ყველას მაგიერ, მზად იყი გოგონასთვის გამზადებული ტყვია თავად ეგემა.
არც ტიროდა, არც ზლუქუნებდა. მტკიცედ გაიძახოდა:
- ოღონდ მას ნუ ესვრი და მე მესროლე! მე მესროლე! მესროლე! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ბიჭი და არად აგდებდა, ორ ლულიანი სანადირო თოფი შუბლზე, რომ ჰქონდა მიბჯენილი.
კაცი შედგა. პიპას თავგამოდებით ღრიალმა წუთით შეაყოვნა კიდეც და საოცარი ის იყო, რომ არავინ გამოექომაგა პიპას, იდგნენ და ელოდნენ, მართლაც როდის დაახლიდნენ ამ უდანაშაულო ბიჭს ტყვიას. თითქოს, კმაყოფილნიც კი იყვნენ ოჯახის წევრები და არაფერში არ ენაღვლებოდათ, სხვის დანაშაულზე ამ უცხო ბიჭს, რომ უნდა ეგო პასუხი. გაშეშებულნი იდგნენ და ელოდნენ, როდის მოიყვანდა გაცოფებული კაცი განაჩენს სისრულეში. ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამთ, ხმა-კრინტიც არავის დაუძრავს მის დასაცავად.
პიპა კი მტკიცე და გაყინული თვალებით შეცქეროდა ხელში სანადირო თოფ ჩაბღუჯულ კაცს, თვალიც კი არ დაუხამხამებია. ალბათ, ამან უფრო შეაკრთო გაშმაგებული კაცი, პატარა ბიჭის ასეთმა თავგანწირვამ და ერთგულებამ, წამით შეაჩერა სასხლეტის გამოსაკრავად გამზადებული თითი.
კიდევ კარგი, რომ პოლიციამაც დროულად მოუსწრო, თორემ ის შემკრთალი წამიც ჩაივლიდა და წუთიც და ვინ იცის? შეიძლება მართლაც...
და მაინც, რა იყო ეს?
პიპა ცდილობდა მათი საქციელი გაემართლებინა, მაგრამ მაინც უჭირდა. ვერაფერი გაეგო. აკი ყველა სტუმარს ყურები გამოუჭედეს ჩვენი ბიჭია, ჩვენი ბიჭიო.
ბებია სულ იმას ამტკიცებდა - მოწაფე შვილივით უნდა აღზარდო! მაშინ ხარ ნამდვილი პედაგოგი! რასაც შენს საკუთარ შვილს უსურვებ და რამდენ ძალას შეალევ, ასევე უნდა დაიხარჯო მოწაფის აღზრდაზეცო.
და ეს მხოლოდ, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა?
კაცი ძლივს გააკავეს. ხელბორკილის დადებისას ისე ძლიერად იბრძოდა, ლამის ხელიდან უსხლტებოდათ და თან, სულ იმას გაიძახოდა, არ შევარჩენ, არ შევარჩენო. ნამდვილი მკვლელი აქ არის და თქვენ, მე მიჭერთო?
როგორც იქნა, ყველაფერი მოგვარდა. ოჯახის უფროსიც მალევე დაბრუნდა პოლიციის განყოფილებიდან. აღმოჩნდა, რომ მის სტუდენტს თავი მოუწამლავს და კიდევ კარგი, გადარჩაო.
- მოსვენებას არ მაძლევდა, ჩემი ოჯახის დანგრევა უნდოდა! ახლაც მზად იყო მომკვდარიყო! წერილიც კი დაუწერია იმ შტერ კახპას, თურმე ცოლობას შევპირდი, მოვატყუე და მერე მოსაკლავადაც გავიმეტე! - გოგონას მამა ოჯახის წინაშე თავის მართლებას შეეცადა, მაგრამ ბებიამ, ისეთი გამომცდელი თვალით შეხედა, რომ მალევე დადუმდა.
საღამომ მშვიდად ჩაიარა. თუმცა ჩანდა, რომ რაღაც უგემურად ვახშმობდნენ.
გოგონა უხასიათოდ იყო, ჯერ კიდევ დამფრთხალი თვალებით იყურებოდა.
პიპა მის გამხიარულებას შეეცადა:
- იცი, მგონი მუსიკა დავწერე!
- მართლა? და მგონი? - დაინტერესდა ბებია, თან გოგონას ღიმილით გადახედა.
- მგონი მე დავწერე, არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - სულ თავში მიტრიალებდა. ბაბუმ მითხრა, შეიძლება არც არავისგან მოგისმენია და ავტორიც თავად ხარო.
- აბა, მიდი, მიდი გისმენთ! - მხარი აუბა გოგონას მამამ. - ვნახოთ ერთი, როგორი კომპოზიტორიც ბრძანდებით!
ოჯახი მუსიკის მოსასმენად მოემზადა.
პიპამ ერთი ამოისუნთქა და დაკვრას შეუდგა.
LEX. 2017 წლის 30 ივნისი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1929617323947222

No comments:

Post a Comment