Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 35)

35.
მიმი, ფიფოს კაბინეტში ისე შეიჭრა, კარზეც კი არ დააკაკუნა.
ვიღაც, ფაქტიურად, ერთ საათის გაცნობილი კაცის რჩევას მიჰყვა და მართლაც, ასე სჯობდა, რომ ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე, მოულოდნელად დასხმოდა თავს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაერკვია, თუ რა სახის მეგობრობა აკავშირებდათ.
ან იქნებ, სულაც აღარ იყვნენ მეგობრები?
ფიფოს კაბინეტში, მის წინ, მაგიდაზე მოურიდებლად ჩამომჯდარი მედ.ექსპერტი, უცხო და საკმაოდ ლამაზი, ახალგაზრდა ქალის დანახვაზე, უსიამოვნოდ გაიზლაზნა. ალბათ, არც აპირებდა ადგილიდან დაძვრას, ფიფოს მწყრალად რომ არ გადაეხედა მისთვის.
ქალმა, საშინელი გამჭოლი მზერით აათვალიერა მიმი და უკმეხი სახით, ისე გაემართა კარისკენ, რომ არც უფიქრია წყრომის დაფარვა.
მიმიმ, კი ისე დაიჭირა თავი, თითქოს არც არაფერი შეუნიშნავს და ფიფოს დაბნეული, უხერხულობის გამომხატველი რეაქციაც კი უყურადღებოდ დატოვა.
პირიქით, მთელი სითბო გადმოღვარა, გულიანად მოიკითხა მეგობარი და საღამოს, სპექტაკლზეც კი დაპატიჟა.
- შენ რომ გაინტერესებდა, სწორედ იმ შინაარსის სცენარია! ისევ ნიღბებზე! - უხსნიდა მიმი. - სულ ახალი დრამაა! ჯერ არსად დადგმულა და წინანდელზე უფრო მეტად საინტერესოა. თანაც დამაბარეს, ის დეტექტივი, აუცილებლად წამოიყვანეო. აბა, რას იზამ? წამოხვალ?
- კი, როგორ არა! - უცებ წამოისროლა ფიფომ, მაგრამ მერე შეყოვნდა. - აააა... არ ვიცი. ჯერ, გავარკვევ. ალბათ, შევძლებ!
ფიფოს დაბნეულ ბურდღუნზე, მიმის გულიანად გაეცინა, ფიფოც აჰყვა და ცოტა გულზეც მოეშვა.
ექსპერტი ქალი, კარს უკან, სუნთქვაშეკრული უსმენდა და როგორც კი მოჰკრა ყური, ქვევით კიდევ ვიღაც ელოდებაო, კისრისტეხით ჩაირბინა კიბე, მაგრამ ბოლო საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა, დიდი ინერციით წინ გავარდა, კინაღამ მართლა კისერი მოიტეხა. მხატვარი რომ არ მიშველებოდა, ტვინსაც დაასხამდა.
ქალმა მხატვარი მაშინვე იცნო:
- ააა! თქვენ ის ხართ?.. ფსიქოლოგი!
მხატვარი დაიბნა. არც გახსენებია ერთხელ ფიფომ ფსიქოლოგად, რომ „მონათლა“. იფიქრა, თუ ვინმეში ვეშლებიო. თუმცა, არაფერი უპასუხა, იქვე ჩამოჯდომაშიც მიეშველა.
ცოტა ხანში, კიბეზე ჩამოსულ ფიფოს და მის სტუმარს ვესტიბიულში „შესანიშნავი სიურპრიზი“ დახვდათ.
შეწუხებული ქალი, კოჭთან შესიებულ ფეხს იზელდა.
ფიფო გაოგნებული იდგა. რა ეღონა, არ იცოდა.
- ვააჰ, ეს როგორ მოახერხე, რა გიშველო? ექიმი შენა ხარ და... - აბურდღუნდა ფიფო.
„აჰა! ესე იგი, ექიმი ყოფილა და ფიფოს კაბინეტში, მაგიდაზე წამოსკუპებული, ასეთს რას აკეთებდა? ჰმ, მკურნალობდა ვითომ? ჰაჰ!“
გაუელვა მიმის და ქალს, საავადმყოფოში გადაყვანაც კი შესთავაზა. თან, ფარულად ათვალიერებდა და ფიფოს დაბნეულობასაც, თითქოს ვერც ამჩნევდა.
- ხო, მკვდრების ექიმია და ჯერ-ჯერობით, ვერავინ გააცოცხლა! - აროხროხდა ვიღაც ფიფოს კოლეგა.
ფოიეში შემოსწრებული თანამშრომლის უაზრო ქილიკზე, ქალი საშინლად გაღიზიანდა. ისედაც ვერ იტანდა ამ კაცის უკბილო ხუმრობებს, ახლა კი ცხელ გულზე, ისეთი თვალებით ამოხედა, რომ კაცს მხიარული გამომეტყველება სახეზე შეეყინა.
- წამიყვანეთ ჩემს კაბინეტში!
უფრო ბრძანება გამოუვიდა, ვიდრე შეწუხებული ქალის თხოვნა იქნებოდა.
„ესე იგი, აქ კაბინეტიც ჰქონია და გვამებთან მუშაობს. ახლა გასაგებია. თუმცა, არის მაინც რაღაც მათ შორის, ფიფო კი აშკარად უცნაურად იქცევა.“
მიმი სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა. ფიფო დაბნეულობას უკვე ვეღარ ფარავდა. ის ქალი კი, თვალებით ჭამდა მიმის.
მიმი კვლავ არაფერს იმჩნევდა. თუმცა, ისიც კი გაიფიქრა, ამ ქალს მტკივანი ფეხი უფრო ადარდებსო, თუ ჩემი იქ ყოფნაო.
მართალია დაგვიანებით, მაგრამ ფიფომ მაინც მოახერხა თეატრში მისვლა, თუმცა სპექტაკლი უკვე მთავრდებოდა.
მთელმა წარმოდგენამ ისე ჩაიარა, მიმის არაფერი გაუგია. გაშტერებული იჯდა და უაზრო თვალებით შეჰყურებდა სცენას. მისი გონება კი, სულ სხვაგან ჰქროდა.
დროდადრო, სხვებს აჰყვებოდა და ტაშსაც მექანიკურად უკრავდა.
ფიფოს დანახვაზე კი, სიხარულის მაგივრად, უფრო მეტად სინანული იგრძნო. რაღაც ჩასწყდა გულში. თავს ძლივს იკავებდა, რომ სადღაც შორს არ გაქცეულიყო.
რაღაც მომენტში, უკვე მხატვრის ხმაც აღიზიანებდა.
სიამოვნებით დაჯდებოდა ახლა, ძველი სადარბაზოს ცივ კიბეებზე...
სიბნელეში...
მტვრისა და ნესტის სუნში.
სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ტრადიციულად, მხატვრის სახელოსნოში გაგრძელდა დისკუსია.
თანდათან, ესეც უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა.
მიმი ადგილს ვერ პოულობდა. ერთ ხანს იყუჩა, თითქოს აჰყვა კიდეც ძველ მეგობრებს. თუმცა, ბოლომდე მაინც, ისე რაღაც ვერ მოერგო და მათ მარაქაში, უკვე ვეღარ ჩაჯდა.
და ისე წამოვიდა იქიდან, რომ არავის დამშვიდობებია.
გამოიპარა. უჩუმრად დატოვა ის ადგილი, სადაც ერთ, დროს სიხარულით გარბოდა. სუნთქვა ეკვროდა ხოლმე, სანამ მხატვრის სახელოსნოს კარს შეაღებდა.
ახლა კი, გამოიპარა. ქურდივით გამოიძურწა.
უბრალოდ ადგა და წამოვიდა.
მანქანიდან გადმოსვლისთანავე რეკვა დაიწყო.
საიდუმლოებებით მოცულ, ახლად გაცნობილს კაცს, ძლივს გამოსტყუა ნომერი. ბევრი ხვეწნა და მუდარა დასჭირდა. პიპა უარზე იდგა. არ მიყვარს ტელეფონიო. მხოლოდ იშვიადად, საქმისთვის თუ გამოვიყენებ და შეიძლება, არც გიპასუხოო. მერე გეწყინება, უპასუხისმგებლობაში ჩამითვლი და გაიბუტებიო, მაგრამ მიმი მაინც არ მოეშვა და პიპამაც დაუმთო.
არავინ პასუხობდა, მიმი მაინც ჯიუტად რეკავდა. მოგვიანებით ხომ მაინც ნახავს შემოსულ ზარებსო.
სადარბაზოშიც დიდ ხანს მოუწია ყურყუტი. არავინ ჩანდა. ალბათ, სადმე თუ მიაგდო ტელეფონიო, ფიქრობდა.
„ან იქნებ სძინავს... ან...“
ათას ფიქრში იყო ჩაძირული, თუმცა ახლა თავს, ბევრად უკეთ გრძნობდა. მხატვართან კი, სული შეეხუთა. ასე ცუდად იქ, არასდროს ყოფილა.
მაინც რა ეტაკა? აღარც ფიფო აინტერესებდა და აღარც მხატვარი.
ვიღაც უცხო კაცით უფრო დაინტერესდა, ვითომ?
მაინც იმდენი მოახერხა, რომ კედლიდან გამოიყვანა, მაგრამ მისთვის საინტერესო, ვერაფერი დააცდევინა. პირიქით, აქეთ ჩაუკაკლა ბევრი რამ.
მასზე კი მხოლოდ ის შეიტყო, რომ პიპას სიმარტოვე ურჩევნოდა. მშობლები გაშორებულები იყვნენ და სხვადასხვა სოფელში, სულ სხვადასხვა მხარესა და კუთხეში ცხოვრობდნენ. ამიტომაც ხშირად უწევდა გამგზავრება ხან იქეთ და ხან, აქეთ.
მერე უყვებოდა, თუ როგორ გულმოდგინედ მუშაობდა ბაღსა, თუ ბოსტანში და როგორ ეხმარებოდა მოხუც მშობლებს. ამაშიც დიდად საინტერესო, არაფერი იყო და აბა, რა უნდა მოეყოლა მისთვის?
ამიტომაც იყო ხოლმე, ხშირად ასე გაჩუმებული, რადგან საკუთარ თავზე, ძალიან ცოტა რამ ჰქონდა მოსაყოლი და აქეთ უსმენდა მიმის.
აშკარად ტყუოდა.
მიმი მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სულაც არ ჰგავდა ეს კაცი, სოფელში ნამუშევარს. მისი ნატიფი ხელის თითებიც კი ამაზე მეტყველებდნენ.
პიპა ცრუობდა, მაგრამ მიმის სულაც არ სწყინდა. იქნებ, ადამიანს არ უნდა, რომ ვიღაც უცხოს, ყველაფერი მოუყვეს. მართლაც რა საჭიროა, პირველივე შეხვედრაზე ყველაფრის გადმოფრქვევა?
სადღაც, ამართლებდა კიდეც მის საქციელს. თუმცა, მაინც ინტერესი საშინლად ჰკლავდა და კვლავ არაფერს იმჩნევდა.
ლოდინი უკვე, მოსაწყენიც გახდა, მაგრამ სულაც არ ნანობდა, რომ ყველა მიატოვა და აქ გამოიქცა და ცარიელ სადარბაზოში, თითქოს უფრო მეტი შვებაც იგრძნო.
მოგვიანებით, სახლში მისულს, დედა მხიარულად შეეგება. როგორი ბედნიერი იყო, თურმე მიმი და ფიფო შერიგებულან და კვლავ ერთად არიან.
მიმიმ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა.
დედა თავის ჩვეულ ქოთქოთს განაგრძობდა:
- ვატყობდი, რომ შენ და ფიფო, რაღაც ვერ იყავით კარგად, მაგრამ ეგ არაფერია, ხდება ხოლმე.
მიმი ფეხსაცმელს იცვლიდა და თან ცალი ყურით უსმენდა, ნეტა რა შეამჩნია, ან ვინ გვნახა ერთადო.
საძინებელთან მისულს, რაღაც ძალიან ნაცნობმა სურნელმა, სასიამოვნოდ შეუღიტინა ცხვირში. ემოციებისგან, კარი ლამის ხელის კანკალით შეაღო.
იასამნის სურნელმა თავბრუ დაახვია. გაოცებული თვალებით შეხედა დედას, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ თაიგული, უთუოდ ფიფოსგან იქნებოდა.
- ვიღაც კაცმა მოიტანა, კურიერი იქნებოდა. ასე დამაბარეს, საძინებელში უნდა დახვდესო.
მიმიმ იასამნის სურნელში ჩამალა ღიმილი.
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ფიფო აქ არაფერ შუაში იყო.
LEX. 2016 წლის 30 ივლისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1774108732831416

No comments:

Post a Comment