Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 34)

34.
- არც იმდენად სულელი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, მაგრამ იცი, რა ვიფიქრე ახლა?
- აბა, რა იფიქრე ისეთი საინტერესო, რომ... - კედლიდან სიცილი მოისმა.
- გინდა ყავა დავლიოთ ერთად და ისე ვისაუბროთ? მე დაგპატიჟებ!
- აჰა, და შენ დამპატიჟებ, არა? - ისევ გაეცინა.
- რატომაც არა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი იდეაა და არა...
- და არა, ჩემი? იმიტომ რომ მე ვერ მოვიფიქრე, არა? არ მეყო ამდენი გონება, რომ გოგონა, რომელიც ამდენი ხანია, ასე დამდევს, აქამდე უკვე, ყავაზეც უნდა დამეპატიჟებინა.
- სულაც არ დაგდევ, უბრალოდ...
- როგორ არა! დამდევ კიდევაც და ერთხელ, მთელი არმიაც კი მომისიე, გახსოვს? - პიპამ თან სიცილით და თანაც, განზრახ შეახსენა ის, ძველი ამბავი.
- მე არავინ მომისევია. - მიმისაც გაეცინა.
- როგორ თუ არავინ? შენ ამოხვედი და ამოიყვანე კიდევაც. - პიპამ ამოიხვნეშა და უდარდელი ხმით განაგრძო. - ვცხოვრობდი ჩემთვის, მშვიდად, უდარდელად. არხეინად დავსეირნობდი, ძველი სახლის, საკმაოდ გრილ და მიუვალ ლაბირინთებში, გარეთ კი ისეთი ხვატი იდგა მაშინ და ერთ მშვენიერ დღესაც...
- მე კი არ მომდევდნენ, ვიღაცის დასაჭერად იყვნენ მოსულნი! - უნებურად წამოისროლა მიმიმ.
- და მერე, რა ქნეს? ხომ დაიჭირეს? იმედია!
- როგორც ვიცი, მაშინ არაფერი გამოუვიდათ და მგონი, არც მერე... - და მიმი უცებ გაჩუმდა.
ეს უკვე, ფიფოს საქმეს ეხებოდა და მისი აფიშირება არ შეძლებოდა. აბა რა საჭირო იყო, ყოველ შემხვედრთან, ამის ტლიკინი. კიდევ კარგი, დროზე მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
პიპაც გაყუჩდა.
ჩაფიქრდა.
კარგი იქნებოდა, ამ გოგონასთან დაახლოვება. 
ვინ იცის, მისთვის რამდენ საინტერესო ამბავს გამოსტყუებდა, მაგრამ მაინც სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. 
„არც იმდენად თავქარიანი და ცანცარა გოგო ჩანს, როგორც თავიდან მეგონა. ჰმ, როგორ დროულად მოკეტა.“
დუმილი დიდ ხანს გაგრძელდა.
მიმიმ მოიწყინა. მიხვდა, მისი თანამოსაუბრე გარეთ გამომსვლელი არ იყო.
ნახვამდისო, დაემშვიდობა და ისე ჩავიდა კიბეზე, პასუხსაც აღარ დაელოდა.
ის იყო, მანქანა მოაბრუნა და დაღმართს უნდა ჩაჰყოლოდა, რომ თითქოს განგებ, ვიღაც მანქანას შეუვარდა და იქვე ჩაიკეცა. მიმი გულგახეთქილი მიეჭრა, კაცი ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა. კიდევ კარგი, არ მოვკალიო, ერთი კი გაიფიქრა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, ძლივს დაითანხმა მანქანაში ჩაესვა და საავადმყოფოში წაეყვანა.
როგორც კი, მთავარ გზაზე გავიდნენ, უცნობმა კრუსუნი და კრუნჩხვა შეწყვიტა, წელში გასწორდა და მიმის უკვე, კარგად ნაცნობი ხმით მიმართა:
- დავლიოთ ყავა? შენი წინადადება, ძალაშია ისევ?
მიმიმ, გაოგნებისგან კივილი მორთო. ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. კივილი და სიცილი ერთმანეთში შეერია. ორივე ხელით, გამალებით დაუშინა საჭეს მუშტები.
პიპა მშვიდი ღიმილით შეჰყურებდა და ელოდა, როდის მოთოკავდა მიმი ემოციებს.
- მართლა რომ გამეტანე, რას ფიქრობდი? - სიცილნარევი, ისტერიული ხმით ეკითხებოდა მიმი.
- მოვიდოდნენ მერე შენი ნაცნობი არმიელები და ჩაგაყუდებდნენ ციხეში, მაგრამ მერე, მთელი რაზმი, მაინც შენს დასაცავად გამოვიდოდა, როგორც ძველ ნაცნობს, მხარშიც ამოგიდგებოდნენ და ისევ მე, საწყალ, საცოდავს, ავტოავარიისგან დაშავებულ მსხვერპლს, მე, დამადანაშაულებდნენ და სრულიად შესაძლოა, დავესაჯე და დავეჯარიმებინე კიდეც!
მიმის ეცინებოდა. პიპა კი, ყველანაირად ცდილობდა, სულ ფიფოს ირგვლივ ესაუბრა.
მიმი კი კვლავ სიცილისგან ბჟირდებოდა:
- არა, არა! არ არიან ჩემი მეგობრები, მარტო ერთს ვიცნობ.
- აჰა და სადარბაზოში, ისევ შენივე ნაცნობი გამოგეკიდა არა? ეჰ, ისევ შენიანი თუ გაგწირავს, აბა რააა!
- არა, ადრე არც კი ვიცნობდი, მაგ ამბის მერე გავიცანი და... - და უცებ მიმიმ, ცოტა მოიწყინა, ძველმა მოგონებებმა თავი იჩინა.
- თუ გინდა, ნუ მომიყვები.
- მოსაყოლიც არაფერია. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არ ვიცი, როგორ და რანაირად მომაგნო, მაგრამ იმ სადარბაზოში რომ მნახა, იმის მერე, ძალიან ხშირად, სულ ნაირ-ნაირ ყვავილების თაიგულს მიგზავნიდა. მერე ერთ დღესა, უკითხავად დამადგა სახლში, დედას ისე დაუმეგობრდა, რომ მოკავშირედაც გაიხადა. - მიმი ისევ გაჩუმდა.
- ასე გაწყენინა? რა დააშავა? თუ გინდა, ყურებს ავუწევ!
მიმის გაეცინა:
- არა, არაფერი დაუშავებია, უბრალოდ...
- როდესაც ერთი ადამიანი, მეორეს შეურაცხყოფას აყენებს, იცოდე, რომ მან მართლა დაიმსახურა, ის შეურაცხყოფა! თავად არის დამნაშავე, რადგან ისეთ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომ შეურაცხყოფის ღირსი გაიხადა თავი!
- არა! არა! შეურაცხყოფა არ მოუყენებია! ნამდვილად არა! - მიმი გაჩუმდა.
თითქოს, ტირილის ხასიათზეც იყო, მაგრამ თვალები სულ ამომშრალი ჰქონდა. ცივი, გაყინული მზერით, სადღაც შორს, ქალაქის ჰორიზონტს თვალს არ აშორებდა.
ლამაზი სანახავი იყო ღამის ქალაქი. ლამპიონების შუქი გაბმული მძივებივით ციმციმებდა. სადღაც კაფეში ჯდომას, ისევ ქალაქის თავზე მოქცევა სჯობდა. სუფთა ჰაერიც სასიამოვნო იყო.
პიპა, მიმის პროფილს შეჰყურებდა.
„არც იმდენად რთული ჩანს. ცოტა კიდევ ბიძგი უნდა და თავადვე გაიხსნება.“
- იცი, შენი პასუხები, სულ არა-არათი იწყება. საკუთარ თავს უფრო ეურჩები და ეწინააღმდეგები, ვიდრე...
- ვიდრე ვის? ვინმე სხვას? არავის ვეწინააღმდეგები და არც ვეურჩები! - გააწყვეტინა მიმიმ და მერე უფრო ნაღვლიანად დასძინა. - და არც არავის ვებრძვი.
- მეც მაგას ვამბობ, საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებ, მაგრამ არ იბრძვი! არ იბრძვი ისე, როგორც საჭიროა! ცხოვრებას მდორედ მიჰყვები!
- ვის შევებრძოლო? კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები, როცა არ... - მიმის კვლავ, სული ყელში მოაწვა, სიტყვის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
- გასაგებიააა.
- რა?! რა არის გასაგები?
- ვიღაც მესამე, არა?
- მესამე?.. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - ალბათ, არ ვიცი... მგონი... მესამე...
- ერთ რჩევას მოგცემ. - თბილი ხმით მიმართა პიპამ დაღონებულ გოგოს. - ისე, უბრალოდ, მოულოდნელად დაადექი თავს. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე! მიაკითხე სახლში, ან სამსახურში და ასევე მოულოდნელად ჰკითხე, ის რაც ასე გაინტერესებს და ასე გიღრღნის გულს და ნურაფრის შეგეშინდება ან მოგერიდება! დამიჯერე, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, სჯობს სიმართლე იცოდე და თავად შენვე გაიგო, ვიდრე გაურკვევლობაში იყო, ან ვინმემ მოგიტანოს ამბავი. ასე ფიქრი და ეჭვი გულს გამოგიჭამს და მერე თავადაც შეჭმული აღმოჩნდები!
LEX. 2016 წლის 27 ივლისი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1772912412951048

No comments:

Post a Comment