Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 33)

33.
საკმაოდ მკაცრ და ლამის უსიცოცხლო, გაყინულ თვალებიან ქალს, ფურცლებით ავსილი საქაღალდე, ხელში ჩაებღუჯა და კაბინეტიდან, კაბინეტში დაარბენინებდა ბავშვს, რომელსაც ხანდახან, თავზე ხელსაც გადაუსვამდნენ და საწყალიო, ამბობდნენ. ბევრიც კი, ისე ცივად და ამრეზით გადმოხედავდა, თითქოს მათ წინ, პატარა ბავშვი კი არა, რაღაც უვარგისი და გამოუსადეგარი ნივთი ყოფილიყო.
საშინლად მოიწყინა, თუმცა მალევე ნახა გასართობი. ძირს დაგდებულ ფურცლის სამაგრებს დაუწყო შეგროვება და ერთმანეთზე მძივივით აცვამდა.
ერთგან, დიდხანს მოუწიათ დერეფანში ყურყუტი, სამაგიეროდ ბევრი სამაგრი მოაგროვა. ნეტა სულ რამდენი იქნება, ყველა კაბინეტში რომ ააგროვოს?
„სულ ტყუილად მიუფანტიათ აქეთ-იქეთ. არადა, როგორი საჭირო ნივთია. ყველა, ფურცელს ამით ამაგრებს, ესენი კი?“
კაბინეტში, ღიპიანი კაცი, სავარძელზე გადაწოლილიყო. მკაცრი სახე, ისე ძლიერ წამოწითლებოდა, თითქოს ვინმე ყელში უჭერსო.
ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ მისკენ გამოწვდილ ფურცლებს თვალს ავლებდა და დროდადრო ბეჭედის დასარტყმელად, ხვნეშით წამოიწეოდა მაგიდისკენ და მაშინ უფრო მეტად უჭარხლდებოდა სახე.
ბავშვმა იატაკზე ფურცლის სამაგრს დაუწყო ძებნა, ძლივს ერთი ცალი მაგიდის ქვეშ იპოვნა, გამოაძვრინა და ბედნიერი სახით მძივს კიდევ ერთიც დაუმატა.
სახე წამოჭარხლებულმა კაცმა, სათვალის ქვეშიდან გაკვირვებით ამოხედა.
- მოდი ბიჭო აქ! - ისე ძლიერად დაიგრუხუნა, რომ ბავშვს შიშის ზარი დასცა.
ფეხები უკან რჩებოდა, ძლივს კანკალით მიუახლოვდა. კაცმა უჯრიდან კოლოფი ამოიღო, დიდი ხელის მტევანი ფურცლის სამაგრებით აივსო და ბავშვს გაუწოდა:
- მაგისთვის შეძვერი შვილო, მაგიდის ქვეშ?
მართალია, კაცის ხმა მკაცრი და გრუხუნა იყო, არც გარეგნული იერით ჩანდა, სათნო და თბილი, სინამდვილეში კი, სულაც არ აღმოჩნდა ასეთი ბოროტი და საშიში, როგორიც თავიდანვე მოეჩვენა ბავშვს.
მთელი დღის მანძილზე, ეს ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც წესიერად მიაქცია ყურადღება...
და იქნებ, მთელი კვირის მანძილზეც?
ან იქნებ, მთელი თვის მანძილზეც?
ასეც ხდება ხოლმე, ზოგჯერ ჯურღმულშიაც კი შეიძლება, თუნდაც ერთი წამით მზის სხვიმაც ჩაიჭყიტოს...
ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა. ნეტა, რამ გაახსენა ახლა ეს საუკუნის წინანდელი ამბავი?
პიპას მწარედ ჩაეცინა.
ან რა აცინებდა?
- როცა ცხოვრება მკვლელად გაქცევს, განა ეს სასაცილოა?
- იქნებ, თავად ხარ სასაცილო და არა შენი პირადი უიღბლო, სიხარულსა და ბედნიერებას მოკლებული ისტორიები?
- ყოველთვის სასაცილო და დასაცინი იყავი და მასხრადაც მაგიტომ გიგდებდნენ!
დაბორიალობდა ოთახში კუთხიდან კუთხემდე, თავის თავს ექიშპებოდა, ხან რას უმტკიცებდა და ხან რას.
ბრაზი ერეოდა და ყელში მოწოლილ ბოღმას, მერე თავადვე ახშობდა.
ბოლოს დაიღალა. ცოტათი დამშვიდდა კიდეც. თითქოს ამოხეთქა რაც აწუხებდა. სიგარეტს დაუწყო ძებნა. ნამწვავმაც კი არ ივარგა.
გარეთ გასვლა საშინლად ეზარებოდა. არავის დანახვა არ სურდა, არც ნაცნობისა და არც უცნობის.
ისევ ლაბირინთებს მიაშურა, იქნებ რომელიმე მისივე გადაგდებული დიდი ნამწვავი მაინც ენახა.
რაც ამ სახლში, უნებლიეთ იქირავა ბინა, მას მერე, სადარბაზოს კედლებს შუა მომწყვდეული გასასვლელი, მისი იდუმალი სამყარო გახდა.
ბინა, რომელსაც მოხუცი სახლის პატრონისგან ქირაობდა, საკმაოდ ნათელი და ხმაურიანი ოთახებისგან შესდგებოდა, ამიტომ ხშირად ჩადიოდა სახლის იმ სართულის მიკარგულ დერეფანში, სადაც არა თუ ხმაური, არამედ შუქიც კი ოდნავ აქა იქ დაზიანებული კედლის ნაპრალებიდან თუ აღწევდა.
- სიგარეტი არ გაქვს?
მიმი ოდნავ შეაკრთო ნაცნობმა ხმამ, თითქოს ელოდა კიდეც, მთელი საათია კიბეებზე ჩამომჯდარიყო და ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი ისვენებდა ძველი სადარბაზოს მიკარგულ კუთხეში.
ახლა ამ მომენტში, არც არავის დანახვა და არც არავის გაგონება არ სურდა, თუმცა ზურგს უკან წამოსულმა ხმამ ძლიერ გაახარა. თვალებით ნაპრალს დაუწყო ძებნა. იცოდა, არავინ დაენახვებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა, მოსაუბრე იპოვნა და თუნდაც მცირე ხნით.
- მაქვს! მაგრამ როგორ მოგაწოდო? იქნებ გამოსულიყავი?
- აქედან გამოსასვლელი არც არის. - გამოეპასუხა ხმა. - ისეა დალუქული და ჩახერგილი.
- აბა, მაშინ ჩემს ზურგს უკან, როგორ აღმოჩნდი? გახსოვს? ათამდე დაითვალეო. შენ იყავი! ნამდვილად ვიცი! შენ იყავი! - ემოციებისგან ხმას აუწია მიმიმ.
თან გაუხარდა, ძლიერ გაუხარდა მისი გამოჩენა. მით უმეტეს, თუ არც მოელოდა და საერთოდაც არც უფიქრია.
პიპამ არაფერი უპასუხა. მიმის თითქოს, მისი ჩაცინებაც მოესმა. სიგარეტის რამდენიმე ღერი ნაპრალში ჩაუყარა.
- არა, ამდენი არ მინდა. დიდი მადლობა. - ხმა ხავერდოვანი, ძალიან რბილი და თბილი იყო. ოდნავ გაეცინა კიდეც. - კი, მე ვიყავი და ესეც კედლიდან იყო, მხოლოდ სხვა კუთხიდან და სხვა სართულზე. - ხმა გაჩუმდა.
დუმილი.
არაფერი ჰქონდათ სათქმელი.
- ისევ მეგობრებმა გაწყენინეს? - კედლიდან ისევ ის, სასიამოვნოდ რბილი, მჟღერადი ხმა გაისმა.
- არა, ისე. უბრალოდ აქ... - ძლივს გასაგონად წაილუღლღა მიმიმ.
დაიბნა. ვერაფერი მოიფიქრა. მართლაც რა უნდოდა აქ? რას დაეძებდა? უკვე მერამდენეჯერ დაუსვა საკუთარ თავს ეს კითხვა, და პასუხიც არასდროს ჰქონდა.
ისევ დუმილი.
- აქ ხარ ისევ? - სიჩუმე დაარღვია ხავერდოვანმა ხმამ.
- აქ ვარ. - წაიკნავლა მიმიმ და ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს სატირლად ემზადებაო.
- ასე არ უნდა დანაღვლიანდე. - გაისმა კედლიდან. - შენგან გაღებული, ყოველთვის ისეთივე სახით არ გიბრუნდება, როგორიც გაეცი და ამის გამო, არ უნდა წუხდე!
- არა! მასე სულაც არ არის საქმე! არაფერი გამიცია, რომ საპასუხოს ველოდო. უბრალოდ... რაღაც ვერ... - მიმის ხმა გაებზარა, ბურთი ყელში მოაწვა. საუბარს თავს ვეღარ აბამდა და თვითონვე უკვირდა.
- კი, მესმის უკვე შენი.
- რა? რა გესმის ან რა გაიგე? - მიმი თითქოს, ცოტა გაკაპასდა კიდეც.
- ის, რომ ვერ მოერგე! შენი ადგილი ვერ ნახე! იმ მყუდრო კუთხეს, სადაც თავს კარგად და მშვიდად იგრძნობ, ვერ მიაგენი!
- კი, როგორ არა ვნახე! ვნახე და მივაგენი კიდევაც, არა ერთხელ მაგრამ...
- და მაინც, მაგრამ! ჰმ.
- ჰო! მაინც, მაგრამ! და იცი? სიბრალული სულაც არ მჭირდება! - მიმის ხმა უფრო გაუმკაცრდა და ახლა უფრო მეტი შემართებით განაგრძო საუბარი. - აქ იმიტომ კი არ მოვედი, რომ ვინმემ შემიცოდოს!
- სიბრალული ერთია და თანაგრძნობა მეორე. - პიპას გაეცინა.
- თანაგრძნობა? რა უნდა მითანაგრძნონ აბა? ის რომ უამრავი მეგობარი მყავს და აქ ამ ნანგრევებში, მტვერში და ნესტის სუნში ველოდები, როდის გამცემს ხმას ვიღაც უცნობი, კედლიდან? - მიმის ხმა უკვე აგრესიაში გადადიოდა.
მოსაუბრემ მისი დამშვიდება სცადა, მართლაც შეებრალა, თავგზააბნეული და როგორც თავად ჩათვალა, შტერი გოგო.
- ყველას თავისი ხვედრი არგუნა ბედმა. შენი დარდი, ბევრისთვის ლხინიც შეიძლება იყოს. არ ვიცი რა ხდება შენს თავს და რა გიჭირს, მაგრამ მთავარია, აუტანლობის ატანა არ მოგისაჯოს ღმერთმა, თორემ მერე ნახავდი, რა არის დარდი, სულიერი და ხორციელი ტანჯვა. ზოგი უმძიმეს დარდს იტანს, ზოგი კი, სულ მცირე რამესაც ისე განიცდის ლამის, სულიც გასძვრეს. თუმცა, ყველას ერთნაირად ვერ გადააქვს დარდი. ზოგი შედარებით ადვილად უმკლავდება, ზოგი ვერა. ზოგი კი ისე მიაყუჩებს და მიაძინებს დარდს, რომ თითქოს სულ არ ჰქონია. გულში იმარხავს, იმალავს და მერე ნელ ნელა, მაინც იწყებს ამოსვლას, წვეთ-წვეთ ედება მის სულს, რადგან თავის დროზე არ მოაშთო, თავის დროზე არ გაანადგურა ის მიზეზი, რამაც ასე მოუწამლა სული! და მერე, ამ შედეგისგან დაგროვილ შხამს, თავადვე სვამს მთელი ცხოვრება! - ხმა გაჩუმდა.
მიმი სულგანაბული უსმენდა. ცხადი იყო, მოსაუბრე ისევ და ისევ, საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე საუბრობდა ასე.
ვინ იცის, რამდენი რამის ატანა მოუწიაო, ფიქრობდა მიმი. აბა მისი დარდები, ამ კაცის ცხოვრების ფონზე, მართლაც რომ სასაცილო იყო.
- იცი, რას ვიზამ? აი, დღეიდან გპირდები, რომ არასოდეს აღარ ვინერვიულებ ათას სისულელეზე! - მთელი შემართებით წარმოსთქვა მიმიმ.
- და მე, რატომ მპირდები? - ჩაეცინა პიპას. - საკუთარ თავს შეპირდი და მიეცი სიტყვა!
მიმიმ არაფერი უპასუხა. უცნობი მართალი იყო.
- ემოციების გამო, გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო! - კვლავ გაისმა კედლიდან. - თორემ მერე, იგივე ისევ ის, შენივე ემოციები დაგიწყებს მართვას და როცა მართვადი ხდები, მერე ხომ იცი რაც მოგდის?
მიმის სუნთქვა შეეკრა, გაირინდა. ხმამ კი განაგრძო:
- აი ის მოგდის, რის გულისთვისაც ახლა აქ ზიხარ სიბნელეში და ნესტის სუნში!
LEX. 2016 წლის 21 ივლისი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1770671586508464

No comments:

Post a Comment