Thursday, January 18, 2018

მებაღე (ნაწილი 21)

21.
დადამ ზეკთან ერთად სანადიროდ სიარულს მოუხშირა. დიდი ვერაფერი მონადირე იყო, მაგრამ ზეკს უწევდა პარტნიორობას. ცოტა თითქოს ხალისიც მოემატა, რაღაც აზრი მიეცა მის ცხოვრებას, მაგრამ ძველებურად ისე ვეღარ ხარობდა. ახლა იარაღი მისთვის განუყრელი მეგობარი გახდა, ეზოშიც სულ თოფით ხელში დადიოდა. ერთ დროს პეპელასავით მოფარფატე გოგოს, დღეს უკვე ბიჭური იერი მისცემოდა. 
პატრონი სერიოზულად აკვირდებოდა, გულით სურდა გაეგო, სინამდვილეში რა ჰქონდა ჩაფიქრებული გოგოს, მაგრამ ვერც მისგან და ვერც ზეკისგან ვერაფერი შეიტყო. ამიტომ გადაწყვიტა, დადას უჩუმრად მისი ოთახი დაეთვალიერებინა. იცოდა, ეს არ იყო სახარბიელო საქციელი, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სანამ გვიანი არ იყო და სანამ მართლა რამე საბედისწერო შეცდომა არ ჩაიდენდა, თავგზა აბნეული გოგო, სჯობდა დროულად გაეგო, თუ რა ხდებოდა მის თავს და საერთოდ, რა ხდებოდა მის ოჯახში. 
პატრონმა ხელსაყრელი დრო შეარჩია და როცა დადა ზეკთან ერთად სანადიროდ იყო წასული, ფარულად მისი ოთახის თვალიერებას შეუდგა. ყველაფერს გულდასმით აკვირდებოდა, ყოველ ნივთს, სათითაოდ იღებდა ხელში, ყოველ მხრივ ატრიალებდა და მერე ისევ უკან, ადგილზე აბრუნებდა, რომ შინ დაბრუნებულ დადას არაფერი შეემჩნია. ყველაფერს ათვალიერებდა, სულ უბრალო წვრილმანსაც კი უყურადღებოდ არ ტოვებდა. დიდ ხანს ათვალიერა, ყოველი კუთხე-კუნჭული გადაქექა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა.
ოთახიდან გამოსული, ზურგით მის კარს მიეყრდნო, თვალები დახუჭა. თავში ათასნაირმა ფიქრმა გაუელვა. რა ეღონა, არ იცოდა. უცებ მის მეხსიერებაში, გალერეაში მებაღის პირველი ვიზიტი ამოტივტივდა და სასწრაფო გალერეისკენ გაეშურა. 
შესვლისთანავე მტვრის სუნი ეცა. ცხადი იყო დადა აქ არც შემოდიოდა, ეს ისედაც იცოდა, მაგრამ მაინც რაღაც ძალამ აიძულა ახლა აქ შემოსვლა. მთელი ოთახი მტვრით იყო დაფარული. კუთხეებში ნახატების გროვა ერთმანეთზე იყო მიყრილი. პალიტრა მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული და არც აქ არაფერი იყო საეჭვო და ხელჩასაჭიდი. დადას გარეშე დარჩენილი ნივთები, თითქოს მოწყენილად შემოჰყურებდნენ პატრონს. 
დადას პალიტრა... 
ერთ დროს მისი უსაყვარლესი და ახლა დადუმებული როიალი... 
დადას ბიბლიოთეკა... ნაღვლიანად მომზირალი წიგნები... მერე როგორი გულმოდგინებით აგროვებდა წიგნებს და არ მოარბენინებდა... 
პატრონმა თაროებს ჩამოუარა და წიგნების თვალიერებას მოჰყვა. ვინ იცის, მასაც დადასავით, რამდენჯერ ჰქონდა გადაკითხული. 
ნაცნობი ავტორისა თუ წიგნის სათაურის წაკითხვისას ეღიმებოდა. მერე ერთმა, საკმაოდ სქელტანიანმა წიგნმა დააინტერესა, რადგან ვერაფერი წარწერა ვერ შენიშნა მასზე. ნეტა რომელი წიგნი უნდა იყოსო, გაიფიქრა და უფრო ახლოს მივიდა. ის იყო, წიგნის ჩამოსაღებად ხელი გაიწვდინა რომ შეამჩნია, თაროს კიდის, სწორედ ამ ადგილას, მტვერი საერთოდ არ იყო. თითქოს სპეციალურად იყო ასე სუფთად დატოვებული, დანარჩენი თაროს კიდეს კი ერთიანად გასდევდა მტვრის ზოლი. 
პატრონს ახლა უფრო გაუჩნდა ინტერესი და ფრთხილად ჩამოიღო, საკმაოდ დიდი, სქელტანიანი, ტყავ გადაკრული წიგნი, რომელსაც არა თუ გვერდზე, არც ზემოდან ეწერა რამე. 
პატრონმა გულის ფანცქალით გადაშალა წიგნი და პირველი გვერდზე დადას ხელით დაწერილს წააწყდა. – „საჩუქარი“
შემდეგი ფურცელი კი ასე იწყებოდა: 
„ჩემი უჩვეულო საჩუქარი ჩემს უჩვეულო მეგობარს.“ 
და გაოცებულ პატრონს წიგნის ნაცვლად დადას დღიური შერჩა ხელთ.
LEX. 2016 წლის მარტი, სამშაბათ.

No comments:

Post a Comment