Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 32)

32.
მიმი ძველ მეგობრებს დაუბრუნდა. ხანდახან ისევ ისინი თუ შეახსენებდნენ ფიფოს არსებობას, სად დაიკარგა, რას აკეთებსო. მიმიც ადვილად უხსნიდა, უამრავი საქმე აქვსო და მეტსაც აღარ ეკითხებოდნენ.
ერთხელ, ისიც კი უთხრეს, ფიფოს მანქანაში, გვერდით ვიღაც ქალი იჯდაო, მაგრამ მიმი არ დაიბნა და აქაც მარტივად გამოიყვანა ფიფო „მდგომარეობიდან“.
- იქნებ, თანამშრომელი იყო? რატომ გიკვირს? ნუთუ, შენ არასდროს გისარგებლია, მეგობრის მანქანით?
და ამით, ფიფოზე საუბარი და ზედმეტი შეკითხვები საბოლოოდ დასრულდა.
მიმი აგრძელებდა ძველ, დაბრუნებულ ცხოვრებას, მაგრამ ახლა, სულ სხვანაირი ხალისითა და შემართებით. ტელეფონის ნომერთან ერთად, მობილურის აპარატიც გამოცვალა და უკვე, მანქანის შეცვლასაც კი გეგმავდა.
ერთი-ორჯერ კი გაიფიქრა, მხატვარს ვესტუმრებიო, მაგრამ თითქოს განგებ, დრო ვერ გამოძებნა. თანდათან კი, ისიც მიივიწყა და ამ ყველაფერთან ერთად, აღარც ის იდუმალი მოსაუბრე გახსენებია და არც სიზმრებში აჰყოლია ძველ უბანში, ძველი სადარბაზოს კიბეებზე დანჭყრეული პიანინოს ხმას. იქნებ სულაც, ის ხმაც მისი ილუზია იყო და სიზმრიდან გამოყოლილი, სადღაც მეხსიერებაში ჩარჩენილი, მისივე გონებაში გაისმოდა ის ძველი ჰანგები და არა სინამდვილეში.
ყველაფერი უკვე ბევრჯერ წაკითხული წიგნივით, თაროზე შეაგდო და იქნებ აღარც კი მიბრუნებულიყო, რომ არა ერთი უჩვეულო შემთხვევა. ერთ დღესაც, მისი ერთი ძველი მეგობრის დეიდას, დროზე ადრე მოუსწრაფეს სიცოცხლე და ახლა ამ საქმეს, თურმე ფიფო იძიებდა.
აი, მაშინ კი მოაგონდა, ფიფოც და მხატვარიც. თავიც დაიდანაშაულა, რატომ უნდა მიეტოვებინა? რის გულისთვის? საშინელი სინანულიც იგრძნო, მეგობრების ერთი წრის გულისთვის, მეორე წრე რატომ უნდა დაეკარგა? მით უმეტეს, თუ ერთმანეთს, არანაირად არ უშლიდნენ ხელს.
ამიტომაც, ბევრიც აღარ უფიქრია და იმავე დღესვე, სამსახურიდან, პირდაპირ მხატვრის სახელოსნოში ამოჰყო თავი.
ბიჭები სიხარულით შეხვდნენ მიმის გამოჩენას. უხაროდათ კვლავ ერთად შეკრება და თან სამივეს, თავისებურად დანაშაულის გრძნობა ქენჯნიდა, ამდენი ხნის მანძილზე, ერთხელ მაინც წესიერად რატომ არ უნდა მოეკითხათ ერთმანეთი?
მიმის წინადადება საინტერესო ჩანდა, მაგრამ ფიფო არ დაეთანხმა. ყველა ერთად, რომ მოვიწვიოთ და ერთდროულად დავკითხოთ, მაშინ სერიული მკვლელის არსებობა გახმაურდება. ეს კი პანიკას გამოიწვევს ქალაქში და ამის გამო, მეც სამსახურს დავკარგავო.
- სათითაოდაც, რომ დავკითხო და სხვა მსხვერპლთა ფოტოები ვაჩვენო, მაინც პანიკა ატყდება. - უხსნიდა ფიფო.
- და შენც ნუ აჩვენებ მერე, იმ ფოტოებს, სადაც უკვე მოკლულნი არიან! - ჩაურთო მხატვარმა. - შეგიძლია მხოლოდ, მათი სიცოცხლის პერიოდში გადაღებული ფოტოები, ისე აჩვენო, ვითომ ეჭვმიტანილია, ან მოწმეა და ნურც ეტყვი, რომ ისიც ისეთივე მსხვერპლია, როგორიც მათი ახლობელი.
ფიფო, მხატვრის სიტყვებმა ჩააფიქრა. მოეწონა მისი იდეა. თანაც გულში მაინც ტუქსავდა საკუთარ თავს, ასე რამ გამომაშტერა, მე თავად რატომ ადრე ვერ მოვიფიქრეო.
კიდევ დიდ ხანს ისაუბრებდნენ, კარში რომ მათთვის უკვე კარგად ნაცნობი, მსახიობი ქალი, სრიალა, მუქი ლურჯი, დიდი აბრეშუმის მოსასხამითა და ჩალმით არ გამოჩენილიყო.
თეატრალურად გამოწყობილ ქალს, მხატვარი ოვაციებით შეხვდა:
- ქალი ინდიგოც მოსულააა, თავისი თაგელმუსტებით!
სანამ პირდაღებული მიმი, გაკვირვებით იკითხავდა, თაგელმუსტი რას ნიშნავსო, ფიფომ მხატვარს დაასწრო ახსნა:
- ეს ტუარეგების ორმოც მეტრიანი შარფია და თვრამეტი წლიდან მის გარეშე ხალხში გამოჩენა, ერთ დროს, სირცხვილად კი ითვლებოდა და საინტერესო ის იყო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ, მამაკაცებისთვის იყო დაწესებული, მისი სახე უცხოს რომ დაენახა, ან მას მოკლავდა, ან თავი უნდა მოეკლა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალებისთვის სულაც არ იყო სავალდებულო და არც იფარავდნენ სახეს!
ფიფო ამეტყველდა. როგორც იქნა, მიეცა საშუალება თავი გამოეჩინა. თუმცა, მხატვარიც უმალ ჩაერთო საუბარში:
- ბერბერთა ტომია და ძალიან საინტერესო მითიც აქვთ. სადღაც ამორძალებსაც კი მაგონებენ! - მხატვარი მოულოდნელად სკამზე შეხტა და დიდი პათოსით წარმოსთქვა. - მოვიდა ყოვლისშემძლე ტინ-ჰინანი, თავის ერთგულ მოახლესთან ტაკამადთან ერთად და აჰაგარის დედოფალი გახდა. უამრავმა თაყვანისმცემლებმა იწყეს მოსვლა. დედოფალი, მოახლესთან ერთად, თავის საძინებელში იღებდა, ეგრეთ წოდებულ, საქმროებს. დილით კი, საბრალო და შესაბრალისს ვაჟკაცებს, თავებს ჰკვეთდნენ! კაცებს იშორებდნენ, შვილები კი რჩებოდათ და ასე მრავლდებოდნენ!
მხატვარი სკამიდან ჩამოხტა და ტაშიც დაიმსახურა. თუმცა ფიფოს სახეზე, ცოტა წყენაც შეატყო და წამით გაჩუმდა, თითქოს შეიბრალაო, მაგრამ მალევე ახალი დარტყმა მიაყენა:
- სხვათა შორის, ბერტილიონზეც ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე, ამას კი შენ უნდა გიმადლოდე, რადგან შენამდე, არსად არასდროს მსმენია მის შესახებ.
ფიფომ შეიფერა, თითქოს შეაქესო, მაგრამ სიტყვის თქმა ვინ აცალა, მხატვარმა მასაც და მიმისაც მოუბოდიშა, მსახიობ სტუმართან, მოდელზე უნდა ვიმუშავოთო და აბა დაგვტოვეთო და ზედმეტი ცერემონიების გარეშე, ორივე გარეთ გამოაბრძანა.
ამით მხატვარი, თავის პირად საქმესაც იწყობდა და ფიქრობდა, დაცალკევებულ წყვილსაც, თავიდან მისცემდა დაახლოვების საშუალებას.
სახელოსნოდან გამოსვლისთანავე, ფიფომ სამსახური მოიმიზეზა. მიმის ეგონა, თან წაიყვანდა, ისე როგორც ერთ დროს, მის კაბინეტში ისაუბრებდნენ, მაგრამ ფიფომ არაფერი უთხრა და მიმიც გაჩუმდა. თუმცა გადაწყვიტა სიურპრიზი მოეწყო. სხვა გზიდან მოევლო და ისე დახვედროდა ფიფოს, სამსახურთან. იქნებ, მაშინ მაინც შეეპატიჟებინა.
ასეც მოიქცა. სხვა გზიდან მოუარა და ის იყო, ფიფოს სამსახურის შორიახლო უნდა ჩასაფრებულიყო, რომ ფიფოს მანქანამ ისე ჩაიარა, არც კი შეჩერებულა.
მანქანაში ვიღაც ქალი ეჯდა...
LEX. 2016 წლის 18 ივლისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1769410583301231

No comments:

Post a Comment