32.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1720065921569031/?type=3&theater
პატრონი დარდობდა. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მეტად არ აძლევდა მოსვენებას, ქალაქში, იმ დღეს, სალონის ვიტრინიდან დანახული უგო.
„ის საშიშ თვალება კაცი და უგო.
საიდან? როგორ?
იქნებ სულაც არ იყო ის კაცი უგო?
ან დადას რატომ ეშინია ასე იმ საშიშთვალებასი?
იქნებ ეშინია კი არა ვერ იტანს!
იქნებ უბრალოდ არ მოსწონს და არც სიამოვნებს მისი სტუმრობა და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეშინია? რა თქმა აუნდა, არა! ცხადია არ მოსწონს, არც თუ იმდენად სიმპათიურია და არც არის გასაკვირი ასეთი არასასიამოვნო გარეგნობის კაცის სტუმრობა, რომ სიხარულს არ ჰგვრიდეს ახალგაზრდა გოგოს.“
პატრონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით და ამაყობდა კიდეც ამით, მაგრამ ახლა ძალიან გაუძნელდა. ახსნა ვერ მოუძებნა ვერაფერს. რატომ უნდა დაექირავებინა უგო იმ საშიშთვალება კაცს მის მოსაკლავად?
ამდენი ცერემონიალი რა საჭირო იყო?
ისედაც შეეძლო ქალაქში სადმე ჩასაფრებოდა, ან მანაქანა აეფეთქებინა გზაზე ან ათასი რამ, მაგრამ...
მამულში დამკვიდრება, თავის მოჩვენება მოხუც უბადრუკად, თანაც ამდენი ხანი.
პატრონს თავი უსკდებოდა ფიქრისგან. ვერაფერს ხვდებოდა რა კავშირი უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან ამ ორ სხვადასხვა ტიპის გარეწარს.
პატრონს ძილი არ მიეკარა, თუმცა არც არაფერი უფრთხობდა. ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევდა. რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ ეს სიმშვიდეც სადღაც ავისმომასწავებელ მდუმარებას უფრო წააგავდა.
ყველაფერი კი ისე იყო მის ირგვლივ ჩახლართული, რომ კვანძის გასახსნელად თავსა და ბოლოს ვერ პოულობდა.
„არა დადას უნდა დაველაპარაკო! მორჩა! ამდენი ფიქრისგან თავი მისკდება!
რატომ ეშინია ასე ამ კაცის? იქნებ როგორმე გავარკვიო, თუ უარზე დადგა? მაინც ვაიძულებ! და ბოლოს და ბოლოს თუ ვერაფერი გავარკვიე, მაშინ...
მაშინ უკვე მართლაც მოვიშველიებ მის დღიურს!“
ფიქრებში ჩათვლიმა, მერე თითქოს რაღაც ხმამ გამოაღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თვალწინ დადას დღიურში ფანქრით ჩახატული გერბი ახლა უფრო მკვეთრად ფერად ფერბში მოევლინა და უცებ აღმოაჩინა, რომ ეს გერბი...
დადას გერბი!
სწორედაც, რომ იმ საშიშ თვალება კაცის სახლში ჰქონდა ნანახი, რომელიც ამაყად იწონებდა თავს საკუთარი წარმომავლობით.
პატრონი საწოლიდან გიჟივით წამოვარდა.
ახლა კი მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. უგო პატრონის კი არა დადას მოსაკლავად იყო მოვლენილი.
,,იმ სულელ ბიჭს კი ეს სულელი გოგო შეუყვარდა! ღმერთო ჩემო! ამიტომაც გაექცა და წავიდა, მაგრამ საიდან გაიგო იმ საზიზღარმა და საშიშმა კაცმა, რომ დადა ჩემი შვილი არ იყო? ნუთუ ძველი ბანაკიდან ვინმეს დაუკავშირდა?“
თავის დროზე ბანაკიდან გამოძევებული ხალხი კი დაემუქრა არ შეგარჩენთო, მაგრამ...
,,თუმცა ვინ იცის? იქნებ, სწორედ ის ხალხი გამოუშვა უგოს მოსაშორებლად, რადგან დავალების შესრულებაზე უარი მიიღო.“
პატრონი ახლა უფრო დარწმუნდა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, სწორედ ამიტომაც ჰგავდა ასე ძალიან ზეკის ხელწერას მებაღის მკვლელობის მცდელობა. მათ ხომ ერთი „სკოლა“ ჰქონდათ გავლილი.
რაიმე უნდა ეღონა, პატრონი დარწმუნებული იყო ეს ამბავი ასე ადვილად არ დამთავრდებოდა, უკვე დრო იყო და ზეკს ყველაფერი სცოდნოდა და ბევრად ფხიზლად ყოფილიყო.
მართალია თავიდან კი მოუვიდოდა გული, ამდენ ხანს რატომ მიმალავდითო, მაგრამ პატრონს დიდი იმედი ჰქონდა მისი, რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა გაშმაგებულიყო ზეკი მაინც ოჯახის წევრი იყო და ყოველთვის მაინც მის გვერდით დადგებოდა.
ისევ რაღაც ხმაურმა პატრონი ფიქრებიდან გამოარკვია, ვერ გაეგო საიდან მოდიოდა ან რა იყო.
აივანზე გამოსულს კვამლის სუნი ეცა, ეზო უფრო მეტად ახმაურდა.
სანამ პატრონი რამეს იკითხავდა ქვემოდან მსახურმა ამოსძახა:
- ხეხილის ბაღი იწვის ბატონო, ქარმა კი ცეცხლი ვენახებისკენაც წამოიღო!
კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეორე მსახური ყვირილით გამოიქცა:
- მთელ თავლასაც და ცხოველთა სადგომსაც ცეცხლი აქვს გაჩენილი!
ეს უკვე აშკარა თავდასხმა იყო. პატრონმა სასწრაფოდ ზეკის გაღვიძება ბრძანა, თავად კი იარაღი მოიმარჯვა და დადას ოთახისკენ გაიქცა.
დადას საძინებელში, სისხლის გუბეში ვიღაც ყელგამოჭრილი კაცი ეგდო. დადა არსად ჩანდა.
კომოდის უჯრა ღია იყო. თავახდილი ყუთი კი ცარიელი. პატრონის ნაჩუქარი მოოქროვილი ვალტერის იარაღიც დადასთან ერთად გამქრალიყო.
თავზარდაცემული პატრონი ახლა გალერეისკენ გავარდა. იქაც არავინ დაუხვდა და სამალავი კიბის კარი ღია იყო...
LEX. 2016 წლის 20 მარტი, კვირა.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1720065921569031/?type=3&theater

No comments:
Post a Comment