- ხელოვნების სიყვარული, სილამაზისა და მშვენიერების აღქმა დაბადებისთანავე სულთან ერთად ისახება და მასთან ერთად იზრდება.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ.
- კი, მართლა! - კვერი დაუკრა პიპამ.
- ისე, მართალი ხარ. ჩვილებს ხშირად კლასიკური მუსიკის ფონზეც აძინებენ.
- არის მასეც! - თავი დაუქნია პიპამ. - ზოგი პატარა, მუსიკის ფონზე, მართლაც რომ მშვიდად იძინებს და ამ დროს, მშობლები დარწმუნებულნი არიან რომ სახლში, უთუოდ გენიოსი ეზრდებათ! თუმცა, ვინ იცის? ისე, არც მაგაზეა დამოკიდებული. - პიპა გაჩუმდა.
არც მიმი იღებდა ხმას და ერთ ხანს, ისხდნენ ასე მდუმარედ.
- იცი, თურმე. - განაგრძო ისევ პიპამ. - ზოგი ბავშვი, კლასიკური მუსიკის მოსმენისას, ისტერიკამდეც კი ჩხაოდა. დამწუხრებულმა მშობლებმა კი დაასკვნეს, რომ უნიჭო და უსმენო ბავშვი შეეძინათ, მაგრამ მოგვიანებით, სწორედაც რომ ამ ბავშვმა შექმნა საოცარი მუსიკალური შედევრი! დიახ, იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი განსხვავებული ნიჭით გამორჩეულები! - თითქოს სიამაყითაც დაასრულა პიპამ თავისი ორატორობა და კვლავ გაჩუმდა.
- მართლაც, რა საინტერესოა ადამიანის ბუნება. - მიმიმ მხოლოდ ამის თქმა შესძლო და ისიც კვლავ დადუმდა.
- მართალი ხარ. - მიუგო პიპამ. - მართლაც რომ ამოუცნობია, ადამის ძის ბუნება და ყველაფერი კი, სულთან ერთად იზრდება! - პიპამ იყუჩა და მალევე განაგრძო. - მაგრამ ზოგიერთ ადამიანს, ასაკის მატებისას, სულთან და ხორცთან ერთად, ამბიციებიც ეზრდება, რომელიც სულიერების ადგილს ავიწროებს! თანდათანობით ჭამს! ჭამს! და თავად კი ეს, წლების მანძილზე შეძენილი ამბიცია, როგორც ერთი დიდი, თითქოს დამოუკიდებელი ორგანო, იზრდება და იზრდება და სულს კი ისე აპატარავებს, რომ განვითარების საშუალებას აღარ აძლევს და ასე დაპატარავებულ, დამცირებულ სულს სხვა გზა, რომ აღარ რჩება, ნელ-ნელა, თანდათანობით შაგრენის ტყავივით იწყებს გაქრობას!
- წაკითხული მაქვს! - ისეთი სიხარულით წამოიძახა მიმიმ, თითქოს უმტკიცებდა მეც ვიცი, რაღაცო.
მიმის ამ „აღიარებულ ცოდნაზე“, პიპას გაეღიმა და განაგრძო:
- მაგრამ სული თუ პატარავდება, ხორცი მაინც იზრდება! მთლიანად შეჭამა სული და მეტი გასაქანი, რომ აღარ რჩება, იწყებს ლპობას და ბოლოს მძორადაც იქცა! დამპლის სუნი ასდის ხოლმე უსულო ხორცს და ამიტომაც ზომაზე მეტ სუნამოს ივლებენ თავზე, იქნება და როგორმე, ვერაფერი შემატყონო! მე ხომ ასეთი საპატიო მოქალაქე ვარო! და მერე იცი, რა ხდება?
პასუხად მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- მერე ის სუნამოც შეერევა მანკიერების სუნს, მაგრამ ვერ გადაფარავს და პირიქით, ისე აიზილება და აქეთ შეისისხლხორცებს სიდამპლეს და რაც უფრო მეტად დაიმატებს სუნამოს სურნელს, მით უფრო მეტად უყროლდება ის ამყაყებული სულით გაჟღენთილი ხორცი! - ბოლო სიტყვებზე ფერწასულ მიმის მოხედა და მდარედ გაუღიმა. - დამშვიდდი, შენ ზომიერად ისხამ სუნამოს. - დაასრულა სიცილით და მიმიც აიყოლია.
ყოველთვის თავდაჯერებული მიმი, პიპას გვერდით, ხშირად დაბნეული პატარა გოგონასავით იყო. არადა, რამდენი რამ იცოდა, უამრავი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ მის გვერდით, სულ აერეოდა გონება და მთელი მისი ცოდნა და განათლება სადღაც ქრებოდა.
ჩვეულებრივ სიტყვაძუნწი პიპა კი, ბოლოს დროს ისე ამეტყველდა, რომ უკვე გაჩუმებაც უჭირდა. მხოლოდ საკუთარ თავზე დუმდა და კვლავაც არაფერს ჰყვებოდა. მიმის შეკითხვებს, საკმაოდ მოხერხებულად აარიდებდა თავს და ისე ოსტატურად შეუცვლიდა სასაუბრო თემას გეზს, რომ მიმის სულ სხვა მხარეს, სულ სხვა ემოციებში გადაკარგავდა და უკვე თავად მიმისაც აღარ ახსოვდა თავისივე წამოწყებული საუბრის თავი და ბოლო.
მერე მოგვიანებით კი გამოერკვეოდა და შეეცდებოდა საუბარი ისევ იმ წამოწყებულ თემას შეხებოდა, მაგრამ მაინც კვლავ უშედეგოდ. პიპას ყოველთვის კარგად უჭრიდა გონება და არასდროს ელეოდა სასაუბრო და საკმაოდ საინტერესო თემა.
- რა ფერი წაგივიდა? - თვალებში ჩააშტერდა პიპა.
მიმიმ დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
პიპა კი კვლავ თვალს არ აცილებდა, თითქოს უფრო მეტად უძვრებოდა სულში და ადრინდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტად იყო დაინტერესებული, რომ მიმის შინაგანი სამყარო, უფრო ზუსტად გაეშიფრა.
- ისე, კონკრეტულად. - განაგრძო ისევ პიპამ. - სუნამო სულაც არ მიგულისხმია! სულ სხვანაირად, ცოტა უფრო აბსტრაქტულად შევადარე და ვატყობ, ზედმეტიც მომივიდა! - გაყინულ, ცივ სახეზე, პიპამ თავაზიანობის ღიმილი მიიკრა და ისე შეეცადა მიმის დამშვიდებას.
- ჰო, ისე, მართალი ხარ! - თავი დაუქნია მიმიმ და ცოტა არ იყოს, მდარედაც ჩაეღიმა. - ეჰ, რას ვიზამთ? როცა ჩვენ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- და არამარტო, ჩვენს ქვეყანაში! თვითონ მთლიანი სამყაროა ასეთი, საშინელი! დაბინძურებული და საზარელი!
პიპას ხმა, კვლავ ორატორულად ჟღერდა და ისეთი მტკიცე იყო, რომ მიმის ცივად გააჟრჟოლა. ახლა, რაღაც მომენტში, თითქოს ცოტა შეეშინდა კიდეც ამ ამოუცნობი კაცის.
პიპა მშვენივრად მიუხვდა, ფერდაკარგული მიმის შეშინების მიზეზს და შეეცადა უფრო რბილად აეხსნა:
- ეს ბინძური სამყაროა და სამწუხაროდ, ჩვენ სხვა სამყარო არ გვაქვს! აი, სწორედაც რომ აქ უნდა გავიტანოთ თავი და ასევე ერთმანეთიც!
ბოლო სიტყვებზე, მიმის ახლა უკვე მართლაც თბილად გაუღიმა და ეს ღიმილიც, ბევრად იმაზე მეტად თბილი იყო, ვიდრე ოდესმე. თუმცა, თვალები მაინც ცივი, შეუვალი და ცოტა არ იყოს, რისხვით აღსავსე ჰქონდა.
მიმიმ, ის რაღაცნაირი, ქვეცნობიერი შიში, მდარე ღიმილით დაფარა და თან გულშიც გაიფიქრა.
„და, რა იყო ეს? თავაზიანობაში შენიღბული გულგრილობა? ჰმ, და მერე როგორ ძალიან ადვილად მოირგო თავაზიანობის ნიღაბი, ასეთმა გულცივმა და გაყინულმა მეგობარმა.
ნიღაბი... ნიღაბი...
ისევ ეს ნიღაბი...
ნიღბებთან ურთიერთობა.“
მიმი ჩაფიქრებული გაჰყურებდა, მთელი ჰორიზონტის სიგრძეზე, ბოლომდე გაშლილ ქალაქის ზოლს. პიპასთან ერთად, თითქოს ჩვევად ექცა ისეთ ადგილებში გასეირნება, სადაც ხალხმრავლობა ნაკლებად იყო. თუმცა ხალხმრავლობა კი არა, ხშირად მათ გარდა, ახლომახლოც კი არავინ იყო.
და ეს მარტო პიპას სურვილი სულაც არ იყო. თავიდანვე მიმის ნებით დაიწყო ყველაფერი. პირველი გაცნობის დღიდანვე, თავად მიმიმ ამოიყვანა ასეთ საინტერესო და სასიამოვნო ადგილას, საიდანაც თითქმის მთელი ქალაქის ხედი, ხელის გულივით მოჩანდა.
თვალწინ თუ ქალაქის ხედი იწელებოდა, სამაგიეროდ უკან, ცამდე აზრდილი მთები იკავებდნენ ადგილს.
მიმიმ ქალაქს ზურგი აქცია და ახლა მთებს დაუწყო თვალიერება. მერე უცებ პიპას მიუბრუნდა:
- გინდა ამ მთის იქეთ გავისეირნოთ? გცალია?
- კარგი იქნებოდა ცოტა ქალაქგარეთ გასვლა და რატომაც არა?! - დაუფიქრებლად დაეთანხმა პიპა.
მიმისთან ერთად ქალაქში წრიალს, ნამდვილად ერჩივნა სადმე შორს ეხეტიალათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა სად და რომელ მხარეს ივლიდნენ. საითაც მიმი მოისურვებდა, იქეთ წავიდოდნენ. მთავარი იყო, არავინ ნაცნობი არ შეხვედროდათ.
განსაკუთრებით, სწორედაც რომ ახლა უფრო მეტად უნდა მორიდებოდა მიმის საახლობლოს. რადგან უკვე, ფიფოც რაღაცას ეჭვობდა.
მართლაც რომ საინტერესო იყო პიპასთვის, თუ ზუსტად რა იცოდა ფიფომ მის შესახებ და რამდენად, რა დოზით იყო ინფორმირებული მასზე. ამას კი, ისევ მიმისგან თუ შეიტყობდა და ამიტომაც იყო, რომ ადრე, რამდენადაც ერიდებოდა მიმის ზარებს და ხშირად თავიდანაც იცილებდა შეხვედრებს, ახლა უკვე თავად აქტიურობდა და ამასაც ძალიან ფრთხილად აკეთებდა.
მიმის მანქანა, ქალაქიდან გამავალ ტრასაზე მიქროდა. თბილი ამინდი იდგა. მოახლოვებული გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა.
რადგანაც მიმიმ, სიტყვაძუნწ პიპასგან, მის შესახებ, ბევრიც ვერაფერი შეიტყო, გადაწყვიტა, თავადვე გამოექექა ყველაფერი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო საშინლად აინტერესებდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე? ვინ იყო ეს კაცი, ვისთანაც მეგობრობდა და ვისკენაც ასე ძლიერ ეწეოდა გული და თანაც, ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მეგობარი არ გაენაწყენებინა. ამიტომაც იყო, რომ მოუხშირა პიპასთან ზარებს, უკვე აღარც ერიდებოდა და უფრო თამამადაც ურეკავდა. იმასაც მშვენივრად ატყობდა, რომ ადრინდელთან შედარებით, მისი გაყინული მეგობარი, ახლა უფრო მეტად დამყოლი და ცოტა არ იყოს, უფრო მეტად აქტიურიც გახდა. უკვე მიმისთან შესახვედრადაც, ბევრად უფრო ხშირად იცლიდა და ბოლო პერიოდში ხომ სულ შეიცვალა, ახლა ბევრად უფრო მხიარული და ენაწყლიანიც გამოჩდა.
მიმი ჯერ მის შესწავლას შეუდგა. აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას, საუბრისა და ქცევის მანერას. ბევრჯერ შეამჩნია თითქოს გაორებულ პიროვნებასთან ჰქონდა საქმე. ხან ძველებურად ჩაკეტილი და სიტყვაძვირი, ხანაც ისე არაკრაკდებოდა, რომ ძლივს ჩერდებოდა.
მანქანამ ტრასიდან გადაუხვია და ბორცვზე, შედარებით უფრო ვიწრო გზას აჰყვა. რამდენიმე სოფელი უკან მოიტოვეს, მერე მინდვრებსაც გაცდნენ და სააგარაკო ნაკვეთებს თავზე მოექცნენ. პატარა კოტეჯებით დამშვენებულ მიდამოს, წითლად მოელვარე ჩამავალი მზის სხივები ამშვენებდა. უფრო მოშორებით, ქვემოთ დაბლობში პატარა საყდრის წვერო მოსჩანდა.
მიმიმ სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და უცებ მიახალა:
- შენს სოფელშიც ასეთი კარგი ჰაერია?
პიპა წამით შეცბა და ვეღარ მოასწრო პირზე მომდგარი სიტყვის შეჩერება:
- სად ჩემთან?
მიმი მაშინვე მიხვდა, რომ სწორ გზაზე იდგა და სწორედ ახლა იყო საჭირო, ზედიზედ თავდასხმა და კითხვებში ჩაჭრა. აბა ისე, სხვანაირად სიტყვას ვერ აცდევინებდა, თავის იდუმალ მეგობარს.
- აკი შენ არ თქვი, რომ სოფლიდან ვარო?
- მეე? როდის? - პიპა მშვენივრად მიუხვდა მიმის, თუმცა დაბნეულობა მაინც არ შეიმჩნია.
- აბა მომატყუე? - მიმი მოიბუზა. ახლა აშკარად გამოჩნდა, თურმე რა მატყუარა ადამიანის გვერდით იმყოფებოდა.
თუმცა პიპამ მხოლოდ წამით შეყოვნდა და ის წამით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადვილად დაეძვრინა თავი, ამიტომ თავისავე დასმულ კითხვას, თავადვე სწრაფად გასცა პასუხი.
- შენ ალბათ, იმას გულისხმობ, ჩემს მშობლებზე? ჰო?
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ალბათ, ყურადღებით არ მისმენდი და კარგად მაგიტომაც ვერ გაიგე. - საკმაოდ დამრიგებლური ტონით მიუგო პიპამ.
„რა კაი, გამოცდილი პედაგოგივით მელაპარაკება.“
გაიფიქრა მიმიმ.
„ოროსანი მოსწავლესავით მექცევა, თითქოს მის გაკვეთილზე ვცელქობდი და უყურადღებოდ ვიჯექი.“
- ან იქნებ, მე ვერ მოგიყევი ისე, როგორც საჭიროა?
- შეიძლება, მეც ვერ გავიგე ისე. - თითქოს პასუხში შეეშველა მიმი.
პიპამ, ერთი ამოიხვნეშა და ახლი ტყუილიც მაშინვე გამოაცხო:
- როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მამაჩემი მაშინ სოფელში გადაბარგდა, რადგან მეტი წასასვლელი არსად ჰქონდა და დავრჩით მარტო, მე და დედა, ნაქირავებში. თანდათან ქირის გადახდაც ძალიან გაგვიჭირდა. ისე ცოტას, ხანდახან მამაც გვეხმარებოდა, სანამ იქაური ცოლი არ მოიყვანა. თუმცა, ეს დახმარებაც, მაინც ძალიან მცირე იყო, მაგრამ მაინც გვიხაროდა, რადგან არ გვივიწყებდა და მერე ესეც შეწყდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. თუმცა, მუდმივი სამუშაო, არც მე მქონდა და არც დედას. ბევრჯერ გამოვიცვალთ საცხოვრებელი და თანდათან უფრო და უფრო პატარა და საშინელ ბინაში გადავდიოდით და იქაც ქირასა თუ კომუნალურებს, ძლივს ავუდიოდით. დედას, ბავშვობიდან ასთმა აწუხებდა. ცუდ პირობებში ცხოვრებამ კი, უფრო მეტად გახადა ავად. მერე, ერთ დღესაც, დედას დები ჩამოუვიდნენ სოფლიდან და ასეთ პირობებში, რომ გვნახეს, მაშინვე მოგვაშორეს ქალაქს. სკოლაც იქ, დედულეთში დავამთავრე, მაგრამ ახლაც დიდხანს ვერ ვჩერდები იქ. თავიდან, საშინლად გამიჭირდა შეგუება, ისევ დედის ხათრით ვიტანდი, რადგან სუფთა ჰაერზე უფრო კარგად გრძნობს თავს, და დედაც მამასავით, საბოლოოდ თავის სოფელს დაუბრუნდა. მე კი, დიდხანს ვერსად ვძლებ. ხან დედას ჩავაკითხავ, ხანაც მამას მოვინახულებ და დავდივარ ასე აღმა-დაღმა. - პიპამ წამით იყუჩა და მერე ნაღვლიანად დაუმატა. - აბა, სხვისი გაჭირვება რა მოსასმენია? ამიტომაც არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი. შენ კი, მატყუარა გგონივარ და რა ვიცი, ამას თუ ტყუილს ეძახი, ნება შენია, როგორც გინდა!
პიპა გაჩუმდა. ისე დამაჯერებლად საუბრობდა, რომ თავისივე ტყუილის, თავადვე სჯეროდა. თვალებიც კი აუწყლიანდა, საკუთარ მონაჩმახ ისტორიაზე.
მიმი ძალიან შეწუხდა.
როგორ ცუდად გამოუვიდა.
მაინც რა იყო ეს? მეგობრის დაკითხვა?
უნდობლობა?
თუ უპატივცემულობა?
LEX. 2017 წლის 17 მაისი, ოთხშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1909063142669307

No comments:
Post a Comment