72.
ბავშვის კვალი, სადღაც ქრებოდა. ახლა უფრო მეტად დარწმუნდა ფიფო, რომ ეს ამბავი, განზრახ იყო მიჩქმალული და მიმალული.
არასრულწლოვან დედას, თავისი სურვილის წინააღმდეგ, ახალშობილი აართვეს, გადამალეს და ისე გადაკარგეს, რომ მისი არსებობის კვალი, ფიფომ მხოლოდ ჩვილის დაბადების საბუთში აღმოაჩინა. საბუთი ერქვა, თორემ ისე, ნახევრად ცარიელი ბლანკი, შეუვსებელი და გამოტოვებული ხაზებით, უკვე საკმაოდ გაყვითლებული, დამდნარი ქაღალდი იყო.
„ჰმ, ამათ ყველას დასაჭერად ჰქონიათ საქმე!“
ფიქრობდა ფიფო.
„გაგიჟდება კაცი! აქ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე კანონია დარღვეული! თუმცა, ახლა რაღა დროსია? ვინღა დაიჭერს ამათ?
ჯერ მარტო, ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის გამო დაუძვრებიან კანონს და
ზოგი მართლაც, შეიძლება აღარც იყოს ცოცხალი და ზოგი კი?..
ჰმ, ვინ იცის? იქნებ, ზოგიც სწორედ იმ სერიულმა მკვლელმა გაისტუმრა საიქიოს?!..“
- მდაა!!! - ფიფომ ხმამაღლა ამოიხვნეშა და კვლავ ფიქრს მისცა თავი.
„ისე, ცოტა არ იყოს, აბსურდულადაც კი ჟღერს, რომ სწორედ ის ბავშვი იყოს მკვლელი, რადგან მაშინ სად იყო აქამდე? რას ელოდა? ვის ელოდა?
თუ დავუშვათ, იშვილეს და შემდეგ მშვილებელმა სიმართლე გაუმხილა, რომ აყვანილია და მერე ახლა გაბრაზდა? ახლა, ამ ასაკში გადაირია და შურისძიება დაიწყო?“
ფიფომ მხრები აიჩეჩა.
„არაა! აქ რაღაც სხვა ამბავია! თუმცა, შურისძიებას, მაინც არ გამოვრიცხავ, მაგრამ რაღაც მაინც ვერ თავსდება! ეგრეთ წოდებული, „ჩემი სერიული მკვლელობები“ მოტივსა და ჩადენილი დანაშული დროის შუალედი, ერთმანეთთან საკმაო დოზით არის აცდენილი.
და ესე იგი? რა?
რა და არც არაფერი!“
კვლავ ამოიხვნეშა ფიფომ.
„ყველაზე საინტერესოა ის ფაქტია, რომ არც იმდენად უკვე პატარა ბიჭი, უფრო სწორად, უკვე ზრდასრული კავი, სერიული მკვლელი ხდება!
და მაგრამ მაინც, რატომ?!
თუ გიჟია, შეშლილია, მაშინ ეს სცენების დადგმა რაღა საჭიროა? და მით უმეტეს, თუ მართლა სრულ ჭკუაზე არ არის, მაშინ ამ სცენებს როგორღა დგამს? როგორ ახერხებს? და კვალსაც მშვენივრად ფარავს!
არაა, რაა! გამორიცხულია! შეშლილი, ასე ოსტატურად ვერც იმოქმედებდა!
ეს კი, მიმართავს აქ, წარმოდგენებს! არაა, ფსიქოპათი კი ნამდვილად არის, მაგრამ გიჟი ნამდვილად არ არის, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახია!
თუმცა, შეიძლება ეს ის სულაც არ არის, ვისაც მე ვეძებ და სულ ტყუილად მგონია, რომ იმ საცოდავი გოგონას შვილია, სერიული მკვლელი, მაგრამ ისეა თუ ასეა, ახლა მხოლოდ ეს კვანძი მაქვს და არც კი ვიცი, ეს ყველაფერი სადამდე მიმიყვანს!“
ფიფომ ბევრი ქექა, ბევრიც ირბინა, მაგრამ არც დედის და არც ბებიის გვარით, დაბადების იმ თარიღით აღნიშნული ახალშობილი, არც ერთ ბავშვთა სახლში არ ყოფილა დაფიქსირებული.
ყველაფერი ისე იყო, თითქოს არც დაბადებულა ბავშვი და მისი არსებობა, მარტო ფურცელზე, რამდენიმე სიტყვის გაკვრით იყო აღნიშნული, რომ მხოლოდ დაიბადა და მორჩა.
ფიფომ ისიც კი გაიფიქრა, იქნებ დაბადებისთანავე გარდაიცვალაო ან სულაც, მკვდარი დაიბადაო, მაგრამ ვერც მაგ საბუთს კი არა, სულ უბრალო ჩანაწერსაც კი ვერ მიაკვლია. ჩვილი, როგორც არც ცოცხლებში, ასევე არც გარდაცვლილებში და არც მკვდრადშობილებში არ ირიცხებოდა.
***
- ყოველი ადამიანი ორსულია თავიდანვე.
- რაა? - ფიფომ გაკვირვება ვერ დაფარა.
- ჰო, ორი სული აქვს, ორი! იცოდე ეს! ყოველ ადამიანს, ორი სული აქვს! - მიუგო კაცმა. - ერთი კეთილი და მეორე ბოროტი! და რომელსაც უფრო კარგად გამოკვებავ, სწორედაც რომ იმას გაიზრდი სულში!
- ჰმ, მართალს ბრძანებთ! - ფიფო მოხუცი დარაჯის სიტყვებმა ჩააფიქრა.
ერთი შეხედვით, დაჩაჩანაკებული, გამოპრუტუნებული მოხუცისგან, საკმაოდ გონივრული რამ მოისმინა. ფიფოს მდარედ ჩაეღიმა და კვლავ საბუთებში ჩარგო თავი.
რადგან ვერც ვერაფერს მიაგნო და ვერც ვერანაირი საბუთი ვერ აღმოაჩინა, ისევ იმ სამშობიარო სახლს მიუბრუნდა, სადაც იმ ჩვილის დაბადება მაინც იყო აღნიშნული.
ყველაფერი აქ იწყებოდა და აქვე წყდებოდა კვანძი.
სარდაფში ჩატანილი და უფრო სწორად ჩაყრილი და ჩაგდებული, ძველი არქივები, გასული საუკუნის სიძველის სუნით ყარდა და არც არავის მოსვლია თავში აზრად, თანამედროვე ტექნიკით ესარგებლათ და ეს ყველა საბუთი კომპიუტერში შეეტანა.
სიმარტოვისგან გამოყრუებულმა დარაჯმა, ძლივს სალაპარაკოდ მოიგდო ვინმე და ახლა გასაქანს არ აძლევდა დეტექტივს.
ფიფოს ეღიმებოდა. არ ბრაზდებოდა, პირიქით ართობდა კიდეც მოხუცის ქაქანი. სადღაც შეებრალა ეს მარტოხელა კაცი. თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, მარტოხელა სულაც არ იყო. მისი სახლი, ავსილი იყო შვილიშვილებისა და უკვე მათი შვილების ჟრიამულით.
- აქ უფრო წყნარად ვარ, ჩემთვის! - უხსნიდა დარაჯი ფიფოს. - მინდა ჩავრთავ ტელევიზორს და მინდა არა! რასაც მინდა იმას ვუყურებ, მერე მივწვები ჩემთვის და ვისვენებ! თუ ჩამეძინება, არც არავინ მისაყვედურებს, შენ გძინავსო და ამ ტელევიზორს კი, რა ტყუილად აღრიალებო.
ფიფოს ყურადღება არ მიუქცევია, ისე მონოტონურად დაუქნია თავი. მოხუცმა დარაჯმა, არყის ბოთლს საცობი ამოაძრო და აქ ფიფოს ჩაეღიმა. ახლა დალევის ხასიათზე საერთოდ არ იყო, მაგრამ არც უარი უთქვამს.
დარაჯმა შეატყო:
- ერთი ჭიქა არაფერს გიზამს, პირიქით დეზინფექციას ჩაგიტარებს, აქ ამოდენა მტვერს რომ ყლაპავ! და მეც მაყლაპებ. - სიცილით დასძინა ბოლოს.
- დავლიოთ, მერე! - როგორც იქნა, ფიფომ აღირსა პასუხი.
მოხუცმა ძეხვი თხელ, სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრა და კვლავ ფიფოს მიუბრუნდა:
- ოჯახში დამცინიან, ასე თხელ-თხელ ნაჭრებად რომ ჭრი, ბაბუ შენ ადრე, „ბუფეტჩიკად“ ხომ არ მუშაობდიო.
- არა, რას ამბობთ? - გულიანად გაეცინა ფიფოს. - ასე უფრო გემრიელია!
- და ლამაზადაც გამოიყურება! - დაურთო მოხუცმა. - აბა და, როგორ? ყველაფერში უნდა გამოხატო სილამაზე და მშვენიერება. - დარაჯმა წუთით იყუჩა. - აბა განა, ის სუფრაა? უშნოდ და ულაზათოდ გაწყობილი და თანაც ყველაფერი ერთმანეთზე დაყრილი? მასეთ სუფრასთან ახლოსაც კი არ მივალ!
ფიფო უკვე, ნახევრად აღარც უსმენდა მოხუცის ქაქანს. ტანჯული სახით, თვალი ააყოლა, ლამის ჭერამდე ასულ, გაყვითლებულ და თითქმის დამდნარ, საბუთებით სავსე ძველ ყუთებს და კვლავ ძიება განაგრძო, იმ იმედით, რომ იქნებ, რაღაც მაინც გამოექექა. შესაძლებელი იყო, იმავე ბავშვის სხვა ანკეტაც ყოფილიყო, რადგან როდესაც ახალშობილს, გოგონას დედის გვარით წააწყდა, მაშინ სიხარულისგან იქ აღარც გაუგრძელებია ძებნა და რატომღაც ეგონა ადვილად მიაგნებდა. თუმცა, მერე ბავშვთა სახლის არქივებსაც მიადგა, მაგრამ იქაც უშედეგოდ მოუწია ქექვა და ბოლოს სხვა გზა, რომ აღარ დარჩა, ისევ პირველად წყაროს დაუბრუნდა.
ახლა აქაც, ისევ ყველაფერი გადმოქექა, მაგრამ სხვა ვერაფერი აღმოაჩინა, მხოლოდ იმ ერთადერთი მწირი ინფორმაციისა, რაც უკვე ადრეც ჰქონდა ნანახი.
- ესე იგი, ორსულად ვართ ყველა, არა?! - ღიმილით მიუჭახუნა ჭიქა ფიფომ მოხუც დარაჯს და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ორსულები და ორგულები! - დაურთო კაცმა. - მაგრამ, აი რომელსაც გაახარებ უბეში, ისე იქნები გახარებული შენაც!
- მართალი ხარ ძია კაცო, მართალი! - კვერი დაუკრა ფიფომ და კვლავ საბუთებში ჩაჰყო ცხვირი.
მოხუცმა დარაჯმა, არც იცოდა, რას ეძებდა, ეს შუა ღამით მოვლენილი დეტექტივი და ყურადღებით ჩააკვირდა. მერე მზერა იმ უამრავ, დახვავებულ, გაყვითლებულ, ობმოკიდებულ ფურცლებს მოავლო და კვლავ, უიმედო თვალებით მომზირალ ფიფოზე გადაიტანა.
- ვის ეძებ შვილო ასეთს?
ფიფომ საქაღალდიდან თავი ასწია და მოხუცს მზერა გაუსწორა.
- ერთმა მომაკვდავმა, კეთილმა კაცმა მთხოვა, მისი დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი მომეძებნა, მაგრამ... ეჰ. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
მოხუცი დარაჯი საშინლად შეწუხდა.
- ეს სამშობიარო სახლია. - მხრები აიჩეჩა კაცმა. - აქედან თუ იწყებ ძებნას, გააჩნია რომელი წლები გაინტერესებს.
- დაახლოებით ორმოცი წლის წინანდელი, სადღაც ასე. - მიუგო ფიფომ, თუმცა დაბადების წლის დაკონკრეტება არც უცდია, თვითონ ხომ მშვენივრადაც იცოდა, მაგრამ არც ჩათვალა მისი გახმაურება საჭიროდ.
- შვილის დაბადების თარიღი არ იცის? - გაიკვირვა დარაჯმა. - მე ზეპირად ვიცი, ჩემი ყველა შვილის და შვილიშვილების დაბადების დღეები. - კაცმა წამით იყუჩა და მერე სიცილით დასძინა. - თუმცა, ზოგჯერ ამერევა, ხოლმე.
- ჰოდა, აი იმ კაცსაც ზუსტად არ ახსოვს. - ღიმილით მიუგო ფიფომ. - თანაც, ახლახან შეიტყო, რომ თურმე შვილი ჰყოლია და მოძებნა მთხოვა. სამწუხაროდ, ბავშვის დედა, მშობიარობას გადაჰყოლია, დაობლებული ბავშვი კი, სულ სხვაგან, სხვა ოჯახში იზრდებოდა. - ოსტატურად ცრუობდა ფიფო და იმ საშინელი ისტორიის, ცოტათი მაინც შელამაზებას ცდილობდა.
- ჰო, თუ მასეა, მაშინ ეპატიება!
პასუხად ფიფომ გაუღიმა და კვლავ ქაღალდებში ჩარგო თავი.
- და მაინც და მაინც, სამშობიაროში უნდა მოძებნო? - კვლავ არ მოასვენა მოხუცმა. - ბავშვთა სახლებში, სკოლის არქივებში უფრო ადვილი არ იქნებოდა მოძიება?
- ამას წინათ მივაგენი უკვე, რომ აქ დაიბადა, ამ სამშობიაროში, მაგრამ მერე სად გადაიყვანეს, იმ საბუთს ვეძებ და ყველა კვალი კი, აქვე წყდება.
- და სადაც წყდება, სწორედ იქვე უნდა გაგრძელდეს, არა? - ჩაიხითხითა მოხუცმა.
- თავისთავად! - კვერი დაუკრა ფიფომ. - სადღაც, აუცილებლად უნდა იყოს სხვა საბუთიც, მაგრამ აქ ისეა ყველაფერი ერთმანეთში არეული, რომ ალბათ, კიდევ დიდ ხანს მომიწევს თქვენი შეწუხება.
- აბა, ვინ წუხდება? - მხრები აიჩეჩა მოხუცმა. - ეს შენ წუხდები, თორემ მე მშვენივრადაც ვერთობი.
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი.
ერთ ხანს, დუმილი ჩამოვარდა და მერე ისევ მოხუცმა დაარღვია სიჩუმე.
- აი იქეთ. - თითი გაიშვირა ფანჯრისკენ. - სინათლე რომ მოჩანს, ახალშობილთა საავადმყოფოა. იქნებ, იქაც გენახა?
ფიფომ ფანჯარას გახედა.
- მანდ? როგორც ვიცი, ბავშვთა საავადმყოფოა, ის დიდი და გაშლილი, ხუთსართულიანი შენობა. - ფიფომ უხალისოდ, სულ სხვა მხარეს მიანიშნა. იქაც იყო უკვე ნამყოფი და იქაც საკმარისად უშედეგოდ ქექა.
- ჰო, ეგეცაა, მაგრამ აი, აქეთ ხედავ? პატარა ორ სართულიანს?
- როგორც ვიცი მანდ... - ფიფო წამით შეყოვნდა. - პროზექტურაა და მანდაც ვქექე.
- ჰო! ერთ მხარეს მორგია და იქეთა მხარეს კი, ახალშობილებისაა, ორმოცდღემდე ჩვილების და ან დღენაკლულების.
ფიფოს ტანში უსიამოვნოდ გასცრა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი:
- აი მანდ ნამდვილად არ მიძებნია, არც კი ვიცოდი.
- ჰოდა, იქნება და ის ბავშვი, დღენაკლული იყო? და პირდაპირ მანდ გაუშვეს? და მერე იქნება და სულაც, მაქედან დაიკარგა?
ფიფო გაშტერებული უსმენდა, მოხუცი დარაჯი კი განაგრძობდა.
- შეიძლება, დღენაკლული სულაც არ იყო და რაღაც პრობლემა, ან სულაც სამშობიარო ტრამვა ჰქონდა, მერე მანდვე მოარჩინეს!
- შეიძლება. - თავი დაუქნია ფიფომ.
- ან სულაც უკანონოდ, ან თუნდაც კანონიერადაც გააშვილეს და აი მაგიტომაც, აქ უკვე ვეღარაფერს პოულობ და ტყუილად ქექავ! იქნებ, იქაც გეცადა ბედი?
ფიფო სიხარულისგან ცმუკავდა. სანამ იმ შენობამდე მივიდნენ, ლამის სული დაელია, ისეთი დიდი და ჩქარი ნაბიჯებით მიჰქროდა, რომ მოხუცი ძლივს ეწეოდა.
- დაიცა კაცო, სად გარბიხარ? - სიცილით მისდევდა კაცი. - ის შენობა, კი არსად გაგექცევა?
იქაური დარაჯი, ფიფოს ნაცნობ მოხუცს მიესალმა და ფიფო, მოჯღანული სახით აათვალიერა.
ცოტა დიდ ხანსაც მოუნდა წუწუნს. ძველი საბუთები სარდაფშია ჩაკეტილი, არ მაქვს უფლებაო, მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმეს. სამაგიეროდ კი ფიფო, კარგ გამასპინძლებასაც შეჰპირდა.
- ეეე, მასე რამდენჯერ დამპირდნენ, მაგრამ მერე გადაკარგულან და ღრუბელივით გაფანტულან! - ადუდღუნდა დარაჯი და თან კოლეგას, თვალი ჩაუკრა.
- რადგან შეგპირდით, გათენდება თუ არა შეგისრულებთ, მანამდე კი თუ ნებას დამრთავთ, ჩემს საქმეს მივხედავ. - დააიმედა ფიფომ.
მაგრამ სარდაფის კარი გაიღო თუ არა, ფიფოს ლამის გული შეუღონდა. საბუთებით სავსე ყუთები ჭერამდე იყო. სარდაფში საშინელი ნესტის სუნი იდგა. ძირი ოდნავ დაეფარა წყალს, ფეხის შედგმაც ჭირდა. მკრთალი განათების ფონზე, უფრო მეტად შეუძლებელი იყო იქ რამე მოეძებნა.
ფიფო შეფიქრიანდა. იმ სარდაფში ყურყუტს, ისევ დარაჯის მოსყიდვა სჯობდა, თუმცა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მაგრამ ფიფო, მაინც არ მოეშვა, ფიფოსაც უკვე მისი ნაცნობი დარაჯიც აჰყვა და სულ მოკლე ხანში, უკვე ორივე დარაჯი ეხმარებოდა ძველი, ნახევრად სველი ყუთების მანქანაში ჩაწყობაზე.
- უკან წამოსვლისას, შეპირებული პურმარილი არ დაგავიწყდეს! - შეახსენეს ფიფოს ქირქილით.
პასუხად ფიფომ ცალყბად გაუღიმა და ხელში მის უკვე, კარგად ნაცნობ დარაჯს, ქაღალდის ფული ჩაუჩურთა.
- რა გეჩქარება, მერე იყოს! - კაცი უარზე დადგა. - თანაც ფული, აბა როდის გთხოვეთ? მაგრამ აი, კაი პურმარილზე, ნამდვილად უარს არ გეტყოდით!
- ეს ავანსი იყოს! - დააიმედა ფიფომ. - უჩემოდ დაიწყეთ და ჩემი საქმე დალოცეთ! უკეთესი პურ-მარილი კი მერე იყოს, მაინც აქ არ უნდა მოვბრუნდე?! - დააიმედა ფიფომ.
ფიფოს ბევრი აღარც უფიქრია, პირდაპირ მხატვარს მიადგა.
ნეტა არ ეძინოსო, ფიქრობდა და გაუმართლა კიდეც.
მხატვარი ჭოტივით იყო. შეეძლო მთელი ღამე ეფხიზლა. მხოლოდ გამთენიისას უყვარდა დაძინება.
ერთი კი ასწია წარბები გაკვირვებისგან და ყოველგვარი წყენისა და საყვედურების გარეშე, ყუთების ოთახში შეთრევა დაიწყო.
ადვილი საქმე სულაც არ იყო, ამოვსებული მანქანის დაცლა და მერე ამ საბუთების სათითაოდ გადაქექვა. ვინ იცის, რამდენ დროს მოანდომებდნენ. ახლა ფიფოს ყველაზე უახლოესი მეგობარი, მხატვარი გახლდათ და მეგობრის დახმარების გარეშე, ძლიერ გაუჭირდებოდა.
საღებავების მძაფრ სუნს, ახლა ნესტისა და ობის სუნი შეემატა. სახელოსნოში გაჩერება შეუძლებელი გახდა.
თენდებოდა. მხატვარმა ფანჯრები ბოლომდე გამოაღო, კარიც ღია დატოვა.
დაგუბებული ჰაერი, თანდათან გაიფანტა. თუმცა, ოთახში მაინც მძაფრად იდგა, საშინელი მყრალი სუნი.
- მარკეტში ჩავალ რამეს ამოვიტან! შენ რა წამოგიღო? – შესთავაზა ფიფომ.
- რაც გაგიხარდება, მთავარია სასმელი და სიგარეტი იყოს! - მიუგო მხატვარმა. - და აფთიაქშიც შეირბინე, ნიღბები წამოიღე. შენთვის და ჩემთვის!
- მანქანის სალონიც საშინლად ყარს, ფუუ... - დაიჯღანა ფიფო.
- ჩვენც ვყარვართ უკვე! - ჩაეცინა მხატვარს და სახელოსნოში შესვლისას კიდევ ერთხელ მიაძახა, ნიღბები არ დაგავიწყდესო.
- ნიღბები! ისევ ნიღბები... - ბურდღუნებდა ფიფო და ცდილობდა, მანქანიდან ცხვირ გამოყოფილს ემართა საჭე.
LEX·2017 წლის 14 მაისი, კვირა.

No comments:
Post a Comment