Wednesday, January 17, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 28)

28. 
როცა უცნობ ბილიკებს მიუყვები, თავი გზამკვლევი გგონია, ის კი გავიწყდება, რომ ერთი ჩვეულებრივი, გზააბნეული მგზავრი ხარ და მეტი არაფერი. 
მიმი სადარბაზოს ჩაბნელებულ ლაბირინთებს მიუყვებოდა. გარეთ მზიანი დღე იდგა, მაგრამ იქ დღის შუქი ძლივს აღწევდა. გზას, ფარნით წინ მიმავალი მხატვარი უნათებდათ. 
მხატვრის შვილი ძალიან თავნება, მაგრამ საყვარელი გოგონა აღმოჩნდა. მიმის ისე დაუმეგობრდა, რომ ყველაფერში ენდობოდა. მიმიც თავის მხრივ, უნახავდა პატარ-პატარა საიდუმლოებებს. 
ერთ მზიან დღეს, როგორც იქნა, მოაბეს თავი და სამივემ ერთად გადაწყვიტა დაელაშქრათ ეს დიდი „საიდუმლოებებით“ აღსავსე სახლი, თავისი ძველი სადარბაზოებებითა და გასაძრომ-გამოსაძრომებით.
მხატვარი გაკვირვებული დარჩა. 
„ყველაფერი რაღაცნაირად იდუმალია. უცნაურად იდუმალი. ნუთუ შეიძლება, ადამიანი ასეთ ლამაზ და უძველეს ქალაქში ცხოვრობდეს და არაფერი იცოდეს მის შესახებ?“ 
- რა დასანანია. - აღშფოთებას ვერ მალავდა მხატვარი. - ერთ დროს, ლამაზად მოხატული სადარბაზოს კედლები მოგვიანებით, უგემოვნო ფერის საღებავით დაუფარავთ. ეს საღებავიც კი იმდენად უხარისხო გამოდგა, რომ ალაგ-ალაგ ჩამოცვენილი ადგილების ქვეშ მაინც მოჩანს ძველი ნახატის კვალი. 
- რა სიბოროტეა. - სინანულით დაუმატა მიმიმ. 
- მართლაც, რომ სიბოროტეა! 
- საიდან ამდენი ბოროტება და ვანდალიზმი?! 
- ხედავთ? დროთა განმავლობაში საღებავის ფენა თავისით ჩამოიშალა! და რატომ იცი?
- რა თქმა უნდა უხარისხო იყო და იმიტომ!
- არა მარტო მაგიტომ! უფრო იმიტომ, რომ ვერ გაუძლო სილამაზის შემოტევას და ხელოვნების ნიმუშმაც თავი იჩინა! აი, ხედავ ძველ კედელზე, ოდნავ შესამჩნევად მაინც ეტყობა ლამაზად მოხატული კედლის კვალი! - არ ცხრებოდა მხატვარი.
ერთ კუთხეში, პატარა ძველი კიბის ნაშალი მიყრუებულ ეზოში ჩადიოდა. ეზოც აღარ ერქვა ისე იყო შევიწროვებული, პატარა თავღია ადგილი უფრო იყო.
მიმი კიბეს ძლივს ჩაუყვა და იმ პატარა ეზოსმაგვარ ადგილში აღმოჩდა. დიდი ხნის წინ დარგული ხე, კედელში შეზრდილიყო და სახურავზე ადიოდა. თითქოს აქ ადრე, შესასვლელი კარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ისეთივე წითელი აგურით იყო ამოქოლილი, როგორც ეს მთლიანი კედელი. 
„ნეტა ამ კედლის იქეთ, სახლის რომელ ნაწილია? აშკარად ეტყობა, აქ ადრე ნამდვილად იქნებოდა კარი.“ 
მიმიმ კედელზე როგორღაც აცოცება შესძლო, ცოტა ხესაც აჰყვა, ცოტა აქა იქ გამოშვერილ აგურსაც მოეჭიდა და პატარა სარკმლიდან გადაძრომა მოახერხა. სინათლე თითქმის არც აღწევდა.
სიბნელეში ხელის ცეცებით გაჰყვა კედელს. რაც უფრო წინ მიიწევდა, მით უფრო მატულობდა სიბნელე და სინათლის კვალიც თანდათან ქრებოდა. კედელი არ თავდებოდა და არც არსად უხვევდა, თითქოს ერთ დიდ დარბაზში იყო, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ჯიბეები მოისინჯა, არც ასანთი და არც ტელეფონი თან არ ჰქონდა, ყველაფერი ჩანთაში ჩატოვა, ან რაში სჭირდებოდა? მხატვარი აქვე არ ჰყავდა? ფარანიც მას ჰქონდა და ასანთიც, მაგრამ ახლა უცებ, რატომღაც მარტო აღმოჩნდა, თუმცა უკან დახევას არც აპირებდა.
აუცილებლად უნდა გაეგო, ეს ტალანი სად გაიყვანდა და ისე მიიწევდა წინ, არც უფიქრია თავისიანები უკან, რომ ჩამოიტოვა. იფიქრა, ჯერ მე გავალ სადმე და მერე შევძახებო. ერთი კი ინანა, რატომ ტელეფონი არ წამოვიყოლეო. იქნებ, ფიფოს დაერეკა?
ფიფო კი თითქოს ჩამოშორდა. ისე ინტენსიურად აღარ ურეკავდა, არც ტვინს უბურღავდა, სად იყავი, ან სად მიდიხარო. აღარც მხატვართან აკითხავდა. ყველაფერს მოუცლელობასა და დაუმთავრებელ, გაუხსნელ საქმეებს აბრალებდა. 
მიმი დიდად არ ნაღვლობდა, დარწმუნებული იყო, ფიფო მართლაც საქმით იყო დაკავებული და ხელის შეშლას არ აპირებდა. 
მხოლოდ მხატვარი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, ძალიან კარგადაც იცოდა, ფიფო ასე რატომაც გადაიკარგა და მიმი ხელში ასე რატომ შეატოვა. 
მიმი საშინლად დაიქანცა, გასასვლელი ვერსად იპოვა. ის, ოდნავ მბჟუტავი, ეზოდან შემოსული შუქიც, სადღაც სიბნელემ შთანთქა. მაინც არ უნდოდა უკან მობრუნება. წინ მიიწევდა. ბოლოს და ბოლოს, სადღაც ხომ მაინც დამთავრდებოდა ეს გზა. რაღაც კუთხეს მიადგა. მერე ნახევრად ჩამოშლილ კედლის ნანგრევებსაც წააწყდა, თავი სადღაც ქვესკნელში ეგონა, მაგრამ არც შეჩერებულა. მოგვიანებით, ძალიან შორს და სადღაც ზემოდან, თითქოს შუქის მკრთალი სხივიც შენიშნა,  თუ მოეჩვენა? მოჩვენებების დრო აღარ იყო, ყველაფერს ერთდროულად უნდა გამკლავებოდა - შიშს, სიბნელეს, დაღლილობას. გონება დაძაბა. სანამ ამ ბნელ ტალანში გზას იკვლევდა, ძირს დაფშვნილ ქვა-ღორღს ხრაშა-ხრუში გაუდიოდა, იქნებ ეძახდნენ კიდეც და ამ ხრაშუნის გამო არაფერი ესმოდა. მიმი გაიტრუნა, სმენად იქცა, სამარისებულ სიჩუმეს თითქოს რაღაც ყრუ ხმა არღვევდა. რაღაც ხმა კი არა, ვიღაც პიანინოს უკრავდა. აშკარად უკრავდა. მიმი იმ ხმას მიჰყვა, თან ჩერდებოდა, ყურს უგდებდა. ხმა ზემოდან მოდიოდა, მაგრამ იქამდე როგორ ან საიდან უნდა ამძვრალიყო? რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ ხმას, თითქოს უფრო დაშორდა, მაგრამ წინ რაღაც შუქივით შენიშნა. ახლა ამ შუქისკენ წავიდა და სადღაც ჭერის სიღრმეში, სავსე მთვარის შუქი, გრძელ, ვიწრო ზოლად ჩამოდიოდა. მიმიმ ცოტა ამოისუნთქა, ახლა მთავარი იყო როგორმე კედელზე ამძვრალიყო და იმ სარკმლამდე მიეღწია, საიდანაც სინათლე ჩამოდიოდა და ეს, არც თუ ისე ადვილი საქმე იყო. როგორღაც მაინც მოახერხა აძრომა, სულ ცოტა იყო დარჩენილი, რომ იქამდე მიეღწია. ან იქნებ, არც იყო ის სარკმელი? მაგრამ სადღაც ხომ ავიდოდა? და მერე იქიდან მშველელს მაინც მოუხმობდა. აი, ცოტაც და უნდა აეღწია, მაგრამ ვერაფერს გახდა, ვერანაირად ვერ შესწვდა სარკმელს. პიანინოს ხმა უკვე აღარ ისმოდა. სამაგიეროდ, სადღაც შორიდან, ქუჩაში მიმავალი მანქანების ხმაური ყრუდ მაინც აღწევდა. 
- აქვე ახლოს, სიცოცხლე სჩქეფს და მე კი აქ ვიღუპები! სასაცილოა! 
მიმის ხმამაღლა გაეცინა, მერე კი, ისტერიული სიცილი აუვარდა. მერე ხმამაღალ ლაპარაკსა და ღიღინს მოჰყვა. იმ მელოდიას ღიღინებდა, სადღაც ვიღაც, რომ უკრავდა, ან იქნებ ესეც ეჩვენებოდა? ან სულაც, სიზმრის ცხადში გადმოტანა იყო?
სიზმარი... 
სიზმარი... 
სიზმრების ადრე არასდროს სჯეროდა, ახლა კი, რატომღაც, მხატვართან სახლში ნანახი სიზმარი მოაგონდა. როგორ მიჰყვებოდა დანჭყრეული პიანინოს ხმას და მერე როგორ გადაარჩინა ვიღაცის ხელმა დაღუპვას. 
- ახლა კი სად ხარ?! სად არის შენი ხელი?! ჩამომაწოდე აბა თუ მაგარი ხარ! ბარემ ესეც ამისრულე! სიზმრის ეს ნაწილი, რატომ გამოგრჩა?! - მიმი მთელი ხმით აყვირდა. 
საშინლად სასოწარკვეთილი ხმით ყვიროდა. ბღავილი უფრო იყო, ვიდრე ყვირილი. 
მოულოდნელად, მთვარის შუქი რაღაცამ გადაფარა. მიმი გამოერკვა. მისკენ ჩამოწვდილმა ხელმა, ჭერიდან ჩამომავალი, ერთადერთი ნათელი სხივიც დაჩრდილა. 
მიმის ბევრი აღარც უფიქრია, ხელს მოეჭიდა და რის ვაი-ვაგლახით იწყო ამოძრომა. დარწმუნებული იყო მხატვრის ხელს ეჭიდებოდა. სახურავზე მოექცა და იქედან უკვე კარგად განათებული სადარბაზოს შუქი შენიშნა. უკან არც მოუხედავს ისე ჩაძვრა და ჩავიდა ძირს, მაგრამ მისდა გასაკვირად, მხატვარი და მისი გოგოც ქვემოთ დაუხვდა და საყვედურებიც ბლომად დააყარეს. 
- სად იყავი ამდენი ხანი?! 
- მთელი სახლი შევაწრიალეთ! სად არ გეძებეთ! 
LEX. 2016 წლის 5 ივლისი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1764229633819326

No comments:

Post a Comment