Wednesday, January 17, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 24)

24. 
ზოგჯერ იმედიც კი ყველაზე საშინელი მტერია.
იჯდა და ელოდა. ელოდა, იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მოაკითხავდნენ.
ჰმ, იმედი! - აუსრულებელი, მტრად ქცეული ოცნება!
ერთ დროს იყო ბედნიერება, სითბო, სიხარული, სიყვარული.
დედის კალთაში ტკბილად ჩაძინება.
ახალი სათამაშოები, ახალი გასართობი.
მერე ახალი მამიკო, თუმცა ძველს არც კი იცნობდა.
მერე ახალი პატარა დაიკო. ახალი ოჯახის წევრი და რაღაც ახალი ცვლილება.
თანდათან, უფრო და უფრო... მისკენ მწყრალად მომზირალი მშობლები.
უფრო მეტად და ხშირად გაგონილი სიტყვები:
„ნუ მებლანდები ფეხებში! ყოველ წუთს, ნუ მებლანდები! ..“
ერთ მშვენიერ დღესაც, სასეირნოდ წასვლა...
„თბილად ჩაიცვი, პიპა. ეს ტანსაცმელიც წამოიღე, დაგჭირდება. სათამაშოებიც...“
და მერე სადღაც სტუმრად დარჩენა.
„აქ ბევრი ბავშვებია! გაერთობი! არ მოიწყენ!“
უფროსების გაყინული მზერა და მისკენ მომზირალი მრავალი წყვილი პატარა თვალი
შურით, თუ შიშით?
თუ რა იყო მათ გამოხედვაში ასეთი?
ამოუცნობი იყო მათი სულის ჩამწვდომი მზერა...
ნეტავ ასეთი, ვინ ჩაბუდებულიყო მათ პატარა სულებში? აფთარი, თუ ანგელოზი? თუ ორივე ერთად?!
და ბოლოს, ისევ ნაცნობი ხმა:
„მალე მოვალთ, პიპა. შენ აქ ითამაშე, გაერთე, არ მოიწყინო...“
და მას მერე იჯდა და ელოდა. გაზაფხულის დადგომამდე და მერე ისევ ზამთრის მოსვლამდე...
მერე და როგორ უხაროდა ახალი პრიალა ფეხსაცმელები. სახლისკენ ისე მიჰქროდა, ლამის მიწას ფეხს არ აკარებდა. ახლა კი, აქ სხვამ ჩაიცვა...
ახალ სახლში, ახალი წესები დახვდა.
„- ჩვენ აქ ყველაფერი საერთო გვაქვს! ჩემი და შენი, არ არსებობს!“
სათამაშოებიც სადღაც მიმოიფანტა და სულ სხვა ბავშვების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ ეს სულაც არ ადარდებდა.
იჯდა და ფანჯრიდან გაჰყურებდა ეზოში შემომავალ ჭიშკარს. არც ლოდინი ღლიდა პირიქით, ხვალინდელი დღის იმედს ჰმატებდა.
„ალბათ, დღესაც ვერ შესძლეს.
ხვალ! ხვალ აუცილებლად მოვლენ!“
ზოგჯერ რაღაც მკვახე, ცივი ხმა ურღვევდა მყუდროებას და ოცნებებიდან გამოჰყავდა.
„- უჰ, ეს საწყალი კიდევ აქ ზის?
- ეჰ, ეს საცოდავი, ისევ ელოდება...“
მაგრამ მისთვის სულ ერთი იყო, თუ მის ზურგს უკან რას იტყოდნენ, მაინც არ აქცევდა ყურადღებას. მთავარი იყო, მასთან მოსულნი არ გამოჰპარვოდა. თამაშს, რომ შეჰყოლოდა, ვაი თუ ვერ გაეგონა, როგორ უხმობდნენ უკანვე, სახლში დასაბრუნებლად, მის წასაყვანად მისული მშობლები. ამიტომაც იჯდა ფანჯარასთან და ელოდა, მაგრამ მისი მომკითხავი, არავინ ჩანდა.
მაინც ჯიუტად იჯდა და ელოდა.
მანამდე ელოდა, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მიხვდა, რომ ყველაფერი ამაო იყო.
- არა! არა! სისულელეა! დრო არაფერს კურნავს, მაინც არანორმალურად გტკივა და თანდათან ეჩვევი იმ აზრს, რომ უნდა გტკიოდეს!
გტკიოდეს!
გაუსაძლისად უნდა გტკიოდეს!
- გულის სიღრმეში ჩაკირულმა ტკივილმა ფილტვებამდეც მიაღწია და სუნთქვაც დაგიხშო!..
ვიღაც უცხოს და უცნობის საფლავზე პირდამხობილი, სასოწარკვეთას მიცემული გოდებდა და საერთოდაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვისი საფლავი იყო.
ბაბუსგან ახსოვდა, თუ ერთ საფლავს მოინახულებ, სხვა ყველა შენი ახლობლების სულებიც, მაშინვე იქ სიხარულით მოფრინდებიანო.
იქნებ, მათმა სულებმა შეისმინონ მისი გოდება, ან თავისთან დაიტოვონ ანდა...
- ყველაფერში შენი ბავშვობის ტკივილს ხედავ და ადრე თუ გვიან, უნდა შეწყვიტო ეს!
- და როგორ? რანაირად უნდა შევწყვიტო?! ტკივილმა ისე ჩაიბუდა, ცალკე ახალ სხეულის ნაწილად იქცა და ფეთქვა დაიწყო! ამოვიჭრა?! ამოვიგლიჯო?! როგორ?! რანაირად?!
- შეწყვიტე გოდება! აირჩიე სიცოცხლე! სიმშვიდე! სიხარული! - მის ტკივილს პასუხობდა ხმა.
- აღარ არის უკვე მაგის დრო! რაღა დროს არჩევანია, როცა ავირჩიე რა შემრჩა, რა?! ძველი ჩვარივით, ხან აქეთ მოგისვრიან და ხან იქეთ! სად იყო არჩევანი?!
- არჩევანი ყოველთვის არის, მაგრამ უნდა დაინახო, იგრძნო!
- უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და აღარ არსებობს არჩევანი! ვიგრძენი! დავინახე და ავირჩიე ეს გზა! უკან დახევას აღარ ვაპირებ!
მკვდრები დუმდნენ. ან რა უნდა ეთქვათ მკვდართა ქალაქში სამუდამოდ დამკვიდრებულთ? რისთვის ცოცხლობს? ვისთვის? მისთვის ეს სამყარო, მხოლოდ დასასრულია და რა აცოცხლებს? რა ატარებს ამ დედამიწაზე გარდა იმ ძალისა, რომელსაც უსამართლობა ჰქვია. მიწის ზემოთ შემორჩა ამ ქვეყანას.
თავისდაუნებურად, უკითხავად შერჩა სააქაოს და რომ შურისძიების ჟინი არა, სხვანაირად ვერ იარსებებდა. ვერ ისუნთქებდა ასეთ გაუსაძლის ყოფაში.
სიცოცხლე ენატრებოდა. უდარდელი ლაღი ცხოვრება. ის ბავშვობის პატარა სიხარული, რომელიც მალევე ამოგლიჯეს გულიდან.
- შენ მონატრება, იცი რა არის? ჯერ სულში გიჭერს, მერე ყელში და გახრჩობს! გახრჩობს, მაგრამ არ გკლავს! ცრემლებამდე მიჰყავხარ და შეიძლება, არც აგეტიროს! ვეღარ აგეტიროს!
- შენი აზრით, ყველა ის ხალხი იმსახურებს სიკვდილს? იქნებ, მათ სხვა, ისეთი სასიკეთო რამ საქმე ჩაიდინეს, რომ.. - პასუხობდა ხმა.
- და თქვენ გინდათ, დამაჯეროთ, რომ მე უდანაშაულო ადამიანები მოვკალი? ესე იგი, ისინი ცოცხლები იყვნენ და მე მოვკალი? მაგრამ თუ ადამიანებს აქვთ სიცოცხლე, მაშინ მათში უნდა იყოს სიხარული, მშვენიერება, სიყვარული, თანაგრძნობა, მაგრამ თუ ეს არ გააჩნიათ? არაფერი არ გააჩნიათ, მაშინ როგორ უნდა მომეკლა? აი ხომ ხედავ, ისინი არც კი იყვნენ ცოცხლები, ისინი არარაობანი იყვნენ! როგორ შეიძლება იმის მოკვლა, ვინც უკვე ისედაც მკვდარია?!
- და შენი აზრით, ეს სიკეთეა? სიკეთეს აკეთებდი იმ ხალხის მოკვლით?
- ჰმ, თქვენ რა იცით, მე როგორ ვიცხოვრე? უფრო სწორად, როგორ მაცხოვრეს. თქვენ ხომ არ განგიცდიათ ის ცხოვრება, რაც მე გამატარეს. სწორედ ამ ხალხის გამო, რაც გავიარე. ეს ყველაფერი თქვენ რომ იცოდეთ, დამეთანხმებოდით და ჩემს ქმედებას სიკეთედ ჩათვლიდით! კაცობრიობისთვის გაწეულ სიკეთედ, რადგან მარტო მე ხომ არ ვიყავი მათი მსხვერპლი? ზოგმა ჩაყლაპა, ზოგსაც უშველეს, ზოგმა თავს უშველა და ბევრიც შეეგუა! მე კი, მათ ბოროტებას, სიკეთით ვერ ვუპასუხებ! ანდა, რომელი სიკეთით? მე არც კი ვიცი ეს რა არის!
- განა მარტო ცუდი ადამიანები კლავენ ხალხს? მკვლელობა შეიძლება, კარგმა ადამიანმაც ჩაიდინოს. კარგი ადამიანიც კი შეიძლება გაეხვეს შარში და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, სადაც მისი ადგილი არ არის, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია თავიდან დაიწყო. სანამ ცოცხალი ხარ, ჯერ კიდევ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო. დრო კი ყველას გასცემს პასუხს, შენი ჩარევის გარეშეც გასცემს!
- და რომელი დრო? დრო, რომელშიც უკვე ჩვენ აღარ ვიქნებით? და მერე რად მინდა, ასეთი დრო და ასეთი პასუხი, თუ კი მე ვეღარაფერს გავიგებ?!
თავიც კი არ აუწევია, ისე ესაუბრებოდა ვიღაც უცხო კაცს, თუმცა არც დაუნახავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, თეთრწვერა მოხუცი, გრძელი თეთრი თმებითა და დიდი თეთრი წვერით...
ხმა ჰქონდა ასეთი...
თვითონ კი ზლუქუნებდა, ტიროდა, თუ ხმაჩაწყვეტილი ბღაოდა. უხმოდ ყელში გაჩხერილ ყმუილს, ხმა აღარ ჰქონდა და მაინც აგრძელებდა ხრიალს.
- ცხოვრებაში ყოველთვის, ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. - უცებ თეთრწვერა მოხუცის ხმა, ახალგაზრდა ქალის ხმამ შეცვალა.
უცხო საფლავზე დამხობილს, თავი ისე ჰქონდა დამძიმებული, წამოწევა ძლივს შესძლო და უკანვე დააგდო.
შეშუპებული თვალებით, მხოლოდ ქალის ლანდი და მისკენ გამოწვდილი თეთრი ვარდი გაარჩია.
LEX. 2016 წლის 23 ივნისი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1759786420930314

No comments:

Post a Comment