Tuesday, January 16, 2018

მებაღე (ნაწილი 17)

17.
დადას ღამით გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო, რომ სადღაც შორიდან შოპენი ჩაესმა. ცოტა გამოფხიზლდა, ყური მიუგდო. სადღაც შორიდან კი არა ხმა გალერეიდან მოდიოდა.
ვინ უნდა ყოფილიყო?
დადას მეტი ინსტრუმენტს არვინ ეკარებოდა, თანაც ასეთ დროს, ვინ გაბედავდა?
იქნებ რომელიმე მსახურია? მაგრამ ასე გვიან? პატრონის მაინც მოერიდოს.
მარტო დადას შეეძლო ნებისმიერ დროს დაკვრა. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, უკვე დიდი ხანია მიჩვეულნი იყვნენ დადას უცნაურობებს და არც არავის აღარ უკვირდა, მაგრამ ახლა თავად დადა იყო გაკვირვებული.
მართლა, ვინ უნდა ყოფილიყო ნეტავ?
საწოლზე წამოჯდა. ახლა უკვე გარკვევით ესმოდა. ნამდვილად მისი გალერეადან მოდიოდა ხმა.
წამოდგა და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და გალერეის კარი ოდნავ შეაღო.
ოთახის სიღრმეში ფანჯრიდან შემოღწეულ ფარნების შუქზე ნაცნობი ფიგურა შენიშნა.
როიალთან უგო იჯდა და დადას შოპენს უკრავდა.
გოგონას გაეღიმა.
,,რატომ ადრე არ მითხრა თუ ასე კარგად უკრავდა?’’
ფიქრობდა გულში და ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, არ უნდოდა მისთვის იდილია დაერღვია.
მებაღემ დადას მოახლოება იგრძნო, მის სურნელს უკვე ასიათას ქალში გაარჩევდა.
დაკვრა შეწყვიტა, მაგრამ კლავიშებიდან ხელი არ აუღია, არც უკან მოუხედავს, თვალები მაგრად დახუჭა. წამით, მისთვის მთელი სამყარო გაირინდა, მხოლოდ დადას სურნელი იფრქვეოდა მის ზურგს უკან.
დადა უგოს თითებს ნაზად შეეხო, მერე კლავიშზე აკორდი აიღო.
მებაღემ ხელი მოუჭირა და თვალებში ჩახედა:
- დადა!
გოგონა გაირინდა.
მებაღეს სიტყვა ყელში გაეჩხირა, თქმა ძალიან გაუჭირდა. უკვე დიდი ხანია ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ვეღარ გაეგო საიდან დაეწყო? ან როგორ უნდა ეხსნა?
- დადა, მომისმინე. - უგო წამით შეყოვნდა. - ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ როგორმე აქედან უნდა გავიდე!
დადას გაკვირვება დაეტყო. ვერაფერს მიმხვდარიყო, რატომ უნდა წასულიყო? ნუთუ მასთან ერთად თავს ასე ცუდად გრძნობდა?
მებაღე კი განაგრძობდა:
- გახსოვს? რამდენჯერ მიშველე და რამდენჯერ დამეხმარე?
დადამ თავი დაუქნია.
- ჰო და ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა გიშველო! მე უნდა დაგეხმარო! ოღონდ ჯერ აქედან უნდა გავაღწიო!
დადა დაბნეული შეჰყურებდა.
- ახლა არაფრის ახსნა არ შემიძლია, ვერც ვერაფერს გეტყვი. აქედან თუ არ გავედი, ისე ვერ დაგიცავ!
დადამ მხრები აიჩეჩა, ვერც ვერაფერი გაიგო, და ან როგორ და სად უნდა გაეშვა ვერც ამას მიხვდა.
მებაღე გალერეაში იმიტომ შემოვიდა, რომ გასასვლელის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო კარს. ის კუთხე კი სწორად დაიმახსოვრა, მაგრამ გასაღები ვერ უპოვა. ისევ დადას დახმარება გახდა საჭირო და შოპენი მოიშველია. იცოდა, დადას ფხიზელი ძილი ჰქონდა. ყველაზე ახლოს გალერეასთან კი დადას საძინებელი იყო, შოპენის ხმაზე, თან ასე გვიან გალერეაში დადას მეტი მაინც არავინ შემოვიდოდა. ყველა იმას იფიქრებდა, რომ თვითონ დადა უკრავდა და ვერც ვერავინ შეუშლიდა ხელს.
- გახსოვს, აქ რომ შემოვიპარეთ? მე და შენ, წვიმაში?
გოგონამ თავი დაუქნია, რა თქმა უნდა ახსოვდა.
- ჰო და, ახლა ამავე გზით უნდა გამიშვა! - უგო წამით შეყოვნდა. - ნუ გეშინია, არ მიგატოვებ! გპირდები, აუცილებლად დავბრუნდები! ოღონდაც ახლა, როგორმე სასწრაფოდ, უჩუმრად გამიშვი აქედან! 
დადამ მოიწყინა, თავი ჩაღუნა. თვალები ცრემლით აევსო.
ამის დანახვაზე მებაღეს გული მოეწურა, ცოტაც და თავადაც აეტირებოდა. მერე თავს ძალა დაატანა, გონება მოკრიბა, დადას სახე ხელებში მოიქცია:
- შენი იმედი მაქვს, ამ ერთხელაც უნდა მიშველო, იმისთვის უნდა დამეხმარო, რომ დავბრუნდე და აგაშორო განსაცდელს. ვიცი, შენ ამას ახლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ არაფერი იცი! საერთოდ არაფერი იცი რა ხდება გარეთ, სხვა სამყაროში! და არც არის საჭირო, რომ იცოდე. იქ კარგ საქმესთან ერთად ბევრი ავი და საშინელიც ხდება. პატრონმა მოგაშორა ყველაფერ ცუდს და საშინელს და აქ ამ სამოთხეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ...
დადას ისეთი თვალები ჰქონდა მებაღეს საუბრის გაგრძელება უჭირდა. სიტყვა ყელში ეჩხირებოდა. სულ დააბნია დადას ნაღვლიანმა თვალებმა. აღარ იცოდა რა ეთქვა, ან როგორ აეხსნა გოგონასთვის, თუ ვინ იყო სინამდვილეში და რატომაც მოვიდა აქ.
დადამ საშინლად მოიწყინა. თვალები დახარა. ამჯერად უკვე აღარ ტიროდა. ხელიც კი ჩამოაშორებინა სახიდან. ნელა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა. წამით მოტრიალდა, მებაღეს ანიშნა დამელოდეო.
უგო ცოტა არ იყოს დაიბნა და სმენად იქცა. იფიქრა იქნებ დადა პატრონის დასაძახებლად თუ გავიდაო, მაგრამ დადა თავისი საძინებლისკენ წავიდა.
ცოტა ხანში გალერეაში შემოსულ გოგონას ხელში დიდი ოვალური ფორმის ლამაზი ყუთი ეჭირა და მებაღეს სევდიანად გაუწოდა.
- ეს რა არის? - უგომ უკან დაიხია.
დადამ ყუთი კიდევ გაუწოდა. უგომ უარის ნიშნად თავი გაუქნია, ცხადი გახდა გოგონა რაღაც ძღვენს სთავაზობდა. უგომ კი კვლავ უკან დაიხია და ყუთის გამორთმევას არც აპირებდა.
დადამ ლამაზი ყუთს თავი ახადა და ახლა ასე გაუწოდა მებაღეს.
მებაღე გაოგნებული შეჰყურებდა ძვირფასი სამკაულებით სავსე ყუთს, რომელსაც დადა სთავაზობდა. ალბათ იფიქრა, რომ...
უგოს ოდნავ გაეღიმა:
- დადა, ვიცი ეს ყველაფერი შენთვის არაფერს წარმოადგენს და მინდა იცოდე, რომ არც ჩემთვის არაფერია. უკვე დიდი ხანია თვალი აღარაფერზე მრჩება, მით უმეტეს სხვის ნივთებზე. ამ სახლში კი ერთადერთი და ძვირფასი განძი შენ ხარ! და კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვ, როგორმე ახლა გამიშვი აქედან! იმისთვის გამიშვი, რომ კვლავ დავბრუნდე და დაგიცვა! დამიჯერე, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი! მხოლოდ იცოდე ჩემი იმედი გქონდეს! აუცილებლად დავბრუნდები! შენი გულისთვის დავბრუნდები! მხოლოდ შენი გულისთვის!
დადამ მაინც ვერაფერი გაიგო. მოწყენილად მივიდა კუთხესთან და ანიშნა რომელი მხრიდან უნდა ჩასწოლოდა კედელს.
უგომ კარი გახსნა. დადა არ განძრეულა, არც მის გამომშვიდობებას შეეცადა. გაყინული მზერით შეჰყურებდა მებაღეს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა, მაგრამ თან დადას დატოვებაც არ ეთმობოდა, თავად კი იცოდა რატომაც იქცეოდა ასე, მაგრამ აბა ყველაფერს ხომ ვერ აუხსნიდა და აღარც ამდენი ახსნის დრო იყო.
მებაღემ დადა მაგრად ჩაიხუტა გულში, თან ყურში ჩასჩურჩულა აუცილებლად დავბრუნდებიო.
დადა კი კვლავ გახევებული იდგა და სამკაულების ყუთს ისე მაგრად იბღუჯავდა, თითქოს ვინმე ართმევდაო.
უგომ კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში, კიდევ ერთხელ დაჰპირდა დაბრუნებას და ფრთხილი ნაბიჯებით კიბეს ჩაუყვა.
LEX. 2016 წლის 29 თებერვალი, ორშაბათი

No comments:

Post a Comment