10.
მოგვიანებით ეზოსთან მომდგარ პატრონის მანქანას მსახურები გამოეგებნენ. მათთვის უჩვეულო არ იყო პატრონის ასე გვიან მოსვლა. ზოგჯერ ღამითაც ქალაქში რჩებოდა, რა დროსაც არ უნდა დაბრუნებულიყო, მის დასახვედრად მსახურები ყოველთვის ფხიზლად, მუდამ მზად ყოფნაში იყვნენ. პატრონი ენდობოდა მათ, დადას ერთგული მსახურების იმედზე სტოვებდა, ამიტომაც მშვიდად იყო, მისი შიშითა თუ რიდით, მის შვილობილს ასე ადვილად ვერავინ დაუშავებდა რამეს.
მანქანის ხმაზე მებაღე გამოფხიზლდა. ქოხის პატარა დაბრეცილი სარკმლიდან პატრონის მანქანა შენიშნა. მერე შეშფოთებულმა მძინარე დადას გახედა.
,,რას იფიქრებენ აქ რომ ნახონ?..
თან შუაღამისას...
მერე ვინ დამიჯერებს რომ...’’
წამიერად ათასმა ფიქრმა გაუელვა.
„არა! არა! დადას აქ გაჩერება უკვე შეუძლებელია! სასწრაფოდ რაიმე უნდა ვიღონო.“
გვიანი ღამე იყო. სახლის ირგვლივ გაჩახჩახებული ფარნები მთლიან ეზოს თუ არა, საკმაოდ დიდ მანძილს ანათებდა.
დადას კვლავ მშვიდად ეძინა მებაღის ერთადერთ საწოლზე. თვითონ, საწოლის პატრონი კი იქვე ხის ყუთზე ჩამომჯდარიყო, ქოხის ფიცრული კედლისთვის მიეყრდნო თავი და ისე თვლემდა.მოგვიანებით ეზოსთან მომდგარ პატრონის მანქანას მსახურები გამოეგებნენ. მათთვის უჩვეულო არ იყო პატრონის ასე გვიან მოსვლა. ზოგჯერ ღამითაც ქალაქში რჩებოდა, რა დროსაც არ უნდა დაბრუნებულიყო, მის დასახვედრად მსახურები ყოველთვის ფხიზლად, მუდამ მზად ყოფნაში იყვნენ. პატრონი ენდობოდა მათ, დადას ერთგული მსახურების იმედზე სტოვებდა, ამიტომაც მშვიდად იყო, მისი შიშითა თუ რიდით, მის შვილობილს ასე ადვილად ვერავინ დაუშავებდა რამეს.
მანქანის ხმაზე მებაღე გამოფხიზლდა. ქოხის პატარა დაბრეცილი სარკმლიდან პატრონის მანქანა შენიშნა. მერე შეშფოთებულმა მძინარე დადას გახედა.
,,რას იფიქრებენ აქ რომ ნახონ?..
თან შუაღამისას...
მერე ვინ დამიჯერებს რომ...’’
წამიერად ათასმა ფიქრმა გაუელვა.
„არა! არა! დადას აქ გაჩერება უკვე შეუძლებელია! სასწრაფოდ რაიმე უნდა ვიღონო.“
მებაღე მძინარე გოგოს საწოლზე ჩამოუჯდა და მის გაღვიძებას ფრთხილად შეეცადა. ნახევრად ბნელ, ეზოს ლამპიონის შუქით განათებულ უბადრუკ ქოხში გამოღვიძებულ დადას შიშისაგან ელდა ეცა. ჯერ კიდევ ვერ გამოერკვა თუ სად იმყოფებოდა. თავი სადღაც, ბნელ სარდაფში ეგონა, გარედან შემოსული შუქიც ძლივს აღწევდა, ნახევრად ბნელ ქოხში...
ვიღაც უცხო კაცი...
უცხო ადგილას...
ერთი შეკივლება ძლივს მოასწრო, რომ მებაღემ პირზე ხელი დააფარა. დადა უძალიანდებოდა, საშინლად ღმუოდა. უგო რაც შეიძლებოდა ძლიერად იხუტებდა და ყურში ჩასჩურჩულებდა:
- ჩუ! ჩუ!.. ჩუმად, გთხოვ, გაჩუმდი, ნუ გეშინია.
დადა არ ცხრებოდა, არად აგდებდა მებაღის ვედრებას.
მებაღემ უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები და ბევრად მკაცრი ტონით უთხრა:
- თუ არ გაჩუმდები, იცოდე არ გაგიშვებ!
დადა გამოერკვა. ცოტათი დაშოშმინდა კიდეც, მაგრამ მაინც შიშისგან კანკალებდა.
- აი ასე, დამშვიდდი. წყნარად იყავი, ნუ გეშინია. დამშვიდდი და გაგიშვებ!
გოგონა დაემორჩილა. უკვე აღარ ღმუოდა, კანკალიც თანდათან შეწყვიტა.
მებაღემ დადას პირზე აფარებული ხელი ჩამოიღო, დადას სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა და რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ხმით უთხრა:
- შეგიძლია ყურადღებით მომისმინო?
დადამ თავი დაუქნია.
- უკვე გვიანია. ძალიან გვიანი ღამეა. სახლში ისე უნდა შეხვიდე, რომ არავინ დაგინახოს. მიხვდი რას ვგულისხმობ?
დადამ თავი ჩაქინდრა.
მებაღემ კი განაგრძო:
- აქ არ უნდა გნახონ! ხომ იცი არ შეიძლება. ათას რამეს დაგვაბრალებენ. მერე შეიძლება მეც აქედანაც გამაგდონ და ვეღარასოდეს ვეღარ გნახო.
დადამ თავი ასწია და მებაღეს თავისი დიდი მწვანე თვალები შეანათა.
- ზეკმა, რომ გაიგოს, არამარტო გამაგდებენ, ხომ იცი არც დამინდობს! - მებაღე ყველა არგუმენტს იშველიებდა, რომ როგორმე დადა ჩასწვდენოდა იმ აზრს, თუ რატომ არ შეიძლებოდა მისი აქ ამ დროს ყოფნა.
ზეკის ხსენებაზე დადამ კოპები შეკრა. სახეზე მრისხანება გამოეხატა, მერე კი ნაღვლიანი თვალებით შეხედა მოსაუბრეს. მიეხუტა, მხარზე თავი მიადო.
მებაღეს გაეცინა, თავზე ხელი გადაუსვა:
- ნუ გეშინია, მე დაგიცავ მაგ საშინელი ადამიანისგან, მხოლოდ ახლა, როგორმე შენ, სახლში უნდა დაგაბრუნო! და რაც შეიძლება ჩქარა!
მებაღე წამოდგა. გარეთ გაჰყო თავი. შორიდან პატრონისა და მსახურების საუბარი მოისმოდა. ჯერ კიდევ ადვილი შესაძლებელი იყო შეუმჩნევლად მიპარულიყვნენ
სახლამდე.
მებაღეს დადასკენ არც მოუხედავს ისე უთხრა:
- დადა, გავდივართ!
დადა მის ზურგს უკან უმალ გაჩნდა.
- მომეცი ხელი!
დიდი გზის შემოვლით სახლისაკენ დაიძრნენ. ეზოს ძაღლები ორივეს კარგად იცნობდნენ, ამიტომ არც დაუყეფავთ, ისე ოდნავ წამოჰყვეს თავები და ალბათ უფრო მისალმების ნიშნად რბილად წაიღმუვლეს.
გაირბინეს ერთი ბილიკი, მეორე, მესამეც გადაჭრეს, მაგრამ პატრონი უკვე სახლის მთავარი შესასვლელისკენ წამოსულიყო. სახლში უჩუმრად უკვე ვეღარ შეაღწევდნენ. დადამ ერთი-ორჯერ ჩაკიდებული ხელი მოქაჩა. მებაღეს ყურადღება არც მიუქცევია, ისე მიიწევდა წინ და დადასაც მიარბენინებდა, მაგრამ ახლა უკვე შეჩერდა. ბაღის კიდის ბუჩქებს ამოეფარა და ჩაიმუხლა, თან დადასაც ეწეოდა ხელით შენც მომბაძე ჩაიმალეო, მაგრამ დადა არათუ ჩაიმუხლა, არამედ უფრო ძლიერად მოქაჩა ხელზე.
მებაღე მობრუნდა. დადა რაღაცას ანიშნებდა. სულ სხვა მხარეს იშვერდა ხელს. მებაღეს ჯერ ეგონა თუ უკან დაბრუნებას ითხოვდა, მერე დააკვირდა. დადა
თითქოს რაღაც სულ სხვა ადგილისკენ იშვერდა ხელს. ბოლოს, რომ ვერაფერი გააგებინა, დადამ ხელი უშვა და თავად დაიძრა ადგილიდან.
ახლა მებაღე მიჰყვებოდა დადას ხელჩაკიდებული, თან უკან-უკან იყურებოდა, მაგრამ ისეთი მხრიდან მიძვრებოდნენ, რომ ვერავინ ამჩნევდათ. ძირითადად ხეებს შორის მიიკვლევდნენ გზას და არც თუ ისე ადვილი შესამჩნევი იყვნენ. მით უმეტეს, თუ ძაღლებიც არ უყეფდნენ, ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა. არავის აზრად არ მოუვიდოდა, შუა ღამისას, არაფრის გამო წვიმისგან ატალახებული ეზო დაეთვალიერებინა.
დადამ მებაღე სახლის უკანა კუთხისკენ მიიყვანა. მოშორებით კი მსახურების საცხოვრებელი იწყებოდა. აქაც კი საშიში ჩანდა, რომ ვინმეს შეემჩნიათ. სრულიად შესაძლებელი იყო, რომელიმე მსახური გამოსულიყო, თუმცა საშინლად ციოდა და ეზოც სველი იყო. სახლის კიდის კუთხეში, თითქოს სახლს შეყუდებული დამრეცი ფიცარნაგივით რაღაც იყო. უფრო კედელში ჩატანებულს ჰგავდა.
დადამ ხელით მიანიშნა. მებაღემ ჩაიმუხლა ფიცრის გამოწევა სცადა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. მერე უკმაყოფილოდ გააქნია თავი. დადა კვლავ რაღაცას მიანიშნებდა. მებაღეს არაფერი ესმოდა, მაგრამ მიხვდა გოგონამ რაღაც იცოდა, ამიტომ გზა დაუთმო. დადამ ორივე ხელის თითები ფიცრის კიდეს შეუცურა ორი-სამი წუთი კი იწვალა, რაღაცას თითქოს აჩხაკუნდა. მებაღე კი იქაურობას ზვერავდა და ფიქრობდა, სხვა გზა როგორ გამოეძებნა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ დადას გეგმა გაამართლებდა, მაგრამ შეცდა.
დადამ როგორც იქნა შიგნიდან დატანებული საკეტი გახსნა და სარდაფის ლუქიც აიხადა. ქვემოთ ჩასასვლელს ოდნავ ანათებდა სახლთან მდგარი ფარანი. მებაღე ფრთხილად ჩავიდა თან ცდილობდა, როგორმე მაინც იქაურობა შეეთვალიერებინა, თითქმის არც არაფერი ჩანდა. დადას ხელი გამოუწოდა, ნელ-ნელა დაიწყეს ჩასვლა.
დადამ ისევ მოქაჩა ხელზე. მებაღემ მოიხედა, გოგონა ხელით ანიშნებდა - ჩასასვლელის დახურვას ითხოვდა.
მებაღემ ჩურჩულით უთხრა:
- დროებით იყოს, ცოტას მაინც გზას გვინათებს. მერე მოვბრუნდები და მე თვითონ დავხურავ.
მაგრამ დადამ უარის ნიშნად თავი გააქნია. ტუჩებთან თითი მიიტანა.
მებაღე მიუხვდა ეს გზა არავის არ უნდა სცოდნოდა. ამიტომაც მოითხოვდა დადა ასე ჯიუტად სარდაფის დალუქვას.
ასეთ სიბნელეში გზის გაკვლევა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ გოგონამ აქაც იმარჯვა, მშვენივრად იცოდა რომ კედელს მარჯვენა მხრიდან უნდა გაჰყოლოდა.
დადამ ამ საიდუმლო გასასვლელის შესახებ სულ რამდენიმე წლის წინ გაიგო.
ერთხელ სეირნობიდან სახლში დაბრუნებულს, კარებში ის საშიშ თვალებიანი კაცი შეეჩეხა. კაცმა თავაზიანად და დიდი მოწიწებით მოიკითხა გოგონა და ლამის თვალებში ჩაუძვრა ისე ჩახედა, თითქოს რაიმეს ამოკითხვას ლამობდა.
დადას ყოველთვის აკრთობდა მისი მზერა, რა აუცილებელი საქმე უნდა ჰქონოდათ ასეთ საზიზღარ კაცს მის კეთილ პატრონთან? რატომ სტუმრობდა? რა უნდოდა? რას დადიოდა აქ? ან რატომ აკვირდებოდა დადას ასე?
გოგონას ეს ყველაფერი საშინლად აღიზიანებდა და პატრონის თვალებში ცდილობდა ამოეკითხა ყველა ის უამრავი პასუხი.
კაბინეტის ღია კარიდან მაგიდაზე კონიაკის ბოთლი და ორი ჭიქა მოჩანდა. დადამ ფრთხილად შეაბიჯა. პატრონი საშინელად დანაღვლიანებული დაუხვდა, გოგონას ოდნავ ცალყბად გაუღიმა. ზედიზედ ორჯერ დაისხა და გადაჰკრა.
დადა ხვდებოდა პატრონს რაღაც აწუხებდა და არ იცოდა როგორ ენუგეშებინა. მის ფეხთან იატაკზე ჩაჯდა და მუხლზე თავი დაადო. პატრონს თვალები აუცრემლდა. გოგონას თავზე ხელი გადაუსვა.
- ამ ქვეყნად, მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი. ერთადერთი კეთილი, ვისი ნდობაც ბოლომდე შეიძლება, მაგრამ შენ... ეჰ, შენ ჯერ კიდევ პატარა გოგონა ხარ...
პატარა და სუფთა სულის...
დადამ პატრონს წარბშეკრული სახით ახედა. თითქოს ანიშნებდა, სულაც არ ვარ პატარა გოგოო, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო.
პატრონმა მიუალერსა:
- ეჰ, აბა შენ რა შეგიძლია? ამ ქვეყნად რამდენი ბოროტებაა, აბა შენ როგორ გაუმკლავდები?
დადა ვაჟკაცური სახით წამოდგა და ისე კუშტად შეკრა წარბები, რომ პატრონს გაეცინა. მის წინ პატარა გოგონა კი არა, ახლა გულადი მეომარი იდგა.
თვალცრემლიანმა პატრონმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია:
- ჩემი ერთგული. - მიუალერსა გოგოს. - მე და შენ ერთი ოჯახი ვართ! ერთნი ვართ! არა ზეკიც კარგი ბიჭია, ჩვენიანია, მაგრამ ის მაინც სხვაა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა სახლში ცხოვრობს! იქ მისი სახლია! აქ ჩვენია! მარტო ჩვენი! ჩემი და შენი!
დადა გაკვირვებული შეჰყურებდა და თავს უქნევდა. ბევრიც არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც ეთანხმებოდა.
„ერთი ოჯახი ვართ აბა რა? ის ველური ზეკი კი? ჰო, ველურია, მაგრამ მაინც ჩვენიანია!“
ფიქრობდა დადა. პატრონი კი განაგრძობდა:
- კი, მართალია ჩვენთან მსახურებიც ცხოვრობენ, სულ მარტონი კი არ ვართ, მაგრამ მათ თავიანთი სახლები და ოჯახები ჰყავთ, ჩვენ კი მხოლოდ ორნი ვართ! მე და შენ!
დადა მამობილს უღიმოდა.
- ორნი ვართ! მე და შენ! - პატრონმა ისევ გაუმეორა და შუბლზე აკოცა. მერე საწერი მაგიდის ქვედა უჯრიდან დიდი ფარანი ამოიღო, დადას ანიშნა გამომყევიო.
კაბინეტიდან ზედა სართულზე ავიდნენ. ჯერ წინა ოთახებს ჩაუარეს, მერე დადას საძინებლის კარსაც გასცდნენ და გოგონას სამხატვრო გალერეაში შევიდნენ.
დადას ეგონა, რომ გალერეას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ ცდებოდა. თურმე კარის საწინააღმდეგო მხარეს, გალერეის ბოლოში, ფანჯრისა და კედლის კუთხის მიღმა, სხვა გზაც არსებობდა.
პატრონი ორივე ხელით ერთდროულად ჩააწვა კედელს და მანამდე დადასათვის უცნობი კარი გაიღო. პატარა ვიწრო კიბით სულ ქვემოთ ჩადიოდნენ. ეს კიბე გალერეასა და სახლის სხვა მხარის კედლებს შორის უჩინრად ჩადიოდა, ისე რომ ვერავინ ხედავდა. გარედანაც კი გამორიცხული იყო ვინმეს შეემჩნია ორ კედელს შუა მოქცეული უჩინარი ჩასასვლელი.
სახლის ქვეშ სარდაფში ჩასულები პატარა ოთახში აღმოჩნდნენ. ეს ოთახიც შეუმჩნეველი იყო. სარდაფში სულ სხვა მხრიდან შეიძლებოდა ჩასვლა, მაგრამ იქიდან არავითარი სხვა გასასვლელი არ არსებობდა. ეს უჩინარი ოთახი კი ისევე იყო კედლებს შორის იყო მიმალული, როგორც აქ ჩამოსასვლელი კიბე.
დადამ ცარიელ პატარა ოთახს თვალი მოავლო, კედლები წითელი აგურით იყო ამოყვანილი. პატრონმა ერთ-ერთ კუთხეში კედელს მიაწვა და პატარა სარკმელივით კარი შეხსნა, მის უკან კი რკინის კარი გამოჩნდა.
პატრონმა დადა სეიფთან მიიყვანა. მისივე ხელი აიღო, დადას თითითვე აკრიფა კოდი:
- დაიმახსოვრე ეს ციფრები! შესძლებ?
დადამ თავი დაუქნია. ციფრები მარტივი ადვილი დასამახსოვრებელი იყო, სამაგიეროდ კი ადვილი გამოსაცნობი სულაც არ იქნებოდა. არავის მოუვიდოდა აზრად ესე მარტივად გაეტეხა, ყველა ეცდებოდა დაბადების წლები ან ოჯახის რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღით გახსნას, ასე კი - 123... 321... 123... 321 - სულ ასე უბრალოდ და მარტივად მეორდებოდა.
სეიფის კარი გაიხსნა. ფარნის შუქზე ოქროსფერი სხივები აელვარდა. დადა გაკვირვებული შეჰყურებდა. სეიფი სავსე იყო, აგურებივით დაწყობილი ოქროს ზოდებით.
პატრონი ერთ ზოდს დასწვდა და მძიმედ შეათამაშა ხელში:
- აი ამის ნახევარიც კი არ ღირს მთელი ჩვენი ქონება! მარტო ეს ერთი ზოდი გეყოფა და თუ გონიერად მოეკიდები მთელს ცხოვრებას აგიწყობს! მხოლოდ თუ მართლაც ჭკვიანურად მოიხმარ!
დადა გაოცებული შეჰყურებდა. ეს ოქროს ზოდების გროვა, მისთვის ქონებრივ ღირებულებას სულაც არ წარმოადგენდა, მხოლოდ მისი ოქროსფერი კრიალით მოიხიბლა და ზოდის სიმძიმემაც გააკვირვა.
პატრონმა მერე აქედანაც ეზოში გასასვლელიც ასწავლა და თან კატეგორიულად გააფრთხილა:
- ეს არავის არ უნდა იცოდეს! არც ერთ შემთხვევაში არავის არ უნდა გაუმხილო!
დადა დიდად ვერ ჩასწვდა არსს, რატომ ასე გულმოდგინედ აფრთხილებდა პატრონი, მაგრამ მაინც თავს უქნევდა.
- ზეკმაც კი არაფერი იცის და არც არასდროს უნდა გაიგოს! კარგად დაიმახსოვრე! - კვლავ უხსნიდა პატრონი და დადაც ისევ თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
ცხადია, ყველაფერი კარგად ესმოდა. ზეკიც მათი ოჯახის წევრია, მაგრამ მოურჯულებელია, შეიძლება ადვილად გაფლანგოს, ამიტომ პატრონი დადას აბარებს ყველაფერს და ქონების უფროსადაც ნიშნავს, თუმცა დადას ბევრი არაფერი უნდოდა, მაგრამ მაინც ასე იყო საჭირო.
„ეს ოჯახის ქონებაა! და მისი ღირსება და ღირებულება მე უნდა დავიცვა!“
ფიქრობდა გოგონა თავისთვის, თუმცა სულ მაინც ბოლომდე ვერ ხვდებოდა რა საჭირო იყო ამდენი.
- ისედაც საკმარისი ქონება გვაქვს და ეს მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, თუ აუცილებლად, ძალიან, ძალიან აუცილებლად საჭირო გახდება!
დადამ კიდევ ერთხელ დაუქნია თავი და ტუჩებთან თითის მიდებით ანიშნა ჩუმად ვიქნებიო...
სწორედ ახლა, ამ საიდუმლო კიბით აღმოჩნდნენ გალერეაში. დადას მშვენივრად ჰქონდა დამახსოვრებული საიდუმლო კიბე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, მაგრამ რადგან პატრონმა კატეგორიულად გააფრთხილა მარტო მე და შენ უნდა ვიცოდეთო, საიდუმლოს მკაცრად ინახავდა. ახლა კი იძულებული გახდა დაერღვია პირობა, თუმცა მხოლოდ გასასვლელი გაუმხილა მებაღეს, კედელში ჩამალულ სეიფზე და ოქროს ზოდებზე არაფერი მიანიშნა.
სიბნელეში გზას ძლივძლივობით, ხელის ცეცებით მიარღვევდნენ. მებაღე მიხვდა დადამ გზა იცოდა და წინ მიუშვა.
გალერეაში შუქი ანთებული დაუხვდათ. დადა ხშირად ტოვებდა ასე. ჯერ დადა შევიდა მერე მებაღე. დადამ კი მოულოდნელად, ნებით თუ უნებლიედ მის ზურგს უკან კარი ჩაკეტა.
შესულებიც კი არ იყვნენ, რომ პატრონის ფეხის ხმაც მოისმა. მებაღეს უნდოდა უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ რომ მოიხედა ვეღარ გაეგო საიდან და როგორ უნდა გაეღწია იქიდან. მათ უკან კარი ისე ჩაიკეტა, რომ კედლის მეტს ვერაფერს ამჩნევდა.
ერთი კი მოასწრო და წაუჩურჩულა:
- აქედან როგორ გავიდე?
დადას არც მოუხედავს მისკენ. ყურები ჰქონდა დაცქვეტილი. იმ კარს შეჰყურებდა საიდანაც სადაცაა პატრონი შემოვიდოდა.
დრო აღარ იცდიდა, რაიმე უნდა ეღონათ. დადამ უცებ მებაღე შუა ოთახში მდგარ ტუმბოზე დასვა, თავად ალბომს სტაცა ხელი და პატრონიც შემოვიდა.
გოგონა ყურებამდე გაღიმებული შეხვდა. პატრონმა გაკვირვებული მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო.
მებაღემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ დადამ სქელი ფანქარი მოლბერტზე დააკაკუნა და ამ ფანქრითვე, მკაცრი სახის გამომეტყველებით ანიშნა ადგილზე იჯექიო. მერე თავი ჩარგო და კვლავ სერიოზული სახით მუშაობა განაგრძო.
- ისევ ღამეს ათენებ და არ გძინავს? ჩემს მოსვლას ხომ არ უცდიდი? - გაეღიმა პატრონს.
გოგონამ ღიმილითვე დაუქნია თავი.
დადას ახირების ამბის გამო, პატრონს მებაღის სტუმრობა მაინდამაინც არც გაჰკვირვებია, თუმცა საკმაოდ გვიანი კი იყო და მაინც არ ესიამოვნა.
„ალბათ, შემოაღამდათ.“
ჯერ გაიფიქრა, მაგრამ მერე შეამჩნია, რომ გალერეაში საკმარისზე მეტად ციოდა. ბუხარიც კი დიდი ხნის ჩამქრალი ჩანდა.
„ნუთუ არ სცივათ? ან ეს კაცი ასე შიშველი, რომ დაუსვამს, ამას მაინც არ სცივა?“
პატრონმა მებაღეს ახლა უფრო სხვა თვალით შეხედა. თითქოს სულაც არ ჰგავდა იმ კაცს ვინც თავიდან სამუშაოდ აიყვანა. სადღაც ორმოცწლამდე მიღწეული კაცი, საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ვიდრე, როგორც ადრე ეგონა დაჩაჩანაკებული ნაადრევად მოხუცებული დაუძლურებული მათხოვარი.
პატრონი ჩაფიქრდა. ახლა უფრო დაკვირვებით დაუწყო მებაღეს თვალიერება.
დადამ პატრონის სახეზე შეშფოთება შეამჩნია თვალები მოიფშვნიტა და მთქნარებას მოჰყვა. მებაღეც მიუხვდა დადას ეშმაკობას, სწრაფად აუღო ალღო და მთქნარებაში გოგონას მიბაძა.
დადა წამოდგა ალბომი კედელთან მიაყუდა ისე, რომ ვითომ არ უნდოდა წინასწარ ვინმეს ენახა მისი დაუმთავრებელი ნამუშევარი.
მებაღესაც ანიშნა თავისუფალი ხარო. უგო დაღლილივით ზანტად წამოიმართა და წასასვლელად მოემზადა, თანაც თავის მართლებასაც მოჰყვა:
- წვიმაში დავსველდი, ბატონო და...
პატრონი მიუხვდა მებაღეს მეტი ტანსაცმელი არ გააჩნდა.
- კი მაგრამ, მერე რატომ არ მოითხოვ ახალ სამოსს? - თითქოს საყვედურით მიმართა პატრონმა. - მე ხომ არავის ვტოვებ ისე? მსახურებს სულ ჩხუბი მოსდით ჩემი დარიგებული ტანსაცმლის გამო, შენ კი ამდენი ხანი აქ ხარ და ერთხელაც არ მოსულხარ და არც არასდროს არაფერი გითხოვნია და რატომ?
მებაღემ დარცხვენით ჩაღუნა თავი და უფრო მეტად მოიბუზა. თითქოს წელში გამართვას ერიდებოდა, იქნებ არც უნდოდა პატრონს მისი ძლიერი სხეული შეეთვალიერებინა.
პატრონმა ოთახიდან გასვლა დააპირა, კართან მობრუნდა მებაღეს უთხრა:
- აქ დამელოდე! - ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
დადამ და მებაღემ შვებით ამოისუნთქეს, ყველაფერი ასე ადვილად მოგვარდა. დადამ კიდევ ერთხელ ანიშნა საიდუმლო გასასვლელზე და ტუჩებთან თითი მიიდო - არავის უთხრაო.
მებაღემაც გაიმეორა დადას ჟესტი და ჩუმად უთხრა:
- სუუუ, სუუუუ!
პატრონი მალევე დაბრუნდა. მებაღეს რამდენიმე პერანგი, პიჯაკი და შარვლები გადასცა:
- ხვალ დილიდან მოდი და ფეხსაცმელებსაც გამოგიძებნი! მებაღე მადლიერებით აივსო. დადამ სიხარულისგან ტაშიც კი შემოჰკრა და პატრონს გახარებული ჩაეხუტა.
LEX. 2016 წლის 5 თებერვალი, პარასკევი
No comments:
Post a Comment