Sunday, January 14, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 8)

8. 
ეზოს მკრთალად ანათებდა სახლის ფანრებიდან გამომავალი შუქი. მიმიმ ძლივს გაიკვლია გზა მხატვრის სახლამდე. იცოდა, კარი ბოლომდე ისედაც არ იკეტებოდა და ერთი მიწოლაც საკმარისი იყო. შესვლისთანავე, რაღაც მძაფრი სუნი ეცა, ოთახი კვამლით იყო სავსე, სუნთქვა ჭირდა. 
მიმიმ კარი ბოლომდე შეაღო:
- ცოტა სუფთა ჰაერი, არ გაწყენდა. 
სავარძელში თავ გადაკიდებულმა მხატვარმა წარბები ასწია, შეეცადა თვალები უკეთ დაეჭყიტა. მერე მიმის გაუღიმა და თავისი ხელით შეკეთებული სიგარეტი გაუწოდა: 
- გამომართვი, მოგიხდება. 
მიმიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. 
მხატვარმა კვლავ შესთავა: 
- აჰა, მოგიხდება-მეთქი! 
- არა, არ მინდა! სიგარეტსაც კი დავანებე თავი რა ხანია. 
- სიგარეტი ჩვევაა - Дурная привычка! ეს კი ცოტა, აზრზე მოგიყვანს. 
მიმიმ მხრები აიჩეჩა:
- მშვენივრად ვგრძნობ თავს! 
- ჰოოო?.. ვითომ?.. მაშინ ამ დროს აქ არ მოხვიდოდი. – მხატვარმა  ღრმა ნაფაზი დაარტყა და ისევ გაუწოდა მიმის: - ყველასგან და ყველაფრისგან გამოქცეულო! იგემე შხამი ბუნებისა და განიწმინდე დარდებისგან! 
ორივეს გაეცინა.
მიმიმ სიგარეტი ჩამოართვა, სავარძელში მოკალათდა. ორიოდ ღრმა ნაფაზის მერე სახე გაებადრა, მთელი სხეული მოეშვა. გრძნობდა, როგორ გამოდიოდა მისი სხეულის ყოველი უჯრედიდან უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები, ჰაერში ორთქლდებოდა და მისი დაძაბულობაც სადღაც გაქრა.
„ფიფო ალბათ ახლა სკდება რეკვით. ტელეფონი ჩანთაში მაქვს, ჩანთა მანქანაში, მანქანა კი ქუჩაში.“
ეღიმებოდა მიმის.
„დიახაც! რაღაცას მივაგენი და სწორადაც მივხვდი! მერე როგორ არ უნდოდა ფიფოს დამარცხება ეგრძნო. ჰმ, როგორ ეწყინა ბიჭს, გული მოუვიდა! იმის მაგივრად, რომ გახარებოდა, ამას ეწყინა! ეწყინა! ეწყინა! დიახაც ეწყინა! თანაც, მგონი შეშურდა კიდეც. ჯიუტი! მაინც თავის სიტყვაზე იდგა! ჰოდა, იდგა და იდგეს!“ 
გონებაში აირია რაღაც სასიამოვნო და ამღვრეული ნისლივით გაიფანტა. მალე ამას დაემატა კიდევ რაღაც ახალი შეგრძნება. თითქოს ნაცნობიც თითქოს... 
საშინელი შიმშილის გრძნობა, ისე დაეუფლა მთელს სხეულს, რომ ლამის კუჭი ამოაწვა ყელში და რაღაც გაჩხერილი ბურთივით ჩასუნთქვის ნებას არ აძლევდა. 
ამ დროს თითქოს, მის სულში იჯდაო, მხატვრის მშვიდი ხმაც მოესმა: 
- არ გშია? 
სანამ მიმი მხატვართან ერთად, გემრიელად შეექცეოდა შუაღამით შემწვარ კარტოფილს, ფიფო დამწყვდეული ლომივით გადი-გამოდიოდა კაბინეტში. არადა, როგორი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ამ საქმეს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ახლა კი, ყველაფერი უკუღმა ამოყირავდა. 
„თუ ამ სახეების მოსვრა, მართლაც რამეს ნიშნავს, მაშინ ყველგან ერთი ხელწერაა და ქალაქში, სერიული მკვლელი დადის...“ 
- ჰმ, მიმი, მიმი... არა, ქალი, მაინც რა კუდიანია...
და ისე ძლიერ მოუნდა მისი ხმის გაგონება, რომ დიდ ხანს არც უფიქრია, ტელეფონს დასწვდა. 
მიმი არ პასუხობდა.  
„ალბათ სძინავს... ან გაიბუტა...“ 
ფიფოს გაეღიმა. 
შინ მიმავალმა, შორი გზიდან მოვლა არჩია. ასე მიმის სახლსაც ჩაუვლიდა. მის მანქანაზე, თავისივე ხელით, პატარა ბარათზე დახატულ ნიღაბს დაუმაგრებდა. დილით კი ამ პატარა ბარათს, რომ იპოვნიდა, მიმის უეჭველი გაეღიმებოდა და განაწყენებულ გოგოსაც შემოირიგებდა. 
საშინლად აღელდა, როდესაც მიმის მანქანა ეზოში არ დაუხვდა. ახლა უფრო გამალებით დაუწყო რეკვა. მიმი კვლავ არ პასუხობდა.
„გამაგიჟებს ეს გოგო!.. სად დადის ამ შუაღამისას?!“ 
წამოწვიმა. 
გარეთ აქეთ-იქეთ სიარულს, ისევ მანქანაში ლოდინი ამჯობინა. 
„სად წამივა?.. ბოლოს და ბოლოს, ხომ მოვა სახლში.“ 
გაგულისებულმა სიგარეტის ცარიელი კოლოფი ფანჯრიდან მოისროლა. 
გვიან ღამით, მიმის მანქანის შუქის შემონათებამ, მის ლოდინში საჭესთან ჩაძინებული ფიფო შეაღვიძა. 
სანამ გამოფხიზლდა მიმი უკვე სახლში იყო ასული. 
ისევ ტელეფონს ეცა. 
მიმიმ კვლავაც არ უპასუხა. 
LEX. 2016 წლის 29 აპრილი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1737861166456173

No comments:

Post a Comment