Sunday, January 14, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 9)

9. 
ენაგადმოგდებული გარბოდა. დილის ნისლი ხელს უშლიდა, რომ წესიერად დაენახა ნაწვიმარი ქალაქის ქუჩები. გარბოდა და არ იცოდა საით. ის კი კარგად უწყოდა ვისაც გაურბოდა, მაგრამ გასაქცევიც უკვე აღარსად ჰქონდა. სუნთქვა უჭირდა ლამის გული ამოუვარდა, მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო. 
„წყეული ფიფო“, ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. 
ქუჩის ბოლო ვიწრო, დამრეცი ჩიხით მთავრდებოდა. იქამდე თუ მიაღწევს, მერე იქიდან იქნებ, სადმეც გადაძვრეს და მოახერხოს მიმალვა. 
მდევარი ფეხდაფეხ მოსდევდა. მთელი ლეგიონი გამოენთო მის დასაჭერად. ამდენ ხალხს ასე ადვილად სად წაუვიდოდა, რომ არა შემთხვევით, ერთ ძველ იტალიური სტილის ეზოში ნახევრად მინგრეული სადარბაზოს კედლებში რომ არ მოხვედრილიყო.
სახლი თითქოს ორმაგი იყო. დიდი ქვით ნაშენები, ძველი სამსართულიანი შენობა, გარედან უფრო ჩამკვდარი იყო, ვიდრე ეზოდან. ეზოს კი ყოველ სართულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული აივნები გადმოჰყურებდა. 
ეზოს მხრიდან შემავალ სადარბაზოში, სულმოუთქმელად არბინა გრძელი დახვეული კიბე და სხვენზე აღმოჩნდა. სხვენი, უამრავი ნაშალი ქვებითა და აგურებით გამოვსებულ, ერთ დიდ გალერეას წარმოადგენდა. ზოგან ძველი დანგრეული ავეჯის გროვა და ფიცრებიც ეყარა. მიძვრებოდა ამ ნაგვით სავსე ტალანში და თითქოს ბოლოც არ უჩანდა.
„სადღაც ხომ მაინც იქნება გასასვლელი.“ 
თავს იმშვიდებდა ფიქრით.
რაც მთავარია, ფიფოს და მის სპეც.რაზმს დაუსხლტა ხელიდან. ეძებონ ეხლა ეზო-ეზო და იკითხონ კარდაკარ. 
ქვემოდან ხმები ამოდიოდა, აშკარა გახდა რომ ქუჩის მხრიდანაც მოუარეს და როდესაც სხვენშიც დაიწყეს ამოსვლა, უკვე იქ დამალვაც საშიში გახდა. სადღაც, რომელიღაც სართულზე ჩაძვრა და კედლის ნაპრალიდან დაიწყო თვალის დევნება. 
ყველაფერი რაღაც წამებში მოხდა, ვიღაც ფოტოაპარატიანი შტერი გოგო ამ უკაცრიელ სართულზე და გიჟივით შემოვარდნილი არმია. 
მთელი ეზო გადაჩხრიკეს, გარეთა უმოქმედო სადარბაზოებშიც ერთი ბრაგა-ბრუგი ატეხეს, მაგრამ ამაოდ, მის კვალს ვერსად მიაგნეს. 
როგორც იქნა, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ამდენი სირბილისგან გაოფლილი, სველმა ტანსაცმელმა საშინლად შეაწუხა. კედელს მიეყრდნო, სიგრილემ სასიამოვნოდა დაუარა, თვალებდახუჭული წუთით გაირინდა. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, მაგრამ ვინ აცალა. ჩახველების ხმამ გვერდით გაახედა. 
ძველ სპორტულ პიჟამოებში გამოწყობილი კაცი, ხელის ქნევით ეპატიჟებოდა: 
- აქეთ წამოდი! მაქედან გზა ჩაკეტილია, ვერ გახვალ! 
თავისდაუნებურად კვალში მიჰყვა. კაცმა გრძელი დერეფანი გაატარა. ერთ დიდ ოთახში შევიდნენ, იქედან სხვა დამაკავშირებელი გასასვლელით, ისევ ეზოს მხარეს აღმოჩდნენ.
გრძელი აივანი, მთლიან ეზოს არტყამდე წრეს. ზოგან შემინული იყო და გასასვლელიც, კარით იკეტებოდა, ზოგან კი ღია იყო და გაშლილი. 
მოხუცი ერთ-ერთ კართან შეჩერდა: 
- მოდი შემოდი, შენი თვალით ნახე აბა ბინა! 
- რააა... რააა ბინა?.. – ძლივს წაილუღლუღა. 
- კაცო! წეღან ხომ დამირეკე? და მალევეც მოხვედი. გეტყობა გეჩქარება ბინა. თანაც, ხო შევთანხმდით ორი თვისა წინასწარ მინდა! 
ახალგაზრდა კაცმა უნებლიეთ ხელი ჯიბისკენ წაიღო.
სახლის პატრონმა მისკენ გაწვდილ ფულს დახედა: 
- აქ მარტო თვენახევრისა არი! ეგრე იყოს, მერე ბარგს რო მოიტან, მერე დამიმატე. ხო კაი ოთახია? 
- კი კარგია. მყუდროა და სუფთა. 
- ხოდა, აჰა გასაღები და მოისვენე დაღლილი იქნები. თუ რამეში დაგჭირდე, ეგერ აივნის ბოლოში გამოდი, იქა ვცხოვრობ. - მოხუცი თავის საცხოვრებლისკენ წაფრატუნდა. 
ოთახი დიდი იყო, მაღალჭერიანი, ორი გრძელი ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა, მხოლოდ არა იმ ყრუ ქუჩას, სადაც ყრუ და გაუქმებული სადარბაზოები იყო, პირიქით, ფანჯრების მხარეს ქუჩა, ბევრად უფრო ხმაურიანი და ხალხმრავალი აღმოჩნდა. 
ავეჯიც საკმარისად იდგა, ოთახი სუფთა და მოწესრიგებული იყო. 
საწოლზე გაუხდელად მიეგდო. ჭერზე მოხატული ანგელოზები ძირს დაეშვნენ და თვალის გუგებზე დაუფინეს ზეთისხილის რტო.
ყველაფრისგან დაღლილს და დაცლილს ღრმად ჩაეძინა. 
 LEX. 2016 წლის 2 მაისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1738960303012926

No comments:

Post a Comment