დიმეოს სიტყვებმა, სხვენში მობინადრე მოხუცი ქალი პიპას მეძახისო, წამით ერთ ადგილას გააშეშა. თუმცა, მაშინვე მოეგო გონს. ბავშვს თბილი ღიმილით გამოხედა და ოთახი მყისვე დატოვა.
ახლა ეს საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, როგორმე ახალგაზრდა ადვოკატისთვის ისე უნდა აეხსნა ყველაფერი, რომ ზედმეტი კითხვები აღარ გასჩენოდა და თან საიდუმლოც სათანადოდ შენახულიყო. ცალკე მიზეზის მოფიქრებაც გახდა საჭირო, რომ რაც შეიძლებოდა სასწრაფოდ ჩამოსულიყო ჩუკი და ასე პირისპირ გასაუბრებოდა. მოგვიანებით, დეტექტივს შეეხმიანა. ბავშვისთვის უფრო დიდი ზომის პამპერსები გახდა საჭიროო, ფიფოსაც წამლები უთავდებოდა და წინასწარ უნდოდა თადარიგის დაჭერა, თან მოინახულებ კიდევაცო და ისე სასხვათაშორისოდ, ჩუკის ჩამოყვანაც სთხოვა, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო.
- ჩუკის ვერანაირად ვერ ჩამოვიყვან. - უხსნიდა გალეო. – ჯერ ქიმია ხომ ჩაიტარა.
- კი, მახსოვს. - მიუგო პიპამ. - მშვენივრად გადაიტანა მაშინ და მერე აქეთაც იყავით ჩამოსული.
- ახლა დასხივების კურსი გაიარა, მაგრამ რატომღაც უფრო უარესად არის.
- ვაი, მართლა? - პიპა საშინლად შეწუხდა.
- ასე იცისო, თავიდან ძალიან მძიმედ იქნება და მერე თუ გადაიტანს, უფრო უკეთ გახდებაო და რა ვიცი? - გალეომ ამოხვნეშა. - ძალიან მძიმედ კი გადააქვს.
- რა სამწუხაროა. - დანანებით მიუგო პიპამ. - არადა, როგორი კარგი ბიჭია და ასე რატომ უნდა იტანჯებოდეს.
- ეჰ...
- მაშინ შენ მაინც ჩამოდი და ცოტა ხნით შემცვალე აქ. - შეაპარა პიპამ. - ჩუკისაც მოვინახულებ და რაც იქნება საჭირო მე თვითონ ჩამოვიტან.
პიპას ახლა უფრო აწყობდა გალეოს ჩამოსვლა, მიმიც მარტო არ იქნებოდა. თავად კი ქალაქში ჩავიდოდა, რადგან აუცილებლად უნდა ენახა ჩუკი და ბარემ ბოლომდე გაერკვია, თუ რა იცოდა მის შესახებ და რა - არა.
- ხვალ, დილიდანვე წამოვალ. - გალეო უყოყმანოდ დაეთანხმა. - მომწერე კიდევ რა გჭირდებათ, რომ წამოვიღო.
- ისე სჯობს ქირურგიც ჩამოგეყვანა, ბავშვსაც გასინჯავდა ბარემ.
- რამე პრობლემაა? - შეშფოთდა გალეო.
- არა, ისე. პროფილაქტიკისთვის. - მიუგო პიპამ. - მიმიც უფრო დამშვიდდება.
- თუ მხოლოდ მაგაშია საქმე, მაშინ რა პრობლემაა? ჩამოვიყვან!
- ძალიან კარგი, და... - პიპა შეყოვნდა. - შენი მანქანა უნდა მათხოვო.
- არ მინდა ტელეფონში ზედმეტი კითხვები დაგისვა, რადგან ვფიქრობ, რომ ტყუილად არ მთხოვდი ჩამოსვლას და მაინც გკითხავ, მშვიდობაა?
- ყველაფერი სტაბილურად. - დინჯად მიუგო პიპამ. - უბრალოდ, რაღაც პატარა საქმე გამომიჩნდა ქალაქში და მიმის და ბავშვების უმეთვალყუროდ დატოვება არ მინდოდა.
- დაცვის ბიჭებს გამოვაგზავნიდი, მაგრამ შენ კატეგორიულ უარზე ხარ და... - უკმაყოფილოდ მიუგო გალეომ. - არა, არც გაიფიქრო, რომ მანდ ჩამოსვლა მეზარებოდეს ან...
- არც მიფიქრია. - მყისვე უპასუხა პიპამ. - უბრალოდ, დაცვის სახეს და აქ უცხო-უცხო ხალხის ტრიალს, მაინც შინაურული იერი სჯობს მიეცეს ამ ყველაფერს, ვიდრე ოფიციალური და ვფიქრობ, ხვდები თუ რატომაც.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა გალეომ. - და შენ რა საქმე გაქვს ქალაქში, ჩემი დახმარება ხომ არ არის საჭირო?
- არაფერი ისეთი, მხოლოდ პირადული და რაც შეეხება დახმარებას, სულ მცირედი მაინც დამჭირდება შენგან.
გალეო უყოყმანოდ დაეთანხმა, თუმცა არც უკითხავს, თუ რა სახის დახმარებას სთხოვდნენ.
მშვენიერი ვარიანტი იყო ქირურგის ჩამოყვანაც, პიპაც ბევრად მშვიდად იქნებოდა და ჩუკისთან საუბარსაც მეტი დრო დაეთმობოდა.
დილიდანვე მიმისაც ახარა დღეს სტუმრები მოდიანო და დიმეოსაც მათ მოლოდინში ლამის სული მისდიოდა, რადგან შეიტყო, რომ ქირურგთან ერთად ანდრა და ვაჩეც მოდიოდნენ.
სტუმრების ჩამოსვლისთანავე პიპამ მაშინვე გალეოს მანქანით, ქალაქისკენ გასწია. გალეო კი, ვერაფრით მიმხვდარიყო, თუ რისთვის სჭირდებოდა მისი მანქანა, როცა იქ სოფელში ორი და თანაც საუკეთესოდ გამართული მანქანა ედგათ ფარეხში და არც საწვავის პრობლემა იყო.
პიპა კონსპირაციულად მოქმედებდა. ქალაქში გალეოს მანქანით ჩავიდა. შემდეგ სხვა მანქანაში გადაჯდა, თუმცა ამისათვის, რამდენიმე უბნის გავლა მოუწია ფეხით და სწორედ იმ მეორე მანქანით ეახლა ჩუკის.
პიპას გული შეუღონდა, როცა ახალგაზრდა ადვოკატი ასეთ უმწეო მდგომარეობაში იხილა. ჩუკის მიტკლის ფერი დასდებოდა, საკმაოდ ნელა და დინჯად საუბრობდა, აშკარა იყო რომ საუბარი უჭირდა, თანაც ცდილობდა არაფერი შეემჩნია და ძალდატანებითაც უღიმოდა ამ მოულოდნელ სტუმარს.
პიპა ყველაფერს ხვდებოდა და რაც შეიძლებოდა სახალისო ამბებით ართობდა მწოლიარე მეგობარს. ბოლოს ისევ ჩუკის მობეზრდა ამ კომედიის თამაში და უკვე პირდაპირ მიახალა, შეგიძლია უპრობლემოდ მითხრა, ზუსტად რისთვისაც მოხვედიო.
- მიმიმ რატომ არ იცის, რომ მისმა შვილმა დნმ-ს ტესტი ყველასგან მალულად გაიარა? - მაშინვე დაუსვა პიპამ კითხვა.
- ეს ტესტი, საკმაოდ უწყინარი იყო და არავის მოუტანდა ზიანს. - დინჯად დაიწყო ჩუკიმ. - პირიქით, დედას ძალიან გაახარებდა თუკი მის წარმომავლობას აეხდებოდა ფარდა. ასე იფიქრა ბავშვმა და მეც მხარი ავუბი.
- ზოგჯერ შეიძლება სრულიად უწყინარმა ქმედებამ, დიდი ზიანიც მოგაყენოს.
- სრულიად გეთანხმები. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - თუმცა, მაინც არ მესმის...
- მე რა მანაღვლებს, არა? - ირონიულად მოუჭრა პიპამ.
პასუხად ჩუკის ცალყბად გაეღიმა.
- მე მხოლოდ და მხოლოდ, ამ ოჯახის მშვიდობა მანაღვლებს და მაფიქრიანებს, რადგან უკვე ყოველი მხრიდან ველი საფრთხეს.
- კი, მესმის. - თავი დაუქნია ჩუკიმ. - მაგრამ გარწმუნებ, იქ საგანგაშო არაფერი იყო.
- შენ თვითონ იყავი იქ? გაიცანი ის მოხუცებული ქალი? - ზედიზედ მიაყარა პიპამ.
ჩუკიმ უხმოდ დაუქნია თავი.
„ესე იგი, ჩემი ფოტოებიც ნახე იქ და ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ასე დაჟინებით მაშტერდები, არა ყმაწვილო.“
მაშინვე გაუელვა პიპას, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
წუთით დუმილიც კი ჩამოვარდა. სათქმელიც და საკითხავიც ბევრი იყო, მაგრამ თითქოს
ხმის ამოღება არც ერთს არ სურდა.
- ის ქალი, ბებიაჩემია! - მოულოდნელად წამოისროლა პიპამ. - და იმ ძველ ფოტოებზეც მე
ვარ!
ჩუკიმ თვალები დაჭყიტა.
- და რაც შეეხება დიმეოსთან მსგავსებას. - განაგრძო პიპამ. - საერთო წინაპრები გვყავს და
ძანესაც რაღაც ასპექტში ძმად ეკუთვნის.
- ამიტომაც სულ იმას გაიძახის, ძმები ვართო. - ჩაურთო ჩუკიმ.
- ასე გამოდის.
- და მაინც, რატომ ცხოვრობს ის ქალი ასე განდეგილად, იმ სხვენში?
- ჰაჰ! - გაეცინა პიპას. - ისევ იქ არის?
- დიმეომ მიმიყვანა იქ ცხოვრობსო და მარტოხელა არისო. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - ძანეს
სახლშიც არ ჩერდებაო.
- ყოველთვის ასეთი უცნაური იყო. - ღიმილით გააქნია თავი პიპამ. - ყველას მის ჭკუაზე
უნდოდა რომ ევლო და მის ხუშტურებსაც ბოლო არ უჩანდა.
- ესე იგი, გამოდის რომ მარტოხელა სულაც არ ყოფილა? - ეღიმებოდა ჩუკისაც.
- ოფიციალურად, ნამდვილად არ არის, თუმცა არავის დანახვა არ სურს, რადგან მართლა მარტოსულია.
- ცოტა არ იყოს, მაინც მიკვირს. - დაიწყო ჩუკიმ. - რა აქვს დასამალი, ან საჩუმათო? ან მიმიმ რატომ არ უნდა იცოდეს? დიმეოს თხოვნით, ძანეს ბებიასთანაც არაფერი უნდა მეთქვა იმ ქალზე.
- როგორ ფიქრობ? - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - ძანეს ბებია-ბაბუამ არაფერი იცის? აბა საჭმელს ვინ აჭმევს? ან მომვლელის ფულს ვინ უხდის? ახლა არ თქვა, თავისი პენსია, ხომ აქვსო.
- არა, პენსიით მართლა დღეს ერთ სადილს თუ შეჭამ. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - წამლებზეც კი არ ეყოფა.
- რაც შეეხება ასეთ საიდუმლოებებს, სულ სხვა ახსნა აქვს და ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებს.
- რა თქმა უნდა, მაინტერესებს. - ღიმილით მიუგო ჩუკიმ.
- და ის თუ იცი, რომ სხვის ოჯახში ცხვირის ზედმეტად ჩაყოფა, არ არის კარგი საქციელი.
- მშვენივრად ვიცი, ეგეც. - ჩუკიმ კვლავ ღიმილით გააქნია თავი.
- მაგრამ რადგან შენსას არ იშლი და რაღაც სხვა წყაროებიდან რომ არ დაიწყო გამოქექვა, სჯობს ისევ მე აგიხსნა.
- არა, არც მასეა საქმე. - თავი გააქნია ჩუკიმ. - მართლაც, რა ჩემი საქმეა სხვის ოჯახში ცხვირის ჩაყოფა და არც ვაპირებ, რამის გამოქექვას, რაც გავიგე, ესეც საკმარისი იყო.
- შეიძლება საკმარისიც იყოს, მაგრამ ცოტაოდენს, მაინც დავამატებ. - მიუგო პიპამ. - ძანეს ოჯახს და არც სხვენში განდეგილად მცხოვრებ მის დიდ ბებიას, არანაირი ფინანსური პრობლემები არ აქვთ და არც ექნებათ, რადგან ფიფოს ოჯახის მფარველობის ქვეშ იყვნენ მუდამ და ასეც გაგრძელდება, სანამ დიმეო დიდი კაცი არ გახდება და უარს არ იტყვის თავისი ნათესავების დახმარებაზე.
- დიმეო არ არის ისეთი ბიჭი, რომ უმწეო ხალხზე დახმარება არ გაწიოს. - ჩაურთო ჩუკიმ.
- ჰოდა, მაშინ ასე გაგრძელდება მუდამ!
- ძანე ძალიან უყვარს, რაღაცნაირად სხვანაირად არის მის მიმართ და ძანესაც ჭკუა ეკეტება დიმეოზე.
- ძალიან კარგია. - გაუხარდა პიპას. - დიმეომ გარდა იმისა, რომ ძმად მიიღო, ძანეს უმწეობასაც მშვენივრად ხედავს და სულ მის დაცვას ცდილობს. სხვათა შორის, მიმის სულაც არ უყვარს თავის ქველმოქმედებაზე საუბარი, ამიტომაც არ ყოფილხარ ადრე იმ მოხუცი ქალის შესახებ ინფორმირებული, ახლა რაც შეეხება უფრო მეტ და უფრო დიდ, ნამდვილს საიდუმლოს. - პიპამ ხმას დაუწია. - ჯერ ვერც ჩემებს მოვინახულებ და ბებიაჩემთანაც თუ გამოვჩნდი, მაშინვე გავიშიფრები ბოლომდე და ვეღარც ფიფოს ოჯახს დავიცავ. ახლა ასეა და მერე, ვნახოთ.
- გასაგებია. - დაბალი ხმითვე მიუგო ჩუკიმ.
გაუგებარი მართლაც არაფერი იყო. ამას ისედაც ვარაუდობდნენ გალეო და ჩუკი, რომ ეს მწირი, თუ ვიღაც, ნამდვილად ფიფოსთან დაახლოებული პირი იყო, ამიტომაც არ სურდა ჯერ ხალხში გამოჩენა და ალბათ, მართალიც იყო.
პიპა კმაყოფილი წამოვიდა ჩუკისგან. მშვენივრად აუხსნა და დაულაგა ყველაფერი და ახალგაზრდა ადვოკატმაც ზუსტად ისე გაიგო, როგორც უნდა გაეგო.
უკან იმავე გზით დაბრუნდა. ჯერ იმ მანქანით წამოვიდა, რითიც სტუმრად იყო და ერთ-ერთ უბანში გააჩერა. მერე ისევ ფეხით იარა. რამდენიმე ქუჩის გავლით სხვა მანქანაში ჩაჯდა და ისე დაბრუნდა სოფელში.
მიმი სტუმრებს დარჩენას სთავაზობდა. ასე გვიან მგზავრობას არ გირჩევთო. მერე დიმეომაც სიხარულით აუბა მხარი, ზედა სართულზე სულ ცარიელი ოთახებია გვაქვსო. ცოტა ქირურგი იხევდა უკან, მაგრამ ახლა გალეომ შეაფუცხუნა, აცალე ბავშვებს სუფთა ჰაერზე ყოფნაო, რითაც არამარტო დიმეო, ვაჩე და ანდრაც გულით გაახარა.
პიპამ ახალგაზრდა ადვოკატთან ყველაფერი გაარკვია, და ყოველ კითხვასა თუ ნაამბობს, თავისი ადგილი ისე მიუჩინა, რომ ზედმეტი კითხვები აღარც გაჩნდებოდა. ამით ვითომ გულზე მოეშვა და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ახლა დეტექტივთან ჰქონდა ცალკე გასარკვევი და დასალაგებელი ამბები. გალეო თვალს არ აცილებდა, სულ ცდილობდა დაემარტოხელებინა, რომ ბოლოს და ბოლოს გაერკვია, რა თამაში იყო, ასე მანქანების ცვლა და მერე უბან-უბან ფეხით სიარული ან საერთოდ სად იყო? რა საქმე ჰქონდა ასეთი, რომ მეგობრებსაც უმალავდა.
როგორც იქნა, ყველამ საძინებელს მიაშურა. დეტექტივი უკვე ცმუკავდა და ფიფოსთან ელოდა პიპას.
- სახის გამომეტყველებაზე გეტყობა, რომ ინტერესისგან კვდები. - ოთახში შესვლისთანავე სიცილით მიახალა პიპამ.
- ნამდვილად მოვკვდები, რომ არაფერი მითხრა.
- ჩუკის მონახულება მინდოდა. - დინჯად დაიწყო პიპამ. - საკმაოდ უმწეოდ გრძნობს ადამიანი თავს, როცა ვერაფრით ეხმარები მას, ვისაც ასე ძლიერ სწყურია სიცოცხლე.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- რაც შემეძლო გავართე. - განაგრძო პიპამ. - ფიფოზეც მოვუყევი, რომ ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ძალიან გაუხარდა, თუმცა თვალებს მიღმა მაინც საშინელი სევდია იგრძნობოდა.
გალეომ მძიმედ ამოიხვნეშა და მოსაუბრეს თვალებ მოწკურული ჩააშტერდა სახეში. პიპას თვალიც არ დაუხამხამებია, ისე გაუსწორა მზერა.
- იცი? - უკმაყოფილო ხმით დაიწყო დეტექტივმა. - ფიფოს ოჯახის მეგობარი, ჩემთვისაც იგივე მეგობარი და ახლობელი ადამიანი ხდება. მისთვისაც იმდენივეს გავაკეთებ, რამდენსაც ფიფოსთვის და უბრალოდ, საწყენია, რომ მაინც უნდობლობას ვიმსახურებ, რადგან იმ ორ წინადადებაში, რაც ახლა შენგან მოვისმინე ორი დიდი ტყუილი იყო.
- ჰმ. მაინც რა მოგატყუე ასეთი, რომ ასე გულზე მოგხვდა? - იხტიბარი არ გაიტეხა პიპამ, თუმცა მშვენივრადაც მიხვდა, რასაც გულისხმობდა დეტექტივი.
- ჯერ ის, რომ ვითომ ჩუკის სანახავად გინდოდა ქალაში ჩასვლა. - კვლავ უკმაყოფილო ტონით განაგრძო გალეომ. - რადგან მანამდე აქ მთხოვე მისი ჩამოყვანა და რა გამოდის? გამოდის, რომ კონკრეტულად მასთან გქონია საქმე და ქალაქში ჩასვლაც ამის მიზეზი იყო და მე როგორც ოჯახის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, სრული უფლება მაქვს ვიცოდე, თუ რა ხდება!
- სრულიად გეთანხმები! - თავი დაუქნია პიპამ. - ჩუკის ნახვა სასწრაფოდ და აუცილებლად მჭირდებოდა და ამასთანავე, ქალაქშიც მქონდა საქმე და რადგან ჩუკი ვერ ჩამოვიდოდა, ისეც და ასეც მომიწია გამგზავრება.
პასუხად გალეომ დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- ეს ერთი ტყუილი გავარკვიეთ და მეორე? - ირონიით ჩაეკითხა პიპა.
- მეორე ის, რომ ფიფოს ვითომ უკეთესობა შეატყვე. - ნაღვლიანად მიუგო გალეომ. - მთელი დღეა აქ ვარ და ვერაფერი შევამჩნიე. მივხვდი, რომ ჩუკი დააიმედე და ამით, ტყუილის თქმა მოგიწია, თუმცა ვერც გისაყვედურებ.
- პრინციპში, არც ეგ არ იყო ტყუილი.
გალეომ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- ახლავე გაჩვენებ! - პიპა მკვირცხლად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
დეტექტივი კუდში მიჰყვა. პიპა მიმის საძინებელთან გაჩერდა, გალეოს გამოხედა და ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა, რომ ხმა არ უნდა ამოეღო, მერე ფრთხილად შეაღო კარი. ფეხაკრეფით გაიარა ოთახი და უკან ჩვილით ხელში დაბრუნდა. ბავშვი ფიფოს გულზე დაუწვინა და პირდაღებული დეტექტივი კი მონიტორთან დასვა.
- აი, ასე სულ. - პიპა ახსნას შეეცადა. - მართალია, ფიფოს გარეგნულად მაინც არაფერი ეტყობა, მაგრამ მისი კომპიუტერული მონაცემები, აშკარად იცვლება, როცა ბავშვს მის გულზე სძინავს.
- ეს... ეს... საოცარია! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა დეტექტივი. - ასეთი რამ არასდროს მსმენია! პირველად გავიგე!
- სიმართლე გითხრა, წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რატომ მოვიქეცი ასე. - უყვებოდა პიპა. - უბრალოდ მინდოდა, რომ მიმის მშვიდად გამოეძინა და ბავშვი ოთახიდან გავიყვანე, მერე მამიკოც ასე გავაცანი და ჯერჯერობით ამ შედეგამდე მივედი.
- მართლა, რა უცნაურია... - გალეო კვლავ გაოცებული მიშტერებოდა ხან მონიტორს და ხან ფიფოს აკვირდებოდა.
- სამწუხაროდ, ჯერ წინ ვერ მივდივართ, უკვე რა ხანია ასეა და აი, სწორედ ეს ვახარე ჩუკის, ფიფოს მდგომარეობისთვის ესეც ბევრს ნიშნავს, თუმცა მეტი სხვა ცვლილება არ გვაქვს.
- ნუ, ჯერ ასე და მერე ხომ რაღაც იქნება, არა? - იმედიანი ხმით აღნიშნა გალეომ.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- მიმი ალბათ, ჭკუაზე არ იქნება, ეს მაინც რამხელა სიხარულია, რომ ასე კონტაქტში შემოდის.
- სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის კონტაქტში შემოსვლა. - მიუგო პიპამ. - ეს მხოლოდ და მხოლოდ, მისი რეაქციაა, რომელიც აქამდე არ აღენიშნებოდა და ეს არის ის ცოტაოდენი წინ წაწევა მის გამოსაჯანმრთელებლად და რაც შეეხება მიმის, ჯერ არაფერი მითქვამს.
- და რატომ უმალავ? - გაიკვირვა გალეომ.
- მინდოდა, უფრო მეტი წინსვლა ჰქონოდა და მერე უფრო მეტად გავახარებდი, მაგრამ უკვე რა ხანია, ამაზე მეტად არაფერი შეცვლილა და უკვე დროა, მიმიმაც იცოდეს. დასამალიც არაფერია.
- ჰო! უნდა უთხრა, მართლა რაღას უმალავ, მერე უფრო ეწყინება, ყველაზე ბოლოს მე გავიგეო.
- მეც მასე ვფიქრობ. - კვერი დაუკრა პიპამ.
- და ჩუკისთან რა ხდებოდა? ასეთი რა საქმე გქონდა, რომ ყველასგან მალულად და საკმაოდ კონსპირაციულად ესტუმრე? შეძლება, მეც გავიგო?
- შეუძლებელი არაფერია. - უკმაყოფილოდ მიუგო პიპამ. - უბრალოდ, ჩუკიმ იმ ამბებში ჩაჰყო თავისი საკმაოდ ცნობისმოყვარე ცხვირი, სადაც არ უნდა ჩაეყო.
გალეოს საშინლად არ ესიამოვნა პიპას ასეთი ტონით მეგობრის მოხსენიება. მით უმეტეს, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ახლა ჩუკი და განა რა საქმე გამოქექა ისეთიო, გულშიც კი გაივლო, მე რომ არ მითხრა და დამიმალაო.
- და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფიფოს მეგობრებს ან პატივს არ ვცემდე, ან არ ვენდობოდე. - ცოტა უფრო მკაცრი ტონით განაგრძო პიპამ. - საქმე იმაშია, რომ ვინმეს ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, იმ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდება, ვინც დღესდღეობით ოფიციალურად არ არსებობს!
- ესე იგი, შენი? - უმალ მიუხვდა გალეო.
პიპამ არაფერი უპასუხა, ისედაც ცხადი იყო.
- მერე ჩემზე დაიწყებენ ნადირობას. - კვლავ განაგრძო პიპამ. - სანამ ფიფოს ფეხზე არ დავაყენებ, მანამდე ჩემი ლიკვიდაცია არ გამოვა.
- კარგი, ეგ ყველაფერი, ასეა თუ ისეა, გასაგებია. - მიუგო გალეომ. - ჩუკიც არ არის ისეთი ბიჭი, რომ სადმე უაზროდ იტლიკინოს, დარწმუნებული ვარ ჩემთანაც კრინტს არ დაძრავს, თუკი სიტყვა მოგცა, მაგრამ ახლა მე სულ სხვა რამ მაინტერესებს.
- მაინც, რა? - ძლივს აცალა სიტყვის დასრულება პიპამ.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, რომ მარტო შენ შეგიძლია ფიფოს დაცვა? - უნდობლად ჩაეკითხა დეტექტივი. - იქნებ, ჩვენც გვესმის რაღაც? არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ შენი ლიკვიდაცია მინდოდეს, ან თუნდაც რამეში მჭირდებოდეს, პირიქით, ეს ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი უანგაროდ ერთგული მეგობარი ჰყავს ფიფოს, მაგრამ ასე ამდენ რამეს, მარტო შენს თავზე რატომ იღებ?
- დაცვის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ტერიტორია, სახლი იქნება თუ ოფისი, რაღაცნაირად მაინც იმ საფრთხის შეგრძნებას იწვევს, რომ იქ რაღაც საშიში, სახიფათო ან აკრძალული ზონაა. - დინჯად დაიწყო პიპამ. - და სწორედაც რომ ასეთი დაცული ადგილები იზიდავს კრიმინალურ სამყაროს, თუნდაც ადგილობრივ ქურდბაცაცებს, რადგან იქ სადაც გაძლიერებული დაცვაა, ყოველთვის დიდი ფული ტრიალებს და მით უმეტეს, თუ ეს სახლი თანამდებობის პირს და მის ოჯახს ეკუთვნის.
- ნუ ეგ თავისთავად. - კვერი დაუკრა გალეომ.
- თუ ამ კუთხით შევხედავთ, აქაურობა საერთოდ არ არის დაცული და ბუნებრივია, რომ
არც იმდენად საშიში გამოდის აქ ცხოვრება, თუმცა მაინც არ გამოვრიცხავ ადგილობრივ ან
მეზობელი რეგიონებიდან საშოვარზე გამოსულ ყაჩაღებს.
- ჰო, ისე მართლა რომ დაგესხან თავს, საშიში არ არის? - შუბლი შეკრა გალეომ. - წასაღებსა და გასაქურდ რამეს ყოველთვის ნახავენ და მთავარი კი ოჯახის სიმშვიდეა მაინც.
- მაგისთვისაც ვარ მზად და ვერავინ იეჭვებს ისეა შენიღბული ამ კარმიდამოს დაცვა.
- ეს ძალიან კარგია. - მოუწონა გალეომ. თუმცა, ერთი სული ჰქონდა დროულად გაეგო, თუ როგორ იცავდა უსაფრთხოების სისტემას, ეს ვიღაც გამოუცნობი პიროვნება, მაგრამ ასეთი შეკითხვისგან თავი შეიკავა, ახლა სხვა კითხვის პასუხი უფრო აწუხებდა.
- ახლა რაც შეეხება, მთავარ საფრთხეს. - განაგრძო პიპამ. - ეს იმ ხალხისგან მოდის, ვინც ფიფოს ლიკვიდირებაზე უყოყმანოდ მოაწერა ხელი და ეს შენ უჩემოდაც კარგად იცი.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- მათ წინააღმდეგ, შედარებით სხვა სახის დაცვის სისტემა ავირჩიე. - განაგრძო პიპამ. - და ცხადია რომ მშვენივრად გაამართლა, რადგან ჯერ-ჯერობით არავინ და არაფერი შემიმჩნევია.
- და რა სისტემაა ასეთი? იქნებ მეც ვიცოდე.
- ფაქტიურად არც არაფერი. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - ჩვეულებრივი ამბავია, როცა ქალი მომაკვდავი მეუღლითა და ორი მცირეწლოვანი შვილით ტოვებს ყველაფერს, კარგ სამსახურს, ახლობლებს და ქალაქის ცენტრიდან სადღაც მიყრუებულ დაცლილ სოფელში გადადის საცხოვრებლად, რადგან სიმშვიდე უნდა. ამით, უკვე ფიფოს ოჯახი მათთვის ნაკლებად საშიში ხდება. თანდათან კი ეს ნაკლებობაც გაიფანტება და საერთოდ აღარც ინაღვლებენ ფიფო ადგება თუ ან აღარც იქნება.
- ეგ კარგი ტაქტიკა გამოდგა, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი წინასწარ, თუ რამდენად გაამართლებდა? - ჩაურთო გალეომ.
- წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი და სიმართლე გითხრა, ალალბედზე ვიმოქმედე, რადგან უკვე მართლა სხვა პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი.
- ნუ, ჰო...
- ჯერ ბავშვს გადაწვდნენ და მერე არც ფიფოს დააკლეს და უკვე ძალიან საშიში ხდებოდა არა მარტო იმ სახლში, საერთოდ იმ ქალაქში გაჩერება, ამიტომაც უფრო გავარიდე და მაქსიმალურად შორს ასე გადმოვხვეწე.
- ჰო, თავიდან მეც ძალიან არ მომეწონა ეს იდეა. - მიუგო გალეომ. - უფრო სწორად, ზუსტად ვერც კი მივხვდი ან რა ტაქტიკა იყო, ან შენ თვითონ რა მიზნები გამოძრავებდა და რადგან მიმიც და ბავშვიც უყოყმანოდ გენდობოდა, მეც აღარაფერი ვთქვი.
- ახლა რაც შეეხება დაცვას. - კვლავ განაგრძო პიპამ. - ფიფოს ოჯახს ოფიციალურად მართლა არავინ იცავს. ჩვეულებრივად სოფლის ცხოვრებით ცხოვრობენ, რადგან აქაურობის ერთი ნაწილი მემკვიდრეობით ერგოთ. მეორე ნაწილში კი, სხვა მემკვიდრე ანუ, ჩვენი მოხუცებული ვეტერინარი ცხოვრობს. ახლა რაც შემეხება მე!
დეტექტივი სმენად იქცა, ეს უფრო აინტერესებდა თუ მართლა ვინ იყო სინამდვილეში ეს კაცი.
- ლამის ბოლო ორი წელიწადი აქ ვცხოვრობდი, ზოგს შვილად მივაჩნივარ და ზოგსაც ძმისშვილად, ასე იყო მაშინ საჭირო და ამიტომ, ახლა ჩემი აქ ყოფნა ბუნებრივიც არის, რადგან ფიფოს ჩამოსვლამდეც ბევრად ადრე ვცხოვრობდი და ბევრიც მხედავდა კიდევაც.
- ჰმ, და გამოდის რომ ფიფოს მართლა არ ჰყავს დაცვა. - ჩაეღიმა გალეოს.
- ასეა. - კვერი დაუკრა გალეომ.
- და მაინც ასე უფრო საეჭვო არ ჩანს?
- ცოტა შეიძლება კი, მაგრამ ის უფრო საეჭვოდ გამოჩნდებოდა აქ რომ დაცვის ბიჭებს ეწრიალათ და დიდი ალაყაფის კარიც სეიფივით ჩაერაზათ.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- ასე კი. - კვლავ განაგრძო პიპამ. - ჩანს, რომ ფიფოს ოჯახს იმდენად გაუჭირდა, ოდესღაც რაღაც მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე გადმობარგდა და საკუთარი შრომით ირჩენს თავს.
- ეს ყველაფერი კარგი. გასაგებია, მაგრამ შენ მართლა როგორ ხარ ასე დავალებული ფიფოსგან, რომ მხად ხარ მართლაც შეეწირო. - მაინც არ მოეშვა გალეო. - არც ფიფოსთვის ააყვანინე მომვლელი და ჩვილი ბავშვის ძიძაც შენ ხარ, მიწის მუშაც და სახლის მსახურიც.
- ხაჭაპურის გამოცხობა, ჯერ ვერ დავამუღამე. - სიცილით მიუგო პიპამ.
- მიმის მაინც ვერ აჯობებ, არც იოცნებო. - სიცილითვე უპასუხა გალეომ.
- ძანე ჩემი შვილია! - მოულოდნელად გაისმა პიპას ხმა.
გალეო შეკრთა. ამას აღარ მოელოდა.
- მთელი ამ წლების მანძილზე, ფიფოს იმედად მყავდა და არც არაფერი გასჭირვებიათ. - პიპამ იყუჩა და განაგრძო. - მხოლოდ შორიდან ვნახულობ. ახლა რომ დავენახო, მაშინვე გავიშიფრები და მერე ვეღარც მნახავს. ერთხელ უკვე გავქრი ჩემი შვილის ცხოვრებიდან და ძალიან მძიმედ გადაიტანა. ძლივს დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ამაში კი დიმეო დაეხმარა. დიმეოს და ძანეს კი საერთო წინაპრები ჰყავთ და ამიტომაც გამოდიან ძმები.
- ყოველ წუთს სულ ახალ-ახალ ამბებს ვიგებ შენზე და შენ კი როგორ ყველაფერი ბოლომდე გათვლილი და დალაგებული გაქვს. - ირონიულად აღნიშნა გალეომ. - ზუსტად იცი, სად როდის და რამდენი სიტყვა უნდა თქვა.
- ყოველ წუთს სულ ახალ-ახალ ამბებს ვიგებ შენზე და შენ კი როგორ ყველაფერი ბოლომდე გათვლილი და დალაგებული გაქვს. - ირონიულად აღნიშნა გალეომ. - ზუსტად იცი, სად როდის და რამდენი სიტყვა უნდა თქვა.
- ამიტომაც ვიმსახურებ ნდობას და რადგან მართლა ასე დავალებული ვარ ფიფოსგან, რატომ უნდა შევაქციო ზურგი უმწეო ხალხს? - მხრები ისე აიჩეჩა პიპამ, თითქოს ვერ მიუხვდა, გალეომ რაც იგულისხმა.
- არა, არა! - თავი გააქნია გალეომ. - ფიფოს ყველა ეცოდებოდა და ყველას დახმარებას ცდილობდა, იცნობდა თუ არ იცნობდა და რა არაკაცი უნდა იყო, რომ ასეთ ადამიანს გვერდში რომ არ ამოუდგე.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა პიპამ და მაშინვე მიახალა. - მეც მაქვს ერთი შეკითხვა.
- გისმენ, აბა.
- მაინც, რას ეძებენ ასეთს?
გალეო მოიღუშა. სიმართლის თქმას მოერიდა და ასეთ გაქექილ კაცთან ვერც ტყუილით იმართლებდა თავს.
- მიმის ისეთი და იმდენი დაკითხვა თუ შეკითხვა მოვუწყე, რომ უკვე დარწმუნებული ვარ ნამდვილად არაფერი იცის. - განგრძო პიპამ. - ერთადერთი შენ რჩები, ვინც საქმის კურსში ხარ და მეც რომ ვიცოდე, უფრო ადვილად და ბოლომდე ავარიდებდი ხიფათს.
- რა გითხრა, არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- თუ ეს ფინანსებთან არის კავშირში, მიმი მზად არის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, რა თქმა უნდა, ასე ერთიანად სრულიად შესაძლებელია, რომ ვერ შეძლოს, მაგრამ თანახმაა გაყიდოს თავისი სახლი, მშობლების, ფიფოსიც. ყველას აქეთ წამოიყვანს და ვალიც გასტუმრებული თუ არ ექნება ბოლომდე, დანარჩენს ნელ-ნელა დაფარავს. ძანესაც წამოვიყვან და ყველა იმ სახლებსაც მივაყიდით თუ საჭირო გახდება.
- შეიძლება ფინანსებთანაც იყოს კავშირში, მაგრამ მე არაფერი ვიცი. - გალეომ ხელები გაასავსავა, თავი გააქნია და ამით ანიშნა რომ არაფერი ჰქონდა გადამალული, მაგრამ ცხადი იყო, რომ ყველაფერი იცოდა.
პიპა მშვენივრად მიუხვდა. დეტექტივი მაინც ფრთხილობდა ამიტომაც პირდაპირ არ გასცა პასუხი.
- აქ შეგიძლია, ნებისმიერ თემაზე ისაუბრო. - დინჯად დაიწყო პიპამ. - თუ რამის გაჟონვაა, მაშინვე გავიგებ, თუმცა მესმის შენი სიფრთხილის და გიწონებ კიდევაც.
- მეტს მაინც ვერაფერს დავამატებ, რაც აქამდე გითხარი.
- და რა მითხარი? არც არაფერი.
- ასეა, დაა... - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- არც კი ვიცი, ზუსტად რას გულისხმობ, თუმცა მაგის გარდა, ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ფიფოს აუცილებლად უნდა ჰქონოდა კომპრომატები მათზე და ვფიქრობ, სწორედ ამას ეძებე, სხვა დანარჩენი კი წვრილი ხურდებია მხოლოდ.
- ფიფოს ჩემთან არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. - გაკვირვებული ხმით უპასუხა გალეომ.
- ალბათ, იმიტომ რომ აღარ უნდოდა ზედმეტ შარში შენი გახვევა.
- ისე, მართალი ხარ. - თავი დაუქნია გალეომ. - სწორედაც რომ ის საბუთები შეიძლებოდა ჰქონოდა ფიფოს, რაც მათ საბოლოოდ გაანადგურებდა. კომპრომატების კი დღეს, ყველას ეშინია და უფრთხის.
- რა კომპრომატები და საბუთები? - მოულოდნელად თავს დაადგა მიმი და მაშინვე ფიფოს გულზე მძინარე ჩვილსაც მოჰკრა თვალი.
LEX. 2024 წლის 3 მაისი, პარასკევი.
.jpg)
No comments:
Post a Comment