26.
მერაბი ლამის გიჟივით შევარდა მაკას კაბინეტში და სახტად დარჩა, როცა მაკასა და მისი მეუღლის კისკისი და მეგობრული ჭუკჭუკი მოესმა.
მერაბი ლამის გიჟივით შევარდა მაკას კაბინეტში და სახტად დარჩა, როცა მაკასა და მისი მეუღლის კისკისი და მეგობრული ჭუკჭუკი მოესმა.
მერაბის მეუღლე ენას არ აჩერებდა, მაკა კი ყველაფერზე ღიმილით უკრავდა კვერს და ერთ-ორ სიტყვას თუ ჩააკვეტებდა.
- რასაც მამიდაჩემი, თავის გოგოს უჩიჩინებს. - გაცხარებით უხსნიდა მერაბის მეუღლე. - აიყვანე ბავშვიო და მერაბ! - ახლა ქმრისკენ მობრუნდა. - და შენც რამდენჯერ გადაგიკრა სიტყვა...
- ქალო! ერთი სიტყვის გადაკვრაც კი, იცი რომ შესაძლებელია საციხო საქმით დასრულდეს, ამაზე არ გიფიქრია?
ცოლმა მხრები აიჩეჩა. მაინც ვერ ხვდებოდა, ზუსტად მერაბს, რა ამოძრავებდა ან რა აშინებდა? აკი თავად შესთავაზა და ახლა რატომ იხევდა უკან? ან რატომ უნდა ყოფილიყო საციხო საქმე, დედისგან მიტოვებული ბავშვის ნორმალურ და წესიერ ოჯახში გაშვილება? ცხადია, რომ მერაბი ყველანაირად ხელს შეუწყობდა, მის უშვილო ნათესავს აეყვანა ბავშვი, მაგრამ თავად რატომ არ უნდოდა გამოჩენა? პირიქით, უკეთესი არ იქნებოდა, როცა მამიდას ეცოდინებოდა, რომ მისმა, ჯერ კიდევ, ახალგაზრდობაშივე დაწუნებულმა სიძემ, ამხელა საქმე ითავა, საქებარი და სადიდებელი გახდებოდა. ამით უფრო მეტად მოიგებდა მამიდის გულს. თუმცა დიდად არც მერაბს უყვარდა ცოლის მამიდა და მით უმეტეს, რომ არც მამიდა ფარავდა მისდამი აპათიას. ახლა ჩანდა, რომ რატომღაც მერაბს კატეგორიულად არ სურდა ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება და მაკას ჩარევით ცდილობდა საქმის მოგვარებას, მაგრამ მართლაცდა, რატომ აკეთებდა ამას? და აი სწორედ ეს უკვირდა მერაბის მეუღლეს.
- მამიდაშენის ჭარტალა ენის ნერვები, არასდროს არ მქონდა და ახლა მით უმეტეს, საერთოდ არ მაქვს! - მერაბი ახსნას შეეცადა. - გადმოდგებიან მერე დედა-შვილი აივანზე და ქვეყნის გასაგონად გადმოაგდებენ ენებს, მერაბი დაგვეხმარა ბავშვის აყვანაშიო და მინდა ახლა მერე ეს მე? მერე ქვეყანა ისე მოაწყდება, თითქოს ჩვენთან უპატრონო ბავშვები უფასოდ რიგდებოდეს.
- სრულიად ვეთანხმები მერაბს! - მხარი დაუჭირა მაკამ. - ამ შემთხვევაში, უეჭველი უნდა დაუჯეროთ მეუღლეს.
- მხოლოდ ამ შემთხვევაში? - ცინიკურად ჩაეცინა მერაბის ცოლს.
- აბა, ყველა შემთხვევაში ქმრებს რომ დავუჯეროთ, მაშინ ცოლები კი არა მონები ვიქნებით! - სიცილით დაასრულა მაკამ, რასაც მერაბის მეუღლის გულიანი კისკისი მოჰყვა.
- ზოგჯერ ისეთ სასწაულ ხალხში გვაქვს საქმე, რომ... - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკამ. - ჯერ გააჩენენ ბავშვს და მაშინვე გაპარვა და მიგდება უნდათ, მერე კი თუ იყნოსეს ფულის სუნი, იმხელა თანხას ითხოვენ.
- ჰო, მასეა! - კვერი დაუკრა მერაბმა.
- და მერე მართლაც, რომ შეთანხმდებიან გარკვეულ თანხაზე. - განაგრძო მაკამ. - აი, სწორედ მაშინ იწყება უზარმაზარი თავის ტკივილი.
- და თუ შეთანხმდნენ, მაშინ რა პრობლემაა? - გაიკვირვა მერაბის ცოლმა.
- გემო გაუგო ფულს. - მიუგო მაკამ. - ახლა უკვე ორმაგს ითხოვს და თანაც უკვე, მსუბუქად იმუქრება კიდევაც.
- უი, მართლა? - ცოლმა წარბები აზიდა.
- ეს კიდევ ცოტა რბილად და შელამაზებით მოვყევი, თორემ უნდა ნახოთ ზოგჯერ რა ისტერიკებს აწყობენ. - განაგრძო მაკამ. - გაყიდიან ან მიაგდებენ ბავშვს და მერე კივიან და წივიან, ბავშვი მომპარესო!
- და მერე, რაღა აწივლებთ? - გაიკვირვა ქალმა.
- უფრო მეტი უნდათ, ჩემო კარგო, უფრო მეტი. - ირონიული ღიმილით დაასრულა მაკამ და მერაბს თვალი შეავლო. ახლა შენც შემეშველეო.
- ამიტომაც არც უნდა ჩაერიო. - ახლა მერაბმა დაიწყო. - ეცოდინება მერე ვინ იყო გარეული ან თუნდაც, ვინ აიყვანა ბავშვი და მიდის მერე დაუსრულებელი შანტაჟი და ფულების გამოძალვა.
- რა საშინელი ხალხია, ღმერთო ჩემო! - აღმოხდა ცოლს.
- ის კი არა და. - დაიწყო მაკამ. - მკვდარი ბავშვი გააჩინა ქალმა, თანაც ცოტა უკვე, ასაკშიც იყო, ქმართანაც უკვე დიდი ხანია კონფლიქტები ჰქონდა და ამ ბავშვის ხათრით დაბრუნებულა სახლში და ასე დაემართათ და ეს არავის ბრალი იყო, უბრალოდ ასე მოხდა.
- ეჰ, ხდება ხოლმე. - ჩაურთო ცოლმა.
- უჰ, შორიდან კი მოვუარე, მაგრამ მთავარს ახლა მოგიყვებით. - განაგრძო მაკამ. - შემოცუნცულდა ჩემს კაბინეტში, ეს ახალნამშობიარევი ქალი და სასწრაფოდ ცოცხალი ჩვილით ჩანაცვლება მომთხოვა!
- უიმე! - შეიცხადა ცოლმა.
- თან მეუღლემ არ უნდა გაიგოსო და თან აქეთ ცალკე ფულს მთავაზობს. - კვლავ განაგრძობდა მაკა. - ათასი თვალი და ათასი ყური მიყურებს კედლიდან თუ კედლის იქეთ და მინდა ახლა ეს მე?
- და მერე? - ვეღარ ითმენდა ცოლი.
- მე პირადად, უარით გავისტუმრე. - მიუგო მაკამ. - აგერ ექთნები, სანიტრები და თუ ვინმე ტოვებს ბავშვს, თქვენ თვითონ გაარკვიეთ-მეთქი და მაინც არ მომეშვა, ლამის მუხლებში ჩამივარდა.
- უი... უი... - მერაბის მეუღლემ თავი გააქნია.
- რა უნდა მექნა? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - თან ძალიან შემეცოდა...
- კი ძალიან ცოდვაა, მაგ დროს ქალი. - ჩაურთო ცოლმა.
- თან იმ პერიოდში არც არავინ ტოვებდა ბავშვს და მაინც შევედი იმ საცოდავი ქალის მდგომარეობაში, მე თვითონ მოვიარე რამდენიმე სამშობიარო და ბოლოს მერაბთან აღმოჩნდა სასურველი ჩვილი და ამის მერე, ასე დავმეგობრდით! - გაიბადრა მაკა.
- პირადად ჩვენ, ვცდილობთ რომ საერთოდ არ ჩავერიოთ. - დაიწყო მერაბმა. - მაგრამ თუ მსგავსი შემთხვევაა და მაშინვე, პირდაპირ სამშობიაროდანვე უნდათ ჩვილის აყვანა, ვეხმიანებით ერთმანეთს და მერე თვითონ თავად მსურველები აგვარებენ ყველაფერს, აბა ჩვენ რა შუაში ვართ?! - გაიბადრა მერაბი.
- და ძალიან კარგი მერე! - მოუწონა ცოლმა.
- კი ძალიან კარგია. - კვერი დაუკრა მაკამ. - მაგრამ კანონით, არ შეიძლება პირდაპირ სამშობიაროდან გაშვილება.
- უი რატომ? - გაიკვირვა ცოლმა.
- ყველაფერს თავისი წესები და კანონები აქვს. - მიუგო მერაბმა. - ჯერ ასე უნდა მოხდეს, მერე ის საბუთი უნდა შედგეს, მერე ისე, ასე, ამასობაში შეიძლება რამდენიმე თვეც გავიდეს.
- თან კანონით ჯერ აუცილებლად ბავშვთა სახლში გადაჰყავთ ჩვილი და ყველა საბუთის მოგვარებამდე იქ რჩება. - დაუმატა მაკამ.
- და ამასობაში, კი საკმაო დროც გადის. - ახლა მერაბმა განაგრძო. - ოჯახს კი და სანამ ბავშვს კბილი ამოჭრის და ფეხს აიდგამს, მანამდე უნდა რომ მიხედოს და გულში ჩაიკრას...
- და თქვენ ეხმარებით რომ ეს ყველაფერი ბევრად დროულად მოგვარდეს ხომ? - იკითხა ცოლმა.
- არავის არაფერს არ ვეხმარები! - მიუგო მაკამ. - თუ ჩვენთან არავინ დატოვებს ბავშვს, მაშინ მერაბთან ვაგზავნი, უფრო სწორად მის სამშობიაროში, ან პირიქით, მერაბისგან მოდიან აქეთ. თუ არის - არის და თუ არადა, სხვაგანაც ნახონ თვითონ!
- ჰმ, ამას წინათ. - დაიწყო მერაბმა. - ცოლ-ქმარი მოვიდა, ბავშვის აყვანა გვინდაო, აიყვანეთ მერე-მეთქი და თქვენ დაგვეხმარეთო, რამდენსაც იტყვით, იმაზე მეტს გადავიხდითო. - მერაბი შეყოვნდა. უფრო დამაჯერებლად უნდოდა ისე მოეყოლა, რომ მის ცოლს ეჭვიც არაფერში შეპარვოდა.
- და მერე? - ვეღარ მოითმინა ცოლმა.
- რა მერე? - მხრები აიჩეჩა მერაბმა. - მე ხომ არ გავუჩენდი?!
ყველას გაეცინა.
- დავუძახე მერე ექთანს. - განაგრძო მერაბმა. - და ჩავაბარე ეს ხალხი, თუ გამოჩნდებოდა ბავშვი, თვითონ მოაგვარებდნენ, აი სულ ეს არის!
- აი, ზუსტად ანალოგიურად ხდება აქაც! - ჩაურთო მაკამ. - ის კი არადა, ზოგჯერ ეღუპებათ ბავშვები და მაგაზე ცალკე წიოკია, ჯანმრთელი დაიბადა და იტირა კიდევაცო და მომპარეთ, გამიყიდეთო და ათას რამეს აღარ დაგაბრალებს გამწარებული დედა.
- ჰო, მესმის. - ნაღვლიანად მიუგო ცოლმა.
- აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, მე თვითონ შვილის პატრონი. - განაგრძო მაკამ. - დედას ბავშვი ავაცალე და გავუყიდე?
- ისე, სასწაული ხალხია. - კვერი დაუკრა ცოლმა. - აღარ იციან რა შარი მოგდონ, რომ თავი გაიმართლონ.
- თავის გამართლება, რა შუაშია? - გაიკვირვა მერაბმა.
- როგორ თუ რა შუაშია? - მხრები აიჩეჩა ცოლმა. - ოჯახში ჩნდება მერე ბზარი, რომ ვერ იმშობიარა, რაღაც ჭირს, რადგან ბავშვი დაეღუპა და ხშირად ამის გამოც ინგრევა ოჯახები, რომ ერთი ჯანმრთელი შვილიც ვერ აჩუქა ქმარსო.
- სრული ჭეშმარიტებაა! - დაეთანხმა მაკა და მერე მერაბს მიუბრუნდა. - ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი მეუღლე გყოლიათ!
ცოლმა ღიმილით შეიფერა.
- ესე იგი, არჩევანში შევმცდარვარ, არა? - ეცინებოდა მერაბს.
- ნამდვილად არა! - კვერი დაუკრა მაკამ.
ცოლმა კვლავ ღიმილით შეიფერა, მისი მაკასადმი ეჭვიანობა უკვე საერთოდ გამქრალიყო და ახლა უფრო მეტად გაუჩნდა ამ ქალის მიმართ სიმპათია.
მაკამ კი იმდენი ესაუბრა, საიდან აღარ მოუარა და ბოლოს, მაინც დაითანხმა მამიდაშვილის, ბავშვის აყვანის ამბავში, არც მერაბი და უკვე აღარც მაკა, ჰორიზონტზეც კი არ გამოჩნდებოდნენ. ყველაფერს, მერაბის მეუღლე აიღებდა თავის თავზე.
არცთუ ისე რთული მოსაგვარებელი გამოვიდა. მაკას მოფიქრებულმა სცენარმა მშვენივრად გაამართლა. დინამ ბავშვი სააგარაკო სახლიდან, დღიურად ნაქირავებ ბინაში მიიყვანა და იქ აჩვენეს მსურველებს, როგორც იმ სახლში დაბადებული ჩვილი და სანამ დინა ეტყოდა რომ ბავშვის დედა სამშობიაროშიც კი არ წავიდა, რადგან კატეგორიულად არ სურს გამოჩენა და არც იმის გახმაურება, თუ რომელი სოფლიდან არისო, თავადვე დაასწრეს აქეთ.
- საერთოდ არ მინდა ვიცოდე, თუ ვინ არის და საიდან არის! - გაცხარებით უხსნიდა მერაბის მეუღლის მამიდა. - და არც მისი სახელი მინდა გავიგო!
- სახელი რატომ არ უნდა ვიცოდეთ? - გაიკვირვა მამიდაშვილმა, რომელიც ყველაფერში დედას დაუფიქრებლად უკრავდა კვერს, მაგრამ ამჯერად ზუსტად ვერც მიუხვდა, რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ასე.
- შეგაწუხებს შვილო! - მიუბრუნდა დედა შვილს. - ღამეებს გაგათევინებს, არ მოგასვენებს.
- ეგ კი მართალია. - დაეთანხმა დინა.
- თავიდან შეიძლება არა, მაგრამ მერე, როცა წამოიზრდება. - განაგრძობდა დედა, შვილის დამოძღვრას. - აი სწორედ, მაშინ რაც უფრო დრო გავა, იმ ქალის სახელის ხსენებაზე, თუნდაც ქუჩაში, ვიღაც სხვას დაუძახონ, მაშინვე გული შეგეკუმშება და შიში შეგეპარება, რომ ამ შენს გაზრდილ და ნალოლიავებ ბავშვს, ნამდვილმა დედამ მოაკითხა წასართმევად.
- ნამდვილი დედა, მაინც ის არის, ვინც ზრდის და ღამეებს უთევს საწოლთან. - ჩაურთო დინამ. - და იმას, ვინც ბავშვი გააჩინა, მას მხოლოდ ბიოლოგიური მშობელი შეიძლება ვუწოდოთ.
- სრული ჭეშმარიტებაა! - მოუწონა მამიდამ.
ბავშვი ძალიან მოეწონათ, მით უმეტეს თუ სახის კანით, თმის ფერითა და თვალებით, ძალიან ჰგავდა მომავალ დედას. მაკასაც მეტი რა უნდოდა? როგორც იქნა, უკვე ის წამოზრდილი ტყუპისცალი გოგონა, ახალშობილად „შეასაღა“ მსურველებს, ისე რომ ვერც ვერაფერი შეატყეს. უმოკლეს დროში კი, ისეთი საბუთები გაუშანშალეს, რომ ვითომ მშვილებელმა თავად გააჩინა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ რამდენიმე თვით უცხოეთში მცხოვრებ ქალიშვილს, დედამ მშობლიურ ქალაქში ახალი ბინა დაახვედრა და უკვე აყვანილ შვილთან ერთად შეუშვა. ასე რომ, ვერც ახალი თუ ძველი ბინის მეზობლები და ვერც ნათესავები ეჭვსაც კი ვეღარ შეიტანდნენ. ყველას იმას უყვებოდნენ, უცხოეთში იმკურნალა და ბავშვიც იქ გააჩინაო.
მაკამ მშვენივრად მოითბო ხელი და არც მერაბი დარჩენილა „ნაწყენი.“ მერაბის მეუღლე კი კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იყო და არასდროს, მსგავს ამბავში, არავისთან ჩარეულიყო.
დრო გადიოდა და მოტყუებული დედების სასიკეთოდ, არაფერი იცვლებოდა. მაკას დაგეგმილი მაქინაციები, ყოველთვის ისე ამართლებდა, რომ არც არავინ ედავებოდა და ვერც ვერავინ მოსდებდა შარს. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე ეს პედიატრი ლამარა, მაინც თვალში არ მოსდიოდა მაკას. მის დანახვაზე, იყო რაღაც ისეთი, რაც გულს უღრღნიდა, თუმცა ზუსტად რა და რატომ? ამას ვერც ხვდებოდა. რანაირად არ შეამოწმა, საიდან აღარ მიუდგა, მის შესახებ ყველაფერი გამოქექა. ის კი არადა, დინას საშუალებით, კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა, მაგრამ მაინც ვერაფერი საინტერესო შეიტყო მასზე.
- და რა უთხარი, იმ შენს დეტექტივს? - დაბალი ხმით ჰკითხა მაკამ, როცა საღამოს დინას ბინაში ყავაზე ეწვია.
- ბევრი არც არაფერი. - მხრები აიჩეჩა დინამ. - ავუხსენი რომ ძალიან პირადული იყო და თავადვე მომაწოდა იდეა - ღალატი და ეჭვიანობაო და მეც თავი დავუქნიე, თანაც, ხომ კარგადაც გადავუხადეთ.
- მშვენიერია! - გაიბადრა მაკა.
- და თქვენ ფიქრობთ, რომ მაინც შემოგზავნილი აგენტია?
- ხომ იცი, ჩემო კარგი. - თბილად გაუღიმა მაკამ. - სანამ ბოლომდე არ გადავამოწმებ ყველას, მანამდე ვერ მოვისვენებ. აბა, გარანტია მაქვს, რომ მართლაც ვიღაც შემოგზავნილი არ იქნება?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დინამ.
- და ეს ჩემი და ჩვენი ყველასი, ასე სიმწრითა და ჯაფით აწყობილი ცხოვრება თავზე არ დაგვამხოს.
- ჰო, სიფრთხილე ნამდვილად საჭიროა. - კვერი დაუკრა დინამ.
- აბა შენს თავს შეხედე!
როგორც ყოველთვის, მაკა ცდილობდა, პირდაპირ თუ ირიბად, დინასთვის შეეხსენებინა, თუ ვინ იყო ადრე, საიდან მოდიოდა მისი წარსული და ახლა კი როგორი წარმატებული გამორჩეული იყო თავის და-ძმებისგან. ამით კიდევ უფრო მეტ პატივისა და თაყვანის ცემას იმსახურებდა მაკა, რომ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი უნდა ყოფილიყო.
- თქვენ რომ არ ყოფილიყავით მაკამ ექიმო... - გული აუჩუყდა დინას.
- კი გეთანხმები, მეც შეგიწყვე ხელი, მაგრამ განა მარტო შენ ამოგიჩემე? - მაკა წამით შეყოვნდა. - იცი, რამდენს გავუმართე ხელი? რამდენი მყავს, მართლაც რომ წუმპიდან ამოყვანილი, მაგრამ ზოგი მართლაც, რომ მადლიერი დამრჩა, ზოგი მხოლოდ მადლობების თქმით შემოიფარგლა და აი ზოგი, კი, შენს მსგავსად გვერდში ამომიდგა, დამიჯერა, ისწავლა და აი, აგერ ცოცხალი ფაქტი ხარ, როგორი ქალი დადექი!
- ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი, მაკა ექიმო. - დინას თვალები აევსო.
- ერთმანეთის, ჩემო კარგო. - დატკბა მაკა. - ერთმანეთის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.
- დიახ... დიახ... - ლამის უკვე სლუკუნებდა დინა.
- თუმცა ღმერთი რა შუაშია? - ღიმილით განაგრძო მაკამ. - ყველაფერზე კი არ უნდა შევაწუხოთ, ჩვენ - ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ და იმ ღმერთს კი ისედაც უამრავი მთხოვნელი და მათხოვარი ჰყავს. - სიცილით დაასრულა მაკამ.
დინაც კვერს უკრავდა და აქსუტუნებული გამალებით იწმენდდა ცხვირს.
- ლამარას დიპლომიც ნამდვილია, არა? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა მაკამ.
- დიახ! - თავი დაუკრა დინამ. - ნამდვილად პედიატრიული აქვს დამთავრებული, თანაც წარჩინებით.
- პრინციპში, ეს ისედაც ჩანს, რაღაც-რაღაცეებში ფარულად, მეც გამოვცადე. - ჩაურთო მაკამ. - ძალიან კარგად და დეტალებში ერკვევა. მართლა კარგი სპეციალისტი და თავისი საქმის მცოდნეა.
- რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას. - განაგრძო დინამ. - მეუღლეს გაშორებულია, შვილები არ ჰყავს, მარტო ცხოვრობს და ისიც გავიგე, რომ ის ქმარი, მისი ოფიციალური მეუღლე არ ყოფილა.
- მართლა?
- წლების წინ, ვიღაც შეყვარებული ჰყოლია, მერე სკოლის ბანკეტიდანვე გაპარულან თუ რაღაც, დედამთილს არც მიუღია და მალევე დაშორებულან.
- აჰა და შვილი, არც ჰყოლია, არა?
- როგორც ჩანს, არა. - მიუგო დინამ.
- და ახლა ჰყავს, ნეტა ვინმე?
- მთელი თვის მანძილზე, საერთოდ არ მისულა არავინ სტუმარი მასთან. - დინა შეყოვნდა. - თავად კი, ძალიან იშვიათად მიდის მშობლების სახლში და იქაც დიდ ხანს არც ჩერდება, სულ ეს არის.
- ესე იგი, სახლი-სამსახური, არა? - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მაკამ.
- ასე გამოდის. - თავი დაუქნია დინამ.
- და ალეკო ექიმთან, ზუსტად რა აკავშირებს, ეგ თუ გამიგე?
- რაღაც შორეული ნათესავები არიან, თუ ძალიან ახლობლები, რადგან ალეკოს მამა და ამ ჩვენი ლამრიკოს მამა, ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ოჯახებით მეგობრობენ.
- ნუ, ესე იგი, ერთი წრეა. - მაკას კვლავ ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა. - ალეკოს კი ძალიან გავლენიანი ოჯახი ჰყავს.
- და ეს ჩვენ, გვაძლევს რამეს?
- არც არაფერს! - თავი გააქნია მაკამ. - უბრალოდ ეს ლამარა, დანახვის დღიდანვე ვერ მივიკარე გულთან.
- ხდება ხოლმე.
- აი შენ! - მაკამ დინას ღიმილით გადმოხედა. - დაგინახე თუ არა, მაშინვე ჩემად, ჩემიანად მიგიღე!
- ჰმ, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმაში და რა დღეში ვიყავი მაშინ. - დინას ირონიულად ჩაეცინა, საკუთარ წარსულზე.
- თუ რა დღეშიც იყავი მაშინ, იმ მომენტში, მაგას საერთოდ არც ჰქონდა მნიშვნელობა. - მიუგო მაკამ. - მთავარია, გულთან მიგიღე და ისე იმდენად, რომ მასე მერე, აგერ უკვე რამდენი წელი გავიდა, ხელიდან აღარც გიშვებ. - სიცილით დაასრულა მაკამ.
- საკუთარი მშობლებისგანაც კი არ მიგრძვნია ამდენი სითბო და სიყვარული, რამდენიც თქვენგან. - დინამ მადლიერი თვალი მიაპყრო მარჩენალს.
- ჰოდა, აი სწორედაც რომ მაგის ახსნას ვცდილობ! - თითქოს ნიშნის მოგებით მიახალა მაკამ. - ვერ მოვიდა ეს გოგო ჩემს გულთან და რა ვქნა? თანაც იმდენჯერ უშნოდ შემეჩხირა და მერე რამდენჯერ, ჩემი ტანჯვითა და წვალებით აწყობილი საქმე, კინაღამ ჩამიშალა!
- მეც ასე მგონია, რომ თითქოს, სპეციალურად უშლის ხელს ბავშვების გაშვილებას.
- აი, სწორედ მაგას ვფიქრობ მეც! - კვერი დაუკრა მაკამ.
- ჰოო, უკვე რამდენჯერ იყო მართლა, რომ ცალკე გადაყვანილი ჩვილი, ისევ დედას მიუცუნცულა და...
- აი, დიახაც! - კვლავ დაეთანხმა მაკა. - ძალიან ზედმეტად ცანცარებს!
დინამ უხმოდ დაუკრა თავი.
- ან მართლა ცანცარაა და ან მოგზავნილი... - მაკა გაჩუმდა.
- მაგრამ მთელი თვის მანძილზე, ვერაფერი გავიგეთ. - ჩაურთო დინამ. - ისე, ლამის უკვე მეორე თვეც იწურება და კვლავაც საინტერესო ვერაფერი შევიტყეთ.
- და ის დეტექტივიც, უკვე ტყუილად დაყიალებს, არა? - ჩაეცინა მაკას.
- რაც შეეძლო გაარკვია, მაგრამ ეს გოგო, არავისთან კონტაქტობს. - მიუგო დინამ. - და არც თანამშრომლებთან მეგობრობს ზედმეტად, ყველასთან ერთნაირად კარგად არის.
- ესე იგი, გარკვეულ დისტანციასაც იცავს. - ჩაილაპარაკა მაკამ.
- როგორც ჩანს ასეა.
- და ეს იცი, რას ნიშნავს? - ჩაეკითხა მაკა.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ძალიან ჭკვიანია, ძალიან გაქექილია და არც გამიკვირდება, რომ რაღაც ჰქონდეს ჩაფიქრებული. - მაკას მზერა სადღაც შორს ჰქონდა და თითქოს, თავის თავს ესაუბრებოდა.
- და თუ მართლა ჩაფიქრებული აქვს, აგერ უკვე რამდენი წელია ჩვენთან მუშაობს. და... - დინამ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები.
- ისე, ჰო. - თავი დაუქნია მაკამ. - შენს მერე, მალევე მოვიდა ჩვენთან.
- დიახ, მეც მაგას ვფიქრობ. - განაგრძო დინამ. - თუ რამის დაშავება უნდოდა, ამდენი წელი რაღას ელოდება?
- და გამოდის, რომ მოგზავნილი არ არის? - მაკამ ეჭვიანი სახით გადმობრიცა ტუჩი.
- ასე გამოდის, მაგრამ ხელს რაღაზე გვიშლის?
- სწორედ ეგ მაკვირვებს მეც! - მიუგო მაკამ. - საიდან ამ გოგოს ასეთი სიბოროტე? არც თვითონ ჭამს და სხვაც მშიერი უნდა რომ დატოვოს?
- ეგ უფრო სავარაუდოა. - დაეთანხმა დინა. - იმდენად სიბოროტე აქვს ჩადებული გულში, რომ ოღონდ სხვამ არ ჭამოს და თვითონაც იშიმშილებს.
- კაი სულელიც ყოფილა, თუ მართლა მასეა. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკამ, თუმცა გულში მაინც არ სჯეროდა ასეთი ვერსიის.
- რაღაც არ ჩანს სულელი. - მხრები აიჩეჩა დინამ.
- არც სულელია, არც აგენტია და აბა, ვინ არის? - მაკა დინას ჩააშტერდა. - რა უნდა ჩვენგან? რას გვერჩის?
- ალბათ, ასე ირთობს თავს. - მხრები აიჩეჩა დინამ.
- ნუთუ, მართლა, ასეთ ახალგაზრდა და მშვენიერ შესახედ ექიმ ქალს, დავიჯერო არავინ ჰყავს გვერდით? ან შორიახლო მაინც?
- ჩვენმა დეტექტივმა, მსგავსი ვერაფერი შენიშნა. - მიუგო დინამ. - სამსახურშიც კი არავინ აკითხავს, არანაირი მეგობარი თუ ნაცნობი. თუმცა, არც მე მაკითხავენ. - დინას მდარედ ჩაეღიმა.
- შენ სულ სხვა სიტუაცია გქონდა. - დაამშვიდა მაკამ. - ახალი ცხოვრება დაიწყე და ძველთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტე და შესაძლოა, ეს ლამარაც ასეა.
- და არც ახალი მეგობრების შეძენა სურს და გულს ასე იფხანს, რომ სხვებს უშლის ხელს და ნერვებს.
- დიახ, დიახ და მაგრამ მაინც რატომ? რა მიზანი აქვს?
- იქნებ, სულაც არ აქვს არანაირი მიზანი. - მიუგო დინამ. - და უბრალოდ, გაბოროტებული და ასე გამოხატავს.
- და შენ გჯერა, მერე უბრალოდ გაბოროტების? - ჩაეცინა მაკას. - არ არსებობს ასე უბრალოდ გაბოროტება!
- ალბათ, პირად ცხოვრებაში რომ არ გაუმართლა, ასე იფხანს გულს.
- და ის ბინა, ნაქირავები აქვს?
- არა, ძმამ დაუთმო. უფრო სწორად რძლის ბინაა და...
- და გადაცვლის ვარიანტში, გასაგებია... - ჩაილაპარაკა მაკამ.
- ძმა უფროსია, ცოლშვილიანი და მშობლების სახლში ცხოვრობს, უფროსი და კი უცხოეთშია, ოჯახიანად.
- და იქნებ, ცოლიანი საყვარელი ჰყავს და ამის აფიშირება არ უნდა? - ჩაეკითხა მაკა.
- შეიძლება, თუმცა ჩვენმა დეტექტივმა, ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოაჩინა. - მიუგო დინამ.
- სრულიად შესაძლებელია, ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს?
- ეგ მეც ვკითხე, მაგრამ არსად წასულა და ჩუმად თუ ფანჯრიდან იპარება... - ჩაეღიმა დინას.
- მდაა...
- ჩვენი დეტექტივი საკმაოდ ახლოს გაეცნო და ერთი-ორჯერ ყავაზეც კი დაიპატიჟა თავი, ლამარასთან სახლში და იქაც ვერაფერს, ჩვენთვის საეჭვოს ვერ წააწყდა.
- ძაან ზედმეტადაც ნუ გადაითქვიფება ახლა, რადგან მერე თუ მართლა დაუახლოვდა, შეიძლება საყვარლებიც კი გახდნენ და საწოლში უკვე, ყველაფრის წამოროშვის დიდი შანსია.
- მსგავსი რამ მეც მივანიშნე. - მიუგო დინამ. - მგონი მართლა მოსწონს და ცდილობს, არ შეიმჩნიოს.
- ვითომ? - თვალები მოწკურა მაკამ.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- მაშინ სჯობს, რომ შეეშვას! - მტკიცე ხმით უთხრა მაკამ. - საერთოდ შეეშვას დევნასა და თვალთვალს და შენ კი რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობით დაუმტკიცებ, რომ სხვაში შეგეშალა. სულ სხვა ქალზე ეჭვიანობდი თურმე და ასე და ამგვარად უნდა დაიძვრინო თავი!
- გასაგებია. - დაეთანხმა დინა. გულში კი ფიქრობდა, ნეტავ მეც ვიყო მაკასავით ჭკვიანი და გამჭრიახიო. - ხვალ დილიდანვე დავურეკავ და ვეტყვი, რომ აღარ მჭირდება.
მაკამ ღიმილით დაუქნია თავი. მშვენივრად გამოზარდა ეს გოგო. დინას სულაც არ სჭირდება ზედმეტი ახსნა.
„მაშინვე ჰაერშივე იჭერს ჩემს ზრახვებს და გვერდშიც ერთგულად მიდგას, მაგრამ ამ ლამარას რა ვუყო?
ალეკო ექიმის პროტეჟე მაინც არ ყოფილიყო, აქამდე დავითხოვდი და ათას მიზეზს მოვუგონებდი სამსახურიდან გასათავისუფლებლად, მაგრამ სულაც არ მაწყობს ახლა ალეკოს გადაკიდება. პირიქით, ლამის დაჭერილი მყავს უკვე ყურებით, მას კი საკმაოდ საჭირო საახლობლო და დიდი გავლენიანი წრე ჰყავს. არ შეიძლება მისი გადაკიდება.
ჰოდა, ეგდოს ეს ლამარაც და იმუშაოს, თავი საქმეს მიხედოს, მაგრამ ვერა, ლამრიკო ვერა! ასი თვალი და ასე ყური მექნება გამობმული, ვერაფერს დამიშავებ ჩემო კარგო!“
LEX. 2023წლის 31 ოქტომბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment